ყალბი ლტოლვა - თავი 22 - Marao

ყალბი ლტოლვა - თავი 22

2022-09-16 10:03:05+04:00


წინა თავი

ისე გავახილე თვალები, როგორც ახლად გაღვიძებულმა და დავინახე, როგორ აღაგზნო ჩემმა მზერამ. კიდევ უფრო გაუხშირდა სუნთქვა.

მან პირსახოცი მოიხსნა… ისე ვიდექით ერთმანეთის წინაშე, როგორც ადამი და ევა. არ ვიცი, რა მეტაკა. თითქოს მამაკაცის უნახავი ვყოფილიყავი, დამბლადაცემულივით მოვიცელე. მან მკლავები მომხვია და მკერდზე მიმიხუტა. ვიგრძენი, როგორ უცახცახებდა ხელები. კოცნა დამიწყო. ჩემთვის ნაცნობი იყო ეს შეხებაც და ეს კოცნაც. უფრო მეტიც, სადღაც, სულის სიღრმეში, მწყუროდა კიდეც მისი ალერსი…

უთანაბრო ბრძოლაში, რომელიც ჩემს გონებასა და სხეულს შორის გაიმართა, ამ უკანასკნელმა აჯობა. მორჩილად მივენდე მის ძლიერ მკლავებს და გონზე მოსვლა ვერ მოვასწარი, რომ საწოლში აღმოვჩნდით. ვერც კი წარმოვიდგენდი, ასეთი ვულკანი თუ ბობოქრობდა ჩემი შენიღბული გულგრილობის მიღმა, რომელმაც ახლაღა ამოხეთქა. ლადო თავდავიწყებით მკოცნიდა. მისი თითქოს დაუნაყრებელი ალერსი მეც თავბრუს მახვევდა. რაღაც მომენტში კვნესა აღმომხდა, თუმცა დაძაბულობა წამითაც არ მომეხსნა…

8 8 8

როცა ყველაფერი დამთავრდა, ზურგი შევაქციე და კარგა ხანს გაუნძრევლად ვიწექი. იმის თავიც არ მქონდა, თვალები გამეხილა. მინდოდა მეყვირა, სადმე, ბნელ სოროში შევმალულიყავი. მეზიზღებოდა ჩემი თავი, მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში ის, რაც მოხდა, მესიამოვნა. ერთდროულად სიმარტოვეს, ტკივილს და სინანულს განვიცდიდი. ახლა ნუგეშისცემა მჭირდებოდა, მაგრამ ვინ იყო ამის გამკეთებელი?

ლადო გვერდიდან ჩამეხუტა და ჩამჩურჩულა:

- როგორ ხარ?

მსწრაფლ გავახილე თვალები, ისეთი სითბოთი იყო ნათქვამი ეს ორი სიტყვა. არ ვიცი, იმწუთას რამ მომიარა, მაგრამ მკვეთრად შევბრუნდი მისკენ და საოცარი რამ ვკითხე:

- იმედი გაგიცრუეთ?

- არა, - მშვიდად მომიგო.

- გმადლობ. ალბათ დროა, ჩემს ოთახში გადავიდე.

- არსადაც არ წახვალ. შენი ადგილი აქ არის.

- უახლოესი ორი თვის განმავლობაში? - ვერ მოვითმინე.

არ მიპასუხა, კვლავ მომხვია მკლავი და მიმიხუტა.

- რატომ შემომთავაზეთ ეს წინადადება? - რადგან ჩემთვის უკვე ყველაფერი სულერთი იყო, თავხედური ტონით დავსვი შეკითხვა.

- იმიტომ, რომ მინდოდი.

ჰო. მას უნდოდა… მან მიიღო… მისნაირი მამაკაცები ყოველთვის იმას იღებენ, რასაც მოისურვებენ. არა, რა სისულელეა, ვერაფერში დავადანაშაულებ. ჩემი ნებით დავთანხმდი ამაზე, ხომ არ გავუუპატიურებივარ! თითქოს არც არაფერია ამაში ცუდი, ლადომდეც ხომ ვწოლილვარ სხვასთან, მაგალითად, საშკასთან… რა დაშავდა ამით? მხოლოდ ის, რომ ამჯერად ფულზე გავიყიდე. საკუთარი სხეულით ვივაჭრე… რა საშინელებაა! რა განსხვავებაა ჩემსა და იმ მეძავს შორის, ცირკის წინ რომ დგას კლიენტის მოლოდინში? მე უფრო მაღალი მასშტაბების კახპა ვარ? თუ იმაშია ჩემი უპირატესობა, რომ ყველას არ ვუწვები? დიდი შეღავათია…

იმდენად ვიყავი დათრგუნული, ნანა საერთოდ არ გამხსენებია. არადა, როგორ ელოდნენ ფულს. დამერეკა მაინც… მობილური ოთახში დამრჩა. ვინ იცის, იქნებ ააფეთქეს კიდეც რეკვით ტელეფონი? რომ არ ვუპასუხებ, არ იფიქრონ, რომ მოვატყუე!..

არ ვიცი, რამდენ ხანს ვფიქრობდი… რას ვფიქრობდი… ნელ-ნელა ძილმა წამართვა თავი…

იმ ღამეს ორჯერ გამეღვიძა… პირველად გამთენიისას, მზე ჯერ კიდევ არ იყო ამოწვერილი. ლადოს მკლავებში ვყავდი ჩაბღუჯული და ჩემთან ჩახუტებულს უშფოთველად ეძინა.

მისკენ შევტრიალდი, შევხედე და დავაკვირდი… სახის კანი საოცრად გლუვი ჰქონდა, თუმცა ადრე ბევრჯერ შემიმჩნევია თვალის ირგვლივ ნაოჭები… ახლა აღარ ეტყობოდა, თითქოს უკვალოდ გამქრალიყო. თვალი ვერ მოვაცილე. როგორ მომინდა, თითებით შევხებოდი მის კანს, მოვფერებოდი და მისი ყელის კოვზი დამეკოცნა. ალბათ სასაცილოდ ჟღერს ყელის კოვზი, მაგრამ თუ გულის კოვზი არსებობს, რატომ ყელის არა? უაზრო ფიქრი ამეტორღიალა. ცდუნება რომ დამეძლია, გულაღმა დავწექი და ჭერს შევაშტერდი. უცნაურად იმოქმედა ამ ღამემ ჩემზე. შემეშინდა კიდეც საკუთარი აზრების…

მეორედ რომ გამეღვიძა, კარგა გვარიანად გათენებულიყო. ლადო აღარ იწვა ჩემ გვერდით. ასე როგორ გავითიშე, რომ მისი ადგომა ვერ გავიგე? რა ძილქუში დამაწვა? შემრცხვა საკუთარი თავის. ლამის უარი ვუთხარი წუხელ, თავპატიჟი დავიდე, როგორც ზეპატიოსანმა ქალმა და… ისე ღრმად დავიძინე, თითქოს არც არაფერი მომხდარა ჩემთვის მიუღებელი. თვალი მოვავლე ოთახს და მოულოდნელად ტუმბოზე დადებულ ფულის სქელ დასტას მოვკარი თვალი… ასდოლარიანები იყო. რა სირცხვილია! ეს რა ჩავიდინე!.. ცრემლები მომადგა თვალზე, მაგრამ თავს უფლება არ მივეცი, მეტირა. ეს ჩემი პირობა იყო, მან კი პატიოსნად შეასრულა, რაც ვისურვე და თანხა დამიტოვა. ზუსტად ისე, როგორც ერთი ღამის ქალს უტოვებენ…

ძლივს ავითრიე წელი. სხეული დამმძიმებოდა… სასწრაფოდ გადავივლე წყალი და ნანას დავურეკე. ვუთხარი, ფული მაქვს და სად მოგაწოდო-მეთქი. ტირილი წასკდა. იმდენი მადლობა მიხადა, ლამის მეც ამატირა. როგორც ჩანს, იმედი გადაეწურა, რომ არ შევეხმიანე.

