ყალბი ლტოლვა - თავი 16 - Marao

ყალბი ლტოლვა - თავი 16

2022-09-08 09:58:02+04:00


წინა თავი

ვასიკომ მეორე დღესვე შემატყო, რომ უხასიათოდ ვიყავი, რომ რაღაც მაწუხებდა.

- შენებზე ფიქრობ? - ბავშვურად მკითხა და თავი მუცელზე მომადო.

მაშინვე ღიმილი ავიკარი სახეზე. თუკი ბავშვმაც შემატყო, რომ უგუნებოდ ვარ, ესე იგი, ძალიან ცუდადაა ჩემი საქმე. მით უმეტეს, სულ ვცდილობ, მასთან ასეთი რამეები არ გამოვხატო. პატარამ რატომ უნდა იდარდოს ჩემი პრობლემების გამო? გამოდის, ცუდად ვინიღბები. რაც შემეძლო, ბუნებრივად გავუღიმე.

- როგორი მიხვედრილი ბიჭი ხარ. ჰო, ჩემები მენატრება. დედა, და, ძმა… - დავახვავე ტყუილები.

- ჩემთვის მათზე არასდროს მოგიყოლია.

- არც შენ გიკითხავს არასდროს. თუ გინდა, ერთხელაც მოგიყვები, ოღონდ ახლა არა, ხო?

- კარგი.

- სკოლაში როგორ არის საქმეები?

- მაგრად. დამრიგებელმა მითხრა, ძალიან გონიერი ხარო. ისე სწრაფად დაეწიე სხვა მოსწავლეებს, გან-გან-ციფრებას ვერ ვმალავო.

- რასო, რასო? - გამეცინა.

- გან… ცვიფრებას, - თვალების ფახულით და დამარცვლით ძლივს სწორად წარმოთქვა.

- ძალიანაც კარგი. აბა, ერთი გაებედა იმ შენს დამრიგებელს და ცუდი რამ ეთქვა შენისთანა ყოჩაღ ბიჭზე, მერე გეყურებინა სეირი!

ხითხითი დაიწყო.

- გუშინ ასე არ ფიქრობდი?! - ეშმაკურად ამომხედა უცებ.

- გუშინ… გუშინ სხვა იყო. დაგავიწყდა, ფანჯრის მინა რომ ჩაამტვრიე? ამის გამო ორივეს მოგვხვდა.

- ეგ ჩემი ბრალი არ იყო, ბურთის ბრალი იყო. ძალით ხომ არ გამიკეთებია.

- სწორედ ასე ვუთხარი ბიძაშენს, მაგრამ არა მგონია, ამით კმაყოფილი დარჩენილიყო. კარგი, შევუდგეთ საქმეს.

თან ვამეცადინებდი, თან ლადოზე ვფიქრობდი. ჯიუტი! ისევ თავისებურად აგრძელებს. არაფრად აგდებს ძმისშვილს. ერთი მინის ჩამტვრევა ვერ აპატია. რა მოხდა მერე? დიდი ამბავი! თვითონ არასდროს არაფერი დაუშავებია? თვითონაც ხომ იყო ბავშვი! გუშინ კიდევ ერთხელ ვცადე, მასთან ამ თემაზე ლაპარაკი წამომეწყო, მაგრამ ისეთი მიფრინა, მტრისას! თუ კიდევ დააპირებ ამაზე ლაპარაკს, ჩემი სახლიდან დაგითხოვო, გამომიცხადა! აი, დარდი! ეგ სულაც არ მანაღვლებდა, მაგრამ ვასიკოს ვერ შეველეოდი. ისედაც დათრგუნული იყო მისი დამოკიდებულებით და მეც რომ ზურგი მექცია, უარესად ტრავმირებული აღმოჩნდებოდა.

უეცრად კარი გაიღო და ლევანი გამოჩნდა. მას ხელში უზარმაზარი ფრანი ეჭირა და მოაფრიალებდა.

