ყალბი ლტოლვა - თავი 24 - Marao

ყალბი ლტოლვა - თავი 24

2022-09-20 10:12:59+04:00


წინა თავი

- როცა ბავშვი მოძლიერდა, გამოგვატანეს. ლადომ დროებით ბინა უქირავა ორივეს. ქირას მე გადავიხდი, სანამ რამეს გიყიდიო. იმან ძუძუც კი ვერ აწოვა ვასიკოს, რძე საერთოდ არ ჰქონდა. ან კი საიდან ექნებოდა, მთლად დაუძლურებულს და ნარკოტიკებზე დამოკიდებულს. ცოტა ხანს წყნარად იყო, ბავშვი ხელოვნურ კვებაზე ჰყავდა. ლადომ ძიძაც დაუქირავა და მეც მიხაროდა, მეგონა, რახან ასე შეიცვალა, იქნებ დროთა განმავლობაში შერიგდნენ კიდეც-მეთქი. შენც არ მომიკვდე! - როზამ შუბლი შეიკრა და თავი უკმაყოფილოდ გადააქნია.

- და რა მოხდა? - სული გამძვრა, სანამ გავიგებდი, რა ბედი ეწია ჩემს სეხნიას.

- ერთ მშვენიერ დღეს ისევ გაიკეთა წამალი. როგორც ჩანს, დოზა მეტი მოუვიდა და დილით ძიძამ ლოგინში მკვდარი იპოვა.

- აჰ! - ლოყაზე შემოვირტყი ხელი, უსიამოვნოდ გამაჟრჟოლა.

- აი, ასე იყო ეს ამბავი. ახლა ხომ ხვდები, რატომ არის ეს კაცი ასეთი უხასიათო და უჟმური. არადა, შინაგანად ისეთი კეთილია, ისეთი თბილი, ვერც წარმოიდგენ.

- ღმერთო ჩემო, მე კი რამდენჯერ მაქვს ნათქვამი, ვასიკო როგორ გგავს-მეთქი! ვინ იცის, იქნებ ფიქრობდა, რომ მე ეს ისტორია ვიცოდი და ნიშნის მოგებით ვეუბნებოდი.

- არა მგონია. ასე რომ ეფიქრა, თქმის მოერიდებოდა. პირდაპირია, მიკიბვ-მოკიბვა და რამეზე თვალის დახუჭვა არ უყვარს.

- ალბათ, როგორ ეტკინებოდა გული, როცა ვეუბნებოდი, გგავთ-მეთქი! - მე ჩემი დარდი მაწუხებდა, - რამდენჯერ ვცადე, მასთან ვასიკოზე საუბარი წამომეწყო და არც ერთხელ არ მომისმინა. ეს შენი საქმე არ არის და ნუ ერევიო. მერე კი თვითონ, თავისი სურვილით დაუახლოვდა… მაგრამ რა ჩემი ბრალია? მე რა ვიცოდი? არადა, მართლა ჰგვანან ერთმანეთს, თანაც ძალიან. თვალები, ტუჩები… სიარულის მანერა, გამოხედვა… ისე… ხომ შეიძლება ლადოს შვილიც იყოს? არ არის გამორიცხული, ანა ორსულად ყოფილიყო, როცა გაიპარა.

- არა მგონია. ტყუილი რატომ უნდა ეთქვა? მისთვის უკეთესი არ იქნებოდა, თუკი მამად ლადოს დაასახელებდა? ბავშვს მთელი ცხოვრება პატრონი ეყოლებოდა.

- ჰო, ეგეც არის… - ქვედა ტუჩი კბილებშუა მოვიქციე და დამნაშავესავით გავხედე როზას.

- თუმცა, მაინც არ აუღია მის აღზრდაზე ხელი, მიუხედავად იმისა, რომ ახლოს არ გაკარებია ბავშვს.

- ჰო… მესმის მისი. ძნელია, ასეთ დროს სხვისი შვილი შეიყვარო…

- ამიტომაც ვასიკოს ძიძა ზრდიდა, სანამ სკოლის ასაკის გახდებოდა. მერე კი ინტერნატში შეიყვანა.

- აი, მაგაში კი ვერ გავამართლებ. ეგ არ უნდა გაეკეთებინა! - ძალაუნებურად, ხმამაღლა გამომივიდა.

- გეთანხმები. ჩვენც ვეუბნებოდით, მაგას ნუ იზამ, სადაც ამდენი სიკეთე გააკეთე, ბარემ ბოლომდე მიიყვანე-მეთქი, მაგრამ არაფრით არ ქნა. მაინც არ აპატია ბოლომდე.

- მერე ცოლის შერთვაზე არ უფიქრია? - ვკითხე და დავიძაბე.

- არა, არ უფიქრია. არასდროს არც ერთი ქალი არ უხსენებია არც ჩემი და არც სხვისი თანდასწრებით. აი, ის გოგო რომ დაწანწალებს ბოლო დროს ჩვენთან, მაგის თანამშრომლის და. ოოო! შენ არ იცი, ის რა გველია! ისე უძვრება, ისე აწონებს თავს, მეტი რომ არ შეიძლება, მაგრამ ეს ზედაც არ უყურებს. მისი გული იმ ამბის შემდეგ სხვა ქალისთვის არ გაღებულა, მით უმეტეს, ლამაზი და ახალგაზრდა ქალისთვის, - ხელები გაასავსავა როზამ.

