- უკვე მიდიხარ?
ნეილი შეყოვნდა.
- მოხვედი? ბავშვთან არ წახვედი?
- რა ბავშვთან, ვერ ხედავ, დაიქცა ქვეყანა. ამ წვიმაში სად წამეყვანა. გამიცუდდა დღევანდელი დღე. იმანაც იტირა, რომ ვუთხარი, ვერ წაგიყვან-მეთქი.
- არა უშავს, გამოიდარებს და მერე წაიყვან.
- ჰო, მაგრამ ესმის? იშვიათად რომ მხედავს, სულ ვენატრები. მეცოდება. სიკვდილი და არგადარჩენა ჩემს ქმარს, ამ დღეში რომ ჩაგვაგდო!
- კარგი, წავედი, - დაღლილი ხმით წარმოთქვა ნეილმა, - უკვე ვაგვიანებ, ტაქსი უნდა გავაჩერო.
- მოიცა, რა ტაქსი, მე გაგიყვან, გაილუმპები, ისე ასხამს. თუ ტაქსით აპირებდი, გამოგეძახებინა! - ლიზიმ ლაბადა აღარ გაიხადა, - ახლავე გამოვალ, - თქვა და საძინებელში შევიდა.
ნეილს შერცხვა ეღიარებინა, რომ არ იცოდა, ტაქსი როგორ გამოეძახებინა. რამდენჯერაც დააპირა, იმდენჯერ გადაავიწყდა აპლიკაციის გადმოწერა. მერე ისე წარიმართა მისი ოჯახის საქმეები, ამისთვის ვის ეცალა, თან სად ჰქონდა ტაქსის ფული. ბოლოს მანქანა იყიდა და ეგონა, ტაქსი აღარასდროს დასჭირდებოდა. თურმე სადა ხარ!
- არ მინდოდა შენი შეწუხება, - გასძახა მეგობარს.
- დაიკიდე! - მიუგო ოთახიდან გამოსულმა ლიზამ, ღია ფეხსაცმელი გაიხადა და შუზის ჩაცმას შეუდგა.
- ლიიზ! უმაგრესი გოგო ხარ! - გულაჩუყებულმა ნეილმა ლოყაზე აკოცა.
- ვიცი, - გაუღიმა ლიზამ და კარი გააღო.
გოგოები ხან ლიზის ეძახდნენ, ხან ლიზას, ხან ლიიზს, რაზეც ამ უკანასკნელს რეაქცია არ ჰქონდა. მისთვის სულერთი იყო, რა ფორმით გამოიყენებდნენ თავისი დაქალები მის სახელს, რადგან თვითონ ამაყად გამოაცხადებდა ხოლმე, ჩემი სახელია ელიზავეტა და თქვენ აწი რაც გაგიხარდებათ, ის დამიძახეთო.
- ძაან მაშფოთებს ნიაკოს მდგომარეობა, - წამოიწყო ლიზიმ გზაში, - საშინლადაა გაღიზიანებული. იმ ბიჭმა ხომ მთლად გადარია. ნეტავ წამომყვებოდეს ნევროპათოლოგთან, დამამაშვიდებელს მაინც გამოუწერდა.
- ისე, არ აწყენდა. სულ გარეკა ბოლო დროს. იქნებ დავითანხმოთ?
- მთავარია, ლიკამ არ შეუკიკინოს. იმის ნათქვამზე არაფრით არ იზამს. სულ საპირისპიროს აკეთებს ხოლმე. მოდი, ერთხელაც მე და შენ ვთხოვოთ, შეიძლება უარი არ გვითხრას.
- ოკ. რა პრობლემაა, - სიამოვნებით დაეთანხმა ნეილი.
- მგონი, ეს სახლია, არა? ვაა! ცხოვრობს რა ხალხი! ნახე, რა სასახლე წამოუჭიმავს! ბედნიერი კაცი! - აღტაცება ვერ დამალა ლიზამ, როცა ნეილი დათქმულ მისამართზე მიიყვანა.
- მადლობა, რომ მომიყვანე. - ნეილმა ქოლგა გაშალა და მანქანიდან გადავიდა.
- შემოგყვე?
- არა, არ ღირს. გგონია, მეშინია? - გაეცინა ნეილს, თუმცა საშინლად ნერვიულობდა.
- მაშინ დაგელოდები.
- მერიდება შენი, ისედაც შეგაწუხე.
- გოგო, ნუ ხარ ასეთი ხათრიანი, ვაა! - გაბრაზდა ლიზა.
- მაპატიე, - იუხერხულა ნეილმა, - ვეცდები, მალე გამოვიდე.
- ჩემ გამო ნუ იჩქარებ, არსად მაგვიანდება.
ნეილმა სახლს გახედა, მერე მხრებში გაიმართა და ეზოში შევიდა. ირგვლივ არავინ ჩანდა. ან კი ვინ დადგებოდა ამ წვიმაში გარეთ! შესასვლელის რკინის შავ კარს მიუახლოვდა, რომელსაც ოქროსფერი სახელური ამშვენებდა. კარი მაშინვე გაიღო და ვიღაც შავფორმიანი ახმახი გამოვიდა. მიხვდა, რომ ბიზნესმენის დაცვა იქნებოდა. სათქმელს ძლივს მოუყარა თავი. უთხრა, ვინ იყო და რისთვისაც მოვიდა.
- ა, გასაგებია, - შეუვალი სახით წარმოთქვა "დაცვამ", გაღიმება არც უცდია, - ბატონი საიმონი გელოდებათ.
აჰაა. აქ თურმე საიმონს ეძახიან! ჰო, სავიზიტო ბარათზეც ორი სახელი ეწერა. ვითომ უტყდება, სიმონი რომ ჰქვია?
ქოლგა დაკეცა და კარს გარედან მიაყუდა. მერე დაცვის ბიჭმა მეორე სართულზე აიყვანა და იმ კარამდე მიაცილა, რომლის მიღმაც ჩიხლაძე ელოდებოდა და გატრიალდა. ნეილმა დააკაკუნა.
- შემოდი! - გაისმა სიღრმიდან უსიამოვნოდ მკაცრი ბარიტონი.
გოგონამ შიში ვერ დაძლია. სანამ კარს გააღებდა, იგრძნო, შინაგანად როგორ ცახცახებდა. თანაც, მთელი დღე არაფერი უჭამია და გულის რევის შეგრძნება არ შორდებოდა. ნეტავ დროზე გააღწიოს აქედან!
ნერწყვი გადააგორა, მხრებში კვლავ გაიმართა და კარი შეაღო. თითქოს ჩასაფრებული იყოო, იმწამსვე წინ აესვეტა მაღალი, შავთმიანი, ჭროღათვალება მამაკაცი, რომელიც ოცდაათის ან ცოტა მეტის იქნებოდა.
არც სიმპათიური ეთქმოდა და არც უსიმპათიო, მაგრამ თვალები იმდენად უცხო ჰქონდა, ადვილად მიიქცევდა ქალის ყურადღებას. ნეილს, ისევე, როგორც ნიას, ქერა თმა და ცისფერი თვალები ჰქონდა. სიმაღლითაც დაახლოებით ერთნაირები იყვნენ, გარეგნობით არც ნია იყო ურიგო გოგო. თანაც, როცა ავარია მოხდა, ბნელოდა. ამიტომ შეეძლო თავი ისე მოეჩვენებინა, თითქოს ნია და ნეილი ერთი და იგივე პიროვნება იყო. ჩიხლაძე ამას ასი წელი ვერ მიხვდებოდა.
- საღამო მშვიდობისა, ბატონო სიმონ, - მიესალმა.
- მშვიდობის საღამო, ქალბატონო ნეილ, - მიუგო მან.
გამოხედვა საკმარისად მკაცრი ჰქონდა, თითქოს უნდოდა ეთქვა, აჯობებს, ჩემთან ჩხუბი არ გაბედოო, - მობრძანდით, ნუ გერიდებათ.
გოგონამ ზღურბლს გადააბიჯა, კაცმა კი კარი მიხურა. ნეილი გაოცებული იყურებოდა აქეთ-იქით. ასე მოწყობილ სახლს თავის სიცოცხლეში პირველად ხედავდა. ისეთი გემოვნებით იყო ყველაფერი გაფორმებული, ისეთი მოდური ავეჯით მორთული, შეეშინდა, გაოცება არ შესტყობოდა. დაბნეული აცეცებდა თვალებს გარშემო.
- არ გაიხდით? - მამაკაცმა თვალით ლაბადაზე ანიშნა.
- გმადლობთ, - დაძაბულმა ლაბადა გაიხადა და სიმონს გადასცა, მან კი ყველაზე ახლოს მდგომ სკამზე გადაკიდა.
- დაბრძანდით, - შესთავაზა ჩიხლაძემ.
- გმადლობთ, - კიდევ ერთხელ ჩაიბურტყუნა ნეილმა და გაბრაზდა, ნერვებს უშლიდა ამდენი მადლობის თქმა.
- რითი მოხვედით, ტაქსით? - დაინტერესდა ბიზნესმენი, სანამ ნეილი დივანზე მოკალათდებოდა. თვითონ მის პირდაპირ სავარძელში ჩაჯდა და ფეხი ფეხზე გადაიდო.
- არა, ახლობელმა მომაცილა თავისი მანქანით.
- მამაკაცმა? - დაზუსტება მოისურვა სიმონ-საიმონმა, თუმცა მისი პირქუში გამოხედვით თუ იმსჯელებდით, მისთვის სულერთი იყო.
- არა, - პასუხიც ზუსტად ისეთი მიიღო - სულერთი, ამიტომაც აღარ დაამატა, დაქალმა მომიყვანაო, - ვწუხვარ იმის გამო, რაც მოხდა. - მაშინვე საქმეზე გადავიდა.
რამდენიმე წუთის განმავლობაში მამაკაცი მდუმარედ ათვალიერებდა, შემდეგ კი ცივად შენიშნა:
- გინდათ მითხრათ, რომ პასუხისმგებლობას გრძნობთ? იმედია, ასეა.
ნეილმა უზარმაზარი ნერწყვი გადაყლაპა. არადა, ხომ უთხრა ნიამ, მე ვიყავი დამნაშავეო. იქნებ მოეჩვენა? იქნებ მთლად მისი ბრალიც არ იყო?
- თქვენ რა, არ გრძნობთ, რომ არც თქვენ იყავით მაინცდამაინც უდანაშაულო? - თვალი არ დაუხამხამებია, ისე შეუტია. იქნებ ისე მოეწყო საქმე, რომ მხოლოდ ნახევარი გადაეხადა?
- არავითარ შემთხვევაში! მსგავსი არაფერი ყოფილა! - მკვეთრად გააპროტესტა ჩიხლაძემ, - თავადაც მშვენივრად იცით, რომ… იმედია, გახსოვთ ის შესახვევი, საითკენაც მე ავიღე გეზი, რომ მთლად არ დავმტვრეულიყავით.
აგეე! ხომ ამბობდა, ვერ მიხვდებაო! ამას ნეილი ნია ჰგონია! დაიჯერა!
- განა ასეთი რამის დავიწყება შეიძლება? - ჩაიდუდუნა. რატომღაც, მოუნდა თავი ემართლებინა, - ხომ იცით, როგორც ხდება. ვიფიქრე, როგორმე გავძვრები-მეთქი, მაგრამ ვეღარ გავთვალე. თქვენ ხომ არაფერი დაგიშავდათ? - ფრთხილად შეეკითხა.
- მე უფრო გამიმართლა, ვიდრე ჩემს მანქანას. - მშრალად მიუგო.
- ძალიან ვწუხვარ. იმის თქმა მინდა, რომ თქვენი მანქანის გამო ვწუხვარ. მართლა. - რა ჯანდაბა ემართება! რამდენჯერ უნდა ითხოვოს პატიება? რა ამბავია ამდენი "ვწუხვარ"? მით უფრო, როცა თვითონ არაფერი ჩაუდენია? - უკვე გაარკვიეთ, დაახლოებით რამდენი დაჯდება რემონტი?
როგორც იქნა, საქმის არსს მიუახლოვდნენ.
- ჯერ არა, - უპასუხა სიმონმა, თან მის ცისფერ თვალებს მზერას არ აშორებდა, - მაგრამ მიახლოებით ვიცი. ფასი სადღაც ორი ათას დოლარამდე მერყეობს, შეიძლება მეტიც.
შეუძლებელია! ნეილმა იგრძნო, როგორ გადაფითრდა, ლამის გული შეუღონდა ამის გაგონებისას.
- ასე ბევრი? ორი ათასი რა ამბავია, განა ასეთი რა სჭირს?
- მე მინიმუმი გითხარით. ასე რომ… - სრულიად დარწმუნებული ტონით გამოაცხადა ჩიხლაძემ.
თავზარდაცემული ნეილი უკვე მზად იყო შეეთავაზებინა, რომელიმე შედარებით იაფი ავტოსალონი ეპოვა დაზარალებულს, რათა უფრო იაფად გამოსულიყო, მაგრამ ამ სახლის და ამ ქონების პატრონი ამას, სავარაუდოდ, არ დათანხმდებოდა. მეტი საქმე არ ჰქონდა, მის ახირებებზე ევლო!
- რამდენი ხანი დასჭირდება თქვენი მანქანის გარემონტებას? - შეკითხვა ამოიკნავლა. იქნებ ნაწილები არ იშოვება და გამოწერაა საჭირო ან ჩამოტანა. ამას ხომ უნდა დრო. იქნებ გაუმართლოს.
- მანქანა დღეს გადაიყვანეს სპეციალურ სახელოსნოში. მთავარი ისაა, ექნებათ თუ არა სათადარიგო ნაწილები. თუ არ ექნებათ, მომიწევს მისი ჩამოტანა. შეიძლება გამოწერაც. ზუსტად არ ვიცი. შემდეგ გამოცვლიან, რაც საჭიროა, ყველაფერს, კორპუსს გადაღებავენ, ელექტრონიკას შეამოწმებენ…
- ნუთუ ასეთ ცუდ დღეშია? - შეაკანკალა ნეილს.
ამდენი რამის გაკეთება მართლა დაჯდება ორი ათასი და მეტიც. თუმცა რაც უნდა გაიწელოს მისი რემონტი, ნეილი მაინც ვერ შეძლებს ამხელა თანხის მოგროვებას. რა, წლები დაელოდება თუ?
- მანამ სხვა მანქანით ვივლი.