სასამართლოს შენობასთან შევხვდით ერთმანეთს. გადავეხვიე. კარგა ხანს ვიდექით ჩახუტებულები. როგორი უმწეო მომეჩვენა… მიუხედავად იმისა, რომ მას ჩემზე მეტი მეგობარი, ახლობელი თუ ნათესავი ჰყავდა, ამწუთას მხოლოდ მე ვიყავი მისი მხსნელი. ეს კი მეამაყებოდა. ვიგრძენი, რომ უფრო დავუახლოვდით ერთმანეთს. გული ამიჩუყდა… ნუკრის გადავხედე… შეფიქრიანებულს შუბლი მოღუშვოდა, თუმცა მისი თვალებიდან წამოსული მადლიერება სულს მითბობდა. საჭირო თანხა გადავეცი ჩემს და-ძმას, დანარჩენი 6 ათასი კი შევინახე, რათა გარკვეული დროის გასვლის შემდეგ პატრონისთვის დამებრუნებინა და თავი გამეთავისუფლებინა. კონტრაქტის დარღვევა ჯერ კიდევ გუშინ გადავწყვიტე, როცა მას 4-ის მაგივრად, 10 000 ვთხოვე.

პროცესის დაწყებას არ დაველოდე. მე ჩემი საქმე გავაკეთე, დანარჩენს უჩემოდაც მიხედავდნენ.. აღარ ვიყავი საჭირო...

იქიდან პირდაპირ სკოლისკენ გავეშურე. დაველოდე გაკვეთილების დამთავრებას და ვასიკო წამოვიყვანე. ბავშვი მთელი გზა მეტიტინებოდა.

- იცი, რა მითხრა ლადო ძიამ? ცხენოსნობაზე შეგიყვან და ცხენსაც გიყიდიო, გესმის? მაგარი კაცია. თავიდან კი მეშინოდა ცოტა, მაგრამ ახლა აღარ. ადრე ძალიან ცუდი ამბავი გადაიტანა და იმიტომ იყო ასეთი.

- ვინ გითხრა ეს? - შევჩერდი და დავეკითხე.

- როზა ბებომ. ახლა ყველაფერმა გაიარაო. სადარდებელიც არ აქვსო. მე ვუყვარვარ მას და მეც მიყვარს, - თავდაჯერებით წარმოთქვა და უფრო მჭიდროდ ჩამკიდა ხელი…

8 8 8

ექვსი ხდებოდა, ლადო რომ დაბრუნდა ოფისიდან. ვასიკო მისკენ გაექანა, ჩაეხუტა და ტიტინი დაუწყო. მართალი ყოფილა ლევანი… არც ისეთი ურჩხულია, როგორც თავიდან მეგონა. როგორი თბილი გაუხდა მზერა, ვასიკო რომ დაინახა. ნეტავ რა გადაიტანა წარსულში? რატომ არის ასე გასაიდუმლოებული ეს ამბავი? რას მალავს? რა იქნება, ისე ახლოს ვიყო მასთან, რომ ყველაფერს მეუბნებოდეს… ამის გაფიქრებაზე გული მომეწურა. საშინლად მარტოსულად და არავისთვის საჭიროდ ვიგრძენი თავი. ამ სახლში ყველა - ლადოც, ლევანიც, როზაც და ვასიკოც თითქოს ერთი ჯაჭვის რგოლებს წარმოადგენდნენ, მე კი გარიყული ვიყავი, ერთი პატარა, უვარგისი, უხარისხო მავთულის რგოლი, რომელიც ასეთი მსხვილი ჯაჭვისთვის არ გამოდგებოდა!

როზა სამზარეულოში ფუსფუსებდა. ვასიკოს ლევანი ართობდა. მე თავი მტკიოდა და ჩემს ოთახში განვმარტოვდი. ვიფიქრე, ცოტას წავუძინებ-მეთქი, მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ კარზე კაკუნი გაისმა.

სანამ მოსულს შემოსვლის ნებას დავრთავდი, კარი გაიღო და ზღურბლზე ლადო გამოჩნდა.

- რა იყო, ავად ხარ? - მომეჩვენა, რომ შეშფოთდა.

- არა, უბრალოდ, თავი მტკივა, - ვთქვი, სასწრაფოდ წამოვჯექი საწოლზე და აწეწილი თმა გავისწორე.

ამასობაში ოთახში ვასიკომაც შემოყო თავი და ისიც მომვარდა.

- მე ციტრამონს მოგიტან, ვასიკო კი წყალს მოგვირბენინებს.

ბავშვი მაშინვე გავარდა ბრძანების შესასრულებლად. მარტონი დავრჩით. ავნერვიულდი და თავის გაქნევით წინ ჩამოშლილი თმა ზურგზე გადავიყარე.

- წუხანდელს აქეთ არ მოგვეცა საშუალება, გველაპარაკა… როგორ გეძინა? - მზრუნველი ტონით მკითხა.

- მშვენივრად, მაგრამ წეღან თავი ამტკივდა.

- დარწმუნებული ხარ, რომ ეს მართლა თავის ტკივილია? - ჩამეძია.

- თქვენ გგონიათ, ვსიმულიანტობ, რათა თქვენთან მორიგი შეხვედრა თავიდან ავიცილო?

ამ დროს ვასიკო შემოვიდა და ჭიქით წყალი შემოიტანა.

- მე და ლევანი პლანერს ვაკეთებთ. შეიძლება წავიდე? - ნებართვა ითხოვა ბიჭუნამ.

- რა თქმა უნდა, - თავი დაუქნია ლადომ, წამოდგა და ბუფეტის უჯრა გამოაღო, საიდანაც, ჩემდა გასაკვირად, მთელი ფირფიტა ციტრამონი ამოაძვრინა.

არც ვიცოდი, ამ უჯრებში რა ინახებოდა. არასდროს გამჩენია სურვილი, შიგ ჩამეხედა.

წამალი დავლიე და შევხედე. ის რაღაცას უყურებდა. თვალი გავაყოლე მის მზერას… ჩემს ტუმბოზე ჩასახვის საწინააღმდეგო აბები იდო და იმას დასცქეროდა.

- ეს რა არის? - შეცბუნებულმა იკითხა.

- ეს… აბებია… - ყურებამდე გავწითლდი, ისე შემრცხვა.

- იცი, რა? - ერთხანს ჩაფიქრდა, მერე ჯერ კიდევ გამოუყენებელ ფირფიტას დაწვდა და ჯიბეში ჩაიდო, - მეტად აღარ დაგჭირდება ეგ.

- რას ამბობთ! - წამოვხტი და ხელი ვტაცე, - ეს აუცილებელია.

