შეწყვეტილი ფრენა - თავი 4 - Marao

შეწყვეტილი ფრენა - თავი 4

2022-10-13 10:03:21+04:00


წინა თავი

ახალგაზრდა კაცი შემოგვეგება ზღურბლზე, გაოფლილია. არც ჩვენ ვართ უკეთეს დღეში. ქორწინების სასახლეში ისეთი გათბობაა ჩართული, სული შეეხუთება ადამიანს. უკვე გავიხადეთ პალტოები, მოვიხსენით კაშნეები, ლამისაა, ტანსაცმელიც მივაყოლოთ და გავშიშვლდეთ. მიუხედავად იმისა, რომ ხელის მოწერის დრო რამდენიმე დღის წინ დავნიშნეთ, ჩვენმა რიგმა არა და არ მოაღწია. კომიკური სიტუაცია იქმნება. ჩვენი მოწმეები არიან მაქს ლეონი და სევა აბდულოვი. მათ ყველა საქმე გადადეს, რომ ამ დღეს ჩვენ გვერდით ყოფილიყვნენ.

დილიდან ვიწყებ კერძების მომზადებას, მაგრამ არ გამომდის. ყველაფერი მეწვება ელექტროქურაზე. ასე მემართება, როცა ვჩქარობ. მეგობრის ბინაში ვართ. აქ საშინელი სივიწროვეა, დიდი-დიდი, 6 კაცი მოთავსდეს. ავეჯი გადავაადგილე, ყველაფერი კედელს მივადგი, რომ მეტი სივრცე გამოჩნდეს.

ქორწინების სახლის თანამშრომელ ქალს წინა დღეებშივე სთხოვ, ჩვენი ხელის მოწერის ცერემონიალი გაიმართოს არა დიდ დარბაზში, მუსიკისა და ფოტოგრაფის თანხლებით, არამედ პატარა კაბინეტში. ვერც კი წარმოვიდგენდით, თუ ქალი წინააღმდეგობას არ გაგვიწევდა. პირიქით, გაუხარდა. იმიტომ კი არა, რომ ჩვენ ცნობილი ადამიანები ვართ, ამასთან - მე უცხოელი და ეს შეუქმნის უხერხულობას, მხოლოდ იმიტომ, რომ «უწესო» სიტუაცია იქმნება - ეს ჩვენთვის ორივესთვის მესამე ქორწინებაა, ჩვენ ორივეს ერთად 5 შვილი გვყავს. რა ბედნიერებაა, რომ საქორწინო მარშის დაკვრა არ მოუწევთ! ამიტომაც არ ვართ გამოპრანჭულები.

დილით ადრე გახვედი სახლიდან. მითხარი, რომ სიურპრიზს მიმზადებ. ამის გამო ლიუბიმოვს სთხოვე, სპექტაკლი გადადოს, რომელშიც შენ თამაშობ. უკან კმაყოფილი სახით ბრუნდები, ჯიბეებზე იტყაპუნებ ხელებს და ჩურჩულებ: «ყველაფერი რიგზეა».

8 8 8

ტაქსის მძღოლი მთელი გზა გვლოცავს. თან უხარია, რომ მისი მანქანით მივდივართ ხელის მოსაწერად. ეს დღე მისთვის დაუვიწყარი იქნება. მძღოლი იმდენს ლაპარაკობს, რომ ყურადღება ეფანტება და რამდენჯერმე კინაღამ შეეჯახა შემხვედრ მანქანას. ვგრძნობ, რომ ეს დღე შეიძლება უკანასკნელი აღმოჩნდეს ჩვენთვის.

როგორც იქნა, მშვიდობიანად მივედით ქორწინების სასახლემდე. ახალგაზრდა კაცი, რომელიც შემოგვეგება, ახლა წინ მიგვიძღვის. ჩავდივართ სადღაც სარდაფში თუ ქვესკნელში, სადაც უცნაური სუნი ტრიალებს. ბოლოს შევდივართ კაბინეტში, იქ შეცბუნებული სევა და მაქსი გველოდებიან.

