გზა უტქიაგვიკისკენ - თავი 2 - Marao

გზა უტქიაგვიკისკენ - თავი 2

2022-06-21 10:30:21+04:00


წინა თავი

საღამოს ჩემი ძვირფასი მეუღლე სახლში რომ მობრძანდა, ისეთი ვახშამი დავახვედრე, ჩვენი ცოლქმრობის ბოლო წელს რომ არ ღირსებია. დიმედროლის მცირე დოზაც დავუმატე. ასე რომ, გარანტირებული ვიყავი, მთელი ღამე არ შემაწუხებდა. თავი მაგიდაზე ჩამოდო, საწოლამდე ძლივს მივათრიე. აბა, მოსვენებულად ხომ უნდა სძინებოდა. მისი გასაღების აცმა ავიღე და ნაქირავებ ბინაში წავედი. ბევრი წვალების გარეშე შიგნითაც შევაღწიე და კამერები ისე დავალაგე, სადაც უნდა მსხდარიყვნენ, რაც უნდა ექნათ, ყველაფრის ნახვას და გაგონებას შევძლებდი. სახლში დაბრუნებულს ჩემი ძვირფასი მეუღლე ისევ დაძინებული დამხვდა. მეორე დღეს სახლში არ მობრძანდა, დავურეკე და უუუმძიმესი პაციენტი მყავსო. ამის გაგონებისთანავე პლანშეტს ჩავუჯექი. ჩემი ქმრის ნამდვილი სიყვარული (როგორც მოგვიანებით მოიხსენია) მართლა ისეთი გოგო იყო, ნებისმიერ კაცს დააჭყეტინებდა თვალებს და ცოლს კი არა, სამყაროს დაავიწყებდა, მაგრამ იმ გოგოს რა მოეწონა ჩემი ბედოვლათი მეუღლის, ეს მაინტერესებდა. კარგი ჭკუა-გონებით კი მოიწონებდა თავს, მაგრამ არც ფიზიკურად იყო ციდან მოვლენილი ანგელოზი და არც ლოგინში შვრებოდა სასწაულებს. თურმე ვცდებოდი, იქ მე ამბებს ვუყურე, ასე მეგონა, ვიღაც სხვა კაცს ვხედავდი ცხოვრებაში პირველად. კისერი მეტკინა ტრიალით და მაინც ვერ გავიგე, „ვისი ვიოლინო ვის როიალში იყო“ (ჯანსუღ ჩარკვიანი). გული მეტკინა, ძალიან მეტკინა. ლამაზი მეც ვიყავი, ძალიან ლამაზი. რომ მოეცა საშუალება, იმ გოგოსავით პროფესიაში რეალიზებულიც ვიქნებოდი, სასურველიც და ლოგინში ასეთები თუ არ ვიცოდი, ვისწავლიდი. ესწავლებინა და ვისწავლიდი, ყველაფერი დასწავლადია ამ ქვეყანაზე. მაგრამ ალბათ თვითონაც არ იცოდა და მე რას მასწავლიდა.

ასე ჩანაწერებით შეიარაღებულმა ადვოკატი ავიყვანე და განქორწინებაზე სარჩელი შევიტანე. სახლში ვიჯექი, ვრეცხავდი, ვახშმებს ვაკეთებდი და ველოდებოდი, როდის მოუვიდოდა სასამართლოდან ცნობა ჩემს მეუღლეს. მარტო განქორწინებას კი არა, ღალატის გამო მორალური ზიანის ანაზღაურებასაც ვითხოვდი. სასამართლო მოსმენის დღე რომ მაცნობეს, ჩემს მშობლებთან წავედი. კარებში შესვლისთანავე მაიკომ ისეთი თვალებით შემომხედა, იცოდა, რის სათქმელადაც მივდიოდი. მისი ამ ამბავში მონაწილეობა რომ გამემხილა, ისევე დაენგრეოდა ოჯახი, როგორც მე. ჩანაწერი ჩავრთე და მათ რეაქციებს დაველოდე. ამჯერად დარწმუნებული ვიყავი, მამაჩემი გულში ჩამიკრავდა და კაცურად, მამურად დამიდგებოდა გვერდით. ვიდეო შუამდე რომ მივიდა, დედაჩემმა თვალებზე ხელი აიფარა, იკივლა, გამორთეო. მამამ თავი დამიქნია. ხმას არცერთი იღებდა. ინიციატივა ისევ მე ავიღე ხელში და ჩურჩულით, ნახევრად მტირალი ხმით ვთქვი, ვშორდები-მეთქი.

