ყალბი ლტოლვა - თავი 21 - Marao

ყალბი ლტოლვა - თავი 21

2022-09-15 10:05:55+04:00


წინა თავი

- კარგი, ხვალ ჩაგაბარებთ ფულს, - თავაწეულმა გამოვაცხადე.

- მართლა? - ნანა ფეხზე წამოხტა, - გვქონდეს შენი იმედი?

- ჰო, რა თქმა უნდა, რადგან ვთქვი, ესე იგი, გავაკეთებ კიდეც. ოღონდ ზუსტად არ ვიცი, რა დროს მექნება ხელთ თანხა. დაგირეკავ.

- მთავარია, საღამომდე იყოს, ზეგ დილით უნდა ჩავიტანოთ.

- იქნება, ნანა, არ დაგაღალატებ! - ისე დარწმუნებით ვუთხარი, თითქოს ფული უკვე ხელში მეჭირა.

- მაშინ წავალთ ჩვენ…

- მოიცა, ყავა დავლიოთ, ნამცხვარი…

- არა, დიდი მადლობა, ისეთი დაცლილი ვარ, ცოტა თუ არ წავუძინე, ხვალ ადამიანად ვერ ვივარგებ. თან ბავშვები ტასოსთან დავტოვე, არც ვიცი, დაიძინებენ თუ არა უჩემოდ. სამნი არიან და ხომ იცი…

- გასაგებია, - თავის დაქნევით ვთქვი და ორივე კარამდე მივაცილე.

უკან რომ შემოვბრუნდი, ღონემიხდილი ლოგინზე მივეგდე და ყრუდ დავიკვნესე…

8 8 8

როზა ადგილზე გაშეშდა, მე რომ დამინახა.

- რა მოხდა ანა, რა გჭირს?

- ცუდად გამოვიყურები, არა? - სიმწრით გავიღიმე.

- საფლავიდან წამოყენებულ მიცვალებულს ჰგავხარ. მოხდა რამე?

- ისეთი არაფერი… ლადო შინ არის? ხომ არ გამასწრო? საქმე მაქვს…

თითქოს ამას ელოდაო, ზღურბლზე «სალი კლდე» გამოჩნდა. ჩემ დანახვაზე წარბები აზიდა და კითხვით სავსე მზერა მომაპყრო.

- რაღაც ადრე მოსულხარ…

- უნდა დაგელაპარაკოთ, ბატონო ლადო, - რაც შეიძლებოდა მშვიდად მივმართე. ასე მეგონა, ყოველგვარი მგრძნობელობა დავკარგე, დაცლილი ვიყავი ემოციებისგან. რობოტივით ვმოქმედებდი.

მამაკაცმა საჩვენებელი თითი გაიქნია და მიმანიშნა, ჩემთან გავიდეთო. უხმოდ მივყევი უკან. მთელი სხეულით ვცახცახებდი და ვცდილობდი, როგორმე ამეყვანა თავი ხელში. მის კაბინეტში შევედით თუ არა, ლადომ კარი მჭიდროდ მიხურა და ჩემკენ შემობრუნდა.

- აბა! გისმენ!

- იცით… მე ბევრი ვიფიქრე თქვენს წინადადებაზე და… თანახმა ვარ.

შევამჩნიე, რომ მის თვალებში უცნაურმა ნაპერწკალმა იელვა, თითქოს ვიღაცამ ასანთს გაჰკრაო, თუმცა ამწუთას ჩემთვის ყველაფერი სულერთი იყო. ისე ადვილად წარმოვთქვი ეს სიტყვები, თვალი არ დამიხამხამებია. სინდისის ქენჯნა საერთოდ არ მიგრძნია.

- თანახმა ხარ რაზე? - ვითომ ვერ მიხვდა, რას ვგულისხმობდი.

არც ახლა მქონია რეაქცია. სხვა დროს ალბათ შეურაცხყოფისგან მოვკვდებოდი, მაგრამ ახლა, როცა ასე ძალიან მინდოდა ჩემს და-ძმასთან თავის გამოჩენა, სირცხვილის გრძნობა სრულიად დამკარგვოდა. მით უფრო, როცა საქმე ნუკრის ეხებოდა.

