- ოოო, ცუდი არ არის, - რბილად აღნიშნა, ერთი ნაბიჯი უკან გადადგა და ხელები ჩამოუშვა, - მაგრამ, ალბათ, საშიშია, - იგი ყურადღებით შემისწავლიდა, თან ისე, რომ საკუთარი გრძნობები არ გაეცა, მერე კი თავის გაქნევით დააყოლა, - საწყალი გეორგიოსი!
აზრებდაცლილმა შევხედე, ძალა აღარ შემრჩა, რამე მეთქვა, რადგან ვხედავდი, რა კარგად ახერხებდა თავის გაკონტროლებას და ეს მაშინ, როცა თვითონ ძლივს ვიდექი ფეხზე და ვიკავებდი თავს, არ ჩავკეცილიყავი.
- პატარა მაცდური ჭინკა, - ისე თქვა, თითქოს თავის თავს ელაპარაკებოდა და მე საერთოდ ვერ მამჩნევდა, - ყინულის დედოფალმა დნობა დაიწყო და იძულებულს გხდის, გაფიქრებინოს, თითქოს მხოლოდ შენთვის დნება. უნდა ვაღიარო, რომ ჭკვიანურია.
ლუკასს წარმოდგენაც არ ჰქონდა, მისმა ამ ნახევრად ჩურჩულით წარმოთქმულმა სიტყვებმა რამხელა ტკივილი მომაყენა. ნუთუ ჰგონია, რომ ნებისმიერ მამაკაცთან ასე ვიქცევი? როცა ამ აზრმა გონებისკენ მიმავალი გზა გაიარა და ტვინის ხვეულებამდე მიაღწია, თვალებში ჩავხედე. იქ კი მხოლოდ ყინული დავინახე, მხოლოდ ცინიკური ზიზღი, - ლუკასმა დაასკვნა, რომ ბოლოს და ბოლოს, გამტეხა და მაიძულა, მისთვის ჩემი ნამდვილი სახე დამენახვებინა. იფიქრა, საბოლოოდ გავაშიშვლეო.
ისე ნელა მივუახლოვდი, აშკარად დაიბნა. მთელი ძალით მოვიქნიე ხელი და სილა გავაწანი. კაცს თავი გვერდზე მოექცა და დაბნეულს თვალები გაუფართოვდა. ერთი წამით მომეჩვენა, თითქოს დრო გაჩერდა და სილის გაწვნის ხმა ჯერ კიდევ ვიბრირებდა ზაფხულის არომატით შემთვრალ ჰაერში. სასაცილო შესახედავი იყო, შეცბუნებული გამომეტყველება ჰქონდა, მაგრამ როცა ლოყაზე ჩემი ხუთივე თითის მოწითალო ანაბეჭდი დავინახე, უცებ გავიაზრე, რაც ჩავიდინე.
ლუკასი უკვე ცოფიანს ჰგავდა და მომინდა, რაც შეიძლება შორს გავქცეოდი მის სიძულვილით სავსე მზერას, თვალებში რომ ჩასდგომოდა. მაგრამ თავს მოდუნების უფლება არ მივეცი. ჯიუტად ვიდექი ერთ ადგილას, ფეხი არ მომიცვლია, თან ხელებიც მოვმუშტე, რომ მისთვის ჩემი ქალური ძალა დამენახვებინა.
- მორჩა? - მოკუმული პირიდან ერთადერთი სიტყვა გამოუშვა და უცებ თავი სრულიად მარტოსულად ვიგრძენი, ყვველასგან მიტოვებულად.
- თქვენ ეს დაიმსახურეთ, - სულისშემძვრელად წამოვიძახე და თვალები ცრემლით ამევსო.
- ასე ფიქრობთ? - მის ხმაში დაუფარავ რისხვასთან შერეულმა გაოცებამ გაიჟღერა.
ჩემკენ ორიოდ ნაბიჯი გადმოდგა, ხელი მომკიდა იმ ხელზე, რომლითაც სილა გავაწანი, თავის ხელისგულში მოიქცია, ტუჩებთან მიიტანა და სათითაოდ ყველა თითი დამიკოცნა, თან ჩემი გაფითრებული სახისთვის თვალი არ მოუცილებია.
უხმოდ შევყურებდი. მაშინებდა ის ძალა, რომელიც მისგან მოდიოდა. ტუჩებზეც მკაცრი ღიმილი დასთამაშებდა.
- თუკი ოდესმე კიდევ მოგივათ თავში ამ პატარა წარმოდგენის გათამაშება, ისე გაგამწარებთ, თავბედს იწყევლიდეთ და სიცოცხლე სანანებელი გაგიხდეთ. ისე გავაკეთებ, ხმამაღლა ღრიალებდეთ, ნეტავ საერთოდ არ გავჩენილიყავი ამ ქვეყანაზეო.
მისმა გულგრილმა ტონმა შემაძრწუნა. ხელი გამოვტაცე და გაუბედავად შევძახე:
- ვერ გიტანთ!
- ეს ერთხელ უკვე მითხარით! - მოულოდნელად მის ყინულოვან მზერაში ძლივს შეკავებულმა რისხვამ იელვა და კიდევ რაღაცამ, რისი ამოცნობაც ვერ შევძელი, - ეგრე იყოს. ასე გააგრძელეთ!
ამ მუქარანარევი სიტყვებით გატრიალდა და კვლავ ტავერნის კარში მიიმალა. თუმცა მალევე მობრუნდა, უხეშად ჩამავლო მაჯაში ხელი და მანქანისკენ წამათრია. ლამის ძალით ჩამსვა "ფერარიში" და კარი მომიჯახუნა.
- ჩუმად იჯექით. კრინტი არ დაძრათ. თქვენთან დალაპარაკების სურვილი არ მაქვს, არც თქვენი ყურების სურვილი მაქვს, - ლუკასის ხმაში, ჩვენი ნაცნობობის განმავლობაში პირველად, ბერძნულმა აქცენტმა იმძლავრა…
ის საჭეს მიუჯდა და დავიძარით.
დარჩენილი გზა მომაკვდინებელ დუმილში გავიარეთ. ერთიანად დაშლილად ვგრძნობდი თავს. ბოლო ორმოცდარვა საათის განმავლობაში წესიერად ხომ არ მძინებია, მერე კი ლუკასთან შეხლა-შემოხლა და გვანცაზე მტანჯველი ფიქრიც დამემატა ტვირთად. ამ ყველაფრის გამო სხეულში მტეხდა, ხოლო თავი თითქოს ცეცხლში მქონდა შეყოფილი.
მილურსმულივით ვიჯექი ჩემს სავარძელზე მანამ, სანამ ლუკასმა გზიდან ისევ არ გადაუხვია. მალევე მივუახლოვდით დიდ, ფართოდ გაღებულ ჭიშკარს და მოასფალტებულ ეზოში შევედით. ჩემ თვალწინ ვეებერთელა თეთრი სახლის კონტურები წამოიმართა. მეგონა, ნისლში ვიყავი გახვეული, როცა ფარებანთებულმა მანქანამ დაამუხრუჭა და ჩვენკენ რამდენიმე ადამიანის სილუეტი გამოემართა.
კარი გავაღე, რათა "ფერარიდან" გადმოვსულიყავი, მაგრამ ისე მომეკვეთა მუხლები, რომ იქვე ჩავიკეცე.
- გეყოფა ეს წარმოდგენები, - ყურში ლუკასის უხეშად ნათქვამი სიტყვები ჩამესმა. მან ხელი ჩამავლო, რათა ავეყენებინე, მე კი აღარაფრის ძალა აღარ შემწევდა. ხან ვკარგავდი ცნობიერებას, ხან გონს მოვდიოდი, მაგრამ ფეხზე მყარად დადგომას ვერ ვახერხებდი.