ამის გაგონებაზე ყბა მომენგრა. ვიგრძენი, რომ ცუდად გავხდი. ქალს ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია და თავისი ნათქვამის გამოსწორებას შეეცადა.

- თუმცა ახლა მაინც დათმო მგონია, რაღაცები. ბოლო ხანებში ისე შეიცვალა, ძველი ლადო გამახსენდა.

რატომღაც, ვიფიქრე, რომ იმ «რაღაცებში» მე მგულისხმობდა და სასწრაფოდ შევცვალე საუბრის თემა.

- როზა დეიდა, მე რატომ მომიყევით ეს ყველაფერი?

- იმიტომ, რომ შენ საოცრება მოახდინე, ჩემო გოგო! ლადო შემოტრიალდა და ვასიკოც აღიარა. ხომ ხედავ, როგორ ეპყრობა ბიჭს. მზე და მთვარე მასზე ამოსდის, არ იცის, რა გაუკეთოს, რით ასიამოვნოს. შენ მისი გული გააღვიძე, შვილო. ამას ჩვენ ყველანი ვხედავთ და ამიტომაც გაფასებთ. არ ვიცი, რა მოხდა თქვენ შორის, მაგრამ მე მგონია, რომ შენც გიყვარს იგი… ხომ გიყვარს?

გულზე ისარივით მომხვდა მისი ნათქვამი. პასუხი არ გამიცია, თავი დავხარე და თვალი ავარიდე.

- შემომხედე!

ქვემოდან გავხედე. ღიმილი დასთამაშებდა ტუჩებზე.

- გიყვარს, ხომ?

მივხვდი, თავის შეკავება გამიჭირდებოდა. არც იყო საჭირო რამის თქმა, ისედაც ყველაფერი სახეზე მეწერა.

- «მე-ც მიყვარს» რას ნიშნავს, როზა დეიდა? - «ც» მახვილით გამოვყავი და მის კითხვას კითხვით ვუპასუხე.

- იმას, რომ ლადოსაც უყვარხარ, სხვას რას უნდა ნიშნავდეს?

გამეცინა.

- რას ამბობთ! ტყუილია ეგ! ჩვენ შორის რაც იყო, სიყვარულით არ მომხდარა… ეს… ეს უბრალოდ, გარიგება დავდეთ და…

როზამ ხელი აიქნია და დატუქსვისნაირი ჟესტით შეაჩერა ჩემი სიტყვების «ნაკადი». იგი ისეთი ღიმილით მომჩერებოდა, როგორც იღიმიან ქალები, რომლებმაც ნახევარ საუკუნეზე მეტი გალიეს და ბევრი რამ ნახეს და გამოცადეს ცხოვრებაში.

- ცდები, ჩემო საყვარელო… მწარედ ცდები და ძალიან მალე თავად დარწმუნდები ამაში. მე მეტს არაფერს გეტყვი. წავალ ახლა, მგონი, თავი მოგაბეზრე ჩემი ქაქანით. ეს ფული კი, შენ თვითონ გადაეცი მას, როგორც კი დაბრუნდება, - ხელი ჩემი «ბოხჩისკენ» გაიშვირა, რომელშიც ლადოსთვის გადასაცემი ფული მქონდა გამზადებული.

- დაბრუნდება? - ჩავილუღლუღე გაოგნებულმა, ოდნავ შევყოვნდი და გავაგრძელე, - როგორ, თბილისში არ არის?

- არა, დედი, არ არის. შენ რომ წამოხვედი, მეორე დღესვე გაქრა. არც დაუბარებია, სად წავიდა, რატომ, რისთვის. მალე დავბრუნდებიო, დამიბარა და აორთქლდა. დღემდე არ დაბრუნებულა.

- ღმერთო ჩემო, მას შემდეგ ერთი კვირა გავიდა! რამე ხომ არ დაემართა? არ მოიკითხეთ? - შეშფოთებული ფეხზე წამოვიჭერი.

- დამშვიდდი, დამშვიდდი, - სიცილი აუტყდა როზას, - კარგად არის, ნუ ნერვიულობ. წუხელ დარეკა. ამ დღეებში ჩამოვალო, გვითხრა. აბა, შეხვედრამდე, ანა. შენ იცი, არ დაგვივიწყო, - ისე დამემშვიდობა როზა, მაგრძნობინა, მეტი შეკითხვის დასმა საჭირო არ არისო…

