მსახიობი ანა ჯავახიშვილი ხალხმა „ჩემი ცოლის დაქალებში“ შესრულებული ქრისტინე ქალთევზაშვილის როლით გაიცნო და შეიყვარა. ანა პროფესიით მსახიობია და, როგორც აღმოჩნდა, 3-ჯერ იყო სერიალის ქასთინგზე, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ მოარგეს როლი. წარუმატებელი მცდელობების შემდეგ ანას, როგორც იქნა, როლი დაუმტკიცეს. მსახიობი ხშირად ამბობს, რომ რეალურ ცხოვრებაში თავისი პერსონაჟისგან სრულიად განსხვავებული ტიპაჟია.
სულ ცოტა ხნის წინ ანა ჯავახიშვილმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და ოჯახი შექმნა. მისი რჩეული დემეტრე ხოფერიაა. ოჯახური ცხოვრების შესახებ მან „თბილისელებთან“ ისაუბრა:
„ვერ ვიტყვი, რომ ეს გადაწყვეტილება რთულად მივიღე. როცა მე და დემეტრემ ურთიერთობა დავიწყეთ, თავიდანვე მქონდა შეგრძნება, თუ ეს ნაბიჯი გადაიდგმებოდა, მე ძალიან მარტივად მივიღებდი და ასეც მოხდა. ყველაფერი მალე, ყოველგვარი სირთულის გარეშე დავგეგმეთ, თუმცა ძალიან მალეც არა, ერთ წელიწადში. ადამიანები სამი-ხუთი წელი ერთად არიან და მერე დგამენ ამ ნაბიჯს და შეიძლება ამასთან შედარებით მალეა, მაგრამ ჩვენ ძალიან დიდი ხანი ვიცნობდით ერთმანეთს და აქედან გამომდინარე, ორივემ მარტივად მივიღეთ გადაწყვეტილება.
მეც მეგონა, რომ რაღაც შეიცვლებოდა, მაგრამ თურმე, არა, ყველაფერი იმავენაირადაა. უბრალოდ, ჩვენც და გარშემო ყველას უხარია, გვილოცავენ და დადებითი ენერგიით ვიმუხტებით. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ოჯახური ცხოვრება განსხვავდება მანამდელი ცხოვრებისგან“ - ამბობს ანა “თბილისელებთან“ საუბრისას.