დირიჟორი და კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი საკუთარი ცხოვრების გზაზე ხშირად საუბრობს. საიდუმლო არავისთვის არის, რომ ნიკოლოზმა საკმაოდ რთული ცხოვრება გამოიარა, თუმცა განსაკუთრებით დიდი სიყვარულით იხსენებს ხოლმე დედას - ლამარა ისაკაძეს.
“ჩემი მშობლები ხელს რომ აწერდნენ, დედას მაგრად უტირია, არ უხაროდა გათხოვება. თავად 40 წელს იყო გადაცილებული, ხოლო მამა 60-ს უახლოვდებოდა.
სუფრა რაჭაში გაუშლიათ და მიუხედავად სენტიმენტალური განწყობისა, მაგრადაც მოულხენიათ. ბოლოს ვიღაც ამბროლაურელ ყმაწვილს ჩემს დეიდაშვილზე დაუდგამს თვალი, რაც მამაჩემს შეურაცხყოფად მიუღია და სახლიდან თოფი გამოუტანია. შესაშინებელ გასროლას აურზაური მოჰყოლია და სტუმრებიც ნელ-ნელა დაშლილან.
დედა თბილისელი იყო, მამა – რაჭის მკვიდრი. ქალაქელობა დედამ ვერ დათმო, მამამ კი – რაჭა. ამიტომ ქვეყნიერებას მე რომ მოვევლინე, თბილისში დედასთან და ბებიასთან ვიზრდებოდი ვაჟა-ფშაველას მე-4 კვარტალში, ე.წ. ხრუშჩოვკის ერთოთახიან ბინაში. ცხადია, არც პიანინო გვქონდა და რომც გვქონოდა, ვერსად დავტევდით. ზაფხულობით კი მამა რაჭაში გვმასპინძლობდა მამიდასთან ერთად. ყოველი ზაფხული დაუვიწყარი იყო, თუნდაც იმით, რომ მშობლებს ერთად ვხედავდი. ზამთარშიც მახარებდა მათი ერთობა, მამა თბილისში ჩამოდიოდა და რაჭული ლორი ჩამოჰქონდა მამიდის გამოტანებულ ლობიანებთან ერთად.
იქიდან დღემდე მართლაც ბევრი რამ მოხდა. ცუდი ის არის, რომ არც ერთი არ მყავს. მამა 1993 წელს გარდაიცვალა უცაბედი ინსულტით, მე 13 წლის ვიყავი. მანამდე დეიდა გამოგვაკლდა ასევე მოულოდნელი ინფარქტით და დედაჩემი ამ ორმა ტრაგიკულმა შემთხვევამ საწოლს მიაჯაჭვა, შვილმკვდარი ბებიის ყოველდღიური გოდება კი ჩემი ცხოვრების მთავარი ლეიტმოტივი გახდა.
13 წლის ასაკიდან დამაწვა ოჯახზე ზრუნვის პასუხისმგებლობა და რამდენიმე კაფე-ბარში მოვეწყვე საღამოობით ფორტეპიანოზე დასაკრავად. შეძლებული კლასელების მშობლებთან კი ძალიან მერიდებოდა, როცა იმ კაფე-ბარებს ან რესტორნებს სტუმრობდნენ, სადაც მე ვმუშაობდი. დღის ბოლოს აღებული მცირედი გასამრჯელოთი პურს და ნავთს ვყიდულობდი “კერასინკისთვის” და ფეხით მივეშურებოდი სახლისაკენ, სადაც მწოლიარე დედა და ბებია მელოდებოდნენ.
მერე იყო ჩემი პირველი გასტროლი გერმანიაში, მერე მეორე. ამასობაში დედამ თავს ძალა დაატანა და წამოდგა, თუმცა სამსახურს ვეღარ დაუბრუნდა. გეოლოგი იყო, უფრო სწორად, ჰიდრო-გეოლოგი, მცირე ჰესებს აპროექტებდა, 90-იან წლებში კი მსგავსი ინდუსტრია სრულებით შეწყდა და ჩვენი ოჯახი ახლობლების დახმარებით და ჩემი მუშაობით მოპოვებული სახსრებით აგრძელებდა არსებობას. არსებობა სწორი ტერმინია, თუმცა სასიხარულოც ბევრი ხდებოდა, რაც ჩემს მუსიკაში მიღწევებს დაუკავშირდა და ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე მისი ძალისხმევით და გადაყოლით ხდებოდა.
გარდა იმისა, რომ ყველა გაკვეთილზე დამყვებოდა, შუალედებში მეჯდა და მეტრონომის ნაცვლად რიტმში მასმევინებდა ტექნიკურად რთულ ადგილებს. სმენით თავად შესანიშნავად უკრავდა. როგორც ჩანს, დავემსგავსე, სიმღერით კი მჯობნიდა. ჩემს ოჯახში ორივე მხრიდან ყველანი ძალიან კარგად მღეროდნენ. ალბათ, ამიტომ შემიყვარდა ქართული სიმღერა, გემოვნებიანი, ნაღდი…
როდესაც კონსერვატორიაში ჩავაბარე და დათო საყვარელიძესთან ერთად პირველი ოპერა დავდგი, დედა სიამაყისგან დაფრინავდა. ჯანსუღ და ვანდა კახიძეებთან სიყრმიდან მეგობრობდა და მათი შეფასებით და დიდი მაესტროს ჩემდამი განწყობით სიგიჟემდე ხარობდა. თავგამოდებით ზრუნავდა, რომ ყველა ჩემი გამოსვლის ვიდეოჩანაწერი გაკეთებულიყო და თუკი უცებ ინსტრუმენტს მივუჯდებოდი, მას მუდამ გამზადებული ჰქონდა მაგნეტოფონი, რისი საშუალებითაც ცარიელ კასეტებზე ჩუმად იწერდა ჩემს იმპროვიზაციებს, მერე მასმენინებდა და კარგი ეპიზოდების სანოტო ფურცელზე გადატანას მთხოვდა. ასე შევინარჩუნე ძალიან ბევრი თემა, რაც დღემდე მადგება ხოლმე!
სკოლაში ყველას ჩემი ბებია ეგონა, ვინაიდან ჩვენ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა იყო სხვა მშობლებთან შედარებით. ამას განიცდიდა. ძალიან მწვავედ განიცდიდა. ალბათ იმასაც ფიქრობდა, რომ ნაადრევად გამომაკლდებოდა.
ვენაში რომ მივდიოდი სასწავლებლად, რკინის ქალამნები ჩაიცვა, რათა იქ ცხოვრების და ბინის დაქირავების ფული მოეპოვებინა ჩემთვის. იმდროინდელ ბიზნესმენებთან ეწერებოდა შესახვედრად, მაგრამ სამდივნოებს ვერც ერთხელ ვერ გასცდა. იმდენად შეჭირვებულად ეცვა, რომ არ კადრულობდნენ მასთან საუბარს. ერთი წარუმატებელი შეხვედრიდან გამოსული ატირდებოდა, მერე ცრემლებს შეიწმენდდა და მომდევნო ორგანიზაციისკენ მიემართებოდა ახალი იმედით.
მაშინ პირველი, ვინც მას დახმარების ხელი გაუწოდა, იმდროინდელი პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია იყო. ასე მიშოვა პირველადი წყარო ავსტრიაში დაფუძნებისთვის. ერთმანეთს წერილებს ვწერდით. გამიმართლა, რომ იმ დროს ვაიბერი და ფეისბუქი არ იყო, რადგან დღეს სათუთად ვინახავ მის წერილებს, ხელნაწერებს. წერილებით ურთიერთობას ჩემთან სიცოცხლის ბოლო წუთამდე განაგრძობდა. რადგან მუდამ მოგზაურობაში მყოფს რომ არ დავიწყებოდა სათქმელი, ბარათებად აქცევდა და რომ ვბრუნდებოდი, მახვედრებდა. ან ისეთ რამეს მომწერდა ხოლმე, რისი თქმაც იცოდა, რომ გამაბრაზებდა და ყურს არ დავუგდებდი. განსაკუთრებით, ეს დაოჯახების თემას ეხებოდა ხოლმე…
როდესაც სიკვდილის წინ ცოტათი მომჯობინდა, მედდისთვის უთქვამს: “უსაზღვროდ მიხარია, რომ ამ ქვეყნიდან მივდივარ, რადგან ჩემი შვილი ჩემზე აღარ იდარდებს და უფრო ლაღად გაშლის ფრთებს მუსიკის უკიდეგანო სამყაროშიო…” - იხსენებს ნიკოლოზი.
„ვის ვახსოვარ ასეთი?“ - ნიკოლოზ რაჭველი წონაში დაკლებამდე გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს