მუყაოს ფრთები - თავი 15 - Marao

მუყაოს ფრთები - თავი 15

2022-08-12 09:57:51+04:00


წინა თავი

_ ორშაბათამდე, უფროსო.

მან პასუხი არ გამცა და არც გაჩერება უფიქრია, გარეთაც გამომყვა. მივხვდი, რომ მომიწევდა მებოსთვის მისი გაცნობა.

გარეთ ჯერ კიდევ არ დაბნელებულიყო. ჩემი დეიდაშვილის `ბმვ~ მაშინვე შევამჩნიე. როგორც ჩანს, იმანაც დამინახა და მანქანიდან გადმოვიდა.

_ მაპატიე, რომ გალოდინე, _ მოვუბოდიშე.

_ შენნაირის დალოდება ღირს, _ ღიმილით მომიგო მებომ და ლოყაზე მაკოცა. მერე კი საშკა შეათვალიერა.

_ ეს ჩემი უფროსია, საშკა მაჭავარიანი. ეს კი მებოა, მერაბ ჭიშკარიანი, _ ვაპირებდი დამემატებინა, ჩემი დეიდაშვილი-მეთქი, მაგრამ კაცებმა უკვე ჩამოართვეს ერთმანეთს ხელი და მეც აღარაფერი ვთქვი.

სწორედ ამ დროს სრულიად მოულოდნელად გავაცნობიერე: სულაც არ მსურდა საშკას გაეგო, რომ მებო ჩემი დეიდაშვილი იყო. დაე, პაემანი ეგონოს, რას ვკარგავ?

როცა მანქანაში ჩავსხედით და დავიძარით, მერეღა მივხვდი, რა სასაცილო იყო ეს ყველაფერი. ახლა საშკა იცნობდა სულ მცირე სამ მამაკაცს მაინც, ვისაც ჩემთან შეხვედრა სურდა _ მებოს, რეზის და თავისი კომპანიის ერთ-ერთ დირექტორს, ავთო მელაძეს. თაყვანისმემელთა არცთუ `ღარიბული~ სია გამოდიოდა. გულში გამეცინა…

სასიამოვნო საღამო გამოვიდა. კარგი დრო ვატარე. შუაღამე გადასული იყო, როცა შინ დავბრუნდი. მებომ ბინის კარამდე მიმაცილა, მაგრამ არ შემოვიდა, გვიანაა და აჯობებს, სახლში წავიდეო. ერთმანეთი გადავკოცნეთ და დავემშვიდობე.

მდაა, რა მძიმე დღე მქონდა! _ ვფიქრობდი, სანამ საძინებელს მივაშურებდი. ამიერიდან, სულ რომ ვკვდებოდე, არასდროს ვისარგებლებ საშკას სააბაზანოთი, ამით თუნდაც ჩემი ბედ-იღბალი წყდებოდეს!

ორშაბათ დილით მივდიოდი სამსახურში და ფეხები უკან მრჩებოდა. არ ვიცოდი, ბოდიში მომეხადა საშკასთვის თუ არა.

ქეთი ოფისში დამხვდა. დღეს უკეთ ვარ და სახლში აღარ გავჩერდიო.

_ აქ არის? _ ჩურჩულით ვანიშნე დახურულ კარზე.

_ როგორც ყოველთვის, _ ჩურჩულითვე მომიგო.

სხეული ერთიანად დამეჭიმა. ახლა მის დანახვას სიკვდილი მერჩივნა, მაგრამ რომ არ ამცდებოდა, ვიცოდი. თუმცა ისეთ დროს დამიძახა, სულ რომ არ ველოდი. მართალია, ქეთი სამსახურში იყო, მაგრამ მაინც მე მიხმო, _ ბლოკნოტი და პასტა შემოიტანე, რაღაც უნდა გიკარნახოო. ალბათ არ უნდა ქეთი ზედმეტად დატვირთოს-მეთქი, გავიფიქრე.

სანამ შევიდოდი, უკვე მტკიცედ გადავწყვიტე, ბოდიში არ მომეხადა. მაგიდას მივუჯექი, ბლოკნოტი და პასტა მოვიმარჯვე და შევხედე.

იმანაც შემომხედა და ვიგრძენი, როგორ გამიხურდა ღაწვები.

_ როგორც ვხვდები, პარასკევი საღამო სასიამოვნოდ გაატარე?

_ ვწუხვარ, რომ ასე გამოვიდა, _ უარესად გავწითლდი, _ სააბაზანოს ვგულისხმობ. ეს მეტად აღარ განმეორდება.

გაიღიმა:

_ ამას რატომღაც, უკვე მივხვდი.

მტრული მზერა მივაპყარი, მაგრამ ამას მასზე იოტისოდენა შთაბეჭდილებაც არ მოუხდენია.

_ მაშ ასე. რა გაკავშირებს მაგ მებოსთან? _ მშვიდი ხმით მკითხა.

მისმა შეკითხვამ შემაცბუნა. მაჭავარიანი უკვე აღარ იღიმოდა.

_ რა-ა?

_ მეგონა, ცოლიანი მამაკაცები უკვე აღარ გაინტერესებდა. ყოველ შემთხვევაში, მანამ მაინც, სანამ ცოლებს გაეყრებიან. მებო ჯიშკარიანს კი ჯერ კიდევ უკეთია საქორწინო რგოლი არათითზე.

გავოცდი. როდის მოასწრო მისი თითების შეთვალიერება? ან რაში დასჭირდა?

ხმა არ ამომიღია, უბრალოდ, ვიჯექი და მივჩერებოდი.

_ სერ ჯონსონ ვაისმანს, _ ამასობაში კარნახი დაიწყო და მეც სასწრაფოდ დავიწყე ჩაწერა.

ისე სწრაფად მკარნახობდა, რომ ჩემი კალამი ლამის დაფრინავდა ბლოკნოტის ფურცლებზე.

ოოოხხხ! გამაგიჟებს ეს კაცი!

სიბრაზისგან ვდუღდი, თან გამალებული ვიწერდი ნაკარნახევს. როგორ გამიხარდება, როცა ისევ მივლინებაში წავა!

_ სასწრაფოდ გადამითარგმნე ინგლისურად და ამომიბეჭდე, დღესვე უნდა გავგზავნო! _ მიბრძანა და გამომიშვა.

ოთხშაბათს შიდა ტელეფონზე დამირეკა და კვლავ მთხოვა მაგიდის შეკვეთა ორ კაცზე შაბათ საღამოს, ამჯერად სხვა რესტორანში და დააყოლა, ხუთშაბათს და პარასკევს ისევ გავდივარ ქალაქიდანო. აი, ხომ მინდოდა წასულიყო, მაგრამ ეს რომ მითხრა, რაღაც ჩამწყდა გულში. იმის გააზრებამ, რომ კიდევ ორი დღე ვერ ვნახავდი, ცუდ ხასიათზე დამაყენა.

_ გასაგებია.

_ რა არის გასაგები? _ უკმაყოფილოდ მკითხა, _ ამას იმიტომ გეუბნები, რომ ბათუმში მივდივარ და სასტუმროში ნომერი მინდა დამიჯავშნო. ქეთიმ იცის, სად მიყვარს გაჩერება და ჰკითხე. მოიცა! აჯობებს ორი ნომერი დამიჯავშნო.

_ ორი? _ გაოცებულს აღმომხდა. უარესად გავხდი, რადგან ამ წუთამდე მეგონა, რომ ჩემთვის სულერთი იყო, რომელ ლიზის, ნატას თუ ლიკას წაიყვანდა თან მორიგი მივლინებისას.

ვაა, რა საინტერესოა, ორი ნომერი რისთვის სჭირდება ნეტავ?

_ კი, ორი. ვფიქრობ, აჯობებს, თუ შენ ცალკე ნომერში იქნები. იმედია, წინააღმდეგი არ ხარ. _ მოულოდნელად `მახარა~.

ამის გაგონებაზე თვალებიც აცაბაცა გამექცა და აზრებიც.

_ შენთან ერთად მეც უნდა წამოვიდე?

_ რახან ქეთი ვერ მოდის, შენ უნდა წამოხვიდე. რა არის ამაში გასაკვირი? _ მოკლედ მომიჭრა.

ამას ნამდვილად არ ველოდი. აჯობებდა, ისევ ქეთი წაეყვანა, ასე უფრო მშვიდად ვიქნებოდი.

ღრმად ამოვიოხრე. არ ვიცოდი, თუ მივლინებებში ქეთიც დაჰყვებოდა. მას ამის შესახებ ჩემთვის არასდროს უთქვამს.

_ ჩვენ პარასკევ საღამოს დავბრუნდებით?

_ რა იყო, მორიგი პაემანი გეჭყანება? პარასკევი ღამე ამოჩემებული გაქვს თუ როგორაა შენი საქმე?

_ ჩემი საქმე ბრწყინვალედაა, უფროსო, _ ცივად მივაგებე და კინაღამ დავამატე, `შენი საქმე როგორაა, საკითხავი ეგ არის-მეთქი~, მაგრამ ეს ხმამაღლა არ გამიხმოვანებია, _ კიდევ დამავალებ რამეს?

_ დანარჩენს ქეთი გეტყვის, _ გაღიზიანება შეეტყო ხმაში.

არ მესიამოვნა. ისეთი არაფერი მითქვამს, ჩემ გამო გაბრაზებულიყო. რა ეტაკა? ოხხხ, რა შარში გავყავი თავი, მინდოდა კი ასეთი სამსახური? სულ თუ ნერვები მომეშალა, რა ჯანდაბად მინდა ან ხელფასი, ან დაწინაურება?

წამიც არ გასულა, რომ ისევ დარეკა.

_ შენ ალბათ ახლა თავს იმტვრევ, მე რაში ვჭირდები, თუ მივლინებაში მიდისო. მჭირდები და მაგიტომაც მიმყავხარ. ვიცი, რომ იტალიური იცი, ფრანგულიც და ინგლისურიც. კიდევ რომელ ენას ფლობ, შემახსენე?

_ რუსულს.

_ აჰაა… ეგ ჩვენში უცხო ენად ითვლება? _ ჩაიცინა.

_ მგონი, კი. _ არც მე დავაკელი ირონია.

_ კარგი, ხო, ვიხუმრე. შემთხვევით ესპანური ან ჩინური ხომ არ იცი? თურქულიც?

ვერ მივხვდი, მაშაყირებდა თუ სერიოზულად მეკითხებოდა, ამიტომ გაცოფებულმა მივახალე:

_ არ ვიცი, მაგრამ თუ საჭირო გახდა, ერთ თვეში სამივე შემიძლია ავითვისო!

ყურმილი დადუმდა. ნეტავ როგორი სახე ჰქონდა ამწუთას? გაოცებული თუ ირონიული? ამას ვერასდროს გავიგებდი.

_ მაგაზე ვიფიქრებ, სხვათა შორის, _ სერიოზული ტონით მომიგო და ყურმილი დაკიდა.

ისე გავნერვიულდი, თავი ამტკივდა. ქეთიმ დამამშვიდა, ეგეთი გამოხტომები ახასიათებს ზოგჯერ, ამიტომ ყურადღება არ მიაქციო, ერთ ყურში შეუშვი და მეორიდან გამოუშვიო.

არ მიაქციო კარგია! გამომდიოდა რო?

_ შენ ის მითხარი, დანარჩენს ქეთი გეტყვისო. რა დარჩა კიდევ სათქმელი? _ დუდღუნით მივუბრუნდი.

_ რა და, ლეპტოპი და პლანშეტი აუცილებლად უნდა წაიღო. მაგას ახლა იქ შეხვედრები ექნება თურქებთან, იტალიელებთან, შეიძლება ფრანგებიც იყვნენ, რა ვიცი. რახან ჩინური ახსენა, არაა გამორიცხული, მაგათაც შეხვდეს. ამიტომ წარამარა დასჭირდები პლანშეტით ხელში. არც ბლოკნოტი დაგავიწყდეს. შეიძლება ღამღამობით ლეპტოპში მოგიწიოს მუშაობამ, ამიტომ სრულად უნდა იყო შეიარაღებული. სასტუმროს ნომრებს მე შევუკვეთ, შენ მაგაზე არ იდარდო. ვიცი, სადაც უყვარს გაჩერება, _ გამიღიმა ქეთიმ.

_ მერედა, შენ მარტო შეძლებ მუშაობას? _ მზრუნველად შევეკითხე.

_ როგორმე გავართმევ თავს. თუ რამეა, ვინმეს დავსვამ ტელეფონთან და ეგ იქნება. მთავარია, შენით არ დარჩეს უკმაყოფილო.

_ და რითი აპირებს წასვლას, ხომ არ იცი?

_ მანქანით, რა თქმა უნდა.

_ ააა… _ მხოლოდ ეს ამოვთქვი და გავჩუმდი.

ვგრძნობდი, წინ ერთობ დამაინტრიგებელი მგზავრობა მელოდა.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, სახლში მივედი თუ არა, მივხვდი, რომ ბედნიერი ვიყავი საშკას კომპანიაში მოხვედრით. ჩემთვის საინტერესო იყო მისი დავალებების შესრულება და რაც უნდა გასაკვირი იყოს, ძალიან მესიმპათიურებოდა ჩემი ბოსი.

მისვლისთანავე ვახშამი მოვამზადე მამაჩემისა და ჩემი დედინაცვლისთვის. მე პირი არაფრისთვის დამიკარებია. ისე ვიყავი აჟიტირებული, ჭამის თავი არ მქონდა. ჩემს საძინებელში გავედი და ბარგის სამგზავრო ჩემოდანში ჩალაგება დავიწყე.

ცოტა ხანში ესმამ შემოიხედა და აწუწუნდა. აქაც დაგეწყო მივლინებებიო? ისეთი ვერაფერი იშოვე, რომ მშვიდად დაჯდე კანტორაში და აღმა-დაღმა არ იწანწალოო?

ყელში მქონდა ამოსული ამ ქალის ვიშვიში. გულზე რომ არ ვეხატებოდი, გასაგები იყო, მაგრამ ჩემ გარეშე რომ არ შეეძლო, ამასაც ვხედავდი. ოღონდ მისი საკეთებელი მეკეთებინა და სიხარულით ამიტანდა, თუმცა თვალის დასანახავად ვერ მიტანდა. მე კი ერთი სული მქონდა, როგორმე ცალკე გადავსულიყავი. რამდენჯერ დავაპირე ამ საქმისთვის თავი მომება და ვერა და ვერ მოვიცალე.

აი, დავბრუნდები და მერე მე ვიცი! _ დავიქადნე გულში, ესმას წუწუნი კი უპასუხოდ დავტოვე. მასთან კამათის სურვილი არ მქონდა.

დილით საგულდაგულოდ გამოვიპრანჭე და კომპანიაში გამოვცხადდი. ჩემოდანი მანქანაში დავტოვე და ოფისში ისე ავედი. საშკა უკვე მელოდებოდა. ოჰ, რა ფორმაში იყო! ბრწყინავდა. საოცრად ლამაზი მამაკაცი გამეჩითა. ჩემს გულს კინაღამ ინფარქტმა ხია მის დანახვაზე.

კაბინეტში შევედი თუ არა, არც მომსალმებია, ისე მკითხა:

_ როგორ ხარ? ყველაფერი რიგზეა?

როცა თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე, გასაღებების აცმას ხელი დაავლო და კარისკენ დაიძრა:

_ წავედით.

ზვარაკად შესაწირი კრავივით მივყევი უკან.

სამგზავრო ჩემოდანი ჩემი მანქანის საბარგულიდან გადმოვიტანე. საშკამ ამის დანახვაზე ჩემოდანი ჩამომართვა და თავისი მანქანის საბარგულში ჩადო. მერე წინა სალონის კარი გამიღო და ღიმილით მანიშნა, ჩაჯექიო.

ჩავჯექი…

მეგონა, მარტონი მივემგზავრებოდით, მაგრამ ასე არ მოხდა. საშკამ თავისი თანაკლასელი დაიმგზავრა, რომელსაც ცხრა წლის ქალიშვილი მოჰყავდა თან.

ერთხანს განუწყვეტლივ საუბრობდნენ, სკოლის ამბებს იხსენებდნენ და სიცილით იჭაჭებოდნენ. ძალაუნებურად მეც მეცინებოდა, რადგან მართლა სასაცილო რამეებს ჰყვებოდნენ. გოგიტამ, ასე ერქვა მის მეგობარს, `საიდუმლოდ~ გამანდო, საშკას სკოლაში მეტსახელად მაჭარი შევარქვითო.

_ მაჭარი რატომ? _ გამეღიმა.

_ იმიტომ, რომ მაჭავარიანი იყო და სხვა რა დაგვერქმია?

ამაზე ყველას სიცილი აგვიტყდა.

_ მე კი მეგონა, მის დაღვინებას არ ადგებოდა საშველი და იმიტომ, _ მივუბრუნდი გოგიტას.

_ არც უმაგისობა იყო, რომ იცოდე, _ მან მაშინვე აიტაცა ჩემი ვერსია, _ ეგ მაშინ დაღვინდა, როცა თავისი კომპანიის დამფუძნებელი გახდა, თორემ მანამ სულ მაჭარი იყო.

ახლა ამაზე ავხორხოცდით. საშკას არ სწყინდა, მეგობარი ჩემი თანდასწრებით ასე რომ ხუმრობდა მასზე, პირიქით, `ის როგორ იყო?~-თი ახალ თავგადასავალს შეახსენებდა ხოლმე.

კარგა ხანს ასე მხიარულად ვმგზავრობდით, მაგრამ ნახევარი გზა რომ გავიარეთ, მოთენთილობამ შეგვიპყრო და დავდუმდით. ყველა თავის ფიქრში ჩაეფლო. საშკა გზას ყურადღებით გაჰყურებდა და დინჯად მართავდა საჭეს. არც ძალიან ჩქარა მიდიოდა და არც ძალიან ნელა. პატარა თეკოსაც ჩაეძინა და ისე ჩავედით ბათუმში, თვალი არ გაუხელია.

როცა საშკამ გოგიტა და ბავშვი მითითებულ მისამართზე ჩამოსვა, მაშინვე სასტუმროსკენ გაეშურა და ახლაღა გამოაპარა მზერა ჩემკენ. მთელი გზის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა შემომხედა. თავი ისე დავიჭირე, ვითომ ვერ შევამჩნიე, არადა, მაშინვე ვიგრძენი. ვიგრძენი კი არა, ჩემი `მესამე თვალით~ დავინახე.

_ ყოფილხარ ბათუმში? _ მკითხა, როცა ისევ გზას დაუწყო ყურება.

_ ბევრჯერ.

_ მოგწონს აქაურობა?

_ ისე რა.

უცებ დაამუხრუჭა და გაოგნებულმა გავხედე. ვერ მივხვდი, რა დაემართა, წინაღობა არაფერი შეგვხვედრია.

_ `ისე რა~? მაგას სერიოზულად ამბობ?

_ ჰო. რა არის ამაში გასაკვირი?

_ რა ვიცი, მგონი, ჯერ არ შემხვედრია ადამიანი, ბათუმზე ეთქვას, არ მომწონსო.

_ მერედა, როდის გითხარი, არ მომწონს-მეთქი?

_ მმმ… არ ვიცოდი, `ისე რა~ მოწონებას თუ ნიშნავდა.

_ არც დაწუნებას ნიშნავს, სხვათა შორის. _ ნიშნი მოვუგე.

_ შენი აზრით, უფრო რომელს ჰგავს ეგ შენი `ისე რა~?

პასუხი არ გავეცი. რა მიხვედრა მაგას უნდოდა.

_ მაინც რა არ მოგწონს?

_ ქვიანი სანაპირო.

გაგრძელება იქნება