ცნობილი თურქული სერიალის მთავარი გმირი ქალის როლს ქართველი მსახიობი ნანა სტამბოლიშვილი შეასრულებს. "Emanet" ("სხვისი შვილი") - ასე ჰქვია სერიალს, რომელიც წლებია უკვე სხვადასხვა ქვეყანაში დიდი რეიტინგით სარგებლობს და ის ერთ-ერთ ქართულ არხზეც გადის.
სერიალის სიუჟეტი ასე ვითარდება: პატარა ბავშვი, რომელიც დედ-მამას დაკარგავს, დაპირისპირების მიზეზი ხდება. ბიჭის ბიძა ცდილობს, ძმისშვილი თავად აღზარდოს, მაგრამ ამის საშუალებას გარდაცვლილი რძლის და არ აძლევს. საბოლოოდ წყვილს ერთმანეთი შეუყვარდება, მაგრამ წინ უამრავი დაბრკოლება შეხვდებათ.
სერიალში მთავარ გმირ ქალს ცნობილი თურქი მსახიობი სილა თურქოღლუ თამაშობდა, შეყვარებული მამაკაცისროლს კი, როგორც ხშირად უწოდებენ, "გაუცინარი კაცი" ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანი. წარმატებული სერიალი მაყურებელმა მალე შეიყვარა, თუმცა მეორე სეზონის ფინალი სილას გარეშე გადაიღეს, რადგან ქალი მოულოდნელად სერიალიდან წავიდა. ის უბრალოდ ადგა და გადაღებებზე აღარ მივიდა და განაცხადა, რომ მესამე სეზონში მონაწილეობაზე უარს ამბობდა.
თურქული მედია წერს, რომ ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანის პარტნიორი სერიალ Emanet-ში მესამე სეზონიდან ქართველი ნანა სტამბოლიშვილი იქნება.
ნანა სტამბოლიშვილი მოდელი და მსახიობია. ახალგაზრდა ქალის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ ვრცელდება, მაგრამ, როგორც ჩანს, "სხვისი შვილი“ მისთვის პირველი თურქული დრამა იქნება.
სერიალი განსაკუთრებულად პოპულარულია თურქეთის საზღვრებს გარეთ, მთავარ გმირებს კი, ჰალილსა და სილას, საუკეთესო წყვილად აღიარებდნენ სოციალურ ქსელში. ისინი შეყვარებულებადაც გამოაცხადეს და წერდნენ, რომ დაქორწინებასაც კი აპირებდნენ. სილა თურქოღლუმ სერიალის გადამღები კომპანია Karamel Yapım-ი მობინგში დაადანაშაულა.
მსახიობმა განცხადება ადვოკატის საშუალებით გააკეთა. ქალს კონკრეტულად არ განუცხადებია, თუ რა სახის ზეწოლას ახდენდნენ მასზე, რადგან ტერმინი მობინგი მოიცავს თანამშრომლის დაშინებას, შანტაჟს, კრიტიკას, შეურაცხყოფას და დაცინვას.
რაც შეეხება ნანა სტამბოლიშვილს, მას საქართველოში ნაკლებად იცნობენ. ქალს მეუღლე, ლაშა მგელაძე და ერთი შვილი ჰყავს. როგორც მისი "ფეისბუქიდან" გავარკვიეთ, ის უკვე იმყოფება სტამბოლში გადაღებებზე.
მართალია, თავად მედიასთან სერიალში მონაწილეობის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს, მაგრამ სერიალის შემქმნელების ოფიციალური ინფორმაციით, ახალ სეზონში ჰალილს პარტნიორობას ნანა სტამბოლიშვილი გაუწევს.
სტამბოლიშვილის "ფეისბუქპროფილზე" ვკითხულობთ:
"ახლა ვფიქრობ, ალბათ როგორ გიჭირს შენი ლამაზი ოჯახიდან შორს ყოფნა. როგორ გენატრება შენი ოჯახი. ამხელა ნაბიჯის გადადგმა ალბათ ძალიან გაგიჭირდებოდა, მაგრამ ესეც შენს და შენი ოჯახის სიძლიერეს ამტკიცებს...
არ შემიძლია არ აღვნიშნო შენი მეუღლის მხარში დგომა, ბევრი ვერ ან არ გააკეთებდა ამას. ეს ამტკიცებს თქვენი ლამაზი სიყვარულის სიძლიერეს.“
ლაშა მგელაძე და ნანა სტამბოლიშვილი ბათუმში ცხოვრობენ. მათ ქალაქში გამორჩეულ წყვილად მიიჩნევენ. ერთმანეთი კაბადოკიაში გაიცნეს 15 წლის წინ, როდესაც ცეკვის ანსამბლი გასტროლზე გახლდათ და ლაშამ ნანა სცენაზე ნახა. მალე დაქორწინდნენ და მას შემდეგ ისინი არაერთ კლიპში არიან გადაღებულები.
„უკვე ოფიციალურად შემიძლია დაგიდასტუროთ ეს ინფორმაცია… უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, ვინც მგულშემატკივრობთ… თქვენი გვერდით დგომა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია… პირველ რიგში, ჩემი ქართველები მაძლევთ სტიმულს და ძალას… ვეცდები, ღირსეულად გავართვა თავი და წარმოვაჩინო ჩემი ქვეყანა და ქართველები ისე, როგორც ჩვენ გვეკადრება… უამრავი წერილი შემომდის, გაზიარებაზე მონიშვნა, კომენტარი. დროის სიმცირის გამო ვერ ვახერხებ ყველას წაკითხვას და პასუხის გაცემას, მაგრამ ჩემი ოჯახის წევრები მიყვებიან და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასე გაგახარეთ. უფალი ჩვენკენ“ - წერს ნანა სტამბოლიშვილი სოციალურ ქსელში.