საუდის არაბეთში 34 წლის არაბ ქალს, რომელიც Twitter-ის გამოყენებისთვის გასულ წელს დააკავეს, 34 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ქალის დაკავების მიზეზი ის გახდა, რომ მას "ტვიტერზე" უფლებადამცველებისა და აქტივისტების ანგარიშები ჰქონდა გამოწერილი.
სალმა ალ-შეჰაბი გაერთიანებულ სამეფოში ცხოვრობდა და ლიდსის უნივერსიტეტის დოქტორანტი იყო. ის მაშინ დააკავეს, როდესაც არდადეგების გასატარებლად სახლში დაბრუნდა. სალმას, რომელიც ორი მცირეწლოვანი შვილის დედაა, თავდაპირველად, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
გამოძიების ინფორმაციით, სალმამ "აქტივისტების Twitter ანგარიშების თვალ-ყურის დევნებით და მათი პოსტების გაზიარებით, საზოგადოებრივი არეულობის გამოწვევა და სამოქალაქო და ეროვნული უსაფრთხოების დესტაბილიზაცია სცადა."
მაგრამ სააპელაციო სასამართლომ ორშაბათს მას ახალი განაჩენი გამოუტანა - 34 წლით თავისუფლების აღკვეთა.
შეჰაბს "ტვიტერზე" 2597 გამომწერი ჰყავდა და კოვიდისგან გამოწვეული პრობლემებისა და მისი შვილების ფოტოების გარდა, ხანდახან არაბი დისიდენტების პოსტებსაც აზიარებდა.
საუდის არაბეთში ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა ორგანიზაციამ დაგმო სასამართლოს გადაწყვეტილება. მათი თქმით, ეს არის ყველაზე ხანგრძლივი პატიმრობა, რომელიც აქამდე რაიმე მსგავსი სახის "დანაშაულისთვის" მიუსჯიათ.
მათსავე განცხადებაშია ნათქვამი, რომ ბევრი ქალი გახდა ამგვარი უსამართლო სასამართლო პროცესების მსხვერპლი, რის შედეგადაც, მათ დაუმსახურებელი პატიმრობა მიესაჯათ და მათზე "სასტიკი წამება" და სექსუალური შევიწროვებაც ხორციელდებოდა.
ambebi.ge