პასუხის ნაცვლად მკლავები მომხვია და მოფერება დამიწყო.

- არა! - უხეშად მოვიშორე მისი ხელი, - ძალას ნუ მატანთ.

- მშვენივრად იცი, რომ არაფერს გაძალებ, უბრალოდ, არ მინდა ჩემ გამო ეს უაზრო აბები ყლაპო. მე ვიზრუნებ ამაზე. ახლა კი შენთან მინდა.

- ძალიან გთხოვთ…

- კარგი, რახან ასე მთხოვ, სხვა რა გზაა… - თქვა და თითქოს მხრები ჩამოყარა.

აშკარად შევწუხდი. მას მე ნაყიდი ვყავდი, ამიტომ ჩვენი კონტრაქტის წესები არ უნდა დამერღვია… ჯერჯერობით მაინც.

- ჯერ არ დაღამებულა, ამიტომ…

- მით უკეთესი, - გამოცოცხლდა, - ახლა მე შენ პირველ გაკვეთილს ჩაგიტარებ.

წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა, თუმცა მტკიცედ გადავწყვიტე, ამჯერად გულგრილი დავრჩენილიყავი და მისთვის ალერსით არ მეპასუხა… ვერ მოვახერხე. იმდენად მსიამოვნებდა მისი შეხება, ყველაფერს მავიწყებდა… და მივხვდი, რომ ჩემს თავს აღარ ვეკუთვნოდი. მისმა მწველმა კოცნამ ლამის დამადნო. თვალები თავისდაუნებურად დამეხუჭა.

- მგონია, რომ უმიზეზოდ აზვიადებ ყველაფერს, - ჩამჩურჩულა, - გაახილე თვალები. მინდა ვნახო, რას გრძნობ.

ვნებაააშლილმა ძლივს დავაშორე ერთმანეთს წამწამები და მიბნედილი მზერა მივაპყარი.

- ანა… - უცნაური ხმით ამოთქვა…

ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ და მივხვდი, რომ დავიღუპე. ეს კაცი სულს ამომაცლის და დამაცარიელებს. მის გარეშე ერთ დღესაც ვერ გავძლებ! მე მთლიანად მას ვეკუთვნი, ჩემი ყველა უჯრედით, ამ უჯრედების ყველაზე მცირე ნამსხვრევებითაც კი…

საჩვენებელი თითი ლოყაზე ჩამომისვა… მერე ნიკაპზე, მერე ყელზე… მისმა ამგვარმა შეხებამ თითქოს ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია ჩემში… მთელ სხეულში უცნაურმა თრთოლამ დამიარა, მკერდი დამეჭიმა რატომღაც, თითქოს ვიღაცამ ჩემს გულს ხელი მოუჭირა და სუნთქვა შემიკრა. ის დაკვირვებით აყოლებდა თვალს ჩემს რეაქციას და ვგრძნობდი, აშკარად მოსწონდა, რაც მემართებოდა.

- ჰო… - თქვა უეცრად, - წუხელ მე შეცდომა დავუშვი… წუხელ მე ვიყავი ზედმეტად…

არ დაამთავრა, რისი თქმაც უნდოდა, მაგრამ ამის გააზრების უნარი უკვე აღარ მქონდა, რადგან ეგრევე ხელში ამიყვანა და ლოგინზე მიმაწვინა…

წინა ღამით ისეთი დაძაბული ვიყავი, სიამოვნების ბოლომდე შეგრძნების უნარი არ მქონდა. ახლა კი… სადღა მახსოვდა თავის ტკივილი… მისი ყოველი შეხება მაიძულებდა, ვნებათაღელვის ალში გადავვარდნილიყავი. მწვავდა… შინაგანად მწვავდა ეს ალი, ნეტარების ცეცხლით მდაგავდა. ის მკოცნიდა, მეფერებოდა, მსუბუქად მკბენდა, ტუჩებით ლაშქრავდა ჩემს სხეულს და… მოულოდნელად მკერდიდან უჩვეულოდ ღრმა კვნესა აღმოხდა… მისი ხმა, თითების მოძრაობა, მისი მოუსვენარი ტუჩები უფრო და უფრო ამძაფრებდა ჩემს სურვილს. ერთიანად ვთრთოდი და ვიკლაკნებოდი. საოცარი შეგრძნებები მეუფლებოდა, აქამდე უცნობი, აქამდე არგანცდილი. მომეჩვენა, რომ მას ჩემი სიამოვნებით გაგიჟება სურდა. ისე მოწყურებული მეალერსებოდა, რომ ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა. ისე დამაცხრა, როგორც ნადირი თავის ნადავლს, როგორც ნაშიმშილები მაწანწალა გაშლილ სუფრას, როგორც უდაბნოში მოხეტიალე მწყურვალი მგზავრი ჩანჩქერს… ამწუთას თავი ვიოლინო მეგონა, რომლის სიმებსაც ვირტუოზი მუსიკოსი ოსტატურად აკვნესებდა… ყოველ წუთს მეგონა, რომ მოზღვავებული ვნებისგან ავფეთქდებოდი!

და ასეც მოხდა… მეგონა, ათასობით ნამსხვრევად გავიფანტე, მილიონ უმცირეს ნაწილაკად დავიშალე… არასდროს გამმძაფრებია მგრძნობელობა ამ სიძლიერით…

- ასე უკეთესია, - ჩამჩურჩულა ყურში, როცა ვნებისგან დამცხრალი საბოლოოდ მოვეშვი…

მეგონა, მთელი სხეული დაელექტროებული მქონდა, მისი ოდნავი შეხებაც კი მათრთოლებდა. როგორც ჩანს, მან იცოდა ეს, რადგანაც წამით არ გაუჩერებია ხელი, კმაყოფილი დაასრიალებდა ხუთივე თითს ჩემს მხრებზე, მუცელზე. თეძოებზე, მკერდზე… ბოლოს ძლიერად ჩამიხუტა და გაყუჩდა…

არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდა ჩემი ვნებათაღელვა. ძალიან გვიან გამოვერკვიე ამ თავბრუდამხვევი ბურანიდან. გამოვერკვიე და აღმოვაჩინე, რომ დღეიდან უწინდელი ანა ვეღარ ვიქნებოდი. ვგრძნობდი, რომ მისთვის ეს სექსი იყო. ძალიან სასიამოვნო, კომფორტული, მაგრამ მხოლოდ სექსი. ყველა მისი ქმედება იმისთვის იყო განპირობებული, რომ ჩემთვის რაღაც დაემტკიცებინა, მაგრამ არა გრძნობებით. და მერე რა? მან ხომ პატიოსნად მითხრა, მინდიხარო. მიყვარხარო, ხომ არ უთქვამს? არც მეტყოდა. იგი მე არასდროს გამათანაბრებდა თავის წრის ქალებთან… მაგალითად, მარიამთან. ამიტომაც არაფრის იმედი არ უნდა მქონოდა. და ამაში მე ვიყავი დამნაშავე, არ უნდა მიმეცა ჩემი თავისთვის მისი შეყვარების უფლება. სულაც არ გამჭირვებია ტვინის ჭყლეტა იმაზე, ამას მივმხვდარიყავი. ეს სამწუხარო ჭეშმარიტება იყო. როგორ უცაბედად მოხდა ყველაფერი, როგორ მოულოდნელად. ვერც გავიაზრე, როდის შემიყვარდა. გული, სული, სხეული - მან ყველაფერი დაისაკუთრა ჩემი. ღრმად ამოვიოხრე და ადგომა დავაპირე.

- რა მოხდა? - შემაჩერა.

ცივი მზერა ვესროლე.

- ძალიან მტკივა თავი, არ მიშველა ციტრამონმა. თან, წყალი უნდა გადავივლო.

ხელი შემიშვა. ფრთხილად ჩამოვუშვი ფეხები საწოლიდან. ვიგრძენი, გული მერეოდა. თვალით ტანსაცმელს დავუწყე ძებნა, შუა ოთახში ეყარა იატაკზე. ლადოს თვალწინ შიშველი ვერ გავივლიდი, ამიტომ იქვე დაგდებულ მის პერანგს დავავლე ხელი.

- ხომ შეიძლება? - ნებართვა ვითხოვე.

- ეს მე მხოლოდ ბედნიერებას მომანიჭებს, - გამიღიმა.

სიწითლემ გადამიარა სახეზე.

- მომწონს, როცა ასე მორცხვობ, გიხდება, - შეამჩნია ჩემი აჭარხლება.

- ბატონო ლადო…

- მინდა, რომ დღეიდან ლადო დამიძახო.

- არ შემიძლია, - უმწეოდ დავიკნავლე.

- შეგიძლია! - ალერსიანად მითხრა, - მინდა, შენმა ტუჩებმა ჩემი სახელი წარმოთქვან. გამაგონე ეს.

მივხვდი, რომ სანამ არ ვიტყოდი, არ გამიშვებდა და მისი თხოვნა შევასრულე.

- ლადო… - ამოვთქვი და ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა, ხოლო ჩემი გული კვლავ უჩვეულო რიტმში «აბაგუნდა»…

სწრაფად შევბრუნდი, წამოვხტი და სააბაზანოში შევვარდი. როგორა აქვს მოწყობილი სახლი! მეორე სართულზე ყველა საძინებელშია თითქმის აბაზანა-ტუალეტი! აი, რას ნიშნავს ბევრი ფული!

კარგა ხანს დავყავი წყლის ქვეშ, თან ღიმილი არ მშორდებოდა ტუჩებიდან. მსიამოვნებდა იმის გახსენება, რაც მოხდა. ამწუთას სულაც არ ვფიქრობდი იმ უსიამოვნო შეგრძნებაზე, აქამდე რომ არ მშორდებოდა. როცა ბანაობას მოვრჩი, მისი დილის ხალათი მოვიცვი, პერანგი კი გამოვიტანე და სკამის საზურგეზე გადავკიდე. ჩემდა გასაკვირად, ლადო ოთახში არ დამიხვდა, გარეთ გასულიყო. ლოგინი კოხტად დაელაგებინა, ერთი ნაოჭიც კი არ ემჩნეოდა გადასაფარებელს. ვინმეს რომ შემოეხედა, იფიქრებდა, აქ არც არაფერი მომხდარაო.

არაფერი მომხდარა… ჰმ… ეშმაკურად ჩამეღიმა. თვალი მოვავლე ირგვლივ და მოულოდნელად ჩემი ყურადღება მაგიდაზე დადებულმა პატარა კოლოფმა მიიპყრო. აქამდე არ შემიმჩნევია იგი. ნეტავ, რა უნდა იყოს? ცნობისმოყვარეობამ მძლია. რატომღაც, ფეხის წვერებზე ავიწიე და მივუახლოვდი. ფრთხილად ავიღე კოლოფი, ავხადე სახურავი და… ჟოლოსფერ ხავერდზე ოქროს მსხვილი ჯაჭვის სამაჯური იყო დამაგრებული, თან წვრილი ბრჭყვიალა თვლებით გაწყობილი… თითქოს ხელი დამეწვაო, ისე გადავქანდი უკან და კოლოფი ხელიდან გამივარდა. თვალები ცრემლით ამევსო. ეს ალბათ ის ჯილდოა, რომელიც მასთან დაწოლით დავიმსახურე… კოლოფი კვლავ მაგიდაზე დავაბრუნე.

ცრემლი შევიმშრალე, ტანსაცმელი ჩავიცვი და სამზარეულოში ჩავედი. ლადო მაგიდასთან იჯდა და ვასიკოს მხიარულად ელაპარაკებოდა. შემდეგ მზერა ჩემზე გადმოიტანა, თუმცა მე უკვე მოვასწარი თავის ხელში აყვანა. ერთმანეთისთვის არაფერი გვითქვამს. როცა ვასიკომ ჭამა დაამთავრა და გავიდა, გადავწყვიტე, უკან მივყოლოდი, მაგრამ ლადომ მაჯაში ჩამავლო ხელი და გამაჩერა. ჯერ მას შევხედე, მერე მის ხელს, ჩემს მაჯას რომ იჭერდა და ვაგრძნობინე, გამიშვი-მეთქი.

- მოგეწონა? - მკითხა.

- მე… მე არ ავიღებ მაგ საჩუქარს, - ამოვღერღე, - მე არაფერი მინდა…

- რატომ?

- იმიტომ, რომ… თქვენ… თქვენ არ ხართ ვალდებული, ასე მოიქცეთ.

- ანუ არ უნდა გაჩუქო არაფერი? საჩუქრებს გულისხმობ? - ზედმეტად რბილად დაინტერესდა, თითქოს გაბუტულ ბავშვს ელაპარაკებაო.

- სწორედაც.

- რატომ? - კვლავ გამიმეორა.

- ბატონო ლადო… - ამასობაში ნერწყვი გადავაგორე, - ლადო… - სასწრაფოდ გადავაკეთე, - არ მინდა, მსგავსი რამ ოდესმე განმეორდეს.

- მაგრამ შენ უკვე აიღე ფული, - შემახსენა და იმწამსვე მზერა მრისხანედ დაეძაბა.

ვიგრძენი, სისხლი როგორი შხუილით ამივარდა თავში და თავბრუ დამეხვა. მე ხომ უკვე მივეყიდე მას და ეს პატარა კოლოფი რაღა ბედენაა? ეს ხომ მხოლოდ ერთი უბადრუკი ნივთია, რომლითაც ჩემი მომსახურებით კმაყოფილმა «სალმა კლდემ» მადლიერება გამოხატა?

- მაგრამ მეტს არაფერს არ ავიღებ! - თავისუფალი ხელით მაგიდის კიდეს ჩავეჭიდე, რადგან მივხვდი, რომ თვალწინ ყველაფერი ატრიალდა.

ის ფული ხომ ჩემი ძმის და დის გადასარჩენად მჭირდებოდა. როგორ ავუხსნა ეს? ისედაც დამცირებული ვარ, ახლა რომ საჩუქრების მიღება დავიწყო, მთლიანად გავნადგურდები! მით უფრო, რომ ვგრძნობ, როგორ მიყვარს. ამიტომ ერთ თეთრსაც არასდროს გამოვართმევ, სულ რომ ქვეყანა დაიქცეს! საჩუქრებზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი! და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ის ფული უკან დავაბრუნო. ნაწილი ხომ ისედაც მაქვს, ნაწილსაც ჩემი ხელფასით მოვაგროვებ, თუ დამცალდა აქ მუშაობის გაგრძელება!

ამ გადაწყვეტილებამ ძალა შემმატა, თითქოს უზარმაზარი ლოდი ამაცალეს მკერდიდან.

სწორედ ამ დროს სამზარეულოში ვასიკომ შემოირბინა.

- ანა, ძალიან მჭირდები, გთხოვ! - ქოშინით მითხრა ბავშვმა, - რაღაც ვერ გავიგე დავალებაში!

ლადომ მაშინვე ხელი შემიშვა.

8 8 8

იმ ღამეს არ შევუწუხებივარ და მეც მშვიდად ფიქრის საშუალება მომეცა. უკვე აღარ ვიცოდი, მიხაროდა თუ მწყინდა ჩემი მდგომარეობა. ერთი მხრივ, მიხაროდა, რადგან მასთან ახლოს ყოფნის საშუალება მეძლეოდა, შემეძლო, მოვფერებოდი, მაგრამ მეორე მხრივ, ტკივილს ვგრძნობდი. მახსენდებოდა, თუ რის ფასად მოვიპოვე მისი სიახლოვის უფლება. ეს კი მანადგურებდა. რა იქნებოდა, ამის გარეშე მომხდარიყო ჩვენი დაახლოება? რა მოხდებოდა, რომ მასაც შევყვარებოდი? რაც მეტს ვფიქრობდი ამაზე, მით უფრო დათრგუნულად და დამცირებულად ვგრძნობდი თავს.

მეორე დღეს, შუადღისას, ლადომ დარეკა და გამაფრთხილა, საღამოს შემაგვიანდებაო. ცოტა არ იყოს, გამიკვირდა, ეს რატომ მითხრა. სულაც არ იყო ვალდებული, საქმის კურსში ჩავეყენებინე, მაგრამ მისმა სიტყვებმა უცნაურად სხვანაირად გამითბო გული. სადღაც, სულის სიღრმეში მაინც მრჩებოდა პატარა იმედი, რომ მასთვის «სულერთი» არ ვიყავი. რა თქმა უნდა, ეს თავის მოტყუება უფრო იყო, თუმცა ადამიანის ბუნება ისეა მოწყობილი, ყოველთვის იმას ფიქრობენ, რაც მათ სურთ. ამ მხრივ არც მე ვიყავი გამონაკლისი.

ვასიკო დავაძინე და ჩემს ოთახში გავედი. დაწოლა არც მიფიქრია. არა იმიტომ, რომ უძილობა მაწუხებდა. უბრალოდ, ვერ დავიძინებდი, სანამ ლადო არ მოვიდოდა. მის გამოჩენას ველოდებოდი. რა თქმა უნდა, ამის დემონსტრირებას სულაც არ ვაპირებდი, მაგრამ რაღაც მიზეზი ხომ უნდა მქონოდა, რომ არ დავწოლილიყავი? ეს მიზეზიც ადვილად გამოვნახე. წიგნი ავიღე, სამზარეულოში თბილად დავჯექი და კითხვა დავიწყე.

- მარიამ, არ გირჩევ ამის გაკეთებას…

- შეიძლება შენ მართალი ხარ, - ქალის სიცილის ხმა გაისმა, - მაგრამ რომ იცოდე, მე როგორ…

«მინდა შენთან», - ჩემთვის დავამატე ფიქრებში მის ნათქვამს და გაფითრებული ავკანკალდი.

- როგორც ჩანს, დღეს ბევრი დალიე… ახლა დროა, ლოგინში ჩაწვე.

- მეც სწორედ მაგაზე მიგანიშნებდი, - კვლავ გაისმა მარიამის სიცილი.

მერე ნაბიჯების ხმა გაისმა, კარის გაჯახუნება და მე კვლავ მარტო დავრჩი სიჩუმეში. კარგა ხანს რეტდასხმული ვიჯექი, მერე წამოვხტი და ქურდულად გამოვედი სამზარეულოდან. მივიხედ-მოვიხედე. არავინ ჩანდა. კიბესთან შევჩერდი. ვგრძნობდი, როგორ მიცარიელდებოდა სული… თითქოს სიცივემ დაისადგურა იქ… და სიბნელემ. აბა, რას ველოდი? - იქედნურად ჩამძახა შინაგანმა ხმამ. გეგონა, დიდი ხნით დააინტერესებდი ასეთ მამაკაცს? მისთვის მხოლოდ ერთი თუ ორი ღამის გასართობი აღმოჩნდი, შე უბადრუკო! ჩაკვდა შენი უკანასკნელი იმედიც, ოდნავ რომ ბჟუტავდა სადღაც!

თვალზე მომდგარი ცრემლი კოფთის სახელოთი მოვიწმინდე, მაღლა ავედი და ჩემი ოთახისკენ გავემართე. არა, არ ავტირდები, არც ავსლუკუნდები. რაც უნდა ხდებოდეს ჩემს გულში, არ შევიმჩნევ. თავს არავის მოვახვევ ჩემს პრობლემას! ის კაცი სულაც არ არის დამნაშავე, მე რომ ქათამივით მოვიქეცი და ჩემს თავს უფლება მივეცი, გავლაღებულიყავი. თვალები ისე მეწვოდა, თითქოს ქვიშა შემომაყარესო, მაგრამ მაინც არ ავტირდი. ცრემლები სადღაც შუა გზაზე გაიჩხირა, გულთან ახლოს და მაღლა ამოსვლის საშუალება არ მივეცი. ამის გამო ძლივს ვსუნთქავდი, სული მეხუთებოდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფერი დამთავრდა. მორჩა, დღეიდან არასდროს, ყველაზე გიჟურ ოცნებებშიც კი არ გავივილებ გულში, რომ ამ ისტორიას კარგი დასასრული ექნება!

ჩვენი ურთიერთობა სასიამოვნოც იყო და ამავდროულად, მტანჯველიც. იგი დასაწყისშივე განწირული იყო და ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ ჩვენი ძალად შეთითხნილი რომანი ორ თვეს ვერანაირად გასტანდა.

გასაღები ძალიან ფრთხილად გადავატრიალე და ფეხაკრეფით მივედი საწოლამდე, თითქოს, თუ თამამად გავივლიდი, ვინმე ჩემი ნაბიჯების ხმას გაიგონებდა. გაუხდელად დავემხე ლოგინზე, თავი ბალიშში ჩავრგე და გავისუსე.

გარკვეული დროსი შემდეგ, არ ვიცი, ერთი საათი გავიდა თუ რამდენიმე წუთი, მომეჩვენა, რომ ჩემს კარს გარედან ვიღაც მოაწვა. ვიფიქრე, მომესმა-მეთქი, თუმცა კი მაშინვე წამოვჯექი და სმენა დავძაბე. მოულოდნელად ვიღაცამ მკვეთრად დააკაკუნა და მივხვდი, რომ არაფერი მომჩვენებია. კი არ მივედი, მივფრინდა კართან და ოდნავ გამოვაღე.

- რა გნებავთ? - არ გამკვირვებია, ლადო რომ დავინახე, თუმცა, წესით, ის ახლა მარიამთან უნდა ყოფილიყო ჩახუტებული.

- ერთობ უცნაური შეკითხვაა. მე მგონი, ერთხელ გარკვევით გითხარი, შენი ადგილი სადაც არის უახლოესი ორი თვის განმავლობაში.

