თუ თქვენ მუდმივად შიმშილის გრძნობა გაწუხებთ, ეს ნორმალური არ არის და პრობლემა უფრო ღრმად უნდა ეძებოთ. გადატვირთული გრაფიკის პირობებში, ადამიანები ვერ ახერხებენ სათანადოდ კვებას, საჭირო ნივთიერებების მიღებას, რაც არაერთ პრობლემას იწვევს. ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე მიზეზს, რატომაც შესაძლოა, რომ მუდმივად გაწუხებდეთ შიმშილის გრძნობა:
თქვენ არ იკვებებით საკმარისად
თუ მუდმივად შიმშილის გრძნობა გაწუხებთ, შესაძლოა, თქვენ არასათანადოდ საუზმობთ ან ლანჩზე და სადილზე ამბობთ უარს. მნიშვნელოვანია, რომ პრიორიტეტად ვაქციოთ კონკრეტული დროების მიხედვით კვება. კვლევებით დასტურდება, რომ საუზმის გამოტოვება შაქრის მიღების სურვილს ზრდის. შესაბამისად, საუზმე ამცირებს იმპულსურად, დაუფიქრებლად წახემსების სურვილს. თუ გავიწყდებათ კონკრეტულ დროს საკვების მიღება, ჩაინიშნეთ დროები თქვენს მობილურში და დააყენეთ მაღვიძარა, რომელიც შეგახსენებთ, რომ კვების დრო მოვიდა.
თქვენ არ გძინავთ საკმარისად
ძილის ნაკლებობამ შეიძლება ხელი შეუშალოს მადის მარეგულირებელი ჰორმონების გამოყოფას, რაც, საბოლოოდ, ზრდის შიმშილის შეგრძნებას. იმისთვის, რომ თავიდან აირიდოთ ეს დისკომფორტი, აკონტროლეთ ძილის რეჟიმი. ეცადეთ, დაიძინოთ ერთსა და იმავე დროს და ძილის ციკლი შეადგენდეს 7-8 საათს.
თქვენ არ სვამთ საკმარისი რაოდენობის წყალს
დეჰიდრატაცია ხშირად ჰგავს შიმშილის შეგრძნებას. გგონიათ, რომ გშიათ, თუმცა სინამდვილეში წყალი გჭირდებათ. ეს იმიტომ ხდება, რომ ძლიერი წყურვილის დროს თქვენს ტვინს, ჰიპოთალამუსს, ანუ თავის ტვინის იმ ნაწილს, რომელიც არეგულირებს შიმშილსა და წყურვილს, უგზავნის არასწორ ინფორმაციას, რაც გაიძულებთ იფიქროთ, რომ გსურთ საჭმლის მიღება, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ მხოლოდ ერთი ჭიქა წყალი გჭირდებათ.
რჩევები:
- ყველა კვებაში დაამატეთ ცილა;
- გამოიყენეთ ჯანსაღი ცხიმი ზომიერად;
- ჩაანაცვლეთ თეთრი პური მთელმარცვლიანი პურით;
- დაუმატეთ კვების რაციონს ხემსი;
- მიიღეთ თქვენი სხეულის მასის შესაფერისი რაოდენობის წყალი დღეში;
- დაუმატეთ რაციონს ხილი და ბოსტნეული
მოამზადა მარიამ ფერაძემ