სოფიკო ჭიაურელი უბრალოდ ქართველი მსახიობი არ ყოფილა. იგი გახდა თავისი დროის კინოს სიმბოლო. მან იცოდა, როგორ უნდა მოერგო თითოეული პერსონაჟის როლი ისე, რომ მათი გრძნობები ნათელი და გასაგები ყოფილიყო კინომოყვარულებისათვის.
მსახიობს თბილისში გვარით არავინ მოიხსენიებდა, მას მხოლოდ სოფიკოს ეძახდნენ, რადგან აბსოლუტურად ყველა იცნობდა.
მომავალი მსახიობი 1937 წლის 21 მაისს დაიბადა. დედა, ვერიკო ანჯაფარიძე, თეატრის მსახიობი იყო, ხოლო მამა, მიხეილ ჭიაურელი, ცნობილი იყო, როგორც ნიჭიერი რეჟისორი, მსახიობი, მხატვარი, მოქანდაკე და მუსიკოსი.
მშობლების პროფესიისა და ინტერესებიდან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ მათი სახლი თავშეყრის ადგილი იყო გამოჩენილი სტუმრებისათვის.
სოფიკოს მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი სწორედ ამ გარემომ და ადამიანებმა შეიტანეს. მას, როგორც დიდებულ მსახიობს, შეეძლო დაენახა შემოქმედებითი სამყაროს შინაგანი სილამაზე, რასაც ადამიანების უმეტესობა მხოლოდ გარეგნულად ამჩნევს.
სოფიკო ადრეული ასაკიდან ეზიარა ხელოვნებას - ის თეატრის კულისებში იზრდებოდა და ბავშვობიდანვე ოცნებობდა, მსახიობი გამხდარიყო. სკოლის დამთავრების შემდეგ ამ ოცნებისკენ პირველი სერიოზული ნაბიჯი გადადგა და სწავლა კინემატოგრაფიის ინსტიტუტში გააგრძელა.
სოფიკოს კინოდებიუტი ჯერ კიდევ 1956 წელს შედგა რეზო ჩხეიძის ფილმში „ჩვენი ეზო“. გასაკვირი არ არის, რომ წარმატებული დებიუტის შემდეგ სოფიკოს სხვა შემოთავაზებებიც გაუჩნდა. გარდა ისეთი ფილმებისა, როგორებიცაა "აკვარელი", "გოგონას ზღაპარი", "ენგურის ნაპირები არა", "გენერალი და გვირილები", აღსანიშნავია ფილმი "ბროწეულის ფერი", რომელშიც მან 1969 წელს ითამაშა.
1976 წელს სოფიკო საქართველოს სახალხო არტისტი გახდა, ოთხი წლის შემდეგ კი სსრკ-ის სახელმწიფო პრემია მიიღო.
თუმცა მსახიობის პოპულარობა მხოლოდ სახელმწიფო ჯილდოებით ძნელი გასაზომია. უამრავი ადამიანი აგროვებდა მის ფოტოებს, ქუჩაში ყოველთვის დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ხვდებოდნენ. ერთ-ერთ ბოლო ფილმად, რომელშიც მან მონაწილეობა მიიღო, ითვლება „გზა ტაძრისკენ“. ფილმი დოკუმენტური ხასიათისაა. სოფიკომ მაშინ საყვარელ მშობლებსა და მეუღლზე, კოტე მახარაძეზე ისაუბრა.
მსახიობი 2008 წლის 2 მარტს გარდაიცვალა. მისი წასვლა მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ბოლო რამდენიმე წელი განუკურნებელ დაავადებას ებრძოდა. მან ბოლო დღეები თბილისში, საკუთარ ბინაში გაატარა.
„ყველაფერი თავზე დამენგრა... რეზოს დავურეკე, ისიც წამსვე მოვარდა და მაშინ პირველად მოვუყევი ყველაფერი, ჩემი მძიმე ბავშვობის, განვლილი წლების, აუხდენელი ოცნებების შესახებ და აქ მოხდა ერთი გადამწყვეტი ამბავი, ჩემი ვაჟკაცი რეზო ატირდა“
"დედა მეორედ გათხოვდა, მამაც მალე დაქორწინდა... მე და ჩემი ძმა კი ღვთის ანაბარა დავრჩით"
„ქართველი ოდრის“ ფერწერა მძივებით - ნელი ბერაიას ისტორია