ჩვენც ვიცდით. ზემოდან გვესმის მენდელსონის მარშის ხმა, აპლოდისმენტები, სიცილი, ფოტოგრაფის შეძახილი: «აბა, გაიღიმეთ!» უკვე მეექვსედ გვესმის ერთი და იგივე. ჩვენ კი ვსხედვართ ამ ჯურღმულში და ველოდებით.

ბოლოს ერთი მსუქანი ქალი მოვიდა. მისთვის ეს დღე სულაც არ არის განსაკუთრებული და არაჩვეულებრივი, მისთვის ეს ჩვეულებრივი სამუშაო დღეა, კონვეიერივით ასრულებს თავის მოვალეობას.

ოთხივე სავარძლებში ვსხდებით მსუქანი ქალის წინ, რომელიც ჩვენზე უარესადაა გაოფლილი. მე და შენ სტუდენტებს ვგავართ, რომლებიც ყურადღებით ისმენენ ლექციას. ქალი ქადაგად დავარდა. შეგონებები, შეგონებები. თურმე, რადგან ეს ჩვენთვის მესამე ქორწინებაა და ორივეს ერთად 5 შვილი გვყავს, თანაც ბიჭები, მეტი სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ ოჯახს. რადგან შვილები ბიჭები არიან და არა გოგონები, ამან შეიძლება ურთიერთობა გაართულოს. თურმე, ნუ იტყვით, გოგონებთან უფრო ადვილი ყოფილა კონტაქტის დამყარება. იმდენ ხანს გრძელდება ქალის მონოლოგი, ლამისაა, ორივემ უარი განვაცხადოთ დაქორწინებაზე და ჩვენ-ჩვენი გზით გავიქცეთ. ნამდვილად ხართ დარწმუნებული თქვენს გრძნობებში? გააზრებული გაქვთ, როგორ საპასუხისმგებლო ნაბიჯს დგამთ? იმედია, ამჯერად ყველაფერი ნაფიქრი გაქვთ და შეცდომას აღარ დაუშვებთ…

თან მეცინება, თან ტირილი მინდება, მაგრამ ვხედავ, რომ აგერ-აგერ აფეთქდები და ამიტომაც ვცდილობ, მშვიდად ვიყო. როგორც იქნა, ცერემონია დამთავრდა, ხელი მოვაწერეთ და გამოვდივართ. ხელში ისე გიჭირავს ქორწინების მოწმობა, თითქოს ახლახან ნაყიდი თეატრის ბილეთი იყოს, რომელიც გრძელ რიგში მდგომს გერგო.

მორჩა. დავქორწინდით, ცოლ-ქმარი ვართ. ბოლოს და ბოლოს, მშვიდდები.

გარეთ გამოსულებს მოულოდნელად მეუბნები - დღევანდელი დღის აღნიშვნის დრო არ არის! გაოგნებულს თვალები მიფართოვდება.

- ვლად! რას ამბობ! - ვცდილობ, გავაპროტესტო.

- დრო არ გვაქვს! ჩვენ ოდესაში მივდივართ! - მაწყვეტინებ წინადადებას.

რამდენიმე საათის შემდეგ უკვე თბომავალ «საქართველოს» ბორტზე ვიმყოფებით. სწორედ ეს არის სიურპრიზი. ნამდვილი საქორწინო მოგზაურობა ნამდვილ გემზე საქორწინო მარშის გარეშე.