8 8 8

გამიჭირდება იმის აღწერა, რა ხდებოდა ჩემში როზას ვიზიტის შემდეგ. სულში იზრდებოდა და იზრდებოდა ტკივილი, მაგრამ ეს არ იყო ლადოს მოყენებული წყენით გამოწვეული ტკივილი. ამ საუბრის შემდეგ სულ სხვა თვალით შევხედე მას, თითქოს მეც განვიცადე მისი ტრაგედია და გულთან ძალიან ახლოს მივიტანე. ახლახან ხომ მეც გადავიტანე მსგავსი თუ არა, მიახლოებული ტრაგედია მაინც. დედაჩემის გაცნობაც და შემდგომი მოვლენებიც ისეთივე შეურაცხმყოფელი იყო ჩემთვის, როგორც მისთვის ძმისგან მიყენებული ჭრილობა. ჭრილობაც არის და ჭრილობაც. მე ამ შემთხვევაში ბევრად მომგებიან პოზიციაში ვიმყოფებოდი. მე ვაპატიე დედას ყველაფერი. მისი ისტორია კი სულ სხვა იყო. მას არ შეეძლო პატიება, რადგან ვერასდროს ჩამოირეცხავდა იმ სირცხვილს, რომელიც ცოლისა და ძმის გამო გადაიტანა. თუმცა… არავინ იცის… იქნებ, სადღაც, გულის სიღრმეში, აპატია კიდეც… აბა, სხვა რითი უნდა აიხსნას მისი ასეთი შემობრუნება? ვასიკოსთან დაახლოება? მართალია, ბავშვი სრულიად უდანაშაულო იყო მის ტრაგედიაში, მაგრამ მაინც ხომ შავ ლაქად რჩებოდა წარსული? მისი ყოველი შეხედვა ხომ ცოლსაც ახსენებდა და გერ ძმასაც? ასეთი რამის დავიწყება წარმოუდგენელია!

თვალწინ მის გვერდით გატარებულმა ყველა დღემ რიგრიგობით ჩამიარა… გულში უკვე ათასი გამართლება მოვუძებნე მის ყოველ საქციელს, ყოველ წყენას, ტკივილს, რომელიც კი აქამდე ჩემთვის მოუყენებია. ათასჯერ გავააანალიზე და ვაპატიე ყველაფერი. რა ცუდია, რომ მისი დახმარება არ შემიძლია. ნეტავ, ადრე მცოდნოდა ეს ამბავი. სულ სხვა თვალით შევხედავდი, სულ სხვანაირად მოვექცეოდი. თუმცა ის ჩემგან დახმარებას არც არასდროს მიიღებდა. ძალიან ამაყია. დახმარებას კი არა, თანაგრძნობის უფლებასაც კი არ მომცემდა. მით უმეტეს, როცა ასე მკრა ხელი. როზას კი მიაჩნია, რომ ვუყვარვარ, მაგრამ ეს ხომ სისულელეა… მას მე არასდროს ვყვარებივარ. ელემენტარული გატაცებაც კი არ ჰქონია ჩემ მიმართ. უბრალოდ, გაერთო და ეგ იყო. ერთი მორიგი ქალი ვიყავი მის ცხოვრებაში, რომელზეც შური იძია… შეიძლება არც დაფიქრებულა ამაზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მეუღლის შემდეგ მისთვის ყველა ქალი, ვისთანაც კი ინტიმური შეხება ჰქონია, მხოლოდ შურისძიების ობიექტი იყო. შეიძლება გაუცნობიერებლად, მაგრამ მაინც. მისთვის ქალის სიწმინდემ დიდი ხანია, მნიშვნელობა დაკარგა. მეც ხომ გავუცრუე იმედი. არ ვიცი, შეიძლება თავიდან ფიქრობდა, რომ მე მის წინადადებას არ დავთანხმდებოდი, შეიძლება უკანასკნელ ხავსსაც ეჭიდებოდა, რომ ჩემი სახით ერთი სუფთა ქალი მაინც აღმოეჩინა ირგვლივ და… მეც იგივე გავაკეთე, რასაც ყველა სხვა ქალი გააკეთებდა მისი შემოთავაზების შემთხვევაში… ფული! ფული ოხერი რამეა! ბინძური ქაღალდია, რომელიც ყველაზე ადვილად ქალს აცდუნებს. მერე რა, რომ სიხარბის გამო არ მომსვლია ეს! ამას ახლა უკვე მნიშვნელობა არ ჰქონდა! ისე რომ მეთხოვა მისთვის ფული, სესხად და თან დამეყოლებინა, შენს წინადადებას ნუ გამიმეორებ, მაგას მაინც არ მივიღებ-მეთქი, ბევრად უკეთეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი. ეს ჟესტი ჩემს სიამაყესაც გაუსვამდა ხაზს და მის თვალშიც ერთიორად ავმაღლდებოდი… აბა, მაშინ რა ვიცოდი, რა წისქვილის ქვაც იყო დატრიალებული მის ზურგზე. ეს რომ მცოდნოდა! სულ სხვანაირად ვიმოქმედებდი… ჰო, მაგრამ იქნებოდა კი ის «სულ სხვანაირად მოქცევა» გულწრფელი საქციელი ჩემი მხრიდან? ეს თავის წარმოჩენის მცდელობა უფრო გამოვიდოდა, ვიდრე ჩემი «სუფთა ქალობის» დამტკიცება. მართალია, არც არასდროს მქონია იმედი, რომ ოდესმე, როგორც სასურველ ქალს, ისე შემომხედავდა, მაგრამ ახლა ის უკანასკნელი იმედის ნაპერწკალიც ჩაქრა, ჩემი სულის რომელიღაც კუნჭულში ოდნავ რომ ბჟუტავდა. ახლა საბოლოოდ დავრწმუნდი, ცოლის ასე უნამუსოდ ღალატის შემდეგ ვერასდროს შეძლებდა სხვა ქალის შეყვარებას.

სასოწარკვეთილებამ იმდენად შემიპყრო, მივხვდი, სახლში მარტო ვერ გავძლებდი. ნანას დავურეკე, თუ გცალია, გამოვალ-მეთქი. ისეთი ჩამწყდარი ხმა ჰქონდა, არ მესიამოვნა, თუმცა გაუხარდა და მითხრა, კარგს იზამ, თუ ახლავე გამოხვალო…

ავი წინათგრძნობით შეპყრობილი გავუდექი გზას…

ნანა ნამტირალევი დამიხვდა. თვალები დასიებოდა.

- რა მოხდა? - შეშფოთებულმა თავიდან ფეხებამდე შევათვალიერე.

შემოდიო, ნაღვლიანად მითხრა და წინ გამიძღვა. ბავშვები ვერსად დავლანდე და მოვიკითხე.

- ტასიკომ წაიყვანა, - იმავე ხმით მიპასუხა.

მიუხედავად ასეთი განწყობისა, მშვენივრად გამოიყურებოდა.

- მილიონდოლარიან ქალს ჰგავხარ, - გახუმრება ვცადე.

- ეჰ, ანა! - ამოოხვრით მომიგო, სავარძელში ჩაჯდა და სიგარეტს მოუკიდა.

ერთხანს უხმოდ ვისხედით. არც ყავა შემომთავაზა, არც ნამცხვრები, რომელიც მაგიდაზე იდო. ცოტა არ იყოს, გამიკვირდა, ასეთი რა დაემართა-მეთქი.

- გავაგდე სახლიდან, გავშორდი, - მოულოდნელად გამოაცხადა.

გაოგნებულმა ტახტიდან წამოვიწიე.

- ვის, შენს ქმარს? - სულელივით ვიკითხე.

უსიტყვოდ დამიქნია თავი.

- ვიღაცასთან დაძვრება თურმე ვაჟბატონი! - თითები აუკანკალდა, დაგროვილი ფერფლი მოწყდა სიგარეტს და ნანას კალთაში ჩაუვარდა. «სულერთია» სახით ძირს გადაფერთხა.

მერე ჯიბიდან ერთჯერადი ცხვირსახოცის «კონა» ამოიღო, ერთი ცალი გამოაძრო და ცხვირი ხმაურით მოიხოცა.

ხმა ვერ ამოვიღე, დაზაფრული მივჩერებოდი.

- ყველაფერს გავიგებდი, ჩემზე რამით უკეთესი რომ იყოს. ერთი განახა, რას ჰგავს! გული წაგივა! დაფეხვილი, მეტრ-ნახევარი არ იქნება ნახტომში! ამაზრზენი ქალია! სად იპოვა, რატმო დაიახლოვა! რა საერთო აქვს ასეთებთან, არ მესმის! თან ყველაფერ იმის შემდეგ, რაც ჩვენ გავუკეთეთ! უმადური, მეშჩანი! ის კი ნამდვილი ძროხაა, რომ ნახო!

- დაწყნარდი, ყველაფერი მოგვარდება, - მეტი ვერაფერი მოვიფიქრე, რომ მეთქვა.

ამ ყველაფერს ისე ამბობდა, თითქოს მეტოქის შეუხედაობა უფრო აწუხებდა, ვიდრე ქმრის ღალატი.

- ინდაურივით ხორკლიანი კანი აქვს, უკანალი კი აბაჟურს მიუგავს, გესმის? მისნაირი გავა რომ მქონდეს, თავს მოვიკლავდი! როგორ გაბედა ეს, ანა, როგორ გაგვწირა ასე, ა? - ნიკაპი აუკანკალდა და ცრემლები წასკდა.

- მე კი მეგონა, იდეალური ოჯახი გქონდათ…

- იდეალური? მთელი ცხოვრება კბილებით ვიჭერდი. სულ სადღაც მიიწევდა, სულ გარბოდა! ვაკავებდი, როგორც შემეძლო. არ მინდოდა ოჯახის დანგრევა. ბოლო პერიოდში ხომ საერთოდ, როგორც მზე და ხმელეთი, ისე შორს ვიყავით ერთმანეთისგან. ბავშვების გამო ვითმენდი. წუხელ კი… ის ქალი რომ მანახვეს, თვალებში დამიბნელდა. აღარ ვაპატიე. ვისში გამცვალა, არ იცი! როგორ დამამცირა!

გული ამიჩუყდა. მეც ავტირდი. როცა ტირილს ვიწყებ, მაშინვე ცხვირი მიშუპდება, თვალები მიწითლდება და ტუჩები მითრთის. ჩემგან განსხვავებით, ნანას მსგავსი არაფერი ეტყობოდა. არც თვალები ჩაწითლებია, არც ცხვირი შეშუპებია, ტუჩები უთრთოდა მხოლოდ და ნიკაპი უკანკალებდა. ამწუთას ისეთი ლამაზი იყო…

- ვინ არის, იცი მაინც?

- ვინ და ერთი გაუბედურებული რუსია! ვიღაც ნაკომუნისტარის შვილი, რომელიც წამარამა მხოლოდ საბჭოთა დროებაზე ლაპარაკობს. წარმოგიდგენია? ამ «აშარაშკასაც» მეტი საინტერესო თემა სალაპარაკოდ არა აქვს თურმე და ამ ჩემს კრეტინსაც გამოუჭედა ყურები პოლიტიკით.

- რა პოლიტიკა, ნუ გადამრევ!

- თურმე რა კარგი ცხოვრება ყოფილა კომუნისტების დროს და ვერ დააფასა ხალხმა! ამ ბოლო დროს კი მიკვირდა, რომ აიკვიატა ეს კომუნისტები, კომუნისტები! მეგონა, ხუმრობდა. თურმე, სადა ხარ! საყვარელი ჰყავს კომუნისტური იდეებით გამოზრდილი! წავიდეს ახლა დაუჯდეს იქ! მეზიზღება!

დაბნეული ვიჯექი. ერთი სული მქონდა, როდის გავაღწევდი აქედან. ჩემი თავი მყავდა დასატირებელი, მაგრამ ამ სიტუაციაში მისი მიტოვებაც არ შემეძლო. მოულოდნელად ნანამ სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი.

- იცი, რა ვიპოვეთ მე და ნუკრიმ? - ცრემლები მოიწმინდა და ხმაცა უეცრად დაეწმინდა.

- რა? - თვალები ავაფახულე.

- დედას დღიური.

წამით თვალთ დამიბნელდა, ყველაფერი გაორდა ირგვლივ. სისხლი საფეთქლებში მომაწვა.

- მერე? - ახლა მე ჩამიწყდა ხმა.

- იცი? დედა ჩემთვის ყოველთვის ყველაზე ახლობელი ადამიანი იყო. რაც შენი ამბავი გავიგე, მას შემდეგ მაინც ჩამწყდა რაღაც გულში და მივხვდი, რომ ვერ შევძელი ბოლომდე, მეპატიებინა მისთვის ის, რაც შენ გაგიკეთა. მე და შენ ორივეს კარგად გვესმის, რომ იგი «წლის საუკეთესო დედის» ტიტულს არ იმსახურებს, - ცოტა არ იყოს, ირონიულად ჩაიცინა, - მაგრამ ის დედა იყო ჩვენი და რას ვიზამთ, ამას ვერაფერი შეცვლის… მერე კი, წავიკითხე მისი დღიური და მივხვდი, რომ მთლად მტყუანიც არ იყო. ცხოვრებამ მწარე გამოცდა მოუწყო.

- მომიყვები? - სუნთქვა შემეკრა.

- ახლა ისეთ ცუდ ხასიათზე ვარ… გაგატან დღიურს და შენ თვითონ წაიკითხე, არ გინდა?

- არა, ნანა… მაპატიე, მაგრამ არ შემიძლია… ძლივს მომიშუშდა ის ჭრილობა. თქვენ დამეხმარეთ ამაში, შენ და ნუკრი. დედა კი დავკარგე, მაგრამ თქვენ გიპოვეთ და ამით ვარ ბედნიერი. მირჩევნია, შენ მომიყვე. ცოტა გულსაც გადააყოლებ, კარგი? - ისეთი მუდარის კილო გავურიე ნათქვამში, უარი ვერ მითხრა.

- მაშინ მოკლედ მოგიყვები. არც მე მაქვს ლაპარაკის თავი, - ამოიოხრა, თითები გაფარჩხა, ზედ დაიხედა, მერე თავი მაღლა ასწია, ჭერს შეაცქერდა და დაიწყო.

- თურმე მამაჩემთან რომანი რომ ჰქონია, იმ პერიოდში ექსკურსიაზე წასულა მისი კურსი და ესეც გაჰყოლია. იქ ერთი ჯგუფელი ყოფილა, რომელსაც სიგიჟემდე უყვარდა თურმე… დედას დაულევია, დამთვრალა. ექსკურსია ორდღიანი ყოფილა, კარვებით წასულან. როგორც ჩანს, მთვრალმა თავი ვერ გააკონტროლა და იმ ღამეს იმ ბიჭთან ყველაფერი მოხდა. მერე ეს მამაჩემს ვერ უთხრა. ამასობაში მამამ ცოლობა სთხოვა და ისე უყვარდა, დათანხმდა. გადაწყვიტეს, შემოდგომაზე დაქორწინებულიყვნენ. ზაფხული ყოფილა. შემოდგომაზე კი გაირკვა, რომ დედა ორსულად იყო. მაინც არ უთხრა მამას და ცოლად გაჰყვა, უკვე ორი თვის ორსული. ისეთი ბედნიერი იყო თურმე, რომ მეტი არ შეიძლება. მამას გონების დაკარგვამდე ჰყვარებია. მუცელი რომ წამოეზარდა, მამას ეჭვიც არ შეჰპარვია, რომ შვილი მისი არ იყო. ამასაც უფიქრია, ისე ვუყვარვარ, მაპატიებსო და უთქვამს, ეს ბავშვი შენი არ არისო. ვინ ექაჩებოდა ნეტავ ენაზე? რამდენი შვიდთვიანი იბადება, სულ არ ეთქვა არაფერი, არ ჯობდა? მამა ალბათ ვერც გაიგებდა სიმართლეს. ამას კიდევ იმედი ჰქონდა, ეგონა, აპატიებდა, გაუგებდა. იმან კიდევ არ აპატია. ამტყდარა ერთი ამბავი. აბორტი უკვე დაგვიანებული ყოფილა. მამას უთქვამს, ან გავაშვილებთ ამ ბავშვს, ან სახლიდან წახვალო. დედას კიდევ სად ჰქონდა წასასვლელი? არც არსად. შეეგუა თურმე ბედს. ბოლო 3 თვე სახლიდანაც არ გამოდიოდა, რომ არავის გაეგო მისი ორსულობის ამბავი. სულ ფრიალა კაბებით დადიოდა. მერე ჩუმად ამშობიარეს. ამასობაში მამას ვიღაც უშვილო ცოლ-ქმარი უპოვია და რომ დაიბადე, იმათ წაგიყვანეს.

- მიმყიდეს?

- არა, რა სისულელეა, დღიურში ამაზე არაფერი წერია! ან კი რა უჭირდა სამაგისო მამას, ფულის მეტი რა ჰქონდა! - დაიცვა ნანამ მამამისი.

ისე შემახურა, თითქოს სურდო შემეყარა, სუნთქვაც კი გამიხშირდა. რა საშინელება იყო ამის მოსმენა.

- მაგრამ… მერე მაინც რატომ არ მომიკითხა?

- არ ვიცი, ანა. იქ მეტი არაფერი წერია.

- არც ის, ვინ არის მამაჩემი?

- არა, იმ თავისი ჯგუფელის არც სახელია ნახსენები და არც გვარი.

- მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ამის გაგება.

- და გინდა მერე ეს? რაში გჭირდება კიდევ ერთი ტკივილი? დაფიქრდი.

დავფიქრდი… ჰო, რაში მჭირდება… ისიც რომ ისე მომექცეს, როგორც დედა მომექცა, მაშინ თავი უნდა მოვიკლა. აჯობებს, ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც აქამდე იყო. საშინლად დავმძიმდი. ნანასთან გაჩერება აღარ შემეძლო.

- მე წავედი, - ვთქვი და წამოვდექი…

8 8 8

მეგონა, ნანასთან ყოფნა დამამშვიდებდა, მაგრამ მოვტყუვდი. უარესად აფორიაქებული დავბრუნდი შინ. უაზროდ გაიწელა დრო საღამომდე. გამუდმებით ლადოზე ვფიქრობდი, ამიტომ ვერც ვერაფერი გავაკეთე. ვიწექი და მის ტკივილიან წარსულში «ვიქექებოდი».

შეღამებული იყო, რომ უეცრად რაღაც ფხაჭუნის ხმა შემომესმა, თითქოს ვიღაც კარის სახელურს აწვალებდა. არ შემშინებია, მაგრამ მაინც უსიამოვნოდ გამკრა გულში. ასე ქურდულად ვინ უნდა მომდგომოდა სახლში?

სათვალთვალოში გავიხედე. თქვენც არ მომიკვდეთ! სადარბაზოში ბნელოდა, ამიტომ ვერავინ დავინახე. მივაყურადე… ხმა არ განმეორებულა. ფრთხილად გადავატრიალე გასაღები და კარი ოდნავ გამოვაღე. მოულოდნელობისგან შევკივლე, რადგან სიბნელეში აშკარად დავლანდე ვიღაცის სილუეტი. ალბათ გულიც წამივიდოდა, იმ ვიღაცას რომ არ დავეჭირე.

- მე ვარ, ნუ გეშინია!

ლადო აღმოჩნდა.

- როგორ შემაშინე!

- ნამდვილად არ მინდოდა შენი შეშინება.

- აქ საიდან გაჩნდი? - ჩურჩულით ვკითხე და ფერმიხდილმა უკან დავიხიე, რომ ოთახში შემოსულიყო.

- შენ სანახავად მოვედი, - მომიგო, დივანზე დაჯდა და მრავალმნიშვნელოვანი მზერა მესროლა.

ვიგრძენი, როგორ გამიშრა პირი. თვალი ავარიდე. მინდოდა, მეკითხა, რისთვის მოხვედი-მეთქი, მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე.

- ანა, მაპატიე… მართლა არ ვიცოდი, ის ბიჭი შენი ძმა თუ იყო, - ძალიან ხმადაბლა მითხრა.

პასუხი არ გავეცი, განმგმირავად შევხედე მხოლოდ.

- ვიცი, ცუდად მოგექეცი. არ უნდა შემპარვოდა შენში ეჭვი, მაგრამ… იმ დღეს იმდენი რამე მოხდა… თან ჩემ თვალწინ ისე ეხუტებოდი მას, რომ… კონტროლი დავკარგე.

ერთ ადგილას ვიდექი… ძლივს მესმოდა მისი სიტყვები. მხოლოდ მის სახეს შევცქეროდი და ხარბად ვათვალიერებდი ჩემთვის ესოდენ საყვარელ სახეს. მერე ავტირდი… ჩუმად, უხმოდ…

- შენ რა, ტირი? - ცალი წარბი აზიდა.

- არა, ეს, უბრალოდ, ნერვების ბრალია…

- ძალიან გამხდარხარ…

- ჰო. ცოტა ვაიავადმყოფე და…

- მე არ ვიყავი თბილისში.

- ვიცი, როზამ მითხრა.

- დნმ-ის ანალიზი ჩავიტარე.

- დნმ-ის? რისთვის? - კოპები შევიკარი გაოცებულმა.

- მინდოდა, დავრწმუნებულიყავი, რომ ვასიკო ჩემი შვილია.

საშინელი თავბრუსხვევა ვიგრძენი. ამაცახცახა.

- და… და… მერე? - ძლივს ამოვილუღლუღე.

- აღმოჩნდა, რომ მართლა ჩემი შვილია. ალბათ დაუჯერებელია, მაგრამ ასეა, - ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა.

- სულაც არ არის დაუჯერებელი, - სიხარულისგან ხმა ამიკანკალდა, - მე ყველაფერი ვიცი, როზამ მიამბო.

- არ ვიცი, როზამ რა გიამბო, მაგრამ მაშინ ისეთი დღეები გადავიტანე… ექიმები მარწმუნებდნენ, ბავშვი 9-თვიანიაო. ჩემი ცოლი კი დაჟინებით ერთსა და იმავეს იმეორებდა, 7-თვიანი დაიბადაო. არ ვიცოდი, ვისთვის დამეჯერებინა. მედიცინა ხანდახან ცდება ხოლმე. იმას კი რაში უნდა დასჭირვებოდა ჩემი მოტყუება, ამას ვერ ვხვდებოდი. ამაზე ხშირად ვფიქრობდი, მაგრამ სულ ვყოყმანობდი. ვერაფრით გადავწყვიტე, ერთხელ და სამუდამოდ გამერკვია, სინამდვილეში ვინ იყო მართალი. და აი, როგორც იქნა, გადავწყვიტე. არ ვიცი, რით დამთავრდებოდა ეს ისტორია, შენ რომ არ გამოჩენილიყავი.

- არა მგონია, ეს ჩემი დამსახურება იყოს, - ჩავილუღლუღე.

- არის და მერე როგორ, რომ იცოდე! შენ იმდენჯერ მითხარი, ერთმანეთს ჰგავხართო, სანამ ეჭვი არ შემეპარა. ვფიქრობდი, ერთი პროცენტი მაინც ხომ არსებობს შანსი, რომ ჩემი შვილი იყოს-მეთქი? თან ეჭვის საბაბიც ხომ მქონდა და ამიტომ, საბოლოოდ რომ დავმშვიდებულიყავი, აღარ დავაყოვნე და წავედი…

- და რომ არ აღმოჩენილიყო შენი შვილი, მაშინ? რას აპირებდი მაშინ? - ალმაცერად გავხედე.

- იცი რა? ადრე თვალის დასანახავად არ მინდოდა ვასიკო. როგორ გითხრა… თან მეცოდებოდა, თან მძულდა… ცოლი ისე მიყვარდა, ნებისმიერ შემთხვევაში მივიღებდი მის შვილს, ვისგანაც უნდა ჰყოლოდა, ოღონდ იმისგან არა. ის მე ძმად მივიღე, ხელი გავუმართე, ვენდე… მან კი ყველაფერს ხაზი გადაუსვა. სიკეთის ყველა მცდელობა წყალში ჩამიყარა.

- მესმის… არ გვინდა ამაზე ლაპარაკი, - შევეცადე, გამეადვილებინა მისთვის ტკივილიანი დღეების გახსენება.

- რაც შეეხება იმას, როგორ მოვიქცეოდი სხვა შემთხვევაში, მგონი, უკვე ნათელია. ვასიკო იმდენად კარგი თვისებების ბავშვია და ისე დავუახლოვდი, ვერანაირად ვერ ვუღალატებდი. შვილად აყვანას ვუპირებდი ისედაც.

ამის გაგონებაზე შემაჟრჟოლა. წამით კვლავ თავბრუსხვევა ვიგრძენი და რომ არ წავქცეულიყავი, სავარძელში ჩავესვენე.

- რატომ მოგექცა ასე, რატომ მოგატყუა შენმა ცოლმა?

- როგორც ჩანს, იმდენად შემიძულა, რომ უნდოდა, შვილის წართმევით შური ეძია ჩემზე… მაგრამ იმაზე არ უფიქრია, მე რომ არ წამომეყვანა, რა ბედი ეწეოდა ბავშვს… არც მე მოვექეცი მთლად ადამიანურად, მაგრამ… ვიცი, დამნაშავე ვარ. ბევრი რამ ჩემი ბრალია… ანა ბოლო პერიოდში ძალიან გაბოროტდა. გადამიყვანა ჭკუიდან. სწორედ ამან განაპირობა ჩემი შურისძიებაც. უდანაშაულო ბავშვი შევიძულე მის მაგივრად.