- აი, რა მოგიტანე! მე თვითონ გავაკეთე ჩემი ხელით. ხომ მაგარია? - საზეიმო ტონით წარმოთქვა და წითლად აჭრელებული სათამაშო ბავშვს გადაულოცა.

- აუ, რა მაგარია! წამო, რა, ავაფრინოთ? გთხოვ, რა, გთხოოოვ! - ორი თითით ყელი გამოიწია ბიჭუნამ.

- ახლა არა! წვიმს გარეთ. ხომ ხედავ, როგორ აცივდა. ზაფხული კი არ არის, შემოდგომაა უკვე. - ცივი უარი ვუთხარი, - როცა გამოიდარებს, მერე. გაგიფუჭდება ეგ ფრანი, საღებავი გადაუვა!

ამ დროს როზამ დამიძახა და მასთან გავედი სამზარეულოში. სოუზი გაეკეთებინა და მთხოვა, გემო გაუსინჯე, რამე ხომ არ აკლიაო. ხელისგულზე დავისხი ცოტა წვენი და შევხვრიპე. უგემრიელესი იყო. მოწონების ნიშნად ცერა თითი აღვმართე. ამასობაში ვასიკოც შემოვიდა და ისეთი დაფეთებული შემომაჩერდა, გულმა რეჩხი მიყო. მივხვდი, რომ რაღაც გააფუჭა.

- რა მოხდა?

- ჩემი ფრანი… - ნიკაპი აუკანკალდა.

- რა იყო, გატეხე?

- არა, - შეშინებულმა გააქნია თავი, - ჭაღზე დაეკიდა.

როგორც ჩანს, სასტუმრო ოთახში აუშვა.

- ვასიკო, ხომ გთხოვე, არა? - ვუსაყვედურე, - კარგი, წამო, ვნახოთ, ერთი, რა მოხდა, სანამ ბიძაშენი დაგვდგომია თავს.

ფრანის თოკი ორმაგად შემოხვეოდა ჭაღს. როგორ მოახერხა ასე დახვევა, წარმოდგენა არ მქონდა. ახლა მთავარი იყო, ისე ჩამომეხსნა, რომ პლაფონები არ დამტვრეოდა.

მაღალზურგიანი სკამი ოთახის შუაგულში გამოვაჩოჩე, ზემოდან ტაბურეტი დავადე და ძლივძლივობით ავბობღდი ზედ.

- რა ამბავია? - გრგვინვასავით გაისმა უეცრად.

ამ ხმის გაგონებაზე წონასწორობა დავკარგე, მაგრამ როგორღაც მოვახერხე თავის შემაგრება.

ჩემდა საბედნიეროდ, ლევანი აღმოჩნდა, მე კი გული გადამიქანდა. როგორც ჩანს, ქვეცნობიერად ლადოს გამოჩენის შიში მქონდა და ამიტომაც ვერ ვიცანი მისი ხმა.

- ლევან, გვიშველე!

- გაგიჟდი? ამხელა კაცი მანდ რომ ავიდე, ყველაფერს დავლეწავ, გამორიცხულია! - შორს დაიჭირა.

- მაშინ ისევ მე ვცადო, ჯობია.

- არ დაიმტვრე, გოგო!

- უცებ ვიზამ, რა პრობლემაა, - ყურად არ ვიღე მისი გაფრთხილება, - შენი ბრალია ყველაფერი. რა ფრანი აგიტყდა, ჰა? - ვუსაყვედურე და ამასობაში ჭაღსაც მივწვდი, - შენი მეფისტოფელი სადღაა? მოვიდა?

- ვი-ინ? - ვერ გაიგო ლევანმა.

- შენი ბოსი.

- ააა! თავის კაბინეტშია, ამიტომ ჯობია, იჩქარო, სანამ «შემოვლა» დაუწყია, - უშნოდ გაიღრიჭა მამაკაცი.

მაინც ძლივს ვწვდებოდი ჭაღს, ისეთი მაღალჭერიანი იყო ოთახი. ფეხის წვერებზე ავიწიე და ფრთხილად დავიწყე თოკის შემოხსნა.