8 8 8

სუნთქვა მეკვრის, როცა კიბეზე ჩამოვდივარ. უკვე ოდესის პორტში ვართ. ჰაერში განსაკუთრებული სურნელი ტრიალებს - მაზუთის, ახალი თევზის და საღებავის. ხმებიც ისმის. თვალდახუჭულიც კი მიხვდები, რომ დიდ პორტში ხარ. ორივეს გვიხარია. თუნდაც საერთოდ არ გავცდეთ შავ ზღვას, ეს განსაკუთრებით შენთვისაა თავისუფლების ძალიან დიდი ყლუპი. გარდა ამისა, გიყვარს მეზღვაურები და ისინიც სიყვარულზე სიყვარულით გპასუხობენ. სადაც უნდა იყო, ყველგან სიხარულით გიღებენ, ყველაზე კარგ კაიუტას გთავაზობენ, გეპატიჟებიან ნაპირზე, აწყობენ დღესასწაულს. ყოველთვის ასე ხდება, როცა ჩვენს მეგობრებს ვხვდებით, შორეული ნაოსნობის კაპიტნებს - ფელიქს დაშკოვს და საშა ნაზარენკოს. ბევრი ფიქრობს, რომ ერთ დროს შენც მეზღვაური იყავი - ისე კარგად ჰყვები ხოლმე მათ სიხარულსა და ტკივილზე. შენ ყველასთვის ახლობელი ხარ, ერთი იმათგანი, «მათიანი», როგორც რუსებმა იციან თქმა.

ტრაპთან ტოლია გარაგულია გვხვდება. მკაცრი გამომეტყველება, თითქოს ქვისგან გამოთლილი სახე აქვს, თუმცა მომნუსხველი ღიმილი.

ის შერეულ ეკიპაჟს მეთაურობს. მისით მამაკაცები აღფრთოვანებულები არიან, ქალები - შეყვარებულები. გემი, რომელსაც მეთაურობს, ნამდვილი ხომალდია. იგი ომის დროს ჩაიგდეს რუსებმა ხელთ და შემდეგ განაახლეს. კაიუტები და სალონები დიდი ფუფუნებითაა მოწყობილი. «საქართველო» მთლიანად ხალიჩებითაა მოფენილი, გრავიურებით და ფერწერული ტილოებით. მიუხედავად იმისა, რომ ათეული წლები გავიდა, ეს გერმანული ხომალდი საერთოდ არ დაძველებულა. განსაკუთრებით საოცარია სამეფო კაიუტა, რომელიც დიდ ოთახს ჰგავს. კედლებზე ცისფერი ხავერდია გადაჭიმული. ირგვლივ სულ სარკეებითაა კედლები მოჭედილი. ერთ სარკეში მეორე ირეკლება, რაც სივრცეს კიდევ უფრო დიდს აჩენს. სააბაზანოში ფაიფურის ორი ნიჟარაა, სპილენძის ონკანებით.

აღფრთოვანებულები ვათვალიერებთ ჩვენს სამფლობელოს. ტოლიამ ყველაფერი ბრწყინვალედ მოაწყო: ყველგან ყვავილებია კაიუტაში, მაგიდაზე ხილით სავსე ვაზა დგას, ნამცხვრები და ქართული ღვინო. აღარ ვიცით, საიდან დავიწყოთ და ბედნიერებისგან თავბრუდახვეულებს ყველა წვრილმანი გვახარებს. რა თქმა უნდა, ჩემთვის თითქოს არ უნდა იყოს უცხო ასეთი ფუფუნება, სასახლეებშიც კი ვყოფილვარ, მაგრამ არ ვაჭარბებ - აქაური ბრწყინვალება მაბრმავებს.

შენ საწოლის გადასაფარებელს ნაზად ეხები, შემდეგ კომოდის ყველა უჯრას სათითაოდ აღებ. გვიხარია და ვიცინით.

გემს ვათვალიერებთ. განსაკუთრებით სამანქანო განყოფილება მოგვწონს. მექანიკოსები გახარებულები და ცოტათი დაბნეულები გვხვდებიან. ხელს გვართმევენ. შემდეგ ტოლიას თავის პირად სასადილოში მივყავართ. აქ ჩვენთვის განსაკუთრებული კერძია მომზადებული, რომლის რეცეპტი მხოლოდ მეზღვაურებმა იციან: უმი თევზის, კიბორჩხალისა და ხიზილალისგანაა მომზადებული. ისეთი გემრიელია, პირში დნება.

