მუყაოს ფრთები - თავი 19 - Marao

მუყაოს ფრთები - თავი 19

2022-08-17 10:00:47+04:00


წინა თავი

_ საქმე ჩემს ოჯახს ეხება.

_ რა შუაშია აქ შენი ოჯახი?

_ ნუცა ხომ დეიდაა ჩემი. ძნელია დახმარებაზე ოჯახის წევრს უარი უთხრა. ის ჩემზე ყოველთვის ზრუნავდა და ახლაც ზრუნავს. ვალდებული ვარ დავეხმარო. რაც შეეხება მებოს… ის ნუცას შვილია, ანუ ჩემი დეიდაშვილი და არავითარი შეყვარებული ან საყვარელი. _ როგორც იქნა, ვაღიარე.

_ დეიდაშვილი? _ დაეჭვებით გამომხედა, ლამის გამხვრიტა მზერით, _ მაგრამ იმ საღამოს, დედიშობილა რომ იდექი ჩემს აბაზანაში და მერე იმას ჩაუხტი მანქანაში, რას ნიშნავდა?

_ იმას, რომ ახლახან ჩამოვიდა ბათუმიდან, სადაც მუშაობს. დიდი ხანია, ერთმანეთი არ გვინახავს. ამიტომ გამომიარა, თავის მეგობრებთან საქეიფოდ წამიყვანა. ასე რომ, არც ისეთი ცუდი გოგო ვარ, როგორიც შენ წარმოგიდგენია.

კარგა ხანს დაჟინებით მიყურა, მერე ახარხარდა.

_ აბა, რატომ მაფიქრებინე ასე? მეგონა, ყველა კუთხეში თითო კაცის გამოჭერაზე ნადირობდი. იქნებ ასეცაა? მითხარი, ნენე, ბევრი ბოიფრენდი გყავდა? _ ამჯერად სიტყვა `საყვარელი~ უფრო თანამედროვე ვარიანტით ჩაანაცვლა.

ახლა კი ატეხა ჩემმა გულმა ბაგაბუგი. ინტერვალებსაც არ აკეთებდა, ისე გამალებით ბაგაბუგობდა.

ამ კითხვაზე რა პასუხი უნდა გამეცა? ბოიფრენდი არასდროს მყოლია და ქალიშვილი ვარ-მეთქი? იქნებ დამცინოს კიდევაც ამაზე? რაღაც შუალედური უნდა მოვიფიქრო.

და მოვიფიქრე.:

_ ეს ძალზე პირადული შეკითხვაა.

_ რატომ, რატომ? თუ გინდა შენც მკითხე, რამდენი გელფრენდი მყოლია და და ალალად გიპასუხებ. რაც უნდა იყოს, 21-ე საუკუნეა, რა გვაქვს ერთმანეთისგან დასამალი?

_ ასეთი შეკითხვის დასმის უფლებას ჩემს თავს ვერ მივცემ. _ თავდაჯერებულად გამოვუცხადე.

_ რადგან შენი უფროსი ვარ?

თავი დავუქნიე, მერე კი მოულოდნელად ვკითხე:

_ ესე იგი, არ მაგდებ სამსახურიდან?

ჩემმა შეკითხვამ გააკვირვა, რაც წარბების აზიდვით გამოხატა, პასუხად კი ღიმილით წარმოთქვა:

_ ისე საყვარლად მეკითხები, უარის თქმა არ შემიძლია.

_ ანუ ვრჩები? _ კონკრეტული პასუხი მსურდა, ამიტომ არ მოვეშვი. ამასობაში შევამჩნიე, წამში როგორ გარდაისახა. ის ისევ ძველი საშკა იყო _ კომპანიის უფროსი, ჩემი უფროსი.

_ ამწუთას არ მჭირდები. ამას გადავხედავ და ნახევარ საათში დაგიძახებ.

ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ბედნიერებისგან ფრთაშესხმული გამოვედი კაბინეტიდან.

ამასობაში ქეთიც მოსულიყო. ისიც კარგ ხასიათზე ჩანდა.

_ გულისრევებმა გადამიარა, _ მახარა, _ უკვე მეორე დილაა, აღარ მაწუხებს. როგორც ჩანს, ჩემს `ორსულოვან~ პრობლემებს ბოლო მოეღო.

ისე გამიხარდა, ჩავეხუტე და მივულოცე. მერე მოკლედ მოვუყევი ბათუმის ამბები და ვახალისე.

ამასობაში ნახევარი საათიც მიილია. მართლაც, საშკამ ზარი დარეკა და მეც შევედი. თავი დაეხარა და ლეპტოპში განთავსებულ მასალას ჩაჰყურებდა. სანამ ჩუმად იყო, მე მის დახრილ თავს შევყურებდი. გული საოცარი სინაზით მევსებოდა. თავის ფორმაც კი იდეალური ჰქონდა.

ღმერთო, რა მემართება?

საღამოს, სახლისკენ რომ მივემართებოდი, დეტალებში ვიხსენებდი დღის მოვლენებს. რაღაც შეიცვალა ჩვენს ურთიერთობაში. ნუთუ შემიყვარდა? ჰმ… რეზიზეც ასე ვფიქრობდი რამდენი წელი, მაგრამ ტყუილი აღმოჩნდა. თურმე არ მყვარებია, თორემ ასე მალე ვერ დავივიწყებდი. შეიძლება ახლაც იმავე სიტუაციაში ვარ? იქნებ არც ესაა სიყვარული და მხოლოდ ილუზიის ტყვეობაში აღმოვჩნდი?

თუმცა მასთან ურთიერთობას რეზისთან ურთიერთობას არც შევადარებდი. იქ სხვანაირად იყო ყველაფერი. საშკას ჩემი მოთმინებიდან გამოყვანა შეეძლო, ჩემი გაღიმებაც, გაცოფებაც, მისთვის გალაწუნების სურვილის აღძვრაც. რეზისთან კი ყველაფერი ყოველთვის მშვიდად იყო. მასთან ხმისთვის არასდროს ამიწევია. არც მას. ტბის წყალივით მშვიდი იყო ჩვენი დამოკიდებულება. არა, არა, მაჭავარიანის შეყვარება კარგს არაფერს მომიტანს. თუ სულ ასე მოგვიწევს ჩხუბი და კამათი, რაღა სიყვარულია? რად მინდა ასეთი სიყვარული? შევქმნა მასთან ოჯახი და მერე დავანგრიო? ეჰ… ნეტავ მეხვეწება ვინმე თუ? მომინდა მეც ოჯახი!

დილით, გავიღვიძე თუ არა, გადავწყვიტე, მეტად აღარ მეფიქრა საშკაზე და სამუდამოდ ამომეძირკვა გონებიდან მის მიმართ აღმოცენებული გრძნობის `ჩითილები~.

გუშინდელი დღიდან ქეთი თითქოს ხელახლა გაიფურჩქნა, ხალისიანად დაქროდა აქეთ-იქით, თუმცა საშკა დაჟინებით სთხოვდა, დილით ადრე ნუღარ გამოცხადდები სამსახურში, როცა გაგიხარდება, მაშინ მოდი და საღამოობით ადრე წადიო.

მეც ვცდილობდი, ნაკლებად დატვირთულიყო, ამიტომ სამუშაოს უმეტეს ნაწილს თვითონ ვაკეთებდი, რათა ქეთისთვის შრომა შემემსუბუქებინა.

პარასკევს, როცა ქეთი წავიდა და მარტო დავრჩი, საშკა კაბინეტიდან გამოვიდა და ჩემს მაგიდასთან გაჩერდა.

_ დასვენების დღეებში ისევ აპირებ იმის გაკეთებას, რაც წესით არ უნდა გააკეთო? _ მაგიდაზე მუშტდაყრდნობილმა მკითხა.

_ შეთავსებით სამუშაოს გულისხმობ? _ გამიჭირდა ღიმილის შეკავება, _ არა, არა, ამ შაბათ-კვირას ასეთი გეგმები არ მაქვს. სხვა საქმეს უნდა მივხედო.

_ რა სხვა საქმეს? არ მითხრა, რომ ესეც პირადულია, თორემ… _ აღარ გააგრძელა, მაგიდას მოშორდა და ხელები ჯიბეებში ჩაიწყო, თან ირიბად გამომხედა.

_ ბინა უნდა ვიშოვო. ჩემთვის მინდა გადავიდე, ცალკე.

_ ძველებურად `ბოროტ დედინაცვალთან~ ცხოვრობ?

_ ბოროტს ვერ ვუწოდებ. უფრო ავი ეთქმის, თუმცა მამა მყავს არაჩვეულებრივი, ამიტომ ერთი მეორეს ანეიტრალებს. მართალია, ბოლო დღეებში ბევრი რამ შეიცვალა სასიკეთოდ, მაგრამ მაინც ცალკე მირჩევნია.

_ რა შეიცვალა?

_ მოსამსახურე აიყვანა.

_ აჰა. ანუ საოჯახო საქმეები მანამდე შენ გაწვა კისერზე? _ რატომღაც ზედმეტ ცნობისმოყვარეობას იჩენდა ჩემ მიმართ.

_ დაახლოებით. ასეც შეიძლება ითქვას… შენ? თავად რა გეგმები გაქვს? დასვენების დღეებში ისევ აპირებ იმის გაკეთებას, რაც წესით არ უნდა გააკეთო? _ მისივე სიტყვები გავიმეორე და გამეცინა.

თავბრუდამხვევი ღიმილი გადმომაფრქვია. ჩემი გული ცხრა სანტიმეტრის სიმაღლეზე ამოხტა საგულიდან და ასე დარჩა ჰაერში გამოკიდებული, თითქოს საშკას ღიმილში ლივლივებსო.

ერთხანს ასე მიყურა, მრავლისმთქმელი მზერითა და შეუდარებელი ღიმილით, მერე კი ჩემკენ გადმოიხარა და ნახევრად ჩურჩულით მითხრა:

_ ჩემი პასუხის არ გეშინია?

_ რატომ უნდა მეშინოდეს? _ ატომურ ტალღასავით სწრაფად მოედო ჩემს სახეს ალმური.

_ იქნებ არ მოგეწონოს.

არ მომეწონება, ამიტომ ნუ მეტყვი. _ ასეთი იყო ჩემი მზერა, თუმცა სხვა რამ ვუპასუხე:

_ ნუ მაწითლებ, შეფ! _ ამ სიტყვებით უჯრა ჩავკეტე, ჩანთას ხელი წამოვავლე და ოთახიდან გავედი.

უკან არ გამომყოლია. ეს ნიშნავდა, რომ თავის კაბინეტში შებრუნდა.

შაბათს ორი ბინა ვნახე, მაგრამ არც ერთი საჩემო არ გამოდგა. პირველი ისეთი პატარა იყო, თაგვიც ვერ მოიქნევდა კუდს, მეორე კი, უფრო დიდი, არ დაიწუნებოდა, მაგრამ იმხელა ქირას ითხოვდა დიასახლისი, ნამდვილად ვერ გავწვდებოდი.

კვირას მებოს მთელი საათი ველაპარაკე მობილურით. ვითომ არ იმჩნევდა, მაგრამ მივხვდი, განადგურებული იყო. ცოლმა განქორწინებაზე განცხადება ხომ შეიტანა და ქონებასაც ითხოვდა თურმე, ანუ იმ ბინის ნახევარს, სადაც ადრე ერთად ცხოვრობდნენ.

ასე რომ, დასვენების დღეები მთლად სასიამოვნო ვერ გამომივიდა.

სამაგიეროდ ორშაბათ დილით სამსახურში მისულს ბევრად გამომიკეთდა ხასიათი.

ქეთი კარგად იყო. მუცელი უფრო და უფრო უმრგვალდებოდა, თუმცა ჩემსა და საშკას გარდა ოთახში ვინმე თუ შემოვიდოდა, ცდილობდა ისე მისჯდომოდა მაგიდას, რომ სხვებს არ შეემჩნიათ მისი უკვე კარგად გამობზეკილი მუცელი.

ნაშუადღევს ბოსმა ქეთი თავისთან გამოიძახა.

_ რამით შემიძლია დაგეხმარო? _ ვკითხე, როცა კაბინეტიდან გამოვიდა.

_ რაღაც დასაწერი მომცა, დიდი არაფერი.

_ გინდა მე გავაკეთო? _ დახმარება შევთავაზე.

_ არა, საჩქარო არაა. სახლში წავიღებ და ნელ-ნელა მივყვები, ხვალამდე მოვასწრებ, ცოტაა.

ჯერ მხოლოდ ოთხი საათი იყო, მაგრამ ქეთი წასვლას ჩქარობდა.

_ არ მეზარება, ქეთი. თუ საქმე გაქვს, ეგ მე დამიტოვე. აქვე გავაკეთებ და უჯრაში დაგიტოვებ.

_ მადლობა, მე თვითონ, _ ტუჩებით კოცნა გამომიგზავნა და გავიდა.

როგორ შემიყვარდა ეს გოგო. ძალიან დამაკლდება, ბავშვს როცა გააჩენს და აღარ ივლის. მერე კი, როცა დეკრეტული შვებულება დაუმთავრდება და სამსახურს დაუბრუნდება, საშკა დამაკლდება. რომელი უფრო დიდი დანაკლისი იქნება ჩემთვის?

ფიქრებში გართულმა თავი ავწიე და მაჭავარიანის მზერას შევეფეთე. არც შემიმჩნევია, როდის გამოვიდა. იდგა და მიცქეროდა. ფსკერამდე ჩავხედე მის უძირო ლამაზ თვალებს და ჩემმა გულმა თითქოს ბატუტზე დაიწყო ხტუნვა. მოულოდნელად მივხვდი, რატომ განვიცდიდი მტკივნეულად აქედან წასვლას. შეყვარებული ვიყავი მასზე! საშკა მაჭავარიანზე!

წარმოგიდგენიათ? რას ვიფიქრებდი!

_ გინდოდა რამე? _ ამოვიხავლე, თან ვცდილობდი, წონასწორობა აღმედგინა.

ეს შეუძლებელია! ამ გრძნობას არაფერი აქვს საერთო იმასთან, რაც რეზი თალაკვაძესთან მაკავშირებდა. მისი შეხედვა ასეთ დღეში არასდროს მაგდებდა.

_ იმ რაღაცის გარდა? _ საშკა სკამზე დაჯდა.

_ რა? _ ვერ მივუხვდი.

_ იშოვე ბინა?

რა თავაზიანობაა მისი მხრიდან, ასეთ რამეს რომ მეკითხება!

_ ორი ვნახე, მაგრამ არც ერთი არ მაწყობდა. არ იყო საჩემო.

ცოტათი დავიძაბე, ოღონდ არ ვიცი, რის გამო.

გაგრძელება იქნება