შეწყვეტილი ფრენა - თავი 5 - Marao

შეწყვეტილი ფრენა - თავი 5

2022-10-14 09:10:41+04:00


წინა თავი

ესპერალი! ამ სიტყვებს გეუბნები ერთხელ დილით და ვცდილობ, აგიხსნა, რა არის იგი.

გიხსნი, რომ საფრანგეთში არ შეიძლება სამსახური მიატოვო მხოლოდ იმის გამო, რომ ქმარი გამუდმებით სვამს. ერთხელ უკვე მივატოვე ყველაფერი, გადაღებები შუა გზაზე გავწყვიტე და შენკენ გამოვეშურე, რომ გადამერჩინე. მეორედ ამის გაკეთების უფლებას არავინ მომცემს. სამუშაოს დავკარგავ. შენ არ გინდა ეს გაიგო. საბჭოთა კავშირში მოთმინებით იტანენ ლოთ კაცებს. აქ ლოთობა ჩვეულებრივი მოვლენაა. თუ მთვრალი ქუჩაში წაიქეცი და ტალახში ამოიგანგლე, წამოგაყენებენ, სადარბაზოში შეგიტანენ და კედელზე აგაყუდებენ, რომ ქუჩაში არ გაიყინო. ხანდახან სახლშიც «მიგიტანენ» ტომარასავით ზურგზე მოკიდებულს. ეს ლოთთა საძმოს დაუწერელი კანონია. აღარ ვიცი, როგორ აგიხსნა, რა განსხვავებაა ლოთობასა და დალევას შორის - რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როცა სადილად რამდენიმე ჭიქას დალევ და ხასიათზე მოხვალ, ენერგიით აღივსები, მაგრამ დილიდან საღამომდე სმა - ეს უკვე ჭაობია, რომელშიც შენ ხარ ჩათრეული. ეს არის სიკვდილი, რომელსაც თავად ეძებ. თითო დათრობა თითო პატარა სიკვდილია, რომლის შემდეგაც სუსტდები და განადგურებული ხდები.

დღეში 6 ბოთლი არაყი ცხოვრებისგან გთიშავს. აქ, მოსკოვში ყველასთვის ნათელია მსგავსი მდგომარეობა, იქ, პარიზში კი - არა.

მე ვლაპარაკობ, შენ მისმენ, ამიტომ ვაგრძელებ.

ერთხელ ერთ უცხოელ მსახიობთან მომიწია გადაღება. როცა მან ჩემი პრობლემის შესახებ გაიგო, გული გადამიშალა. თურმე ადრე თვითონაც ლოთობდა, მაგრამ ახლა წვეთსაც არ სვამს. და ეს ყველაფერი მას შემდეგ, როცა რაღაც კაფსულა ჩაუდგეს.

რა თქმა უნდა, მეც იმავეს გირჩევ. შენ თავად უნდა გადაწყვიტო, როგორ ჯობს შენთვის. ეს რაღაც ბარიერის მსგავსია. უნდა გადააბიჯო მას ან არ უნდა გადააბიჯო. არ ვიცი, შეიძლება ეს ქიმიური საშუალება უარესიცაა მსმელი ადამიანისთვის, თუკი არ დაიცავს მისი მოხმარების წესებს… შეიძლება ეს საბედისწერო გარიგებაა სიკვდილთან, რადგან თუკი მისი ჩადგმის შემდეგაც დალევ, შეიძლება შოკში ჩავარდე და მოკვდე. ჩანთაში მიდევს ეს კაფსულები, პატარა, სტერილური შუშები. თითოეულ მათგანში წამლის აუცილებელი დოზაა. მოთმინებით გიხსნი ამ ყველაფერს. შენს წაშლილ სახეზე ჩემთვის ნაცნობი მხოლოდ თვალებია. ჩემი არ გჯერა. გგონია, რომ ამ მდგომარეობის გამოსწორება არავის და არაფერს შეუძლია, რადგან ეს ყველაფერი ძალიან შორეულ წარსულში დაიწყო. ჩემს შენდამი სიყვარულს მთელი ძალით ვიშველიებ და ვცდილობ დაგარწმუნო, რომ ჯერ არ არის გვიან, რომ ყველაფრის გამოსწორება შეიძლება, მთავარია, შენ დაიჯერო, მოინდომო, მენდო… შენ ხომ ერთხელ უკვე დაბრუნდი იმ ქვეყნიდან, სასწრაფო დახმარების ექიმებმა დაგაბრუნეს ჩემი უდიდესი ძალისხმევის შედეგად. მათ სიცოცხლე გაჩუქეს. მაშინ გამოჯანმრთელდი, რამდენიმე თვე არ სვამდი და აი, ახლა ყველაფერი ისევ ისეა, როგორც გამოჯანმრთელებამდე იყო, კვლავ იღუპები. კრიტიკულ სიტუაციაში ხარ, ოღონდ ჯერ კიდევ ცოცხალი. მე შენი გადარჩენა შემიძლია, შენ უბრალოდ, უნდა დამთანმხდე.

