"როცა ნიტა გამოაცხადეს ვიტირე, უზომოდ ამაყი ვიყავი... ჯერჯერობით კამპუსში იცხოვრებს და შემდეგ ბინას იქირავებს" - ნიკა ლომიძე შვილის ამერიკულ ცხოვრებასა და წარმატებაზე - Marao

"როცა ნიტა გამოაცხადეს ვიტირე, უზომოდ ამაყი ვიყავი... ჯერჯერობით კამპუსში იცხოვრებს და შემდეგ ბინას იქირავებს" - ნიკა ლომიძე შვილის ამერიკულ ცხოვრებასა და წარმატებაზე

2022-09-26 11:38:15+04:00


საქართველოდან უცხოეთში სასწავლებლად სკოლასა თუ უნივერსიტეტში არაერთი ახალგაზრდა მიდის. წარმატებულებიც არიან. ამ ახალგაზრდებზე პერიოდულად ვწერთ კიდეც. ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთი საკონსულტაციო ცენტრის გვერდზე ეს ინფორმაცია გამოქვეყნდა:

"ნიტა ლომიძემ სულ ახლახან წარმატებით დაასრულა კალიფორნიაში Idyllwild Arts Academy და უკვე #NY-ის Pace University-ს საბაკალავრო კურსის სტუდენტია, თან STEM პროგრამის President's Scholarship Award- ის მფლობელი"!

ნიტა ლომიძეს, ამ ნიჭიერ, მხიარულ და თბილ გოგონას საქართველოში კარგად იცნობენ. ის ჩვენი საზოგადოების, ტელემაყურებლის რჩეულიც არის, ერთ-ერთ კონკურსში გაიმარჯვა და თბილისში ბინითაც დაასაჩუქრეს. ცეკვაზე და ხელოვნებაზე უზომოდ შეყვარებულმა ნიტამ სწავლა კალიფორნიაში სახელოვნებო სკოლაში განაგრძო, რომელიც წელს დაასრულა და უკვე ნიუ-იორკის ერთ-ერთი უნივერსიტეტის სტუდენტიცაა.

ცნობისთვის, ნიტა ლომიძე ცნობილი მშობლების - ნიკა ლომიძისა და თეა გობეჯიშვილის შვილია. გოგონას გამოსაშვებ ცერემონიალზე ამერიკაში მამამაც ჩააკითხა.

ნიკა ლომიძე:

- კი, ნიტამ სკოლა დაამთავრა, ჰქონდა გამოსაშვები ცერემონიალი როგორც ხდება ხოლმე, თავის ქუდების ჰაერში ასროლით და ყველა სახასიათო ელემენტით. ამ ღონისძიებას მეც დავესწარი... მერე ორივენი ჩამოვედით საქართველოში, ზაფხულის არდადეგები აქ გაატარა. იმ პერიოდში, პარალელურად თავისი განაცხადი სხვადასხვა უნივერსიტეტში გააგზავნა. 7 უნივერსიტეტიდან დადებითი პასუხი მოუვიდა. მათგან ნიუ-იორკის უნივერსიტეტი "პეისტი" აირჩია. მერე ამერიკაში ისევ ერთად გავემგზავრეთ და უნივერსიტეტის კამპუსში დავაბინავე, ბარგის გადატანაში დავეხმარე და იქვე დავტოვე.

- ამერიკულმა სკოლამ ნიტას რა მისცა და რამდენად შეცვალა მისი ცხოვრება?

- გარდა იმისა, რომ ცეკვას სწავლობდა, სკოლამ მისი აზროვნება შეცვალა. მან სტატიაც დაწერა ზუსტად ამაზე, სადაც თქვა, ამ პერიოდში როგორ ადამიანებთან, ხაზგასმით ადამიანებთან, ჰქონდა ურთიერთობა, რითაც ძალიან კმაყოფილია. განსაკუთრებით ის უხარია, რომ ადამიანებთან ურთიერთობა ისწავლა. ამას მართლა ცოდნა უნდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩამოყალიბდა პიროვნებად და მხოლოდ მას მერე მიიღო გადაწყვეტილება, დარჩენილიყო ამ ქვეყანაში და სწავლის შემდგომი ეტაპი იქვე გაეგრძელებინა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს ის ადამიანების ერთმანეთთან დამოკიდებულებაზე, რაც იქ ძალიან მძაფრად და კარგად აქვთ.

გაუღრმავდა იმის განცდა, რომ მივეხმაროთ ბუნებას, დედამიწას, აქტიურად არის ჩართული გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში. ასე რომ, გარდა თავისი სპეციალობისა, ბევრი დადებითი, საჭირო და საინტერესო რამ შეიძინა. ამ ყველაფერს იქ დიდ ყურადღებას აქცევენ. იქ ბავშვები ასე იზრდებიან და ასე აზროვნებენ. მერე მათ რომ უსმენ, გრცხვენია, სხვანაირად ვეღარ აკეთებ რაღაცებს. ყურადღებას აქცევ ბევრ რამეს, აქცევ და სხვანაირად ფიქრობ. საქართველოში ცხოვრებას, სწავლას რა სჯობს, მაგრამ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ყველას ვურჩევ, თუ ამას შეძლებენ, წავიდნენ. ეს დღეს მართლაც შესაძლებელია. მშობლებს ნიტას დასაფინანსებლად სრულყოფილად სახსრები არ გვქონდა, მაგრამ იყოჩაღა და ეს დაფინანსებაც ჯერ სკოლაში და ახლა უნივერსიტეტში თვითონ მოიპოვა. შეუძლებელი არაფერია.

წაიკითხეთ სრულად