- რაზეც მაშინ ვილაპარაკეთ, ჩემს ოთახში. თქვენ რომ შემოთავაზება გქონდათ ჩემთან, - ისე თავხედურად გავახსენე, თითქოს ვალი ჰქონდა ჩემი და არ მიბრუნებდა.

- ააა! მივხვდი. ანუ გინდა, ჩემი საყვარელი გახდე? - დააკონკრეტა.

ნდომით ნამდვილად არ მინდოდა, მაგრამ ახლა ეს რომ მეთქვა, სამუდამოდ უნდა დავმშვიდობებოდი ფულზე ფიქრს, ამიტომ პასუხი არ გავეცი, მხოლოდ თავი დავუქნიე.

- გასაგებია…. შემიძლია, გკითხო, რამ მიგაღებინა ასეთი გადაწყვეტილება?

ყველაზე რთული ამ კითხვაზე პასუხის გაცემა იყო ჩემთვის, თუმცა ახლა გამჭირვებია და სრულიად გულგრილად ვუპასუხე:

- თქვენ მართალი აღმოჩნდით. რაღაც ოცნებები მეც მაქვს, თუმცა მათი განხორციელება ჩემს შესაძლებლობებს აღემატება. ამიტომ მე ფული მჭირდება, თქვენ - ქალი. ჰოდა, თანახმა ვარ, მივიღო თქვენი წინადადება.

- მდააა… - კეფა მოიქექა გაოგნებულმა, აშკარად საგონებელში ჩავარდა, - და, ალბათ, უკვე გექნება განსაზღვრული, რა რაოდენობის თანხაზეა საუბარი, არა?

- დიახ… 3000 დოლარზე.

ახლა კი ვეღარ შეძლო განცვიფრების დამალვა და თვალები გაუფართოვდა.

- ასე ცოტა? მე კი მეგონა, ბევრად მეტად აფასებდი შენს თავს. ყოველ შემთხვევაში, მაშინ ასეთი შთაბეჭდილება დატოვე, - უსაზღვრო აღმოჩნდა მისი ირონია.

მეც არ დავიხიე უკან და მივუგე:

- სიმართლე გითხრათ, მე 10000 მჭირდება, მაგრამ არა მგონია, თქვენ ამდენად გიღირდეთ. ამიტომაც მოვითხოვე ნაკლები. პირველ ეტაპზე ვიმყოფინებ.

მეგონა, ჩემი ახალი «ვარიანტი» უფრო გააკვირვებდა ან შეაცბუნებდა მაინც, მაგრამ არა, ერთი კუნთიც არ შერხევია სახეზე.

- აჰა! ამას კიდევ არა უშავს…

- გაქვთ ამდენის შესაძლებლობა? - მაინც ვუკბინე.

სულაც არ მჭირდებოდა ამხელა თანხა, მაგრამ სინდისი უკვე დაკარგული მქონდა და თუ საკუთარი სხეულის გაყიდვა იყო, ბარემ სარფიანად გამეყიდა, რატომ უნდა დამემცირებინა თავი რაღაც 3000 დოლარის გულისთვის?

- თავისუფლად… თანხა ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა… შენ ალბათ წერილობითი საბუთი გჭირდება, ხელის მოწერებით და მთელი ამბებით, რომ მერე პრეტენზია არ გქონდეს. ასეა?

- მე მჭირდება თუ თქვენ? - უტიფრად შევაჩერდი.

- ორივეს. ვიცი, რომ გადარიცხვას არ დამთანხმდები. ეს არც მე მინდა, რათა პრობლემა არ შემექმნას საგადასახადოსთან. არადა, მე რომ ფული მოგცე და მერე მითხრა, გადავიფიქრეო, თანხას ვერ დავიბრუნებ და სადღა გდიო? თუკი საბუთი მექნება, უფრო მშვიდად და გარანტირებულად ვიქნები. ეს ხომ საქმიანი გარიგებაა, არ მეთანხმები?