- წარმომიდგენია, რა გადაიტანე… - ავჩურჩულდი, - მაშინაც… ახლაც… ეს საშინელებაა… კარგია, რომ ყველაფერი ასე კარგად დამთავრდა… შენ ის იპოვე… მან კი შენ… - ვეუბნებოდი და არ ვიცოდი, ვის უფრო ვანუგეშებდი - ლადოს თუ ჩემს თავს.

- ვასიკოს უკვე ველაპარაკე. შეძლებისდაგვარად ავუხსენი ყველაფერი. საოცარი ბავშვია… მგონი, გაუხარდა… ალბათ მალე მამასაც დამიძახებს… იმედია… ხვალიდან უკვე იმაზე ვიზრუნებ, შვილად ოფიციალურად ვაღიარო. და კიდევ ერთი… - თქვა და ხელი ჯიბისკენ წაიღო.

გაფაციცებით ვადევნებდი თვალს მისი ხელის მოძრაობას.

პატარა, ლამაზი კოლოფი ამოიღო.

- ეს შენ, ჩემგან, - თქვა და წითელი კოლოფი მუხლზე დამიდო.

- ეს რა არის? - ჩემდა უნებურად, მოვიკუნტე, თითქოს რაღაც საშინელება ჩამედო კალთაში.

- გახსენი!

- არა!

- გახსენი, გახსენი, - ზედმეტად ალერსიანად მითხრა.

ისეთი რბილი ხმით იყო ეს სიტყვა ნათქვამი, ძალაუნებურად ავხსენი თავსახური…

კოლოფში ბრილიანტისთვლიანი ულამაზესი ბეჭედი იდო. თვალები დავხუჭე, თქმით კი არაფერი მითქვამს. პაუზა გაიწელა.

- ზუსტად იმ დღეს მინდოდა შენთვის ცოლობა მეთხოვა, შენს ძმასთან ერთად რომ დაგინახე ქუჩაში. საიდან უნდა მცოდნოდა… ისე უყურებდი მას, სისხლმა თავში ამასხა! არადა… სულ სხვა გეგმები მქონდა. ფაქტობრივად, ჩემთვის ეს ძველი ისტორიის გამეორება იყო, გესმის? კიდევ ერთხელ ღალატი… კიდევ ერთი საოცნებო ქალისგან. ამის გადატანას ვეღარ შევძლებდი… და ყველაფერი გავაფუჭე… შეგიძლია მაპატიო?

არ გავნძრეულვარ, მხოლოდ თვალები გავახილე და გავხედე.

- მინდა ჩემი ცოლი გერქვას და არ მითხრა უარი, გთხოვ.

თავი გავაქნიე.

- ხომ იცი, რომ ეს შეუძლებელია, რატომ მთხოვ ასეთ რამეს? რატომ მაწამებ?

- შეუძლებელი რატომაა? - წინ გადმოიხარა და იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო.

- იმიტომ, რომ მე შენი წრის ქალი არ ვარ. ჩვეულებრივი ძიძა ვარ მხოლოდ. შენ სხვა ქალი გჭირდება…

- რა სისულელეა. არც მე მაქვს ისეთი იდეალური თვისებები, შენ რომ მოგეწონება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ერთმანეთს ვერ გავუგებთ. ჩემი აზრით, ეს ჩვენთვის დაბრკოლებას არ უნდა წარმოადგენდეს.

- ეს სხვა რამეა…

- სამაგიეროდ, არის ერთი მიზეზი, რაც ორივეს გვაერთიანებს და რასაც ვერ უარვყოფთ.

«ვასიკო», - გამიელვა გონებაში.

- სიყვარული! - ჩემდა გასაკვირად, სულ სხვა მიზეზი დაასახელა.

გაოგნებულმა თავი ავწიე და გამომცდელი მზერა ვესროლე.

- ვიცი, რომ გიყვარვარ… ამას ვგრძნობ… ვხედავ… ყველგან… ყველაფერში… მეც მიყვარხარ…

- არა! - აღმომხდა ჩემდა უნებურად.

- კი… და უნდა დამიჯერო. ალბათ გამიჭირდება ამის დამტკიცება, მაგრამ უნდა მენდო. ჩემს სიტყვებს უნდა ენდო, ჩემს მზერას, ჩემს ტკივილს… გარდა ამისა, ჩვენ ვასიკო გვაერთიანებს. მას ორივე ვჭირდებით ერთად და არა ცალ-ცალკე. ხომ გესმის?

ამჯერად აღარაფერი მითქვამს, გაჩუმება ვამჯობინე.

- მითხარი, რომ გიყვარვარ… - მუდარა გაისმა მის ხმაში.

თავი ჩავღუნე. ერთხანს ვფიქრობდი, მეთქვა თუ არა. არადა, ენის წვერზე მადგა ეს ძნელად სათქმელი სიტყვა… ჩემთვის ძნელად სათქმელი… თუმცა, ერთი «მიყვარხარ» ძალიან მწირი იყო იმის გამოსახატავად, რასაც მის მიმართ განვიცდიდი. ამას მთელი რომანისთვის საჭირო სიტყვები არ ეყოფოდა!

- მითხარი…

გაგრძელება იქნება