ტყუილის ილუზია - თავი 14 - Marao

ტყუილის ილუზია - თავი 14

2022-04-19 10:16:40+04:00


წინა თავი

როგორც იქნა, ცრემლით დანამული თვალებით ავხედე და მის მზერაში იმხელა სიძულვილი ამოვიკითხე, მთელ სამყაროს რომ ეყოფოდა. ძარღვებში სისხლი გამეყინა. რატომ ადრევე არ მოვუყევი, რაც ხდებოდა? რატომ ვარ ასეთი მშიშარა? ის, რომ ჩემი დამცირება და სახლიდან გაგდება ამდენი მოწმის თანდასწრებით ხდებოდა, ორმაგად აძლიერებდა ჩემს შეურაცხყოფას და წყენას. უარესს ვერ მოიფიქრებდა კაცი…

შემდეგ ლუკასი გეორგიოსს მიუბრუნდა, რომელსაც გვანცასთვის წელზე შემოეხვია ხელი. სახე ორივეს გაჰფითრებოდა. შიშისგან თვალები გაფართოებოდათ.

- თქვენ კი, ორივეს, ხვალ დილით ჩემს კაბინეტში გელოდებით… ზუსტად ცხრა საათზე. -მიმართა წყვილს, - მოგიწევთ რაღაც-რაღაცების ახსნა და რაც მალე, მით უკეთესი.

როცა იგი გაქვავებული სახით გავიდა დარბაზიდან, ლეილამ სულისშემძვრელად ამოიოხრა და ცრემლმორეული, ჯოხის კაკუნით ძმას უკან მიჰყვა…

ჩემს ოთახში ასული საწოლის კიდეზე ჩამოვჯექი და ყინულის ლოლუასავით მივეყინე ადგილს, თან თვალი სარკისკენ გავაპარე. ტკივილი, რომელსაც ახლა განვიცდიდი, ზუსტად იმის ტოლ-სწორი იყო, მრავალი წლის წინ რომ მეწვია, როცა ერთმა პოლიციელმა ქალმა ექვსი წლის გოგონას მითხრა, მთელი შენი ოჯახი დედმამიან-ძმიანად პირისაგან მიწისა აღიგავაო. მაშინ ცხრაასჯერ მაინც ვკითხე იმ ქალს, მართლა დაიღუპნენ ჩემები თუ მხოლოდ მეხუმრებოდა. მანამ ვეკითხებოდი, სანამ იძულებული არ გავხდი დამეჯერებინა, რომ ისინი ნამდვილად დაიღუპნენ და მე სრულიად ობოლი აღმოვჩნდი. მართალია, ძალზე პატარა ვიყავი, მაგრამ მაშინ პირობა მივეცი ჩემს თავს, რომ არავის შევიყვარებდი ისე, როგორც ისინი მიყვარდა და ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის, მსგავსი ტკივილი ჩემთვის მეტად არასდროს არავის მოეყენებინა.

და ეს აქამდე მშვნივრად გამოდიოდა… მაგრამ ერთხელაც შავთმიანმა, ნაცრისფერთვალება გარუჯულმა მამაკაცმა ისე მატკინა, მთელი ჩემი სიმტკიცე და თავდაჯერებულობა თავზე დამამხო.

- ვერ ვიტან მას! - შევჩივლე ჩემს გამოსახულებას სარკეში და მივხვდი, რომ ლუკასს ამწუთას მართლა ვერ ვიტანდი. მძულდა და მეზიზღებოდა. მეზიზღებოდა და მძულდა…