მამამ თავი ასწია, თვალებში გაბრაზება, გამწარება და კიდევ ბევრი ამოუხსნელი გრძნობა ედგა. ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი წამი, მერე თვალები ჩაუქრა. სულგანაბული ველოდებოდი, როდის ამოიღებდა ხმას.

- სოფიო, ეს ცუდია, ძალიან ცუდი. არ უნდა ექნა ეს შენს ქმარს, მაგრამ ალბათ დროებითი გართობაა, არა მგონია, სერიოზული ამბავი იყოს. გადაუვლის და დაუბრუნდება ოჯახს. დაგიბრუნდება შენ. ასე უცებ გაშორებაზე ლაპარაკი როგორ შეიძლება.

თვალები შუბლზე ამივიდა და კეფაზე გადამივიდა.

- მამა, სარჩელი უკვე შევიტანე - რამდენადაც შემეძლო, მშვიდი ხმით ვთქვი. ეს სიტყვები ბომბის პატრუქზე ცეცხლის წაკიდებას ჰგავდა. მამაჩემმა მუშტი მაგიდაზე დაარტყა და მთელ ხმაზე იღრიალა. რამდენიმე წამი ვერ ვგებულობდი, რას ყვიროდა. მერე ნელ-ნელა აღქმადი გახდა მისი სიტყვები.

- ვინ? ჩემი შვილი ქმარს შორდება? რატომ, რისთვის. იმისთვის, რომ მისი ქმარი სხვა ქალთან გაძვრა? რა მოხდა მერე, ჰკითხე ჩემს ძმაკაცებს, ვინ არ წასულა ბოზებში, მაგრამ ამისთვის ცოლები კი არ შორდებიან. შვილი არ გაუჩინე და ახლა არც მობრუნდება, აღარ შეგირიგდება. სად გავამხილო, შვილი ქმარს შორდებაო. - ყვიროდა გაუთავებლად ერთსა და იმავეს, მაგრამ მე უკვე აღარ მესმოდა არც მისი ხმა და აღარც სიტყვები. უკვე სადარბაზოში გავრბოდი. დედაჩემმაც ვერ გაბედა გამოყოლა. ქალური კი არა, დედაშვილური სოლიდარობაც არ გამიწია. ალბათ, ისიც ეთანხმებოდა მამას. მე ასე ჩავთვალე. იმ დღის შემდეგ ძალიან იშვიათად მივდივარ მშობლების სახლში და არც ოჯახურ დღესასწაულებს ვესწრები. სამეგობრო-სანათესაოში ჩემი გამოჩენა არ შეიძლებოდა, ამას მამა მაგრძნობინებდა.

შოკოლადებით ხელდამშვენებული ვდგავარ იმ სახლის ზღურბლთან, რომელშიც ამდენი წელი ვიცხოვრე და ვერ ვიტან ამ ხალხს. დედაჩემი მეხვევა, მაიკო თვალებში შემომციცინებს და ჩემს ქურთუკს აკვირდება. დიდად არ მომწონს ეს მოსაცმელი, სხვას ნებისმიერს დაუფიქრებლად ვაჩუქებდი, მაგრამ არა მას. ძმისშვილებს ვეხვევი და მამას შორიდან ვესალმები. ისიც ხელით მანიშნებს, მოდიო და პირდაპირ საქმეზე გადადის.

- სოფიო, გავიგე, ამერიკაში მიდიხარ...

- ხო - ვპასუხობ ცალყბად და ბავშვებთან ვცუცქდები.

- რა ლამაზი კაბა გაცვია, მამიდა - მეტიტინება პატარა გოგო და ჩემს მუხლებზე აცოცებას ცდილობს. - ლამაზი პომადა გაქვს?

- მაქვს. გინდა? - ვპასუხობ ღიმილით და ჩანთაში ვიქექები.

- ნუ ასწავლი ბავშვს საზიზღრობებს - ცხვირს იბზუებს ჩემი რძალი, მაგრამ პომადაზე მასაც თვალი რჩება. მე მაინც ვუსვამ პატარას ტუჩებზე წითელ საცხს. ისიც გახარებული გარბის სარკისკენ.