მერე ვიღაც ქალის ხმა გაისმა, ჩემთვის გაუგებარ ენაზე მოკლე-მოკლე ბრძანებებს რომ იძლეოდა. შემდეგ მომეჩვენა, თითქოს ჩემს ცხელ შუბლს ვიღაცის ალერსიანი ხელი შეეხო. ბოლოს რაც მახსოვს, სადღაც მივყავდით. უფრო სწორად, ჩემი სხეული მიჰქონდათ. მკვეთრი შუქი თვალებს მჭრიდა, მაგრამ ცოტა ხანიც და ჟრჟოლის მომგვრელ სიბნელეში აღმოვჩნდი. ხმაური და აურზაური მიწყდა და ისე დავმშვიდდი, თითქოს საკუთარ საწოლში ამომეყოს თავი… და გავითიშე…
დიდ, ნათელ, მზიან ოთახში გამეღვიძა. ძაღლების ყეფის ხმამ გამომაღვიძა. გეგონებოდათ, ასობით ძაღლი ერთად აწკავწკავდაო. ხმები სადღაც ქვემოდან ამოდიოდა. მსუბუქი, თბილი ნიავი ნელა არხევდა გამჭვირვალე ფარდას, ბოლომდე გამოღებული ფანჯრიდან კი ყვავილების მათრობელა სურნელი აღწევდა. ნამძინარევმა თავი ავწიე და უცნაურ ოთახს თვალი მოვავლე. წამით სიზმარი მეგონა ეს ყველაფერი.
- უკეთ ხართ? - ქალის სასიამოვნო ხმამ ქართულად მკითხა, ოდნავ შესამჩნევი უცხოური აქცენტით, - ნუ გეშინიათ.
იმ მხარეს მივტრიალდი, საიდანაც ხმა მომესმა. მოჩუქურთმებულ სავარძელში, ჩემს საწოლთან ახლოს, ხანშიშესული ქალი იჯდა, რომელიც თბილად მიღიმოდა.
მან ჩემი ხელში ხელში აიღო.
- სად ვარ? - ვიკითხე და წამოწევა ვცადე, მაგრამ ისე სუსტად ვიყავი, რომ მაშინვე უკან გადავქანდი, რბილი ბალიშებისკენ. ბუნდოვნად ვაიზრებდი, რომ ჩემი ბინა ბევრად პატარა იყო ამ უზარმაზარ, ძვირფასი ავეჯით გაწყობილ ოთახზე. აი, თურმე როგორი სახლი ჰქონია ლუკასს.
ჩემი ყურადღება დიდმა ფაიფურის სტატუეტმა მიიპყრო - გრძელთმიან ბერძენ ქალს ხელში ყვავილები ეჭირა. იგი ღია ფანჯრის გვერდით იდგა და ნიავის ყოველ გარხევაზე თხელი ფარდა ისე ეფინებოდა მთელ სიგრძეზე, თითქოს ეფერებაო. წამით ლუკასის გარუჯული ხელები წარმოვიდგინე, ნაზად რომ ეხებოდა ჩემს სხეულს.
- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს სახლში, ძვირფასო. კარგა ხანია თქვენი გაცნობა მინდოდა. - მელოდიური ხმით მითხრა ქალმა.
- თქვენ ლეილა ხართ? - ჩურჩულით ვკითხე.
კეთილად მოღიმარ ქალს, ჩემ სიახლოვეს რომ იჯდა, აგრესიულობისა და ბრაზის ნატამალიც არ ემჩნეოდა. იგი სულაც არ ჰგავდა თავის გადარეულ და ფეთქებად ძმას.
ქალმა თავი დამიქნია და ცისფერი თვალები სიხარულით გაუბრწყინდა. ლუკასს არ გადაუჭარბებია - ავადმყოფობას ძლიერად ემოქმედა ლეილაზე, ერთ დროს ლამაზი სახე დაშრეტოდა და ნაოჭებით დაფარვოდა.
- ალბათ გადაიღალეთ, ჩემო საყვარელო, - მან მზრუნველად გამისწორა თავქვეშ ამოდებული ბალიშები, - ექიმმა თქვა, ახლა მისთვის საუკეთესო წამალი ძილიაო და, როგორც ყოველთვის, მართალი აღმოჩნდა.
- რამდენ ხანს მეძინა? - დასუსტებული ხმით შევეკითხე და უეცრად ენა ჩამივარდა, რადგან ახლაღა შევამჩნიე, რომ ჩემთვის უცხო ღამის პერანგი მეცვა. იმხელა საწოლი კი, რომელშიც ვიწექი, არასდროს არავის სახლში არ მენახა.
- თითქმის ოცდათექვსმეტი საათი, - თავზე ხელი გადამისვა ლეილამ, - გადამრია ლუკასმა. როგორ ვერ შეამჩნია, ასე რომ გამოიფიტეთ? ჩვეულებრივ, ზედმეტად ყურადღებიანია და ახლა რა დაემართა, არ ვიცი. ძალიან დასუსტებული მოგიყვანათ ჩვენამდე, რაც, მგონი, მთლად მგზავრობის ბრალი არ უნდა იყოს. რა უქენით საკუთარ თავს, ძვირფასო?