თუმცა… საკუთარ თავს ვატყუებდი - იგი მთელი გულით მიყვარდა და ვერ წარმომედგინა, როგორ უნდა დავბრუნებოდი ჩვეულებრივ ცხოვრებას და რა გამეკეთებინა, რომ მილიონ წვრილ ნამსხვრევად არ გავპნეულიყავი. უაზროდ შემაკანკალა, მიუხედავად იმისა, რომ ცხელი ღამე იყო. სახე ხელებში ჩავრგე. იმის ძალაც არ შემწევდა, სარკეში ჩემი ორეულისთვის მეყურებინა. განუწყვეტლად ვადანაშაულებდი ჩემს თავს მომხდარში და თავბედს ვიწყევლიდი მანამ, სანამ სრული დაღლილობა არ ვიგრძენი. მოკუნტული შევწექი საბნის ქვეშ. თავს იმ პატარა ცხოველივით ვგრძნობდი, რომელსაც ძალა აღარ შერჩა მდევრებისგან გასაქცევად.

- ნაკა, ნაკა, გააღე კარი, რა! - გვანცას ხმამ გამომაფხიზლა.

თავი საბნიდან გამოვყავი და შევამჩნიე, რომ უკვე გათენებულიყო. იმწამსვე წუხანდელი ღამის მთელი მოგონებები წყალდიდობასავით მომასკდა და წამლეკა. მთელი სხეული ამიცახცახდა. ძლივძლივობით ავითრიე ტანი და კარს მივუახლოვდი. არ ვიცი, როგორ მეყო ძალა. არც ის მახსოვდა, განადგურებულმა ღამით კარის დაკეტვა როგორ მოვახერხე.

გვანცას სინი მოჰქონდა, რომელზეც ქაფქაფა ყავით სავსე ორი ფინჯანი და ტკბილეულით თეფში იდო.

- საშინლად გამოიყურები, - მითხრა მან და სინი პატარა მაგიდაზე შემოდო.

ძნელი მისახვედრი არ იყო, გვანცა ჩემთან ერთად აპირებდა ყავის დალევას. მეგობართან, როგორც ჩანს, "გულითადი" საუბარი მელოდა. რა გაუძლებდა მის შეკითხვებს? მქონდა კი ამის თავი? გვანცა ტაქტიანობითა და თავდაჭერილობით არასდროს გამოირჩეოდა.

- გაფიცებ ყველაფერს, ერთი მომიყევი, რა მოხდა აქ… - დაიწყო გვანცამ, - გიო მეუბნება, ბიძაჩემი ასეთი არასდროს მინახავსო. რა გაუკეთე ამისთანა?

- გვანცა, ძალიან გთხოვ…

მისი უდარდელობა ძლიერად მოქმედებდა ჩემზე. მის გამო ამდენი რამ გადამხდა და მას გულთან ახლოსაც არ მიჰქონდა ჩემი ტკივილი. იმ ამბების შემდეგ ყველაზე სქელკანიანი ადამიანიც კი მიხვდებოდა, ჩემში რაც ხდებოდა.

- ახლა არ გადამრიო და არ მითხრა, ის დეგენერატი შემიყვარდაო! - შეშფოთებულმა წამოიყვირა, - შენ, ყინულის დედოფალს?

- უკვე გითხარი, აღარაფერი მკითხო-მეთქი. დაივიწყე!

მაგრამ გვანცა არ ივიწყებდა.

- შენ რა გითხარი, ეს საშინელი კაცი რამ შეგაყვარა? კარგი არჩევანი კი გაგიკეთებია. იცი შენ, რომ ის ქალებს ისე ყლაპავს, როგორც ნაყინს? გიო ამბობს, ბუზებივით ეხვევიან გოგოები, ყველა ზედ ეტენებაო. ის კი, თურმე…

- კიდევ ერთი სიტყვა და, გეფიცები, გაგარტყამ! - იმდენად სერიოზულად ვუთხარი, რომ გაოცებულმა ყურადღებით დამიწყო თვალიერება, რადგან თავის სიცოცხლეში პირველად მხედავდა ასე გაწბილებულსა და წყობილებიდან გამოსულს, - რატომ გგონია, რომ ნებისმიერ დროს გაქვს უფლება, შემომეჭრა და რაც ენაზე მოგადგება, ის ილაყბო? - ცოფებს ვყრიდი, - ბოლოს და ბოლოს, როდის შეიგნებ, რომ იმან, რასაც შენ ამბობ და აკეთებ, შეიძლება ადამიანებს ტკივილი მიაყენოს? ძლიერი ტკივილი? მე მხოლოდ შენ გამო მოვხვდი ამ გაუგებრობაში! ასე რომ, კეთილი ინებე და მარტო დამტოვე, აღარ მსურს შენი მოსმენა!