ესპერალი! ეს იმპლანტაციაა. იგი შენში შეჰყავს ჩვენს ახლობელ ქირურგს, რომელსაც მე ვკარნახობ, როგორ გააკეთოს ეს.

ამ დღიდან იწყება ესპერალის გრძელი სერია. ამ სიტყვაში არის გადარჩენის ილუზიური იმედი.

მისი დახმარებით 6 წელი შეძელი, გადაგეწია შენი სიკვდილის დღე, გაგეხანგრძლივებინა სიცოცხლე. ხანდახან ვერ ითმენ და დანით ცდილობ კაფსულის სხეულიდან ამოძრობას. მერე მთხოვ, იქნებ უფრო ღრმად ჩაგაკერონ იგი, ისეთ ადგილას, სადაც ვერ მიუდგები, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ ჯიუტად ითხოვ მის ამოღებას.

თითოეული ჩაკერება-ამოღების პროცესი 6 თვე გრძელდება. თავიდან არ გჯერა, რომ ეს გიშველის. არც იმის გჯერა, რომ დალევის შემთხვევაში უკურეაქციას გამოიწვევს. ცდილობ, გადაამოწმო. ჩაკერებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ცოტას სვამ. რეაქცია მსუბუქია. დოზას უმატებ და… შენი მდგომარეობიდან გამომდინარე, ექიმი იძულებული ხდება, კაფსულა ამოგაძროს. შედეგი - სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია, რეანიმაცია, გამოკეთება, დალევა, სასოწარკვეთილება… ეს ეშმაკის ბორბალი ტრიალებს და ტრიალებს, თანაც უფრო და უფრო უმატებს წრიულ სიჩქარეს.

8 8 8

ათი წელი გვყავდა ჩვენი მფარველი ანგელოზი - ლუსია, ნაზხმიანი გოგონა, რომელიც გამუდმებით გვერდით გვედგა, გვეხმარებოდა.

ყველაფერი ჩვენი პირველი ჩხუბიდან დაიწყო, როცა ჩემოდნები ჩავალაგე და პარიზში გავემგზავრე. მაშინ ასე არ მყოფნიდა მოთმინება, ძალიან ვიღლებოდი შენი ლოთობით და როცა ვერ მოვახერხე ამ კოშმარისთვის თავის მობმა, ორიოდე სიტყვა დაგიწერე: «არ მეძებო» და გავფრინდი.

რა თქმა უნდა, ძალიან გულუბრყვილო საქციელი იყო ჩემი მხრიდან. არადა, სწორედ იმ პერიოდში გავხდი შენი კანონიერი ცოლი. შენც სწორედ ეს დაიხვიე თითზე - ჩემი კანონიერი ცოლი ხარ, მოთმინება გმართებსო!

მე სამუშაოდ გავემგზავრე. აი, უკვე რომში ვარ, გადაღებებზე. დილაა, პარიკმახერთან ვზივარ, თმას ვივარცხნი. ამ დროს მეძახიან, ტელეფონზე გირეკავენო საზღვარგარეთიდან. შეშინებული გავრბივარ ყურმილის ასაღებად - ბავშვებს ხომ არ დაემართათ რამე! როგორც ჩანს, რაღაც სერიოზული მოხდა.

აღმოჩნდა, რომ ზარი მოსკოვიდანაა. «თქვენ ვისოკცი გკითხულობთ!» - მეუბნებიან.

- ალო! - ჩავძახე ყურმილში.

