ყალბი ლტოლვა - თავი 17 - Marao

ყალბი ლტოლვა - თავი 17

2022-09-09 10:13:41+04:00


წინა თავი

მე და ლევანს გვიხაროდა, ბავშვმა რომ ასე გაიხარა, თუმცა ნაადრევი აღმოჩნდა ჩვენი სიხარული. უკან დაბრუნებულებმა როზა იატაკზე დავარდნილი ვიპოვეთ.

- ღმერთო ჩემო! როზა დეიდა, რა მოგივიდათ? - შევკივლე.

- ცუდად ვარ, - დაიჩურჩულა გაფითრებულმა ქალმა.

სასწრაფოს გამოძახების დრო არ იყო. ლევანმა ძლივძლივობით ასწია ღონემიხდილი ქალი და მანქანაში ჩასვა.

- შენ დარჩი, მე წავიყვან, ბავშვს მიხედე! - ჩქარ-ჩქარა მომაყარა მამაკაცმა და საჭეს მიუჯდა.

- მარტო რას გახდები?

- უპატრონოდ ვერ დავტოვებთ აქაურობას, ერთ ამბავს ატეხს, - ამიხსნა ლევანმა, პასუხს არ დაელოდა, მანქანა დაქოქა და გზას გაუდგა.

ვასიკო ზღურბლთან ატუზული დამხვდა.

- რა მოხდა? სად წაიყვანა? - შეშინებული აფახულებდა თვალებს.

- ცუდად გახდა და ექიმთან მიიყვანს.

- ხომ კარგად იქნება?

- აბა რა! წამო, გაკვეთილები ვისწავლოთ დროზე, მერე ვახშამს უნდა მივხედო, სანამ ბიძაშენი დაბრუნებულა.

ჩემი დამემართა, სანამ ლევანი დაბრუნდებოდა. ის კი დაბრუნდა, მაგრამ მარტო. ამან მთლად გამაგიჟა.

- ისე ცუდად იყო, რომ არ გამოუშვეს?

- ძლიერი ტკივილები ჰქონდა. აუცილებლად უნდა დატოვოთო და რას ვიზამდი?

- მერედა, იქ ვინ მიხედავს?

- მიხედავენ, რა პრობლემაა. თავზე მდგომებს მაინც არ უშვებენ, რა აზრი აქვს. თუ რამეა, დაგირეკავთო.

- ფული?

- ნუ დარდობ, ლადო მისთვის არაფერს დაიშურებს. ვერ წარმოიდგენ, როგორ პატივს სცემს. შენ არ იცი.

- ღმერთმა ქნას… - მხრები ურწმუნოდ ავიჩეჩე.

- შენ ამაღამ ალბათ აქ მოგიწევს დარჩენა.

- რა-ა? - გაოცებულმა ავწკიპე წარბები, - გაგიჟდი? გგონია, ღამეს აქ გავათევ? არავითარ შემთხვევაში! ვახშამი გამზადებულია, ვასიკოს როგორც კი დავაძინებ, ეგრევე წავალ. ხვალ მოვალ სამაგიეროდ ადრე, სადილზე ვიზრუნებ, აქაურობასაც მივხედავ, მაგრამ ღამე არ დავრჩები, რა სისულელეა.

ლევანი მოიღუშა.

- რა იყო? რამე ისე ვერ ვთქვი? - ვერ გავიგე, რა აწუხებდა.

- არა, არაფერი… უბრალოდ, მე ამაღამ ქალაქიდან გავდივარ, ბიძაშვილი გარდამეცვალა და ხვალ დილაუთენია ლანჩხუთში უნდა ვიყო, მელოდებიან. ვასიკო მარტო ხომ ვერ დარჩება, უპატრონოდ?

- რატომ უპატრონოდ? ბიძამისი აქ არ იქნება?

- ვერ იქნება. დღეს დაიბარა, ამაღამ ვერ მოვალ, საქონელი ჩამოდის დუბაიდან და თვითმფრინავს უნდა დავხვდეო.

- რა საქონელი?

- ეგ ჩვენ არ გვეხება, ანა… ეს მისი ბიზნესია.

- ასეთი რა საიდუმლო ბიზნესი აქვს?

- საიდუმლო სულაც არ არის… საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელი აქვს. ალბათ მორიგი პარტია ჩამოაქვთ.

- აჰა! - შეფიქრიანებულმა ქვედა ტუჩი მოვიკვნიტე, - გამოდის, ის ვერ გაიგებს, როზას რაც დაემართა. იქნებ დაგვერეკა და გვეთქვა? ვასიკოს ამაღამ მე წავიყვან სახლში, - თითქოს ვიპოვე გამოსავალი.

- რას ამბობ! მთელი ღამით სახლის მარტო დატოვება როგორ შეიძლება! დაგვხოცავს სუყველას!

- ჰო… ეგ არ მიფიქრია… - თავი გადავაქნიე, - კარგი, დავრჩები, თუმცა, არა მგონია, ეს კარგი იდეა იყოს. შეიძლება იმაზეც კი გაბრაზდეს შენი ბოსი, აქ ღამის გასათევად რომ ვრჩები, რატომ არ გამაფრთხილეთო, იფეთქებს.

- არა მგონია, ამის წინააღმდეგი წასულიყო. პირიქით, მე მგონი, გაუხარდება კიდეც.

- შენს პირს შაქარი, - გავუღიმე ლევანს და ღრმად ამოვიოხრე.

მთელი საღამო რეტდასხმულივით დავბორიალობდი. მეცოდებოდა როზა, რომელიც ახლა უპატრონოდ იყო მიგდებული პალატაში და კაციშვილი მიმხედავი არ ჰყავდა, მედპერსონალის გარდა. ისინი კი ისეთი გულგრილები არიან ხოლმე პაციენტების მიმართ… ნეტავ გამოჯანმრთელდეს. ნეტავ დადგეს ფეხზე და არა უშავს, ყველაფერს მოევლება. ოღონდ კარგად გახდეს და მერე მე მივხედავ აქ. ღმერთო, რამე რომ დაემართოს? მე რომ დამაწვეს ლადოს ოჯახი მხრებზე? არა, არა, ასეთ ცვლილებებს ვერ ავიტან! ამხელა დატვირთვა მიუღებელია ჩემთვის! ადგეს და სხვა დაიქირაოს, უმუშევარი ქალების მეტი რაა, აქეთ შეეხვეწებიან. თითქოს უსიამოვნო წინათგრძნობამ შემიპყრო. რაღაც მაწუხებდა, შეუცნობელი, გაურკვეველი…

გვიან ღამით დარეკეს საავადმყოფოდან. პაციენტს ტკივილებმა გაუარა და მშვიდად ძინავსო. ხვალ გამოკვლევები უნდა ჩაუტარდეს და იქნებ მოაკითხოთ ვინმემ, ხომ იცით, ყველაფერი ფული ღირსო.

ცოტათი დავმშვიდდი. ლევანი კარგა ხნის წასული იყო. მძინარე ბავშვს შუბლზე ვაკოცე და ოთახიდან გამოვედი. ადგილს ვერ ვპოულობდი. ამწუთას არც დაძინება შემეძლო. უზარმაზარ, დაცარიელებულ სახლში დავაბიჯებდი და სიმარტოვის შეგრძნება შიშს მგვრიდა. ჩემი პატარა ბინა მერჩივნა ყველაფერს, ორ წუთში რომ შემოივლიდი ყველა ოთახს. აქ კი ისეთი ამაზრზენი სიჩუმე გამეფებულიყო, თან იმხელა ფართობზე, ჟრუანტელი მივლიდა.

გადავწყვიტე, სადილი მომემზადებინა და საქმე წინ წამეგდო, მაინც არ მეკარებოდა ძილი. ხვალ დილით მე მომიწევდა ვასიკოს სკოლაში წაყვანაც.

ხორცი გამოვიღე მაცივრიდან და ის იყო, დაჭრა უნდა დამეწყო, რომ ვიღაცის ჩრდილი დავლანდე გამოღებულ კარს მიღმა. დაყვირების შემეშინდა. მოულოდნელად ჩრდილი ამოძრავდა და კარი ფართოდ შემოაღო. პირველად მოხდა, რომ ლადოს დანახვაზე შვებით ამოვისუნთქე.

- შენ რას აკეთებ ასე გვიან აქ? - წარბები შეჭმუხნა.

სანამ აზრზე მოვიდოდი, რა მეპასუხა, თავიდან ფეხებამდე ყურადღებით შემათვალიერა. ჯერ ჩემს გაშლილ თმას შეავლო მზერა, მერე მკლავებს, მერე მოტკეცილ ჯინსის შარვალს…

- როგორ შემაშინეთ, თქვენ გამოჩენას არ ველოდი, - ოდნავ გავუღიმე.

- ვინმე სხვის გამოჩენას ელოდი, აბა? - ცალი წარბი აზიდა და გამომხედა.

- არავისაც არ ველოდი. უბრალოდ, მძარცველი მეგონეთ.

- მძარცველი?

- აბა, სხვა რა უნდა მეფიქრა? ლევანმა მითხრა, ამაღამ არ დაბრუნდებაო.

- და თვითონ სად არის?

- ვინ?

- ლევანი.

- ლაჩხუთში გაემგზავრა. როზა კი ცუდად გახდა და საავადმყოფოში დავაწვინეთ. ბავშვი ვერ დავტოვე მარტო… ვერც სახლი…

ჩემი ყველა ახალი ამბავი სალმა კლდემ ურეაქციოდ მოისმინა, ერთი ნაკვთიც არ შერხევია სახეზე, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყოდი ჩემზე, რადგან სწორედ ამ დროს მივხვდი, რომ ამ ვეებერთელა სახლში მე და სალი კლდე მარტონი ვიყავით, თუ არ ჩავთვლიდი ვასიკოს, რომელსაც უკვე ღრმა ძილით ეძინა. ამის გაფიქრებაზე სული შემიგუბდა. მომინდა, სამზარეულოდან გავვარდნილიყავი და პირველსავე ოთახში შევკეტილიყავი. ასეც მოვიქცევი! რაც უნდა, ის იფიქროს! მასთან მარტო დარჩენა არ შემიძლია! მე რა ვიცი, რა მოუფრენს თავში! ძლივს მოვთოკე თავი, მართლა არ გავქცეულიყავი. იმისთვის, რომ უხერხულობა დამეფარა, ხორცი კვლავ ჯამში ჩავაბრუნე და მაცივარში შევდგი, გადავიფიქრე სადილის მომზადება.

- ვერ იძინებ? - თბილად მკითხა.

- ბატონო! რა მითხარით? - ონკანი მოვუშვი და ხელები გადავიბანე. მისმა ხმამ გამაოგნა.

- ვერ იძინებ-მეთქი?

- ა! კი, როგორ არა! უბრალოდ… ვასიკომ წყალი მთხოვა და… - უნიჭოდ მოვიტყუე და სახეალეწილმა ჭიქას დავავლე ხელი, წყლით გავავსე და სამზარეულოდან გასვლა დავაპირე.

მინდოდა, მშვიდად ამევლო მისთვის გვერდი, მაგრამ ნურას უკაცრავად! ადგილიდან არ დაძრულა, არც უფიქრია ჩემი გატარება. შევჩერდი და იმაზე დავიწყე ფიქრი, მეთქვა, გამატარეთ-მეთქი თუ ხელით შევხებოდი და მეგრძნობინებინა, გზა დაეთმო. მისი თვალები მოუსვენრობას შეეპყრო. გამალებით დარბოდნენ ჩემს სახეზე. უეცრად თავისი ლამაზი ტუჩები შეერხა, თითქოს გაღიმებას აპირებსო. შევკრთი, ვიფიქრე, მეჩვენება-მეთქი. მის სახეზე მშვიდი ღიმილი არასდროს მინახავს.

- ანა…

როგორც იქნა, ჩემამდე დავიდა მისი ხმა… ის მე მეძახდა… ახლაღა დავაფიქსირე, რომ ერთ ადგილას ვიყავი დალურსმული და მას მივჩერებოდი. გავწითლდი. ჭიქიანი ხელი ამიკანკალდა და იძულებული გავხდი, წყლით სავსე ჭიქისთვის მეორე ხელიც შემეშველებინა.

- რამე მითხარით? - გავისულელე თავი.

- ჰო. საჭმელი გვაქვს რამე? ძალიან მშია, - დაღლილი ხმით წარმოთქვა და… თბილად გამიღიმა.

როგორც იქნა, დავინახე მისი უიშვიათესი ღიმილი, მხვდა წილად ეს ბედნიერება. რას მოვესწარი! სალი კლდე ადამიანურად მიღიმის!

- კი, როგორ არა! კარტოფილი და ღორის ხორცი შევწვი წეღან.

- გამიცხელებ? თუ არ შეწუხდები…

თუ არ შეწუხდებიოოოო! ვაი! ეს რა თქვა! როდის ყოფილა ასეთი თავაზიანი? გაოცების დამალვა გამიჭირდა.

- დიახ, ახლავე, ბავშვს წყალს მივუტან და…

- გეყოფა ეს მასკარადი. მაგას დიდი ხანია, სძინავს. ჯობია, მე მომხედო. მთავარია, ისეთი რამე არ გაურიო საჭმელში, რომ მომწამლო, დანარჩენს მოევლება.

მისი ემოციები ყოველ წუთს იცვლებოდა. წამის წინ ისეთი დამთბარი იყო, ვერ ვცნობდი, ახლა კი კვლავ ძველებური სალი კლდე გახდა. რა უნდა, რას გადამეკიდა? გაბრაზებულმა შევხედე… შევხედე და მივხვდი, რომ იხუმრა, რადგან კვლავ ის ღიმილი დასთამაშებდა ტუჩებზე, გამომეტყველება არ შეცვლია. იქნებ ვცდები მის შეფასებაში და რაღაც ადამიანური მასაც აქვს შერჩენილი? გადავწყვიტე, ავყოლოდი ხუმრობაში.

- იქნებ ჯობია, არ გარისკოთ? ერთი ვახშმის გამოტოვებით შიმშილით სიკვდილი ნამდვილად არ გემუქრებათ, - და კეკლუცად გავუღიმე.

- არა, უნდა გავრისკო. რაღაც ძალიან მომინდა, შენი მომზადებული კერძი ვიგემო და ვერაფერი მაიძულებს, ამაზე უარი ვთქვა.

- კარგი. თქვენ თავად მიიღეთ ეს გადაწყვეტილება, მერე მე არ დამაბრალოთ, - კვლავ გავუღიმე და გაზქურას მივაშურე.

«იმედია, ძალას არ იხმარს», - რატომღაც, ამ ფრაზამ გამიელვა გონებაში და ჩემივე ნაფიქრით შემცბარმა, სანამ სუფრის გაშლას შევუდგებოდი, თმა სამაგრით შევიკარი.

როცა გაზქურა ავანთე და პურის დასაჭრელად შემოვბრუნდი, ჩემდა საბედნიეროდ, სამზარეულო ცარიელი დამხვდა. შემსუბუქებულმა ახლა უკვე ხალისით გავაგრძელე დიასახლისობა, მისი იქ ყოფნა აღარ მბოჭავდა. იქნებ კვერცხიც შევუწვა, თუ ასე მშიერია? არა, არ ღირს… ზედმეტი მზრუნველობა მოუვა ჩემი მხრიდან. გარდა ამისა, მაძღარი მამაკაცი უფრო საშიშია! განა ასე არ არის? თუ პირიქით? არ მახსოვს…

გამეცინა. რა დრო დადგა! «სალ კლდეს» ვახშამს ვუმზადებ! ოდესმე ვიფიქრებდი ამას? თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ მსიამოვნებს კიდეც ეს პროცესი. ალბათ ასე სიამოვნებთ ადამიანებს, როცა გალიაში გამომწყვდეულ მტაცებელ ცხოველებს აპურებენ, მაგალითად, ცხოველთა მეფეს ლომს ან მის «მოადგილეს» - ვეფხვს და უხარიათ, რომ ერთხელ მაინც მიეცათ ამის შესაძლებლობა.

- რა სწრაფი ხელი გქონია! - მომესმა ამ დროს ზურგს უკან.

ამის გაგონებაზე დანით კინაღამ გადავისერე თითები, ისე შევხტი.

დაბნეულმა მოვიხედე. ლადო სამზარეულოს კართან იდგა და ყურადღებით ადევნებდა თვალს ჩემს საქმიანობას. კიდევ კარგი, ადამიანებს ერთმანეთის ფიქრების წაკითხვა რომ არ შეუძლიათ. აი, სად დამერხეოდა!