- შენ არ უნდა მოეშვა აქეთ-იქით წოწიალს? - ხმას უწევს მამაჩემი. დედა თვალმოუშორებლად გაყინული სახით გვიყურებს და ბომბის ამოქმედებას ელოდება.

- ჯერ არ გადაუწყვეტია - მდგომარეობის გამოსწორებას ცდილობს მაიკო.

- ბილეთი უკვე ავიღე - მშვიდად ვაგრძელებ მეც. ზუსტად ვიცი, ეს სიტყვები როგორ იმოქმედებს და ველოდები.

- შენ ჩემი შვილი არ ხარ, ასე არ გამიზრდიხარ. არ გეყო, რაც თავი მომჭერი? რაღა დაგრჩა გაუკეთებელი. სადღა არ ხარ ნამყოფი. ვინ იცის, როგორი ცხოვრებით ცხოვრობ. შვილი რომ გაგეჩინა, ამდენი ბოდიალისთვის დრო არ გექნებოდა. ქმარიც შეგირიგდებოდა - ბრდღვინავს მამაჩემი. მე კი გაღიმებული სახით ვუყურებ და ველოდები, თქვას, რაც აქვს გულში. შენი დედა მ.... - მიუბრუნდა დედაჩემს - შენი გაზრდილია ასეთი. შენ ვერ ასწავლე ოჯახის პატივისცემა. გაშორდა ქმარს, თავისუფლება მოუნდა გოგოს. მიღალატაო, ეგ ღალატია? ეს რომ კაი ქალი ყოფილიყო, ქმარს სასამართლოში კი არ უჩივლებდა, სახლში დაელოდებოდა.

ამის ატანა აღარ შემიძლია. არც იმის ყურება, როგორ დგას დედაჩემი მშვიდად და უსმენს გამძვინვარებულ მამაჩემს. იმის მაგივრად, რომ რამე თქვას, უსმენს და ელოდება, როდის დაწყნარდება მისი ქმარი, რომ ისევ შეინარჩუნოს იდეალური ოჯახი.

ჩემი ძმა არ ჩანს, ალბათ, სახლში არაა და მაიკომ, რა თქმა უნდა, არ იცის, სადაა მისი ქმარი. ამიტომ კითხვას აზრი არ აქვს. ვდგები და ბავშვებს ვემშვიდობები. მაიკო მოსაცმელს მაწვდის.

- როდის მიდიხარ? - მეკითხება ჩურჩულით.

- ერთ კვირაში.

- დიდი ხნით?

- არ ვიცი. რამდენიც მენდომება, ჩემს ვიზას ხუთწლიანი ვადა აქვს.

- მომენატრები - მეუბნება ის და თვალებში ჩამდგარ ცოტაოდენ სითბოს ვხედავ.

- ტაქსის თუ გამომიძახებ, ამ მოსაცმელს დაგიტოვებ. - გულში თითქოს სითბო მეღვრება მაიკოს თვალების დანახვაზე.

- ახლავე, - ტრიალდება ჩემი რძალი და ტელეფონის ძებნას იწყებს თვალებით. - ძალიან მომწონდა და ვერ გითხარი, - მეუბნება გულწრფელად.

- ვიცი, - ვუღიმი მეც. ვიხდი და მხრებზე ვახვევ. მაიკო მართლა ლამაზი გოგოა, ძალიან ლამაზი, მაგრამ უმეტყველო, გაყინული თვალებით, რომელსაც ჩაცმა-დახურვის მეტი არაფერი აინტერესებს. სოციალური ქსელის მეტი გაქანება არ აქვს და არც ის იცის, რაში უნდა გამოიყენოს ინტერნეტი, გარდა ვიღაცის სურათების, სერიალებისა და დაქალების დაქალების ამბების გარჩევისა.

ეს ერთი რთული საქმე მოვიშორე წასვლამდე. ახლა ჩემს რედაქტორებთან ვარ მისასვლელი. რედაქტორებთან იმიტომ, რომ ორ რედაქციასთან ვთანამშრომლობ. მე კარგი ჟურნალისტი ვარ, თანაბრად ძლიერი პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ საკითხებში. სოციალურ თემებს კიდევ უფრო კარგად ვშლი. სახლში ჯდომის რამდენიმე წელმა საშუალება მომცა, ფიქრის, განსჯის და ანალიტიკური წერის უნარები გამევითარებინა. ჩემს სარდაფში ჯერ კიდევ ინახება იმდროინდელი ნაჯღაბნ-ნაწვალები. მაგრამ შედეგი „უალა“, ძალიან კარგი მივიღე. პირველად რომ მივედი ჩემს #1 რედაქტორთან, თითქოს კარგად მიმიღო. სტატიაც მოეწონა, მერე დაფიქრდა და მეუბნება: „სოფია, საყვარელო, ამ სვეტში დაბეჭდვაზე ისეთი ამბავია, იმდენ ხალხს უნდა, ასე ადვილად ვერ გამოვა ეს ამბავი“.

