- ბედმა გაგიღიმათ, რომ ცეკვა ვიცი, - შეუტია გოგონამ, როგორც კი საცეკვაოდ გამოყოფილ ადგილს მიუახლოვდნენ. ვერ გაეგო, რატომ ჩააგონა სიმონმა მასპინძლებს, თითქოს დიდი ხანია ერთმანეთს იცნობდნენ. ფაქტია, არ სურდა გაემჟღავნებინა, რომ ისინი სულ რაღაც მესამედ ხვდებოდნენ ერთმანეთს და მეგობრებიც კი არ იყვნენ, უფრო მეტზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
მთელი საღამოს განმავლობაში სიმი უჩვეულოდ გალანტური იყო. ყველას წარუდგინა ნეილი, ვინც კი ერთი სიტყვით მაინც გამოელაპარაკა, თან ყურადღებით ადევნებდა თვალს, რომ გოგონას თეფში ცარიელი არ ყოფილიყო.
ნეილმა იცეკვა არა მხოლოდ საიმონთან, არამედ სხვა სასიამოვნო მამაკაცებთანაც. უცოლოებმა ისიც კი მიანიშნეს, რომ დიდი სიამოვნებით დაურეკავდნენ მას სხვა დროსაც, თუკი ის ამაზე დათანხმდებოდა. ამის სურვილი ერთმა ცოლიანმაც კი გამოთქვა. გოგონამ წარმატებით გაართვა თავი ყველა "მოიერიშის" შემოტევას და მომხიბვლელი ღიმილით შეძლო მათი მოგერიება.
- რამინმა და მედეამ კარგი ქნეს, რომ ქორწინების პირველი წლისთავი ასე ხმაურიანად აღნიშნეს. მარტო ცოდონი იქნებოდნენ, თუმცა მედეას მარტოობა სულაც არ ხიბლავს, - აღნიშნა ნეილის ცოლიანმა თაყვანისმცემელმა შუა ცეკვის დროს.
გოგონა მისმა ნათქვამმა ცოტათი დააბნია. მიხვდა, ეს კაცი უკვე ეჭორავებოდა სახლის პატრონებზე.
- რა თქმა უნდა, ნამდვილად სწორად მოიქცნენ, - ღიმილით წარმოთქვა ნეილმა. ამ დროს, საბედნიეროდ, მუსიკა შეწყდა და გოგონამ შეძლო აბეზარი თაყვანისმცემლისგან თავის დაღწევა.
- ვხედავ, პარტნიორების ნაკლებობას არ განიცდით, - წარმოთქვა ამ დროს საიდანღაც გამოჩენილმა სიმონმა.
ჩემი შენ გითხარიო! თვითონ წამით არ გაჩერებულა, იმდენჯერ იცეკვა და მისი გაუკვირდა? ნეილი თვალებით წარამარა დაეძებდა და ცდილობდა მის პოვნას.
და ყოველ ჯერზე, როცა ცეკვავდა, ხან გაღიმებულს ხედავდა საიმონს, ხან ვიღაცასთან მოსაუბრეს, ხანაც რომელიღაც ლამაზმანთან მოცეკვავეს.
- საათის რომელია? - შეეკითხა ნეილი, - თერთმეტამდე იქნება ალბათ, არა?
- პირველის ოცი წუთია.
- რაა? მართლა? რა დრო გასულა! - გაუკვირდა, - მე კი მეგონა, თერთმეტიც არაა-მეთქი.
- ეს იმას ნიშნავს, რომ დროს კარგად ატარებთ.
- მაპატიეთ, ვიცი, რომ ამის უფლება არ მქონდა, მაგრამ ისე გავერთე…
საიმონმა მოციმციმე თვალებში ღრმად ჩახედა.
