ინანო მუშკუდიანი იტალიაში ინდუსტრიული დიზაინერი და ინტერიერის არქიტექტორია. ამჟამად ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში მუშაობს. უცხო ქვეყანაში წარმატებული გოგონა საკმაოდ ცნობილი ოჯახიდანაა. ის ქართველი რეჟისორის, თემურ ჩხეიძის შვილიშვილი და მსახიობ ეკა ჩხეიძის ქალიშვილია. ინანო პრესასთან ურთიერთობას გაურბის, მაგრამ ამჯერად გამონაკლისი დაუშვა და იტალიიდან ვრცლად გვესაუბრა:
- ისეთ ოჯახში დაიბადეთ და გაიზარდეთ, სადაც ოჯახის თითოეულ წევრს კულტურის სფეროში უზარმაზარი წვლილი აქვს შეტანილი. როგორი იყო თქვენი ბავშვობა ასეთ გარემოცვაში - ჰობი, მისწრაფებები, პროფესიის არჩევა?
- ხელოვანთა ოჯახში დავიბადე და ხელოვნებით არის ჩემი ცხოვრება მოცული... ხელოვნების ყველა სახეობის მიმართ ინტერესი და მისწრაფება ღრმა ბავშვობიდან, სწორედ ოჯახიდან გამომდინარე ჩამომიყალიბდა. მაგალითად, მუსიკა ჩემი ცხოვრების უდიდეს ნაწილს შეადგენს, განსაკუთრებულად მიყვარს. ეს გრძნობა ჩემში ბუნებრივად ჩამოყალიბდა. დედაჩემის დედა, ლალი გურგენიძე, მევიოლინეა. მის კვალს გაჰყვა მოგვიანებით ჩემი დეიდაც, თეონა ჩხეიძე, რომელიც დღეს ძალიან წარმატებული მევიოლინეა ინტერნაციონალურ მუსიკალურ სამყაროში. ის წლებია გერმანიასა და ავსტრიაში მოღვაწეობს. ამას იმიტომ ვყვები, რომ დაბადებიდან კლასიკური მუსიკის ფონზე ვიზრდებოდი, სულ მცირე, იმის გამო, რომ დეიდაჩემი ძალიან ბევრს მეცადინეობდა... მეორე მხრივ, მამაჩემის მამა, თენგიზ მუშკუდიანი, ოპერის მომღერალია და ალბათ სისხლშიც მირევია მუსიკის მიმართ დიდი სიყვარული. პატარა ვიყავი, ფორტეპიანოზე დაკვრის სურვილი რომ გამოვთქვი და მერე მუსიკალური შვიდწლედიც დავამთავრე. პარალელურად, მაკა მახარაძის საბალეტო სტუდიაში დავდიოდი და ბალერინობაზე ვოცნებობდი.
ყველაზე განსაკუთრებულად და აღტაცებით მახსენდება სპექტაკლები, რომლებშიც მონაწილეობას ვიღებდი... პირველად მაშას როლი მერგო "მაკნატუნაში", რომელიც თამაზ ვაშაკიძის ქორეოგრაფიით დაიდგა მარჯანიშვილის თეატრში. არასოდეს დამავიწყდება ის ქაოსი და უსწრაფესი გულისცემა, პირველად სცენაზე გასვლის წინ რომ ვიგრძენი. სპექტაკლის დაწყებამდე კულისებში დედა უკან მედგა, თავისი პატარა საიდუმლო "რიტუალი" გამაკეთებინა, სცენაზე გასვლის წინ, რომ ყველაფერს კარგად ჩაევლო და გამიშვა. ამას მოჰყვა "მძინარე მზეთუნახავი", გასტროლები მოსკოვში… მახსოვს, იმ დროს დანამდვილებით ვიცოდი, რომ ბალეტს გავყვებოდი.
ამ ყველაფრის პარალელურად, მამაჩემის დამსახურებით (რომელიც არქიტექტორია), ღრმა ბავშვობიდან ვხატავ. შესაბამისად, მხატვრობაც ჩემი ცხოვრების უდიდეს ნაწილს წარმოადგენს. ხატვა ყოველთვის საოცნებო პროფესიასა და ჰობს შორის მერყეობდა. თუმცა უნდა ვაღიარო: ჩაბნელებულ ცარიელ პარტერზე, ბჟუტურა პატარა ნათურით განათებულ, კულისებისკენ მიმავალ შავ ლაბირინთებზე, საგრიმიოროს ფუსფუსზე და სცენის პარკეტის ჭრაჭუნზე დიდი პოეზია და მისტიკა ჩემთვის დღემდე ცოტა რამეს აქვს. როცა შემეძლო, სულ ვესწრებოდი რეპეტიციებს. სპექტაკლებს იმდენჯერ ვნახულობდი, სანამ ყველა სცენას და რეპლიკას ზეპირად არ ვისწავლიდი... იყო პერიოდი, უმეტეს დროს თეატრში ვატარებდი, ან უბრალოდ ახლა მახსენდება ასე, რადგან ამაზე მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი ცოტა რამ ხდებოდა ჩემ გარშემო. რეალურად მსახიობობაზე ფიქრი მარტო მაშინ დავიწყე, როდესაც დათო საყვარელიძემ სპექტაკლში დამაკავა. ეს იყო პიესა, სახელწოდებით "სახლი საზღვარზე", რომელიც ერთი ოჯახის ისტორიაზეა და მე უმცროსი ქალიშვილის როლი მერგო. ხმის ამოღება დიდად არ მევალებოდა, მხოლოდ ხასიათში უნდა მეთამაშა. ეს ჩემი დიდი სამსახიობო კარიერის პირველი ნაბიჯები მეგონა...
- ქალბატონი ეკა შეუდარებლად გამოიყურება, ალბათ ბევრს დები ჰგონიხართ... როგორია თქვენი დედაშვილობა?
- დედა ჩემი საუკეთესო მეგობარია. ეს ყოველთვის ასე არ იყო და საკმაოდ დიდხანს გვქონდა კლასიკური დედა-შვილური დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. ყველაფერი მაშინ შეიცვალა ეტაპობრივად, როდესაც გერმანიაში წავედი სასწავლებლად და დამოუკიდებელი ცხოვრება დავიწყე. იქ თანდათანობით ვიგრძენი, რომ ჩვენი ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება და ამ ურთიერთობის აღქმა იცვლებოდა. დღეს ეკა ჩემი საუკეთესო მეგობარია, ასი პროცენტით გულწრფელი და თანასწორი დიალოგი გვაქვს ყოველ ჯერზე ერთმანეთთან. ეკას ისეთი ხასიათი აქვს, რომ უფროსი ადამიანის გვერდით ყოფნის "დისკომფორტს" ახალგაზრდა ადამიანს არასოდეს გაუჩენს. ამიტომ ჩვენი სიყვარული დედაშვილურს დიდი ხანია სცდება და ბონუსად მეგობრული სიყვარულიც ემატება.