- სხვა მანქანაც გყავთ? - გაოცებული მიაჩერდა, ან კი რა გაუკვირდა? თითქმის მილიონერიაო და მანქანა გაუჭირდება? ამაზე არ უფიქრია.
- გამოიცანით.
გოგონას თავბრუ დაეხვა. შეეცადა, როგორმე თავი ხელში აეყვანა და არ გამოემჟღავნებინა, როგორ მოიცვა პანიკამ.
- საქმე ისაა, რომ… - დაიწყო და შეყოყმანდა. რა ეთქვა? ფული არ მაქვსო? თავი მოეჭრებოდა. ერჩივნა, მიწა გასკდომოდა.
- დიახ? - თავაზიანად შეეკითხა მამაკაცი და მისი წინადადების გაგრძელებას დაელოდა.
ისეთი გრძნობა გაუჩნდა, თითქოს ჩიხლაძემ მშვენივრად იცოდა, რა შესაძლებლობის პატრონიც იყო ნეილი, მაგრამ ეს რას ცვლიდა? რამე შეღავათს გაუწევდა? ამის მცდელობას გოგონა ვერ ხედავდა.
რაც არის, არის. ადამიანი სამართლიანი უნდა იყოს. რა ამ კაცის ბრალია, თუ ნია მის მანქანას შეეჯახა? რატომ უნდა იმტვრიოს თავი მის შეღავათებზე? რა დამსახურებისთვის?
- საქმე ისაა, რომ, - დაიწყო ნეილმა ისევ, - მინდოდა გამეგო, ხომ არ შეგიძლიათ… - და მოულოდნელად ისევ გაჩუმდა. ისე ააკანკალა, თითქოს წვიმისგან გალუმპულიყოს. არადა, წვეთიც არ დასცემია, სანამ აქ შემოვიდოდა. ეს შიშის კანკალი უფრო იყო, ვიდრე სიცივის, - ცოტა დროს ხომ არ მომცემდით? ანუ იმის თქმა მინდა, რომ ამხელა ფულს ერთბაშად ვერ გადავიხდი… აი… ნაწილ-ნაწილ რომ მოგაწოდოთ, თვეში დაახლოებით… - და ისევ დადუმდა. მინიმუმ ორასი ლარი რომ გადაეხადა თვეში, ალბათ სამი წელი მოუნდებოდა ვალის დაფარვას. ამაზე მეტს ვერ გასცემდა, რადგან შანსი არ ჰქონდა, გადაეხადა. იქით ბინის ქირა, თავისი მანქანის შეკეთება, აქეთ მშობლები, საჭმელი, სასმელი, კომუნალურები და ათასი დოზანა!
მამაკაცმა გაიღიმა. ნეილს მოეწონა მისი ღიმილი. კაცი მყის შეიცვალა. ახლა უფრო სიმპათიური მოეჩვენა, ვიდრე უსიმპათიო. არა, მართლა სიმპათიური იყო, აღიარა. გოგონა თითქოს გაამხნევა ამ ღიმილმა, თან სასტიკად შერცხვა. ისე გაწითლდა, ალმური წაეკიდა სახეზე. პასუხად თვითონაც გაუღიმა. მამაკაცმა ნეილის თვალებიდან მზერა მის ტუჩებზე გადაიტანა. შემდეგ ისევ თვალებში ჩახედა და მხიარულად შენიშნა:
- ამის საჭიროებას ვერ ვხედავ, ქალბატონო ნეილ. დაზღვევა ხომ გაქვთ? ისინი გადაიხდიან, რა გაწუხებთ?
ნეილი გაფითრდა. სად ჰქონდა დაზღვევა? ღიმილი პირზე შეაშრა. მიხვდა, რომ ეს კაცი ეთამაშებოდა, თორემ სადაც ამდენი გაიგო მასზე, ისიც ეცოდინებოდა, ნეილს მანქანა დაზღვეული რომ არ ჰქონდა.
- მშვენივრად იცით, რომ არ მაქვს! - თავისდა უნებურად აღმოხდა აპილპილებულს და იმწამსვე ინანა, ეს რომ წამოსცდა. დარცხვენილმა თვალები დახარა. ის კი წამითაც არ აშორებდა მზერას. - არ მაქვს დაზღვევა. სულ ვაპირებდი, მაგრამ თავი ვერ მოვაბი. ახალი ნაყიდი მანქანაა, ვიფიქრე, სად გამექცევა, ცოტა დრო გავა და დავაზღვევ-მეთქი, მაგრამ სამსახურმა შემიშალა ხელი. დაძაბული სამუშაო მაქვს, რთული გრაფიკი, - ისე სხარტად მიაყოლა, თითქოს წარმოსათქმელი სიტყვა წინასწარ ჰქონდა დაწერილი.
- ჰოდა, ყურადღებით უნდა ყოფილიყავით, - ცივად შეეპასუხა სიმონი.
მისმა ტონმა ისევ ააპილპილა ნეილი. მანქანის მართვას ასწავლის ახლა! ამუნათებს, რადგან მომგებიან პოზიციაშია!
- თქვენ იცოდით, დაზღვევა რომ არ მქონდა, ხომ? - ლამის დაუღრინა, რის გამოც საშინლად უსიამოვნო, უმკაცრესი მზერა დაიმსახურა.
- ვიცოდი. აბა, რა უნდა მექნა? ამ დილით თქვენი ზარის შემდეგ… - უეცრად გაჩუმდა, თვალები მოჭუტა და ნეილს შემპარავი ტონით შეეკითხა, - ვინ იყო ის გოგო, თქვენ მაგივრად რომ იჯდა საჭესთან?
ღმერთო, რა მოულოდნელი დარტყმა იყო! კინაღამ ყბა მოექცა.
- ესეც იცით? - ამოიოხრა, - იცით, რომ მე არ ვიყავი?
- რა თქმა უნდა, ვიცი, - თავდაჯერებულად მიუგო მამაკაცმა, - ქალბატონი, ვინც ამ დილით დამირეკა, სულაც არ მელაპარაკებოდა ისე, როგორც ის "ისტერიჩკა", წუხელ რომ დამეჯახა.
- ის მთელი ღამე ტიროდა, ჯერაც არაა დამშვიდებული, - დაიცვა ნეილმა ნია, თანაც ჩიხლაძე უკვე ნერვებს უშლიდა.
- მერედა ვისი ბრალია? ისე უცებ შემოატრიალა საჭე, ჩემი სიგნალიც ვერ გაიგონა. გაწევაც კი ვერ მოვასწარი.
ნეილმა კბილი კბილს დააჭირა. არადა, რამდენიმე წუთის წინ დამაჯერებლად დაუქნია თავი, როცა სიმონმა უთხრა, შესახვევისკენ ავიღე გეზიო.
- თქვენ მე დამაბნიეთ!
- არც კი შეეცადოთ დამადანაშაულოთ იმაში, რომ თქვენი მოტყუება მინდოდა! - აღშფოთდა მოულოდნელად ჩიხლაძე, - როგორც ვხვდები, ამის მცდელობა თქვენ უფრო გქონდათ!
მართალი იყო. ნეილმა დააპირა მისი მოტყუება და არა მან. მტკივნეულად მოხვდა გულზე მისი სიტყვები.
- ეს არ იყო გამიზნული… - თქვა და გაჩუმდა. ეთქვა სიმართლე? მოეყოლა ნიაზე? აზრი?
- გასაგებია. არაფრის ახსნა არ არის საჭირო. ყველაფერი მესმის.
- და როგორ მიხვდით, რომ მე არ ვიჯექი საჭესთან?
- ქალბატონო ნეილ, - გაღიზიანდა სიმონ-სიმ-საიმონი, - მე თქვენ ბრმა ხომ არ გგონივართ? წუხელ მე ველაპარაკე… უფრო სწორად, ვეჩხუბე ლამაზ გოგოს, შეშინებულს, ატირებულს, დაისტერიკებულს. ამ დილით კი სრულიად სხვა ხმა მირეკავს და სრულიად მშვიდი ტონით მესაუბრება. ახლა კი, ათი წუთის წინ, ლამაზი კი არა, ულამაზესი ქალი მოდის ჩემთან და მიმტკიცებს, წუხელ შენს მანქანას მე დავეჯახეო. ბოლოს და ბოლოს, მამაკაცი ვარ და ერთი ქალი მეორეში არ ამერევა, ერთი დღე კი არა, ერთი წელიც რომ გავიდეს!
ნეილს მეტყველების უნარი წაერთვა. იგრძნო, როგორ მოაწვა ცრემლები. არა, ოღონდ ეგ არა! ახლა რომ ატირდეს, ეს კაცი იფიქრებს, თავს მაცოდებსო. არ იტირო, ნეილ, გთხოვ!
პირი გააღო და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. ოდნავი შვება იგრძნო.
- თქვენ მართლა ნეილი ხართ? გუდავაძე? იქნებ ისევ მატყუებთ? მე რომ სასამართლოში გიჩივლოთ, რა გარანტია მაქვს, რომ კიდევ ერთი, სრულიად სხვა ქერათმიანი არ დამიპირისპირდება სასამართლო დარბაზში?
როგორც ჩანს, ბრძოლა დაიწყო. ახლა და ამწუთას, ხოლო ის, რაც აქამდე მოხდა, მხოლოდ პრელუდია იყო.
რაო? სასამართლოო? ვაიმე, მშობლებს გულები დაუსკდებათ!
- მე მართლა ნეილ გუდავაძე ვარ. - ნაღვლიანი ტონით დაუდასტურა.
- და თქვენს მეგობარს რა ჰქვია?
- რა მნიშვნელობა აქვს?
- რა მნიშვნელობა აქვს! - გამოაჯავრა სიმონმა, - ასე დაუდევრად ატარო მანქანა, მერე ასეთი ტყუილი დააბრეხვო! სხვისი სახელი გამოიყენო! ეს ორი სერიოზული დარღვევაა, რომ არაფერი ვთქვათ მესამეზე - მანქანა დაზღვეული არ არის. ამასთან…
- მას უსიამოვნებები აქვს სამსახურშიც და პირად ცხოვრებაშიც, - სწრაფად გააწყვეტინა გოგონამ, - დიდი პრობლემები. ის…
- ყურებამდე პრობლემებშია, არა? ისევე, როგორც თქვენ! თუ ასეთ დღეში იყო, როგორ ათხოვეთ მანქანა? არ იცით, რომ მანქანის თხოვება არ შეიძლება? ეს იგივეა, ცოლი ათხოვო ადამიანს. ხო, ნუ… თქვენს შემთხვევაში - ქმარი.
ნეილმა სიცილი ძლივს შეიკავა, სიმწრის სიცილი. სწორედ ამაზე ფიქრობდა ამ დილით, თან ზუსტად ასე ფიქრობდა.
ყურადღებით შეხედა მამაკაცს. მათი საუბარი სულაც არ გამოვიდა ისეთი, მას რომ წარმოედგინა.
- მომცემთ დროს, თქვენი ვალი რომ გავისტუმრო? - გაიმეორა შეკითხვა, რომელიც ცოტა ხნის წინ დასვა.
- სად მუშაობთ?
- საბითუმო ვაჭრობაში, ადმინისტრაციულ განყოფილებაში.
- ტერიტორიულად სად?
სულაც არ უნდოდა ეთქვა, სად მდებარეობდა მისი სამსახური, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა.
- თევდორე მღვდლის ქუჩაზე.
- აჰა. რამდენს გიხდიან?
რა ნაგლია! რა ამის საქმეა, რამდენს უხდიან? თუმცა ახლა მისი საქმეა. თუ სურს, რომ ვალი ნაწილ-ნაწილ გადაუხადოს, უნდა იცოდეს, რა შემოსავლის პატრონიცაა ნეილი. ამის სრული უფლება აქვს.
- 900 ლარი… ჯერჯერობით. ახალი დაწყებული მაქვს მუშაობა, - თქვა და უარესად წამოჭარხლდა. - უფროსმა თვითონ შემომთავაზა სამსახური. მე კი ისე მჭირდებოდა სამუშაო, მეტს ვერ მოვითხოვდი. ეს უნამუსობა იქნებოდა ჩემი მხრიდან, მაგრამ შემპირდა, მოგიმატებო.
"რა სულელი ხარ", - წაიკითხა მის მზერაში ნეილმა, თუმცა სიმონმა ასეთი კომენტარისგან თავი შეიკავა. ამის ნაცვლად ჰკითხა:
- ეს თქვენი შემოსავლის ერთადერთი წყაროა?
ნეილი შეცბა, მაგრამ ტყუილის თქმა არ უცდია.
- დიახ. თან ქირით ვცხოვრობ, - დაამატა, - ოთხნი ვართ, ქირას თანაბრად ვიყოფთ.
- სულ ქალები?
- სულ.
- და დავუშვათ, დაგთანხმდით ნაწილ-ნაწილ გადახდაზე. თქვენი აზრით, რამდენ ხანს უნდა მიხადოთ ვალი? ჰა-ჰა, 300 ლარი მომცეთ თვეში, თუმცა მაგასაც ვერ გასწვდებით. სულ მცირე, ორი წელი წიო-წიოდ უნდა მიგზავნოთ თანხა?
- რის გაკეთებას აპირებთ? - თვალები დაენისლა ნეილს.
- თქვენი აზრით, რა უნდა გავაკეთო? დაზღვევა არ გაქვთ. ჩემი დამტვრეული მანქანის შეკეთება, სულ ცოტა, ორი ათასი დოლარი ჯდება. ამის მერე კიდევ ფიქრობთ, რომ არაფერი არ უნდა გავაკეთო?
- არა, არ ვფიქრობ, - ამოიკვნესა გოგონამ. მიხვდა, რომ აქ მოსვლით ვერაფერსაც ვერ მიაღწია. ვერც საკუთარი სილამაზე გამოადგა რამეში.
- კარგი, რამეს მოვიფიქრებ, - შეარბილა ტონი საიმონმა, - და შეგატყობინებთ.
ნეილს იმედი მოეცა. ადგა, ლაბადა ჩაიცვა და ჩიხლაძისკენ შებრუნდა.
- მადლობა, - ხმადაბლა თქვა და იმის შიშით, არ გადაიფიქროსო, მეტი არაფერი დაამატა.
ნელა დაიძრა კარისკენ. მამაკაცი უკან მიჰყვა…
ჰოლში ერთად გამოვიდნენ.