- ღმერთო ჩემო, როგორ დაზარალდება კაცი, ვინც თქვენ ცოლად შეგირთავთ, - გაიხუმრა მამაკაცმა და როცა ნეილმა არაფერი უპასუხა, გააგრძელა, - ჩვენი წასვლის დრო ხომ არ არის?
- მე მზად ვარ. როცა იტყვით, მაშინ წავიდეთ, - მიუგო გოგონამ. სწორედ ამ დროს მათ დაახლოებით სიმის სიმაღლის მამაკაცი მიუახლოვდა.
- საიმონ, ვიცი, ახლა ამის დრო არ არის, მაგრამ რამდენიმე წუთს ვერ დამითმობ? - შეეკითხა იგი, - მნიშვნელოვანი საქმე მაქვს შენთან.
- მაპატიეთ, მე ცოტას გავივლი, - თავაზიანად წარმოთქვა ნეილმა და პასუხს არ დალოდებია, ისე გაერიდა ორივეს.
კარგა ხნის ბორიალის შემდეგ სააბაზანოს მიაგნო და ჯერ ხელები დაიბანა, მერე თმა გადაივარცხნა. საბედნიეროდ, აქ მის გარდა არავინ იყო და თავს გაცილებით მშვიდად გრძნობდა. ფიქრობდა, "რამდენიმე წუთი", ისიც "მნიშვნელოვანი საქმის" გადასაწყვეტად სადღაც ნახევარი საათი მაინც გაგრძელდებოდა, ამიტომ სააბაზანოდან გასვლა არ უჩქარია. მხოლოდ მაშინ დატოვა იქაურობა, როცა გარედან ნაბიჯების ხმა შემოესმა.
შემოსულმა ქალმა და ნეილმა ერთმანეთს გაუღიმეს.
- შესანიშნავი ბანკეტია, - თქვა უცნობმა.
- კი, მშვენიერი წვეულებაა, - დაეთანხმა ნეილი. იმედოვნებდა, რომ სიმი უკვე თავისუფალი იქნებოდა და ნაბიჯს აუჩქარა. ამასთან, მასპინძლებსაც უნდა დამშვიდობებოდა, მაგრამ ჯერ სიმი უნდა ეპოვა.
ამ ფიქრებით კიბეს მიუახლოვდა და უცებ ადგილზე გაიყინა. ქვედა საფეხურზე ის იდგა და აშკარად ვერავის ამჩნევდა მის გვერდით მდგარი ქალის გარდა, რომელმაც ინტიმური ჟესტით დაადო ხელისგული მის მკლავს.
ნეილი ქალის სახეს კარგად ვერ ხედავდა, მაგრამ ეჭვი არ ეპარებოდა, რომ საიმონს ყველაზე თბილი ურთიერთობა აკავშირებდა მასთან, რადგან კაცი ასეთი შეყვარებული თვალებით უცქეროდა. ნეილმა თავი ოდნავ გვერდზე გადახარა და… ო, ღმერთო! ეს ქალი, არც მეტი, არც ნაკლები… მედეა იყო!
დიახ! მათ რომანი აქვთ! - გაუელვა გონებაში. კი გრძნობდა, რომ სიმს რაღაც განსაკუთრებული მიზეზი ჰქონდა ნეილის აქ წამოსაყვანად, მაგრამ ასეთ რამეს როგორ იფიქრებდა? მიუხედავად იმისა, რომ სიმონი უდიდეს პატივს სცემდა რამინს, მის ცოლს მაინც ეფლირტავებოდა!
აი, თურმე რატომ სურდა საიმონს, რამინსა და მედეას სცოდნოდათ, ვითომ ის და ნეილი დიდი ხანია ერთმანეთს იცნობდნენ! არა, ეს მედეასკენ გადაგდებული ანკესი არ იყო, ამ სატყუარას რამინი უნდა წამოჰგებოდა. მხოლოდ მისთვის იყო განკუთვნილი ეს ტყუილი. სიმონს ნეილის სახით ფარდა სჭირდებოდა, რათა რამინს არ შეემჩნია, რა ხდებოდა მის ზურგს უკან!
