ვარდოს ჩვენთვის ნამდვილი საბანკეტო სუფრა გამოუტანებია და უეცრად ვიგრძენი, შიმშილმა როგორ მომიჭირა. პლასტმასის კონტეინერებში ისეთი რამეები იდო, ნერწყვი მომადგა. ხორცის ასორტი, თევზი ნაღებში, მწვანე ფოთლების სალათა და მეგრული ხაჭაპური. მოსამსახურეს არც ყველი დავიწყებოდა და არც კიტრი და პომიდორი. დესერტად კი ხილის ნაირსახეობა ჩაედო - დაჭრილი და კოხტად ჩალაგებული. ასეთი პიკნიკი ჯერ არ მქონია. საყინულე ჩანთას ყველაფერი ცინცხლად შეენახა და მეც ცოტაღა დამაკლდა, ხარბად არ ვცემოდი საჭმელს. შევძელი თავის შეკავება, ცოტ-ცოტა ყველაფერი გადავიღე და ნელა შევუდექი ჭამას. ხმას არც მე ვიღებდი და არც ლუკასი.
- ყველაფერი ზებუნებრივად გემრიელია, - ცხიმით გაზინთული ტუჩები თოვლივით თეთრი ხელსახოცით მოვიწმინდე და უფრო თავდაჯერებულად ვიგრძენი თავი, - ყოველთვის ასეთი გემრიელობებით იკვებები?
- აბა რა, - მის ხმაში ამპარტავნებამ გაიჟღერა, თითქოს ეშინოდა, მის განსჯას არ შევდგომოდი, - ბევრს ვმუშაობ, ბევრს ვმოძრაობ და ვიმსახურებ, ყველაფერი საუკეთესო მქონდეს.
- იღებთ კიდევაც საუკეთესოს, - რბილად აღვნიშნე.
- ყველაფერს ვერა. - განმარტა ლუკასმა და ღვინის ჩამოსასხმელად წინ გადმოიხარა, თან ცდილობდა არ შემხებოდა.
როცა ღვინო ჩამოასხა, კვლავ ფარდაგზე მიწვა და მზის ოქროსფერი სხივებით დაბრმავებულმა თვალები დახუჭა. ბოლომდე აკონტროლებდა თავს. მე რატომ არაფრით შემეძლო ამის გაკეთება?
ლუკასი ლეოპარდივით იწვა, გარეგნულად სრულიად მოდუნებული და გამახსენდა, როგორ ბრწყინავდა დილით მისი შიშველი, დაკუნთული სხეული მზეზე. უეცრად საკუთარი გულის ბორგვა ვიგრძენი და უხმოდ შევუძახე ჩემს თავს, სისულელეებს მოეშვი-მეთქი. შევეცადე კონცენტრირება კალათზე მომეხდინა და დინჯად გავაგრძელე მასში ჭუჭყიანი ჭურჭლის ჩალაგება.
შემდეგ წამოვიმართე და ზღვას მივაშურე. ჰორიზონტს გავხედე. ვტკბებოდი იმის ყურებით, როგორ ლამაზად ქრებოდა დღე.
- ღმერთების ქვეყანა…
მის ხმაზე შევკრთი. არც შემიმჩნევია, ასე უჩუმრად როდის მომიახლოვდა. მან მხრებზე პლედი მომახურა.
ამ დროს მსუბუქმა ნიავმა დაუქროლა და ზღვა ზღაპრული ბრწყინვალებით ათამაშდა. ტალღები ისე მდორედ აიქოჩრა, თითქოს ათასობით ცეცხლოვანი მდინარე მოედინებოდა ჩვენკენ. მარტოსულმა თოლიამ თავზე გადაგვიფრინა და მისმა ხმიანმა ძახილმა ტალღების მოზომილი ჩურჩული დაარღვია.
- თავის მეწყვილეს ეძებს, - ამიხსნა ლუკასმა.
მისკენ შევბრუნდი და ნაცრისფერი თვალების დაჟინებულ მზერაში ჩავიკარგე.
- მონათესავე სული ვიგრძენი, - ხმადაბლა წარმოთქვა თოლიას მისამართით. დიდხანს ჩამჩერებოდა თვალებში, თითქოს მათში რაღაცას ეძებდა, - მზადაა? - საქმიანი სახით მკითხა უცებ და უცნაური იმედგაცრუება დამეუფლა, რომ არასდროს მოხდებოდა ის, რაც წესით უნდა მომხდარიყო.
- მგონი, კი. არაჩვეულებრივი დღე იყო.
წასვლა დავაპირე, მაგრამ მან უეცრად ხელი მტაცა და სახით თავისკენ შემატრიალა, თან მოქუფრული დამჩერებოდა ზემოდან ქვემოთ.
- რაში გჭირდებოდა ყველასთან დაწოლა?
- რა? - ისე დამაბნია მისმა შეკითხვამ, გონს მოსვლა ვერ მოვასწარი.
- რამდენი გყავდა? ექვსი? ცხრა? რამდენი კაცი გამოიცვალე? - შეკითხვა, უბრალოდ, ველური იყო, - რატომ არ მოიცადე? სად გეჩქარებოდა? როგორ შეძლო შენნაირმა თხელმა და გარეგნულად უბიწო გოგომ ასე მოქცევა?
შიშისგან, მგონი, გავშავდი. ავისმომასწავებელმა წინათგრძნობამ დამრია ხელი.
- ძალიან გთხოვ, ლუკას… - ჩავიჩურჩულე.
- რატომ აკეთებ ამას? - მისი ცივი თვალები თითქოს სულში მიძვრებოდა და ხმაც ისე მწარედ, ნატანჯად ჟღერდა, თითქოს მასში რაღაც საშინელი, ჯოჯოხეთური ბრძოლა მიმდინარეობდა, - როგორ უნდა დავიჯერო იმის, რასაც შენი თვალები და სხეული მეუბნებიან? გეორგიოსი შენ გვერდით ისე იგრძნობდა თავს, თითქოს ერთადერთი მამაკაცი იყო დედამიწის ზურგზე. საიდან უნდა ვიცოდე, რას ფიქრობ? იქნებ ისევ შენებური ეშმაკური თამაში გაქვს ჩაფიქრებული? თამაში, რომლითაც რომელიმე ჩვენგანის ანკესზე წამოგებას ცდილობ?
- ხელი მატკინე…
მაჯაში უსაშველოდ მიჭერდა. შევეცადე, ხელი გამეთავისუფლებინა, მაგრამ ამაოდ, უარესად წამიჭირა თითები.
- როგორ მინდა, რომ იცოდე, - მსუბუქად შემაჯანჯღარა, - როგორ მინდა შევძვრე მაგ შენს პატარა თავში და ვნახო, რა ხდება იქ სინამდვილეში. თითქოს ორი სხეულია ერთ ადამიანში ჩაბუდებული და ორივე სხვადასხვანაირი. ხან სუფთა ხარ და მორიდებული, ხან კი… - მის ნაცრისფერ თვალებში ცეცხლმა იელვა, - რომელია მათ შორის ნამდვილი? რეალური?
აკანკალებულმა თავი დავხარე და სახე ჩემს ხშირ თმაში ჩავმალე, რადგან მისი ქორივით მზერის გაძლება აღარ შემეძლო.
- შენ არ გესმის… - ვუპასუხე მოცახცახე ხმით, მან კი ისევ შემაჯანჯღარა.
- მაშინ დამეხმარე გავიგო. მომიყევი, რამ გაქცია ისეთად, როგორიც ხარ? ამიხსენი, როგორ შეგიძლია აიძულო მამაკაცი, დაივიწყოს, რომ შენთვის ის პირველი არ არის და არც უკანასკნელი? თქვი, დამარწმუნე.
ეს თხოვნა კი არა, ვედრება იყო.
- არა აქ და არა ასე.
არ შემეძლო მასთან ამ თემაზე მარტოს მელაპარაკა, პირისპირ. მე ლეილას დახმარება მჭირდებოდა, რათა თავიდან ამერიდება მისი გაცეცხლებული რისხვა, როცა გაიგებდა, როგორ მოატყუა ამ "თხელმა და გარეგნულად უბიწო" ქართველმა გოგომ.
მან სიმწრით ამოიგმინა, ძლივს იკავებდა თავს. ბოლოს ხელიც შემიშვა.
- მგონი, შევიშალე, - უფრო თავის თავს უთხრა, ვიდრე მე.
ვხვდებოდი, რომ საშინლად გაბოროტებული იყო ჩემზე, ან თავის თავზე, ან ჩემზეც და საკუთარ თავზეც ერთდროულად. მან ამაყად გადასწია უკან თავისი შავთმიანი თავი და ხელები ჯინსის ჯიბეებში ღრმად ჩაიყო, - არ ვიცი, რა ჯობია: სახლიდან გაგაგდო, როგორც დროით გამოცდილი წესები მოითხოვს თუ გეორგიოსს დაველოდო? იქნებ მან მაინც ახადოს ფარდა ამ ყველაფერს და ამოხსნას შენი განტოლება?
უხმოდ შევცქეროდი, გარხევის მეშინოდა, რათა მასში კვლავ მხეცი არ გამეღვიძებინა.
- იქ, სახლში შენ ამბობდი, რომ…
- მიდი, მიდი, - თავისი ირონიული ტონით ჩემ "გამხნევებას" შეუდგა, - რას ვამბობდი ისეთს იქ, სახლში?
- შენ ამბობდი, რომ გეორგიოსის მოსვლას დავლოდებოდით…. რათა ყველაფერი თავის ადგილზე დადგეს…
- არ ვიცი, მინდა თუ არა, ყველაფერი თავის ადგილზე დადგეს, - უხეშად მომიგო და კბილი კბილს ისე დააჭირა, ყბის კუნთები აუთამაშდა, - სიცოცხლეში პირველად, არ ვიცი, რა მინდა, თუმცა შეიძლება ვიცი კიდევაც. მაგრამ უკვე ძალიან დაგვიანებულია. ექვსი თუ ცხრა მამაკაცით დაგვიანებული… ფეხებზე მკიდია ეს ყველაფერი!..
იგი გატრიალდა და სანაპიროს მაღლა აუყვა, მე კი ფეხებქვეშ ნიადაგგამოცლილი დამტოვა.
უკანა გზაზე მდუმარედ მოვდიოდით. ლუკასი ისეთი სისწრაფით მიქროდა, სუნთქვასაც კი ვერ ვბედავდი თავისუფლად, რამეს არ შევასკდეთ-მეთქი. საშინლად გამეხებული სახე ჰქონდა. მილურსმული ვიყავი ჩემს სავარძელს და მხოლოდ ერთ რამეს ვნატრობდი _ ნეტავ კვლავ ჩემს ბინაში გამღვიძებოდა იმ სისხამ დილით და ყველაფერი თავიდან დაწყებულიყო…
მალევე დაღამდა და როცა დავბრუნდით, სახლი ერთიანად გაჩახჩახებული დაგვხვდა.
- ოღონდ სტუმრები არა, რა! ოღონდ დღეს არა! - კბილებშუა გამოცრა ლუკასმა და მკვეთრად დაამუხრუჭა ჭიშკართან ისე, რომ ბორბლებს დამწვარი რეზინის სუნი აუვიდა.
ძრავა გამორთო თუ არა, სწორედ იმ მომენტში გაიღო ქვედა სართულის შემინული მძიმე კარი და პარმაღზე ორი ადამიანის სილუეტი გამოჩნდა. ისინი ხელიხელჩაკიდებულები გამოიქცნენ ჩვენკენ.
- გვანცა! - გაოცებულს აღმომხდა. თითქმის ამავე დროს წამოიძახა ლუკასმაც თავისი დისშვილის სახელი და ორივე თითქმის ერთდროულად გადავედით მანქანიდან.
გვანცა კივილით გადამეხვია. მის ხმას აყეფებული ძაღლების წკავწკავი შეუერთდა.
არ ვიცოდი, გამხარებოდა თუ მწყენოდა გვანცას დანახვა. არ ვიცოდი, რა მელოდა ამ ყველაფრის შემდეგ. ალბათ, აქედან ცოცხალი ვეღარ გავაღწევდი… უეცრად გამოღებული კარის შუქზე ჯოხზე დაყრდნობილი ლეილა შევნიშნე. ის ისე გამოიყურებოდა, თითქოს დილის მერე მთელი ცხრა წელი გასულიყოს…
შემდეგი ერთი საათი სამარდაჟამოდ ჩაიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში. თავიდან გეორგიოსი და გვანცა ვერც ამჩნევდნენ ლუკასის სახეს, მრისხანების შეკავებას ძლივძლივობით რომ ახერხებდა. ისინი იცინოდნენ და იცინოდნენ, რაღაცებს ჰყვებოდნენ, თან ერთმანეთს არ აცლიდნენ ლაპარაკს… არ ჩერდებოდნენ. უკვე მზად ვიყავი, მეყვირა მათთვის, თუ ღმერთი გწამთ, გაჩერდით-მეთქი.
არ მახსოვს, ჩემმა მოკვეთილმა ფეხებმა სახლში როგორ შემიყვანა. მხოლოდ ის მახსოვს, რომ ლეილას გვერდით ტახტზე მოვკალათდი. მთელი ჩემი არსებით ვგრძნობდი ლუკასის მზერას, წამითაც რომ არ მაშორებდა თვალებს. ასე მეგონა, ტყვე ვიყავი, რომელსაც სიკვდილი მიუსაჯეს და ახლა განაჩენის სისრულეში მოყვანას ელოდებოდა.
როგორც იქნა, ყველანი გაჩუმდნენ და დარბაზში ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, ბუზის გაფრენის ხმას გაიგონებდით. ძაღლებმაც კი შეწყვიტეს წკავწკავი.
- შენ პატარა მატყუარა ხარ!
ასეთ სიმშვიდეში მისი ხმა ისე ამაზრზენად გაისმა, ყველა ფეხზე წამოხტა, ლეილაც კი. მხოლოდ მე არ გავნძრეულვარ. ლუკასი ნამდვილ სატანას ჰგავდა, ქვესკნელიდან ამომხტარს: თვალები საშინლად უელავდა, პირის გარშემო კი ღრმა ნაოჭები გასჩენოდა. მან ოთახი გადმოკვეთა და ხელებმომუშტული ჩემ წინ კედელივით აღიმართა.
- როგორ გაბედე ჩემი მოტყუება? - დამიღრიალა, - პირველივე წუთებიდან ამ დრომდე მხოლოდ ტყუილი და ტყუილი! საიდან სიცრუის ასეთი ნიჭი?
- მაპატიე, - ჩურჩულით წარმოვთქვი შიშისგან გაშეშებულმა და თავდახრილი თვალის გასწორებას ვერ ვუბედავდი.
ლეილა მოგვიახლოვდა და ჩვენ შორის ჩადგა.
- ასეთი ღალატი და მხოლოდ "მაპატიე"? - ლუკასის სიტყვები გამოსროლილ ტყვიას ჰგავდა, თავსხმა წვიმის იმ პირველ წვეთებს, ყველაზე ცივად რომ გესხმება სრულიად დაუცველს.
და… დაუშვა და დაუშვა… ბრალდებების მთელი ნაკადი დამატყდა თავს. ლუკასი ბერძნულზე გადავიდა. მართალია, ერთი სიტყვაც არ მესმოდა, მაგრამ აზრი სრულიად გასაგები იყო ჩემთვის.
- არასდროს არც ერთი ჩემი ოჯახის სტუმრისთვის არ დამჭირვებია მეთქვა, აქაურობა დაეტოვებინა, მაგრამ შენ გეუბნები: პირველივე თვითმფრინავით გაფრინდები აქედან.
ქართულად ნათქვამმა ამ წინადადებამ განაჩენივით გაიჟღერა.
მან ყველაფერი თქვა.
გაგრძელება იქნება