- იცით, რა? - მიუტრიალდა უეცრად ნეილი.
- რაშია საქმე? - სიმონი შედგა.
- შეიძლება გთხოვოთ, რომ საღამოს საათებში არ დამირეკოთ? მხოლოდ დღის განმავლობაში შემეხმიანეთ, თუ რამეა.
- მაგის გარანტიას ვერ მოგცემთ. მეეჭვება ეს შევძლო. - გააჭიანურა მამაკაცმა პასუხი, - იქნებ ისეთი რამ მოხდეს, თქვენთან დაკავშირება გახდეს საჭირო, მერე? თუმცა… - უმალვე დაამატა, - თუკი ასე დაჟინებით მოითხოვთ, არ დაგირეკავთ.
ერთი ამას დამიხედეთ! ნამდვილი ვირი! - გაიფიქრა ნეილმა.
- უბრალოდ, ნიასთვის მომხდარი დიდი შოკი იყო. არ მინდა თქვენი ზარის გამო ინერვიულოს. ისედაც ნერვები არ ჰყოფნის ბოლო დროს, ყველაფერზე ღიზიანდება და ტირის.
- ჰმ, - ჩაიცინასავით სიმმა, - თუ ასეთ მდგომარეობაშია, საერთოდ არ უნდა გეთხოვებინათ მისთვის მანქანა, თუმცა რა ჩემი საქმეა.
მართლაც! რა მისი საქმეა? ეგღა აკლია, ახლა ამან ლექცია უკითხოს!
ნეილმა კარი გამოაღო და მასპინძელს მიუბრუნდა:
- აუცილებლობის შემთხვევაში დაგიკავშირდებით! - რაც შეიძლებოდა ოფიციალური ტონით გამოუცხადა, გავიდა, კართან მიყუდებულ ქოლგას ხელი დაავლო და წავიდა.
დაცვის ბიჭმა ჭიშკრამდე მიაცილა. თავსხმა წვიმას გადაეღო, მხოლოდ წინწკლავდა.
ისე დაუძმარდა ხასიათი, ლიზიმ არაფერი ჰკითხა. ისედაც მიხვდა, რომ შეხვედრამ არც ისე სასიამოვნოდ ჩაიარა. სიჩუმე ისევ ნეილმა დაარღვია:
- არაფერიც არ გამოვიდა, მაგრამ ვერაფერში შევეკამათებოდი. მართალია ის კაცი და რა გინდა უქნა. მერე რა, რომ ნიაა დამნაშავე, მანქანა ხომ მე მეკუთვნის? - თითქოს თავის თავს ელაპარაკებოდა გოგონა.
- კარგი, არ ინერვიულო, ყველაფერს მოევლება, - მხოლოდ ეს უთხრა ლიზამ და სიჩქარეს უმატა.
მომდევნო საღამოები ნეილმა მოლოდინში გაატარა. მობილური ხელიდან არ გაუშვია, სადაც გადიოდა, თან მიჰქონდა იმის შიშით, ვაითუ დამირეკოს და ვერ გავიგონოო. მაგრამ არავის დაურეკავს. სამშაბათ საღამოს მხოლოდ დედამ დარეკა და მოიკითხა.
- როგორ ხარ, დედი? როგორ მიგდის საქმეები? - ციცის მხიარული ხმა ჰქონდა.
- მშვენივრად. თქვენ როგორ ხართ? - მოიკითხა მშობლები, თუმცა მანქანის თაობაზე კრინტი არ დაუძრავს. არის რაღაც-რაღაცები, რაც ჯობია მშობელმა არ იცოდეს, რათა არ ინერვიულოს.
- შაბათს ხომ ჩამოხვალ?
- არ ვიცი, დე, შეიძლება ვერ ჩამოვიდე. უნდა გავიჭირვო ცოტა ხანს, სანამ ჰამლეტის აწეწილ საქმეებს დავალაგებ. - იცრუა.
- მთლად ნუ გადააკვდები, დედიკო, არ გადაიღალო, - შორიდან მოეფერა დედა.
- არ გადავაკვდები, უბრალოდ, დაძაბული მუშაობა მომიწევს.
- გოგოები როგორ არიან?
- კარგად. მოგიკითხეს.
- ჩემგანაც მოიკითხე და დამირეკე ხოლმე, სულ ჩვენ რომ გირეკავთ.
- კარგი რა, სამი დღის წინ არ გნახეთ? პატარა გოგო ხომ არ ვარ?
- ჩვენთვის შენ სულ პატარა გოგო იქნები. ვითომ არ იცი, - გაიცინა დედამ და დაემშვიდობა.
როგორც იქნა, ნეილმა და ლიზამ დაითანხმეს ნია ექიმთან ვიზიტზე. პარასკევისთვის ჩაეწერნენ. ნია ისე მშვიდად გაჰყვა მეგობრებს, თითქოს ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილიყო. ფსიქოთერაპევტთან გასაუბრებამაც მშვიდ ატმოსფეროში ჩაიარა. ნიას ორი თავი წამალი გამოუწერეს, საგანგაშო არაფერიაო, ექიმმა, დაამშვიდა მისი მეგობრები და სახლში გამოუშვა. გზად აფთიაქში შეიარეს, საჭირო მედიკამენტები შეიძინეს და ნიამ იმ დღესვე დაიწყო წამლების მიღება.
შაბათ-კვირა ცოტათი გაიწელა. ნეილისთვის ეს უჩვეულო დასვენების დღეები იყო. სხვა დროს სულ მცხეთაში მიეჩქარებოდა, თავის დედ-მამასთან, ახლა კი შინ იჯდა და შინაგანად აფორიაქებული სიმონის ზარს ელოდებოდა.
დედას მხოლოდ კვირას დაურეკა. უთხრა, ვეცდები შემდეგ შაბათს გინახულოთ და არ ინერვიულოთო.
- ფული ხომ არ შემოგაკლდათ?
- არა, შვილო, გვაქვს. ამ კვირასაც გვეყოფა და იქითა კვირასაც. განა რას ვჭამთ ამდენს. თანაც შეიძლება მამაშენმა მუშაობა დაიწყოს.
- რას ამბობ! მერე რატომ აქამდე არ მითხარი? - გაუხარდა ნეილს.
- ახლაც არ ვაპირებდი. ვიფიქრე, რომ დაიწყებს მერე ვეტყვი-მეთქი, მაგრამ გულმა არ მომითმინა.
- და რა გამოუჩნდა? სად?
- ნაცნობი შეხვდა ერთი, თავისი ძველი მეზობელი. მაღაზია ჰქონია და მომმარაგებლად თუ იმუშავებო. ვნახოთ, კი შეჰპირდა და რა იქნება, ჯერ არ ვიცი. ოღონდ მამაშენთან არ გამამხილო. გამაფრთხილა, ჯერ არავისთან არაფერი წამოგცდესო.
- კარგი, ბატონო, ვითომ არაფერი ვიცი, - გაეცინა ნეილს, - წავედი ახლა, ერთ ზარს ველოდები და ტელეფონს ვერ დავაკავებ.
- ჭკვიანად იყავი და გოგოები დამიკოცნე.
ჩიხლაძემ არც შაბათ-კვირას დარეკა.