მივხვდი, რომ უკან დასახევი ყველა გზა მომიჭრა. პასუხად ხრინწიანად ჩავიცინე და ისეთი უცნაური ბგერები ამოვუშვი, თავადვე შემეშინდა.

- რაღაც მაგდაგვარს ველოდი, - ჩავილაპარაკე და მის აზიდულ ცალ წარბს ირონიით გავხედე, - თქვენ ჭეშმარიტი ბიზნესმენი ხართ, ბატონო ლადო… მართალი ხართ, მე ხელზე ფული მჭირდება და არა გადარიცხვა.

საერთოდ არ ვნერვიულობდი და ეს ყველაზე მეტად მიკვირდა. რატომ ვარ ასეთი გულგრილი? იქნებ მოვკვდი და ეს ყველაფერი მომაკვდავი გონების ბოდვაა? ცალი ხელი ზურგს უკან დავმალე და ფერდზე ვიჩქმიტე. არა, ცოცხალი ვარ და ეს სიტუაციაც რეალურია.

- რადგან ეს გარიგებაა, მეც მაქვს უფლება, რამდენიმე პირობა წამოგიყენო. თანახმა ხარ, მოისმინო, ანა?

პასუხად კვლავ უსიტყვოდ დავუქნიე თავი.

- ძალიანაც კარგი. მაშინ დავიწყოთ. პირველი: შენ ამ სახლში უნდა დარჩე მანამ, სანამ გარიგების ბოლო ეტაპი არ დამთავრდება. არ მინდა, საძებნი გამიხდე, როცა… ხომ გესმის… მეორე: ეს არის ჩვენი ურთიერთობის ხანგრძლივობა. ვფიქრობ, 2-3 თვე სრულიად საკმარისი იქნება. მე მალევე მბეზრდება ერთფეროვნება. მესამე: ჩვეულებრივად გააგრძელებ მუშაობას და ამაში ერთ თეთრსაც არ გადაგიხდი… და მეოთხე: თავდაცვის საშუალებები უნდა გამოიყენო… მხოლოდ შენ.

ყოველი მომდევნო პუნქტი მეტად და მეტად მაოცებდა. საოცარი სისწრაფით მეცვლებოდა გამომეტყველება. ვიცოდი, რომ ამხელა თანხის სანაცვლოდ საუკეთესო პირობებს არავინ შემომთავაზებდა, მაგრამ მეოთხე პირობამ მართლაც განმაცვიფრა.

- მე რა უნდა გამოვიყენო? - რაღაც ვერ გავიგე. რატომღაც, იმწუთას ვერ ვიფიქრე, რომ პრეზერვატივის გარდა, თავდაცვის სხვა საშუალებებიც არსებობდა.

- აბები უნდა დალიო… არ იცი, რომ ამ დროს ქალები აბებსაც იყენებენ?

- ვიცი, კი, - ყრუდ მივუგე და ამ ხნის განმავლობაში პირველად მოვარიდე მზერა.

აბსურდული სიტუაცია შეიქმნა. უკვე ვნანობდი, ასეთ სარისკო ნაბიჯს რომ ვდგამდი, მაგრამ გვიან იყო, უკან წამეღო ჩემი თანხმობა. თითქოს უკანასკნელად გაიბრძოლა ჩემმა მომაკვდავმა თავმოყვარეობამ. რაღაც მწარე უნდა მეთქვა.

- ვხედავ, ყველაფერი გადასარევად მოგიფიქრებიათ. რაც მართალია, მართალია. თქვენ ამისთვის უამრავი დრო გქონდათ, - და სარკასტულად გავუღიმე.

- ანუ თანახმა ხარ? - კიდევ ერთხელ ჩამეკითხა.

- თანახმა ვარ.

ის მაგიდას მიუჯდა და გამალებით შეუდგა რაღაცის წერას. სამარისებურ სიჩუმეს მხოლოდ ოქროსბურთულიანი კალმის წრიპინი არღვევდა. კალამიც კი ბიზნესმენური ჰქონდა.