- რა ხდება აქ?

ლამის მივეყინე ჭერს… სწორედ ეს ხმა იყო, ასე რომ მზაფრავდა და მზარავდა. მაინც შემომისწრო! სუნთქვა შევიკარი და ნელა მოვაბრუნე თავი. ლადო გამჭოლი მზერით მომჩერებოდა და გამოხედვაზე ეტყობოდა, რომ გაცოფებული გახლდათ. ვერაფერი მოვიფიქრე, გარდა იმისა, რომ თვალისმომჭრელად გამეღიმა და ხალისიანად მეთქვა:

- გამარჯობა, ბატონო ლადო! ფრანის გათავისუფლებას ვცდილობ. უფრო სწორად, უკვე ჩამოვხსენი და რაც მთავარია, არაფერი დაგვიზიანებია.

თან ვლაპარაკობდი, თან ფრთხილად ჩამოვდიოდი სკამებიდან. ლევანმა ხელი შემაშველა. უკვე ვქშინავდი, ღაწვებიც გამიხურდა ნერვიულობისგან. ამწუთას ისე ვიდექი მის წინაშე, როგორც დანაშაულზე წასწრებული ბავშვი.

- ლევან, შენც ჩაგითრიეს ამ საზიზღრობებში? - უხეშად მიმართა მამაკაცმა თანაშემწეს.

ამ უკანასკნელმა რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ მუჯლუგუნი ვკარი და გავაჩერე, თუმცა «სალ კლდეს» ჩემი მოძრაობა შეუმჩნეველი არ დარჩენია. როგორც ჩანს, ამან უფრო გააღიზიანა.

- დიდი ხანია, სათამაშოებით გართობა დაიწყე, ანა? - დამცინავად მკითხა და თვალებით გამბურღა.

ნერწყვი ისე ჩუმად გადავაგორე, თითქოს აკრძალული მქონდა ამის გაკეთება.

- მაპატიეთ… ისეთი ლამაზი ფრანი იყო, ვერ მოვითმინე… - ჩემს თავზე ავიღე დანაშაული.

- ლევან, დაგვტოვე ცოტა ხნით! - მიუბრუნდა ლევანს და როცა იგი ოთახიდან გავიდა, გვერდით დამიდგა და კბილებშუა გამოცრა, - როგორ მაინტერესებს, რატომ იცავ მაგ სალახანას? ხომ ვიცი, რომ ბიჭის გაკეთებულია ეგ, როგორ მიბედავ მოტყუებას?

- მაგ ბიჭს ძალიან ლამაზი სახელი ჰქვია, - არ შევეპუე მეც, - და ის არაფერშია დამნაშავე. ეს მე ჩავიდინე, გინდა დაიჯერეთ, გინდა არა! - ჯიუტად წარმოვთქვი, თავი ავაღერე და გამომწვევად შევხედე.

მისი გამჭოლი მზერა ალბათ კედელშიც კი გაატანდა, მაგრამ უკან არ დავიხიე, არამც და არამც არ შევიმჩნიე, რომ მეშინოდა. მიუხედავად იმისა, რომ მუხლები მითრთოდა, დათმობას არ ვაპირებდი.

- რამდენ ხანს აპირებ ჩემი მოთმინების გამოცდას? - მომეჩვენა, თითქოს კბილები გააკრაჭუნა.

- რადგან ვატყობ, რომ ძალიან ცოტა დაგრჩათ იგი, ვეცდები, მეტად აღარ გამოვცადო, - მივუგე და წარბები ნიშნის მოგებით ავწკიპე.

- შენსას არ იშლი, არა? - მუქარის ტონით მკითხა ლადომ, ხელში მწვდა, ფრანი გამომგლიჯა და კუთხეში მოისროლა.

შიშმა ამიტანა. არ ვიცოდი, როგორ დავისჯებოდი, მისგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი.

- რას მიპირებთ? - ძლივს გასაგონად წავიჩურჩულე.

- აბა, რა გითხრა… ამ შეკითხვას მეც ვუსვამ ჩემს თავს, - დაიღრინა სალმა კლდემ, - წესით, უნდა დაგითხოვო… ან მეორე ვარიანტი… ჭკუა გასწავლო… - და მარჯვენა ხელისგული ისე გადაშალა, თითქოს მიმანიშნებდა, ერთი კარგად უნდა მიგტყიპოო, - სიმართლე გითხრა, მეორე უფრო მაწყობს…

გავფითრდი.

- ამას ვერ გამიბედავთ, - ნერწყვი ძლივს გადავყლაპე ნირწამხდარმა.

- გინდა, შევამოწმოთ? - ნიშნის მოგებით მკითხა და მაჯებში ისე ჩამავლო თითები, ძვლები მეტკინა.

- ბატონო ლადო, ძალიან გთხოვთ… - დავიკნავლე. პირი გამიშრა, ჰაერი აღარ მყოფნიდა უკვე. ერთი სული მქონდა, გავვარდნილიყავი ოთახიდან და უკანმოუხედავად გავქცეულიყავი.

«ნეტავ, დამითხოვოს», - ამწუთას ამაზე დიდი ოცნება არ მქონდა.

მოულოდნელად გამომეტყველება შეეცვალა. ისეთი რამ იკითხებოდა მის თვალებში, შემაჟრჟოლა. რაღაც სხვა, აქამდე რომ არ შემიმჩნევია, ისეთი - მრისხანებაც, სურვილიც, შიმშილიც… ბოლომდე ვერ მოვასწარი გამომეცნო ამ რთული «შენადნობის» მიღმა რა იმალებოდა, რადგან მის მზერას ვერ გავუძელი და თვალი ავარიდე.

უეცრად გავიგონე, როგორ ამოისუნთქა… ღრმად, თითქოს ჰაერის ჩაყლაპვა სურსო. სანამ გავიაზრებდი, რა ხდებოდა, ხელები მკლავებში ჩამჭიდა და ტუჩებზე დამეძგერა. იმდენად გავოგნდი, კინაღამ იატაკზე მოვადინე ზღართანი, თუმცა დაცემა არ მემუქრებოდა, ისე მაგრად ვყავდი ჩაბღუჯული. პირველ წამებში წინააღმდეგობის გაწევა არ მიცდია… უფრო სწორად, ვერ მოვისაზრე. ამასობაში უფრო მჭიდროდ მიმიკრა მკერდზე. იცოცხლე, ახლა კი დავფაცურდი და ხელი ვკარი, მაგრამ…

ჩემს მიამიტობას საზღვარი არ ჰქონდა! ეს იგივე იყო, კლდის გაწევა მომენდომებინა! ვიფიქრე, თავს მაინც შევაბრუნებ-მეთქი, მაგრამ იმწამსვე თმაში ჩამაფრინდა და გარხევის საშუალება არ მომცა. მივხვდი, გაბრძოლებას აზრი არ ჰქონდა და მოვეშვი… როგორც კი ეს იგრძნო, მაშინვე შემიშვა ხელი. ორივენი მძიმედ ვსუნთქავდით.

საწყალო ჩემო თავო! რა უმწეო ვიყავი იმ მომენტში! მინდოდა, რაღაც მწარე მეთქვა, სიტყვებს ვეძებდი, თუმცა ამაოდ.

- თქვენ… თქვენ… - აღშფოთებული ერთსა და იმავეს ვიმეორებდი.

- რა მე? - დამცინავად მკითხა.

აცახცახებული მარჯვენა ავწიე, რომ მომექნია და სილა გამეწნა, მაგრამ ჰაერშივე ღონივრად დამიჭირა ხელი.

- არ გირჩევ ამას, ანა! - მშვიდად გამაფრთხილა.

კუშტად შევხედე. მზერა ჩააყოლა ჩემს აპილპილებულ ღაწვებს, მერე ყელს, მერე ქვემოთ…

მკერდზე დავიხედე. პერანგის ღილი შემხსნოდა და მკერდი მომღეღოდა.