«გნებავთ ორ ქალთან ერთად გაერთოთ?» - ენის წვერზე მომადგა სათქმელი, მაგრამ დროზე დავაჭირე ენას კბილი.

- ბატონო ლადო, მე არ მომწონს ეს. არ არის საჭირო ჩემი უფრო მეტად დამცირება. ჩემთვის ყველაფერი გასაგებია… ხვალვე დავტოვებ აქაურობას. არაფრის ახსნა არ გჭირდებათ.

წამით თვალებში დაბნეულობა გამოეხატა, თითქოს გამოუვალი სიტუაციიდან თავის დახსნის საშუალებას ეძებსო, მერე კი უცებ დაულაგდა სახე და გაუქვავდა. თვალები ოდნავ მოჭუტა.

- შენ ყველაფერი გესმოდა… - ეს არ იყო შეკითხვა, ეს შეკითხვის პასუხი იყო…

მისი გონება, როგორც ჩანს, კომპიუტერივით მუშაობს, რადგან ასე უცებ მიხვდა ყველაფერს. თითქოს თავსატეხს ხსნიდა და იოლად მიაგნო გასაღებს.

- დიახ, - სულაც არ მიცდია თავის მართლება, - მე საკმარისი მოვისმინე, რათა დასკვნები გამეკეთებინა!

- მართლა? - ამ სიტყვებით ოთახში შემოვიდა და კარი მიიხურა, - ესე იგი, საკმარისი. სანამ დასკვნებს გააკეთებდი, აჯობებდა, ჯერ ბოლომდე მოგესმინა ჩვენი საუბარი. მარიამი უკვე წავიდა და სულ მალე თავის საწოლში ჩაწვება! თავის საწოლში!.. - დააზუსტა, - ლევანმა წაიყვანა.

იგი წინ ამესვეტა და ისე შემომხედა, ლამის შემჭამა თვალებით.

- მაგრამ მე…

- ნუთუ დაგავიწყდა, რომ ჩვენი კონტრაქტის ერთ-ერთი პუნქტი მე სხვა ქალთან გაკარებას მიკრძალავს? - ნახევრად ხუმრობით, ნახევრად დამცინავად მითხრა, თითქოს ჩემი მაშინდელი სიტყვები ნიშნის მოგებით გაიმეორა, თუმცა მისი მზერა კვლავ გამჭოლი დარჩა.

დავიბენი. უაზროდ ავახამხამე წამწამები, რადგან მის შეკითხვაზე პასუხი არ მქონდა. შეეტყო, რომ ჩემმა დაბნეულობამ კმაყოფილება მოჰგვარა, ჩაიცინა და ოთახში მიმოიხედა, - შენი საწოლი ჩემსაზე ბევრად პატარაა, მაგრამ ისე დავიღალე, ჩემთვის სულერთია… - მან ხელით განზე გამწია, საწოლს მიუახლოვდა, ჩამოჯდა და გახდას შეუდგა.

- მოიცადეთ! - სასოწარკვეთილმა შევყვირე და მივვარდი.

ისიც წამოდგა და წინ დამიდგა.

- არა, მოცდა არ შემიძლია… - ალერსიანი ხმით მითხრა და მკლავები მძლავრად მომხვია…

8 8 8

იმ დღიდან ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი უცნაურად შეტრიალდა, თუმცა «ახალმა ერამ» სულიერი სიმშვიდე ვერ მომგვარა. ყველაფერი კი იმის ბრალი იყო, რომ ბედნიერების უჩვეულო განცდა დამეუფლა, რომელიც მყარად დასახლდა ჩემ შიგნით. თავს ისე ვგრნობდი, თითქოს სიზმარში ვცხოვრობდი. ალბათ ნარკომანებს ემართებათ ასე, როცა წამალს გაიჩხერენ… შემსუბუქდებიან და თითქოს უწონობის მდგომარეობაში დადიან… ზედმეტად აჟიტირებული ვიყავი.

დღისით როზას ვეხმარებოდი საოჯახო საქმეებში, ვასიკოს ვამეცადინებდი, მერე ვათამაშებდი, საღამოს კი ლადოს ველოდებოდი მისსავე საწოლში. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩვენ შესახებ როზამ და ლევანმა ყველაფერი იცოდნენ, თუმცა არც ერთ მათგანს ჩემთვის იოტისოდენადაც არ უგრძნობინებია არაფერი… და არც მათი დამოკიდებულება შეცვლილა ჩემ მიმართ.

დღის განმავლობაში ჩემი და ლადოს ურთიერთობა არ სცილდებოდა ნორმის ფარგლებს, მაგრამ თანდათან მის თვალებში რაღაც ახალი გრძნობა გაჩნდა… ჩემი «დახასიათებით», ეს ალბათ სინაზე უფრო იყო. გული სიამოვნებით მევსებოდა და ვდნებოდი, როცა იგი ამ ახალი გრძნობით შემომხედავდა. ხანდახან ეჭვი შემეპარებოდა ჩემს ვარაუდში და ჩემს თავს სულელ შეყვარებულ ბატს ვუწოდებდი, რომელმაც დაივიწყა, როგორ დაიწყო ეს ურთიერთობა. მაგრამ ღამით ყველაფერი იცვლებოდა. ლადოს ხელები ძილშიც კი ჩემს სხეულს ეძებდა და ისე მძლავრად მიხუტებდა, თითქოს გაქცევას ვაპირებდი და მაკავებდა. ის თავის ცხელ და ძლიერ მკერდზე მიმიკრავდა და გარხევის საშუალებას არ მაძლევდა. ასეთ დროს ყველა ჩემი ეჭვი და ვარაუდი ქრებოდა და ცუდი წინათგრძნობაც ქარწყლდებოდა. სულელივით მეღიმებოდა სიბნელეში და ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე ვიყავი.

დილით კი კვლავ უკან მიბრუნდებოდა ყველაფერი. თავიდან იწყებოდა ჩემი წამება. კვლავ ეჭვები მახრჩობდა და შიშით გონება მებინდებოდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ეს ყველაფერი დამთავრდებოდა. ადრიან დილას თავისი კორექტივები შემოჰქონდა ჩვენს ურთიერთობაში. თვალის გახელის მეშინოდა, რადგან ისევ და ისევ ნაცნობი სიცარიელე მეუფლებოდა, თავს მარტოსულად ვგრძნობდი და უცნაურად მტანჯველი ტკივილით მევსებოდა გული.

8 8 8

იმ დღესაც, სკოლის შემდეგ, ლევანმა ვასიკო იპოდრომზე წაიყვანა, ცხენოსნობის მორიგ გაკვეთილზე. ბოლო დროს ნაკლებ დროს ვატარებდი მასთან, მხოლოდ გაკვეთილების მომზადებაში ვეხმარებოდი. ლადო ბავშვს ახლა ყველგან უშვებდა - მეგობრებთან, კინოში, სასეირნოდ, დაბადების დღეებზე… და ყველგან ლევანი დაჰყვებოდა.

საღამომდე თავზე საყრელი დრო მქონდა, ამიტომაც გადავწყვიტე, ნუკრი და ნანა მომენახულებინა.

როგორ გაუხარდა ნანას, რომ დავურეკე. ისეთი შეძახილებით შემხვდა, მესიამოვნა.