ორშაბათიც გათენდა. ნეილი სამსახურში წავიდა. მთელი ღამის ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა, დამატებით რამე სამუშაო ეშოვა. ისეთი, სადაც ღამის საათებში შეეძლებოდა მუშაობა. ცოტა ხნით გავიჭირვებ და ცოტა ფულს მოვუყრი თავსო, იფიქრა. ყველაზე მეტად ლიკას იდეა დაუჯდა ჭკუაში - მოსწავლეების სკოლაში ტარება და მერე იქიდან წამოყვანა. აი, ასეთი ოჯახი უნდა ეპოვა, მაგრამ ჯერ მანქანა უნდა შეეკეთებინა. თუ ეს ვარიანტი არ გამოვიდოდა, იქნებ სადმე რესტორანში ან კაფე-ბარში ჭურჭლის მრეცხავის ადგილი გაეჩითა, არც ამაზე იტყოდა უარს. ბოლოს და ბოლოს, ღამის ორ-სამ საათამდე მოუწევდა მუშაობა და გამოძინებასაც მოასწრებდა.
საათზე მეტხანს იჯდა თავის სამუშაო მაგიდასთან და ზედდებულებს ადგენდა. სწორედ ამ დროს მისი მობილურის ეკრანი განათდა და ზარიც აწკრიალდა.
დახედა თუ არა მონიტორს, სახეზე სიწითლემ გადაურბინა. ის ურეკავდა.
- გისმენთ, - შეეცადა, ისეთი ხმით ეპასუხა, აღელვება არ შესტყობოდა.
- ჩიხლაძე ვარ. გამარჯობა! - ეს ის ხმა იყო, ბოლო დროს სიზმარში რომ ჩაესმოდა.
- დიახ, მივხვდი… მაპატიეთ, გიცანით! - საშინლად დაიბნა, თან შეაკანკალა. ამ ზარს უკვე ერთი კვირა იყო, ელოდებოდა.
- მგონი, პირობა შევასრულე, არა? - ტელეფონში სიცილის ხმა გაისმა.
ნეილმა არაფერი უპასუხა. ან კი რა პასუხი გაეცა ასეთ სისულელეზე?
- ალო!
- გისმენთ, გისმენთ! - ნეილმა ჩაახველა, არ იცოდა, რა ეთქვა.
- ანუ თქვენთვის დღის განმავლობაში არ უნდა დამერეკა, როცა შინ არ იქნებოდით. მაგას გეკითხებოდით, პირობა ხომ შევასრულე-მეთქი.
- რა თქმა უნდა, - უარესად დაიბნა გოგონა, ყელის ძარღვები დაჭიმა და კბილი კბილს დააჭირა. წარმოიდგინა, რა სანახავი იქნებოდა ამ მდგომარეობაში, მაგრამ ახლომახლო სარკე არსად იყო, რათა ჩაეხედა.
- რა თქმა უნდა, მე ხომ მართალი კაცი ვარ, - ისევ გაიცინა სიმონმა.
- თქვენ… ე-ე-ე… ალბათ უკვე მოიფიქრეთ რაღაც, არა? - შეეკითხა, თან თავისი აიფონი ისე ჩაბღუჯა, თითქოს ეშინოდა, ხელიდან არ გავარდნოდა. ახლა საბრალდებო დასკვნა უნდა მოესმინა.
- მოვიფიქრე, მაგრამ ტელეფონით არ მსურს ამაზე საუბარი. უნდა შევხვდეთ. აჯობებს დღეს საღამოს. რომელზე ამთავრებთ მუშაობას?
- ჩვეულებრივ, ექვსზე ვამთავრებ, თუ რამე გადაუდებელი არ გამომიჩნდა. სად უნდა გნახოთ?
- ჩვენ ერთად ვივახშმებთ, - ისეთი ტონით გამოუცხადა მამაკაცმა, თითქოს ვალის დაბრუნებას ითხოვსო.
აი, თავხედი! რა მარტივად ამბობს: "ჩვენ ერთად ვივახშმებთ". და რა ჰგონია, სიხარულისგან ნეილი კუნტრუშს დაიწყებს? მაგრამ უარის თქმაც რომ არ გამოდის? ამ სიტუაციაში თამაშის წესებს ის ადგენდა, ამიტომ მის დუდუკზე მოუწევდა ცეკვა.
- მისაღებია, - თავაზიანად დაეთანხმა, როგორც წესიერად აღზრდილი ადამიანი.
- და რადგან დანამდვილებით ვიცი, რომ სახლში არ უნდა მოგაკითხოთ… - სიმმა პაუზა გააკეთა, - ხომ არ ვცდები, ქალბატონო ნეილ?
- არ ცდებით, ბატონო საიმონ! - მშვიდად მიუგო.
- მაშინ სამსახურში გამოგივლით.
- არა! - ლამის იყვირა, - ჯერ სახლში უნდა შევიარო. ცოტა მოგვიანებით. მე…
- მაშინ ტაქსის გამოგიგზავნით, რვა საათისთვის მზად იყავით! - ცივად შეაწყვეტინა სიმონმა.
საუბარი ამით დამთავრდა. მამაკაცმა გათიშა. "მზად იყავით!" - და მორჩა! სხვა არანაირი განმარტება! განა რა იყო ამისთანა ამ მამაკაცში, ნეილს რომ აცბუნებდა და საკუთარ თავზე კონტროლს აკარგვინებდა? თავის სიცოცხლეში არასდროს არც ერთ მამაკაცს მასზე ასეთი გავლენა არ მოუხდენია. თითქოს მისი ყოველი სიტყვა კანონი იყო, მხოლოდ მისთვის დაწერილი კანონი! რა ადვილად დაითანხმა. ნეილი არ იყო მიჩვეული სხვის ბრძანებებს. ჰამლეტი რომ ჰამლეტია, ისიც კი თხოვნით მიმართავს ხოლმე, თუ შეგიძლია ეს გააკეთო, ის გააკეთო და ასე. თუმცა ეს სხვა შემთხვევა იყო. ამ სიტუაციაში მართვის სადავეები ჩიხლაძეს ეპყრა ხელთ.
გოგონა შეეცადა სამსახურში არ დაყოვნებულიყო და როგორც კი სამუშაო საათები ჩამთავრდა, მაშინვე წასასვლელად გაემზადა.
შინ მისულს ყველა მეგობარი ადგილზე დახვდა. ნია შედარებით უკეთ გამოიყურებოდა, რამაც ძალზე გაახარა.
- არ გშია? მოდი, შემოგვიერთდი. შემწვარი კარტოფილი გვაქვს კვერცხით, - მოიპატიჟა ლიკამ და ადგა, რათა მისთვის კარადიდან თეფში და დანა-ჩანგალი გამოეღო.
- არა, მადლობა. რვისთვის უნდა გავიდე. ვაშხმად ვარ მიწვეული, - დამნაშავესავით წარმოთქვა და იგრძნო, სიწითლე როგორ მოედო სახეზე სამი წყვილი თვალის გაოცებული მზერის ფონზე.
- ე! როგორ გაწითლდი, - შენიშნა ნიამ, - პაემანი გაქვს? მადლობა ღმერთს!
- გეყოფა, ნია! თუ სიყვარული ეწვია, მაგას რა ჯობია! - ლიზიმ ნიას თვალები დაუბრიალა.