მას ტანსაცმელი გამოეცვალა. ჯინსის შარვალი ჩაეცვა და მოკლემკლავიანი მაისური, რითაც თინეიჯერს დამსგავსებოდა. მზერა მის სახეზე გადავიტანე და გავოცდი - გუშინდელი პირქუშობის კვალიც კი არ შერჩენოდა. ისეთი მშვიდი და დაწყნარებული ჩანდა, უფრო სიმპათიურიც კი მეჩვენა. ამწუთას საერთოდ გადამავიწყდა, მასთან საუბარში სიფრთხილე რომ უნდა გამომეჩინა და «ავჭიკჭიკდი».

- როგორც იქნა, ნორმალურ ადამიანს დაემსგავსეთ… - და მაშინვე ენაზე ვიკბინე.

წარბები ნელა აზიდა გაკვირვების ნიშნად, თუმცა მრისხანების ნიშნები არ დატყობია.

- უკვე დიდი ხანია ვიცი, რა წარმოდგენაც გაქვს ჩემზე, - ხაზგასმით შენიშნა და მაგიდისკენ დაიძრა.

- უკაცრავად… მე სხვა რამ მინდოდა მეთქვა, - შეცბუნებული ჩემი ნათქვამის გამოსწორებას შევეცადე.

- არ არის საჭირო ახსნა-განმარტება, - თითქოს ხალისიანადაც კი შესძახა, რამაც კიდევ უფრო შემაცბუნა.

- კვერცხიც ხომ არ შეგიწვათ? - სასწრაფოდ შევცვალე საუბრის თემა.

- არ, ვიმყოფინებ იმას, რაც არის.

აშიშხინებული ტაფა მაგიდის შუაში, რკინის სამფეხზე შემოვდგი და იქვე დავდექი, რადგან სხვა ყველაფერი სუფრაზე იდო.

- ძალზე მადის აღმძვრელად გამოიყურება, - მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა და დაკვირვებით მოათვალიერა გაწყობილი მაგიდა.

ნაძალადევად გავიღიმე… უეცრად თავში დამკრა! იგი ხომ არასდროს ჭამს სამზარეულოში, ყოველთვის სასადილო ოთახში სადილობს და ვახშმობს. ეს როგორ დამავიწყდა?!

- ბ…ბ..ატონო ლადო, თქვენ ხომ… იქნებ… იქნებ სასადილო ოთახში გერჩივნათ?

- დიდი მადლობა, აქაც მშვენიერ მადაზე ვარ, არა უშავს.

- როგორც გენებოთ.

- მოდი, გვერდით დამიჯექი, - შემომთავაზა უეცრად და ელდანაკრავივით შემკრთალი მორჩილად ჩამოვჯექი მის ახლოს მდგარ ტაბურეტზე.

გაურკვეველმა მღელვარებამ ამიტანა და უნებურად მაგიდის გადასაფარებელს ჩავავლე ხელი, უაზროდ დავუწყე წვალება. მერე მუხლზე დავიფინე და ხელის გადასმას შევუდექი. რომ ეკითხა ვინმეს, რატომ ვიქცეოდი ასე, პასუხს ვერ გავცემდი. ალბათ იმიტომ, რომ რაღაც მეკეთებინა. ჯერაც ვერ მოვსულიყავი გონს. კარგ ხასიათზე მყოფ «სალ კლდეს» პირველად ვხედავდი და ეს მაოგნებდა. ის თან გემრიელად ილუკმებოდა, თან მიღიმოდა. მისი ღიმილი კი უცნაურ შეგრძნებას ბადებდა ჩემში: მომეჩვენა, რომ წამით მის სულში ჩავიხედე და იქ ისეთი გასაგები და კარგად ნაცნობი განცდები დავინახე, რომ მთლიანად შემეცვალა წარმოდგენა მასზე.

- მართლა, არ გინდა, დაწვრილებით მომიყვე, როზას რა დაემართა? - დაინტერესდა ბოლოს.

მასთან საუბრის წამოწყება ბევრად სასარგებლო საქმედ მავიჩნიე, ვიდრე გადასაფარებლის წვალება და მაშინვე ავლაპარაკდი.

- შაკიკი ჰქონია, არც ვიცოდი. რომ მოვედი, მაშინაც ძლიერი ტკივილი აწუხებდა. ერთხანს წამოწოლილი იყო. მერე ჩვენ ბაზარში წავედით და რომ მოვბრუნდით, უკვე იატაკზე ეგდო. ძალიან შეგვეშინდა. ლევანმა მაშინვე საავადმყოფოში გააქანა. ახლახან დარეკეს, უკეთ არისო. ხვალ გამოკვლევებს ჩაუტარებენ ალბათ და… ფული იქნება გადასახდელი.

- ეგ არაფერი, მე მივხედავ მაგ საქმეს. სხვა?

- სხვა… რა ვიცი, ვასიკომაც… - დავიწყე, მაგრამ არ დავამთავრე, რადგან უმალ მომაგონდა, რომ მას ბავშვზე ლაპარაკი არასდროს სიამოვნებდა.

- რა ვასიკომაც? - კითხვა შემომიბრუნა.

ყურში მომხვდა, რომ ლადომ ძმისშვილის სახელი პირველად წარმოთქვა, მაგრამ არ შევიმჩნიე და ჩვეულებრივად გავაგრძელე.

- ვასიკომაც განიცადა. ნერვიულობს, ხომ კარგად გახდებაო. როზაზე გიჟდება.

- შენც დაღლილად გამოიყურები…

- ჰო, - თავი დავუქნიე და გამიხარდა, აქედან წასვლის საბაბი რომ გამომიჩნდა, - დავიღალე, თან გვიანაა უკვე. აჯობებს, წავიდე. მთელი დღეა, ფეხზე ვდგავარ. ხვალ დილით ვეცდები, ადრე მოვიდე… ღამე მშვიდობისა, ბატონო ლადო, - ბოლო სიტყვები ფრთხილად დავაყოლე, მაგიდას მაჯებით დავეყრდენი და წამოვდექი.

ხმა არ ამოუღია, არც დამმშვიდობებია, მხოლოდ კართან მისულს დამეწია მისი ხმა.

- რომელ ოთახში აპირებდი დაწოლას?

- სათამაშოების ოთახში… იქ გასაშლელი სავარძელი დგას, მაგრამ არ ღირს, შინ წავალ.

- ამ შუაღამეს სად უნდა წახვიდე, დარჩი. ხვალ ხომ ისედაც აქ უნდა იყო. გვიანაა, ფეხით ხომ ვერ გახვალ.

- არა უშავს, ტაქსის გავაჩერებ…

- დარჩი! - ისეთი ტონით წარმოთქვა, ადგილზე გამაშეშა.

ერთიანად დამბურძგლა. ძლივს ხასიათზე იყო და ახლა რომ აყვირდეს, ვეღარ გადავიტან, მით უმეტეს, საშინლად ემოციური დღე მქონდა დღეს.

- დარჩი და ხვალ რამეს მოვიფიქრებთ, - მშვიდად დააყოლა რამდენიმე წამის შემდეგ.

სასწრაფოდ გავერიდე იქაურობას და ვასიკოს საძინებელში შევვარდი. ბავშვს მშვიდად ეძინა. ბრა ანთებული დაეტოვებინა. მკრთალი შუქი პირდაპირ სახეზე ადგებოდა. მივუახლოვდი, დავიხარე და შუბლზე ვაკოცე. ისე გემრიელად ეძინა, არც გაუგია. შუქი ჩავაქრე, მერე კი «ჩემს» ოთახში გავედი, სავარძელი გავშალე და წამოვწექი. ახლა იმაზე დავიწყე ფიქრი, რას ნიშნავდა მისი სიტყვები, «ხვალ რამეს მოვიფიქრებთო». ვითომ როზას მაგივრად სხვის მოყვანას აპირებს? მერე ის ქალი? რომ გამოჯანმრთელდება, ცოდო არ არის? რა უნდა ქნას, თუკი უმუშევარი დარჩება? მგონი, წასასვლელიც არსად არა აქვს, ის ხომ აქამდე მასთან ცხოვრობდა. მაგრამ ხომ შეიძლება, დროებით დაიქირავოს ვინმე, სანამ როზა გამოკეთდება? ალბათ ასეც მოიქცევა.

თხელი პლედი გადავიფარე ჩაცმულმა და თვალები დავხუჭე. ძალიან მინდოდა, ჩამძინებოდა. სავარძელი იმდენად ვიწრო იყო, გადაბრუნება-გადმობრუნების შანსი არ მქონდა, ამიტომ ასე, გულაღმა გაშეშებულს უნდა მეცადა დაძინება. არადა, ყველაზე ძალიან ამ პოზაში წოლა მეჯავრებოდა. ამბობენ, გულაღმა უდარდელ ადამიანებს უყვართო ძილი. მე კი სულაც არ ვიყავი უდარდელი…

არა და არ გამეკარა რული. რა არ ვცადე, რა არ დავთვალე, ცხვრები, ბუზები, სპილოებიც კი… კარგ რამეებზეც ვიფიქრე და ცუდზეც, მაგრამ ისე დამათენდა თავს, თვალი ვერ მოვხუჭე.

დილით ადრე ავდექი, ჯერ კარგად არც იყო გათენებული. ერთიანად მტეხდა სხეულში, დაბეგვილივით ვგრძნობდი თავს. თან თავი მტკიოდა. სამზარეულოში გავედი და უჯრები გადავქექე, იქნებ სადმე თავის ტკივილის წამალი ვიპოვო-მეთქი.

- ყოველთვის ასე ადრე დგები? - ამ დროს ლადო დამადგა თავს, გამოძინებული და მშვიდი სახით.

- დიახ, - თავაზიანად მივუგე. სწორედ იმწუთას ანალგინს მივაგენი და გამიხარდა, რადგან შემეძლო სამზარეულოდან გავსულიყავი.

- ეგ რად გინდა? - წამალზე მიმითითა.

- ცოტა თავის ტკივილი ამყვა.

- უზმოზე არ შეიძლება წამლის დალევა.

- ვიცი…

- ჰოდა, თუ იცი, არ დალიო… ყავას მომიდუღებ? თუ არ შეწუხდები, რა თქმა უნდა.

ასეთი თავაზიანობის შემდეგ უარის თქმას როგორ გავბედავდი.

- ახლავე… მაგრამ იქნებ ჯერ გესაუზმათ?

- რა გვაქვს, რო?

- ლორი გვაქვს, კვერცხში შეგიწვავთ.

- კარგი აზრია. ყავა ცოტა მაგარი გამიკეთე.

- ანუ, ორმაგი?

- ჰო, ორმაგი.

- სასადილო ოთახში შემოგიტანთ.

- არა. დილით მე ყოველთვის სამზარეულოში ვსაუზმობ, - ცოტა არ იყოს, უხეშად მითხრა, თითქოს უკმაყოფილებას გამოთქვამდა, ეგ როგორ არ იციო.

საიდან უნდა მცოდნოდა? მე ხომ დილით არ მოვდიოდი მათთან?

უცნაური კაცია. რატომ საუზმობს სამზარეულოში? მაშინ რისთვის სჭირდება ამხელა სახლი? ან სასადილო ოთახი რა საჭიროა, თუკი სამზარეულოში ისაუზმ-ივახშმებს? ჩემთვის გავიფიქრე, თორემ იმას როგორ გავუბედავდი ასეთი კითხვის დასმას.