- არ გაბედოთ ჩემი შემოხედვა! - ზიზღნარევი ტონით ვუთხარი.

თვალი თვალში გამიყარა და… არ მომეწონა ის, რაც მის თვალებში დავინახე. გაფრთხილება, დაცინვა და ისევ ის შიმშილი…

- ანა… - უეცრად შეშინებული ხმა მოისმა.

ვასიკო იყო. თითქოს გავქვავდი. ლადომაც კი ინება ორიოდე ნაბიჯით უკან დახევა. სასწრაფოდ შევიბნიე გახსნილი ღილი და გახურებულ ლოყებზე ხელისგულები ავიფარე, რათა ცოტა გონს მოვსულიყავი. ბავშვის ხმა კვლავ განმეორდა, მეც გავძახე, აქ ვარ-მეთქი და სწორედ ამ დროს შემოიჭრა ოთახში, მაგრამ ბიძამისი დაინახა თუ არა, შემცბარი ზღურბლზე გაშეშდა.

- ყველაფერი თავის ადგილზე დაალაგე! - თქვა ლადომ მის გასაგონად, - საუბარი მერე გავაგრძელოთ, ჩვენ ჯერ არ დაგვიმთავრებია! - მერე ბავშვს გვერდი აუქცია და გავიდა.

ბიჭუნა მომვარდა.

- გეჩხუბა? - თანაგრძნობით მკითხა და წელზე შემომეხვია.

თავი ხელში ავიყვანე და გაღიმება ვცადე.

- ცოტა. ხომ გაიგონე, რა თქვა? უნდა მივალაგოთ აქაურობა, თორემ დაგვხოცავს ორივეს, - ნაძალადევად გავიცინე, - მოდი, ეს სკამი წაიღე!

- გეჩხუბა და არ მეუბნები!

- არაფერია. ხომ იცი, როგორ აუტანელი ბიძაც გყავს, რას მეკითხები?

ბავშვმა მხრები აიწურა.

- დამსჯის?

- არ ვიცი, პატარავ. კარგი, წამო, გავიდეთ ჩვენს ოთახში. წამოიღე შენი ფრანი და აწი მაინც შეეცადე, ამაცილო მის რისხვას, - ქოჩორი მოვუჩეჩე და სწრაფად გავვარდი ოთახიდან.

დარჩენილმა დრომ მეტ-ნაკლებად მშვიდა ჩაიარა. ლევანმა რამდენჯერმე გამომცდელი მზერა მესროლა, მაგრამ ვერ მკითხა, როგორ დამთავრდა ჩვენი შეხლა-შემოხლა. როგორც ჩანს, ჩემი სახის გამომეტყველებით მიხვდა, რომ ეს თემა «განხილვას არ ექვემდებარებოდა». ამიტომაც არაფერი უკითხავს. მეც მადლობელი დავრჩი, რადგან სიმართლეს ვერ ვეტყოდი, ტყუილის მოგონების თავი კი აღარ მქონდა.

საღამო ხანს ლადო სადღაც გაემგზავრა თავისი მანქანით და მეც შვებით ამოვისუნთქე, თითქოს მძიმე ტვირთი მომაშორეს მხრებიდან, შევმსუბუქდი.

ის დღე კი ჩავამთავრე, მაგრამ ჩემი უსიამოვნებები ამით არ დამთავრებულა. თითქოს ჩემს ჯინაზე, ყოველდღე რაღაცას აფუჭებდა ვასიკო, ყოველდღე ახალ თავსატეხს მიჩენდა. ჯერ იყო და, ინდური ლარნაკი გატეხა. გარბოდა და შემთხვევით ფეხი წამოჰკრა. ამჯერად დანაშაული როზამ აიღო თავის თავზე. მერე ბურთი გახეთქა და ლევანმა, მე გავუარე მანქანითო. ორი დღის შემდეგ კომპოტით სავსე ჭიქა გაუვარდა ხელიდან და ხალიჩა დასვარა. ამჯერად, სხვა გზა არ იყო, მე უნდა დამებრალებინა მომხდარი. ყველაზე საოცარი ის იყო, რომ ეს ყველაფერი მაინცდამაინც მაშინ ხდებოდა, როცა ლადო შინ იყო.

- მაპატიეთ… უნებურად მომივიდა, - დავიწყე თავის მართლება, რადგან, როგორც კი მსხვრევის ხმა გაიგონა, ქარივით შემოიჭრა ოთახში.

- გადაწყვიტე, მაინც გამომიყვანო მოთმინებიდან, არა? - შუბლშეკრულმა გამომხედა.

- ხომ გითხარით, უნებურად მომივიდა-მეთქი… ჭიქა სველი იყო და ხელიდან გამისრიალდა.

- ძალიან კარგად ვხვდები, ვისაც გაუსრიალდა ხელიდან! - დაიღრიალა უცებ ბოლო ხმაზე, - რაღაც ძალიან თავგამოდებით ცდილობთ ყველანი მის დაცვას! შეთქმულებას მიწყობთ, თუ როგორ არის თქვენი საქმე?

«შეთქმულები» ამ დროს სრული შემადგენლობით ვიმყოფებოდით სამზარეულოში და დაბნეულები მივჩერებოდით ერთმანეთს. თუმცა, ჩემდა გასაკვირად, ლადო უეცრად დაწყნარდა და სწრაფად დატოვა სამზარეულო.

მეგონა, ამ ყველაფრის შემდეგ იგი აუცილებლად გამაგდებდა სახლიდან, მაგრამ რატომღაც, არ გააკეთა ეს. არც იმდღევანდელი «დაუმთავრებელი ლაპარაკი» გაუგრძელებია, რომლის გახსენებაც ასე მზაფრავდა. აქედან ერთადერთი დასკვნა გამოვიტანე - ალბათ დააგროვებს ყველა ამ «დანაშაულს» და როცა ძალიან «გასუქდება», მერე გამისწორებს ანგარიშს.

8 8 8

საშკა მთელი კვირა არ გამოჩენილა. ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ვერ გავიგე. მობილური გამორთული ჰქონდა. სამსახურში რამდენჯერაც დავრეკე, ვერ დავიჭირე. ან არ იყო, ან ახლახან გავიდაო, მპასუხობდნენ.

ვბრაზობდი. უკვე ნერვებს მიშლიდა მისი საქციელი. ფულს აღარ ვჯავრობდი, მისი უყურადღებობა მკლავდა. ამასთან, ეჭვი მღრღნიდა, ცოლს ხომ არ დაუბრუნდა-მეთქი. იქ დარეკვას კი ვერ ვბედავდი, ამდენის უფლებას ვერ მივცემდი ჩემს თავს. სხვა რომ ვერაფერი მოვიფიქრე, თათიას დავურეკე, მოვიკითხე, მერე კი სხვათა შორის ვკითხე, შენი ძმა სად არის, სულ რომ დამეკარგა-მეთქი.

- ნანიკოსთან იქნება, რა ვიცი მე! - ისე უდარდელად მიპასუხა თათიამ, სისხლი გამეყინა ძარღვებში.

- შერიგდნენ? - მოგუდული ხმით ვკითხე.

- მაგისას რას გაიგებ, კვირაში შვიდი პარასკევი აქვს. არაო, მიმტკიცებს, მაგრამ სულ მასთან არის და აბა, რა გითხრა! შენ რატომ წამოხვედი სამსახურიდან? უკეთესი გამოგიჩნდა რამე?

ჩემზე საუბარს, საშკაზე გამეგო კიდევ რამე, ის მერჩივნა, მაგრამ რადგან თათიამ აღარ გააგრძელა, მეც მეტი ვეღარაფერი ვკითხე.

- ჰო, სხვაგან გადავედი და ისეთი კმაყოფილი ვარ, ვერ წარმოიდგენ, - შევეცადე, ხალისიანად მეთქვა. ვიცოდი, ის ამას აუცილებლად ეტყოდა თავის ძმას და, ჩემი მოკლე ჭკუით, პატარა შურისძიება გადავწყვიტე.

- მართლა? არ მატყუებ?

- რატომ უნდა გატყუებდე?

- რა ვიცი, საშკამ მითხრა, ვიღაც ამაზრზენ ტიპს დაუდგა მოსამსახურედო.

- რა მოსამსახურედ, საიდან მოიტანა! - აღვშფოთდი, - სკოლის მოსწავლე ავიყვანე და გაკვეთილების მომზადებაში ვეხმარები. ოღონდ ეგაა, მათთან მივდივარ სახლში.

- ვა, რა მაგარია! რამდენს გიხდიან?

- ბევრს, - არ დავაკონკრეტე.

- მაინც, მაინც? - არ მომეშვა თათია.

- ალო! ალო! - ვიეშმაკე, ვითომ მისი ხმა არ მესმოდა და რამდენჯერმე ჩავყვირე ყურმილში, მერე ხმამაღლა დავაყოლე, არაფერი მესმის-მეთქი და გავთიშე.

მაინც არ დამიჯერებდა. როდის იყო, მასწავლებელს და თუნდაც ძიძას ამხელა ხელფასს უხდიდნენ? არადა, მართლა, რატომ მიხდის? რისი დამტკიცება უნდა ამით? თავისი სიმდიდრის დემონსტრირებას ახდენს? არა მგონია, თავმომწონე არ ჩანს, თუმცა მბრძანებლობა და სხვისი მორჩილება უყვარს. მაშ, რატომ? 2 000 ლარად, ყველაზე ცოტა, 5 მასწავლებელს დაიქირავებდა. იქნებ მომატყუა და არც მაძლევს მაგდენს? ჯერ ხომ თვე არ გასულა და მეც კაპიკი არ ამიღია? რამდენს ვიცინებ, რომ გამომიცხადოს, ამდენს არ იმსახურებ, ქალბატონო, ამიტომ შემოთავაზებულის მეოთხედს თუ მეექვსედს დასჯერდიო! ისე, ახი კი იქნება ჩემზე! ისედაც არ არის კმაყოფილი ჩემი მუშაობით… მუშაობით კი არა, საქციელით და მიზეზის დასახელება არ გაუჭირდება! რაც იქნება, იქნება! ვნახოთ, რას მოიმოქმედებს…

8 8 8

ერთ დღესაც ცოტა დაგვიანებით მივედი. ის იყო, ეზოში შევედი, რომ ლევანმა ვასიკო მოიყვანა სკოლიდან. მოღრუბლული დღე იყო. ბავშვი ისეთი აჟიტირებული მომვარდა, რომ შევცბი.

- ანა, ანა! იცი? ჩემმა კლასელმა დაბადების დღეზე დამპატიჟა! ხომ წამიყვან?

ცოტა არ იყოს, ნირი წამიხდა. მე კი წავიყვანდი, მაგრამ ბიძამისი გაუშვებდა კი? კითხვით სავსე მზერა ლევანს მივაპყარი. იმანაც მხრები აიჩეჩა, არ ვიციო.

- როდის არის დაბადების დღე? - ისე მკითხა ლევანმა, მივხვდი, რაღაც იდეა მოუვიდა.

- დღეს, 4 საათზე, «მაკდონალდსში», - აჭყლოპინდა ვასიკო.

- ჰოდა, შენ და როზა ხომ ბაზარში მიმყავხართ, რა მოხდება, ცოტა ხნით რომ დავტოვოთ ვასიკო ბავშვებთან? - შეთქმულივით აჩურჩულდა ლევანი და თვალებგაფართოებული მომაჩერდა.

- კარგი, ასე მოვიქცეთ, - დავყაბულდი გაოცებული, - მიდი, შეჭამე, დავალებები დაწერე და მერე გაემზადე, კარგი? - თავზე გადავუსვი ბავშვს ხელი.