- როგორც იქნა, როგორც იქნა, გიპოვე! გიპოვეთ, როგორც იქნა! დიდი მადლობა, ჩემო საყვარელო ტელეფონისტო გოგონა, შენი დახმარებით მივაკვლიეთ მას! ახლა ყველაფერი კარგადაა. ახლავე აგიხსნი, ყველაფერს აგიხსნი! შენი დაბრუნება აუცილებელია! შენ ერთადერთს შეგიძლია ჩემი ხსნა! ჩემო კარგო ტელეფონისტო, უთხარი ეს მას, ძალიან გთხოვ, გადაეცი მას! მოუყევი, მოუყევი მას, რა ჩაიდინე, რომ ის გეპოვა!

და იქვე მესმის ვიღაც გოგონას სიცილის ხმა, რომელიც ამბობს:

- რომის ყველა სასტუმროში დავრეკეთ. როგორც იქნა, ვიპოვეთ ის, სადაც თქვენ გაჩერდით, მაგრამ ნომერში არ აღმოჩნდით. თქვეს, საპარიკმახეროშიაო. უნდა გაგვეგო, რომელში იყავით. რამდენიმეში დავრეკე და აღმოგაჩინეთ, - ტელეფონისტი გოგონა კვლავ იცინის.

შენი აღგზნებული ტონით ვხვდები, რომ მთლად კარგად ვერ ხარ და გეუბნები კიდეც. ამ დროს კვლავ მესმის ის სიცილნარევი ხმა.

- ნუ ნერვიულობთ, ის რამდენიმე დღეა, დაგეძებთ. უკვე აღარ სვამს. უბრალოდ, ძალიან ბედნიერია, რომ გიპოვათ!

ეს ლუსიას ხმა იყო. მაშინ არ ვიცნობდი მას. ის ტელეფონისტად მუშაობდა მოსკოვში. მას შემდეგ ჩვენ წლების განმავლობაში ვუკავშირდებოდით ერთმანეთს მისი დახმარებით. როცა ერთად არ ვიყავით, როცა შორს ვიმყოფებოდი შენგან. მისი წყალობით არ გვჭირდებოდა ერთმანეთისთვის წერილების მიწერა და კვირაობით პასუხის მოლოდინი. ის არა მხოლოდ ტელეფონის ხაზებით გვაერთებდა ერთმანეთთან, არამედ ტკივილების გაყუჩებაშიც გვეხმარებოდა. როცა სიგიჟის ზღვრამდე მისული ყვირილს ავტეხდი ხოლმე, ლუსია მაწყნარებდა: «დამშვიდდით, სერიოზული არაფერია, დამიჯერეთ. ერთ საათში კვლავ შეგაერთებთ!» ის საუბრის ლიმიტს არასდროს გვინიშნავდა. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ჩხუბს ვიწყებდით, უცებ ჩაერთვებოდა ჩვენს ლაპარაკში.

- ახლა უნდა გაგთიშოთ. დაგირეკავთ ხვალ, როცა უკეთ იგრნობთ თავს», - მაფრთხილებდა ლუსია და ამით თავიდან ამარიდებდა მორიგ სკანდალს.

შემდეგ, ბევრჯერ, როცა შენ ძებნაში ქვეყანა მქონდა შემოტყავებული, ლუსია მევლინებოდა გაჭირვების ტალკვესად. ის მამშვიდდებდა და ტელეფონით ყველა ქალაქში გეძებდა. სულ რამდენიმე წუთი და მან უკვე იცოდა, სად იყავი, სად შემეძლო შენი პოვნა და შინ წამოყვანა.

ლუსია ნამდვილი საოცრება იყო. მისი წყალობით საათობით შემეძლო შენთან მელაპარაკა. სადაც უნდა ვყოფილიყავი, ნიუ-იორკში, პოლინეზიაში თუ საბერძნეთში, მნიშვნელობა არ ჰქონდა. ვიცოდი, რომ ლუსია აუცილებლად მოგძებნიდა და შენთან დამალაპარაკებდა. ეს იყო გოგონა, რომელიც გვაკავშირებდა ერთმანეთთან და რომელიც ჩვენთან ერთად იზიარებდა ჩვენს სიხარულსაც და ტკივილსაც. მე მას არ ვიცნობდი, მხოლოდ ხმა იყო ჩემთვის ნაცნობი. ხმა, რომელსაც შენთან მოვყავდი. მისი სახე გვიან ვნახე, ცრემლებით დასიებული თვალებით… და მაშინ, როცა მას ჩვენი დაკავშირება უკვე აღარ შეეძლო…

სიმღერა «07» სწორედ ლუსიას მიუძღვენი:

ვერასდროს ვერ ვითმენ უშენო ღამეებს,

მე ვწერ და გარემო არ არის მშვიდი,

გადავწვდი ტელეფონს, ჩემს ბოლო იმედს,

ცახცახით ავკრიფე ციფრი ნულ-შვიდი…

დამალაპარაკეთ სამოცდათორმეტი!

გოგონა, გამარჯობა, ლუსია გქვია?

პარიზს შემაერთე! დაგელოდები,

უკვე ხაზზეა? რა პატივია!..

გოგონა საყვარელო! იქნებ არ გაგვთიშო!

გაგვიხანგრძლივე წუთები საამო,

შენ ახლა ჩვენი ანგელოზი ხარ,

რომელმაც გვაჩუქა ლამაზი საღამო…

გოგონა, საყვარელო! ერთხელაც დაურეკე,

მარტო მყოფს მგონია, კუბოში ვწევარ,

უკვე შეგვაერთე? ხმაც მესმის მისი!

სალამი, მარინა, ეს ისევ მე ვარ…

ლუსიამ დაიმსახურა ეს სიმღერა. ლუსიამ ჩვენგან სიყვარული დაიმსახურა!

8 8 8

1971 წლის ოქტომბრის დილაა. პარიზის კლინიკის ჰოლში ვდგავართ მე და ჩემი დები და ველოდებით. დედა ავადაა. დედა, ჩემი ცხოვრების ყველაზე ძვირფასი ადამიანი, სიმსივნითაა დაავადებული. მას ოპერაცია გაუკეთეს, სიმსივნე ამოკვეთეს. იგი წლების განმავლობაში მალავდა თავის სენს, რომ ზედმეტად არ შეეწუხებინა შვილები. ბოლოს ძლიერმა ტკივილებმა შეაწუხა და იძულებული გახდა, ფაქტის წინაშე დავეყენებინეთ. ჩვენ ვიცით, რომ დებთაგან ერთ-ერთს, ოდილსაც, ზუსტად ის დიაგნოზი დაუსვეს, რაც დედას. ამაზე ყველანი საშინლად ვწუხვართ.

განადგურებული ვართ. ქირურგები ჯერჯერობით არაფერს ამბობენ. ვხედავ, როგორ გამოჰყავთ დედა საოპერაციო ბლოკიდან…

შინ მიმავალი ვცდილობ, როგორმე დავიწყნარო აფორიაქებული გული. შეხვედრა მაქვს, მნიშვნელოვანი… რომ არ წავიდე, შეუძლებელია.

თავს ვიწესრიგებ, თმას ვივარცხნი, მაკიაჟს ვიკეთებ და გავრბივარ. საზოგადოების - «საფრანგეთი-სსრკ»-ის აქტივისტები შეხვედრას აწყობენ ლეონიდ ბრეჟნევთან.

მსახიობური დისციპლინა კვლავ მშველის. სსრკ-ის საელჩოში ისეთი სახით შევდივარ, თითქოს არაფერი ხდება, თითქოს სანერვიულო არ მაქვს, თითქოს დედა არ მიკვდება… ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ეს შეხვედრა, ამიტომაც ტკივილი არ უნდა შევიმჩნიო.

ცოტა ხანს სალონში გვალოდინებენ, შემდეგ კი დარბაზში გვეპატიჟებიან. საწერი მაგიდის წინ სკამებია ჩალაგებული.

შემოდის ბრეჟნევი. გვანიშნებენ, რომ დასხდომა შეგვიძლია. 15 ადამიანი ვართ - სხვადასხვა პოლიტიკური მრწამსის ქალები და მამაკაცები. დე გოლის მომხრეები, კომუნისტები, პროფკავშირების მუშაკები, დიპლომატები, სამხედროები, მწერლები… ყველანი - თავისუფალი ნების ადამიანები, რომელთაც ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობის დამყარება სურთ.

ვისმენთ ტრადიციულ გამოსვლას. ბრეჟნევს თავისუფლად უჭირავს თავი, ხუმრობს, პორტსიგარისკენ აპარებს ხელს, მაგრამ სიგარეტს არ იღებს და ამბობს, რომ მისთვის მოწევა არ შეიძლება. შემდეგ კვლავ აგრძელებს თავის სიტყვას ჩვენი ქვეყნების მჭიდრო მეგობრული ურთიერთობის შესახებ.

როლან ლარუა ყურში ჩამჩურჩულებს: «შეხედე, როგორ იყურება შენკენ, როცა ამ მეგობრობის მიზეზებზე იწყებს საუბარს»…

მართლაცდა, მეც ვგრძნობ ბრეჟნევის მრავლისმთქმელ მზერას, იგი აშკარა თანაგრძნობას მიცხადებს.

ვიცი, რომ მისთვის ცნობილია ჩვენი შეუღლების ამბავი.

მოგვიანებით, შეხვედრა რომ მთავრდება და შამპანურს ვწრუპავთ, ის ჩემთან მოდის და მიხსნის, რომ არაყი - ეს სულ სხვა საქმეა. იგი თავიდან მხოლოდ 50 გრამი უნდა დალიო, შემდეგ - 100 და თუ გაუძლებ, მერე უკვე - 150. აი, მაშინ იგრძნობ თურმე თავს კარგად. ვეუბნები, რომ მე ეს ბევრი მეჩვენება.

- მაშინ ჩაი უნდა დალიოთ, - ასკვნის ბრეჟნევი და ამ შეხვედრის სამახსოვროდ საჩუქრად ელექტროსამოვარს მიძღვნის, რომელსაც ორი ბოთლი არაყიც მოჰყვება. სანამ მას დავემშვიდობებით, სამახსოვრო ფოტოს ვიღებთ - ფრანგების ჯგუფი საბჭოთა თავკაცის გარშემო.

ამ ფოტოსურათმა ბევრად მეტი გააკეთა, ვიდრე ყველა იმ ძალისხმევამ, რომელიც კი ოდესმე გამომიყენებია ჩემი მეგობრებისა თუ პროფესიის დახმარებით. ამ სურათის ნამდვილი ფასი რომ გამეგო, საკმარისი გახდა მოსკოვში დაბრუნების შემდეგ დატრიალებული ეპიზოდი - შენი მშობლები როგორი სიამაყით უჩვენებდნენ გაზეთიდან ამოჭრილ ამ ფოტოსურათს ყველას, ვისთვისაც კი შესაძლებელი ხდებოდა მისი ჩვენება.

8 8 8

საღამოს კვლავ სასოწარკვეთილი ვბრუნდები შინ. დედა, ჩემი საუკეთესო მეგობარი, ჩემი ერთადერთი დამცველი, სიკვდილის პირასაა. მესმის, რომ სრულიად უადგილოა კომედია, რომელიც დღეს გავითამაშეთ საელჩოში, მაგრამ ისიც კარგად ვიცი, რომ უამისოდ შორს ვერ წავალ.

დედის სიკვდილი ჩემთვის იგივეა, საკუთარ გარდაცვალებას ვუცქირო სარკეში. ძალიან განვიცდი, მაგრამ ცხოვრება გრძელდება. ვიცი, რომ შენ და ჩემს შვილებს გჭირდებით. ვჭირდები ჩემს დებსაც. დღეიდან მე ყველა თქვენგანისთვის გრძელი ჯაჭვის ყველაზე ბოლო, შემაერთებელი რგოლი ვარ.

დედაჩემი, რომელიც შენ მხოლოდ რამდენიმე წუთით ნახე სამი წლის წინ სასტუმრო «სოვეტსკაიაში», სიკეთის, უსაფრთხოების, სითბოს განსახიერება იყო, ანუ იმ ყველაფრის, რაც შენ ასე გჭირდება.

მისმა ახალგაზრდობამ რევოლუციის ფონზე გაიარა - 1917 წელს იგი მხოლოდ 18 წლის იყო. ის პეტერბურგში გაიზარდა, სწავლობდა სმოლნის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტში. ის ერთ-ერთი იმათგანი იყო, ვინც ახალი იდეებით შეიარაღებულმა, აჯანყების დღეს წითელი ნაჭერი გამოფინა ფანჯარაში. შემდეგ მან თავისი თვალით იხილა, როგორ ძარცვავდნენ ქსოვილების მწარმოებელი ებრაელების სახლებს და მთელი ცხოვრება დაამახსოვრდა სხვადასხვა ფერის ნაჭრის ნარჩენები, ქუჩებში რომ იყო მოფენილი. ბოლოს მისი საყვარელი ქალბატონიც მოკლეს და ისიც, როგორც ბევრი მისი თანატოლი გოგონა, იძულებული გახდა, შეშინებული საზღვარგარეთ გაქცეულიყო.

უამრავი ტრაგიკული ეპიზოდის გადატანის შემდეგ დედა პარიზში აღმოჩნდა.

მას შენ უყვარდი. შენ აღმოჩნდი ჩემი ცხოვრებიდან ერთადერთი მამაკაცი, რომელიც მან გულით მიიღო. შენი ლექსები, სიმღერები, ხმა, შენი მუსიკა - აი, რით შეძელი მისი «მოსყიდვა». მას ხანდახან არ ესმოდა შენი ჟარგონული გამონათქვამების, თანამედროვე სიტყვების მნიშვნელობა, მაგრამ მაინც ხვდებოდა, რას ამბობდი და ხვდებოდა იმაზე მეტსაც, რასაც მისი თაობის ბევრი ქალი ვერ მიხვდებოდა.

ის ყოველდღე მიკითხავდა შენს წერილებს, რადგან მე ჯერ კიდევ ვერ ვფლობდი რუსულ ენას სათანადო დონეზე.

როცა ტელეფონით გელაპარაკე და შეგატყობინე, რომ დედა ხელოვნურ აპარატზეა მიერთებული და უნდა გადავწყვიტოთ, გამოვრთოთ აპარატი თუ დავიცადოთ, შენ მეუბნები იმას, რასაც ველოდი შენგან.

- თუკი წუთები დათვლილია, რისთვისღა აწვალებთ?

მე და ჩემი ერთი და თანახმანი ვართ. ხანგრძლივი კამათის შემდეგ დანარჩენებიც დავითანხმეთ.

ვღრიალებ ტელეფონში, შენ ჩემ გამხნევებას ცდილობ…

8 8 8

1972 წლის თებერვალში ყველა შესაძლო ვარიანტი გადაისინჯა. შესაძლებელია ჩემი მოსკოვში საბოლოოდ დარჩენა ბავშვებთან ერთად, მაგრამ… დედაჩემის სიკვდილის შემდეგ ყველაფერი რთულდება. ოჯახში ფული აღარაა, ჩემი სამუშაოც, რომელიც მიყვარს და რომელიც აუცილებლად უნდა გავაგრძელო, აქ არის, საფრანგეთში. ამასთან, ჩემი დები უჩემოდ ვერ იარსებებენ. გარდა ამისა, ბავშვებსაც არ უნდათ საფრანგეთიდან ასე შორს ცხოვრება, თანაც - სამუდამოდ…

მხოლოდ მას შემდეგ ვახერხებ მოსკოვში დაბრუნებას, როცა ჩვენი დიდი სახლიდან გადავდივართ, ბავშვებს პანსიონში მივაბარებ და გადაღებებს მოვრჩები. დედას სიკვდილმა მკვეთრად შეცვალა ჩვენი დიდი ოჯახის ცხოვრება.

შეიძლება ცოტა უცნაურიც კი ჩანდეს, მაგრამ სწორედ პარიზში გავაკეთე გადამწყვეტი განცხადება ჩემთვის ვიზის მონიჭების თაობაზე.

სსრკ-ის ელჩმა პარიზში, ბატონმა აბრასიმოვმა მიმიღო. პირდაპი ვუყვები მას ჩვენი ყველა პრობლემის შესახებ… შეულამაზებლად. ვუხსნი, რომ ტურისტული მგზავრობა ძვირი მიჯდება, თანაც წელიწადში რამდენჯერმე მიხდება მოსკოვში ჩაფრენა. არც ჩემი სამსახური მაძლევს ქვეყნიდან გრძელვადიანი გასვლის საშუალებას. გარდა ამისა, ჩემთვის უაზრობაა ფული სასტუმროებსა და კვებაში ვხარჯო მაშინ, როდესაც მოსკოვში მყავს კანონიერი მეუღლე, მაქვს ბინა და საჭმელ-სასმელიც - უფასოდ.

ელჩი ხელის მოძრაობით მაწყვეტინებს სიტყვას.

- საბჭოთა კავშირში ყველას ძალიან უყვარხართ. ვიცით, რომ თქვენ ჩვენი მეგობარი ხართ. ამიტომაც ყველაფერს ვაკეთებთ ამ ძმური ოჯახის შესაკავშირებლად. პირადად მე დიდი თაყვანისმცემელი გახლავართ თქვენი ნიჭის, თქვენი თამამი საქმიანობის მშვიდობისა და ჩვენი ქვეყნების მეგობრობის სასარგებლოდ. მითხარით, რას ფიქრობთ ფილმზე «აღიარება»?

მაკვირვებს ასეთი უცნაური გადასვლა სხვა თემაზე და იმ წუთას ვერ ვხვდები, რა უნდა ვუპასუხო. ბოლოს ფრთხილად ვამბობ, რომ წიგნი, რომლის მიხედვითაც ეს ფილმი გადაიღეს, საჭირო წიგნია, სიმართლით გაჯერებული და სტალინიზმის დანაშაულობები სამსაჯავროზე უნდა იქნას გამოტანილი.

დუმილი… აშკარაა, ელჩი სხვა პასუხს ელოდა…

და ვაღიარებ, რომ სწორედ ამ მომენტში ყველა და ყველაფერი განზე გავწიე, ყველას და ყველაფერს ხაზი გადავუსვი და შენ აგირჩიე. ბოლოს და ბოლოს, ჩემი ბრძოლა ადამიანის უფლებებისთვის, ეს ბრძოლაა შენი უფლებებისთვის. ამტომაც ვამბობ იმას, რისი მოსმენაც მას ჩემგან სურს.

- თვითონ ფილმმა შეიძლება ექსტრემისტული აზრები აღუძრას ადამიანს, მაგრამ ეს ხომ ფილმია, ის სხვანაირად აყალიბებს ხასიათებს, სხვანაირად გადმოსცემს მოსაზრებებს. ამიტომაც მოდის წიგნთან წინააღმდეგობაში. გამოდის, შენ მაგივრად სხვა ადამიანები ფიქრობენ. ამის გამო შეიძლება ფილმმა არასასურველი ეფექტი მოახდინოს, ვაღიარებ.

ელჩი იღიმის.

- მაქსიმალურად გავაკეთებ ყველაფერს, რომ ვიზის მიღებასთან დაკავშირებით პრობლემები არ შეგექმნათ.

ვწითლდები, უფრო იმის გამო, რომ არასასურველი სიტყვის თქმა არ მომიწია. ისინი ჩემგან მხოლოდ ერთ რამეს ითხოვდნენ - განდგომას მონტანისგან, სინიორესგან, კოსტა გავრასისგან, მაგრამ ისინი ხომ ჩემი მეგობრები არიან. არადა, მათი საწინააღმდეგო მხოლოდ იმიტომ უნდა მეთქვა, რომ მესიამოვნებინა ბატონი აბრასიმოვისთვის, რომელიც ვერ იტანდა ჩემი მეგობრების მსოფლმხედველობას. დღესაც არ ვიცი, რამ უფრო გაჭრა მაშინ - ჩემმა ბრეჟნევთან გულითადმა შეხვედრამ, კომუნისტური პარტიის წევრობამ და აქტივისტობამ თუ ჩემი მსახიობური ნიჭით აღფრთოვანებამ, მაგრამ ფაქტი ერთია - იმ დღიდან მოყოლებული, პრივილეგიები მომენიჭა და არც ერთხელ არ შემქმნია ვიზასთან დაკავშირებით პრობლემები.

70-ზე მეტი ვიზა გაიცა ჩემზე. ხშირ შემთხვევაში, იმ დღესვე, როცა კი განცხადებას დავწერდი. რაც შეეხება შენს ქვეყნიდან გასასვლელ ვიზას, ეს უფრო მეტ პრობლემასთან იყო დაკავშირებული. 6 წელი ველოდით, სანამ სითამამეს მოვიკრებდით და ამის თაობაზე შევიტანდით განცხადებას. ვფიქრობ, საკმარისზე მეტი მტკიცებულება მქონდა. ამ წლების განმავლობაში ჩემი უამრავი მეგობარი ჩამოვიდა მოსკოვიდან მეზონ-ლაფიტზე ჩემი რეკომენდაციით და შეუფერხებლად დაბრუნდა უკან, ერთხელაც არ შეუქმნიათ ჩემთვის პრობლემები, არავის თავში აზრადაც არ მოსვლია, საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ დასავლეთში დარჩენილიყო და საფრანგეთის მთავრობისთვის თავშესაფარი ეთხოვა. ისინი, უბრალოდ, მოგზაურობდნენ და ამით რჩებოდნენ კმაყოფილნი.

გაგრძელება იქნება