- რატომ? - გულწრფელად ვიკვირვებ მეც.

- გარდა ნიჭისა, კიდევ რაღაცებია საჭირო, - თვალები ჩემი მკერდისკენ გაურბის.

- ბატონო აკაკი, იქნებ პირდაპირ მითხრათ, რომ მე საკმარისად კარგი ჟურნალისტი არ ვარ.

- არა, სოფია, საყვარელო, კარგი კი არა, ზედმეტად კარგი ხარ. მაგრამ ურთიერთობები მნიშვნელოვანია, ხომ გესმის...

სიტყვები „ ხომ გესმის“ არასდროს მესმოდა, ალბათ, ვერც ვერასდროს გავიგებ, რადგან ჩემს სიტყვათა მარაგში იმდენი სიტყვაა, ამ ფრაზის გამოყენება არ მჭირდება და ასე მგონია, სხვასაც არ უნდა სჭირდებოდეს. ან თქვი, რა გინდა, ან არ თქვა. მე რა ვიცი, რა ჯანდაბა უნდა მესმოდეს. მაგრამ ახლა, როცა ჩემს ძვირფას მომავალ რედაქტორს სათვალის ზემოდან გადმოცვენილი თვალები ჩემს ჩახსნილ მაისურში ჩარჩა, ზუსტად ვხვდები, რა უნდა მესმოდეს.

- ბატონო აკაკი, იქნებ ხვალ საღამოს შევხვდეთ, მე გეპატიჟებით ვახშამზე და უკეთესად გავიცნოთ ერთმანეთი. -

ვუღიმი ჩემს მომავალ რედაქტორს და მკერდს წინ ვწევ.

- კარგი, სოფია, საყვარელო, ჩემი ნომერი ხომ იცი და მომწერე. ხვალ საღამოს შევხვდებით. შენ ოჯახი გყავს? -

მეკითხება დაგვიანებით.

- დიახ, ქმარი მყავს, მაგრამ პრობლემა არაა, საქმიან ვახშამზე გამომიშვებს (მაშინ ჯერ კიდევ მყავდა ქმარი, მაგრამ ჩემი ძვირფასი მეუღლე სახლში არ იქნებოდა, ან სანამ ის მოვიდოდა, მე დაბრუნებას მოვასწრებდი. ან ვეტყოდი, რომ კინოში მივდიოდი. ბედნიერიც კი იქნებოდა სახლში მარტო ყოფნით).

მეორე დილიდან ტანსაცმლის არჩევით და გეგმების დადგენით ვიყავი დაკავებული. მაიკოს მოტანილი პატარა კამერა სწორედ მაშინ „დავტესტე“. მანამდე საკუთარი თავი, მორალი თუ აღზრდა ჯერ კიდევ არ მაძლევდა საშუალებას, ჩემი ქმრის წინააღმდეგ გამომეყენებინა. კამერა დიდი ბებიის ნაჩუქარ ალმასისთვლიან ბეჭედში

ჩავამაგრე. მერე სისტემა მობილურ ტელეფონთან შევაერთე. ცოტა გამიჭირდა, მაგრამ გამოვიდა. მართალია, გამოსახულება ცოტა დაბურული იყო, მაგრამ გამომადგებოდა.

საბოლოოდ შეხვედრა პატარა რესტორნის დაკეტილ, მყუდრო ოთახში დავნიშნე. საკმაოდ მოკრძალებულად ჩავიცვი. დღეს სექსუალური ემოციების გარეშე, გულწრფელი საუბრის სურვილი უნდა გამომეწვია ჩემს მომავალ რედაქტორთან.

