გიორგი მარგველაშვილის სიძე სოსო ყიფშიძე პატიმრობაში იმყოფებოდა, გამოძიება მას მუქარასა და ფიზიკურ ძალადობას ედავებოდა. დავა რამდენიმე თვის წინ მარჯანიშვილზე მომხდარ შემთხვევას ეხება, როდესაც სოსო ყიფშიძისა და ანა მარგველაშვილის სახლში შეიჭრნენ მეზობლები, რასაც მოჰყვა ფიზიკური ანგარიშსწორება.
ანა მარგველაშვილი ამბობს, რომ მისი მეუღლე უდანაშაულოა, ინციდენტს მისი მცირეწლოვანი შვილიც შეესწრო, ყიფშიძე თავად არის დაზარალებული და ბრალდებულის სკამზე არ უნდა იჯდეს. ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ამბობს, რომ სწორედ ანა მარგველაშვილისა და რამდენიმე მეზობლის შეკამათება გახდა ინციდენტის მიზეზი.
„ჩემი ქმარი არის დაზარალებული ამ საქმეში და მაქვს მოსამართლის კეთილსინდისიერების იმედი. იმედია, რომ ის სიმართლის გარდა არაფერზე დაყრდნობით არ მიიღებს გადაწყვეტილებას.
სოსო თავს იცავდა. ჩემი მცირეწლოვანი შვილი შეესწრო ამ ყველაფერს. თავი ჰქონდა გატეხილი, ხელი ჰქონდა მოტეხილი, დანა ჰქონდა დარტყმული და ამ ყველაფრის მიუხედავად, დააკავეს სოსო, რომელიც უკვე 2 თვეა არის უსამართლო პატიმრობაში. ეს საქმე მხოლოდ ცალმხრივადაა გამოძიებული”, - განაცხადა ანა მარგველაშვილმა.