ვახშმის შემდეგ ზღვის ჰაერს ვყლაპავთ. ვუყურებთ ვარსკვლავებს და ვუღიმით ღამეს. შენი ხელი ჩემსას ეძებს…

8 8 8

სოხუმში კაპიტანი ჩებურეკებითა და თურქული ყავით გვიმასპინძლდება, რომელიც ცხელ ქვიშაშია მოდუღებული. შემდეგ თავის ახლობელთან მივყავართ სტუმრად, რომელსაც უზარმაზარი სახლი აქვს. როგორც კი იგი იგებს, ვინც ვართ, ზღაპრულ სუფრას შლის. მწვადის სურნელით იჟღინთება ჰაერი. მასპინძელი ამაყად გვეუბნება:

- მე ქართველი ვარ!

შემდეგ დაჯღანული გაიშვერს თითს გვერდზე მდგომისკენ და აგრძელებს.

- ეს კი სომეხია, მაგრამ ხომ ხედავთ, რა კარგად ვეწყობით ერთმანეთს, - ამ სიტყვებით მხარზე მაგრად დაჰკრავს მამაკაცს ხელს და დაამატებს, - ჰო, გადასარევად ვეწყობით. ის ყოველთვის წვავს ჩემთვის ხორცს.

ექსპლოატირებული მეზობელი უხერხულად იღიმის.

ხმაურიანი სახლის დატოვების შემდეგ ხელიხელჩაკიდებულები პორტში ვბრუნდებით. შორიდან გემი უფრო ლამაზი მოჩანს. ტოლია მოულოდნელად შეჩერდება, ორივეს მხარზე მოგვხვევს ხელს და სევდიანი ხმით გვეუბნება:

- კარგად შეხედეთ ჩემს მზეთუნახავს. წამოსვლისას აღარ გითხარით. ეს მისი უკანასკნელი რეისია. როგორც კი ოდესაში ჩავალთ, მას ჯართში ჩააბარებენ. მისი ფოლადის ნარჩენებისგან მილიონობით საპარს საშუალებას დაამზადებენ.

ძალიან შევწუხდით. უხმოდ ვაგრძელებთ გზას.

- არა უშავს, გაისად ახალი «საქართველო» გვეყოლება, უფრო ლამაზი, - ამბობს და ვხვდები, რომ კაპიტანს თავად არ სჯერა თავისი ნათქვამის.

8 8 8

ეს მოგზაურობა დაუვიწყარი ხდება ჩვენთვის. სად არ ვყოფილვართ მას შემდეგ, რამდენი გემით გვიმოგზაურია, ყველგან მეფურად გვხვდებოდნენ, გვიმასპინძლდებოდნენ, მაგრამ ასე კარგად არასდროს გვიგრძნია თავი. შეიძლება იმიტომ, რომ ეს ჩვენი პირველი მოგზაურობა იყო, თანაც - საქორწინო…

8 8 8

ჩვენს დაქორწინებას ძველ თბილისში აღვნიშნავთ. ნამდვილ ძველებურ ქორწილს გვიხდიან ქართველები. დიდ დარბაზში შავსამოსიანი ქალები ფუსფუსებენ. ყველანაირი ქართული კერძი დევს მაგიდაზე, თანაც ვერცხლის ლანგრებზე. სუფრა ძვირფასი ჭურჭლითაა გაწყობილი თავიდან ბოლომდე. რას არ ნახავთ აქ, ქორფა მწვანილები თაიგულივით გაუწყვიათ ქალებს, ნივრის მწნილიც კი შევამჩნიე. ლობიო, საცივი… გარეთ კი მწვადი იწვება.