- მე ძალიან ბევრს ვმუშაობდი, ქალბატონო ლეილა, - მივუგე იმ იმედით, რომ წვრილმანებში არ ჩამეძიებოდა.
- მერედა, არ უთხარით ლუკასს, რომ თავს ცუდად გრძნობდით?
მისი ლამაზი თვალები დაჟინებით მომშტერებოდა. ახლაღა შევამჩნიე, რომ ლეილა ძალიან ჰგავდა ლუკასს.
სწორედ ამ დროს საძინებლის მუხის მძიმე კარი ფართოდ გაიღო და ისიც შემოვიდა. პასუხის გაცემა საჭირო აღარ გახდა.
იმავე წუთს საშინელმა ხმაურმა გაავსო ოთახი - ძაღლების მთელი ხროვა შემოცვივდა ოთახში და ჩემს საწოლს გარს შემოერტყა. ლეილა პროტესტის ნიშნად ფეხზე წამოდგა.
ნელ-ნელა დავითვალე სამი ტერიერი, ორი სპანიელი, ორი გერმანული ნაგაზი და ერთიც ჩემთვის უცხო ჯიშის ძაღლი, რომელიც საწოლზე ამომიხტა. მათ უკან კი პატრონის ვეებერთელა ფიგურა აღმართულიყო.
გავეშებული ცხოველების დანახვაზე აღშფოთებული ლეილა ფეხზე წამოიმართა.
- ლუკას! გაყარე ძაღლები აქედან! - ისეთი ხმით იკივლა ქალმა, მათი ყეფა გადაფარა. ისეთი მყიფე იყო მისი ხმა, რომ შეშინებული ძაღლები წკმუტუნზე გადავიდნენ.
როგორც კი ჩემს საწოლზე ამოსული ძაღლი ძირს გადახტა, ზეწარი მაშინვე ნიკაპამდე ავიფარე, თან ლუკასის იქ ყოფნას მთელი არსებით შევიგრძნობდი, მიუხედავად იმისა, რომ ერთხელაც არ შემიხედავს. თუმცა ბოლოს სურვილმა მძლია და მზერა მისკენ გავაპარე. მოულოდნელად ზურგზე თითქოს ჭიანჭველები დამესია, ისეთი ფოლადის მზერით მომჩერებოდა იგი.
რა უღმერთოდ სიმპათიურია ეს ოხერი, რა! - გამირბინა გონებაში. მზის სხივით განათებულ საძინებელში გარუჯული მამაკაცი უფრო მომნუსხველად გამოიყურებოდა. მთელი ჩემი არსება პანიკამ მოიცვა. ალბათ, როგორ გაცოფდება, როცა სიმართლეს გაიგებს. ან იქნებ უკვე იცის, რომ გვანცას ნაცვლად ნაკა შერჩა ხელთ?
- დილა მშვიდობისა, - მომესალმა ლუკასი. მისი სიღრმისმიერი ხმა მაინც ცივად ჟღერდა, თუმცა ოდნავ შეშფოთებულად, - თავს უკეთ გრძნობთ?
- დიახ, გმადლობთ, - თავს ძალა დავატანე, შევტრიალებულიყავი, რადგან მისი მზერისგან ლამის ფიზიკური ტკივილი ვიგრძენი, - მაპატიეთ, ამდენი რომ განერვიულეთ, - წამებით დავძინე, - ბოლო დღეებიდან ცოტა რამ მახსოვს.
- რას მელაპარაკებით! - უამრავი აზრი ჩააქსოვა ამ წინადადებაში, - მაგრამ იმედია, ის მაინც გახსოვთ, როგორ მოვდიოდით აეროპორტიდან? ჩვენ ტავერნაშიც კი შევიარეთ.
მისი დაუფარავი ცინიზმისგან სისხლი თავში ამივარდა. გადაკრულად მიმანიშნა, თუ რა ადვილად დავმორჩილდი და ამით ყველა მისი ეჭვი გავამართლე. ხელისგულს, რომლითაც სილა გავაწანი, ჯერაც ცეცხლი ეკიდა. გამახსენდა, როგორ შევშინდი ხელის გარტყმის შემდეგ, აქეთ არ შემომიბრუნოს-მეთქი და გამაცია. ამწუთას ანალოგიური სიტუაცია რომ შექმნილიყო, გასალაწუნებლად სიმამაცე და გამბედაობა აღარ მეყოფოდა.
- არა? არაფერი გახსოვთ? უცნაურია. არადა, მომეჩვენა, რომ მაშინ თავს გადასარევად გრძნობდით.
იგი ჩემს გაფართოებულ თვალებში ყველა აზრის წაკითხვას ასწრებდა და გამომცდელად შეისწავლიდა ჩემს ზაფრისგან გასაცოდავებულ სახეს.
სირცხვილით ვიწვოდი, მაგრამ მას, როგორც ჩანს, მოჰბეზრდა ეს ყველაფერი.
- კარგი, დაივიწყეთ, - ნელა წარმოთქვა, როცა გახურებული სახე თმაში ჩავმალე, - არც ჩემთვის დამთავრებულა ეს მგზავრობა ძალიან მხიარულად.
გრძელი წამწამების ქვემოდან ქურდულად გავხედე. როგორ შეიძლება ასე მძულდე და, ამავდროულად, ასე მოვიწევდე შენკენ? - სევდიანად გავიფიქრე, მძულდა საკუთარი თავი ამ სისუსტის გამო. მაგრამ იქნებ გადაწყვიტა, დაევიწყებინა ის ვნებიანი კოცნა?
არ ვიცოდი, რამ გამოიწვია მისი ხასიათის ცვლილება, მაგრამ ამ ხანმოკლე "შეწყალებისთვის" მძვინვარე ნართაულების ნაკადის შემდეგ მისი უზომოდ მადლიერი ვიყავი.
ლეილამ ძმის შუბლშეკრული სახიდან მზერა უზარმაზარ საწოლზე გადმოიტანა და მე შემომხედა. კიდევ კარგი, არ ესმოდა ჩვენი დაძაბული ურთიერთობის მიზეზები.
ამ დროს შემოღებულ კარზე მორიდებით დააკაკუნეს და იმავე წამს საძინებელში პატარა მოხუცი ქალი შემოვიდა უზარმაზარი ლანგრით, რომელზეც ცხელი ფუნთუშები, რამდენიმე სახეობის მურაბა, ფორთოხლის წვენი და ქაფქაფა ყავით სავსე ფინჯანი იდო.
- ეს ჩვენი მოსამსახურე ვარდოა, სხვათა შორის, საქართველოდან. - აღნიშნა ლუკასმა და კვლავ დამცინავად შემომხედა.
ქალმა ღიმილით დამიქნია თავი, თავისთვის რაღაც ჩაილაპარაკა და ლანგარი მაგიდაზე დადო. მერე კი შეშინებული თაგვივით სწრაფად გაიქცა.
- მას ლუკასის ეშინია, - ისეთი ტონით ამიხსნა ლეილამ, თითქოს ბოდიშს იხდისო.
ამასობაში ქალის ზურგს უკან მისი ძმის სარკასტული ღიმილი დავიჭირე. მან თითების გატკაცუნებით ნიშანი მისცა ძაღლებს და ისინიც ყეფა-ყეფით გაცვივდნენ გარეთ.
- უცნაურია, - ხმამაღლა წარმოვთქვი, რადგან უკვე აღარ მეშინოდა, რომ ყველა ბერძენი ასეთ გამანადგურებელ ზეგავლენას მოახდენდა ჩემს ნერვულ სისტემაზე. თუმცა იყო კი ბერძენი?
მოჩუქურთმებულ შავ ხელჯოხზე დაყრდნობილმა ლეილამ, რომელიც ძმის კვალდაკვალ კარისკენ მიემართებოდა, კიდევ ერთხელ მესროლა გამჭოლი მზერა.
- მოგვიანებით ისევ მოვალ, ძვირფასო, - მზრუნველი ტონით მომმართა მან და რის ვაივაგლახით გადააბიჯა ზღურბლს, - გთხოვთ, თავი ისე იგრძნოთ, როგორც საკუთარ სახლში. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩვენთან მოგეწონოთ.
