ქალი ალუბლისფერი ბაღიდან - თავი 4 - Marao

ქალი ალუბლისფერი ბაღიდან - თავი 4

2022-05-05 10:13:06+04:00


წინა თავი

თვალები რომ გავახილე, დივანზე ვიწექი. უფრო სწორად, ნიშადურის სპირტის სუნმა მომიყვანა გონს. უცნობი ექიმი თავს დამტრიალებდა და ორაზროვნად მიღიმოდა.

- კარგია, რომ წერილი არ წაიღეთ, თორემ ცუდად იქნებოდა საქმე, - თბილად მითხრა და შუბლზე სველი ტილო დამადო, - აბა, როგორ ხართ?

- არა მიშავს. ის როგორ არის?

- მასაც არა უშავს. რეცეპტი გამოვწერე, წამლები დავუნიშნე, აგერ დევს, მაგიდაზე. თუ გაქვთ საშუალება, შეიძინეთ ეს მედიკამენტები და ყოველდღიურად გაუკეთეთ გადახვევა. რამდენიმე დღის მერე მოვალ, თუ ამის საჭიროება შეიქმნება. ნემსების გაკეთება მოგიწევთ, იცით, როგორ უნდა?

- კი, როგორ არა, ვიცი, - მორჩილად დავუქნიე თავი.

- ეს ჩემი მობილურია, თუ რამე გართულდეს, აუცილებლად შემეხმიანეთ, - მამაკაცმა ტელეფონის აპარატი მაგიდაზე დადო.

გაოცებულმა ავხედე.

- ახლობლების და ნაცნობების ზარები დავბლოკე და თუ მაინც ვინმემ დარეკა, უთხარით, რომ საზღვარგარეთ გავემგზავრე.

- ღმერთო ჩემო, ასეთი ღვთისნიერი ვინ ხართ? - გაოგნებული ვიყავი.

- არც არავინ. თუ საჭირო გახდება, ქირურგი თავად მოგიყვებათ ჩემ შესახებ.

- თქვენი აზრით, აქ არავინ მოვა? მე მხედველობაში მაქვს… არ მოგვკლავენ?

- ვფიქრობ, რომ არა. მან მითხრა, რომ თბილისში დაესხნენ თავს.

- ვინ დაესხა?

- საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას ნუ აიღებთ. უკეთესი იქნება, რაც ნაკლები გეცოდინებათ. ყველაფერი ისე გააკეთეთ, როგორც ის გეტყვით და შეიძლება ყველაფერი კარგად იყოს.

- ექიმო, შეიძლება, რომ მოკვდეს?

- არა მგონია. ჩემს ხელში ჯერ არავინ მომკვდარა, თანაც ეს ჭრილობა არ არის სასიკვდილო.

- და საავადმყოფოში რატომ არ შეიძლება მისი გადაყვანა? - არ ვეშვებოდი, - რატომ არ უნდა შევატყობინოთ პოლიციას?

- ეს თქვენი გადასაწყვეტია, თუმცა მხედველობაში იქონიეთ, რომ ასეთ შემთხვევაში მას აუცილებლად გაგზავნიან იქ, სადაც ჯერ არ არს, თვალსაც არ დაახამხამებენ, ისე. ან ადგილზე მიასიკვდილებენ.

- ვინ არიან ეს ადამიანები?

- ნუ… დავუშვათ, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც არ სურთ… არ სურთ… - უცნობს ენა დაება, საჭირო სიტყვებს დაუწყო ძებნა. მერე სახე შეეცვალა და მომიბრუნდა:

- მომისმინეთ, რაში გჭირდებათ ეს ყველაფერი? არ ჯობია, მშვიდად გეძინოთ? აქ ვინმე გაკითხავთ საერთოდ?

- არა, - ისე შემრცხვა, თვალები დავხარე.

- მით უკეთესი. მეზობლებს უთხარით, თუ ვინმე დაინტერესდება, რომ შვებულებაში ხართ და გააკეთეთ ჩვეულებრივ ის, რასაც აქამდე აკეთებდით და ყველაფერი კარგად იქნება. სამსახურში დარეკეთ და უთხარით, რომ ცუდად ხართ, გრიპი შეგეყარათ და მაღალი ტემპერატურით წევხართ. თუ დაგჭირდებათ, ბიულეტენს მე გამოგიწერთ. მორჩა. დარჩით ერთი-ორი კვირით მასთან და უმკურნალეთ. კიდევ გაქვთ შეკითხვები?

- არა, მაგრამ ერთი რაღაც…

- რა რაღაც?

- გუშინ საღამოს, შინ რომ ვბრუნდებოდი, ვიღაცამ კინაღამ მანქანით გამიტანა თითქმის სახლთან მოსულს. მე იმ კაცის თვალები დავინახე, ვინც ჩემ მოკვლას ცდილობდა და მას მართლა უნდოდა ჩემი სიკვდილი.

მამაკაცმა სკეპტიკურად შემომხედა, თითქოს მეუბნებოდა, ასეთი ვის რაში სჭირდები, შენ ვიღას დაჰკარგვიხარო.

- დარწმუნებული ვარ, მას უთვალთვალებდნენ და ამიტომაც დამესხნენ თავს, - მაინც არ დავიშალე ჩემი.

- ნუ იქნებით ასე დარწმუნებული. ამქვეყნად უამრავი გიჟი და მანიაკი დაძრწის. მაპატიეთ, მაგრამ უნდა წავიდე, დავისვენო, ხვალ ძალიან სერიოზული ოპერაცია მელოდება.

- თუ საიდუმლო არ არის, სად მუშაობთ?

- მეხუთე საავადმყოფოში, ქირურგიულ განყოფილებაში.

- რა გქვიათ?

- დათო.

- ხომ ვერ მეტყვით, მას რა ჰქვია? - წინ გადავუდექი.

- ქირურგი, - მიპასუხა მან, - მისი სხვა სახელი მე არ ვიცი. სხვათა შორის, ვისურვებდი, რომ ჩემთვისაც მხოლოდ ამ სახელით მოემართათ, მხოლოდ ამ სახელით… - კეთილად გამიღიმა ექიმმა, დამემშვიდობა და წავიდა.

<div>***</div>

ქირურგს გამოჯანმრთელება არ გასჭირვებია, დღითი დღე უკეთესად ხდებოდა. ალბათ იმიტომ, რომ ღვინოს არ ვასმევდი, შეგნებულად არ ვასმევდი. «ასე ჯობია, - ვიმშვიდებდი თავს, - საკუთარ ჯანმრთელობაზე თვითონ თუ არ ზრუნავს, მე ვიზრუნებ».

ოპერაციიდან ორი კვირის თავზე ჩემმა პაციენტმა თავი უკეთ იგრძნო. მე სამსახურში გავედი. საღამოს, აგარაკზე რომ მოვბრუნდი, მარკეტში შევიარე პროდუქტების შესაძენად და თვალებს არ დავუჯერე, დახლთან ქირურგს მოვკარი თვალი, ორი ბოთლი ღვინო ეყიდა და ფულს იხდიდა. არ გამოვლაპარაკებივარ, გამოვბრუნდი და სახლისკენ გავეშურე.

ოთახში შევედი თუ არა, ფეხდაფეხ მომყვა. მაგიდასთან მდგარ სკამზე ჩამოვჯექი და მრავლისმეტყველი მზერა შევავლე. შემცბარი მიყურებდა, თან წარამარა ეცვლებოდა გამომეტყველება. მერე ცელოფნის პარკიდან ღვინის ორი ბოთლი ამოიღო.

- სხვათა შორის, გარეთ გასული შეიძლებოდა ვინმეს შეემჩნიეთ, - ვთქვი.

- ნუ მიაქცევ ყურადღებას, - მშვიდად გამცა პასუხი, - დღეს რა გვაქვს სადილად?

- კომბოსტოს რაგუ.

- მხოლოდ კომბოსტოა შიგნით?

- არა, საქონლის ხორცით და სტაფილოთია შეზავებული.

- ჰოდა, მშვენიერია. გთავაზობ, საღამო მშვიდ ატმოსფეროში გავატაროთ, ჩემი გამოჯანმრთელება აღვნიშნოთ.

- ჯერ კიდევ ჟონავს სისხლი დრენაჟიდან, - შენიშვნა მივეცი.

- ეს ნორმალური მდგომარეობაა, ვაკონტროლებ, ნუ გეშინია.

- გადახვევაც თვითონ გაიკეთეთ?

- რა თქმა უნდა. მე ხომ ექიმი ვარ… სხვათა შორის, მე შენ უკან მოგდევდი. ასე სიარული არ შეიძლება. ძალიან ლამაზი მკერდი გაქვს, წვრილი წელი, თეძოები… შენ კი, როგორც კვაზიმოდო, ისე ხარ მხრებში მოხრილი, მთელი შენი მშვენიერება იკარგება.

- ისედაც ვიცი, რომ კვაზიმოდო ვარ, - დამნაშავესავით გავიღიმე.

- სისულელეების ლაპარაკს მოეშვი. მე უკვე მოვიფიქრე ყველაფერი. იანვრისთვის სუპერმოდელი იქნები, პირობას გაძლევ. მთავარია, გამართულად იარო.

- გამართულად ვიარო ასეთი ფეხებით? - მექანიკურად საკუთარ ფეხებს დავხედე.

ის ჩემკენ დაიხარა.

- დაივიწყე ისინი. მე შენს სხეულზე უკვე სხვა ფეხებს ვხედავ. იცი, რომ მხატვრები თავიანთ შედევრს მანამდე ხედავენ, ვიდრე დახატავენ?

- არ შემიძლია მათი დავიწყება, რადგან სულ თვალწინ მიდგას, ყოველ წამს მათ შევყურებ.

- მესმის შენი. იცი, ახლა რაზე ხარ თანახმა? მე რომ შენთან დავწვე, საკუთარი ფეხებიც კი ულამაზესად მოგეჩვენება. ასე არ არის?

გავწითლდი და მოვიტყუე.

- ცდებით, არც მიფიქრია.

- ერთხელ უკვე გითხარი, რომ სექსუალური პრობლემები მაქვს, - არ დამიჯერა მან, - სამაგიეროდ, სილამაზის შეგრძნება მაქვს გამძაფრებული. ეს ერთი და მეორეც, მე შენ გვერდით თავს შენს მშობლად ვგრძნობ, შენს მამად, რომელიც ზრდის საკუთარ ქალიშვილს, ზრუნავს მასზე. მინდა, რომ შენგან კარგი ადამიანი დავაყენო, ლამაზი ქალი, არა მარტო გარეგნულად, არამედ შინაგანადაც. ამის მერე განა შეიძლება საკუთარი ქალიშვილი ლოგინში ჩაიწვინო?

მაგიდის გაშლას შევუდექი. თან თეფშებს ვალაგებდი, თან მას ვუყურებდი. არც მიმიქცევია ყურადღება, ისე გადავედი «შენობით» ფორმაზე.

- შენ მითხარი, რომ ჩემგან გარეგნულად სულ სხვა ქალს შექმნი. ეს იმ შენმა ნაცნობმა ექიმმაც დაამტკიცა. მან თქვა, რომ ამ საქმეში ღმერთი ხარ, მაგრამ შინაგანად? შინაგანად როგორ გარდამქმნი? შენ ხომ ცინიკოსი ხარ, ცინიკოსებს კი მხოლოდ განადგურება შეუძლიათ და არა კარგის შექმნა.

- არ ანადგურებენ, უბრალოდ, ზედმეტს აცლიან ადამიანს. სხვათა შორის, სულიერი სილამაზის შექმნა უფრო ადვილია. საკმარისია, ადამიანში უცნაური ფანტაზია ჩადო, ის მაშინვე დაიწყებს ფიქრს, საკუთარი თავის გააზრებას, რეალობის აღქმას. და მე შეგიქმნი შენ ამ ფანტაზიას. თუმცა ეს არ არის მთავარი. ქალის შინაარს მისი ფორმები განსაზღრავს. მე მას სრულყოფილებას მივანიჭებ, ეს კი შენს სულიერებას გაამდიდრებს, შენს შინაარსს. მაგრამ სანამ ამას გავაკეთებ, იქამდე შენ უნდა გადაწყვიტო, რა გინდა შიგნით გქონდეს, ვინ გინდა იყო, გულცივი მზეთუნახავი, რომელიც მამაკაცებს სკალპებს აძრობს თუ ეკრანული ქალღმერთი ან ელიტური გეიშა? ცოლი-ღვთაება, რომელსაც ქმარი აღმერთებს?

- შენ ეს შეგიძლია? შეგიძლია, რომ ჩემგან ეკრანული მზეთუნახავი შექმნა?

- რაო, ტელევიზიაში გინდა მუშაობის დაწყება? ტელევარსკვლავობა ხომ არ დაგიჯდა ჭკუაში? რა თქმა უნდა, შემიძლია, თანაც სრულიად თავისუფლად. შეხედე ნებისმიერ იმათგანს, ვინც წამყვანად მუშაობს. ისინი ერთსა და იმავე პლასტიკურ ოპერაციას იკეთებენ, იბერავენ ტუჩებს, იდგამენ მკერდში სილიკონს, იპატარავებენ ყურებს, იწვრილებენ თვალებს და ა.შ. საბოლოო ჯამში, თითქმის ყველა ერთმანეთს ემსგავსება. შენ კი… შენ მათგან რადიკალურად განსხვავებული იქნები, სულ სხვა ქმნილება, სხვა სამყაროდან მოსული მშვენიერება, ენით აღუთქმელი, კალმით აღუწერელი სილამაზე… შენ შეგეძლება ყველაზე მდიდარი გადაცემის წამყვანი გახდე, შექმნა საკუთარი თოქ-შოუ, იბრწყინო შენი აზრებით, ჭკვიანური გამონათქვამებით. მერე კი გზა დიდი პოლიტიკისკენაც გაგეხსნება.

ლაპარაკის დროს ქირურგს ხველება აუტყდა. შევშინდი, ისე ცუდად ახველებდა, ფილტვების ანთება არ ჰქონდეს-მეთქი.

- მიდი, წამოწექი, - მზრუნველად მივმართე, - სადილი ოც წუთში იქნება მზად და მერე მივუსხდეთ მაგიდას. იქამდე კი შეგიძლია მხოლოდ ერთი ჭიქა ღვინო დალიო, დანარჩენს შევინახავ და ყოველ სადილზე თითო ჭიქას დაგალევინებ.

ის წამოწვა, მე კი მის გასაგონად გავაგრძელე ლაპარაკი.

- ბინის საკითხზე უკვე მოველაპარაკე სააგენტოს. მალე გაიყიდება. ფული ალბათ ორ კვირაში გვექნება. იქამდე კი სტამბოლის კაჟივით ჯანმრთელი უნდა გახდე. ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გინდა, თუ, რა თქმა უნდა, მანამ არ გამოგვჭრეს ორივეს ყელი ან სადმე არ ჩაგვცხრილეს.

- არ ჩაგვცხრილავენ, ნუ გეშინია.

- და კიდევ ერთი რამ მინდა გთხოვო…

- აბა, მითხარი, - თავი ჩემკენ მოატრიალა.

- შენ შესახებ ყველაფერი უნდა მომიყვე. მე შენ გენდობი, ამიტომ შენც უნდა მენდო. მე ყველაფერს ვყიდი, მაგრამ შენ რომ მოგკლან, მერე რა ვქნა? უნდა ვიცოდე, რა ხდება შენს თავს.

- დამისხი ერთი ჭიქა.

ღვინის ბოთლი გავხსენი და ჩამოვასხი. მივუტანე, თავი ავაწევინე და ჭიქა ხელში დავაკავებინე. ისე ჩქარ-ჩქარა დალია, თითქოს ძალიან მოწყურებული ყოფილიყო. წითელი სითხე ნიკაპზე ჩამოეწუწა. ხელის ზურგით მოიწმინდა.

- ჰა, რა გადაწყვიტე? - ვკითხე და ცარიელი ჭიქა გამოვართვი.

- მერე მოგიყვები, სადილის მერე, - ჩაიბურტყუნა და თვალები დახუჭა.

***

ნახევარ საათში ვისადილეთ. ბევრი არ გვილაპარაკია, ის ჯერ კიდევ სუსტად გრძნობდა თავს. კიდევ ერთი ჭიქა დავალევინე. როცა ჭამას მოვრჩით, ქირურგი ისევ წამოწვა და დაიძინა. მე მაგიდა ავალაგე. საღამომდე ეძინა. ბოსტანში გავედი, ცოტა სათოხნი მქონდა, თან მწვანილი უნდა დამეთესა. როცა დავბრუნდი, ტელევიზორს მისჯდომოდა და ახალ ამბებს უყურებდა.

- მოხვედი? - ღიმილით მომიბრუნდა, - თუ წინააღმდეგი არ იქნები, ამაღამ ერთად დავწვეთ და ყველაფერს მოგიყვები.

ამის გაგონებაზე გული ამითრთოლდა, უსიტყვოდ დავუქნიე თავი. მერე ვივახშმეთ. გვიან კი, როცა მან ტელევიზორის ყურებით გული იჯერა, წავიდა და დაწვა, მე კი აბაზანაში შევედი, რათა მებანავა. რისთვის? ნუთუ ამ ღამისგან რამეს მოველოდი? არ ვიცი… ყოველი შემთხვევისთვის, მინდოდა ნებისმიერ სიტუაციას მომზადებული შევხვედროდი.

***

მან მითხრა, ერთად დავწვეთო. გამოდის, ჩემგან ქალის შექმნას ამ ღამიდან იწყებს.

ქალის შექმნას…

საინტერესოა, რა გამოუვა, როგორ ჩაივლის მისი ექსპერიმენტი.

აბაზანიდან გამოსულმა თმა გავიშრე, პენუარი ჩავიცვი და ქირურგს ფრთხილად მივუწექი. სულაც არ ვიყავი დაძაბული, თითქოს ეს პირველი ღამე არ იყო ჩვენთვის. სიმართლე გითხრათ, არც არაფერს მოველოდი მისგან. ის ხომ იმპოტენტი იყო, ყოველ შემთხვევაში, თავად ასე თქვა.

- იქნებ არ არის საჭირო ოპერაციების გაკეთება? - დავიწყე ლაპარაკი, - იქნებ ყველაფერი ისე დავტოვოთ, როგორც არის? გავა დრო და შემეჩვევი, სულაც ვერ შეამჩნევ ჩემს დაგრეხილ ფეხებსა და დაჯღანულ სახეს.

- ჩახოხბილი კი ისევ ისეთი გემრიელი დარჩება?

- იმაზე მეტად, ვიდრე ახლაა.

- არა, ასე არაფერი გამოვა. ჩვენ უკვე მოვილაპარაკეთ. თუ უკან დავიხევთ, ვერაფერს მივაღწევთ. აბა, წარმოიდგინე, კოლუმბს რომ შუა გზაზე მიეტოვებინა თავისი მოგზაურობა, ხომ ვერ აღმოაჩენდა ამერიკას? ან დავით აღმაშენებელს რომ არ ებრძოლა საქართველოს გაერთიანებისთვის, რანი ვიქნებოდით დღეს? არა, არ შემიძლია გიყურო, როგორც დაუმთავრებელ წიგნს. მერე კიდევ ეს კბილები… მართალი გითხრა, მეშინია, მათ რომ ვუყურებ.

- არ მითხრა, რომ ეს შენ გჭირდება.

- ჰო, მჭირდება. რა, ეჭვი გეპარება?

- რატომ ან რაში გჭირდება? - სუნთქვა შემიგუბდა პასუხის მოლოდინში.

ქირურგმა ხანგრძლივი პაუზა გააკეთა, მერე ღრმად ამოიხვნეშა და მოყოლა დაიწყო.

- ის მე პალატაში გავიცანი. დავუახლოვდით ერთმანეთს. მერე მოვიდა და მითხრა, ვატო, მომისმინე…

- ესე იგი, ვატო გქვია? ვახტანგი?

- ამას რა მნიშვნელობა აქვს?

- როცა სადილად გეძახი, რაღაც სახელით ხომ უნდა მოგმართო? - მისკენ გადავტრიალდი და შევხედე.

- რაც გინდა, ის დამიძახე, ჩემთვის სულერთია, - ხელის ჩაქნევით თქვა, ჭერს მიაშტერდა და განაგრძო.

- იცი, რა? მხოლოდ ერთი რამ მინდა გთხოვო. ჩვენს ურთიერთობაში ტყუილი და უნდობლობა ნუ იქნება, შევთანხმდით?

უსიტყვოდ დავუქნიე თავი.

- ძალიან ცუდია, როცა გიყვარს, ამ დროს კი მოდიან შენთან და გეუბნებიან: «მაპატიე, ძვირფასო, მაგრამ რა ვქნა, სხვა შემიყვარდა და მასთან მინდა დაწოლა». ეს ცუდია. უფრო უარესია, როცა გეფერებიან, გკოცნიან, ყურში სასიყვარულო სიტყვებს ჩაგჩურჩულებენ, რამდენიმე წუთში კი მალულად სხვასთან პაემანზე გარბიან. გესმის, რასაც ვგულისხმობ? მინდა, რომ ჩვენ შორის ღალატი არ იყოს.

- ასეც ვიცოდი… დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფერი წესრიგში გქონდა, იმპოტენტობა უბრალოდ მოიგონე და ეგ იყო.

- არა, რატომ, სულაც არ მომიგონია, მე მართლა იმპოტენტი ვარ, სულიერად იმპოტენტი. იცი? შეიძლება რომანტიკოსი არა ვარ, მაგრამ არასდროს შემეძლო უბრალოდ, არაფრის გამო დავწოლილიყავი ქალთან. სხვებს შეუძლიათ, მე კი არა. არ შემიძლია სექსი მქონდეს მასთან, ვინც არ მიყვარს. არ ვგავ…

- ოპერაციის შემდეგ შემიყვარებ? - გავაწყვეტინე.

- ალბათ, კი.

- როგორც მხატვარი თავის ლამაზ შედევრს?

- ჰო… მე შენ უკვე მიყვარხარ… ისეთი, როგორიც მომავალში იქნები, მე შენ უკვე ისეთს გხედავ. შენ ულამაზესი იქნები, ულამაზესი და სრულყოფილი.

- მაგრამ… ჩემ შემდეგ თუ კიდევ ერთს შექმნი ჩემნაირს, მერე იმას შეიყვარებ?

- არარსებულს ასე ვერ წარმოვიდგენ, ამიტომ ნუ მეკითხები.

- კარგი, გააგრძელე მოყოლა, მაინტერესებს.

მან გამიღიმა და ხელი მომხვია.

- მინდა გაიგო, რომ სიუშნოვე სულიერი ავადმყოფობა არ არის, როგორც ბევრს მიაჩნია. გარეგნულიც და შინაგანი სიუშნოვეც, უპირველესად, ადამიანის პოტენციალის გამოხატულებაა. ეს ის არის, რაც აიძულებს ადამიანს, გაინძრეს, მიდგეს, მოდგეს, თავი შეიწუხოს, რათა იბრძოლოს იმისთვის, უკეთესი გახდეს. ბევრი მახინჯი ადამიანი ამჯობინებს ჩრდილში ყოფნას, მაგრამ ზოგიერთი მიზანს ისახავს და ისეთ სიმაღლეებს აღწევს, ბევრისთვის რომ წარმოუდგენელია.

- ამას შენ მამაკაცების შესახებ ამბობ. ვიცი ასეთები, მაგალითად, კოჭლი ტალეირანი, დაბალი ნაპოლეონი, ცალთვალა კუტუზოვი, ჯმუხი სტალინი, ბრმა რეი ჩარლზი… ულამაზო ქალები კი მარტოსულნი და უბედურნი არიან… მათ სულში აფურთხებენ.

- მოდი, არ გვინდა ამაზე ლაპარაკი. მე მაინც მგონია, რომ ბუნებამ იცის, რასაც ქმნის. ყველა რომ ლამაზი გაჩნდეს, ცხოვრება აზრს დაკარგავდა, სამყარო გაქრებოდა ან შავ-თეთრი გახდებოდა.

- არ ხარ მართალი. ლამაზი ადამიანები სხვადასხვანაირად არიან ლამაზები. აბა, გაიხსენე ჰოლივუდის მსახიობები? ყველა განსხვავებულია.

- ეჰ… შენ საკუთარ თავს უშნოდ იმიტომ მიიჩნევ, რომ ჩაიკეტე შენს ნაჭუჭში, ამ აგარაკზე, იმ სულელურ სამსახურში. რომ იცოდე, როგორი ლამაზი ვიყავი ერთ დროს, როგორი სიცოცხლით სავსე და ბედნიერი, გაგიკვირდება, მაგრამ იზა გავიცანი თუ არა, ყველაფერი შეიცვალა.

- ერთ დროს მეც მიგრძნია ბედნიერება… ხანდახან ახლაც ვგრძნობ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ალუბლები აყვავდება.

- დაივიწყე წარსული. შენ გალამაზდები. მოდი, ახლავე დავიწყოთ ეს. მაშ, ვინ გინდა გახდე?

- არ ვიცი. ახლა იმ ასაკში ვარ, ძნელია, პროფესიის შეცვლაზე ვიფიქრო, დაგვიანებულია უკვე. თუმცა… სიამოვნებით გავხდებოდი ტელეწამყვანი ან… ან… კინორეჟისორი, ვიმოგზაურებდი და დოკუმენტურ ფილმებს გადავიღებდი ბუნების საოცრებებზე. ავსტრალია და აფრიკა მომწონს განსაკუთრებით, აბორიგენები, ჯუნგლები, სპილოები, მაიმუნები…

- სხვათა შორის, აფრიკაში სამოგზაუროდ კი გეყოფა შენი ბინის ფული. მართლა, რამდენს გაძლევენ ბინაში?

- სამოცი ათასს ალბათ.

- აი, ხომ ხედავ. მაგ ფულით ოპერაციის გაკეთებასაც შეძლებ და კინოგადაღებისთვის ყველანაირი აპარატურის შეძენასაც. დადექი მერე და გადაიღე და გადაიღე, შენი ნება არ არის?

- კარგი, არ გვინდა. შენი ამბავი გააგრძელე.

- მოსაყოლი ბევრი არაფერია. ის მახინჯი იყო, მაგრამ მდიდარი საყვარელი ჰყავდა, რომელმაც «ფერარი» უყიდა და იმით დაჰქროდა აღმა-დაღმა. ერთხელაც ბოძს შეეჯახა და დაიმტვრა, ყველა ძვალი დალეწილი ჰქონდა. მისგან ახალი ქალი «გამოვჭედე», უფრო მაგარი. მერე მთხოვა, პლასტიკური ოპერაცია გამეკეთებინა მისთვის. თავის ოლიგარქს დასცინცლა ფულები და საქმეს შევუდექით. სამ თვეში იმისთანა ქალი დადგა… ათი წლით გავაახალგაზრდავე და არა მხოლოდ ქირურგიულად, ფიზიოლოგიურადაც. გავუსწორე ცხვირიც, მკერდიც, სახის კანიც… მართალია, რისკზე მივდიოდი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ მიღირდა. არც შევმცდარვარ. სახვევები რომ მოვხსენი და შევხედე, სისხლის დუღილი ვიგრძენი, ეგრევე შემიყვარდა. მას შემდეგ ვერ გავიხარე. მან კი… მან ისე შემომხედა… იცი, როგორ მიყურებდა? როგორც დიზაინერს, რომელმაც სახლის ინტერიერი გაულამაზა და შექების ღირსია, რომელსაც ჯილდო ეკუთვნის შენგან კარგად შესრულებული სამუშაოსთვის. თუმცა მერე დროებით ყველაფერი დალაგდა, ჩვენ ვხვდებოდით ერთმანეთს, ვეწყობოდით. ცოლად მინდოდა შემერთო. შევცდი… თავისი ოლიგარქი ამჯობინა ჩემს თავს, მისი ფულები უფრო უყვარდა, ვიდრე მე. როგორც მივხვდი, ჩემთან მხოლოდ მადლიერების გამო იწვა, მეტი არაფერი. მერე დავშორდი, მაგრამ მეგობრული ურთიერთობა არ გამიწყვეტია. მერე ტელევიზიაში მოეწყო, გასართობი გადაცემების მთავარი პროდიუსერი გახდა. თანდათან, ასე ვთქვათ, სამყარო დაიპყრო, ყველას ყურადღება მისკენ იყო მიმართული, ფეხქვეშ ეგებოდნენ მამაკაცები. მერე ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც ხდება ხოლმე. იმ თავის ოლიგარქს მოუყვა ჩემს ოქროს ხელებზე, ჩემს ოსტატობაზე და იმასაც გიჟური იდეა გაუჩნდა - დაეარსებინა პლასტიკური ქირურგიის კლინიკა, მაგრამ არა ჩვეულებრივი, არამედ საოცრების მომხდენი. იზამ მას ჩემთან შეხვედრა მოუწყო. ჩვენ ვილაპარაკეთ. პატივცემული გოგი შემპირდა, წელიწადში ნახევარ მილიონ დოლარს გადაგიხდი, თუ ამ საქმის მოგვარებაში დამეხმარებიო.

ყველანაირად ვეცადე, ამეხსნა მისთვის, რომ სილამაზე - ეს შთაგონებაა, ამის გარეშე შეუძლებელია ცხოვრება. რაც უნდა ჩაერიო ხელოვნურად, თუ ადამიანში ლამაზი ხასიათიც არ დევს, მშვენიერი ვერ გახდება. არ შეიძლება შენი საქმე კონვეიერად აქციო და «პაჩკა-პაჩკა» აწყო ლამაზი ადამიანები, ეს სიგიჟეა-მეთქი. ის ჩემგან შეუძლებელს ითხოვდა. სულაც არ მინდოდა, მისი მონა გავმხდარიყავი და ჩემს ხარჯზე მილიონები ეკეთებინა. მე თავისუფალი ადამიანი ვარ, კარგი ქირურგი. რაც შეეხება იმას, რასაც ჩემი სურვილით ვაკეთებ, ანუ შენსა და იზას შემთხვევას ვგულისხმობ, ეს მხოლოდ ჩემი საქმეა, ჩემს სურვილზეა დამოკიდებული, ვის შეცვლას და გარდაქმნას მოვინდომებ. მერე რაო, გაკვირვებით მომიბრუნდა. ადამიანები მილიარდებს იხდიან იმისთვის, რომ კოსმოსში გაფრინდნენ, ამაშიც სიხარულით გადაიხდიან ფულსო.

- უნდა დათანხმებულიყავი, წელიწადში ორი ოპერაცია გაგეკეთებინა და თავი ქუდში გექნებოდა.

- ალბათ, მაგრამ არ ვქენი და არც ვნანობ, ფული ხომ არ არის ყველაფერი. ვიცოდი, რომ სიმდიდრე ყველაზე ღირებულს წამართმევდა - ადამიანურ ღირსებას. ეს არ მინდოდა სწორედ. გარდა ამისა, ბუნების კანონია, ჩვენ რომ სხვადასხვანაირები ვართ, მისი შეცვლის უფლება არავის აქვს. ამქვეყნად უნდა არსებობდნენ მახინჯებიც და ლამაზებიც, ჯანმრთელებიც და ავადმყოფებიც, სულელებიც და ჭკვიანებიც, სხვანაირად სამყარო დაიღუპება.

- მერე რა მოხდა?

- არაფერი, კარგიო, მითხრა, ხელი ჩამომართვა და წავიდა. სწორედ აქედან დაიწყო ყველა უბედურება. ერთი კვირის მერე პაციენტი მომიკვდა, რომელიც ისედაც გადადებული იყო. მისმა ნათესავებმა ისე მცემეს, სამი დღე ლოგინიდან ვერ ავდექი. მერე გავიგე, თურმე ვიღაც «დიდი კაცის» დავალებით ჩაუდენიათ ეს. მერე მთავარმა ექიმმა დამიბარა, მითხრა, უმჯობესი იქნება, თუ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვებ სამსახურსო. რა გზა მქონდა, გავეთავისუფლე. როცა საავადმყოფოდან გამოვედი, ჭიშკართან თეთრი «მერსედესი» მელოდა გოგის «თამადობით». იმწუთას გადმოხტა მანქანიდან ყურებამდე გაცინებული, მაგრამ არ დაველაპარაკე, გვერდი ვუქციე და ჩემს გზას გავუდექი.

- შემთხვევით, ის ხომ არ დაგვდევს ორივეს?

- არ ვიცი, არ არის გამორიცხული.

- იცი და არ მეუბნები. კარგი, როგორც გინდა. ჩვენ როდის დავიწყოთ?

- ჯერ ფული დამანახვე. ისე გაგალამაზებ, იზასაც კი შეშურდება შენი, აი ნახავ.

- ჰმ, რატომ გინდა თურმე ჩემი გადაკეთება. იზას გამო. ის შენ ძველებურად გიყვარს და გინდა შური იძიო.

- არა, არ მიყვარს. ეს სიტყვა მე არანაირად არ მიკავშირდება, შორს არის ჩემგან. უბრალოდ, მე ადამიანი ვარ და ჩემი წარსული მაქვს, თუმცა ცოტათი შურისმაძიებელი ალბათ ვარ კიდეც. შეიძლება რაღაცით ეს ყველაფერი იზას უკავშირდება, მაგრამ ამ შემთხვევაში ის მხოლოდ მიჯნაა, შენ მისი არსებობა ნუ შეგაწუხებს. პირიქით, უნდა გაგახაროს ამ მიჯნამ. ის შენს მომავალ სილამაზეს მეტ ეშხსა და შეუდარებელ შტრიხებს შემატებს.

გავჩუმდი. ამ დროს ვატო წამოდგა და ბოთლში დარჩენილი ღვინის დასალევად გავიდა.

რამდენიმე წუთის შემდეგ დაბრუნდა და ისევ დაწვა.

- მე შენთან მინდა, თუ… - ამოვღერღე.

გაოცებულმა შემომხედა.

- თუ რა?

გაგრძელება იქნება