- არ იცი, რა დროზე დამირეკე! როგორ მჭირდებოდი! - მხიარულად მელაპარაკა, - მაღაზიებში მინდა გავლა და გამომყევი, კარგი?

- რა თქმა უნდა, გამოგყვები, - გული ამიჩქროლდა სიხარულისგან, ჩემს ნახევარდასთან ერთად ქუჩაში თამამად უნდა გამევლო.

შეხვედრის ადგილი დავთქვით და ორმოც წუთში უკვე ერთად ვიყავით. ნანას ნუკრიც წამოეყვანა. ორივეს სიყვარულით გადავეხვიე.

- როგორ ხარ, ანა? - მკითხა ნუკრიმ.

- კარგად, რა მიჭირს, - სტანდარტული ფრაზა მოვიშველიე, თუმცა მათ დანახვაზე პირველი, რამაც თვალწინ გამიელვა, ლადოსთან დადებული კონტრაქტი იყო, - თქვენ როგორ ხართ?

- ჩვენც არა გვიშავს. ჩემი ქმარი სამსახურში აღადგინეს და ნუკრიმაც დაწყო მუშაობა.

- მიხარია… - ოდნავ გავიღიმე.

- ასე რომ, ნელ-ნელა დავიწყებთ შენი ვალის გასტუმრებას. დარწმუნებული იყავი, რომ არ დაგაღალატებ, გაიგე? - ნანამ ლოყაზე მაკოცა.

პასუხად ისევ გავუღიმე. კარგია, თუ ასე მოიქცევიან. მეც გადავინახავ ჩემი ხელფასიდან და იქნებ დროზე შევძლო ლადოსთვის მთლიანი თანხის დაბრუნება, რომ ეს მძიმე ლოდი მომეხსნას ზურგიდან.

კარგა ხანს ვიარეთ მაღაზიებში, მთელი ორი საათი, სანამ ფეხზე არ ჩამოვწყდით. ნანამ ფეხსაცმელი იყიდა თავისთვის, პულოვერი - ნუკრისთვის და არც მე დამტოვა გულნატკენი, ძალიან ლამაზი ჟაკეტი შემირჩია. სასტიკ უარზე დავდექი, მაგრამ მაინც თავისი გაიტანა. მერე დაგვემშვიდობა მე და ნუკრის და სახლში გავარდა, ბავშვები მარტო მყავს დატოვებულიო. ნუკრიმ კი მე გამაცილა. ასახვევამდე მომყვა, მერე კი დავემშვიდობე და აღმართს მარტო შევუყევი.

ვასიკო უკვე დაბრუნებულიყო. ბავშვი აღფრთოვანებული მიყვებოდა, თუ როგორ ატარა დღეს ცხენი დამოუკიდებლად, როგორ ხმარობდა აღვირს და რომ სულ არ გასჭირვებია. ლამის ერთი საათი მეტიტინა. მეც ღიმილით ვუსმენდი და შიგადაშიგ თავს ვუქნევდი მოწონების ნიშნად.

ამასობაში მოსაღამოვდა. ვასიკოს ერთი სული ჰქონდა, ბიძამისისთვის მოეყოლა ცხენის ამბავი, მაგრამ ლადომ დააგვიანა, ამიტომ ვავახშმე და დავაძინე. როზაც შეიკეტა თავის ოთახში. მარტო დავრჩი და რადგან ლადოს მოსვლამდე დაძინებას არ ვაპირებდი, მის ბიბლიოთეკაში შევედი, რათა რომელიმე წიგნი შემერჩია წასაკითხად. კარი სპეციალურად ღია დავტოვე, რომ მისი მოსვლა არ გამომპარვოდა. მიუხედავად ამისა, მაინც ვერ გავიგე, როდის მოვიდა. უბრალოდ, მისი მზერა ვიგრძენი და მსწრაფლ ავწიე თავი. ის ზღურბლზე იდგა. ჩუმმა ღიმილმა გადამირბინა ტუჩებზე, მაგრამ მყისვე გამიქრა. ვიგრძენი, რაღაც ისე ვერ იყო. ლადოს თვალები უცნაურად უელავდა, სახე გამკაცრებოდა, ტუჩები მოეკუმა… გულმა რეჩხი მიყო.

- ლადო, რამე მოხდა? - შეშფოთებულმა მისკენ გავიწიე.

მან ერთი ნაბიჯი გადმოდგა, თან თვალს არ მაშორებდა, თითქოს ჩემს რეაქციას აკონტროლებდა, მერე მეორე და ბოლოს ძალიან ახლოს მოვიდა. თავი ძლივს შევიკავე, არ ჩავხუტებოდი. მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე საათის უნახავი მყავდა, უკვე მენატრებოდა.

თავზე წამომდგარს შეშფოთებულმა ავხედე. კვლავ გაქვავებული სახით მიყურებდა, ხოლო თვალებში უსიამოვნო ნაპერწკალი უკრთოდა. თითქოს დრო შემობრუნდა. შორეული წარსულის დღეები გამახსენდა. სწორედ მაშინ მიყურებდა ასე. გული შემიქანდა.

- ლადო…

- როგორ გაატარე დღე, ანა? - ნაძალადევი სიმშვიდით მკითხა.

- რა? - ვერ მივხვდი, ამას რატომ მეკითხებოდა.

- დღე როგორ გაატარე-მეთქი, გკითხე. მომიყევი…

ჩუმ პანიკაში ჩავვარდი, თუ შეიძლება ასეთიც არსებობდეს. რატომ დაინტერესდა ჩემი დღევანდელი გრაფიკით? იქნებ გაიგო, რომ მის შეუთანხმებლად გავედი სახლიდან? იქნებ არ ვუთხრა, ნანას და ნუკრის რომ შევხვდი? რატომ არ უნდა ვუთხრა? ვიღაცასთან ხომ არ ვიყავი პაემანზე? დასამალი არაფერი მაქვს!

- რა ვიცი, ვასიკოს ვეთამაშე, ვილაპარაკეთ, მერე ლევანმა იპოდრომზე წაიყვანა. ცოტა ხანს როზას მივეხმარე, მერე… მერე დაქალს შევხვდი… - თვითონაც არ ვიცი, რატომ მოვიტყუე, ჩემდა უნებურად წამომცდა, ჯერ კიდევ მიჭირდა, ნანა, როგორც და, ხმამაღლა მომეხსენიებინა.

ლადომ ხელი მხარზე დამადო და ძლიერად მომიჭირა. ტკივილისგან დავიმანჭე და ძალაუნებურად წამოვიკვნესე. ახლა უკვე მართლა შემეშინდა.

- ლადო, რა მოხდა?

- მატყუარა კახპავ! - იყვირა უეცრად.

მისგან გარიდება ვცადე, მაგრამ უფრო ძლიერად ჩამაფრინდა მხარში, - გეგონა, ვერაფერს გავიგებდი?!

ასეთი შეშინებული მასთან პირველი შეხვედრისას არ ვყოფილვარ, გონება დამებინდა. მისი გაცოფებული სახე სრულიად უცხო და უარესად დემონური მეჩვენა, ვიდრე ოდესმე, ხოლო თვალები… მასში სიძულვილი გამოსჭვიოდა… და ზიზღი… და ტკივილი…

- ლადო, არ მესმის…

- ხმა ჩაიწყვიტე! - ამ სიტყვებმა ისე იმოქმედა ჩემზე, თითქოს სილა გამაწნა, - ნამდვილი ქუჩის ქალი ხარ, მე კი როგორ გენდობოდი!