როცა და გაისტუმრა და მისი ნაბიჯების ხმაც მიწყდა, ლუკასი კვლავ კართან გაჩნდა. მერე კი უკან შემობრუნდა და საჭმელ-სასმლით სავსე ლანგარს დასწვდა. მისი მოახლოებისთანავე უფრო ღრმად გავეხვიე ზეწარში, მან კი ჩაიხითხითა, რის გამოც ცისფერი თვალები უფრო გაუბრწყინდა და ლანგარი ზედ მუხლებზე დამადო.
- აი, თქვენ უკვე ჩემს ტერიტორიაზე ხართ, პატარა ქართველო ვარდო, - თქვა მან ამპარტავნული კილოთი, - და აქ ჩემი წესებით ითამაშებ. თუკი მორჩილად იქნები, მაშინ ნამდვილად მოგეწონება ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ თუ…
მან აღარ გააგრძელა, მხოლოდ მხრები აიჩეჩა და თვალები დამიბრიალა. მე კი შეშინებულმა შევხედე.
ეს კაცი თავზარს მცემდა.
- მე შემიძლია კეთილი და ყურადღებიანი მასპინძელი ვიყო, - დამცინავად მესროლა მხარს ზემოდან, სანამ საძინებლიდან გავიდოდა, - და დარწმუნებული ვარ, რომ სადღაც, ამ პატარა კატის გონების სიღრმეში, ცხოვრობს სევდა ძლიერი ხელისა, სურვილი, ვიღაცამ დაგიპყროს. ვინ იცის…
მისმა უზარმაზარმა, ძლიერმა სხეულმა კარის ღიობი მთლიანად ჩაკეტა. მისი თვალები თითქოს თოფის ლულასავით იყო ჩემკენ მომართული.
- ვფიქრობ, შევძლებ საინტერესოდ გაგატარებინოთ დრო საბერძნეთში, როგორიც გინდა აღმოჩნდეს შედეგი.
მან აუჩქარებლად გახსნა ტუჩები ღიმილის გამოსახატავად და გასვლისას კარი გადამეტებული სიფრთხილით მიიხურა.
მთელი სხეულით ვკანკალებდი, ვიგრძენი, რომ თავი სრულიად შემთხვევით ცხოველთა მეუფის ბუნაგში ამოვყავი.
მარტოდ დარჩენილმა ჩემდა გასაკვირად აღმოვაჩინე, რომ საშინლად მომშიებოდა და უმოკლეს დროში დავცალე ლანგარი. მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვიტე ავმდგარიყავი და გარშემო მიმომეხედა. ფეხშიშველი დავაბიჯებდი სქელ რბილ ხალიჩაზე. ოთახში მეორე კარიც აღმოვაჩინე, შევაღე და კეთილმოწყობილ სააბაზანოში მოვხვდი. აქ ყველაფერი იყო, რაც ქალს ფუფუნებისთვის სჭირდებოდა. არა მხოლოდ ფუმფულა ხალათი, კიდევ უფრო ფუმფულა პირსახოცი და ფაჩუჩები, არამედ სახისა და თავის მოვლის საშუალებები.
ოთახში შემობრუნებულმა გარდერობს მივაშურე, გამოვაღე და შიგ ჩემი არცთუ მრავალრიცხოვანი სამოსი აღმოვაჩინე. კედელში ჩაშენებულ კარადაში საცოდავად ეკიდა ჩემი ორი კაბა და ამდენივე შარვალი. მაისურები და კოფთები კი იქვე, თაროზე დაელაგებინა ვიღაცას.
აივნის კართან მივედი, თხელი ფარდა გადავწიე და გარეთ გავედი. მოულოდნელი აღფრთოვანებისგან სუნთქვა შემეკრა - ჩემ წინ ზღაპრული სურათი გადაიშალა - ნამდვილი სამოთხე, რომლის ხილვა მხოლოდ ფილმებში თუ შემეძლო. სახლი არცთუ მაღალი მთის წვერზე იდგა, რომელიც პირდაპირ ზღვას გადაჰყურებდა. თვალწარმტაც ყურეს, რომელსაც ორი უფრო მომცრო გორაკი ქმნიდა, თითქოს ეძინა ცხელი მზის სხივებქვეშ. შორს, მეზობელი მთის ფერდობზე, ერთმანეთის გვერდით ჩამწკრივებული თეთრი სახლები მოჩანდა, რომლებიც კრისტალივით ბრწყინავდა. ფირუზისფერი ზღვა კი ლამის ჰორიზონტს შერწყმოდა. ქვემოთ, ყურესთან, საფეხმავლო ბილიკი მოიკლაკნებოდა ზემოთკენ, თუმცა ამ გზაზე კაციშვილი არ ჭაჭანებდა.
- წარმოუდგენელია, - ჩავიჩურჩულე და შიშველი ფეხებით აივანზე დაგებული მარმარილოს იატაკის სითბო შევისრუტე. ქვის მოაჯირს დავეყრდენი და რაც შემეძლო წინ გადავიხარე, რათა ზაფხულის ფერებით მდიდარი ბაღი შემეთვალიერებინა.
სურნელოვანი ეგზოტიკური ყვავილები და ნაყოფით დახუნძლული ხეები, გეგონებოდათ, პირველობისთვის ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. დაჩრდილული ხეების ქვეშ აქა-იქ მაგიდები და სკამები იდგა, რომელთა ქვეშ, კაფელის იატაკზე, კატები გართხმულიყვნენ, - სხვადასხვა ზომის, სხვადასხვა ფერის - და ზარმაცად ლულავდნენ თვალებს. დავთვალე, სულ ცხრა იყო, აქედან სამი - სპარსული ჯიშის, ორი - სიამის, ორი - ციმბირული და ორიც - ინგლისური ცისფერი.
- მშვენიერი სანახავი ხართ!
როგორც კი მისი ხმა გავიგონე, მაშინვე გავიაზრე, რომ ნახევრად შიშველი ვიყავი და პერანგისამარა ოთახში შევვარდი. ქვის კედლიდან კი, ბაღს რომ ერტყა გარს, ამაზრზენი სიცილი მოისმა. ლუკასის ხმა ზიზღით იყო გაჟღენთილი. უცნაური ის იყო, რომ, რაც უნდა მეკეთებინა, თითქოს ჯიბრზე, უფრო და უფრო განამტკიცებდა ლუკასის ისედაც დაბალ წარმოდგენას ჩემზე, მით უფრო, რომ თავიდანვე ცუდი თვალით შემომხედა.
საშხაპეს მივაშურე "ძილის ნარჩენების" გასანადგურებლად. წყლის ჩხრიალში ვიხსენებდი გვანცას სასოწარკვეთილ ხმას, როცა თბილისში ტელეფონზე მესაუბრებოდა. რაც უნდა მომხდარიყო გვანცასა და ლუკასის დისშვილს შორის, ეს, დიდი ალბათობით, არ იქნებოდა წუთიერი რომანი. მათ შორის, სავარაუდოდ, რაღაც მოხდა, ისეთი რაღაც, რამაც გვანცა გააქცია. სულაც არ გამოვრიცხავდი, რომ მათ ამბავში ლუკასის ხელი ერია და ახლა სწორედ ამ შეცდომის გამოსწორებას ცდილობდა.
ახლაღა გავაცნობიერე, რომ ლეილას თანდასწრებით ერთხელაც არ მიხსენებია გეორგიოსის სახელი. რას იფიქრებდა ის ქალი?
- არა, არა, ჩემგან კარგი რძალი ნამდვილად ვერ დადგება! სულ არ ვგავარ შეყვარებულ საპატარძლოს. - ჩავიბურტყუნე ჩემთვის და პრიალა ფილებით მოპირკეთებული სააბაზანოს კედლისკენ შევტრიალდი.
თაროდან აღებული უჩვეულო სურნელის შამპუნით თმის დაბანის შემდეგ თმა თავზე შემოვიგრაგნე, ტანზე დიდი პირსახოცი შემოვიხვიე და კვლავ აივანს მივაშურე. სავარძელში ჩავჯექი, სახე მზეს მივუშვირე და ვერცხლისფერი თმა ჩამოვიშალე, რათა უფრო ადვილად გამშრალიყო.
ცხელი, უმოძრაო ჰაერი საამო სურნელებით გავსებულიყო. თვალები დავხუჭე და მოვეშვი, რათა ცოტათი მაინც დამესვენა მტრული სამყაროს შუაგულში არსებულ ამ პატარა, უსაფრთხო ოაზისში.
გაგრძელება იქნება