როგორც იქნა, წერა დაამთავრა და ფურცელი გამომიწოდა. დავხედე. თვალში დიდი ასოებით დაწერილი «კონტრაქტი» მომხვდა… რა სასაცილო იყო ეს ყველაფერი…

- წაიკითხე და ხელი მოაწერე, - ოდნავ ნერვული ხმით მითხრა და მეორე თაბახზე დაიწყო წერა.

კითხვას შევუდექი, თუმცა თავში არაფერი შედიოდა და ვერც ასოებს ვხედავდი რამდენიმე წამის განმავლობაში. ახლა სულაც არ მაინტერესებდა, რა ეწერა ამ ფარატინა ქაღალდზე. მე მხოლოდ ფული მაინტერესებდა, რათა, პირველ რიგში, ნუკრი გადამერჩინა.

- ფულს როდის მივიღებ? - უტიფრად ვიკითხე.

- მაშინვე, როგორც კი პირველი პუნქტი შესრულდება. ძალიან გეჩქარება?

- გაჭიანურება არ მინდა… სასურველია, რაც შეიძლება მალე.

- ანუ დღესვე?

- თუ არის შესაძლებელი, რა თქმა უნდა…

- კარგი, ეგრე იყოს. მე მხოლოდ გამიხარდება, თუკი ასე მალე შევუდგებით წამოწყებულ საქმეს, - კმაყოფილებით ჩაიღიმა, - მაშინ დღესვე იყოს. ჰო, კიდევ ერთი, რომ არ დამავიწყდეს. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩემთვის და კონტრაქტშიც შენთან შეთანხმების გარეშე შევიტანე. სანამ ჩემთან ხარ, არც ერთ მამაკაცს არ ექნება უფლება, შეგეხოს… შეგეხოს კი არა, ახლოს გაგეკაროს. გასაგებია, რასაც ვგულისხმობ? მე ძალიან ეჭვიანი ვარ, როცა საქმე ჩემს… ჩემს საკუთრებას ეხება!

საკუთრებას!!! ეს სიტყვა უსიამოვნოდ მომხვდა ყურში. მორჩა, უკვე ნივთი გავხდი, საქონელი, რომელიც მან იყიდა! ან იქირავა! რა სულმდაბალი ვარ! ქალი, რომელიც საკუთარი სხეულით ვაჭრობს! თუმცა, ესეც უემოციოდ გავიფიქრე, მხოლოდ ყასიდად ვტუქსავდი ჩემს თავს. უცებ რაღაც მომაფიქრდა და ჩემდა უნებურად დავიწყე.

- თქვენი მხრიდან სამართლიანი მოთხოვნაა, ბატონო ლადო. შეიძლება იგივე პუნქტი მეც დავამატო ჩემი მხრიდან?

მან წერა შეწყვიტა და გაოცებულმა ამომხედა.

- რატომ მიყურებთ ასე? რადგან თქვენ აბების მიღებას მთხოვთ და პრეზერვატივის გამოყენებაზე უარს ამბობთ, მეც მაქვს უფლება, თქვენგანაც მოვითხოვო, რომ სხვა ქალს არ გაეკაროთ, სანამ ჩემთან იქნებით. მე რა ვიცი, ვისთან დაწვებით და რა ვენერიულ დაავადებას გადამდებთ მერე! მით უმეტეს, თურმე ერთფეროვნება მალე გბეზრდებათ. მინდა, ამ მხრივ მეც ვიყო დაცული! - შეგნებულად ვამბობდი თითოეულ სიტყვას უხეშად და აგდებით, რომ მისთვის დარტყმა მიმეყენებინა.

არც ერთი ჟესტით არ გამოუმჟღავნებია თავისი უკმაყოფილება, რამდენიმე წამს მდუმარედ მომჩერებოდა მხოლოდ, მერე კი თქვა:

- ნუუ, ორმხრივი შეთანხმება ერთგულებაზე არც ისე ცუდი იდეაა, ჩემი აზრით.