მამაკაცი წყვეტილად და მძიმედ სუნთქავდა. არა, კი არ სუნთქავდა, კორიდაზე გასული ხარივით ქშინავდა. მოულოდნელად მეორე ხელი ისე ასწია ჰაერში, მეგონა, გამარტყამდა. გაფითრებული მივაჩერდი მის ხელს. შიშისგან თავზარი დამეცა.

- ნაგავო! - კბილებში გამოსცრა და ხელი მკრა.

როგორც ჩანს, ჩემმა სიჩუმემ უარესად გააცოფა. მორჩილად ვიდექი შუა ოთახში და დამბლადაცემულივით ხმას ვერ ვიღებდი. ვერ მივხვდი, ასე რამ გააგიჟა. რაში მადანაშაულებდა.

თან ხელი ისე მკრა, რომ უკან, კედელს მივეხეთქე და ბარძაყი მაგიდის ძგიდეს მივარტყი… სასტიკად ამეწვა ფეხი…

- ჩემმა თვალება არ დაგინახოს აქ! და არასდროს გაბედო ამ სახლში დაბრუნება! ტანსაცმელს ხვალ ლევანი გამოგიტანს შენს ბინძურ სოროში! - დაამთავრა ბოლოს და ისეთი სისწრაფით გავიდა ოთახიდან, თითქოს შეეშინდა, უარესი საშინელება არ ჩაედინა.

ტკივილი საიდანღაც სიღრმიდან წამოვიდა, შემდეგ ნელ-ნელა გაიშალა, გაიფანტა და მთელი ჩემი არსება მოიცვა. მას არაფერი აუხსნია, არც კონკრეტულ რამეში დავუდანაშაულებივარ. უბრალოდ, გამაგდო თავისი სახლიდან. მორჩა და გათავდა! ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე! როგორც ჩანს, დადგა მომენტი, როდესაც მისთვის უკვე აუტანელი და ზედმეტი გავხდი. თუმცა ჩემთვის გაუგებარი იყო, ასეთი მეთოდით რატომ არჩია ჩემი თავიდან მოშორება. ამის ახსნა არ შემეძლო. მხოლოდ ძალიან შემაშინა და უდიდესი ტკივილი მომაყენა… უეცრად ვიგრძენი, რომ ცუდად გავხდი… ისე ცუდად, რომ გულის რევა დამეწყო. მაქსიმალურად შევიკავე თავი. მაგიდას ხელებით დავყრდენი და ღრმად სუნთქვა დავიწყე. ფეხი უარესად ამეწვა. კაბა ავიწიე და დავინახე, რომ ბარძაყიდან სისხლი მდიოდა.

ეგ ისეთი არაფერი იყო. ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, როგორ მოვქცეულიყავი. მასთან მისვლას და რამის გარკვევას აზრი არ ჰქონდა. უარეს უსიამოვნებას გადავეყრებოდი.

როგორც იქნა, თავი ხელში ავიყვანე, სწრაფად გამოვედი ოთახიდან და ჭიშკრისკენ დავიძარი…

გარეთ წვიმდა. რა უცნაური იყო… დღეს ისეთი თბილი მზე ანათებდა… როდის მოასწრო ამ ღრუბლებმა თავშეყრა და თქეშად ქცევა? სანამ ჭიშკარში გავიდოდი, თმა და ტანსაცმელი უკვე დამისველდა. დაბნეულმა მიმოვიხედე, თითქოს მშველელს ვეძებდი, მაგრამ ქუჩაში კაციშვილი არ ჭაჭანებდა. მანქანებიც კი არ მოძრაობდნენ, თითქოს ყველამ ჩემ წინააღმდეგ შეიკრა პირი. ლამპიონები ანათებდა იქაურობას მხოლოდ. გზას დავუყევი და სულაც არ შემიმჩნევია, რომ საპირისპირო მხარეს მივდიოდი. ფეხებს თავისით მივყავდი სადღაც. არც ჩანთა წამომიღია, რომელშიც საფულე მედო. ერთი თეთრიც არ მქონდა თან, ტაქსი მაინც გამეჩერებინა, თუკი გამოჩნდებოდა. ვერც იმას ვაცნობიერებდი, რომ სახე არათუ წვიმისგან, ცრემლებისგანაც დამისველდა. არ ვიცოდი, საით მივდიოდი, არც იმაზე ვფიქრობდი, რომ ბნელოდა და შეიძლებოდა, ვინმეს შევეშინებინე… უბრალოდ, მივდიოდი და მორჩა!

არ ვიცი, რამდენ ხანს დავბორიალობდი ქუჩაში უმისამართოდ. როგორც იქნა, ბოლოს გავაცნობიერე, რომ ჩემს ბინაში უნდა ავსულიყავი და მხოლოდ მაშინ გამოვერკვიე. იქვე მარკეტში შევირბინე, ნანასთან გადავწყვიტე დარეკვა, მაგრამ მყისვე გადავიფიქრე. ნანა ვერ მოვიდოდა, ბავშვებს ვერ დატოვებდა, თან ჯერ კიდევ უცნობი სიძის მომერიდა. ნუკრის ნომერი ავკრიფე, მაგრამ მისი ხმა გავიგონე თუ არა, უკაცრავად, შემეშალა-მეთქი და სწრაფადვე გავთიშე. ამწუთას ვერც ნუკრის ავუხსნიდი, რა შემემთხვა.

კვლავ ქუჩაში გამოვედი და რის ვაივაგლახით მივაღწიე სახლამდე… ეგრევე ტანთ გავიხადე და სააბაზანოში შესულმა ცხელ წყალს მივუშვირე ცხვირ-პირი…

მერე ტანსაცმელი გამოვიცვალე და საწოლზე მივწექი. საბანი გადავიფარე და შიგ გავეხვიე. ამის მიუხედავად, ვერაფრით შევძელი, ჩავმთბარიყავი.

თითქოს მეძინა და არც მეძინა… გამუდმებით საშინელ ტკივილს ვგრძნობდი, თუმცა ეს არ იყო ფიზიკური ტკივილი… ეს სულის ტკივილი იყო, რომლის გაყუჩება ყოველთვის ყველაზე მეტად მიძნელდებოდა…

რამდენიმე საათის შემდეგ თვალები გავახილე და საბნიდან თავი გამოვყავი. სინათლის შუქმა თვალები მომჭრა. საშინლად მტკიოდა თავი, თითქოს შუაზე მეპობოდა. ხელი გადავყავი ტუმბოზე და უჯრაში ასპირინი მოვიძიე. სამი აბი ერთდროულად გადავყლაპე… უწყლოდ. იმის თავიც არ მქონდა, ავმდგარიყავი და ერთი ჭიქა წყალი დამელია. ისევ ვცახცახებდი. ვერა და ვერ გავთბი.

მოულოდნელად კარზე ზარის ხმა გაისმა. არ გავნძრეულვარ. ახლა არავის ნახვის თავი არ მქონდა. ვინც უნდა იყოს, მობეზრდება, რომ არ გაუღებენ და წავა-მეთქი, ვიფიქრე…

გაგრძელება იქნება