8 8 8

ჩვენ სუფრის თავში ვსხედვართ, თეთრები გვაცვია და ერთმანეთის ხელი გვიჭირავს.

სუფრის წევრები მამაკაცები არიან. ქალები დარბიან, სუფრას კერძებს ამატებენ, შემდეგ კი გულხელდაკრეფილები შორიახლოს დგებიან და თვალს გვადევნებენ. თამადა პირველ სადღეგრძელოს ამბობს.

- დაე, იმ მუხისგან გამოთალონ თქვენი სასახლე, რომელსაც ჩვენ დღეს დავრგავთ აქ, თქვენი ქორწილის დღეს.

ყველა ჯიხვის რქით სვამს სასმელს, რომელსაც ყანწს ეძახიან. მე თავიდან, სანამ გავიგებდი, საქონლის რქა მეგონა. ასეთი სასმისი ჩვენთან არ იციან, არც სადმე მინახავს სხვაგან. ძველი ბროლის ჭიქები მხოლოდ წყლისთვის დგას მაგიდაზე. ყანწში მეოთხედი ლიტრი ღვინო ჩადის. რადგან მისი დადგმა არ შეიძლება, ამიტომ ბოლომდე უნდა დალიო. ამჯერად უნდა დაგემორჩილო, მეც ვსვამ და სხვა გზა არ არის, შენც გიწევს დალევა. ბოლომდე ცლი სასმისს და იქვე, შენ უკან მდგომ ახალგაზრდა მამაკაცს აწოდებ. დაცლილ ყანწს იგი ლანგარზე დებს, რომელიც ვიღაც ქალს უჭირავს.

პირველს მეორე სადღეგრძელო ცვლის.

- დაე, თქვენმა შვილთაშვილებმა გადამყიდველებთანაც კი ვერ შეიძინონ თქვენს სპექტაკლებზე დასასწრები ბილეთი.

ახლა უფრო დიდი ყანწები მოაქვთ. ვცდილობ, ყველა დავლიო, მაგრამ არ შემიძლია და მეც ჩემ უკან მდგომ ბიჭს ვაწოდებ ამ უცნაურ სასმისს. სტუმრები, ტრადიციისამებრ, ბოლომდე სვამენ და არავინ დგება სუფრიდან.

საოცარი მასპინძლობა იციან საქართველოში, სადღეგრძელოებს ბოლო არ უჩანს.

შენ ხედავ, რამდენის დალევა შეუძლიათ ადამიანებს, თან ისე, რომ ღირსება არ დაკარგონ. მოგვიანებით დავითვალეთ და გამოვიდა, რომ თითოეულმა დაახლოებით 10 ლიტრი ღვინო მაინც დალია.

გვიან ღამით მოუხერხებლად წამოედე მაგიდას და ააყირავე. ძვირფასი ჭურჭელი ძირს ცვივა და იმსხვრევა. სირცხვილისგან არ ვიცით, სად დავიმალოთ. ბოდიშს ვუხდით მასპინძელს. ის კი, საპასუხო ჟესტს აკეთებს - გადარჩენილ ჭურჭელს ერთიანად მოუსვამს ხელს, ძირს ყრის და ამსხვრევს. შემდეგ მეფესავით იძლევა ბრძანებას და სუფრა თავიდან იშლება. სამზარეულოდან გამოაქვთ და გამოაქვთ საჭმელი, ნამცხვრები. ნამსხვრევები სასწრაფოდ აკრიფეს ქალებმა. თამადა ამბობს:

- ძალიანაც კარგი. დავიწყოთ თავიდან!

და გრძელდება ქეიფი. დარბაზში მხიარულება და ხმაური ისმის. უეცრად ერთი სტუმარი ხმამაღლა აცხადებს:

- ჩვენი დიდი სტალინის სადღეგრძელო არ უნდა დავლიოთ?

სუფრაზე უსიამოვნო სიჩუმე ჩამოწვება. ქართველი ინტელიგენცია სერიოზულად დააზარალა სტალინის რეჟიმმა და თუკი სტუმართაგან მას ვინმე ჯერ კიდევ თაყვანს სცემს, მას მასპინძელი, ისევე, როგორც ჩვენ, ნამდვილ ბოროტმოქმედად მივიჩნევთ.

ხელს ხელზე გახებ და გთხოვ, სკანდალი არ მოაწყო.

გაფითრებული სახით მიაჩერდები ამის წარმომთქმელს. ოჯახის უფროსი ყანწს შეივსებს, სადღეგრძელოს გარეშე მოიყუდებს მას და ბოლომდე გამოცლის. მის ამ ჟესტს ვიღაცის მჭექარე ხმა მოჰყვება, რომელიც სიმღერას იწყებს. მას მთელი დარბაზი აჰყვება. გაისმის მრავალხმიანი ქართული სიმღერა, ტკბილი, ვაჟკაცური და მებრძოლი სულისკვეთების ერთდროულად. ამ სიმღერით თითქოს პროტესტი გამოითქმის ტირანის მისამართით.

ამ ადამიანების წყალობით, შემთხვევით სტუმარს არ გამოსდის ჩვენი დღესასწაულის გაფუჭება.

ამასობაში გათენდა. გარეთ მამლის ყივილი ისმის.

ყველაზე განსაცვიფრებელი საჩუქარი წინ გველოდება. შევაღებთ თუ არა ჩვენი ოთახის კარს, ვხედავთ - ხალიჩაგაფენილი იატაკი სხვადასხვა ხილითაა მორთული, საწოლზე კი მდიდრული შალია გადაფარებული, რომელსაც ორი სიტყვა აწერია: «სერგეი ფარაჯანოვი». სერიოჟამ, რომელიც ორივეს ძალიან გვიყვარს, ჩვენთვის ასეთი სიურრეალისტური გარემო მოიფიქრა. ვცდილობთ, ფეხი არ დავადგათ, ხილი არ გავჭყლიტოთ და ისე მივაღწიოთ საწოლამდე. ძალაგამოცლილი ვეყრებით ლოგინზე და მაშინვე ვიძინებთ.

8 8 8

ერთ დღეს თბილისის ქუჩებში ვსეირნობთ და ერთი მეგობარი მაღალფანჯრიან სახლზე მიგვითითებს.

- აქ ცხოვრობს მხატვარი ლადო გუდიაშვილი - მოდილიანის, მატისის, დელონეს მეგობარი. 20-იან წლებში იგი პარიზში ცხოვრობდა.

მამაჩემი მახსენდება, რომელსაც ბრძენ ვლადიმირს ეძახდნენ და გიჩურჩულებ, რომ მას აუცილებლად ეცოდინებოდა ლადო გუდიაშვილი. მამა სწორედ იმ ადამიანების წრეში ტრიალებდა, ვისთანაც ქართველი მხატვარი მეგობრობდა.

შენ ჩუმად ისმენ ამ ყველაფერს და მოულოდნელად მთავაზობ, შევიდეთ ამ სახლში. მომწონს შენი გადაწყვეტილება და ზარს ვრეკავ.

ძალიან მოხუცი ქალი გვიღებს კარს და გვეკითხება: «ვინ გნებავთ?» ჩვენ ვუხსნით მისვლის მიზეზს. ის დაცდას გვთხოვს. ცოტა ხანში მობრუნდება და გვეუბნება, რომ მაესტრო საღამოს, რვა საათის შემდეგ მიგვიღებს.

დანიშნულ დროს კვლავ მივდივართ. მოხუც ქალს ოთახიდან დიდ დარბაზში გავყავართ. კედლები ნახატებითაა მოფენილი. შუაგულში დიდი მაგიდა დგას გაშლილი სუფრით - კერძები, ღვინო, ყვავილები… როგორც ჩანს, მასპინძელი დიდი ბანკეტისთვის ემზადება.

უეცრად იღება შუაკარი და ვხედავთ, მოდის ძალიან ლამაზი სახის შუახნის მამაკაცი, ჭაღარა თმით, მბრწყინავი თვალებით. ის ჩვენკენ გაშლილი ხელებით მოემართება.

- არ შემეძლო ისე მოვმკვდარიყავი, რომ ვლადიმირის ქალიშვილი არ ჩამეკრა გულში. ღმერთს მადლობა, რომ მოხვედი, შვილო, - ამ სიტყვებით იგი ახალგაზრდული სიძლიერით მიკრავს მკერდში.

შემდეგ სუფრასთან გვეპატიჟება, რომელიც თურმე სპეციალურად ჩვენ პატივსაცემადაა გაშლილი და ითხოვს, მოუტანონ ფოტოსურათები, რომლებიც ჯერ კიდევ სველია. მასპინძელმა იგი სპეციალურად ჩემთვის იმ დღესვე გაამჟღავნებინა თურმე. აცახცახებული ხელებით მიმითითებს იგი ერთ ფოტოზე გამოსახულ ორ მამაკაცზე. მათ ერთმანეთისთვის ხელი გადაუხვევიათ და ღიმილით იყურებიან ფოტოობიექტივში. მაშინვე ვცნობ მამას და ლადოს ყველაზე ცნობილი მხატვრების გარემოცვაში.

ლადო გუდიაშვილი მოყოლას იწყებს. შენ მოჯადოებულივით უსმენ მას. კოსტიუმირებული მეჯლისები, მხატვრების სახელოსნოებში შეკრებები, ღარიბი მეგობრები, მოდილიანი, სუტინი… უამრავი უცხოელი, რომლებიც მონპარნასის ბულვარის ახლოს ცხოვრობენ და ყოველ საღამოს რესტორან «კუპელში» იკრიბებიან…

ქართული ტრადიციის მიხედვით, ქეიფი გვიან ღამემდე გრძელდება. მოხუცი მოსამსახურე ქალი ჩვენ უკან დგას და ხან კერძებს ამატებს სუფრას, ხანაც თეფშებს გვიცვლის. უკვე ბნელა, ამიტომ კერასინიანი ლამპები მოაქვთ და მათი შუქი ჩვენს თვალებში ირეკლება. ახლა შენ ჰყვები, როგორ მუშაობდი «ჰამლეტზე», პასტერნაკის თარგმანზე.

ლადომ ორივეს ხელი ჩაგვჭიდა და პატარა სალონში გაგვიყვანა. პიანინოს თავზე პოეტის დიდი ფოტოსურათი შევნიშნე, ვერცხლით მოოჭვილ ჩარჩოში, მაგიდაზე კი წერილია, რომელიც მისი ხელითაა დაწერილი, მისი წიგნი, ლექსები კი ბუფეტის ვიტრინაშია გამოფენილი. მათ გვერდით კონიაკით სავსე ჭიქა დგას, რომელსაც თავზე ლამბაქი ახურავს.

- ეს ბოლო ჭიქაა, რომელიც პასტერნაკმა დალია. ჩვენ მას ვინახავთ და ყოველდღე ვავსებთ მისი ხსოვნის პატივსაცემად.

უკვე გვიანაა. მხატვარი გვაცილებს. კიდევ ერთხელ მძლავრად ჩამიკრავს მკერდში. გული მიჩუყდება. ვიცი, რომ ვეღარასდროს ვნახავ მას. მოვდივარ და გულში ვიხუტებ მის ნაჩუქარ ფოტოსურათს, რომელზეც მამაჩემი და თვითონ არიან აღბეჭდილნი, ლამაზები და ახალგაზრდები, ხალისით რომ უღიმიან ცხოვრებას.

გაგრძელება იქნება