ნეილმა იგრძნო, რომ მისმა შოკმა ადგილი სიბრაზეს დაუთმო. სწორედ ამ დროს საიმონი და მედეაც მიხვდნენ, რომ მათ ვიღაც უყურებდა. ქალი ჯერაც მის მკლავს იყო ჩაბღაუჭებული, როცა სიმი შემობრუნდა და მედეას მზერას გააყოლა თვალი. ნეილის დანახვაზე სახე შეეცვალა. გოგონამ ყინულივით მზერა შეაგება ჩიხლაძეს.
ამ დროს სწორედ ის ქალი გამოჩნდა, სააბაზანოს კართან რომ შეხვდა ნეილს და მის კვალდაკვალ კიბეს ისიც დაბლა ჩამოუყვა.
- ახლა ვაპირებდი შენს მოძებნას! - მშვიდად გამოუცხადა სიმმა.
დაგიჯერე, როგორ არა! - გულში გაეპასუხა ნეილი.
კიბის თავისკენ გაიხედა და უცებ საიდანღაც გამოჩენილი რამინი შენიშნა. როგორ გაუმართლა, ერთი წუთის წინ აქ რომ არ იყო! გოგონამ გაუღიმა მასპინძელს, გულში კი თანაუგრძნო.
- მადლობა ასეთი საოცარი საღამოსთვის. ისე უცებ გაფრინდა დრო, ვერც შევამჩნიე, - წარმოთქვა ნეილმა და რამინს ხელი გაუწოდა.
- იქნებ მოვახერხო თქვენი დაყოლიება, ცოტა ხნით კიდევ დარჩეთ?
- ცოტა ნამუსი იქონიე, რამო, არ გრცხვენია? ამ გოგომ მთელი საღამოს განმავლობაში მხოლოდ ექვი წუთი გაატარა ჩემ გვერდით, - გაიხუმრა საიმონმა, რამაც ნეილი სასტიკად განარისხა. რა სიამოვნებით გაულაწუნებდა ამწუთას!
უკანა გზაზე ერთი სიტყვაც არ უთქვამს. არადა, ძლივს იკავებდა თავს, მთელი ბოღმა არ გადმოენთხია.
- ალბათ ვერ მიტანთ, არა? - შეეკითხა სიმონი, რომელიც ზედმეტად ჭკვიანი იყო საიმისოდ, მიმხვდარიყო ნეილის მიერ კიბის თავიდან ნასროლი მომაკვდინებელი მზერის მნიშვნელობას.
- თქვენ არარაობა ხართ! - ზარივით გაისმა გოგონას პასუხი და მორჩა, მას მერე კრინტიც არ დაუძრავს. ის მაშინაც ჩუმად იყო, როცა სიმონს ეზოში შეჰყვა თავისი მანქანის გამოსაყვანად.
დაცვის ბიჭმა მაშინვე გამოუტანა გასაღები. ნეილმა მადლობა გადაუხადა და მსწრაფლ მოტრიალდა. საიმონმა გოგონა მანქანამდე მიაცილა.
- როგორც ვატყობ, არ აპირებთ მაღლა ამოსვლას და ჩემთან ერთად ყავის დალევას? - დამცინავად ჰკითხა მამაკაცმა.
- გაუფრთხილდით თქვენს ყავას, სხვისთვის გამოგადგებათ! - მიახალა ნეილმა, მანქანაში ჩაჯდა და ისე დაძრა ადგილიდან, მამაკაცს არ დამშვიდობებია…
ცუდად ეძინა. მთელი ღამე შამფურივით იტრიალა საწოლში. სულ ის კადრი ედგა თვალწინ, როგორ შესციცინებდა საიმონი თვალებში თავისი პარტნიორის ცოლს. როგორ გაბედა? ეს როგორ გაბედა? როგორ შეეძლო რომანი გაება იმ კაცის მეუღლესთან, ვისაც, როგორც თვითონ თქვა, უაღრეს პატივს სცემდა? მაგრად კი არის საცემი! უნდა ამოიდო წიხლქვეშ და უხათქუნო და უხათქუნო ნახევარი საათი! არა, მეტი! ნახევარი ცოტაა მისთვის! სიამოვნებით იკისრებდა ნეილი ამ მისიას, მაგრამ, აბა?!
სწორედ ამ ფიქრებში იყო, როცა უცებ სულ სხვა რამეს მიხვდა - იმიტომ ვერ იძინებდა, რომ სიმონზე ნაწყენი იყო!
ოპაა! აი, თურმე რა ყოფილა! ხომ გამოუტყდა თავის თავს იმაში, რასაც ხმამაღლა არ აღიარებდა? რა თქმა უნდა, განაწყენდა. ასეთი ნაძირალა არ უნდა იყო ადამიანი! თან როგორი დახვეწილი ნაძირალაა? ნეილს თითქოს არც აინტერესებდა, რამდენი საყვარელი ჰყავდა სიმს, მაგრამ განა სამართლიანად არ ეწყინა? ის ხომ გამოიყენეს! ზუსტადაც! ვიღაცის ნერვების ასაშლელად გამოიყენეს, როგორც რაღაც ნივთი, რომლითაც შეგიძლია თავი მოიწონო!.. თუმცა მას რომ უზარმაზარი ვალი აქვს ამ კაცის აკიდებული და იმ ვალს გადახდა უნდა? ამას ხომ ვერსად წაუვა? ეს ხომ ფაქტია? თავიდანვე არ გააფრთხილეს, ამგვარი "დასაქმებებით" გაგინულებთ შენს ვალსო? მძიმედ ამოიოხრა. მის მდგომარეობაში მყოფს ენა როგორ მოუბრუნდა, ჩიხლაძისთვის არარაობა ეწოდებინა და მის შემოთავაზებულ ყავაზე უარი ეთქვა? ჯერ ისიც საკითხავია, მათ შორის რომელს უფრო ეთქმის არარაობა!
- ჯერ არ გელოდი. ასე ადრე რამ აგაყენა? - სამზარეულოში შესულ ნეილს ლიზი შეეგება.
- რატომ, რა დროა, რო?
- შვიდი საათია.
- მართლა? არც დამიხედავს, ისე ავდექი. რატომღაც გამეღვიძა, - მოატყუა მეგობარი.
- როგორ ჩაიარა ბანკეტმა? კარგი იყო?
- კი, რა უჭირდა. ერთი წყვილის ქორწინების წლისთავი აღვნიშნეთ.
- საიმონ ჩიხლაძესთან ერთად იყავი?
- გამოიცანი.
- მაპატიე… შეიძლება ისე ახლოს არ ვარ შენთან, რჩევები მოგცე ან ჭკუა დაგარიგო, მაგრამ გული არ მითმენს, არ გითხრა, - გააგრძელა ლიზამ, - იმისდა მიხედვით, რაც იმ კაცის შესახებ მსმენია, შენნაირ გოგოებს საუზმეზე მიირთმევს. დიდი სურვილი არ მაქვს, მისი ლუკმა გახდე. არ დაგიმალავ და, ძალიან მომწონხარ.
უკვე ნეილმაც იცოდა, როგორი გემოვნება ჰქონდა მის დამქირავებელს - იგი უპირატესობას ლამაზ, მაგრამ გამოუცდელ გოგონებს ანიჭებდა.
- მე ვიქნები პირველი, ვისაც ის ვერ მოინელებს! _ გაიღიმა ნეილმა, - მადლობა, რომ ზრუნავ ჩემზე.
- კიდევ უნდა შეხვდე?
