მარტივი ამბის რთული წვრილმანები - თავი 6 - Marao

მარტივი ამბის რთული წვრილმანები - თავი 6

2022-09-28 09:46:40+04:00


წინა თავი

სახლში ჩუმად შევიპარე, ვიფიქრე დავწვებოდი და თავს ვაიძულებდი დამეძინა, მაგრამ კარის ხმამ გამყიდა.

_მართა მოხვედი?

_არა შიო დაბრუნდა ფრონტიდან. _პასუხი დაუბრუნა მამაჩემმა.

_ნეტა შენ რომ მაგ თემაზე სახუმაროდ გცხელა. _დატუქსა დედაჩემმა.

ოთახში შევედი და სამზარეულოს მაგიდასთან ჩამოვჯექი, დედაჩემი თავზე წამადგა, არც მიფიქრია რო ჩემი შესიებული თვალის უპეები მხედველობიდან გამორჩებოდა.

_ირაკლის ეჩხუბე? _შეშფოთებული დამიჯდა წინ.

_ნეტა ირაკლის იქეთ პრობლემა არ მქონდეს.

_ნეტა იმაზე დიდი პრობლემა რა გაქვს რომ საქმრო ამხელა გზაზე გყავს გაშვებული?!

_დავიწყო?

_გისმენ აბა...

_სამსახურში ნახევარ განაკვეთზე დამსვეს, იმის გამო რომ ბოსმა თავისი ქმრისგან უარყოფილი ძმიშშვილი მომითრია, ფული არ მყოფნის და დალაგებებზე დავიწყე სიარული, მაგრამ იქ ნერვები არ მყოფნის, უკეთესი სამსახური მინდა მაგრამ იმხელა მოთხოვნები აქვთ ვერ ვაკმაყოფილებ, გასაუბრებეიდან სასოწარკვეთილი მოვბუნძულებ სახლში და ძალა აღარ მაქვს ვიბრძოლო, არც იმისი კიდევ რაიმე ვისწავლო... აღარ მინდა, მომბეზრდა, გულს ვერ ვუდებ.

_რა დალაგებებზე მართა? _ხმას დაუწია და მისაღებში წამოგორებულ მამაჩემს გახედა, გადაამოწმა ხმა ხომ არ ესმოდა ჩვენი.

_აბა საწვავის ფული ყოველდღე შენ გთხოვო?

_რატო არ მოვკვდები?! _ხელი იმხელაზე შემოირტყა თავში ხმაზე კატა წამოხტა სკამიდან.

_რატო უნდა მოკვდე?

_დიპლომის გარეშე ტუალეტს ვერ გახეხავდი? რიღასთვის იწვალე? რისთვის დაამთავრე სკოლა მედალზე? რისთვის მოიკალი გამოცდებზე თავი? უმაღლესი რისთვის დაამთავრე?

_განვითარება შევწყვიტე, მოვლენებს და მოთხოვნებს ვეღარ ვეწევი დედა...

_თავს აჯერებ მაგ სისულელეებს.

_აი ამიტომ არ მინდოდა რამის თქმა, ეს დიალოგი წინდაწინვე ზედმიწევნით ვიცოდი.

_აღარ წახვალ სახლის დალაგებაზე, წნევა დამარტყავს...

_აღარ წავალ, არ იდარდო.

_ის რას მიკეთებს? მაგის უფლება როგორ მოგცა? იმ სახლში ვინ დაგხვდება რა იცი?

_არავინ დამხვედრია ორჯერ ვიყავი სულ... და ირაკლისთვის აზრი არ მიკითხავს..

_მერე ეგ ნორმალურია?

_კი ასე მგონია რომ ნორმალურია, თუ უნდოდა ენახა რას ვაკეთებდი აღარ წავიდოდა, თუ წავიდა იმის აზრებზე გამიკდებული აქ ვერ ვიცხოვრებ.

_მართა, არ მომწონს ეგ ლაპარაკი...

_რატო გაშფოთებს ყველა ჯერზე იმის წარმოდგენა რომ დავშორდები დედა?

_იმიტომ რომ ქვეყანა შეყარეთ რომ ერთად ხართ, ყველამ იცის...

_მერე?

_რა მერე, მაგას როგორ კითხულობ, რა გგონია ვერ ვხვდები რომ ერთად ,,ნამყოფები ხართ" _წამოდგა და სამზარეულოს კარი შემოიკეტა, თავი დაიზღვია მამაჩემს არ გაეგო ეს დიდად სამარცხვინო ამბავი.

_ერთად ნამყოფები ვართ?! 27 წლის ვარ დედა, და მგონი ნახევარი ცხოვრებაა ერთად ვართ...

_ჰოდა მაგას გეუბნებოდი ზუსტად... ან გაყოლოდი ან თავი შეგეკავებინა.

_რატო, სამარცხვინოა ამ ასაკში სექსი რომ მქონდეს?

_ახლა რომ გულაცრუებული ხარ და რომ დაგანებოს თავი მერე უარესად რთული არ იქნება შენთვის?

_არა, ზუტად იგივენაირად იქნებოდა რომ არაფერი მქონოდა მაინც...

_ანუ აწი სხვას გაიჩენ იმასთანაც გექნება, რამდენიმე წელიწადში აიცრუებ გულს, მერე კიდე სხვასთან, მერე კიდე და საბოლოოდ რა გამოვა?

_საბოლოო რას ნიშნავს?

_ჰო, ათ პარტნიორთან ნამყოფი ქალისგან რა გამოვა მართა?

_ღმერთოოო... _ხელები აღვაპყარიი... _ჯერ ხომ ერთი მყავდა დედა...

_მე არ ვამბობ რომ საშინელება ჩაიდინე, მაგრამ რადგან ეგ მოხდა ხელი მაინც მოგეწერათ.

_რას მიცვლიდა მერე ეგ?

_ყველაფერს, შენს უკან ჩვენ ვდგავართ, მე მიცვლიდა, მამაშენს, შენს ძმას... უთავბოლოდ იყიალეთ ამდენი წელი, ყველას მოახსენეთ და გააგებინეთ ყველაფერი, ყველამ ყველაფერი იცის და ახლა ნერვებზე ზიხარ, შენ გგონია შენ არ გადარდებს ეგ ამბავი? თავს აჯერებ...

_ყველა ფეხებზე მკიდია... _სკამიდან წამოვხტი და ოთახში შევვარდი. კარი შევიკეტე და ბღავილის მეორე უფრო ხარისხიანი სერია დავიწყე.

***

ყველაფერი ჩემზე მეტი ებადა სურვილების გარდა ალბათ, მრგვალ სავსე სახეზე მსხვილი ტუჩები ყოველთვის გაბუტული ჰქონდა... სამყარო რაშიც არსებობდა მსუბუქი საზღვრებით იყო გარშემორტყმული, ბევრჯერ შეეძლო მათი დარღვევა, მაგრამ ვერცერთხელ შეძლო... სხვებს უფრთხილდებოდა და ამიტომ... სიგიჟეში გარდამავალი სიყვარული ყველაფერზე ჭარბად ჰქონდა ჩემს მიმართ და ზოგჯერ მაბრაზებდა გადაჭარბებული ზრუნვა, მდგომარეობიდან გამოვყავდი... ბევრი წელი ითმენდა სხვების სურვილებს მის მიმართ, სხვების მოთხოვნებს, მაინც მორჩილად ასრულებდა ცრემლებამდე გამწარებული მაინც იმას აკეთებდა რაც არ უნდოდა, და რაც სხვებს გააბედნიერებდა მისიდან რომ ეგრძნოთ. მე კიდევ უბრალოდ მინდოდა ბედნიერი მენახა... რას ვითხოვდი შეუძლებელს მისგან... მაგრამ ვერ შეძლო... ასე მგონია ვერ შეძლებს ის ბედნიერებას და მე იმას რომ მის გამო ჩემი ერთი ნაწილი მუდმივად ჩამქრალი არ იყოს...

ვერ დავემსგავსე, ემოციებს გადავაყოლე ყველაფერი რაც ღირებული გამაჩნდა, ყველა საზღვარი გადავლეწე და გავრღვიე, საზღვრებს მიღმა უთავბოლოდ ვიწოწიალე, ყველას დავაჯერე რომ სულაც არ ვიყავი ზღვარგასული, მანამ სანამ ლამის თვითონაც არ ვირწმუნე....

***

მეორე დილით უთენია გავიპარე სახლიდან, დედას თავს ვარიდებდი, ვიცი უსასრულოდ გამებუტებოდა მანამ, სანამ იმას არ იტყოდა ბოლომდე რისი თქმაც უნდოდა და გუშინ არ დავაცადე, მანამ სანამ მე გაჩუმებული და თავდახრილი არ მოვისმენდი, მერე იფიქრებდა რომ ჩემს უპატიებელ შეცდომას მივხვდი და შემინდობდა. სინამდვილეში თუ ვჩუმდებოდი მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ისტერიკა კვირებზე არ გაწელილიყო, ანალოგიური პრინციპით ჩუმდებოდა მამაჩმიც, თუმცაღა დარწმუნებით იმის თქმა, რომ დედასთან მართალი იყო არანაირად არ შემიძლია, ერთი კია თავად სულ სხვა აზრის იყო თავის სიმართლეზე... მაგრამ ახლა ეს ნაკლებად მადარდებდა, საკუთარ უიღბლობასა და ნეხვში ვიძირებოდი.

სამსახურში სამჯერ დამირეკა, გამიკვირდა რომ წუხანდელის გამო არ მკიცხავდა და დამტკბარი ხმით მეკითხებოდა ცოტა ადრე თუ შევძლებდი სახლში მისვლას.

ერთი საათით ადრე ავიბარგე და ისე წავედი ნუგზარისთვის არაფერი მიკითხავს, სალომეს ვუთხარი დღეს შენ დარჩი გვიანობამდე და ხვალ მე მოვალ ადრე მეთქი და ისე რომ მის პასუხს არ დავლოდებივარ ავიბარგე.

შევხსენი თუ არა კარი ძირს დაგდებულმა სამხედრო ზუგზაკმა თვალები გამიფართოვა, ოთახიდან შიო გამოექანა და ხელში ამიყვანა, მერე გაბრუებამდე მაბზრიალა და ძირს დამსვა. მერე ხელახლა დამიჭირა, ლოყები დამიზილა და მთელი სახე გადამიდორბლა. არ გაგვაფრთხილა მისიიდან თუ ადრე უწევდა დაბრუნება, დედაჩემის დატკბობის ამბავსაც ფარდა აეხადა.

ორი დღე სრული ჰარმონია იყო ოჯახში და სიამტკბილობა, მესამე დღეს ვახშამზე ყველაფერი თავდაყირა დადგა.

შიომ ირაკლიზე დამისვა რამოდენიმე შეკითხვა, რამაც ,,შინაოჯახურ სისხლისღვრას სათავე დაუდო"

_რას შვება შენი დოქტორა, როდის ჩამოდის? _მხიარულად მოიკითხა.

_არ ვიცი. სწავლობს, თან მუშაობს... ჩემგან განსხვავებით განვითარებისთვის იბრძვის.

_საერთოდ თუ დაბრუნდება და ამ ყბადაღებულ ხალხს არ შეგვატოვებს უკვე კარგია... _ჩაიცინა მამაჩემმა. _ოდესმე დადგება ის დღე როცა ჩემს შვილებს რაიმე ეცოდინებათ, ასეთ სერიოზულ ურთიერთობაში ხარ კაცთან, მაგრამ არ იცი როდის მოგიყვანს ცოლად, არ იცი სად იცხოვრებ, არ იცი როდის დაბრუნდება ან დაბრუნდება თუ არა საერთოდ, არ იცი რას აპირებს, არავითარი გეგმა 27 წლის ასაკში... ვბერდებით და რის იმედად უნდა ვიყო, რომ მოვკვდე ორივე შუა გზაზე რჩებით, შენ საერთოდ არაფერზე გაქვს პასუხი, წესიერი სამსახური შენ არ გაქვს, ჯერ მივყვებიო... ახლა უვადოდ ვიცდით და შევყურებთ აპირებს ისევ რამეს თუ არა... ეს?! ეს საერთოდ მოკლავს დედამისს დარდით... _შიოს შეხედა.

_რაზე დარდობ? _ დედაჩემს მიუბრუნდა ჩემი ძმა.

_მორჩი. _ჩაიჩურჩულა დედამ მამაჩემის მისამართით.

_რა გინდა? რატო ეძებ ჩვენში პრობლემებს აი ზუსტად მაშინ როცა ყველაფერი ნორმალურადაა?

_შენი აზრით ისეთ ქვეყნებში რომ დადიხარ მისიებზე ტერორიზმი რომ ყვავის და საომარი მოქმედებები მიმდინარეობს ჩვენ ერთი ღამე მაინც გვეძლევა იმის საშუალება რომ მშვიდად გვეძინოს?

_სახლში წამოვწვე?

_სახლში წამოწოლასა და მაგ სამსახურს შორის ხედავ მხოლოდ არჩევანს?

_იცი რა, მერჩია მემკვიდრეობით გადმომცემოდა მზა ბიზნესი სამართავად, ან იმდენი ფული რომ მართლა წამოწოლა შემძლებოდა, მაგრამ არ მარგუნა ბედმა... რაც გამომდის კარგად იმას ვაკეთებ და იქ ვარ, ბოდიში რომ იურისტი ან ეკონომისტი ვერ გამოვედი, მადლობას არ გთხოვ ამისთვის მაგრამ 15 წლიდან მე შენთვის ერთი თეთრი არ მითხოვია და მგონი საყვედურებს აი ამ ხარისხისას ნამდვიალდ არ ვიმსახურებ, ჩემი პროფესია თუ არ მოგწონს არც გავალდებულებ, მაგრამ იმ ასაკში ვარ პატივი მაინც უნდა სცე ჩემს გადაწყვეტილებას.

_პატივი ვცე იმას რომ ნებისმიერ დღეს შეიძლება ვიღაც ოხრებმა სხვის მიწაზე, სხვების გამო მოგკლან?

_ჩემი გადაწყვეტილებაა ეს...

_ჰოდა მაგას ვჩივი, თქვენს გადაწყვეტილებებს, ორივეს ფეხებზე გკიდივართ...

_იცი რა, არაფრისგან პანიკას ტეხ, მხოლოდ იმის გამო რომ მეტი საქმე არ გაქვს, კიდევ იმის გამო რომ რაც თავი მახსოვს მხოლოდ გვსაყვედურობ ორივეს რაღაცას... რაც არ უნდა ვაკეთო მაინც პოულობ ნაკლს იმ ნაკეთებში, სულერთია ვინ ვიქნები შენ მაინც გამოძებნი მიზეზს რომ უკმაყოფილო იყო, ოდესმე გახსოვს რომ გეთქვა რა კარგად მოვიქეცი, ოდესმე რაიმეს გამო შეგიქივარ? ოდესმე გითქვამს რომ კარგი შვილი ვიყავი ან კარგი ადამიანი... სხვებივით სიგარეტის ფულს არასდროს გემათხოვრებოდი, ქუჩაში არ ვმდგარვარ, ციხიდან თავდებით არ მომათრევდი სხვა მამებივით... ოდესმე გიფიქრია რომ ეგ უკვე კარგია?!

_მადლობა რომ ქურდი და ყაჩაღი არ გამოხვედი, მით უფრო რომ მაგისთვის თურმე მე არაფერი მიკეთებია.

_რისთვის გელაპარაკები საერთოდ?! _შიომ ჩანგალი მაგიდაზე დააგდო და წამოხტა, მერე მისაღებში დაგდებულ ჟაკეტს ხელი წამოავლო და შემოსასვლელი კარი გაიჯახუნა.

_ხედავ? _მიუბრუნდა დედაჩემს. _თურმე მადლობებს უნდა ვუხდიდე მთელი ცხოვრება რომ ციხეში არ ამოილპო თავი.

_ყოჩაღ შენ. ეჭამა მაინც ორი ლუკმა... _დედაჩემი ფეხზე ადგა, თავისი თეფშიდან საჭმელი ნაგავში გადაუძახა და მისაღებს მიაშურა.

_შენ რისთვის გადაგიხადო მადლობა მამიკო?! _ირონიულად შემომიტრიალდა.

_ჭამას თუ დამაცდი აქეთ გადაგიხდი. _გამწარებულმა თვალი თვალში გავუყარე.

_მიირთვი. _მიპასუხა და ჭამა გააგრძელა.

გაგრძელება იქნება