არადა, მართლაც, რა საჭირო იყო ამ უზარმაზარი სახლის აშენება, ვერ ვხვდებოდი. მისთვის სამი ოთახი სრულიად საკმარისი გახლდათ - კაბინეტი, სამზარეულო და საძინებელი… და არც მოსამსახურეები სჭირდებოდა არაფერში. ერთი მოსიყვარულე ცოლიც საკმარისი იქნებოდა, რომელიც გემრიელ სადილებს მოუმზადებდა და მასზე იზრუნებდა. ბოლო ფრაზამ ჩემდა უნებურად ჩამაფიქრა და ისეთი ამოვიოხრე, გული თან ამოვაყოლე მგონი. ალბათ ამ როლში ჩემივე თავი თუ მოვიაზრე გაუცნობიერებლად.

ჩემი ოხვრა ლადოს «გაუგონარი» არ დარჩენია.

- ასე ძალიან გტკივა? - თითქოს შეშფოთებაც კი შევატყე ხმაში.

- რა? - სრულებით გადამავიწყდა, თავი რომ მტკიოდა.

- რა და თავი.

- აჰ! ძალიან არა, უბრალოდ, როზაზე ვფიქრობდი…

- მაგაზე არ იდარდო, ყველაფერი კარგად იქნება.

უსიტყვოდ დავუქნიე თავი და გამალებით შევუდექი დიასახლისობას. რამდენიმე წუთში ყველაფერი მზად მქონდა. მაგიდა გავშალე, ოდნავ შესამჩნევად გავუღიმე «სალ კლდეს» და სამზარეულოდან გასვლა დავაპირე.

- შენც ჭამე, სად მიდიხარ?

- მე… მე დილით არ ვჭამ ხოლმე.

- არა? რატომ? საუზმის გარეშე როგორ შეიძლება? თან წამალი უნდა დალიო.

- ყავას დავლევ და წამალსაც მერე…

- არავითარი! წამალს ისე არ დალევ, სანამ რამეს არ შეჭამ!

მისმა კატეგორიულმა მოთხოვნამ კვლავ მორჩილებისკენ მიბიძგა. საშრობიდან უხალისოდ ავიღე თეფში, ძალიან მცირე ნაჭერი კვერცხიანი ლორი გადმოვიღე და, რომ იტყვიან, ლოღნა დავიწყე.

- უფრო გაბედულად უნდა გაიქნიო ყბები. ვერ ხედავ, ლანდი რომ გაგდის? რას იწიწკნები? სხვის სახლში კი არ ხარ!

სხვის სახლში კი არ ხარო! ღმერთო ჩემო, ამ ერთ ღამეში რამ შეცვალა ეს კაცი? ვერ ვცნობდი. ისე თბილად და შინაურულად მექცეოდა, თითქოს დაბადებიდან მის გვერდით მეცხოვროს, ამ ვეებერთელა სახლის კედლებში.

საუზმემ ისე ჩაიარა, მეტი არაფერი გვითქვამს ერთმანეთისთვის. ბოლოს ყავაც დავაყოლეთ და მეც «მშვიდობიანად» ჩავყლაპე ანალგინი.

სანამ ლადო ყავის სმას დაამთავრებდა, სუფრა ავალაგე და ჭურჭელიც დავრეცხე. თან ვსაქმიანობდი, თან მისი «მზვერავი» მზერა ზურგს მიხვრეტდა. როცა იქაურობა მივალაგე, ვასიკოს გასაღვიძებლად გავედი, სკოლაში რომ არ დაგვიანებოდა. დღეს მე მომიწევდა მისი წაყვანა.

ჩემდა გასაკვირად, ბიჭი არათუ გაღვიძებული, ჩაცმულიც კი დამხვდა.

- უკვე? - გაოცება ვერ დავმალე.

- ჰო, აბა?

- ხელ-პირი დაიბანე?

- რა თქმა უნდა.

- ყოჩაღ! - ლოყაზე ვაკოცე მისი საქციელით გახალისებულმა, - მაშინ წამო, ვისაუზმოთ.

ბიჭი ისე იყო გახარებული ჩემი იქ ყოფნით, ვერ მალავდა. ხელში ხელი ჩამჭიდა და ასკინკილით გამომყვა სამზარეულოში. ლადო იქ უკვე აღარ დაგვხვდა. ბავშვს ჩაი დავუსხი და კარაქიანი პური და ყველი გავუმზადე, რათა დრო არ დაეკარგა.

- ანა, სკოლიდან რომ დავბრუნდები, «ყიყლიყოებს» გამიკეთებ? - დამეღრიჯა ვასიკო.

- გაგიკეთებ, რა პრობლემაა?

- შენ უნდა წამიყვანო სკოლაში, ხომ?

- ჰო.

- მაგარია! - ცერა თითი შემართა და ჭამას შეუდგა.

ის იყო, ეზოდან გავდიოდით, რომ ლადომ დამიძახა.

- მოიცა! მე გაგიყვანთ, იქიდან მაინც საავამყოფოში უნდა წავიდე!

აბა, ამაზე უარს როგორ ვიტყოდი! მე და ვასიკომ ერთმანეთს გადავხედეთ. მისგან ამას არც ერთი ველოდით და არც მეორე.

ისე ჩამოგვსვა სკოლის ჭიშკართან, ხმა არ გაუღია. მადლობა-მეთქი, გავუღიმე და კარი მივხურე. ერთი არ უთქვამს, შენც ჩემთან ერთად წამოდიო. ან კი რა საჭირო იყო ჩემი თუნდაც სახლიდან წამოყვანა? თვითონ მაინც იქით მიდიოდა და ხომ შეეძლო, ბავშვი თავად ჩამოესვა სკოლასთან? მასთან მარტო დარჩენას ერიდებოდა. როგორ ვერ იტანს! ნეტავ, რატომ? რამ შეაძულა ეს ბიჭი ასე? რა დაუშავა ისეთი ან ძმამ, ან ძმისშვილმა, რომ ვერ აპატია? ეს კითხვები ტვინს მიბურღავდა. ან მე რატომ დამტოვა შუა ქუჩაში? ეთქვა და მეც თან გავყვებოდი საავადმყოფოში, როზასაც ვინახულებდი და უკანაც არ მომიწევდა ფეხით წამოსვლა… რატომღაც, არც ეს ისურვა… მისი ნებაა, რა უფლება მქონდა, მესაყვედურა?

ვასიკოს მოვეფერე, ჭკვიანად იყავი-მეთქი, ყურში ჩავჩურჩულე და სანამ შენობაში შემალებოდა, თვალი გავაყოლე.

ესეც ასე! ახლა რა ვქნა? შინ დავბრუნდე თუ მეც საავადმყოფოში გავიდე? სირცხვილი არ არის, ის ქალი არ ვინახულო? მაგრამ სახლიც რომ უპატრონოდაა დატოვებული? «სალმა კლდემ» ახლა იქ რომ დამინახოს, შეიძლება მისაყვედუროს, რატომ მოხვედიო.

შინ დაბრუნება ვარჩიე. მივედი თუ არა, სადილის სამზადისს შევუდექი. რამდენი ხანია, ცხელი კერძები არ გამიკეთებია. მგონი, გადავეჩვიე კიდეც. მარტო ცხოვრებამ ისე გამაზარმაცა, მშრალ საჭმელზეც იოლად გადავდიოდი. როცა საშკა გადმოვიდა დროებით ჩემთან, თვითონ ამზადებდა ხოლმე სადილს და ის მახვედრებდა.

ძალიან მოვინდომე, რომ კარგი სოუზი გამომსვლოდა. მგონი, გამომივიდა კიდეც. ცოტა ხანში ისეთი სურნელი დატრიალდა ჰაერში, თქვენი მოწონებული.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ… ამაღამ რა იქნება? კიდევ აქ მომიწევს დარჩენა? ამაზე ფიქრი მაღელვებდა. არაფრით არ მინდოდა, კიდევ ერთი ღამე გამეთია ამ სახლში, ამ უცნაური კაცის გვერდით და ამ ვიწრო სავარძელში, თაგვიც რომ ძლივს მოიქნევდა კუდს!

შემდეგ სახლი მივალაგე. უზარმაზარი ოთახების დაგვა-წმენდამ ბოლო მომიღო. ნეტავ როზა როგორ აუდიოდა ამხელა საქმეს მარტო? საწყალი ქალი, თურმე როგორ იღლება. შაკიკი კი არა, საერთოდ როგორ იდგა აქამდე ფეხზე?

ამასობაში ვასიკოს სკოლიდან გამოყვანის დროც მოახლოვდა. კვლავ ჩავიცვი და წავედი. ლოდინი დიდხანს არ დამჭირვებია. დაახლოებით ათ წუთში დაირეკა ზარი და ბავშვიც სირბილით გამოვარდა ეზოში. როგორც კი დამინახა, თვალებგაცისკროვნებული გამოექანა და ჩამეხუტა. ნეტავ, რატომ ვუყვარვარ ასე? ნუთუ პირველი ვარ, ვინც სითბო აგრძნობინა?

- როზა ბებოს სანახავად წავალთ? - მკითხა უცებ.

- არა! ჯერ ერთი, ბავშვების იქ მიყვანა არ შეიძლება, მეორეც - მასთან ჯერ მნახველებს არ უშვებენ. აი, მალე გამოწერენ და ისევ დაგვიბრუნდება. აჯობებს, სახლში დავხვდეთ.

ბავშვურად მობრუცა პატარა ტუჩები და თავჩაქინდრული უხმოდ გამომყვა. გაჩერებამდე მისული არ ვიყავით, რომ მობილურის ზარი გაისმა. ტელეფონი ჩანთიდან ამოვიღე და… ჩემ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, საშკა მირეკავდა.

- გისმენ! - უკმაყოფილო ხმით ჩავძახე.

- მჭირდები… სად ხარ? - უცნაურად შეცვლოდა ხმა.

- რაში გჭირდები? - უკმეხად ვკითხე.

- რომ გნახავ, გეტყვი. ნახევარ საათში შინ დამხვდი, თუ სხვაგან ხარ.

- არ შემიძლია, ბავშვი მომყავს სკოლიდან, ვერ მოვასწრებ!

- ბავშვიანად მოდი, სულ ერთი წუთით, პრობლემა მაქვს.

- ბოლო დროს მხოლოდ მაშინ გახსენდები, როცა პრობლემა გაქვს! შენმა ცოლმა მოგიგვაროს პრობლემები! - არ დავინდე და ხმას ავუწიე გაწიწმატებულმა.

- ანა! გთხოვ! ყველაფერს აგიხსნი!

- რა იყო, შენი ცოლი ვეღარ გიგვარებს პრობლემებს?

- მასთან არ ვარ, ხომ იცი!

- მართლა? არ ვიცოდი… როდიდან?

- გეყოფა, ნახევარ საათში მოვალ და ყველაფერს მოგიყვები, - სწრაფად მომაყარა და გამითიშა.

ვასიკომ შეშინებული მზერა მომაპყრო. ასეთი განრისხებული ჯერ არ ვუნახივარ და, ცოტა არ იყოს, დაიბნა. ახსნა-განმარტების დრო არ მქონდა. ვუთხარი, ცოტა ხნით ჩემთან გავიაროთ, რაღაც ნივთებს წამოვიღებ-მეთქი და შინისკენ გავწიე. ჩვენი მისვლა და საშკას გამოჩენა ერთი იყო.

არც მომსალმებია, ოფლით შუბლდაცვარულმა მხოლოდ ეს მკითხა:

- ფული გაქვს კიდევ რამე?

- რა-ა! - ლამის ვიკივლე, - რაც მოგეცი, ჯერ ის დამიბრუნე!

- მომისმინე! დაგიბრუნებ, აუცილებლად დაგიბრუნებ, შვილებს გეფიცები! ოღონდ ახლა დამეხმარე და…

- კიდევ ითამაშე?

- ჰო და ძალიან დიდი შანსი მაქვს, რომ მოვიგო, ოღონდ თანხა მჭირდება! - ისე სწრაფად ლაპარაკობდა, თითქოს ვინმე მოსდევდა და დროზე უნდა გაქცეულიყო.

- რა უნამუსო კაცი ხარ! ხომ მითხარი, მეტს აღარ ვიზამო? ეს არის შენი სიტყვა? წადი აქედან და თვალით არ დამენახვო!

- ანა! შენ იქით გზა არ მაქვს, მიშველე რამე, თორემ შეიძლება… შეიძლება მომკლან!

მისმა ბოლო სიტყვამ გამტეხა. მუხლები მომეკვეთა შეშინებულს. ერთხანს მტრულად მივაჩერდი, შემდეგ უსიტყვოდ ავიღე 200 ლარი და «მივაშავე».

- სულ ეს გაქვს?

- ჰო და მომწყდი თავიდან!

- არ დაიწყო ახლა თავიდან, გთხოვ…

- როგორ დამღალე, რომ იცოდე! შენგან ხეირი არაფერია, პრობლემების გარდა! და შენნაირი კაცი მე მასწავლიდი ჭკუას? მე მაძლევდი რჩევებს? საკუთარ თავს ურჩიე, თუ ასეთი მაგარი ხარ, გაიგე?! დროა, გაიზარდო. რა გეტაკა? რაც დრო გადის, უფრო და უფრო გაკლდება ჭკუა.

- ეს არ მეყოფა… გთხოვ, დამეხმარე, - თავისას არ იშლიდა საშკა, თითქოს არც გაუგონია ჩემი ნათქვამი, - იმ კაცს რომ ესესხო?

- ვის ვესესხო? - სისხლმა თავში ამასხა.

- ვისთანაც მუშაობ, იმას. ხვალვე დაგიბრუნებ, გპირდები.

- როგორ მიბედავ ამის თქმას, შე საზიზღარო! - თითები გავფარჩხე და გამწარებულმა ლამის ჩამოვპორჭყნე სახე, მაგრამ მოასწრო თავის გაწევა და მხოლოდ ჰაერს მოვეპოტინე, - შენი არეული ცხოვრება, კეთილი ინებე და შენვე დაალაგე. წადი აქედან დროზე!

კრინტი არ დაუძრავს, უსიტყვოდ შებრუნდა და ოთახიდან ლამის სირბილით გავარდა.

ვასიკოს ფერი არ ედო სახეზე. ალბათ ძალიან შევეცოდე. ბავშვს ძლივს გავუღიმე, არ ინერვიულო, ყველაფერი რიგზე იქნება-მეთქი და საძინებელში გავედი, რომ ორიოდე ხელი ტანსაცმელი წამეღო, იმ შემთხვევისთვის, თუკი კიდევ ერთი ღამით მომიწევდა ლადოსთან დარჩენა…

8 8 8

საღამო ხანი იყო, «სალი კლდე» რომ გამოჩნდა. შუბლი შეჭმუხნოდა. მივხვდი, მთლად კარგად ვერ იყო საქმე.

- ისადილებთ? - ხმადაბლა ვკითხე.

- რა გვაქვს?

- სოუზი.

- გამიცხელე და ახლავე მოვალ. სამზარეულოში გამიშალე!

მდუმარედ მიუჯდა მაგიდას და უგულოდ შეუდგა ჭამას. იქვე ვიდექი და არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი, საუბარი გამება თუ მარტო დამეტოვებინა.

- თქვენ ჭამეთ? - მკითხა უეცრად.

- ჩვენ კი, - თავი დავუქნიე, გამიხარდა, რომ თავად მომცა დალაპარაკების საბაბი, - როგორ არის როზა დეიდა?

- ცუდად, - ჩაიდუდღუნა და პურის ნაჭერი გადატეხა, - ხვალ ოპერაციას უკეთებენ.

- ოპერაციას? რის ოპერაციას?

- თავის ქალა უნდა ახადონ, სიმსივნე აქვს.

- რას ამბობთ! - ახალი ამბით თავზარდაცემულს თვალთ დამიბნელდა და მაცივარს მივეყრდენი, რომ წონასწორობა არ დამეკარგა.

- დღეს ტომოგრაფიაზე გაიყვანეს. ვერ არის მთლად სახარბიელო მდგომარეობა, მაგრამ უოპერაციოდ უფრო მალე მოკვდება. ამიტომ ასე გადავწყვიტეთ.

- რა საშინელებაა!

- შენ კი მოგიწევს დროებით მისი შეცვლა.

- მე-ე! ეს შეუძლებელია! მე… მე…

- რატომ არის შეუძლებელი? ცოტა ხნით… ფულს დაგიმატებ. წინა თვისას ამაღამვე მოგცემ, იმ თვეში კი… კიდევ დაგიმატებ.

- არა, ამის გამო არ ვამბობ.

- აბა, რა გიშლის ხელს?

გაგრძელება იქნება