ბატონი აკაკი რესტორნის ეზოში შემომეგება. ჩემზე ადრე მოსულა და სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა. მაგიდასთან მის მოპირდაპირედ დავჯექი და ტელეფონში კამერის ჩართვის ბრძანება გავუშვი. გადასარევია, გამოსახულება ჩანდა. წესით, ხმაც უნდა ყოფილიყო. წითელი ღვინო შევუკვეთე და ნახევარი საათი მოთმინებით ვუყურებდი, როგორ ნთქავდა ბატონი აკაკი ქართულ მამაპაპურ მწვადს თავისი საწებლით და აყოლებდა წითელ ღვინოს.

- სოფია, საყვარელო, - გავახსენდი, როგორც იქნა მეც, - მომიყევი რამე შენს თავზე.

ოხ, ბატონ აკაკის ჩემი ოჯახის დეტალები აინტერესებს, უნდა გაიგოს, რამდენად ხშირად და ადვილად ექნება შანსი ჩემი საწოლში შეთრევის.

- ბატონო აკაკი, - შუბლზე ხელი მოვისვი და თვალები ავაფახურე, - ძალიან მტკივნეული თემაა ჩემთვის. ჩემი ქმარი სულ სამსახურშია. რაც გავთხოვდი, სახლში დამსვა და მასაც ძირითადად ვერ ვხედავ. არც კი აინტერესებს, სად ვარ და რას ვაკეთებ.

აკაკის თვალები გაუფართოვდა და კმაყოფილებით ჩაეღიმა. პრინციპში, ტყუილს არც ვამბობდი, უბრალოდ ეს ხმამაღლა პირველად ვთქვი. ვთქვი და გული მეტკინა ჩემს თავზე.

- რთულია, მაგრამ მუშაობს და რა ქნას, - კაცურ-ქართული სოლიდარობა გამოიჩინა კაცმა ჩემი ძვირფასი მეუღლის მიმართ.

- მართალია, მაგრამ მეც ხომ უნდა მომხედოს, საერთოდ არ ვაინტერესებ. სულ დაკავებულია და ჩემთვის არ სცალია. მე სულ მაკლია ყურადღება და კაცის გვერდით დგომა. - თვალები ამიწყლიანდა და შემეცოდა ჩემი თავი. - თქვენ თუ ახერხებთ ოჯახური მყუდროების შექმნას, ის რატომ ვერ ახერხებს? - დავსვი რიტორიკული კითხვა და თვალები ავაფახურე. არც აკაკი იქნებოდა კარგი ქმარი, მაგრამ იქნებ მის ცოლს მოსწონდა ასეთი, მე რა ვიცოდი. კაცს შექება ესიამოვნა, კმაყოფილი იყო.

- სოფია, რთული საკითხია დაარეგულირო პირადი ცხოვრება და ოჯახი - ფილოსოფიური საუბრების ხასიათზე მოვიდა აკაკი. აქამდე მეგონა, რომ პირადი ცხოვრება ოჯახში ქმართან ან ცოლთან ცხოვრებას ნიშნავდა. ახლა აღმოვაჩინე, რომ პირადი ცხოვრება და ოჯახი, ორი სხვადასხვა რამე ყოფილა. - კარგი ქმარი ვარ, მაგრამ ჩემი ცოლი, როგორც ქალი, აღარ მაკმაყოფილებს, ხომ ხვდები...

- დიახ, - თავს ვუქნევ მე. ვხვდები და მინდა ამაზე ისაუბროს ახლა. ამიტომ ბეჭდიან ხელს ლოყას ვაყრდნობ და ინტერესით შევყურებ. - ჩვენ უკვე ოც წელზე მეტია ერთად ვცხოვრობთ. მე მას პატივს ვცემ, როგორც ჩემს ცოლს და ჩემი შვილების დედას. ოჯახში ფული შემაქვს, მის ნათესავებს ვპატრონობ, ბავშვებს ყურადღებას ვაქცევ. მაგრამ უკვე ასაკი მოემატა, - თავს დანანებით აქნევს. - მე კაცი ვარ და სხვანაირი სითბო მჭირდება.

- თქვენმა ცოლმა იცის? - დავინტერესდი გულწრფელად, - ხვდება რამეს?

- ალბათ. ამდენი წლის ცოლქმრობის მერე სხვანაირად რომ არ იქნება, თვითონაც იცის. ყველა კაცს ბეზრდება ერთი და იგივე ქალი. - დაასკვნა აკაკიმ და ამ დასკვნით კმაყოფილმა ჭიქა ღვინო მოიყუდა.

- არ მუშაობს?

გაგრძელება იქნება

ავტორი: სალომე ტაბატაძე