ნეილმა მას შეხედა. ამ სამს შორის ლიზა ყველაზე ჭკვიანი იყო. და იგი მიხვდა, რომ ლიზიმ სიყვარულში სიმონი იგულისხმა.
- მხოლოდ ყავას დავლევ. ვინმეს ხომ არ გაგიკეთოთ? - უხერხულობის დაფარვა ამით სცადა.
- მე გაგიკეთებ. შენ წადი, ჩაიცვი და მოემზადე, რომ მისტერ იქსმა განუმეორებელ ფორმაში გნახოს.
ამის გაგონებაზე ღიმილის შეკავება ვერ შეძლო, მაგრამ როგორც კი სააბაზანოში შევიდა და შხაპის ქვეშ დადგა, ღიმილი მსწრაფლ გაუქრა სახიდან. ნუთუ ასე შეეტყო დაბნეულობა? რა უცებ მიხვდა ლიზი, ვისთან შესახვედრადაც მიიჩქაროდა. თუმცა არც თვითონ უნდოდა ამის დამალვა. ხომ აღიარა, სავახშმოდ მივდივარო? ტყუილი არ გამოსვლია. იმასაც იტყოდა, ვის ხვდებოდა, მაგრამ ვინ დააცალა?
სხვები ალბათ ფიქრობენ, რომ შეყვარებული გაიჩინა. არა, განა რა? განა ნეილი პაემანზე არ ყოფილა, მაგრამ სიყვარულით არავინ ჰყვარებია. უბრალოდ, ვისთანაც ურთიერთობის გაბმა უცდია, ყველა მოსაწყენი აღმოჩნდა ან… ან იმაზე მეტს ითხოვდნენ მისგან, ვიდრე მას შეეძლო გაეღო. ჰაიჰარად და მხოლოდ სექსის გულისთვის არც ერთ კაცს არ დაუწვებოდა. არა, არა, ძველმოდური არ იყო. ქალიშვილობის ინსტიტუტს არასდროს სწყალობდა. უბრალოდ, უგონოდ უნდა ყოფილლიყო შეყვარებული მამაკაცზე, რომ ამაზე წასულიყო. ასეთი ნაბიჯის გადადგმა მისთვის რაღაცნაირ რიტუალს წარმოადგენდა. ამისთვის სათანადოდ უნდა მომზადებულიყო, ყველაფერი გათვლილი ჰქონოდა - რატომ და რისი გულისთვის უნდა გაეკეთებინა, რამდენად უღირდა და რა შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა. სულაც არ უნდოდა, რომ მერე წლების განმავლობაში თვითგვემას მისცემოდა თავდავიწყებით ჩადენილი შეცდომის გამო. ამიტომ მხოლოდ უგონო სიყვარულის შემთხვევაში თუ წავიდოდა ამაზე. კოცნით რამდენიმეს უკოცნია კიდევაც მისთვის, მაგრამ ამაზე შორს არასდროს წასულა. რა თქმა უნდა, ადრინდელ შეხვედრებს "გვერდითი მოვლენებიც" ჰქონია, როცა "იმ" რაღაცას შესთავაზებდნენ, მაგრამ ნეილს თითქოს რაღაცნაირი შინაგანი უსაფრთხოების სისტემა ჰქონდა შემუშავებული და როგორ კი მამაკაცის თვალებში სიტყვა "ლოგინს" წაიკითხავდა, მისი დაცვითი სიგნალიზაცია თავისთავად ირთვებოდა შემდეგი სიტყვებით: "კარგად ბრძანდებოდე, მეგობარო!"
მაგრამ საიმონთან მიმართებით ეს რა შუაში იყო? ის რა, ლოგინში ეპატიჟებოდა? არა, რა თქმა უნდა. ეს არც გაუვლია გულში. მასთან შეხვედრა მხოლოდ საერთო საქმეს უკავშირდებოდა, მისთვის საჭირბოროტო საქმეს. ასე რომ, ეს გახლდათ საქმიანი ვახშამი და არა სასიყვარულო პაემანი.
ფრიგიდული სულაც არ იყო. უბრალოდ, ასე ჩაებეჭდა გონებაში. ჩაებეჭდა, რადგან პირველი სექსის შემდეგ განადგურებული ბევრი თავისი ტოლი უნახავს, რა დღეშიც ჩავარდნილა. მის მკლავებშიც არაერთს უტირია და გული მოუოხებია. დედა ბავშვობიდან ამუნათებდა, შენ პიროვნება ხარ და საკუთარი აზრი უნდა გაგაჩნდეს. სანამ რამე ნაბიჯს გადადგამ, კარგდ დაფიქრდი, აწონ-დაწონე და ისე გადაწყვიტე. სხვის დაკრულზე ნუ იცეკვებო. ასე რომ, მისი ინდივიდუალიზმი არასდროს არავისთვის პრობლემა არ გამხდარა.
არც მამაკაცებთან შეხვედრა და მათთან ურთიერთობა იყო მისთვის უცხო, თუმცა თავის ნაწილს, "მეორე ნახევარს" რასაც ეძახიან, ჯერ არ შეხვედრია. ის, ვისიც შეიძლება გახდეს, უნდა ბრწყინავდეს. ასეთი მბრწყინავი კი ჯერ ჰორიზონტზე არ გამოჩენილა. თუმცა აი, ეს საიმონ ჩიხლაძე სულაც არ არის ურიგო ადამიანი. ცოტათი ბრწყინავს კიდევაც, მაგრამ ნეილის ტიპის კაცი ნამდვილად არაა. მას სულ სხვანაირი ტიპაჟები იზიდავს. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ აზრზეც არ არის, როგორია ის "სულ სხვანაირი ტიპაჟი". წარმოდგენა არა აქვს, რა თვისებებით უნდა იყოს დაჯილდოებული "მისი" მამაკაცი. სამაგიეროდ, იმაშია ღრმად დარწმუნებული, რომ "მისი კაცი" ტელეფონში უხეშად არასდროს ეტყვის: "ჩვენ ერთად ვივახშმებთ" ან "რვისთვის მზად იყავი". ასე რომ, საიმონი აუტსაიდერია.
რვას თხუთმეტი წუთი აკლდა, ტაქსი რომ მოვიდა. ნეილი მანქანაში ისე ჩაჯდა, იოტისოდენა წარმოდგენაც არ ჰქონდა, სად მიდიოდა. მისი მდგომარეობა სწორედ რომ საგანგაშო იყო. ერთი რამ კი ნამდვილად იცოდა - არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. შეგნებულად ჩაიცვა თავისი მუქწითელი კაბა, რადგან, თუ გაწითლდებოდა, დიდად არ შესტყობოდა. ნერვიულობდა და ამ ნერვიულობის გამო სისხლი ისე დარბოდა მის ძარღვებში, გოგონას ლამის შხუილი ესმოდა. ან კი ვინ არ ინერვიულებდა მის ადგილას! თავზემოთ დამოკლეს მახვილი ეკიდა, რაც სულაც არ უტოვებდა სასიამოვნო შეგრძნებას. ჩიხლაძის გადაწყვეტილებაზე იყო დამოკიდებული, რამდენი დაუჯდებოდა მანქანის შეკეთება. ყველაფერი მის ხელში გახლდათ.
ნეილი მთლად კანკალმა აიტანა, როცა ტაქსი ერთ-ერთი ელიტური სასტუმროს წინ გაჩერდა. აქ რა ჯანდაბა უნდა? სასტუმროს ნომერში ეპატიჟებიან? ხომ არ გაგიჟდა ის კაცი? რახან მისი წრის არ არის, ჰგონია, ყველაფრის უფლება აქვს? შიშისგან გააკანკალა. თვალის დახამხამება ვერ მოასწრო, როცა ვიღაც ფორმიანმა მამაკაცმა, როგორც ჩანს, სასტუმროს შვეიცარმა, კარი გააღო. ნეილმა ტაქსის მძღოლისთვის ფულის გადახდა დააპირა, მაგრამ ვერ მოასწრო. სწორედ ამ დროს მის წინ სიმონ ჩიხლაძე აისვეტა.
ნეილი გადმოვიდა და მანქანაც მაშინვე გაერიდა იქაურობას. აშკარაა, მგზავრობის საფასური უკვე გადახდილი იყო.
მამაკაცს შეხედა და თვალი თვალში გაუყარა თუ არა, მაშინვე პირი გაუშრა. რაღაც სულელურ სიტუაციაში აღმოჩნდა.
- საღამო მშვიდობისა, ბატონო სიმონ, - მაინც თავდაჯერებული ტონით მიესალმა, ხმა არ აჰკანკალებია.
არა უშავს, მშვენივრად ეჭირა თავი!
ბიზნესმენმა ყურადღებით შეათვალიერა გოგონა და მსუბუქმა ღიმილმა ბაგე გაუპო.
ისე, ძალიან ლამაზი პირი კი ჰქონია! პირველ შეხვედრაზე ამაზე ყურადღება არ გაუმახვილებია.
- საიმონ! - შეუსწორა მან, ხელი გაუწოდა და სასტუმროსკენ წაუძღვა.
ცოტა იმედი ჩაესახა. რახან მოსთხოვა, მისთვის შიინაურულად მიემართა, გამოდის, რაღაც სასიამოვნო უნდა უთხრას. ესე იგი, მთლად ცუდად არ არის ნეილის საქმე. თან როგორ დელიკატურად იქცევა, როგორი დახვეწილი მანერები აქვს. მერე რა, რომ "დაცემა" გარეგნობის არ არის. რაღაც შინაგანი ხიბლი ხომ აქვს? თანაც, ისეთი ლამაზი ტუჩ-პირის პატრონია… სხვათა შორის, შეუხედავ მამაკაცებზეც გაგიჟებულან ქალები. განა ერთი და ორი მაგალითი იცის ნეილმა.
სიმონმა იგი სასტუმროს ბარში შეიყვანა და მაგიდასთან მიაცილა. მერე წინ მენიუ დაუდო და გაუღიმა. გამამხნევებლად, რამაც ნეილს იმედი უფრო განუმტკიცა. კიდევ კარგი, ნომერში არ აიყვანა. არც აჰყვებოდა! აბა, ერთი ეცადა!
ნეილი ტყავის სავარძელში მოხერხებულად მოკალათდა, მაგრამ კონცენტრირება უჭირდა.
- გადაწყვიტეთ რამე? - მაშინვე იკითხა და მენიუს თვალი მოაცილა, რადგან მაინც ვერაფერი შეარჩია.
ჩიხლაძემ აუჩქარებლად გადადო თავის მენიუ გვერდზე. შეუვალი სახე ჰქონდა.
- მე, მაგალითად, ზუთხს დავაგემოვნებდი სოკოს სოუსით. - თქვა მან.
ნეილს სურვილი გაუჩნდა, მისთვის სილა გაეწნა.
- შეკვეთა არ მიგულისხმია! - გაწიწმატდა, - მე ის მაინტერესებს, რამე გადაწყვეტილება მიიღეთ თუ არა.
- პირდაპირ ამით დავიწყოთ ვახშმობა? - წარბები აზიდა სიმონმა.
წარბებიც მშვენივრად გადამშვილდული ჰქონია. ნეილმა ესეც მხოლოდ ახლა შეამჩნია.
- აქ ამისთვის არ ვარ მოს…
- ჩჩჩ… - გააწყვეტინა მამაკაცმა, - აჯობებს, ჯერ დავნაყრდეთ.
- რატომ, ასე ცუდადაა ჩემი საქმე? - შეშფოთებული შეეკითხა, რადგან მისი სიტყვებიდან დაასკვნა, რომ სიმის მიღებული გადაწყვეტილება მისთვის სულაც არ იქნებოდა სასურველი, იგი არც შვებას მოჰგვრიდა და არც სიხარულს.
მან ისე გაიღიმა, თითქოს ნეილმა რაღაც სასაცილო თქვა. გოგონას უცნაური გრძნობა დაეუფლა, თითქოს წამით გული გაუჩერდა. რა აბსურდი იყო ეს ყველაფერი. რა თქვა ასეთი სასაცილო? აქ მის გასართობად კი არ მოსულა!
რაც არის, არის. ვინაიდან ის არ ჩქარობს მათი შეხვედრის მიზეზის განხილვას, ნეილი იძულებულია ჩაახშოს თავისი მოუთმენლობა და ვახშამს მიეძალოს!
მისდა გასაკვირად, პირველ კერძად მანაც თევზი აირჩია, ზუთხი სოკოს სოუსით.
საკმაოდ უცნაური კი იყო, სანამ ისინი თევზს მიირთმევდნენ, გოგონამ აღმოაჩინა, რომ ჩიხლაძე ერთობ სასიამოვნო მოსაუბრე ყოფილა. ნებისმიერ თემაზე შეეძლო საუბრის გაბმა და ნეილის ყოფილი თაყვანისმცემლებისგან განსხვავებით, სულაც არ გახლდათ მოსაწყენი.
უფრო მეტიც. მიუხედავად იმისა, რომ ერუდიციის დონით ნეილი საგრძნობლად ჩამორჩებოდა, ის სულაც არ უყურებდა ქედმაღლურად. არათუ ელაპარაკებოდა მას, არამედ არწმუნებდა, გამჭრიახი გონების გოგო ჩანხარ, რაც ძალიან მომწონსო.
- ცინცხალი გონებით ხართ დაჯილდოებული, - ასეთი კომენტარი დაურთო სიმონმა მის ერთ-ერთ პასუხს. შემდეგ კი შენიშნა: - ისე, ძალზე ახალგაზრდა ხართ ადმინისტრატორის თანამდებობისთვის.
- ოცდაორი წლის ვარ, - მიუგო ნეილმა, - მაგრამ უკვე დიდი გამოცდილება მაქვს ამ საქმეში. მამას სკოლის დამთავრების შემდეგ ვეხმარებოდი და ვისწავლე.
- და სულ ეს არის, რაც უნდა მითხრათ? - ჩაიცინა მამაკაცმა, თითქოს აჯავრებსო.
თვითონაც არ იცოდა, რატომ, ნეილმა გაუღიმა და გააგრძელა:
- მამამ ამათვისებინა ეს საქმე. მის ხელში ვისწავლე, რაც ვიცი. მაგრამ ეს ადრე იყო, ახლა მამას ბიზნესი აღარ აქვს.
- აბა, მომიყევით ერთი, როგორ იყო ეგ ამბავი! - და სიმონი მოსასმენად მოემზადა.
გაგრძელება იქნება
ასევე იხილეთ: