ქალი ალუბლისფერი ბაღიდან - თავი 8 - Marao

ქალი ალუბლისფერი ბაღიდან - თავი 8

2022-05-10 10:01:20+04:00


წინა თავი

- საღამოს მეორე სეანსიც უნდა ჩამიტარო.

- დღეს მეტი არ არის საჭირო, არც აქვს აზრი.

- სად მიგეჩქარება ასე ძალიან? შენი ქირურგი არსად გაიქცევა, დაგელოდება. მე კი შენი დახმარება ძალიან მჭირდება.

- სხვა დროს ისევ მოვალ.

- დარჩი, მე ასე მინდა.

- ვერ დავ…

- არსად არ წახვალ, სანამ მე არ ვიტყვი! - ხმას აუწია განგსტერმა, - უარის შემთხვევაში ჩემს საქციელზე პასუხს არ ვაგებ.

რა უნდა მექნა, ხმა გავიკმინდე. ვიცოდი, მუქარას შეასრულებდა. მართლაც საღამომდე ვიყურყუტე რესტორანში. მიუხედავად იმისა, რომ არაფერი დაუკლიათ, მაჭამეს, მასვეს, ფულიც მომცეს, სამასი დოლარი, საჩუქრებითაც ამავსეს, მაგრამ ფიქრებით იქ ვიყავი, ვატოსთან. მეშინოდა, არ გაბრაზებულიყო და არ მივეტოვებინე. საღამოს ჯინოს ისევ ჩავუტარე პროცედურები და როგორც იქნა, მეღირსა შინ წამოსვლა. ვიღაც სხვამ წამიყვანა სახლში. ახალი მძღოლი გზაში გამეცნო.

- მე ჯინოს შეფ-მზარეული ვარ, მიშა მქვია.

- სასიამოვნოა.

- ის თქვენ რატომღაც განსაკუთრებულ პატივს გცემთ. იცით, რომ თავში სიმსივნე აქვს?

- რას ამბობთ… არ ვიცოდი.

- ამიტომაც სჭირდება მასაჟი. რა არ ქნა, როგორ არ იმკურნალა, მაგრამ არაფერი შველის. ერთადერთი თქვენი მასაჟი უხსნის ტკივილს.

- გასაგებია.

- სახლთან მიგიყვანოთ თუ ერთი კილომეტრით აქეთ ჩამოხვალთ, რომ თქვენი მისამართი არ გავიგო? - ღიმილით შემომხედა მიშამ სარკიდან.

გამეცინა.

- მიმიყვანეთ, აზრი არა აქვს, მათ უკვე იციან ჩემი მისამართი.

მანქანიდან გადმოვედი თუ არა, გულისფანცქალით ფანჯრებს გავხედე და შვებით ამოვისუნთქე. სახლში შუქი ენთო.

***

ოთახში შესულს სრულიად მოსალოდნელი სიტუაცია დამხვდა. ქალი სახლიდან გავიდა, კაცმა არ იცის, სად, მამაკაცმა კი სიმწრისგან დათრობა გადაწყვიტა. ვატო დივანზე მიწოლილიყო გალეშილი მთვრალი. ჰაერში სასმლის სუნი ტრიალებდა. იქვე, მაგიდაზე, ღვინის ორი ცარიელი ბოთლი იდგა. ეს ის ღვინო იყო, ჯინომ რომ გვიფეშქაშა ამას წინათ. ვერაფერს გავაწყობდი. მივიღე ის, რაც დავიმსახურე. სხვა გზა არ მრჩებოდა, ტანთ გამოვიცვალე, ხელები დავიკაპიწე და საქმეს შევუდექი. ჯერ მთელი სახლი დავალაგე, მერე დავრეცხე, სადილი მოვამზადე, ვიბანავე და როდის-როდის, დასაძინებლად დავწექი. რული არ გამეკარა თვალზე. გარდა ამისა, ქირურგი ხვრინავდა. არა, კი არ ხვრინავდა, ხროტინებდა. რას მეტყვის, როცა გაიღვიძებს? რომ არ მაპატიოს და მიმატოვოს? დამიჯერებს, რისთვისაც ვიყავი წასული? არა მგონია. ვნახოთ, მალე გათენდება და…

***

მშვენიერი დილა იყო, მზე აცხუნებდა, ცაზე აქა-იქ ცისფერი ღრუბლის ნაგლეჯები შეიმჩნეოდა. ვატოს დივანზე ეძინა, მე - საწოლზე. გაიღვიძა თუ არა, დამიძახა, კომპოტი დამალევინეო. დავუსხი და მივუტანე. დალია და გამჭოლი მზერით ამომხედა.

- აბა, მოყევი, - თქვა, თან თვალს არ მაშორებდა.

- რა მოვყვე?

- სად იყავი, ვისთან იყავი…

- სვირინგამ წამიყვანა. დილით თავზე დამადგა და მითხრა, თუ ჯინოსთან არ გავყვებოდი, შენ მოგკლავდნენ.

- რაღაც ყველა შენ გეწებება. მე გეწებები, ჯინო გეწებება… რაღაცაშია საქმე.

- ჰო, ალბათ.

- მერე? რას აკეთებდი იქ? მოყევი, მოყევი, ნუ გეზარება. მაინტერესებს.

- მას თავში სიმსივნე აქვს, თავის ტკივილები აწუხებს. ერთადერთი, რაც შველის, ჩემი მასაჟია. მეც დავამასაჟე და წამოვედი.

- მთელი დღე ამასაჟებდი?

- მთელი დღე არა, დილით და საღამოს, ორი პროცედურა ჩავუტარე.

- მოარჩინე?

- რა ვიცი, რამდენ ხანს ეყოფა, არავინ იცის.

- და ასე უნდა იარო წინ და უკან? მე კი აქ გიცადო, როდის მოხვალ?

- რა ვქნა, ასე გამოვიდა.

- შენ მასთან იწექი?

- არა.

- სიმართლე მითხარი.

- სიმართლეს გეუბნები.

- რა მარაზმია! ჩათვალე, რომ შენ მე მომკალი. მე ცოცხლებში აღარ ვწერივარ. სახლიდან წახვედი და არაფერი დაიბარე. რა უნდა მეფიქრა? ჰა, როგორ გრძნობ თავს, კარგი ყოფილა კაცის მოკვლა? ადვილია? - ამრეზით შემომხედა.

- შენ უკეთ გეცოდინება. შენც ხომ მოგიკლავს ადამიანი შენი სკალპელით, - ვთქვი და იმწუთასვე ვინანე.

კაცს საკუთარი შვილი საოპერაციო მაგიდაზე შემოაკვდა, მე კი, იმისთვის, რომ თავი გამემართლებინა, წამოვაძახე. მოულოდნელად წამოხტა და მთელი ხმით იყვირა:

- ნუ მიყურებ ასე! იზამ ის რომ მომიყვანა, უკვე მკვდარი იყო, მკვდარი! მე ის მხოლოდ გავალამაზე, რომ ლამაზი მიცვალებული ყოფილიყო, გასაგებია?

ქირურგს თვალები ცრემლით აევსო. სინდისის ქენჯნა ვიგრძენი.

- გადავწყვიტე, შევწყვიტო შენი ოპერაციები, - ცივად თქვა.

- არ გაქვს უფლება, - შიში დამეუფლა.

- რატომ? არ გინდა, რომ ძველებური იერი დაგიბრუნო?

- არა, არ მინდა.

- არ გეშინია?

- რისი?

- იმის, რომ მე… - აღარ გააგრძელა.

- დამასახიჩრებ?

- ჰო.

- არა, ამის არ მეშინია.

- რატომ?

- იმიტომ, რომ შენ ამას არ იზამ.

- დარწმუნებული ხარ?

- ჰო. ერთადერთი, რაც შეგიძლია, ის არის, რომ შექმნა ჩემგან დემონური სილამაზის ქალი, მაგრამ შენ არც ამას გააკეთებ.

- ვითომ რატომ?

- ასეთ შემთხვევაში მე შეიძლება მიგატოვო. შენ კი ეს არ გინდა. მართალი არა ვარ?

- შენ შეცდომა დაუშვი, თანაც ორი. ჯერ ერთი, არ უნდა წასულიყავი უკითხავად და მეორეც, შენ მე შემახსენე ის ადამიანები, რომლებიც ხელში ჩამაკვდნენ. ახლა მე ცუდ ხასიათზე ვარ. ასეთ განწყობაზე არ შემიძლია მუშაობა. მე ადამიანი ვარ და არა მანქანა. ჰო, მართლა, ისე, ცნობისთვის. შენი ფული სულ დავხარჯე, ერთი თეთრიც არ დარჩა. იმან არაფერი გაჩუქა?

- კი, მაგრამ არც ისე ბევრი.

- აბა, რით ვიარსებოთ?

- არ ვიცი.

- მოიფიქრე. თუ გინდა, მათხოვრობა დაიწყე, თუ გინდა, მოიპარე ან ცირკთან დადექი, კარგ ფულს გადაგიხდიან.

- გაგიჟდი?

- არა, სულაც არა. ასეთ იშვიათ ექსპონატს ეგრევე «მოგხსნიან». საინტერესოდ მოეჩვენებათ შენთან სექსი.

- ბოროტი ხარ.

- კიდევ მე ვარ ბოროტი? საკუთარ გულში ჩაიხედე.

- აღარ მინდა შენთან ლაპარაკი, - ხელი ჩავიქნიე და ბაღში გავედი სამუშაოდ. რამდენი ხანია ჩემი მცენარეებისთვის არ მიმიხედავს. თან მშვიდად ვიყავი. ვატომ რომ არ იცოდა ისე, ორი ათას ლარამდე მქონდა გადანახული, მაგრამ ამის თქმას არ ვაპირებდი.

***

შუდღემდე ვიმუშავე, ნარგავები გავთოხნე. ის იყო, მუშაობას მოვრჩი და უკან უნდა მოვბრუნებულიყავი, რომ სროლის ხმა გაისმა. წინა ეზოდან პოლიციის თანამშრომელი, გადამდგარი პოლკოვნიკი დიმიტრი ისროდა. მოულოდნელად მუცელში წვა ვიგრძენი, მერე - რაღაც უცნაური სითბო. დავიხედე, სისხლი თქრიალით მდიოდა.

- ვატო, - განწირული ხმით ვიყვირე და ჩავიკეცე…

როცა თვალი გავახილე, ქირურგი და დიმიტრი ზემოდან დამცქეროდნენ. გარემო მეუცხოვა. თავი წამოვწიე, პალატაში ვიწექი. როგორც ჩანს, საავადმყოფოში გამაქანეს.

- რა ხდება? - ჩურჩულით ვთქვი.

- ისეთი არაფერი, ბატონმა დიმიტრიმ შემთხვევით გაისროლა და ტყვია მუცელში მოგხვდა, მაგრამ საშიში არაფერია.

- ამოიღეთ?

- მე ამოვიღე, მე გაგიკეთე ოპერაცია. ასე რომ, დამშვიდდი, ყველაფერმა ჩაიარა.

- ძაღლებმა ისეთი ყეფა ატეხეს, ნერვები მომეშალა და ორი ტყვია გავისროლე მათ შესაშინებლად. რას ვიფიქრებდი, თუ… ათასი ბოდიში, გოგონი, არც კი გიცნობთ წესიერად და აი, რა დამემართა, - გადამდგარი პოლკოვნიკი ოფლს იწმენდდა შუბლიდან.

- სამაგიეროდ, ბატონმა დიმიტრიმ სისხლი გაიღო. ასე რომ, შენში ახლა «პოლკოვნიკური» სისხლიც დუღს. კრიმინალების დაჭერის ხასიათზე ხომ არ დადექი?

გამეღიმა, ტუჩები გამშრობოდა.

- წყალი შეიძლება? - ვატოს შევხედე.

- არა, არ შეიძლება. სველ ბამბას მოგისვამ, ცოტა ხანს ამით უნდა დაკმაყოფილდე.

- აქ როგორ მოვხვდი? - ვიკითხე, წყლიანი ბამბა რომ გავლოკე.

- პოლკოვნიკის მანქანით მოგიყვანეთ.

- ძალიან დიდი ბოდიში, ელენე, შვილო, მაპატიე. აგერ, ახლა ხუთას ლარს დაგიტოვებთ. თუ მეტი იქნება საჭირო, შემაწუხეთ, პრობლემა არ არის, - მორიდებით თქვა დიმიტრიმ.

ის იყო, პირი გავაღე უარის სათქმელად, რომ ქირურგმა ფული გამოართვა და ჯიბეში ჩაიდო. რა უნდა მექნა, გავჩუმდი. მით უმეტეს, გამახსენდა, რომ ვატომ არაფერი იცოდა იმ ფულზე, რომელიც სახლში მქონდა გადანახული.

- შვილები მეყოლება? - ამწუთას სხვა სადარდებელი არ მქონდა.

- გეყოლება, თუკი ძალიან მოინდომებ, - ვატომ გამიღიმა და ხელზე ხელი მომიჭირა.

- გავალ, რამე საჭმელს მოვიტან, მშივრები ხომ არ იქნებით, - დიმიტრი ფეხზე წამოდგა.

- ამას არაფერი ეჭმევა, მე კი არ მშია, გმადლობთ, - თქვა ვატომ.

- აქ რამდენ ხანს უნდა ვიყო?

- მინიმუმ ხუთი დღე, მერე გაგწერენ.

- ხუთი დღე აქ რა გამაჩერებს? - შევშფოთდი, - წამიყვანე სახლში, აქ არ მინდა.

- უნდა დარჩე. სახლში მე რა გიყო? სისხლის დენა რომ დაგეწყოს ან რამე გაგირთულდეს, მერე რა ვქნა? არც ისე ახლოს ვართ თბილისთან, ნუ ნერვიულობ, სამი დღე არაფერია, მოითმინე, - ქირურგმა დამიყვავა.

- შენ არ უნდა დარჩე?

- არ გამაჩერებენ. მე ბატონ დიმიტრის გავყვები და ხვალ დილით ისევ მოვალ. ხომ არ მოიწყენ?

- ვეცდები, - ძლივს შესამჩნევად გავიღიმე, მაგრამ გულში ტირილი მინდოდა.

- მაშინ ჩვენ წავედით, აბა, შენ იცი. ექიმი კარგი კაცია, არ მოგაწყენს.

- არ დალიო, კარგი? - მორიდებით ვთხოვე ვატოს.

თანხმობის ნიშნად თავი მორჩილად დამიქნია.

ქირურგი და პოლკოვნიკი წავიდნენ. მარტო დავრჩი. სასოწარკვეთილი ვიყავი. მაგ დალოცვილს რაღა დღეს მოუნდა გასროლა, არასდროს გამიგია მისი პისტოლეტის ხმა. არც ვიცოდი, აგარაკზე თუ იმყოფებოდა. თუმცა ურთიერთობაც არ მქონია მათ ოჯახთან. ისეთი ავი ცოლი ჰყავს, გახსენებაც არ მინდა. როგორც ჩანს, მარტო იყო ამოსული, თორემ ცოლი გასროლას არ დაანებებდა, ვერც გაბედავდა.

ცოტა ხნის შემდეგ პალატის კარი გაიღო და ვიღაც მაღალი, სიმპათიური მამაკაცი შემოვიდა.

- აბა, როგორ არის ჩვენი პაციენტი? - ნაძალადევი ღიმილით მომიახლოვდა ექიმი. ალბათ, ჩემი გაორებული სახე თუ აშინებდა.

- მგონი, არა მიშავს.

- ძალიან კარგი. მე გურამი მქვია, მთავარი ექიმი ვარ. თქვენი ბედი, რომ საავადმყოფოში ვიყავი დღეს, თორემ ვინ იცის, ვის ხელში ჩავარდებოდით, - ექიმმა თერმომეტრი დაფერთხა და მომაწოდა, - აბა, გავიზომოთ ტემპერატურა.

- სიცხე არა მაქვს, - ვთქვი.

- მაინც გავიზომოთ, ჩვენი რა მიდის? დაზღვეული ვიყოთ, არ ჯობია?

მორჩილად გამოვართვი.

- კარგი სპეციალისტი ყოფილა თქვენი მეგობარი. ისე ოსტატურად გაუკეთებია პლასტიკური, ვერც მივხვდი თავიდან, სახის რომელი მხარე იყო ნამდვილი. როცა დაამთავრებს, ნამდვილი მზეთუნახავი იქნებით. თუმცა, მე თუ მკითხავთ, არც არაფერი გჭირდათ საოპერაციო, მშვენიერი სახე და ტან-ფეხი გაქვთ ისედაც.

ერთი ამას უყურე, რა კომპლიმენტები სცოდნია, მეპრანჭება თუ რაშია საქმე? გამომცდელად მივაჩერდი გურამს. არა უშავს, მშვენიერი კაცია, წუნს ნამდვილად ვერ დაუდებ.

***

მესამე დღეს ძაფები ამომიღეს, ორი დღე კიდევ მაკვირდებოდნენ, ხოლო ზუსტად მეხუთე დღეს გამწერეს. მთავარი ექიმი ნაღვლიანი მზერით დამემშვიდობა. ის დღეები ხომ არ მომცილებია გვერდიდან და რომ მოვდიოდი, ლამის იყო, თან გამომყვა. ბოლოს გაბედა და მორიდებით მთხოვა ტელეფონის ნომერი, ხანდახან დაგირეკავ და შენი ჯანმრთელობის ამბავს ვიკითხავო.

უარი ვერ ვუთხარი.

- შეხორცება იმაზე სწრაფად მოხდა, ვიდრე ველოდი. როგორც ჩანს, კაჟივით ჯანმრთელი ორგანიზმი გაქვთ, მაგრამ ხუთი თვის შემდეგ მაინც უნდა მოხვიდეთ შესამოწმებლად, - მითხრა ბოლოს.

- ხუთ თვეში რა შეიძლება მოხდეს? - შევშფოთდი.

- იცი, რაშია საქმე? - უკვე გამიშინაურდა გურამი და შენობით მომმართა, - ქალის ორგანოებს არ უყვართ უხეში ჩარევები, მტკივნეულად რეაგირებენ ოპერაციაზე.

- ანუ?

- ანუ ის, რომ ბოლომდე გამოვრიცხოთ შენი უშვილობა. ხომ უნდა გათხოვდე, ლამაზი შვილები გეყოლოს და ა.შ.

- თქვენ რა იცით, შვილები რომ არ მყოლია და ნამშობიარები არა ვარ? - თვალები დავიწვრილე და ისე შევხედე.

- ექიმისთვის ეს ადვილი გასაგებია, არც ერთი ნაწიბური არ გეტყობა მუცელზე, კანი სრულებით არ არის დაჭიმული. ასე რომ, ვიქონიოთ ერთმანეთთან კონტაქტი. მე უბრალო ექიმი არ ვარ. ეს კერძო კლინიკაა და ის მე მეკუთვნის. საკმაოდ მდიდარი კაცი ვარ.

- მე რატომ მეუბნები ამას, გურამ ექიმო? - ეშმაკურად გამეღიმა.

- ისე, უბრალოდ… - შეიშმუშნა ექიმი. მომეჩვენა, თითქოს გაწითლდა, - აბა, კარგად მეყოლეთ, მომავალ შეხვედრამდე.

ტაქსით წამოვედით. მთელი გზა ისე გამოვიარეთ, ქირურგს ხმა არ ამოუღია. მიხვდა ალბათ, მკურნალი ექიმი რომ მეკურკურებოდა და დაიბოღმა. არც მე ვთქვი არაფერი. იეჭვიანოს, არაფერი უჭირს. როგორც ჩანს, ჩემი დაკარგვის ეშინია.

საღამოს ალაპარაკდა. თურმე მართლა ეშინოდა ჩემი დაკარგვის, ეშინოდა, კვლავ მარტო არ დარჩენილიყო. მას შემდეგ წვეთი არ დაულევია, ერთხელაც არ მოუთხოვია სასმელი. საათობით იჯდა ჩემს სასთუმალთან და ათასგვარ ისტორიას მიყვებოდა თავისი პრაქტიკიდან.

- იცი? ძალიან მინდა ახალ წლამდე ყველაფერს მოვრჩე. მინდა ერთად შევხვდეთ პირველ იანვარს. რამდენი წელია, ამ დროს სულ მარტო ვარ. შენთან ერთად კი… გამიადვილდება… ასე მგონია, - თვალი ამარიდა ვატომ.

ცრემლები მომადგა. მოვეხვიე.

- მეც გამიადვილდება, სიხარულო. რა კარგია, რომ შეგხვდი. გპირდები, რომ ჩვენ მუდამ ერთად ვიქნებით და ჩვენი ერთობლივი პირველი ახალი წელი დაუვიწყარი იქნება ორივესთვის. პირობას გაძლევ…

***

ცხოვრება ჩვეულებრივად გაგრძელდა. მე ნელ-ნელა ისევ დავიწყე სიარული. ჭრილობა უკვე აღარ მაწუხებდა. ვატოს გარეთ გასვლა თითქმის არ უწევდა. დიმიტრი ყოველდღე სურსათ-სანოვაგით დატვირთული მოდიოდა ჩვენ სანახავად. მადლიერი იყო, რომ არ ვუჩივლე. რა სისულელეა, არც მიფიქრია.

ამასობაში აგვისტო დაიწყო. კიდევ ერთი კვირა და ქირურგი ოპერაციისთვის მზადებას შეუდგა. ცხელი ამინდები დაიჭირა. ისეთი ხვატი იდგა, სუნთქვა ჭირდა. ამიტომ ვატოს ჩემი მეორე ფეხის გაქლიბვა ღამით მოუხდა. მთელი ღამე იმუშავა. არ ვიცოდი, რა გამოუვიდა, მაგრამ თვითონ ძალიან კმაყოფილი ჩანდა. მერე მთელი დღე ეძინა. სახის პლასტიკური კიდევ უფრო გვიან დაიწყო, აგვისტოს ბოლოს. არც ეს გასჭირვებია ვატოს, მაგრამ მე შიშით ვკვდებოდი, ვაითუ, მეორე მხარე სხვანაირი გამოუვიდეს-მეთქი.

- თუ მსგავსება არ იქნება, მოგიწევს არჩევანის გაკეთება, - სიცილით მითხრა, - რომელი მხარეც უფრო მოგეწონება, იმას შეგიცვლი.

- გაგიჟდი? კიდევ ერთი პლასტიკური? სულიც გამძვრება, - წამოვიყვირე.

- კარგი, კარგი, დაწყნარდი, პირველად კი არ ვაკეთებ ასეთ რამეს, მე პროფესიონალი ვარ, არ დაგავიწყდეს, - წაიტრაბახა და საჩვენებელი თითი შემართა, - გარდა ამისა, შენთვის კი არ ვაკეთებ ამ ყველაფერს, ჩემთვის, რომ მომავალში ლამაზი ცოლი მყავდეს, - სიყვარულით გამიღიმა.

სითბო ჩამეღვარა სხეულში. მართლაც, ბოლო დროს ისე შევეჩვიეთ ერთმანეთს, მე თვითონ მიკვირდა. მას უჩემოდ ერთი წამით არ შეეძლო. სულ მეფერებოდა, თავზე დამფოფინებდა, ოჯახის საქმეებსაც არ მაკეთებინებდა, არ გადაიღალოო. მას არაფერი უნდოდა, გარდა ჩემი გვერდით ყოფნისა, გარდა ჩემი ხმის გაგონებისა.

რამდენჯერმე კლინიკის მთავარმა ექიმმაც დამირეკა, გურამმა. მომიკითხა, ჭრილობა როგორ გაქვს, პლასტიკური ოპერაციის საქმეები როგორ მიდისო, აინტერესებდა. მეც ვუყვებოდი, რაც ხდებოდა. თუმცა ამის შესახებ ვატოსთვის არც ერთხელ არ მითქვამს, კრინტი არ დამიძრავს. ახლა უკვე აღარ მინდოდა, ეეჭვიანა.

ზაფხულის ბოლოს გადამდგარი პოლკოვნიკი დაგვემშვიდობა და თბილისში გადავიდა ცოლ-შვილთან, მალე აგრილდება, ჩემი ორგანიზმი კი სიცივეს ვერ იტანსო. რევმატიზმი აწუხებდა თურმე. დავრჩით მე და ვატო ისევ მარტო.

***

სექტემბრის ბოლოს ვატომ სახვევები მომხსნა. ის დღეების განმავლობაში წელავდა ამ პროცესს, რომ ყველა უჯრედი და ნაწიბური მწყობრში ჩამდგარიყო. როცა დარწმუნდა, რომ ყველაფერი რიგზე იყო, მხოლოდ მაშინ მომაძრო ბინტი და სარკე მომიტანა.

ვუყურებდი საკუთარ თავს და საკუთარ თავს ვერ ვხედავდი. ვხედავდი მხოლოდ არაჩვეულებრივად ლამაზ ქალს წითელი ტუჩებით, ულამაზესი თვალის ჭრილით და პატარა, კოხტა ცხვირით. მისი სახე მეგობრულად მიღიმოდა, თითქოს მეუბნებოდა «მე - ეს შენ ხარ. მიმიღე და გამომიყენე, როგორც გსურს. დაივიწყე ის, რაც იყავი.» გაოგნებული ვუყურებდი ჩემს ორეულს. ნუთუ ეს ვარ? ერთადერთი, რაც დისკომფორტს მიქმნიდა, ყვრიმალებთან ვარდისფერი ნაჭრილობევი იყო, მაგრამ ვატომ მითხრა, მალე გაგიუფერულდება და არც შეგეტყობაო. მომიწევდა მათი გაშლილი თმით დაფარვა.

ძალიან კმაყოფილი ვიყავი, მაგრამ ადვილად და უცებ მაინც ვერ შევეგუე ჩემს ახალ გარეგნობას. უნდობლად ვუყურებდი ხან ვატოს, ხანაც ჩემს სახეს. ასე მეგონა, კოლბაში გამომწყვდეული ვიყავი, ჩემი ახალი სახის კოლბაში. თუმცა თანდათან მივეჩვიე. კარგად რომ ვაკვირდებოდი, თითქოს იყო ოდნავი აცდენა სახის მარჯვენა და მარცხენა მხარეს შორის, მაგრამ სრულიად შეუმჩნეველი. თუ ძალიან არ დამაკვირდებოდა ვინმე, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ პლასტიკური ოპერაცია მქონდა გაკეთებული.

ახლა ახალი საზრუნავი გამიჩნდა. პირადობის მოწმობა სხვა უნდა ამეღო. ამ სახით ძველ სახელსა და გვარზე პასპორტს არავინ გამიხსნიდა. ამასთან, ვგრძნობდი, რომ ვატოს უკვე ვუყვარდი და ვუყვარდი ისეთი, როგორიც შემქმნა. ის აღფრთოვანებული თვალს ვერ მაშორებდა ხოლმე. ხანდახან ისე მოექუფრებოდა სახე, ვხვდებოდი, რაც აწუხებდა. შიში ჰქონდა, არ მიმეტოვებინა და სხვისკენ არ გავქცეულიყავი.

მე კი ქალი ვიყავი. მე ვუმადლოდი მას, რომ ასეთი შემქმნა. მე კმაყოფილი ვიყავი მისით, მომწონდა და მიყვარდა ისეთი, როგორიც იყო. არც ახლო და არც შორეულ მომავალზე არ ვფიქრობდი. სხვათა შორის, არც ბავშვების გაჩენაზე, რომელიც ასე ძალიან მინდოდა უახლოეს წარსულში. რატომ? ამ კითხვაზე პასუხი არ მქონდა.

განა ღირდა კი, მეფიქრა ამაზე, როცა არც სამსახური მქონდა და არც რაიმე შემოსავალი?

განა ღირდა მეფიქრა იმაზე, რა იქნებოდა ერთი და თუნდაც ორი წლის შემდეგ?

განა ღირდა მეფიქრა იმაზე, რომ ვატო ჩემი ქმარი არ იყო? რატომ უნდა დამეღალა ასეთ ლამაზ დღეებში თავი ამგვარი ფიქრებით? რა თქმა უნდა, მერე და მერე შეიძლება ბევრი რამ შეცვლილიყო, არავინ იცოდა, რა იქნებოდა ხვალ და ზეგ, მაგრამ ამაზე გადართვა ახლა ნამდვილად ზედმეტად მიმაჩნდა.

გარდა ამისა, ვამჩნევდი, რომ ორმაგი ცხოვრებით ვცხოვრობდი. იქ, მომავალში სხვა ელენეს ვხედავდი, დიდების მწვერვალზე ასულს, მდიდარს და ცნობილს, ტაშის კვრით რომ აჯილდოებენ, ქუჩაში მიმავალს კი ღიმილით შეჰყურებენ და მისკენ ხელს იშვერენ - აი, ის, ელენე, ტელევიზორში რომ გამოდის! ამავდროულად, აწმყოშიც ბედნიერად ვგრძნობდი თავს, სრულიად მაკმაყოფილებდა ქირურგის ზრუნვა და სითბო. არადა… თვითონ იზრუნა იმაზე, რომ ასეთი ცხოვრებით მეცხოვრა, ორმაგი ცხოვრებით. ჯერჯერობით ბედს არ ვემდუროდი. ვუსმენდი ვატოს, მის ყველა რჩევას ვითვალისწინებდი. თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს მისი აღსაზრდელი ვიყავი, მისი მოზარდი გოგონა, რომელიც, მოვა დრო და, ცხოვრებას საკუთარი გზით გაიკვალავს.

***

დრო გადიოდა. თანდათან მითოლოგიურ აფროდიტეს ვემსგავსებოდი. არა, მგონი უფრო ლამაზიც ვიყავი, რადგან ჩემი სილამაზე ადამიანური იყო და არა ღვთიური. ვატო მიყურებდა და თვალს ვერ მაშორებდა. სამაგიეროდ, ფეხებიდან მავთულების გამოძრობას არ ჩქარობდა, თითქოს ეშინოდა, სადმე არ გავქცეულიყავი და არ მიმეტოვებინა. ერთხელაც, ავდექი და ვუთხარი, რასაც ვფიქრობდი.

- არა, ამის გამო არა. თუ წასვლა და გაქცევა გინდა, ასე დაბმულიც მშვენივრად მოახერხებ, - წარბები ისე შეჭმუხნა, შუბლზე ნაოჭები დააჩნდა, - უბრალოდ, ვერ ვბედავ, რადგან მეშინია, შენზე უფლება არ დავკარგო და თქვენი ბრწყინვალების მონა-მორჩილი არ გავხდე.

სიცილი ვერ შევიკავე, ძალიან ბავშვური მეჩვენა მისი პასუხი.

- კარგი, რადგან ასეა, ნოემბრის დასაწყისში მოგხსნი, ზუსტად 7 ნოემბერს, - თქვა ბოლოს და ეშმაკურად გამომხედა.

- შენ რა, შემთხვევით კომუნისტი ხომ არ ხარ? - ვიგუდებოდი სიცილისგან, - არ შემპირდი, ახალ წელს მოგხსნიო? - შევახსენე.

- ახალ წელს საყოველთაო აღიარებას შეგპირდი და კიდევ… სიყვარულის ახსნას, - შეფიქრიანებულმა თავისთვის ჩაილაპარაკა და მხარზე ლოყით შემეხო.

თან მესიამოვნა, თან შემეცოდა, თითქოს რაღაც ცუდის მოლოდინში იყო, თითქოს ავი წინათგრძნობა უღრღნიდა გულს.

მეც სხვა რა გზა მქონდა, ნოემბერს უნდა დავლოდებოდი, დიდი რევოლუციის სახელობის დღეს - 7 ნოემბერს, როგორც შემპირდა ქირურგი. თუმცა, რაც უფრო ახლოვდებოდა დათქმული დღე, მით უფრო სევდიანი და სიტყვაძუნწი ხდებოდა ვატო, მე კი მისი მოწყენის მიზეზს ვერ ვხვდებოდი. შიშით ვერც ვეკითხებოდი, რომ არ გამეღიზიანებინა.

ოქტომბრის ბოლოს ვიღაც ახალგაზრდა, ფოტოაპარატიანი ბიჭი მოგვადგა სახლში, ბატონმა დიმიტრიმ გამომაგზავნა თქვენთვის ახალი პასპორტის გასაკეთებლადო. გამიხარდა, რომ კეთილი მეზობელი არ გვივიწყებდა და თავისი შეცდომის გამოსწორებას ისევ და ისევ ცდილობდა. ფოტოგრაფმა ჯიბიდან ჯერ ხუთასი დოლარი ამოიღო, ეს გამოგიგზავნათო, მერე კი სუფთა ზეწარი მოითხოვა, რომ სურათის გადაღების დროს ფონად გამოეყენებინა. ახალგაზრდა ბიჭი დაბნეული მეჩვენა. მიზეზი ადვილი მისახვედრი იყო. იგი ისე გააოგნა ჩემი სახის სილამაზემ, სიტყვებს ძლივს პოულობდა სალაპარაკოდ. ალბათ გულში ფიქრობდა, ერთი ეს ქალი ხელში მომაგდებინა და მერე მე ვიციო. ვატო ადვილად ჩასწვდა ბიჭის აზრს და ერთ ადგილზე გაშეშებულს მხარზე დაჰკრა ხელი, საქმის დროაო. მე ზეწარი მოვიტანე, ვატომ კედელზე მიამაგრა. ფოტოგრაფი კარგა ხანს მიღებდა, ლამის ნახევარი საათი. ამის შემხედვარე ქირურგი გაღიზიანდა, მუშტებშეკრული იჯდა მაგიდასთან და მტრული თვალები უყურებდა «ლაწირაკ მესურათეს», სწორედ ამ სიტყვებით შეამკო სტუმარი ვატომ მისი წასვლის შემდეგ, მე კი ბევრი ვიცინე.

მეორე დილით ის ყვავილებითა და ახალი პასპორტით გვესტუმრა. თვალებანთებულს სიტყვა არ დაუძრავს, ისე მომაწოდა «ძღვენი» და დაბნეული გატრიალდა, ისიც კი დაავიწყდა, დაგვმშვიდობებოდა. ვატო მთელი დღე პირმოქუფრული დადიოდა, ადგილს ვერ პოულობდა სახლში.

- რა გჭირს? - ვეღარ მოვითმინე და საღამოს, ვახშმობის დროს ვკითხე.

- ის ბიჭი არ მომეწონა. ასე მგონია, ჩვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია. არ დაგვასმინოს პოლიციაში.

- კი მაგრამ, რა ჩავიდინეთ ასეთი?

- შენ ხომ ჯინოს იცნობ. მას დიდი ხანია, ეძებენ, ინკოგნიტოდ ცხოვრობს აქ. როგორ გგონია, მაგ ლაწირაკმა ეს არ იცის? ძალიან კარგად იცის.

- ის ხომ ფოტოგრაფია, ვატო?! საიდან უნდა იცოდეს?

- მერე რა, რომ ფოტოგრაფია, სამაგიეროდ, პოლიციის ფოტოგრაფია. მათ თავიანთი კადრები ჰყავთ. შენ რა, გგონია, პრესიდან გამოგზავნეს ვინმე შენი სურათის გადასაღებად? ჩვეულებრივი ოპერთანამშრომელია, რომელიც ყველას და ყველაფერს აკვირდება. დროზე უნდა გავემგზავროთ აქედან, თორემ მართლა შეიძლება მოგვადგნენ.

- სისულელეს ნუ ამბობ, გამორიცხულია ეგ ამბავი. თანაც, დიმიტრი ჩვენი მეზობელია, პატივს გვცემს…

- ჯინო ნუ გავიწყდება. მგონი, შენ ერთი ხარ მთელ საქართველოში, გარეშე პირებიდან მასთან რომ კონტაქტი აქვს.

- მერე მათ საიდან იციან?

- მათ ყველაფერი იციან.

- თუ იციან, რატომ არ დაიჭერენ?

- არ არის ასე ადვილი მისი დაჭერა. დაცვის მთელი არმია დაჰყვება უკან, მთელი რესტორანი ალყაშია ხოლმე, როცა ის იქ არის. ადვილად ვერ მიუდგებიან. ამისთვის კი, არ არის გამორიცხული, შენ გამოგიყენონ.

- განა რას წარმოადგენს ასეთს ჯინო?

- რას წარმოადგენს და ავაზაკია, სხვა ვინ უნდა იყოს. მთელ რუსეთს აზანზარებდა ორი წლის წინ. იმდენი ადამიანი ჰყავს მოკლული, ვერ დათვლი. ყველა კონკურენტი გზიდან ჩამოიცილა. რამდენიმე პოლიციის თანამშრომელიც გაისტუმრა საიქიოს. საშიში კაცია. ამიტომაც არ მინდოდა სიახლოვეს გაჰკარებოდი.

- მე მისთვის ცუდი არაფერი გამიკეთებია.

- სამაგიეროდ, მას შეუძლია ცუდი გაგიკეთოს.

- რა დავუშავე, რატომ?

გაგრძელება იქნება