მარიამი, იგივე მართა, 1050 წელს საქართველოში დაიბადა. ის ბაგრატ მეოთხისა და დედოფალ ბორენას ქალიშვილი იყო. ბიზანტიაში ქორწინების მიზნით წასვლის შემდეგ ის ორჯერ გახდა დედოფალი და როგორც წყაროებიდან ვიგებთ, აქტიურ დიპლომატიურ ურთიერთობებს აწარმოებდა საქართველოშიც, რითაც ქვეყნის განვითარებას ძალიან უწყობდა ხელს.
მართა-მარიამი დავით აღმაშენებლის მამიდაა. მე-11 საუკუნეში ის ბიზანტიის ერთადერთი არაბიზანტიელი დედოფალი იყო და მიუხედავად მის ირგვლივ გავრცელებული ჭორებისა და სკანდალებისა, სამი სახელმწიფო გადატრიალების შედეგად შეინარჩუნა დედოფლის ტიტული.
მართა მე-11 საუკუნის მსოფლიოს უძლიერეს და ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქალადაა აღიარებული. იგი ბიზანტიაში თავდაპირველად განათლების მისაღებად ჩავიდა, თუმცა უკვე 1065 წელს კონსტანტინე მეათის ვაჟზე, მიხეილზე დაქორწინდა და შთააგონა მეუღლე, რომ სახელმწიფო გადატრიალება მოეწყო, რის შედეგადაც 1071 წელს მიხეილი ბიზანტიის იმპერატორი გახდა.
1078 წელს, კვლავ მარიამის მონაწილეობით, მეორე სახელმწიფო გადატრიალება მოხდა, რა დროსაც ტახტზე ნიკიფორე მესამე ავიდა, ხოლო თავად მართა ამჯერად უკვე ნიკიფორეს გაჰყვა ცოლად.
დედოფალი ქორწინებას მხოლოდ იმ მიზეზით დათანხმდა, რომ ნიკიფორეს შემდეგ ტახტზე მისი და მიხეილის ვაჟი უნდა ასულიყო, თუმცა იმპერატორმა სიტყვა გატეხა, რის გამოც, კვლავ მართას დახმარებით, 1081 წელს, მესამე სახელმწიფო გადატრიალების შედეგად, ტახტზე ალექსი კომნენოსი ავიდა.
საბოლოოდ, მართას ვაჟი 1096 წელს გარდაიცვალა, დედოფალი კი სამუდამოდ ჩამოსცილდა პოლიტიკასა და სამეფო ინტრიგებს.
რთული ცხოვრების მიუხედავად, მარიამი აქტიურად იყო ჩართული საქართველოს კულტურულ-ეკონომიკურ განვითარებაში. სწორედ მან შთააგონა დავითს რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ჩატარება და მისივე ინიციატივით დაარსდა იყალთოსა და გელათის აკადემიები. საუკეთესო მოსწავლეები ბიზანტიაში დედოფლის შუამდგომლობით მიჰყავდათ შესაბამისი განათლების მისაღებად.
ისტორიკოსები ერთხმად თანხმდებიან, რომ მართა-მარიამის წვლილი საქართველოს ისტორიაში უდიდესია და გარკვეულწილად სწორედ მართა იყო საქართველოს არა მხოლოდ კულტურული, არამედ სამხედრო სიძლიერის გარანტიაც. აღსანიშნავია, რომ სწორედ მართამ ასწავლა ბიზანტიელებს პირველად ჩანგლის გამოყენება.
დედოფალი საბოლოოდ 1118 წელს, 68 წლის ასაკში ბიზანტიაში გარდაიცვალა.

ვინ იყო ჰატიჯე სულთანი, რომელსაც ისტორიკოსები ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ ქალს უწოდებენ
ისააკ სინგერის ქვრივის განსაცვიფრებელი ბედი - ვინ არის ქალი, რომელიც ამერიკის თავისუფლების ქანდაკების სახე გახდა