- მაგრამ მე…

- ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ისეთ კითხვებზე მიწევდა პასუხის გაცემა, საერთოდ წარმოდგენა რომ არ მქონდა. მადანაშაულებდნენ იმაში, რისი გაფიქრებაც კი მზარავდა. ლუკასმა პირველივე წუთებიდან შეიტანა ეჭვი ჩემს პატიოსნებაში. ჩემი წესიერება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. შენი გამოისობით მას ეს სულაც არ გასჭირვებია. პირიქით, უარესად შეეცვალა წარმოდგენა ქალებზე!

- მე არ მითხოვია შენთვის, ჩემი მაგივრობა გაგეწია. რას ეუბნებოდი, გვანცა ვარო, ვინ გეხვეწებოდა? - აიმრიზა ჩემი დაქალი და თავი ამაყად გადასწია უკან.

- ნუ ნერვიულობ. დღეიდან საკუთარ როლს შენ თვითონ ითამაშებ, - გაბრაზებულმა მივახალე და ვიგრძენი, თვალთ როგორ დამიბნელდა.

- კარგი რა, ნაკა, ნუ მეჩხუბები, - ტონი შეარბილა გვანცამ, როგორც ყოველთვის, ტაქტიკა შეცვალა, - ძალიან, ძალიან ვწუხვარ, ჩემ გამო ასეთ დღეში რომ ჩავარდი. ხომ იცი, როგორ მიყვარხარ! ვიცი, რომ ჩემი გულისთვის მოიქეცი ასე და ამისთვის მადლობელი ვარ.

დაღლილი გამომეტყველებით შევაჩერდი, ძალა არ შემწევდა, საპირისპირო მეთქვა. რაც უნდა იყოს, ბავშვობიდან ერთად მოვდიოდით.

მან ხელი ჩამკიდა და აივანზე გამიყვანა.

- მოდი, ყავა დავლიოთ და მოგიყვები, სინამდვილეში რაც მოხდა. შენი მხარდაჭერა ძალიან მჭირდება. ხომ გესმოდა, წუხელ რა გვითხრა ლუკასმა. ცხრა საათზე მასთან უნდა მივიდეთ მე და გიო.

სავსე მკერდით შევისუნთქე დილის სუფთა ჰაერი…

სისხამი დილა იყო, მზე თანდათან იკრებდა მცხუნვარების ძალას და დედამიწაზე გამოტყორცნილ სხივებს ზოლებად ღვრიდა ბაღში. ჰაერში პურის სასიამოვნო სურნელი იდგა, რომელსაც ვარდო საუზმისთვის აცხობდა. ყავის ფინჯანი აივნის მოაჯირზე შემოვდგი და გარემოს მოვავლე თვალი. მიუხედავად იმისა, რომ სასტიკ წნეხში გამოვიარე, რატომღაც გული შემიმსუბუქდა. არ ვიცი, საიდან გამიჩნდა მსგავსი გრძნობა, მაგრამ არცთუ უიმედოდ მეჩვენა ჩემი მდგომარეობა. ბოლოს და ბოლოს, რაც ჩავიდინე, ყველაფერი გვანცას გულისთვის. როცა ლუკასს საფიქრელად დრო ექნება, ამას გაიაზრებს და იმედია, თუ არ მაპატიებს, მიხვდება მაინც. ისედაც, რა ჩემი ბრალია, ასე რომ მოხდა? მე ხომ არ დამიძალებია, წამომიყვანე-მეთქი? სიმართლის თქმა რომ დავაპირე, არც მომისმინა. არც იმან გააოცა, სხვა სახელი და გვარი რომ წაიკითხა ჩემს პასპორტში. მე რატომ მდებს შარს? კეთილენება და იქ, თბილისში მოეცა საშუალება, ბოლომდე ამეხსნა ყველაფერი. არაო… არაო და აი, შედეგიც. ხომ დარჩა გაწბილებული! თუმცა არც მე ვიყავი უკეთეს დღეში.

წელში გავიმართე და თავი ავწიე. რაც უნდა იყოს, ტყუილი გამოაშკარავებულია. ბრალი მეც უდიდესი მიმიძღვის, მაგრამ ბოლოს ისე აზარტულად ჩავები თამაშში, რომ თავადაც კი დავიჯერე, რომ ეს ამბავი ჩემს თავს ხდებოდა. სიცრუის ილუზიაში გავები. არა უშავს… რაც მთავარია, ამიერიდან აღარ მომიწევს ტყუილების თქმა.

- გეორგიოსს დიდი ხანია იცნობ? - ცოტათი შემამცივნა. პირსახოცის ხალათი უფრო მჭიდროდ შემოვიხვიე, შეზლონგზე ფეხიფეხგადადებული დავჯექი და დაქალს მივაჩერდი.

- ათასი წელია, - ტკარცალით წარმოთქვა გვანცამ და ჩემი ამრეზილი სახე რომ შენიშნა, შეცბუნებულმა ჰორიზონტს გახედა, - ოთხი თვეა… მაგრამ დამიჯერე, ჩემთვის ეს ოთხი თვე საუკუნეს უდრის. ხომ მიცნობ, არა?

- მერედა როგორ! - გაღიზიანებულმა მივუგე. ჯერაც ვბრაზობდი მასზე. ასე სწრაფად შერიგებას არ ვაპირებდი.

- იტალიაში გავიცანი. ლუკასის საქმეების მოსაგვარებლად იყო ჩამოსული, - გააგრძელა და ნამცხვრით გამოიტენა პირი, - და იმწუთასვე მივხვდი, რომ განსაკუთრებული ტიპი იყო. დედას გეფიცები! - მაშინვე დაამატა, როცა ირონიულად ჩამეცინა.

- თუკი ასეა, ეს აურზაური რა საჭირო იყო? რატომ მოტყდი? - გაწიწმატებული შევეკითხე.

ჯერაც ვერ მისწორებდა მზერას. უაზროდ სადღაც შორს იყურებოდა. მერე ფინჯანი დადგა, ნამცხვრის ცხიმისგან დასვრილი თითები ერთმანეთს შეაწმინდა, აივნის მოაჯირთან მივიდა და მთელი ტანით წინ გადაიხარა. კარგა ხანს ხმას არ იღებდა. მერე ისე გამომხედა წახრილმა, თითქოს მიწვევსო და ხმადაბლა მომიგო, - ეს შენ არ მოგეწონება.

გავფაციცდი. ნეტავ კიდევ რა ჩაიდინა ამ ჩერჩეტმა?

- ჩვენ ბავშვი გვეყოლება.

ყველაფერს ველოდებოდი, ოღონდ ამას არა. გაოგნებულს უცნაური ხმები აღმომხდა. ის კი უეცრად მოშორდა მოაჯირს, წინ დამიდგა და ძუ ვეფხვივით დამიღრინა:

- ოღონდ ახლა ჭკუის სწავლება არ დამიწყო! ისედაც მელის დღეს "სა-სი-ა-მოვ-ნო" ლაპარაკი ჩვენს "მბრძანებელთან"! - ეს ორი სიტყვა ისეთი მახვილებით წარმოთქვა, გასაგები იყო, რასაც და ვისაც გულისხმობდა.

გონებაში წამით ყველაფერი აირია. თუმცა მხოლოდ წამით. რატომ გამიკვირდა? მისგან ხომ არაფერია გასაკვირი? სიტუაციის ასეთი შემობრუნება ხომ არახალია მისთვის.

- ეს შემთხვევით მოხდა, სრულიად შემთხვევით, - დაიწყო თავის მართლება, - ვიცი, სიფრთხილე უნდა გამომეჩინა, მაგრამ ვერ მოვახერხე. გეორგიოსი სულ ბავშვია, ისიც კი არ ესმის, რომ სექსის დროს პრეზერვატივი უნდა გამოიყენოს.

- იყო ბავშვი, ახლა აღარ არის, - მშრალად შევუსწორე.

- მაგრამ ის მართლა არ არის ისეთი, როგორიც ყველა, - მაინც თავისას უბერავდა.

- რა თქმა უნდა. მასთან საკაიფოდ გრძნობ თავს, მიამიტია და დამყოლი, არა?

- ეგ რა შუაშია? - აღშფოთდა, - მასთან იცი, როგორ ვგრძნობ თავს? აი, რა გითხრა… არც ვიცი, რა სიტყვები ვიხმარო. ეს, უბრალოდ, ფანტასტიკაა.

უეცრად სახეზე წამოვხურდი, ღაწვები ამივარვარდა. როგორ შემეძლო მისთვის საყვედური მეთქვა, როცა მე თვითონ ლუკასის ოდნავ შეხებაზეც კი გონს ვკარგავდი და ყველაფერი მავიწყდებოდა? მას რომ ისე ვყვარებოდი, როგორც გეორგიოსს გვანცა უყვარდა, მეც ხომ არ ვეტყოდი არაფერზე უარს?

ჩემდა უნებურად კვნესანარევი ოხვრა აღმომხდა.

- გასაგებია, რასაც მეუბნები, მაგრამ რატომ გაექეცი, ეგ მაინტერესებს. თუ ასეთი ფანტასტიკური იყო, თუ სხვებს არ ჰგავდა, თუ დაორსულდი და ყველაფერი კარგად მიდიოდა, სად გარბოდი? რა არ მოგეწონა? სექსში გამოდგა გამოუცდელი? ბოლომდე ვერ დაგაკმაყოფილა? - არ დავინდე და მწარე-მწარე მივაყარე.

ისევ აივანს ჩაეხუტა.

- ვიცი, რომ სულელურად მოვიქეცი. მაგრამ როცა გავიგე, რომ ორსულად ვიყავი, შოკში ჩავვარდი, ორი კვირა ისტერიკა მქონდა. კინაღამ გავრეკე. ამისთვის ნაღდად არ ვიყავი მზად. მე და გათხოვება? მე და ბავშვი? ეს ხომ… ეს ხომ საშინელება იქნებოდა! კატასტროფა! ავდექი და ვუთხარი, ასე და ასეა საქმე და ექიმი მომიძებნე, რომ აბორტი გავიკეთო-მეთქი. თან ფულის გადახდაც ვთხოვე. აბა, იტალიაში სად მეძებნა გინეკოლოგი? ვის ვიცნობდი? ან კი საიდან მომეტანა აბორტის თანხა? მისი ბრალი იყო და მოვთხოვე, მოეხედა ჩემთვის. იმან კი… არც დაფიქრებულა, ცოლად გამომყევიო. ამან მთლად გამაგიჟა. ისეთ რამეებს მიყვებოდა ბიძამისზე, მაგის ცოლობაზე როგორ ვიფიქრებდი? ასიანი ვიცოდი, სახლში არ შემომიშვებდნენ და ტყუილად სირცხვილს ვჭამდი. ამას ისიც დაერთო, რომ სააგენტოს ვერ შევეწყვე. სულ ჩხუბი მიწევდა ხან სტილისტთან, ხან ფოტოგრაფთან, ხანაც პროექტების მენეჯერთან. მერე ადგნენ და დამითხოვეს. რახან ასე მოხდა, გიოს დახმარებაც უკვე აღარაფერში მჭირდებოდა. ავდექი და თბილისში დავბრუნდი. მისთვის არც მითქვამს, ისე გავემგზავრე. თან ვიფიქრე, ჩემს სახლში უფრო მშვიდად ვიქნები და დასაფიქრებლად დროც მექნება-მეთქი. მერე იქაც აირია სიტუაცია. ლალიმ უკან არ მიმიღო. სამსახური დავკარგე. ისე მომეშალა ნერვები, რა მექნა, არ ვიცოდი. თან კარგი ორსულობა მქონდა, საერთოდ ვერაფერს ვგრძნობდი. ამიტომ ვიფიქრე, სად მეჩქარება ეს აბორტი, ცოტა გვიან გავიკეთებ-მეთქი.

- ანუ ჩემთან რომ დაგტოვე, უკვე ორსულად იყავი?

- ჰო, - ამოიკვნესა გვანცამ და ახლაღა შემომხედა თვალებში, - მაპატიე, ნაკა… მაპატიე, რომ არ გითხარი, მაგრამ არ მინდოდა საერთოდ ვინმეს გაეგო. ბავშვის მოცილებას ვაპირებდი.

კბილი კბილს დავაჭირე, რომ ისევ არ გამომელანძღა.

- მერე?

- მერე არ მომასვენა გიომ, წარამარა მირეკავდა. ბოლოს, ყელში რომ ამომივიდა, ვუყვირე, ბავშვი უნდა მოვიშორო, ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრებულია და თავი დამანებე-მეთქი. ლუკასს დავაბრალე ყველაფერი, ის არ მოგცემს ჩემზე დაქორწინების უფლებას, ამიტომ არ მინდა თავი დავიმცირო და საქვეყნოდ თავი მომეჭრას-მეთქი. გგონია, მომეშვა? აუცილებლად ჩამოვალ და მანამ არაფერი მოიმოქმედოო, მეხვეწა. ცოტა შევშინდი. წარმოიდგინე, ეს ამბავი მამაჩემს რომ გაეგო. იმასაც თავს წააცლიდა და მეც. უკვე შენთანაც არ დამედგომებოდა. არ მინდოდა შენ გაგეგო. ვიცოდი, დამამუნათებდი, რჩევებით წამლეკავდი. ამის მოსმენა არ შემეძლო. ისედაც ვგრძნობდი, რომ მაგრად გავები. ამასობაში გიო ჩამოვიდა და დაჟინებით მომთხოვა საბერძნეთში გაყოლა. სასტიკი უარი ვუთხარი. მაშინ აქ დავიწეროთ ჯვარიო, მითხრა. რა ვქნა, ძალიან, ძალიან მიყვარს, მაგრამ გათხოვება არ მინდოდა, გესმის?

- მიუხედავად იმისა, რომ მდიდარი იყო? დაგიჯერო? - ურწმუნოდ გადავაქნიე თავი.

- სიმდიდრეს რა თავში ვიხლიდი, თუკი მის სახლში არ შემიშვებდნენ? არადა, ზუსტად ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა. ბიძა რომ ურჩხული ჰყავდა, რამდენჯერ მოუყოლია ჩემთვის… არაფრით არ მომეშვა. სასტუმროში ნომერი დაიქირავა და მეც მაიძულა მასთან გადავსულიყავი. ვიფიქრე, ჯანდაბა, სანამ აქაა, დავტკბები მაინც მასთან ყოფნით-მეთქი. ვიცი, არ მენდობი, მაგრამ ჭკუის დაკარგვამდე მიყვარს.

- რას მელაპარაკები! - დავცინე, - დარწმუნებული ხარ ამაში? არ შეიძლება სხვების ცხოვრებით თამაში, გვანცა. თუ "ისე რა" გიყვარს ის ბიჭი, აჯობებს, გაიქცე აქედან. იმიტომ, რომ მალე ბავშვი გეყოლებათ. მარტო სიმდიდრე ოჯახურ ბედნიერებას არ მოგიტანს. კარგად გიცნობ. ვიცი შენი ხასიათი. რომ მოგყირჭდება, აორთქლდები და არ გამოვრიცხავ, ბავშვიც კი მიატოვო.

- დარწმუნებული ვარ, რომ მიყვარს, - მითხრა და დანისლული მზერა მომაპყრო. თითქოს არ ტყუოდა.

- კი მაგრამ, რომ გამოყევი, რას ფიქრობდი? ხომ იცოდი, რომ ლუკასთან ახსნა-განმარტება მოგიწევდა? რომ არ შემოეშვი სახლში, მერე სად მიდიოდი?

- სწორედ მაგაზე ველაპარაკე გიოს. ვუთხარი, იმ შემთხვევაში გამოგყვები, თუ ბიძაშენი ჩამოვა და მეტყვის, რომ თანახმაა ჩვენს დაქორწინებაზე-მეთქი. არა, ვერ ჩამოვაო, გადაჭრით უარყო, მაგრამ შენ წამომყევი და ნახავ, თუ არ დავითანხმოო. დედამისის იმედი ჰქონდა. დედამ ყველაფერი იცის და ის მიგიღებსო. ის კი არა, უხარია, ქართველი რომ შემიყვარდა და ერთი სული აქვს, როდის გაგიცნობსო. ამიტომ დავთანხმდი.

- თუ ასეა, შენც და გეორგიოსსაც უდიდესი ძალისხმევის ფასად მოგიწევთ, დაუმტკიცოთ ლუკასს, როგორ გიყვართ ერთმანეთი. ის სხვანაირი კაცია, გვანცა. ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებს. ამდენი დღეა აქ ვარ და მისი გული ვერაფრით მოვიგე. ქუჩის ქალი ვგონივარ. როგორც გინდა მოვიქცე, მაინც გარყვნილი ვარ მის თვალში. არ ვიცი, არ ვიცი… თუნდაც მოგცეთ ერთად ცხოვრების უფლება, არა მგონია, ყველაფერი კარგად წავიდეს. ყოველ შემთხვევაში… რა გითხრა… ისე არ მინდა გამომივიდეს, თითქოს ყვავივით თავზე დაგჩხავი. ვინ იცის, იქნებ არც ისე რთულად განვითარდეს მოვლენები. თბილისელი თავისუფალი გოგოსთვის აქაურ ცხოვრების წესზე გადართვა ადვილი არ იქნება. თანაც, ეს ხალხი ტრადიციებს უდიდეს პატივს სცემს.

- ვნახოთ. - ცალი მხარი აიჩეჩა გვანცამ, - იქნებ შევეჩვიო, წინასწარ რატომ დავპანიკდე?

- ძალიან ჭკვიანურია! - მოისმა ამ დროს ოთახიდან ვიღაცის ხმა და ორივეს ისე შეგვეშინდა, ერთდროულად წამოვხტით.

ლუკასი შუუმჩნევლად შემოსულიყო და ჩვენს საუბარს ისმენდა. იგი გამგმირავი მზერით მოგვიახლოვდა, აივანზე გამოვიდა და იმ სავარძელში ჩაჯდა, ცოტა ხნის წინ გვანცა რომ იჯდა. მომეჩვენა, რომ მისმა ვეება სხეულმა აივანი უცებ დააპატარავა. თმა ჯერ კიდევ სველი ჰქონდა. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ სულ ახლახან ებანავა.

მან ფეხზე გადადებული ფეხი ააქანავა და სწრაფი მზერით ხან მე შემომხედავდა, ხან გვანცას. ბოლოს მზერა ჩემზე შეაჩერა და თვალი თვალში გამჭოლად გამიყარა.

- რამდენადაც მივხვდი, შენს დაქალს ურჩევ, აქ დარჩეს, არა?

გაგრძელება იქნება