დაქირავებული დიასახლისი - თავი 5 - Marao

დაქირავებული დიასახლისი - თავი 5

2022-05-23 10:02:50+04:00


წინა თავი

- ესეც ასე, - ღრმად ამოისუნთქა და წელში გასწორდა.

ვერიკოს რომ შეხედა, თვითონაც გაკვირვებული დარჩა:

- რატომ გაქვთ ასეთი სახე? - ჰკითხა ქალს და სკამზე ჩამოჯდა.

- თამარი ღამეც ჩემს ოთახში დაიძინებს?

- მაგაზე ვიფიქრებ. როგორც ჩანს, მე ბევრი რამ ვერ გავითვალისწინე.

- მაპატიეთ, იქნებ უფრო გასაგებად მითხრათ? - ვერიკოს უკვე სახე ჩამოსტიროდა.

- იცით, მე მეგონა, ჩემი სიდედრი ჩვენთან იცხოვრებდა. დღისით თქვენ მოუვლიდით ბავშვს, ღამით კი ქალბატონი ბებია ჩაიბარებდა. გამოვიდა, რომ თურმე ტყუილად მეგონა. სასტიკი უარი მივიღე, - ხელები გაშალა ვანომ, აქაოდა, უძლური აღმოვჩნდიო, - ამიტომ მოგვიწევს თავიდან ყველაფრის გადახალისება თუ გადანაწილება, რა ვიცი, რა ჰქვია. ამ ოთახში, ისე, ყველაზე უფრო გრილა, სიცხეც არ შეაწუხებს. ამაღამ ჩემთან დავაძინებ. ხვალიდან ვნახოთ. ღამით, ალბათ, მოგიწევთ თამთას ოთახში დაძინება.

- ასე აჯობებს. ჩემს ოთახში ცოტა უხერხულიც კია თქვენი შვილის ყოფნა, - მორიდებით თქვა.

- რატომ? ეს ჩემი სახლის ნაწილი არ არის? მე მგონი, რემონტი ყველგან ერთნაირად არის გაკეთებული, - არ დაეთანხმა ვანო.

- ჰო მაგრამ, მოსამსახურის ოთახი მოსამსახურის ოთახია მაინც.

- ვისთვის როგორ. როცა ეს სახლი გავარემონტე, არც მიფიქრია, აქ თუ სხვა იცხოვრებდა. მე ჩემი კაბინეტის მოწყობა მქონდა იდეაში.

- მერე რამ შეგიშალათ ხელი?

- ცოლის კაპრიზებმა. როცა მუშაობ, გვერდით უნდა იყო, პირველ-მეორე სართულს შორის ხომ არ ვირბენო და მეორეზე ამატანინა კაბინეტი. ეს იყო და ეს.

- ბატონო ვანო, სიმართლე მითხარით, ჩემ გამო გეჩხუბებოდათ თქვენი ცოლისდა? - ვერ მოითმინა ვერიკომ.

- რომელი ცოლისდა?

- აი, წეღან რომ გააბრაზეთ.

- ჰა-ჰა-ჰა! ცოლისდა! ცოლისდა კი არა, ჩემი სიდედრია.

- დედას გაფიცებთ!

- ასე ახალგაზრდულად გამოიყურება? მე კი ვერ ვამჩნევ. ალბათ იმიტომ, რომ ვიცი მისი ამბავი.

- ღმერთო ჩემო, რას ვიფიქრებდი! ორმოცზე მეტის თუ იქნებოდა, არ მეგონა.

- მეტის ნამდვილად არის, 49 წლისაა.

- საერთოდ არ ეტყობა.

- კი, კარგი შენახულია, მიჩვეულია ყველაფერ მზამზარეულს. ჯერ თავი წამჭამეს მაგან და ჩემმა ცოლისდამ, გინდა თუ არა, «ნიანკა» დაუქირავე თამთასო. ახლა პრეტენზიები წამომიყენა, ბავშვი თუ არ გაუზრდია, ჩემს შვილიშვილს რანაირად გაზრდისო. შენ მოეხმარე, იცხოვრე აგერ, საღამოობით მოდი და ჩაიბარე შენი შვილიშვილი-მეთქი. თავიდან ასე ვიყავით მოლაპარაკებული. გაიკვირვა, თითქოს უცხო პლანეტიდან იყოს ჩამოსული. ღამეებს ვერ გაათენებს თურმე ბავშვის საწოლთან, დაბერების ეშინია.

- რას იზამთ, ვერ აიძულებთ.

- ბიჭო, არც არავინ აიძულებს, მაგრამ მაშინ ნუღარ მასწავლის ჭკუას… წამოდით, ეზოში გავიდეთ.

ვანომ აუზისკენ აიღო გეზი. ვერიკო უკან მიჰყვა. ჩრდილში დასხდნენ.

- მაგაში მართალი ხართ.

- მილიონჯერ ვუთხარი, ბავშვს მანქანით ნუ დააგრიალებ, ფეხით ასეირნე-მეთქი. ვერ შევაგნებინე. ორ ნაბიჯს არ გაივლის უმანქანოდ. ისე იქცევა, თითქოს მანქანაში დაიბადა და გაიზარდა.

«შენს ნაყიდ მანქანაში», - დაასკვნა ვერიკომ.

- ოღონდ არა ჩემს ნაყიდში, რა თქმა უნდა. ეგენი თავიდანვე «შიშკა» ხალხის შვილები იყვნენ. ოღონდ ჩემი ცოლი აბსოლუტურად განსხვავებული იყო, საერთოდ არ ჰგავდა არც დედას, არც დას. უფრო მამამისის ხასიათები ჰქონდა.

ვერიკო სმენად იქცა. რადგან ცოლზე ჩამოაგდო საუბარი, იმედი მიეცა, ბევრ რამეს გაიგებდა მათი ცხოვრებიდან, მაგრამ ვანომ არ გააგრძელა. ვერიკოს ლოდინით გული გადაეწურა.

- თქვენი მეუღლე მშობიარობას გადაჰყვა, არა? - ფრთხილად ჰკითხა ბოლოს.

- როგორ გითხრა… ბავშვი რომ დაიბადა, პერიტონიტი განუვითარდა და ვერ გაიგეს.

- პერიტონიტი რამ გამოიწვია? - გული შეეკუმშა ქალს.

- საკეისროთი დაბადა თამთა და, როგორც ჩანს, ნაოპერაციებზე ინფექცია შეეჭრა.

- რას ამბობთ!

- მაპატიეთ. არ მინდა ამ თემაზე საუბარი. მიმძიმს, - სახე შეეჭმუხნა ვანოს.

- მესმის თქვენი, - უხერხულად შეიშმუშნა ქალი.

- გინდათ დღეს სადმე გავისეირნოთ ერთად? - უცებ გამოცოცხლდა ვანო, თითქოს სხვა ტალღაზე გადაერთო, - თამთაც შეგეჩვევათ ნელ-ნელა, ჩემთან ერთად უფრო მალე დაგიახლოვდებათ.

- კი ბატონო, - ვერიკომ იგრძნო, როგორ დაუარა სასიამოვნო ჟრუანტელმა მთელ სხეულში.

- ვერონიკა, მე თქვენი იმედი მაქვს. არ უნდა დამაღალატოთ, - ხმადაბლა თქვა.

- არ დაგაღალატებთ, - მტკიცე ხმით გაიჟღერა ქალის ნათქვამმა.

- მე მჯერა თქვენი, - გაიღიმა მამაკაცმა, - თქვენ ხომ არ იქნებით ფეხით გასეირნების წინააღმდეგი?

- როგორ გეკადრებათ!

- ძალიან კარგი. ჯერ ასე იყოს და მერე ვნახოთ. როგორც ვატყობ, მოვა დრო და თქვენთვისაც მომიწევს მანქანის ყიდვა, - ამის თქმაზე ვანომ თვალი თვალში გაუყარა ვერიკოს.

ქალი ვერ მიხვდა, რომელ «მოვა დროზე» იყო საუბარი, ან რა იგულისხმებოდა ამ ორაზროვანი სიტყვების მიღმა, მაგრამ არ შეიმჩნია და ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა.

- თქვენ რა ვალდებული ხართ, მანქანა მიყიდოთ.

- თუ თამთას ისე გაზრდით, როგორც მე გამიხარდება, მანქანას კი არა, თვითმფრინავსაც გიყიდით.

- არა, გმადლობთ, - სიცილი აუტყდა ქალს, - თვითმფრინავი ნამდვილად არ მინდა.

- უარს ამბობთ? - ვანოც აჰყვა გამხიარულებულ ვერიკოს.

- თუ მაინცდამაინც უნდა მიყიდოთ, იახტა მირჩევნია. უფრო იაფიც დაგიჯდებათ.

- ჩემს ჯიბეს უფრთხილდებით, არა? გეშინიათ, არ გამაღარიბოთ?

- აი, ეგ კი ნამდვილად არ მიფიქრია.

- აბა, რა იფიქრეთ?

- არც არაფერი. უბრალოდ, ზღვა მიყვარს ძალიან და… ჩემი ოცნებაა გემით მოგზაურობა, - უცებ დაუსევდიანდა ხმა.

ვანომ უკომენტაროდ დატოვა მისი ნათქვამი. კარგა ხანს ორივენი მდუმარედ ისხდნენ.

- რამე გეგმები გაქვთ? - ბოლოს ვანომ დაარღვია სიჩუმე.

- რისი? - ვერ გაიგო ქალმა.

- ბავშვის გაზრდაში, - მხრები აიჩეჩა მამაკაცმა.

- ცოტა კი მერიდება, მაგრამ…

- მითხარით, მითხარით, სჯობს აქედანვე ვიცოდე.

- პირველ რიგში, «პამპერსი» უნდა მოვისროლოთ. სხვანაირად არ გამოვა, ბატონო ვანო. თამარი უკვე დიდი გოგოა, უნდა მიეჩვიოს რაღაც-რაღაცებს.

- მაგაში გეთანხმებით, მაგრამ… იქნებ ამ «ბატონოს» გადაეჩვიოთ?

- მაპატიეთ, მაგრამ ალბათ ვერ შევძლებ. სხვანაირად როგორ მოგმართოთ? მეც თქვენი მეგობრებივით პეტროვიჩს ხომ ვერ დაგიძახებთ.

- ჰა-ჰა-ჰა-ჰა, ეს რა კარგი რამე მითხარით? როგორ მომეწონა! როგორც გაგიხარდებათ, ისე დამიძახეთ.

- მე… არ ვიცი… რაღაც არ გამომდის, - ვერიკოს უკვე ლოყები უხურდა.

- თქვენ ხომ მოგწონთ ვანიკო! ჰოდა, ასეც დამიძახეთ, - თითქოს ხაზგასმით თქვა მამაკაცმა.

ვერიკო შეცბა, სუნთქვა შეეკრა. კინაღამ ჰკითხა, თქვენ საიდან იცითო. კიდევ კარგი, დროზე შეიკავა თავი, მაგრამ ისეთი თვალებით შეხედა, არაფრის თქმა არ იყო საჭირო. მამაკაცმა მრავალმნიშვნელოვნად გაუღიმა.

- ამქვეყნად ყველა ქალი, განურჩევლად ასაკისა, ვანიკოთი ან ბატონო ვანოთი მომიხსენიებს. ჯერ არ შემხვედრია გამონაკლისი, - ღიმილი აუთამაშდა სახეზე და ეშმაკურად დაამატა, - აი, ვინც პირველი დამიძახებს ვანოს, ბატონოს გარეშე, იმას შევირთავ ცოლად. ჰა-ჰა-ჰა-ჰა…

ვერიკომ ღიმილი ვერ შეიკავა. უყურებდა მოხარხარე მამაკაცს და გულში, ვინ იცის, მერამდენედ იმეორებდა: «ვანო, ვანო, ვანო»…

***

შუადღე რომ გადავიდა, მართლაც წავიდნენ სასეირნოდ სამივენი, ოღონდ არა ზოოპარკში, არამედ იქვე, ვაკის პარკში გადავიდნენ. საკმაოდ ცხელოდა. ვერიკო არ იყო მიჩვეული ამდენ სიარულს და მალე დაიღალა. ერთი სული ჰქონდა, სადმე ჩამომჯდარიყო, თუნდაც ორიოდე წუთით. თამთა ერთ ადგილზე არ ჩერდებოდა. კიდევ კარგი, ატრაქციონი არ მუშაობდა, თორემ მერე გენახათ ვერიკოს საცოდაობა, მასთან ერთად რომ მოუწევდა «კატაობა». მთელ პარკში შუქი იყო გამორთული.

- აი, ფიჩო, - აჭყლიპინდა უცებ თამთა.

ვანომ და ვერიკომ ერთდროულად მოხედეს. ლურჯი მერხიდან გრძელბეწვიანმა კატამ გამოყო თავი და დაიკნავლა.

- ნახე, რა ეშმაკია, უკვე ფისოც იცის, - გაიცინა ვანომ.

- ასე მგონია, «პამპერსი» რომ არ უკეთია, უფრო თავისუფლად დადის, - კმაყოფილებით ჩაილაპარაკა ქალმა.

- სამაგიეროდ, ხომ ნახეთ, უკვე ორჯერ სცადეთ გადაყენება და არც ერთხელ არ ქნა, - მოუბრუნდა ვანო, - საცაა ჩაადუნდრუშებს.

- არა უშავს, ასე ერთ დღეში მაინც ვერ გადაეჩვეოდა. ჯერ დრო სჭირდება, პატარაა. რა პრობლემაა, ტრუსიკები ბლომად წამოვიღე, წამში გამოვუცვლი, - შეჰღიმა ვერიკომ პატრონს.

- გინდათ გოლფ-კლუბში შევიდეთ? გოლფი ვითამაშოთ, - შესთავაზა უცებ.

- არა, არ ვიცი გოლფის თამაში, - იუარა ქალმა.

- გასწავლით, ძალიან ადვილია. მოგეწონებათ, - დააიმედა ვანომ.

- გმადლობთ, ჯობია, არ შევიდეთ. მე თუ თამაში მომეწონა, მტრისას! საშინლად აზარტული ვარ, მერე ირგვლივ ყველაფერი მავიწყდება, - გაიცინა.

- მართლა? _ სახე გაუნათდა მამაკაცს, - ყველა თამაშში ასეთი ხართ?

- თითქმის.

- აბა, მითხარით ერთი, რა თამაშები იცით? - ეშმაკური ღიმილით დაეკითხა იგი.

- კარტი, ნარდი, დომინო, ჩაძირობანა…

- ეგ რომელი ჩაძირობანა, ტელევიზიით რომ უჩვენებენ?

- დიახაც, - გამხიარულდა ვერიკო.

- ახლა არ მითხრათ, სერიალებსაც ვუყურებო.

- არა, არა. ეგ რა შუაშია. ჩაძირობანა ჩემი ბავშვობის თამაშია.

- ჰო-ო! მაგაში გეთანხმებით. სკოლის პერიოდში მეც დიდი სიამოვნებით ვთამაშობდი, განსაკუთრებით, ბოტანიკის გაკვეთილზე.

ორივეს გაეცინა. თამთა ამ დროს გრძელბეწვიან კატას უტრიალებდა. ვერც ახლოს მისვლას ბედავდა, ვერც შორდებოდა. «ფი-ჩო, ფი-ჩო, ავ! ავ!» - მისდევდა კუდში.

- რა სულელია, ძაღლი და კატა ვერ გაურჩევია ერთმანეთისაგან, - გადაიხარხარა ვანომ.

თამთა მოულოდნელად შედგა, თითქოს ერთ ადგილზე გაშეშდაო. მერე ნელ-ნელა მოატრიალა თავი და უკან მომავალთ მოხედა. შემდეგ ძირს დაიხედა. ვანო მიუხვდა.

- ჩაიფსა ამ მამაძაღლმა, - ჩაიცინა.

- კიდევ კარგი, თორემ უკვე მეგონა, რომ უპამპერსობამ შარდის შეუკავებლობა დამართა, - ვერიკომ შვებით ამოისუნთქა, ჩანთა გახსნა, ბავშვის საცვალი ამოიღო და თამთასკენ გაემართა.

პატარა არ გასძალიანებია. მორჩილად დაჰყვა ძიძას.

- მგონი, სახლში წასვლა აჯობებს, ფეხსაცმელები დასველებია, - შენიშნა ვანომ.

- აწი მოშივდება კიდეც, თორემ ფეხსაცმელი პრობლემა არ არის. სულაც არ ჩავაცვამ, ივლიდა ფეხშიშველი.

- ფეხშიშველი? აქ? პარკში? - გაიოცა ვანომ.

- ჰო, აქ. მე მთელი ბავშვობა ფეხშიშველი დავრბოდი, მაგრამ ფრჩხილიც არ წამომტკენია. ჯანმრთელობისთვის უკეთესიცაა, ცოტათი გაკაჟდება. თანაც, ბრტყელტერფიანობას აიცილებს თავიდან, - დააყოლა ღიმილით.

ჯერ კიდევ გაოცებულ მამიკოს პასუხი არ გაუცია. როგორც ჩანდა, მოეწონა კიდეც ვერიკოს აზრი.

- თქვენ მე მატყუებთ, როგორც ვატყობ, - წამოიწყო უცებ ვანომ.

ვერიკოს ფერი ეცვალა.

- მე-ე?

- დიახ, დიახ, თქვენ.

- რაში გამოიხატა ჩემი ტყუილი! - წამოენთო ქალი.

- ბავშვის გაზრდის გამოცდილება არა მაქვსო. არა გაქვთ კი არა, მგონი, დისერტაციაც კი გაქვთ დაცული, ისე ირჯებით, - გაუღიმა მამაკაცმა და მკლავზე ოდნავ მოუჭირა ხელი. ვერიკოს სითბომ დაუარა სხეულში.

ვანომ ტაქსი გააჩერა. ახლა ფეხით სიარულის თავი არც ერთს არ ჰქონდა.

- სასიამოვნო დღე იყო, - აღტკინებით ჩაილაპარაკა ვერიკომ, ეზოში რომ შევიდნენ, - დიდი მადლობა.

- არაფრის. ამას რა ვუყოთ, ეძინოს ასე უჭმელს? - მიანიშნა ვანომ თამთაზე, რომელსაც მამის მხარზე თავი მიედო და ტკბილად ეძინა.

- არა უშავს, როცა გაიღვიძებს, მერე ვაჭმევ. მომეცით, წავიყვან და დავაწვენ.

- მოგეხმაროთ?

- არა, ბოლოს და ბოლოს, მარტოც ხომ მომიწევს მასთან ყოფნა. სჯობს აქედანვე მივეჩვიო, - ქალმა ხელები გაიშვირა და მაშინვე ბავშვი თავის მკლავზე გადმოიწვინა. ვანომ ხელი შეაშველა და მოულოდნელად ოდნავ შეეხო ვერიკოს მშვენიერ მკერდს. თითქოს რაღაც მოხდა… თითქოს არც არაფერი მოხდა… წამით ორივემ ერთმანეთის მზერა დაიჭირა. იყო ამ მზერაში რაღაც… თუმცა, არც ერთს და არც მეორეს არ უცდია, გაეშიფრა ის «რაღაც»…

ვერიკო არეული ნაბიჯებით გაემართა თავისი ოთახისკენ. გული ამოვარდნაზე ჰქონდა. გზაში ვანოს სიტყვები დაეწია:

- მერე ნარდი ვითამაშოთ, კარგი?

ქალი შედგა. მოტრიალდა.

- ნარდი?

- ოღონდ სანაძლეოზე, - შეჰღიმა მამაკაცმა. დაბნეულმა ვერიკომ მხრები აიჩეჩა.

- სამ სურვილზე, - არ ეშვებოდა ვანო.

- სანაძლეოს ყოველთვის ვაგებ, მაგრამ მაინც თანახმა ვარ, - ისე გაებადრა სახე, ახლა სამს კი არა, სამასჯერ სამ სურვილსაც წააგებდა ვანოსთან. გრძნობდა, ამ წაგებით მაინც თვითონ დარჩებოდა მოგებული. იმიტომ, რომ ეს კაცი უკვე უყვარდა.

* * *

«ღმერთო ჩემო, რას ვგავარ, რამდენი წელია, თვალები არ დამიხატავს, არც პომადა წამისვამს. თმაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. რომ შეიძლებოდეს, ვარცხნილობას მაინც შევიცვლიდი», - ვერიკო სარკის წინ იდგა და თავის ორეულს აკვირდებოდა.

არა, ახლა გაპრანჭვა არ გამოვა. არც თმის შეჭრა ივარგებს და არც სახის გალამაზება. ვანო იფიქრებს, მე მეკეკლუცებაო. რა თქმა უნდა, ასეც არის, მაგრამ მას რატომ უნდა აფიქრებინოს? არ იტყვის, რადგან ასე შეიცვალა, ესე იგი, რაღაც იმედი აქვსო? ან იქნებ უარესიც გაივლოს გულში და იფიქროს, თითქოს ვერიკოს მისი საყვარლობა სურს? ჰოდა, ჩემო ბატონო, უმჯობესია, დაეტიოს თავის ადგილზე და შეასრულოს თავისი მოვალეობა!

ამ ფიქრებში იყო, მობილურმა რომ დაიწრიპინა. შეტყობინება მოუვიდა. სწრაფად დაიწყო გადაფურცვლა. «მე და ნარდი ორივე გელოდებით ბასეინთან». ვანოს მესიჯი იყო. ალმური წაეკიდა სახეზე. კიდევ ერთხელ ჩაიხედა სარკეში, ღაწვებზე ხელი გადაისვა, თითქოს სიწითლის მოშორება უნდაო, სიყვარულით გადახედა მძინარე ბავშვს და ფრთხილად გაიხურა კარი.

ვანოს ტანთ გამოეცვალა. საშინაო ფორმაში დახვდა მოსამსახურეს. ვერიკოს კი დაავიწყდა საგარეო სამოსის გახდა. გამოწკეპილი მიეახლა პატრონს. უხერხულად იგრძნო თავი.

- სადმე ხომ არ აპირებდით წასვლას? - ვანომ აათვალიერ-ჩაათვალიერა.

- არა, არა, უბრალოდ, ვერ მოვიფიქრე, გამომეცვალა.

- არა უშავს, ეგ არ არის პრობლემა. დავიწყოთ?

ვერიკომ მხრები აიჩეჩა.

- კონტრაქტი დავდოთ?

- როგორც გენებოთ.

- კარგი, ეგრე იყოს. როგორია თქვენი პირობები?

- არ ვიცი, ჯერ თქვენი პირობები წამოაყენეთ.

მამაკაცს ღიმილი მოერია.

- ჩემი პირობა ასეთია. თუ მე მოვიგებ პირველ ხელს და მერე თქვენ ან პირიქით, თქვენი სურვილი ჩემის გაბათილება არ უნდა იყოს. მოსულა?

- მოსულა, - ყოყმანის მერე დაყაბულდა ვერიკო.

- როგორ ფიქრობთ, სურვილები თამაშის დაწყებამდე უნდა ჩამოვაყალიბოთ?

- არც ეგ ვიცი, - დაიბნა ქალი.

- არა, ასეთ რამეებში თავიდანვე უნდა შევთანხმდეთ. სხვანაირად არ გამოვა.

- თავიდანვე იცით, ცოტა ძნელია სურვილების ჩამოთვლა. ხომ შეიძლება, იმწუთში არაფერიც არ მსურდეს, - ცოტა გათამამდა ვერიკო.

- ძალიანაც კარგი, - როგორც ჩანს, მამაკაცს ჭკუაში დაუჯდა შემოთავაზებული წინადადება.

- ოღონდ… - ვერიკო გაჩუმდა.

- თქვით, თქვით, გულდასმით გისმენთ.

- გააჩნია სურვილს…

- რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. მე ისეთს არაფერს მოგთხოვთ, რის გაკეთებასაც ვერ შეძლებთ, რაც თქვენს შესაძლებლობებს აღემატება.

- ეს არ არის საკმარისი.

- რატომ?

- იმიტომ, რომ… ხომ შეიძლება ისეთი რამ ისურვოთ… - ქალს აშკარად ენა დაება.

- მაგალითად, რა?

- აი თუნდაც, რომ მითხრათ, ერთი საათი ყირაზე დადექითო, ნამდვილად ვერ დავდგები, - აილეწა ქალი.

- ჰა-ჰა-ჰა-ჰა! რა ეშმაკი ხართ, ვერონიკა! ყირაზე დადექითო! ჰა-ჰა-ჰა-ჰა! რამ მოგაფიქრათ. არა, მაგას ნამდვილად არ ვისურვებ. აბა, რა სანახავია ყირაზე დამდგარი მანდილოსანი, თანაც ჩემი შვილის ძიძა. მე ისეთ რამეს არ ვისურვებ, რაც თქვენ უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაყენებთ. თუმცა, შეიძლება კოცნა გთხოვოთ.

- კოცნა? - შეშფოთდა ქალი.

- ჰო, კოცნა. რა იყო, რამეს ხედავთ ამაში მიუღებელს? ბავშვობაში «ფანტა» არ გითამაშიათ? ამან იმას აკოცოს, იმან ამას, ან კიდევ «ამის პატრონმა რა ქნას». ხომ ასრულებდით მსგავს სურვილებს? - თვალები მოჭუტა მამაკაცმა.

- გააჩნია, კოცნაში რას იგულისხმებთ, - ვერიკოს უკვე მხრები უცახცახებდა.

- ახლა ხელზე მაკოცეთ-მეთქი, რომ არ გეტყვით, ალბათ გასაგებია…

- ჰო მაგრამ, ტუჩებში რომ არ გაკოცებთ, ესეც ხომ კარგად იცით? - ცოტა რიხი შეურია ხმაში და ნიშნის მოგებით გადახედა მამაკაცს.

- კარგი, შევთანხმდით. ესე იგი, ინტიმური კოცნები გამოვრიცხოთ, არა? - ვანოს ღიმილი არ შორდებოდა სახიდან, - მაგაზეც ყაბულს ვარ. მაგრამ ერთი რამ გაითვალისწინეთ. თუ რომელიმეს სურვილი არ მოეწონება და უარს იტყვის მის შესრულებაზე, მაშინ საპირისპირო მხარეს ორი ახალი სურვილის უფლება მიეცემა. გასაგებია? და ამ ორი ახალი სურვილის შეუსრულებლობა არ იქნება!

ვერიკო დაფიქრდა. გუნებაში აწონ-დაწონა შემოთავაზებული წინადადება და ბოლოს დათანხმდა.

დაიწყეს თამაში. ვერიკოს არც ახსოვდა, ბოლოს ნარდი როდის ითამაშა. ჯერ კარებში ქვების გადანაწილებაში დაიბნა, მერე, დუბეში რომ მოუვიდა, კინაღამ თითებით დაიწყო გადათვლა, რომელ კარში უნდა დაესვა ქვა. ვანიკო ამხნევებდა, არა უშავს, თუ მე მოვიგებ, არ შეშინდე, ხომ იცი, პირველი ხელი «ფრაერებისააო». ვერიკოც ნელ-ნელა გაუთამამდა კამათლებს. ცოტა ხანში ისეთ აზარტში შევიდა, საერთოდ დაავიწყდა, ვისთან ერთადაც თამაშობდა. ღიმმორეული ვანო ვერიკოს ცქერით უფრო მეტ სიამოვნებას იღებდა, ვიდრე ნარდის თამაშით.

- მომიკალი? - შესძახა გაოცებულმა ვანომ.

- ჰო.

- კი მაგრამ, ორი კარი რომ ღია გაქვს?

- გავრისკე.

გაგრძელება იქნება