"ვალდებული ვარ", - ამოოხვრით გაიფიქრა გოგონამ, მაგრამ ხმამაღლა სულ სხვა რამ თქვა:
- ცოტა უცნაურია ამბავია. უკვე რამდენჯერ შევხვდი, თუმცა დღემდე ვერ გავარკვიე, რას აპირებს ჩემს ვალთან დაკავშირებით. შენთვის არ მითქვამს, დამატებით სამუშაოს რომ ვეძებ? უფრო შაბათ-კვირას დასაქმება მაწყობს.
- აი, თურმე რატომ ათვაალიერებდი იმ დღეს ვაკანსიებს! მე კი მეგონა, შენი სამსახურის მიტოვება და ახლის დაწყება გსურდა. იპოვე რამე საინტერესო?
- ერთი განცხადება ვნახე, მიმტანი სჭირდებოდათ ბარში, მაგრამ იმათ გამოცდილი სჭირდებათ, მე კი საერთოდ არ მაქვს მაგ საქმეში გამოცდილება. ამიტომ… - სწორედ ამ დროს სამზარეულოში ნია შემოვიდა და ნეილი გაჩუმდა.
- კარგი დრო ატარე? - დატანჯული ღიმილით შეეკითხა ნია, მასაც აწუხებდა ბოლო დროს უძილობა.
- მშვენიერი, - თბილი ღიმილით მიუგო ნეილმა და სააბაზანოსკენ დაიძრა.
სანამ წყალს ივლებდა, ფიქრებით კვლავ საიმონის ღალატის გარშემო ტრიალებდა და უეცრად სუნთქვა შეეკრა - ჩანთა! ღმერთო! ნიას ჩანთა სადაა? ახლაღა გაახსენდა, რომ სახლში არ მოუტანია. ნეტავ სად დარჩა? სავარაუდოდ, სიმის მანქანაში. ჰო, იქ, ნამდვილად იქ! ისე იყო გაბრაზებული, უცებ გადმოხტა მისი მანქანიდან და ჩანთა არც გახსენებია. ამიტომაც არ ახსოვდა, ბოლოს როდის ნახა იგი!
საძინებელში დაბრუნდა და სასწრაფოდ ჩაიცვა. ცდილობდა, პანიკაში არ ჩავარდნილიყო, სანამ ჩანთას იპოვიდა. ღმერთოო, რომ ვერ იპოვოს, ეს საბოლოოდ გაანადგურებს ნიას. ვერაფრით ვერ გაიხსენა, ბოლოს რა მომენტში ეჭირა ხელში. ვაითუ ტუალეტის მაგიდაზე დარჩა. ეს საშინელება იქნება. იქ ნეილის შემდეგ იმდენი ქალი შევიდოდა, ვინ იცის, რომელმა გაატანა ხელს. არა, ეს შეუძლებელია! იქ არ დატოვებდა. მაშინ ხომ არ ყოფილა შოკირებული. მისი შოკირება მერე მოხდა, იქიდან როცა გამოვიდა და მედეასა და სიმონს შეეფეთა, რამაც დააფეთა.
სრული ჩავარდნა მეხსიერებაში. რა დაემართა? რა ჭირი ეტაკა, ასეთ მნიშვნელოვან რამეს რომ ვერ იხსენებს? ბოლოს და ბოლოს, სხვისი ჩანთა ეჭირა ხელში, თანაც ჩანთა, რომელიც ასე ეძვირფასებოდა ნიას! არადა, რა იყო აქ გასაკვირი? იმდენად დასცა თავზარი ნანახმა სცენამ, ისე განრისხდა, როცა დააფიქსირა, რომ მედეასა და სიმს აშკარად ინტიმური საუბარი ჰქონდათ, რომ ყველაფერი გაუქრა მეხსიერებიდან.
საიმონის სახლიდან როგორ გამოვიდა? უბრალოდ, მხოლოდ მანქანის გასაღები აიღო და მორჩა. იმწუთას ჩანთა ხელთ არ სჭერია, იქნებ ეჭირა კიდევაც და არ ახსოვს?
ტყუილად ვიპანიკებ თავსო, გაიფიქრა და სრულიად დარწმუნებულმა იმაში, რომ ნიას ჩანთას თავისი ან სიმის მანქანის სავარძელზე იპოვიდა, ბინიდან გავიდა.
თავისი მანქანის კარი გააღო, მაგრამ ჩანთა იქ არ აღმოჩნდა. სავარძლის ქვეშაც შეიხედა, შემთხვევით ხომ არ ჩავარდაო. ყველგან შეამოწმა. არა, არსად არ იყო! ყველანაირად ცდილობდა, სიმშვიდე არ დაეკარგა, მაგრამ არ გამოსდიოდა. ნიასთვის ჩანთის დაკარგვა დიდი დანაკლისი იქნებოდა, ის ხომ საქმროს ნაჩუქარი იყო.
ალბათ საიმონის მანქანაში დარჩა. ეს კიდევ უარესი! ახლა მოუწევს მასთან დარეკვა. სულაც არ უნდა ამის გაკეთება, მაგრამ…
ოხვრა-ოხვრით აბრუნდა ბინაში. ჯერ ძალიან ადრე იყო, თანაც კვირა. ტელეფონს დაავლო ხელი და საძინებელს მიაშურა. ასეთ დროს დარეკვა არ იქნება კარგი ტონი. გამოსასვლელი დღეა, იქნებ სძინავს ადამიანს? ძილს ხომ არ დაუფრთხობს თავისი ჩანთის გამო? სიმონმა რა იცის, იმ ჩანთის პოვნა რამდენს ნიშნავს ნეილისთვის! მობილურის ეკრანი გაანათა და საათს დახედა. ალბათ, უკვე გაიღვიძებდა. აჯობებს ახლავე დარეკოს, თორემ ვერ მოისვენებს. თანაც, სანამ მარტოა ოთახში, მანამ უნდა მოასწროს, თორემ ლიზა თუ შემოვიდა, ვეღარ დარეკავს.
დაურეკა. ჩიხლაძემ არ უპასუხა. ალბათ, ისევ შუა ძილშია, _ გაიფიქრა სასოწარკვეთილმა და ჯერ მობილური მიაგდო ლოგინზე, მერე თვითონაც ზედ დაეხეთქა.
ბრაზობდა საკუთარ თავზე, სიმონზეც და საშინლად განიცდიდა, ნიას ჩანთა რომ დაკარგა. ამ დროს ლიზას ხმა გაიგონა, ჩემს ბიჭთან მივდივარ და საღამომდე ვერ მნახავთო, რასაც კარის მიხურვის ხმა მოჰყვა. ლიკა ჯერ არც ამდგარა და სავარაუდოდ, შუადღემდე იგორავებდა საწოლში. ერთადერთი ნია დაბორიალებდა აქეთ-იქით და მისი ნაბიჯების ხმა ნეილს ტვინს უბურღავდა. სინდისი ქენჯნიდა თავისი საქციელის გამო.
- ნიააა! - თავი წამოსწია და დაქალს გასძახა.
ნიამ იმწამვე შემოყო თავი ოთახში.
- ისაუზმე?
- ჯერ არა, მარტო ყავა დავლიე.
- გინდა სადმე გავიდეთ? კაფეში და ერთად ვისაუზმოთ.
გოგონას თვალები გაუბრწყინდა.
ასეც მოიქცნენ. კიდევაც ისაუზმეს და კიდევაც გაისეირნეს. შუადღეს გადასცდა, როცა შინ მობრუნდნენ.
ნეილი მაშინვე საძინებელში განმარტოვდა იმის შიშით, ნიამ ჩანთა არ მოიკითხოსო. სანამ გარეთ იყვნენ, სულ ქაქანებდა, ხან რაზე წამოიწყო საუბარი და ხან რაზე, რათა ნიას თავისი ხელჩანთა არ გახსენებოდა. ახლა თვითონ იმაზე მეტად ნერვიულობდა, ვიდრე ნია წინა დღეებში.
საათს დახედა. სამის ოცი წუთი იყო. დაიჯეროს, საიმონს მისი ზარი არ უნახავს? არც იკადრა დარეკვა. როგორ არ უნდოდა მასთან საუბარი, როგორ ჭირის დღესავით ეზარებოდა ხელახლა დარეკვა. აბა რა ექნა, გაუფრთხილებლად სახლში ხომ არ მიადგებოდა?
დარეკა და დაელოდა. იმდენ ხანს ელოდა, რომ იფიქრა, ალბათ ზარი გამორთული აქვს და არ ესმისო. გადაწყვიტა გაეთიშა, მაგრამ სწორედ ამ დროს ზუმერი შეწყდა და სიმის ხმა გაისმა:
- გისმენთ!
ნეილს გულმა უცნაურად დაუწყო ფეთქვა.
- მე… მართლა… ბოდიში, რომ გაწუხებთ… - ამ წუთამდე არ უფიქრია, რას ეტყოდა, როცა იგი უპასუხებდა და დაიბნა, - უკაცრავად, ნეილი ვარ, - განუმარტა მაინც, იქნებ ვერც მიხვდა, მე რომ ვურეკავო.
წამიერი პაუზა ჩამოვარდა და ნეილი მიხვდა, რომ საიმონმა მანამ იცნო იგი, სანამ ეტყოდა, ვინც იყო.
მობილურში სიმის ოდნავ დამცინავი ტონით ნათქვამი გაისმა:
- როგორ ხარ, ნეილ? რატომღაც, არ მეგონა, ასე მოკლე დროში თუ გავიგონებდი შენს ხმას.
- საქმე ისაა, _ აჩქარდა გოგონა, - ხელჩანთა დავკარგე. აი, წუხელ რომ მქონდა. თანაც, ჩემი არაა, ნიამ მათხოვა. მათხოვა კი არა, ძალით შემაჩეჩა ხელში, შენს კაბას მოუხდებაო. მისთვის ის ჩანთა ძალზე ძვირფასია და… - ნეილი გაჩუმდა. რა ნახა მაინც ასეთი ამ კაცში, რომ სისულეების როშვა დაიწყო? რა აბნევს ასე? - თქვენ ხომ არ გინახავთ ის ჩანთა?
- მომწვანო-მონაცრისფრო?
- დიახ, დიახ! - ნეილს იმედი მოეცა, - სად არის?
- აქ არის, ჩემთან.
- ოჰ, მადლობა ღმერთს! - აშკარა შვებით წამოიძახა ნეილმა. დაძაბულობა, რომელსაც დილიდან მოეცვა, მაშინვე გაუქრა.
- ვატყობ, ეს მართლაც მნიშვნელოვანია თქვენთვის, - თქვა სიმმა, შემდეგ კი კვლავ ირონიული ტონით შეეკითხა, - გინდათ მოგიტანოთ? ახლავე შემიძლია შემოგირბინოთ.
- არა, მე… - ნეილი დადუმდა და ღრმად ამოისუნთქა. რა თქმა უნდა, შეეძლო მისი შემოთავაზება კეთილ ჟესტად აღექვა, მაგრამ ამ კაცს, რამდენადაც ინფორმირებული იყო, არასდროს არაფერი ავიწყდებოდა. მისთვის კი ცნობილი იყო, რომ ნეილს არ სურდა თავის კორპუსთან მისი გამოჩენა.
- ხომ არ… - დაიწყო და ვეღარ გააგრძელა.
- რა ხომ არ? - გაიმეორა მამაკაცმა, რამაც ნეილი შეაკრთო.
გაგრძელება იქნება
ასევე იხილეთ: