ნოველები

მუყაოს ფრთები - თავი 14

მუყაოს ფრთები - თავი 14
წინა თავი

სადღაც ექვსი ხდებოდა, ქალაქის ტელეფონმა რომ დარეკა.

_ გისმენთ, _ ყურმილს პირველსავე ზარზე დავწვდი.

_ კიდევ მანდ ხარ? მუშაობ? _ გაისმა ხმა, რომლის გაგონებაზე მღელვარებამ შემიპყრო.

_ ლუკმაპურისთვის თავს არ ვზოგავ, _ სიცილით მივუგე.

_ მეტი არაფრისთვის გყოფნის ხელფასი, დავიჯერო? _ ჩაიცინა საშკამ.

_ ვიხუმრე, უფროსო.

_ ქეთი სადაა?

_ ვერ იყო კარგად და ცოტა ადრე წავიდა. გაცივებულია, მგონი სურდო აქვს.

_ ოო, ეგ ცუდია. რამე პრობლემები ხომ არ არის მანდ?

_ არანაირი.

_ ოო, ეგ კარგია. მაშინ ნახვამდის, ორშაბათს შევხვდებით, _ თქვა და გამითიშა.

საშინელი იმედგაცრუება დამეუფლა. ნეტავ რას ველოდი? მასლაათს გამიბამდა? უფროსია და რისი გაგებაც სურდა, გაიგო. მორჩა.

სამუშაო საათების დარჩენილი ძვირფასი წუთები იმაზე ფიქრს მოვანდომე, შაბათ დილით ჩამოვიდოდა საშკა თუ პარასკევ საღამოს. შაბათს ხომ რესტორანში მაგიდა ჰქონდა დაჯავშნილი. ყოველ შემთხვევაში, ოფისში რომ არ შემოივლიდა, ამაში დარწმუნებული ვიყავი.

უხალისოდ გავაგრძელე მუშაობა და მართლაც გვიანობამდე შემოვრჩი. ცხრა იყო დაწყებული, გუდა-ნაბადი რომ ავიკარი.

შინ მისულს სიურპრიზი დამხვდა. მებოს შემოევლო და მელოდებოდა. უზომოდ გამიხარდა მისი დანახვა.

_ რატომ არ დამირეკე?

_ ვიცოდი, რომ წუთი წუთზე მოხვიდოდი. ამასობაში მე და მამაშენმა ვინარდავეთ.

_ და, რა თქმა უნდა, წააგე, არა? _ გავუღიმე.

_ უდავოდ. ბატონი გიორგის დამმარცხებელი ხომ ჯერ არ დაბადებულა! _ თვალი ჩამიკრა ნებომ.

მამაჩემს შექება ერთობ ესიამოვნა და კმაყოფილმა ჩაიღიმა.

_ ჰოდა, ამ წაგებულ გულზე გადით ბავშვები ეგერ, სამზარეულოში და ბავშვური საქმეებით გაერთეთ, _ ტრაბახნარევი ტონით მიგვითითა სამზარეულოზე, _ ყავა დალიეთ, ბატონებო! _ და გამარჯვებული სახით ესმას მიაშურა, რომელიც აივანზე სარეცხს ფენდა.

_ თეთრაძე, ხვალ არ გინდა გავაჯაზოთ? _ მებომ ხელი გადამხვია და სამზარეულოს კარში ორი ერთად ძლივს გავეტიეთ.

გაკვირვება მზერით გამოვხატე.

_ საღამოს, მუშაობას რომ მორჩები მერე. ჩემი კურსელები ვიკრიბებით და ნენეც წამოიყვანეო, მთხოვეს.

_ სიამოვნებით. მაგაზე უარს როგორ გეტყვი. შენთან ერთად ჯანდაბაშიც კი წამოვალ, _ ვუთხარი და ლოყაზე ხმამაღალი `მპუას~ დაყოლებით ვაკოცე.

_ მაშინ ხვალ შვიდისკენ რომ გამოგიარო?

_ ოკუ. ოღონდ ოფისში. სახლში მოსვლას ვერ მოვასწრებ. ისე, უნამუსო კი ხარ, ცოტა ადრე ვერ გამაფრთხილე?

_ აი ემ სორი, ჩემო დეიდაშვილო, მაგრამ ასე გამოვიდა.

_ ხოდა, ხვალ თავი უნდა მოვიკლა, რათა საქმე დავამთავრო, თორემ ჩემი უფროსი მივლინებიდან რომ დაბრუნდება, საყვედურებით ამიკლებს. თქვენც რაღა პარასკევი აირჩიეთ, შაბათი არ ჯობდა? _ ავდუდღუნდი.

_ შაბათს გამოვიძინებთ, გოგო, შენ რა გჭირს, შინაბერასავით რომ წუწუნებ? _ შემომიტია მებომ.

_ `სავით~ კი არა, შინაბერა ვარ და მაგიტომაც ვწუწუნებ, _ სიცილით მივუგე.

_ არა, მართლა. მოასწრებ შვიდამდე?

_ უნდა მოვასწრო.

_ მაშინ პირდაპირ გამოპრანჭული წადი ოფისში და ყველას თვალები დაუყენე. გრანდიოზული გეგმაა, რას იტყვი?

_ არაა, თან წავიღებ და იქ გამოვიცვლი. არ მინდა ვინმეს თვალში შევეჩხირო განსაკუთრებულად ჩაცმული, როცა უფროსი სამსახურში არ არის. იფიქრებენ, დრო იხელთაო.

_ რა ვიცი, ბატონო, შენი საქმისა შენ იცი, _ მხრები აიჩეჩა მებომ, _ ყოველ შემთხვევაში, რვის ნახევრამდე დაბლა დაგელოდები, ფასიან ავტოსადგომზე. ლამაზად ჩაიცვი, ხო? მიყვარს, გვერდს რომ მიმშვენებ. ჩემს ძმაკაცებს შურთ ჩემი, რომ იცოდე, როცა ერთად ვართ, შენ ხომ ნამდვილი მარგალიტი ხარ, თანაც ზღვის და არა მდინარის! _ გამიღიმა მებომ და თვალი კიდევ ერთხელ ჩამიკრა.

საბოლოოდ შევთანხმდით, რომ შვიდისთვის მოვიდოდა და თუ შემაგვიანდებოდა ჩამოსვლა, დამელოდებოდა, ოღონდ მაღლა არ ამოვიდოდა.

დილით კი თავისი მანქანით გამომიარა და სამსახურამდე მიმიყვანა. რადგან საღამოს ჩემი მანქანა აღარ დამჭირდებოდა, რატომ უნდა მეწვალა? ღამე სადგომზე რომ დამეტოვებინა, ფული მექნებოდა გადასახდელი.

მერე ნახევარი ღამე ჩემს გარდერობს ვატერორებდი, რომელი კაბა ამერჩია პარასკევ საღამოს ჩასაცმელად. მინდოდა მებოსთვის მესიამოვნებინა, თორემ საერთოდ არ მსურდა იმ საღამოზე წასვლა და გაბრწყინება.

რადგან საშკა ჯერ არ დაბრუნებულა მივლინებიდან, მე კი არ მსურდა გამოპრანჭულს სამსახურში მისვლა, კაბა და ფეხსაცმელი პარკში კოხტად ჩავდე და ისე წავედი ოფისში, ხოლო საღამოს, მებოს მოსვლის დრო რომ მოახლოვდა, ჩემს მცირე `ბარგს~ ხელი დავავლე, კოსმეტიკის ჩანთა იღლიაში ამოვიდე და პირდაპირ ჩემი ბოსის სააბაზანოს მივადექი თავის მოსაწესრიგებლად და ფორმაში ჩასადგომად.

როგორც ვვარაუდობდი, ქეთი იმ დღეს ვერ მოვიდა, თუმცა დარეკა და მკითხა, იყო თუ არა ყველაფერი წესრიგში და რამეში დახმარება ხომ არ მჭირდებოდა. ისეთი ჩახლეჩილი ხმა ჰქონდა, მივხვდი, რომ უკეთესად კი არა, წინა დღესთან შედარებით უარესად იყო.

_ შენი ჭირიმე, _ მსუბუქად ვუსაყვედურე, _ სამსახურზე კი არა, საკუთარ თავზე იფიქრე და კიდევ ბავშვზე. აქ ყველაფერი წესრიგშია, არ ინერვიულო. აჯობებს, თავს მიხედო და დროზე გამოჯანმრთელდე.

ექვსის ნახევარი იყო, როცა კმაყოფილი სახით `საქმეს შევუდექი~.

პირველ რიგში, ჩემდა ჭირად, წყლის გადავლება მომინდა. თუმცა სანამ ამას ვიზამდი, ცოტა შევყოყმანდი. არა, ეს არ შეიძლება! _ მეუბნებოდა ჩემი გონების ის საღი ნაწილი, რომელმაც იცოდა, რისი ნება მქონდა და რისი არა. რატომაც არა? _ უკვირად გონების იმ მეორე ნაწილს, მთელი დღე გულმოდგინედ რომ მუშაობდა. ვიცოდი, რომ ორშაბათს, ათის ნახევარზე საშკას შეხვედრა ჰქონდა. ამიტომ მოვასწრებდი მისი პირსახოცის შინ წაღებას, გარეცხვას და უჩუმრად თავის ადგილზე დაბრუნებას. ჩემი ბოსი ვერაფერსაც ვერ მიხვდებოდა.

თმა სარჭით მაღლა ავიწიე, წყალი მოვუშვი და როგორც კი გაცხელდა, შხაპის ქვეშ დავდექი. თბილი წყალი მესიამოვნა, თითქოს ძალები შემმატა. დიდხანს არ დავყოვნებულვარ, უცებ მოვითავე ეს ერთობ სასიამოვნო საქმე.

ის იყო, წყალი გადავკეტე, აბაზანიდან გადმოვედი და ხელი საკიდრისკენ გავიწვდინე პირსახოცის ჩამოსაღებად, რომ რაღაც ხმა შემომესმა, თითქოს კაბინეტში ვიღაც შემოვიდა. ელდისგან გული გამიჩერდა. ნეტავ რომელიმე თანამშრომელი ხომ არ მეძებს? _ გამიელვა გონებაში და გავისუსე.

წამიც და კარი გაიღო… ჩემს მტერს, რაც მე დამემართა…

_ შენ… შენ ხომ აქ არ უნდა ყოფილიყავი დღეს… _ ვლუღლუღებდი ერთიანად აჭარხლებული და დაზაფრული საშკას თვალს ვერ ვუსწორებდი. თავზარდაცემული ვერც ვინძრეოდი და ვერც იმას ვაცნობიერებდი, საიდან გაჩნდა ეს კაცი აქ, როცა სულ სხვა ქალაქში მეგულებოდა და ადრე რომც ჩამოსულიყო, წესით, ოფისში არ უნდა შემოევლო. ისღა მოვახერხე, ცალი ხელი ინსტინქტურად შიშველ მკერდზე ამეფარებინა, მეორით კი წელს ქვემოთ სიშიშვლე დამეფარა, მაგრამ მოვახერხე კი?

როგორც ჩანს, არც ის გახლდათ ჩემზე ნაკლებად დაზაფრულ-ზარდაცემული. მან შემფასებლურად შეათვალიერა ჩემი შიშველი სხეული, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ლეღვის ფოთოლივით გაფარჩხული ჩემი თითები ფარავდა.

_ შენს ადგილას სწრაფად ჩავიცვამდი რამეს. ასე თუ იგოგმანებ ამ ტერიტორიაზე, გაცივება არ აგცდება, _ მშვიდად წარმოთქვა.

ისე დამცხა, როგორც არასდროს. რომ იტყვიან, სირცხვილისგან ორთქლი გამივიდა. სანამ გონს მოვეგებოდი და განძრევას მოვიფიქრებდი, საშკამ დინჯად ჩამოხსნა თავისი პირსახოცი და მომაწოდა. მერე კი ისე გავიდა სააბაზანოდან, ერთი სიტყვაც არ უთქვამს.

მიუხედავად იმისა, რომ დრო გადიოდა და მებო უკვე დაბლა მელოდებოდა, ადგილიდან არ დავძრულვარ, კარგა ხანს აზრებს ვიკრებდი.

ღმერთო, აწი როგორ უნდა შევხედო ამ ბიჭს თვალებში? ეს რა დამემართა? ასეთი სირცხვილი როგორ ვჭამე? რა წყლის გადავლება მომინდა, სად მეგონა ჩემი თავი? _ ფიქრები გონებაში ქარიშხალივით მიმოქროდა.

ვაითუ ისევ კაბინეტშია? იქნებ მელოდება, როდის გავალ? უფალო, მიშველე რამე, შენ დამიფარე! _ ჩემს სიცოცხლეში რაც არ მითხოვია მამაზეციერისთვის, ახლა ყველა ერთად გადმოვულაგე.

ამწუთას ნაკლებად ვფიქრობდი იმაზე, რომ უფროსის ნებართვის გარეშე ვისარგებლე მისი სააბაზანოთი, თვითონ სიტუაცია უფრო მაღელვებდა.

ჩქარ-ჩქარა შევიმშრალე ტანი და ჩაცმას შევუდექი. თმა გავიშალე, სწრაფად ჩამოვივარცხე და მსუბუქი მაკიაჟიც გავიკეთე, რათა მეტხანს დავრჩენილიყავი აქ. იქნებ ამასობაში საშკა წასულიყო.

რა შესანიშნავი იქნებოდა, კაბინეტში გასულს იქ არ დამხვედროდა! აშკარაა, სამუშაოდ შემოიარა, მაგრამ ხომ შეიძლება გადაეფიქრებინა და წასულიყო? ამ შემთხვევაში ორშაბათამდე ვერ ვნახავდი. მანამ კი აზრზე მოსვლასაც მოვასწრებდი და იმის გააზრებასაც, თავი როგორ დამეჭირა შემდგომ.

მებო უკვე მელოდა. დაყოვნება აღარ შეიძლებოდა. გაბედე, ნენე, რაც იქნება, იქნება-მეთქი, შევუძახე ჩემს თავს და გავედი.

ერთ ხელში ის ტანსაცმელი მქონდა გადაკიდებული, რომელიც დღის განმავლობაში მეცვა, მეორეში კი ფეხსაცმელი და კოსმეტიკის ჩანთა.

როგორც კი კაბინეტში აღმოვჩნდი, მივხვდი, რომ ეს პარასკევი ერთობ თარსი გამოდგა ჩემთვის და იღბალი არ მწყალობდა.

საშკა თავის მაგიდასთან იჯდა. არა, არ მუშაობდა. უბრალოდ, იჯდა და მე მელოდა. როგორც კი დამინახა, ისეთი მზერა შემავლო, თითქოს ჩემს ჩაცმულობას საყვედურს უცხადებდა. წითელი კაბა მეცვა, ტანზე მოტმასნილი, მოკლე, მუხლამდე სიგრძის და მხრებმოშიშვლებული. ვიგრძენი, რომ ზუსტად ჩემი კაბისფერი დამედო სახეზე და თოვლიან ტოტზე ჩამომჯდარ ბეღურასავით მოვიბუზე.

მაჭავარიანი ადგა. მაღალქუსლიანი კი მეცვა, მაგრამ ჩემს ბოსს მაინც ქვემოდან ავცქეროდი.

_ არც კი ვიცი, რა ვთქვა, _ აღელვებულს ხმა ჩამეხრინწა.

_ ამ საღამოს, როგორც ჩანს, უნდა შეუბერო, არა?

_ უბრალოდ, დრო არ მქონდა, სახლში შემერბინა და გამომეცვალა, _ თავი ვიმართლე.

_ ამას ისედაც მივხვდი, _ მშრალად მომიგო.

სიბრაზემ წამომიარა, მაგრამ რას გავაწყობდი, მე თავად ჩავიგდე თავი ამ მდგომარეობაში.

_ უნდა წავიდე, მებო დაბლა მელოდება.

_ ალბათ მადლიერი უნდა ვიყო, რომ შენი მებო აქ არ შემოიპატიჟე ზურგის გასახეხად და ქვემოთ ალოდინე. _ გამჭოლი მზერა მომაპყრო.

რა სიამოვნებით გავულაწუნებდი ახლა, მაგრამ ვაი, რომ არ შემეძლო!

_ უნდა წავიდე, _ ცივად გავიმეორე და კარისკენ გავემართე.

ჩემდა გასაკვირად, უკან გამომყვა. ჩემს ოთახში სკამზე დადებული ხელჩანთა მხარზე სწრაფად გადავიკიდე და ლიფტისკენ გავექანე. იქაც მომყვა. გული ამოვარდნას მქონდა. რატომ მომდევს? ვეკითხებოდი ჩემს თავს და პასუხს ვერ ვპოულობდი.

ვესტიბიულამდე ჩამომაცილა. როცა ლიფტიდან გამოვედით, გამახსენდა, რომ მისი პირსახოცის წამოღება დამავიწყდა.

_ ვაიმე, პირსახოცი დამრჩა! _ შევდექი.

_ რა პირსახოცი?

_ რომელიც გამოვიყენე. მინდოდა შინ წამეღო, გამერეცხა და ორშაბათს დამებრუნებინა.

_ და მე ამას ვერასდროს გავიგებდი, არა? _ დამცინავად მკითხა, _ არ ღირს ნერვიულობად, სხვები მიხედავენ.

ყველა კუნთი უკიდურესად დამეძაბა, ნაბიჯს როგორ ვდგამდი, თვითონაც მიკვირდა. გასასვლელ კარს რომ მივუახლოვდით, მოვუტრიალდი და დავემშვიდობე:

გაგრძელება იქნება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
ლია.
ძალიან საინტერესოა რა მოხდება შემდეგ.მადლობაა.
14:24 / 12-08-2022
გამოხმაურება / 0 /
ეთერი
ქალბატონო სვეტა ძალიან საინტერესოდ წერთ. გთხოვთ ორ- ორი, ან დიდი თავები დადოთ. არ გვყოფნის. ძნელია ლოდინი. პატივისცემით თქვენი მკითხველი. იმედია გაითვალისწინებთ????????????❤️
17:20 / 11-08-2022
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93