"სიბერე არ არსებობს! არსებობს ცხოვრებისგან დაღლა, სურვილების გაქრობა, გაბეზრება. რომ იციან თქმა, დავბერდიო და ჩაიცვამენ რაღაც დაჯოჯილ სამოსს, ეს სიბერე კი არა, უპატივცემულობაა საკუთარი თავის და ცხოვრების! ადამიანი ყოველთვის უნდა გაიზარდოს! კი არ უნდა ბერდებოდეს, არამედ ბრძენდებოდეს!" - ამბობს მომღერალი ნუცა შანშიაშვილი, რომელიც გემოვნებასთან დაკავშირებულ საკუთარ შეხედულებებს ნიუ-იორკიდან გვიზიარებს...
- გემოვნება ოჯახში ყალიბდება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დაბადებიდან, ბავშვობაში რას ხედავ, როგორ მუსიკას უსმენ, როგორ წიგნს კითხულობ და ა.შ. ყოფილან თვითმყოფადი გენიოსებიც, რომლებიც სადღაც ღრმა სოფელში გაიზარდნენ, მაგრამ უმაღლესი გემოვნება ჰქონდათ. ეს იშვიათი შემთხვევაა. უფრო ხშირად გემოვნება შესაბამის გარემოში ყალიბდება. თუმცა მისი გამომუშავებაც შეიძლება, თუ ადამიანს რაღაცას აუხსნი, აჩვენებ, სწორ მიმართულებას მისცემ... მაღალი ხელოვნება გემოვნების ჩამოყალიბებაში ყველაზე დიდ გავლენას ახდენს. ხელოვნება ის ძალაა, რომელსაც ადამიანზე პირდაპირი ზემოქმედება შეუძლია.
- მოგზაურობას როგორ ქვეყნებში ამჯობინებთ?
- ვგიჟდები ლათინური ამერიკის ქვეყნებზე - კუბა, ურუგვაი... მხიბლავს კანარის კუნძულები, იამაიკა, სენ-მარტენი... კუბაში ჯერ არ ვყოფილვარ და ოცნებად მაქვს, როდის წავალ. ძალიან მიყვარს ლათინოამერიკული მუსიკაც...
ურუგვაი ნამდვილი სასწაულია! სანაპიროზე ფაფუკი, მუქი ყვითელი ქვიშაა. ქუჩები გამდიდრებულია ცოცხალი, ულამაზესი ხეებით, რომლებზეც ასევე ულამაზესი, დიდი ყვავილები იზრდება. მსგავსი რამ მხოლოდ ურუგვაიში ვნახე... პატარა ქუჩიდან მეორე ქუჩაზე გადადიხარ - მოვლილი, გაპიწკინებული სახლები და საოცრად მყუდრო ატმოსფეროა. ალბათ, იქაც აქვს ხალხს პრობლემები, მაგრამ ირგვლივ სიმშვიდე იგრძნობა.
იამაიკაზე, ბაჰამის კუნძულებზე მე და ჩემი მეგობარი ტურით ვიმყოფებოდით. იქ ვიგრძენი, რომ ძალიან დიდი განსხვავებაა მდიდარ და ღარიბ სამყაროს შორის. ქალაქში გემით რომ მივედით და პორტიდან ცენტრისკენ შევდიოდით, პატარა ოთხკუთხედი, ლამაზი სახლები, სიგარას მაღაზიები დავინახეთ, გარშემო კი ძალიან არომატული ყავის სურნელი იყო, ლათინოამერიკული მუსიკა ისმოდა და ყველაფერი მართლაც ძალიან თავბრუდამხვევი გახლდათ... ჩვენთან მოვიდა ერთი მაღალი კაცი და გვითხრა: თუ გინდათ, ქალაქს დაგათვალიერებინებთო. ცოტა არ იყოს, შეგვეშინდა, მაგრამ შემოთავაზებას მაინც დავთანხმდით... თავიდან ულამაზესი პატარა ქუჩები გავიარეთ, შემდეგ უკიდეგანო სიღარიბეში აღმოვჩნდით. საშინელი სიღატაკე იყო, ბავშვები პირდაპირ მიწაზე დაყრილ საკვებს იღებდნენ და ჭამდნენ. თავი რაღაც ფილმში მეგონა... ეს ქუჩები რომ გავიარეთ, ამ კაცმა უცებ გაზს ფეხი მიაჭირა, სწრაფად გაიჭრა. ვუთხარით, უკან მიბრუნებულიყო, რადგან მალე გემთან უნდა მივსულიყავით, მაგრამ გვთხოვა, სულ ერთი წუთით წამომყევით, პატარა გორაზე ავალ, სულ იქ ვლოცულობ და ახლა ლოცვის დრო მოდისო... მე და ბელას ძალიან შეგვეშინდა, ერთმანეთს დამფრთხალი ვუყურებდით...გაგრძელება