ქალი ალუბლისფერი ბაღიდან - თავი 5 - Marao

ქალი ალუბლისფერი ბაღიდან - თავი 5

2022-05-06 10:11:43+04:00


წინა თავი

- თუ გული არ გერევა ჩემს ფიზიონომიაზე, - ვთქვი და გავწითლდი.

ხმამაღლა გაიცინა, გულიანად.

- რა სულელები ხართ ეს ქალები, რა შუაშია ფიზიონომია. წეღან ხომ გითხარი, თუ ქალი არ მიყვარს, მასთან სექსის გამო არ დავწვები-მეთქი.

- აკი…

- რა აკი?

- ხომ თქვი, უკვე მიყვარხარო, - საყვედურის ტონით წარმოვთქვი და ჩემს მიამიტობაზე თავად გამეღიმა.

- ჰა-ჰა-ჰა, ჩემო ელენე… ეს სხვა სიყვარულია, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. ამწუთას მე შენ ისე გიყურებ, როგორც ჩემს შვილს, როგორც უმცროს ქალიშვილს.

- გამოდის, შვილიც გყავს?

- მოდი, შევეშვათ ახლა ამ ამბებს და დავიძინოთ, კარგი?

- კარგი, - ნიკაპი ამიკანკალდა და რომ არ შეემჩნია, გადავტრიალდი და ქირურგს ზურგი ვაქციე.

***

მაისის დასაწყისში ბინა უკვე გაყიდული იყო და ფულიც ავიღე. რამდენიმე დღე ვატოს ვუმალავდი თანხის შესახებ, ბოლომდე არ ვიყავი მასში დარწმუნებული. კვირის ბოლოს კი ტყავის პატარა ჩემოდანი გავხსენი და ფული მაგიდაზე შემოვალაგე. მან ცალი თვალით გადახედა დოლარების დასტებს, მერე რამდენიმე ათასი გადათვალა, გაზეთში გაახვია და დანარჩენი კვლავ ჩემოდანში ჩააბრუნა.

- ხვალ წავალ და ყველანაირ აღჭურვილობას ვიყიდი, რაც ოპერაციის გასაკეთებლად დაგვჭირდება. შენ კი იქნებ სადმე, თბილისის შემოგარენში, ნაკლებად დასახლებულ უბანში, პატარა სახლი იყიდო, რომ საოპერაციო მოვაწყოთ.

- აქ რომ დავრჩენილიყავით? ამ აგარაკებზე ცოტა მოსახლე ცხოვრობს, უფრო მეტად ზაფხულში ამოდიან.

- ჩვენც ხომ ზაფხულში ვაპირებთ საქმის დაწყებას? არ მინდა, ვინმემ ხელი შეგვიშალოს.

- ვნახოთ, მოვიფიქრებ, - ყოყმანით გადავაქნიე თავი, მენანებოდა აქაურობის დატოვება.

საღამოს პატარა ბანკეტი მოვაწყვეთ. გემრიელი კერძები გავამზადე, საუკეთესო ღვინო ვიყიდე, თანაც ბევრი, თუ ქეიფია, ქეიფი იყოს-მეთქი. მართლა კარგი დრო გავატარეთ. თან ვსვამდით, თან ვსაუბრობდით. მიხაროდა, მას რომ ვუყურებდი. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ვენდობოდი. ახლა ჩემი მომავალი ცხოვრება მის ხელში იყო, ნდობის გარეშე არ შეიძლებოდა. ამასთან, უკვე მიყვარდა… ძალიან მიყვარდა. ყველა სიკეთესთან ერთად, შევეჩვიე, მასზე ახლობელი არავინ მყავდა, მისთვის ვსულდგმულობდი. არა იმიტომ, რომ ჩემი შეცვლა ჰქონდა განზრახული, იმიტომ, რომ უბადრუკი ქალის მარტოობის დღეები გაალამაზა, ცხოვრება გამიმრავალფეროვნა, ჩემს ყოფას აზრი მისცა. არაფერი მენანებოდა მისთვის - არც საჭმელ-სასმელი, არც ფული, არც ზრუნვა, არც სიყვარული. რასაც ვაკეთებდი, მხოლოდ მისთვის, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ყოფილიყო კმაყოფილი და ნასიამოვნები. ის რომ კარგად იყო, მეც კარგად ვგრძნობდი თავს… ჩემი სულიც მას ეკუთვნოდა და ჩემი სხეულიც, თუმცა ამ უკანასკნელზე ჯერჯერობით უარს ამბობდა, არ მეკარებოდა სიახლოვეს, წამითაც არ უცდია, სხვანაირად შემხებოდა.

გვიან ავიშალეთ. იმ პირველი ღამის მერე ერთად არ ვწოლილვართ. ახლაც ცალ-ცალკე დავიძინეთ, მაგრამ…

დილით, გამეღვიძა თუ არა, უცებ მივხვდი, რომ… ქირურგმა მომატყუა…

არ ვიცოდი, თავი რომელი ქვისთვის მეხალა. წინ და უკან დავდიოდი ოთახიდან ოთახში. «ალბათ სჭირდებოდა ფული, - ვამხნევებდი საკუთარ თავს, - ალბათ, ვიღაცის ვალი ჰქონდა და ამიტომაც წაიღო, ან იქნებ სახლში დატოვების შეეშინდა და ბანკში შეიტანა?»

ღამით კოშმარები მესიზმრებოდა. ვატო თითქოს ფეხს მჭრიდა, მერე სინანულით აქნევდა თავს და ამპუტირებულ კიდურს ფანჯრიდან ისროდა. მერე ფულით სავსე ჩემოდანს ხელს დაავლებდა და გარბოდა. როცა მის უკან კარი ხმაურით გაიხურებოდა, ცივ ოფლში გაწურულს მეღვიძებოდა. უბედური და უიმედო ვიყავი, უფერული დღეები ისევ წაეწყო ერთმანეთს.

ერთხელაც საპირისპირო რამ დამესიზმრა - თითქოს საყვედურით სავსე თვალებით მიყურებდა, თან მეუბნებოდა: «ეგ როგორ იფიქრე, როგორ შეგეძლო დაგეჯერებინა, რომ მოგატყუე?» გამომეღვიძა თუ არა, მტკიცე გადაწყვეტილება მივიღე. უნდა მომეძებნა, ასე ლოდინი გულს მიკლავდა, მაგრამ სად? ვიცი, სადაც. იზას ვნახავ, მას ეცოდინება, სად შეიძლება მისი ნახვა, აუცილებლად ეცოდინება. შეიძლება იმ ნაძირალამ მოიტაცა, მისმა ოლიგარქმა საყვარელმა. ჰო, ასე იქნება, წყალი არ გაუვა.

პირდაპირ ტელევიზიას მივადექი და კარისკაცს ვუთხარი, რომ იზასთან შეხვედრა მქონდა დანიშნული. პირადობის მოწმობა მომთხოვა, დაათვალიერა, მერე ჟურნალში ჩაიხედა და თავი გადააქნია, თქვენი გვარი არ არის სიაში შეტანილიო. ალბათ დაავიწყდა, დაურეკეთ და ჩამოვიდეს, მისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია მაქვს გადასაცემი-მეთქი. დამიჯერა…

ჩვენი შეხვედრა ფილმის სიუჟეტს უფრო ჰგავდა. ვიდექით ორი ქალი ერთმანეთის პირისპირ - ერთი კალმით ნახატი მზეთუნახავი, მეორე კი ზღაპრის ბოროტი პერსონაჟივით მახინჯი; ერთი - ულამაზესი ღიმილით, მეორე კი გამოშვერილი კბილებით; ის ამაყი და მედიდური გამოხედვით, მე - კურდღელივით შეშინებული და დათრგუნული… გავოცდი, რომ შევხედე, მოდური ჟურნალიდან გადმომხტარს ჰგავდა. ამრეზით გადმომხედა, შენ ვიღა ხარ, ვის დაჰკარგვიხარო. რომ არ მცოდნოდა, ეს თოჯინასავით ლამაზი ქალი რას წარმოადგენდა წარსულში, როგორი მახინჯი იყო ოპერაციამდე, ალბათ გავტრიალდებოდი და წავიდოდი. მაგრამ ახლა ნამდვილად არ ვაპირებდი გაქცევას, მე სერიოზული კოზირი მეჭირა ხელში. ამასთან, მას ისე ვუყურებდი, როგორც ჩემს მეტოქეს, საშიშ მეტოქეს. ამიტომ რაც შეიძლებოდა გულგრილი სახე მივიღე, ტუჩები ახლოს მივუტანე ყურთან და სარკასტულად ჩავჩურჩულე:

- მე ქირურგი მჭირდება. შენ იცი, სადაც არის, ამიტომ უნდა მითხრა… უარის თქმა არ გაბედო. კარგად შემომხედე. არ გირჩევ ჩემ გადაკიდებას. არც ეცადო, გთხოვ.

ასე მეგონა, დიდ სცენაზე ვიდექი და ვთამაშობდი, ისე კარგად გამომივიდა. არასდროს დამავიწყდება მისი შეშინებული თვალები. ყველა ადამიანს ეშინია იმის, რაც უსიამოვნო წარსულს აგონებს. გაფითრდა, ლამაზი მკერდი მღელვარებისგან აუთრთოლდა.

- მითხარი, სად არის. იცოდე, თავს მანამ არ დაგანებებ, სანამ არ მეტყვი.

- ვაგზალზე… ვაგონებში… - ძლივს გასაგონად წარმოთქვა.

ამის გაგონებაზე თვალები შუბლზე ამივიდა.

- შენ რა, დამცინი? - თვალებში ჩავხედე.

- არა, სიმართლეს გეუბნები, მეცამეტე ვაგონშია, სულ ბოლოს, დეპოს ბოლოში.

- იქ რა უნდა?

- არ ვიცი, ვერ გეტყვი… - იზა ძალიან იყო შეშინებული.

- თუ მომატყუებ, იცოდე, მიწიდან ამოგიღებ და შენს ამბავს მთელ ამ შენობას მოვდებ, - დავემუქრე.

- არ გინდათ… ასე ნუ მელაპარაკებით… თუ ვერ ნახოთ, უბრალოდ, დამირეკეთ და რაღაცას მოგიხერხებთ. აი, ჩემი ტელეფონის ნომერი, - ხმააკანკალებულმა თქვა და სავიზიტო ბარათი გამომიწოდა.

ნიშნის მოგებით გავუღიმე და წამოვედი. იმწუთას თავს ისე ვგრძნობდი, როგორც ნიკიტა, ცნობილი სერიალიდან. ჰო, სწორედ ეს მინდოდა - ტელევარსკვლავი უნდა გავხდე, - მხოლოდ ამის სურვილი მამოძრავებდა.

<div>***</div>

სამარშრუტო ტაქსიში ჩავჯექი. მეგონა, დრო უაზროდ გაიწელა. სანამ ვაგზლამდე მივაღწევდი, ჩემი დამემართა. ესე იგი, ვაგონში ჰყავთ გამომწვდეული. ალბათ დაბმულია, მშიერი, ნაცემი, იქნებ სცივა კიდეც? ვაგონში ხომ ბნელა. მე შენ გეტყვი და, ელექტროობას გაუყვანდნენ. კი მაგრამ, სად მივდივარ? ეს კანცელარიის ვირთხასავით უბადრუკი ქალიროგორ უნდა გავუმკლავდე იმ ბანდიტებს? კაცი ოლიგარქია, რომ მოინდომოს, თითის ერთი დაქნევით გამაქრობს, შეიარაღებული ხალხის მეტი რა ეყოლება? რას ვაპირებ?

ვაპირებ, ვაპირებ და სულაც არა ვარ უბადრუკი. ვიცი, რასაც ვიზამ. მე დავიხსნი მას. ოღონდ ჯერ გეგმა უნდა შევიმუშაო, კარგად ავწონ-დავწონო, როგორ მოვიქცე. თუ ვაგონშია გამომწყვდეული, ესე იგი, დაცვაც ეყოლება. ვიღაცები მოდიან ალბათ მასთან და ყოველდღე მის «დამუშავებას» ცდილობენ, სანამ არ დაითანხმებენ. უარი რომ თქვას? რომ არ დათანხმდეს? მოკლავენ, რა თქმა უნდა. ხომ სცადეს უკვე მისი მოკვლა? იქნებ უკვე აღარც არის ცოცხალი? არა, ეს შეუძლებელია, ის მამაცია, მედგარი, ასე ადვილად ვერ მოერეოდნენ. თანაც მათ სჭირდებათ იგი, მისი ხელები სჭირდებათ. ჯერ ერთი, იმიტომ არ მოკლავენ, რომ ბოლომდე შეეცდებიან, გატეხონ. ამიტომ მე დრო მაქვს.

არასწორად ვიქცევი. ჯობია, ჯერ შინ წავიდე, კარგად ვიფიქრო და მერე გადავწყვიტო, რა გავაკეთო. იქნებ აგარაკიც გავყიდო და სადმე, მართლაც მიყრუებულ ადგილზე ვიყიდო პატარა სახლი? იქ, სადაც ვერ მოგვაგნებენ? ეს აზრი ყველაზე უფრო დამიჯდა ჭკუაში.

***

შინ მისულმა პირველი, რაც გავიფიქრე, სამსახურის მიტოვება იყო. რა დროს მუშაობაა, ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია, სად მცალია ახლა ამისთვის? - თან უგემურად ვილოღნებოდი შემწვარ კარტოფილს, თან გეგმებს ვაწყობდი, - მე უფრო სერიოზული საქმე მაქვს მოსაგვარებელი, ვიდრე ჩემი სულელური სამსახურია. ის უნდა მოვიფიქრო, როგორ დავიხსნა ადამიანი, რომელიც მეცამეტე ვაგონშია გამომწყვდეული. რა, ქვები ვისროლო? კივილი ავტეხო? სასაცილოა, საბავშვო დეტექტივს უფრო ჰგავს. მაშ, როგორ მოვიქცე? იქნებ მეძავის როლი ვითამაშო? მე-ე? ვიღაც ჩაბჟირდება, ეს რომ ვუთხრა. ვის რაში ვჭირდები ასეთი მახინჯი? როგორი დაცვაც უნდა ჰყავდეს, ზედაც არ შემომხედავს. პირიქით, შიშით შეიძლება ისიც ვაგონში შეიკეტოს. ყველაფერს აჯობებს, რამე ჩავარტყა თავში, მაგალითად, აგური ან რკინის კეტი. თან მაშინვე, როგორც კი იქიდან გამოვა. არ მინდა თვალებში შევხედო, შეიძლება შემეშინდეს.

იზამ რა ქნა ნეტავ? უკვე დაურეკავდა თავის საყვარელს. ვაითუ სხვაგან გადაიყვანონ და იქ არ დამხვდეს, მერე რა წყალში გადავვარდე? იქნებ არც წაიყვანონ და დაცვა გააძლიერონ მხოლოდ? შეიძლება მელოდებიან კიდეც. ჰოდა, დამელოდონ!

რაც მთავარია, კეტი მაქვს, მაგრამ არა რკინის, ხის. ამ რამდენიმე თვის წინ ქუჩაში ვიპოვე დაგდებული, ვიფიქრე, ბოსტანში გამომადგება-მეთქი და წამოვიღე. ტყუილად არ მეუბნებოდა ქირურგი, ამქვეყნად ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებულიო. ფეხი რომ მოიტეხო და გეგონოს, რომ ეს შემთხვევით მოხდა, არ იქნება მართალი, ეს იმწუთას ასე უნდა მომხდარიყო, საჭირო დროს კი წინ დაგიხვდებაო. მართალი ყოფილა. აი, კეტის პოვნაც როგორ გამომადგა.

ფარდულში გავედი და ის თოხისტარივით კეტი მოვძებნე. გრძელი არ იყო, ჩემს დიდ ჩანთაში ადვილად ჩამეტეოდა. ერთი-ორჯერ მძლავრად მოვიქნიე, თითქოს ვვარჯიშობდი. არა უშავს, გამოდგება. ამით კაცის მოკვლაც კი შეიძლება, თუმცა მე არავის მოკვლას არ ვაპირებ. ისეთი ძალით დავარტყამ, რომ მხოლოდ გაითიშოს და მორჩა. იქნებ არ ღირს? რომელი პოლიციელი მე ვარ, ასეთ რამეზე წავიდე? რომ შემეშინდეს? არა, არ შემეშინდება. ამას ხომ ჩემთვის არ ვაკეთებ. მისი გულისთვის კი მზად ვარ, ყველაფერზე წავიდე.

მეორე დილით ჯერ სამსახურში გამოვცხადდი და უფროსს ვთხოვე, შვებულება გაეფორმებინა ჩემთვის. უპრობლემოდ დამთანხმდა, მერე კი ვაგზლისკენ გავეშურე ერთიანად დაძაბული. დეპოს ბოლოში გავედი, სადაც ცარიელი ვაგონები იდგა. ყველას ნომერი ეწერა. თვალებით მოვძებნე მეცამეტე. იქვე, სწორედ ამ ვაგონის წინ, პატარა, უფანჯრო, ყვითლად გადაღებილი ჯიხური იდგა, რომლის წინაც ორი მოხეული ტიპი ერთმანეთს ელაპარაკებოდა. მაშინვე მივხვდი, რომ მცველები იყვნენ. მას იცავდნენ, როგორც ჩანს. რა სულელი ვარ. რატომღაც ეს კაცები ქირურგის ტანის წარმომედგინა, საშუალო სიმაღლის და გამხდარი, ესენი კი რამხელა მუტრუკები ყოფილან. ამათ როგორ მოვერევი? რაღაც სხვა უნდა მოვიფიქრო. იქნებ გვერდით ჩავუარო და მოვისმინო მაინც, რაზე ლაპარაკობენ? ან იქნებ ვაგონიდან გავიგო მისი ხმა? ვინ იცის, როგორ უჭირს…

მამაკაცებს შეუმჩნევლად გავუარე, არც კი დაინტერესებულან ჩემით. აბა, რომელი მზეთუნახავი მე ვიყავი, ჩემკენ გამოეხედათ? იქვე, მიწისქვეშა გვირაბთან ხის გრძელ მერხზე ჩამოვჯექი და არემარე მოვათვალიერე. როგორ დავიხსნა? დიდხანს ვიჯექი და თავს ვიმტვრევდი, მაგრამ ვერაფერი მოვიფიქრე. ამ დროს ჩემკენ მომავალი ორი მოკლეკაბიანი, გულისამრევად დახატული და დაპუდრული გოგო შევამჩნიე. ერთი ქერათმიანი იყო, მეორეს კი წითლად ჰქონდა მოკლე თმა შეღებილი. ისინი მომიახლოვდნენ და ჩემ გვერდით დასხდნენ.

- შენ ვინ ხარ? - მკითხა ქერათმიანმა და ცნობისმოყვარეობით დამაცქერდა, - ახალი ხარ?

არ ვუპასუხე.

- არ იცი, რომ ეს ადგილი ჩვენია? - ახლა მეორემ შემომიტია.

- არ მაინტერესებს, მე ისეთი არ ვარ, - რაც შეიძლებოდა უდარდელად ვუპასუხე.

- მით უმეტეს, არ გეშინია, ვინმე გადაგეკიდოს? ამ «სკამეიკაზე» ამისთვის სხდებიან.

გამაჟრჟოლა.

- ვინ უნდა გადამეკიდოს? ვის რაში ვჭირდები, რომელი მეგ რაიანი მე ვარ?

- ვითომ რატომ? ყველაფერი ადგილზე გაქვს - უკანალიც, ძუძუც, თან როგორი თეთრი ხარ. კაცებისთვის სულერთია, ოღონდ კაბა ეცვას, ყველას თავისებური გემოვნება აქვს.

- შეეშვი, ხომ ხედავ, რა დღეშია, დარდობს რაღაცას, - მხარი გაჰკრა მეორემ.

- რა იყო, საფულე ხომ არ ამოგაცალეს ბარობაზე?

- არა, შეყვარებული წამართვეს, - გადავუშალე გული.

- შეყვარებული?

- ჰო, იქ ჰყავთ გამომწვდეული, მეცამეტე ვაგონში.

ორივემ ერთდროულად იქით გაიხედა გაოცებულმა.

- ეს ჩვენს ბიჭებს არ უქნიათ, დარწმუნებული ვარ. გინდა დაგეხმაროთ? - ქერათმიანმა თვალი ჩამიკრა.

- როგორ? - ყურები ვცქვიტე.

- მიშას ვუთხრათ, არ დაეხმარება? - წითელთმიანს გადახედა ჩემ გვერდით მჯდომმა.

- არა მგონია. ხომ იცი, არ უყვარს სხვის საქმეებში ჩარევა. რა გქვია? - მერე მე მომიტრიალდა.

- ელენე.

- მე თათული მქვია, ამას - ნანული. ნუ გეშინია, რაღაცას მოგიხერხებთ. ღირს კი ის კაცი ამად? კარგი სექსი იცის? - ღიმილით მკითხა და სიგარეტს მოუკიდა.

- არა, იმპ… - დროზე დავაჭირე ენას კბილი და გამოვასწორე, - ლოთია, დალევა უყვარს.

- ლამაზი მაინც თუა?

- ძალიან, - თავი დავაქნიე.

- რატომ დაიჭირეს?

- არ ვიცი, ეგ რომ ვიცოდე…

- ე! ძაღლი ახსენეო… მიშა მოდის.

გვირაბიდან ორი მამაკაცი გამოვიდა და ჩვენკენ აიღეს გეზი. ერთი განსაკუთრებით სიმპათიური იყო, მაღალი, მხარბეჭიანი, ოცდაათი წლისაც არ იქნებოდა. მეორეს, დაბალს და ჯმუხს, თმა გადაეხოტრა, გადაბმული წარბები და მეჩხერი კბილები ჰქონდა, თათარს ჰგავდა. გოგოებს მიესალმა, მერე უკმეხად შემომხედა და მკითხა:

- შენ ვისი ხარ?

- არავისი, - მშვიდად ვუპასუხე.

- აბა, აქ რა გინდა?

- ისე, საფულე მომპარეს და… - ქერათმიანის შეკითხვა გამახსენდა უცებ.

- გასაგებია… - მოულოდნელად მან საფულე გახსნა და ათლარიანი ამოიღო.

- აჰა შენ, გზის ფულად გეყოფა და წადი, მეორედ აღარ დაგინახო.

ამ დროს მეორემ მაჯაში ჩაავლო მას ხელი და უკან დასწია.

- შეინახე, ამას მე წავიყვან ორმოცდაათ ლარად, - თქვა და გასაყიდი საქონელივით შემათვალიერა.

სისხლი გამეყინა ძარღვებში.

- მე ისეთი არ ვარ, - გავიმეორე გამშრალი ხმით.

- შეეშვი, ჯინო, ხომ ხედავ, შემთხვევით არის აქ, უკეთესს მოგიყვან, - სცადა ჩემი დაცვა სიმპათიურმა. მივხვდი, რომ სწორედ ეს უკანასკნელი იყო მიშა, თანაც სუტენიორი.

- არა, მე ეს მინდა.

- მე ისეთი არ ვარ, - ვთქვი და წამოვდექი, - მაგ საქმისთვის არ გამოვდგები.

- იქნებ ქალიშვილიც ხარ?

გავწითლდი, ცოტათი შემეშინდა კიდეც.

- არა, ქალიშვილი არ ვარ, აქ ქმრის გადასარჩენად ვარ მოსული.

- ოჰო! ესეც ახალი ამბავი. მერედა, სად არის შენი ქმარი?

- მეცამეტეში ჰყოლიათ შეკეტილი, წეღან გვითხრა. ბიჭებო, იქნებ დაეხმაროთ?

მამაკაცებმა ერთმანეთს შეხედეს.

- მერედა, ჩვენ რა? - იკითხა ჯინომ, - სარგებელი რა გვექნება?

- მასაჟი ვიცი, ძალიან მაგარი მასაჟისტი ვარ, - ვიყვირე უცებ.

არ მომიტყუებია, მართლა გავლილი მაქვს მასაჟის კურსები, თუმცა არასდროს გამომიყენებია ჩემი ცოდნა. იქნებ ახლა მაინც გამომადგეს?

მამაკაცებმა ისევ გადახედეს ერთმანეთს.

- კარგი, ეგრე იყოს. წამოიყვანეთ ჩემთან, ვნახოთ ერთი, რა იცის. დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ.

კანკალმა ამიტანა, გავფითრდი. ხომ არ გამაუპატიურებენ? თათულიმ შემატყო, რა რეაქციაც მქონდა ჯინოს წინადადებაზე და თბილად გამიღიმა.

- ნუ გეშინია, ქალის ხამი არ გეგონოს. ის კი არა, ისეთი «ბლატები» აქვს, იმ შენი ქმრის მტრებს სულ მუხლებზე ახოხიალებს.

ჯინო უშნოდ გაიღრიჯა და მეჩხერი კბილები გამოაჩინა, მერე «ნოკიას» ფირმის ბოლო ფირმის მოდელი ამოიღო ჯიბიდან და ვიღაცას დაურეკა.

- მომისმინე, მეცამეტე ვაგონი ვის საკუთრებაშია?.. ზუსტად იცი?.. კარგი, ჯიგარი ხარ, აბა ჰე, - ჯინომ მობილური ისევ ჯიბეში ჩააბრუნა და მიშას მიმართა.

- მიხო, წადი ახლა, სვირინგა ნახე და უთხარი, მეცამეტეში რომ კაცი ჰყავთ გამომწვდეული, ერთ საათში აქ მომიყვანონ. არა, აქ არა, ჩემი რესტორნის წინ, ჩემსავე «ვოლვოში» დამხვდეს. ხომ გაიგე?

- აბა რა!

- ჰოდა, მიხედე საქმეს… ეს კი ჩემთან წამოიყვანე.

მიშას გავყევი, გოგოებმა თვალი ჩამიკრეს, ამით გამამხნევეს, ნუ გეშინიაო და გამიღიმეს. მიშას გავყევი. იქვე, გზის პირას «მერსედესი» იდგა. უკანა სალონის კარი გამიღო და ჩამსვა. ჯინო საით წავიდა, არ შემიმჩნევია.

გაგრძელება იქნება