ვასიკო ისეთი ყვირილით გავარდა სამზარეულოდან, ლამის დაგვაყრუა.

- საიდან მოგაფიქრდა ბაზარი? - ღიმილით მივუტრიალდი ლევანს.

- არაფერიც არ მომაფიქრდა. შენ და როზა მართლა მიდიხართ საყიდლებზე. შეფმა ასე ბრძანა.

ცოტა არ იყოს, გამიკვირდა. ჩემთვის ჯერ არავის დაუვალებია ბაზარში წასვლა და სურსათ-სანოვაგის მოტანა. ეს რაღაც ახალი იყო. როზას საძებნელად გავემართე. ის ვასიკოს ოთახში დამხვდა წამოწოლილი.

- მე რისთვის მაგზავნის თქვენთან ერთად, ხომ არ იცით? - იდუმალი ხმით ვკითხე ქალს.

- შენ არა, შვილო, მე უნდა წავსულიყავი, მაგრამ რაღაც ვერ ვარ კარგად და ვთხოვე, ანა რომ მოვა, იმას გავუშვებ-მეთქი და კარგიო, მითხრა. ამ ერთხელ შემეხიდე, ჩემი თავი გენაცვალოს და მეტჯერ აღარ შეგაწუხებ.

- რას ამბობთ, როზა დეიდა, რა ხვეწნა გჭირდებათ. რა პრობლემაა, წავალ. უბრალოდ, ლევანმა მითხრა, იმან ასე ინებაო და გამიკვირდა.

- არა, დედი, ლადო არაფერ შუაშია. მე შევთავაზე.

- თქვენ რა დაგემართათ? რა გტკივათ?

- შაკიკმა შემომიტია. ბოლო დროს გამიხშირდა რაღაც ტკივილები. ადრე ასე არ მაწუხებდა. დავბერდი ალბათ.

- რა დროს სიბერეა, მეორედ არ თქვათ ეგ! - გავუღიმე და ვასიკოს თვალით ვანიშნე, სასტუმრო ოთახში გამოსულიყო, რათა წასვლამდე დავალებების დაწერა მოგვესწრო.

გაოგნებული შევყურებდი ბავშვს, როცა «მაკდონალდსში» მივიყვანეთ და თანაკლასელებს შეერია. თითქოს სხვა სამყაროში აღმოჩნდა, ისეთი გახარებული ჩანდა. მისთვის უჩვეულო იყო მსგავსი სიტუაცია. ბავშვთა სახლში, აბა, რა ექნებოდა ნანახი, ერთფეროვნების გარდა? აქ კი სულ სხვა გარემოში აღმოჩნდა - საჰაერო ბუშტები, მუსიკა, ტორტი… ნატუკას დაბადების დღე ყოფილა. ბუთხუზა გოგონა იყო, ლოყებღაჟღაჟა. დედამისს ჩავაბარე ვასიკო და დავუბარე, ერთ საათში გამოვივლით-მეთქი.

მე და ლევანი ბაზარში გავედით. ვიყიდეთ, რაც ფურცელზე გვქონდა ჩამოწერილი, მერე კი კაფეში შევედით ყავის დასალევად, რომ დრო გაგვეყვანა.

ნახევარი საათის დაგვიანებით მივედით. ბავშვებს უკვე თმაგაჩეჩილი და პირმოხატული მასხარა ართობდა. ცოტა არ იყოს, გული დამწყდა, ბავშვი რომ უნდა წამომეყვანა. კიდევ შევყოვნდით თხუთმეტიოდე წუთი. მეტის მოცდა უკვე აღარ შეიძლებოდა. არ ვიცოდი, შინ როგორი სიტუაცია დაგვხვდებოდა და წამოვედით. ბიჭუნა ისე იყო შთაბეჭდილებებით აღსავსე, წამით არ გაუჩერებია მანქანაში ენა, ჰყვებოდა და ჰყვებოდა ამბებს, თან თვითონვე იცინოდა თავის ნაამბობზე.

გაგრძელება იქნება