გამიკვირდა, ასე ადვილად რომ დამთანხმდა, მაგრამ ამის გამოხატვის თავიც არ მქონდა. გონება დავძაბე, ორივე პირი გულდასმით გადავიკითხე და ხელი მოვაწერე.

- იმედია, ნოტარიული დამოწმება არ გახდება საჭირო, რას იტყვი?

- ვფიქრობ, არა. რა აუცილებელია, ქვეყანამ გაიგოს ამის შესახებ, - ორაზროვნად შევნიშნე.

- გეთანხმები, თუმცა ნებისმიერი პუნქტის დარღვევის შემთხვევაში მკაცრად მოგთხოვ პასუხს, - მისებურად დამემუქრა.

- მეც! - მრავალმნიშვნელოვნად მივუგე და გამჭოლი მზერა ვესროლე.

- მიხარია, რომ კეთილგონიერებას იჩენ. იმედია, თავსატეხს არ გავუჩენთ ერთმანეთს. ამით ყველა უსიამოვნებას ავიცილებთ თავიდან. ახლა კი, ოფისში უნდა წავიდე. საღამოს გნახავ, ანა და… შევუდგეთ საქმეს, - და პასუხის გაცემა არ მაცალა, ისე სწრაფად გავიდა კაბინეტიდან.

ესეც ასე… მორჩა, დამთავრდა… თვალები დავხუჭე და საკუთარი გულის ხმას მივუგდე ყური… არავითარი ნერვიულობა, არავითარი დაძაბულობა… თითქოს ეს ყველაფერი ვიღაცის თავს ხდებოდა და სულაც არ იყო ჩემი საწუხარი. კარგი იქნება, ხვალამდე მაინც გამყვეს ასეთი შეგრძნება. მით უკეთესი, თუ უახლოესი სამი თვე არ შემაწუხებს სინანული და სინდისის ქენჯნა… ან სულაც, მთელი ცხოვრება…

არ მახსოვს, რამდენ ხანს დავყავი ლადოს კაბინეტში. როგორც იქნა, გამოვერკვიე, თავი გადავაქნიე, თითქოს გონს მოსვლა მინდოდა და ბარბაცით გამოვედი იქიდან. მთვარეულივით დავდიოდი. კი ჩავაგონებდი ჩემს თავს, ვერაფერს ვგრძნობ და ბოლომდე გულგრილი ვრჩები ამ ყველაფრის მიმართ-მეთქი, მაგრამ სადღაც, ღრმად, მაინც უსიამოვნოდ ფეთქავდა რაღაც… ჯერ კიდევ შეუცნობელი… გონებამდე ჯერ კიდევ არდასული…

დავრეკე ნანასთან. ის მოუთმენლად ელოდა ჩემს ზარს.

- რა ქენი, ანა?

- ყველაფერი კარგადაა, ნანა. მომისმინე, დღეს გვიან ღამით გამოგიტან ფულს ან ხვალ დილით, უთენია.

- ვაი! რას ამბობ! ანუ ჯერ არ იცი, იშოვი თუ არა?

- როგორ არ ვიცი, ვიშოვე უკვე… უბრალოდ, პასუხს ველოდები. გქონდეს ჩემი იმედი. ფული აუცილებლად იქნება, გესმის?

- ნამდვილად 4000 იქნება? მერე არ აღმოჩნდეს, რომ… - განხიბვლა დაეტყო ჩემს ნახევარდას ხმაში.

- ნამდვილად იქნება. თუ გინდა, ხუთიც შემიძლია.

- არა, არა, ანა. ამდენი არ მჭირდება, შენ შემოგევლე. რაც მაკლდება, ის მიშოვე და მეტს აღარ დავეძებ.

- ჰოდა, იქნება-მეთქი, ხომ გითხარი. დამელოდე. დაგირეკავ და შეგხვდები. მორჩა, წავედი, - და ეგრევე გავთიშე, აღარ მინდოდა მისი სასოწარკვეთილი ხმის მოსმენა.

ყველაზე მეტად როზას თვალებში შეხედვის მრცხვენოდა. ასე მეგონა, მან ყველაფერი იცოდა. მართლაც, მალევე დავრწმუნდი ამაში.

- ანა, - ფრთხილი ხმით მითხრა შუადღისას, - ლადომ დამირეკა და მთხოვა, მეორე სართულზე ოთახი მოვამზადო… თქვენთვის.

ტუჩები შევარხიე გასაღიმებლად ისე, რომ მისთვის არ შემიხედავს. ალბათ ოდესმე ვიგრძნობ ტკივილს დღევანდელი დღის გამო, მაგრამ ახლა არა. ახლა ჩემ შიგნით მხოლოდ სიბნელეა დასადგურებული… და სიჩუმე.

- გმადლობ, როზა დეიდა.

ოღონდ კი დიდხანს გაგრძელდეს ეს სიბნელე და სიჩუმე. წინააღმდეგ შემთხვევაში დღევანდელ დღეს ვერ გადავიტან! გამაგრდი, ანა!

ვასიკოს ოთახში გავედი, ტახტზე ჩამოვჯექი და სკოლიდან მის დაბრუნებას დაველოდე. გაუნძრევლად ვიჯექი და არაფერზე ვფიქრობდი, სრულიად არაფერზე. თითქოს მიიძინა ჩემმა გონებამ. რამდენიმე ხნის შემდეგ მანქანის დამუხრუჭების ხმა გავიგონე. მივხვდი, რომ ლევანმა ვასიკო მოიყვანა და გარეთ გამოსვლა დავაპირე. ძლივს გადავდგი ნაბიჯი. ისე დავდიოდი, როგორც ასი წლის ბებრუხანა, რომელსაც წელის ათრევა უჭირს. სანამ მე ჩავედი, ბავშვი უკვე მაგიდას უჯდა და სადილობდა. ფეხებს სასაცილოდ აქანავებდა სკამის ქვეშ.

- ანა, წავიდეთ დღეს მთაწინდის პარკში, კარგი? მაგარი ამინდია! - შესძახა ვასიკომ ჩემ დანახვაზე, - ლევანი შემპირდა, აგიყვანთო.

მაგარი ამინდია? უნებლიეთ ფანჯარაში გავიხედე. ცა ისეთი მოწმენდილი და ცისფერი იყო, თვალს მოსჭრიდა ადამიანს. მზეც სასიამოვნოდ აცხუნებდა, მაგრამ მე საშინლად მციოდა. მზერა ლევანისკენ გავაპარე. იგი უცნაურად მომჩერებოდა. სწორედ ასე მიყურებდა როზაც. რაც შეიძლებოდა, ფართოდ გავიღიმე.

- წავიდეთ მერე, რა პრობლემაა? მორჩი ჭამას და ტანსაცმელი გამოიცვალე, - ვთქვი და სამზარეულოდან გამოვედი…

- რაღაც გაწუხებს, ანუშკი, - მითხრა ლევანმა, როცა მთაწმინდაზე ავედით და ვასიკო სათამაშო ავტომატს მიუჯდა.

- არა, რას ამბობ, გეჩვენება, - ნაძალადევი უდარდელობით გავიქნიე თავი, თან ღიმილს არ ვიშორებდი სახიდან.

- ჩემი დახმარება ხომ არ გჭირდება?

- არა, დიდი მადლობა.

მამაკაცმა კიდევ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ გადაიფიქრა. არავის შეუძლია ჩემი დახმარება. მე ჯოჯოხეთში მოვხვდები. არა, კი არ მოვხვდები, უკვე იქ ვარ!

შინ დაბრუნებულს როზა მთელი საღამო უკან დამდევდა, ორთი-ორი ლუკმა შეჭამე რამე, მთელი დღე მშიერი ხარო, მაგრამ ვერა, თითქოს კრიჭა შემეკრა.

მხოლოდ საღამო ხანს დამანებეს ლევანმა და როზამ თავი. ვასიკო დავაწვინე. ლადო ჯერ კიდევ არ ჩანდა. ნეტავ ხომ არ გადაიფიქრა? წამით გამიელვა თავში. არ ვიცი, საიდან გამიჩნდა ეს «მაშველი» აზრი, მაგრამ ისე მტკიცედ ჩამებეჭდა გონებაში, ცოტა შვებაც კი ვიგრძენი. როცა ბავშვმა დაიძინა, ოთახიდან გამოვედი.

ის იყო, ჩემს საძინებელს მივუახლოვდი, რომ სიბნელიდან გამოსული ლადო შევნიშნე და ქანდაკებასავით გავშეშდი. არ ვიცოდი, როგორი რეაქცია უნდა მქონოდა მის დანახვაზე, ამიტომაც ვიდექი და უხმოდ შევცქეროდი.

- ივახშმე უკვე? - თითქოს არც არაფერი ხდებოდა, ისე მკითხა და ჰალსტუხის კვანძი შეიხსნა.

- მეგონა, აღარ მოხვიდოდით… - რატომღაც, ეს ვთქვი.

- მოვედი… ივახშმე-მეთქი?

- დიახ… არა… არ მშია, - ხავილი აღმომხდა და სასოწარკვეთილმა მოკეცილ თითებს ისე წავუჭირე ცერი, ლამის წავიმტვრიე.

- არც მე მშია.

ამის მეტი სიტყვა არ თქმულა ჩვენ შორის. მან მხოლოდ მაჯაზე ჩამავლო ხელი და თავისი ოთახისკენ წამიყვანა. როცა მის საძინებელში აღმოვჩნდი, ვიგრძენი, როგორ ხმაურიანი ბაგაბუგი გაუდიოდა ჩემს გულს. მეტის მოთმენა აღარ შემეძლო. ოდნავ შევაბრუნე თავი მისკენ და თვალებგაფართოებულმა ჩურჩულით ვუთხარი:

- არ შემიძლია…

ლადომ ხელი შემიშვა და უკან დაიხია. გაშეშებული ვიდექი და მძიმედ ვსუნთქავდი. და სწორედ იმ წუთას, როცა უკან გამობრუნებას ვაპირებდი, თვალწინ ნანას და ნუკრის უმწეო სახეები დამიდგა…

- მაპატიეთ… ცოტას ვღელავ, ამის ბრალია, - ამოვილუღლუღე და პერანგის ღილების შეხსნა დავიწყე.

მოულოდნელად ხელისგული ჩემს მოცახცახე თითებს დააფარა. შევხედე.

- რატომ ჩქარობ? შენი შემხედვარე, კაცი იფიქრებს, რომ ვნებისგან იწვი. არადა, ორივემ ვიცით, რომ ასე არ არის. მოდი, თავის ნებაზე მივუშვათ დღევანდელი ღამე, კარგი? ღვინოს დალევ?

- არ ვიცი… ალბათ კი…

მან კედელში ჩაშენებული ბარიდან ბოთლი ღვინო და ორი ბოკალი გამოიღო. მე კვლავ შუა ოთახში ვიდექი გაურხევლად. მან ერთი ბოკალი შეავსო, მომიახლოვდა და მომაწოდა.

- დალიე და მოგეშვება, ნუ ხარ დაძაბული. იქამდე მე წყალს გადავივლებ.

სავარძელში ჩავეშვი. ლადო სააბაზანოში მიიმალა, მე მის ოთახს მოვავლე თვალი. კაკაოსფერ ტონებში შეღებილი კედლები. სულ ეს იყო, რისი შემჩნევაც შევძელი. უეცრად მის უზარმაზარ საწოლს მივაპყარი მზერა. ყელში მობჯენილი ნერწყვი ძლივძლივობით გადავაგორე და დაუფიქრებლად დავიწყე ბოკალის დაცლა. სამ ყლუპში ღვინო უკვე აღარ იყო. ბოთლს გადავწვდი და კვლავ შევივსე სასმისი. საინტერესოა, რა რეაქცია ექნება, უგონოდ მთვრალს რომ დამინახავს? მაგრამ მაქვს უფლება, ასე მოვიქცე? მას ხომ არ დაუძალებია ჩემთვის ამ ნაბიჯის გადადგმა, ეს ხომ ჩემი არჩევანი იყო? და რატომ მიჭირს ასე? რამდენი ჩემზე უკეთესი ქალი იქცევა ასე! სანაცვლოდ კი ყველაფერ სასურველს იღებენ - ქურქებს, მანქანას, ფულს…

მართალია, ჩვენი გარიგების შესახებ არავინ არაფერი იცის, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს? აზრი ხომ არ იცვლება? ან კი რა მოხდა ვითომ, რა თავპატიჟს ვიდებ? ბოლოს და ბოლოს, ხომ არ მკლავენ. ყველაფერი რამდენიმე წუთში მორჩება, მე ჩემს კუთვნილ ფულს ავიღებ და დამთავრდა!

სანამ ლადო სააბაზანოდან გამოვიდოდა, თითქმის დავარწმუნე საკუთარი თავი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. მამაკაცი გაკვირვებით მომაჩერდა.

- იმედია, წაქცევამდე დათრობას არ აპირებ, - სიცილით მომმართა.

- დავაპირე, მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, დამასწარით გამოსვლა და ჩანაფიქრის განხორციელებაში ხელი შემიშალეთ, - ძლივს გასაგონად ჩავილაპარაკე.

ტუჩის კუთხეები ღიმილმა შეურხია. თეძოებზე პირსახოცშემოხვეულმა თვითონაც დაისხა ღვინო.

- ჩვენი უიმედო გარიგების წარმატებით შესრულებას გაუმარჯოს, - თქვა და დალია, მერე კი მე მომიბრუნდა, - იცი რა, ანა? ჯერ კიდევ არ არის გვიან, გადაიფიქრო. ნაკუწებად ვაქცევთ ჩვენს კონტრაქტს და მორჩა.

თვალები გამიფართოვდა. ნუთუ აღარ უნდა? იქნებ ჯობია, მართლა უარი ვთქვა? მაგრამ ნანა? ნუკრი? არა, არ გამოვა. მე არჩევანი არ მაქვს.

- აბა, რას იტყვი?

- თქვენ თვითონ ხომ არ გადაიფიქრეთ?

- არა, უბრალოდ, უკან დახევის შანსს გაძლევ.

- მე არ მინდა უკან დახევა.

- ანუ ყველაფერი გონივრულად აწონ-დაწონე? - ჩუმი ხმით ჩამეკითხა.

- გინდათ, გამომიწვიოთ? - ცოტა არ იყოს, გავბრაზდი.

- მე მგონი, საკუთარი თავი უფრო გამოვიწვიე, როცა შანსი მოგეცი. მაგრამ შენ ის უკვე გაუშვი ხელიდან, - თითქოს ნიშნის მოგებით მიპასუხა, ბოკალი გამომართვა, მაგიდაზე შემოდო და სავარძლიდან წამომაყენა.

მისი თითები ფრთხილად ამოძრავდნენ ჩემი პერანგის ღილებზე. ძალაგამოცლილი ვიდექი. მინდოდა თვალები დამეხუჭა, მაგრამ მის თითებს მზერა ვერ მოვწყვიტე - გრძელს და ძლიერს, ოსტატურად რომ ხსნიდნენ პაწაწუნა ღილებს. მან პერანგი გამხადა და ქვედაბოლოს მიადგა. ისე სწრაფად გამაშიშვლა, რომ მწარედ გამეღიმა გუნებაში. კარგი პრაქტიკა ჰქონია გამოვლილი. რატომაც არა? ხომ მითხრა, მალე მბეზრდებიან ქალებიო. ნეტავ რამდენი საყვარელი ჰყავს გამოცვლილი? ასი?

უეცრად უკან დაიხია და შემომხედა. ახლა კი ავარიდე მზერა და თვალები დავხუჭე. ირგვლივ სამარისებური სიჩუმე იდგა, მხოლოდ მისი გახშირებული სუნთქვა მესმოდა.

- შემომხედე, ანა.

გაგრძელება იქნება