_ მერე არ დამზარდა, წავიდა მაღაზიაში და ანალოგიური იყიდა.
_ ჩემთვის?
_ სპეციალურად შენთვის.
ნეილი მიხვდა, ამ კაცით უკვე მოჯადოებული იყო. ნუთუ ასე ხდება ეს? ასე კარგავენ თავს ქალები მისი გულისთვის? აი, ასე?
_ რა სილამაზეა ირგვლივ, _ ჩაიდუდუნა გოგონამ და ყურადღება გარშემორტყმულ პეიზაჟზე გადაიტანა: ხეები, ბუჩქები, ყვავილები, აკურატულად გაკრეჭილი მდელოები. მოკენჭილ, ციცაბო ბილიკს კი ისინი ქვემოთ, ზღვისკენ ჩაჰყავდა, რომელიც ისე ახლოს მოჩანდა, გეგონებოდა ხელს გაიწვდენდი და შეეხებოდი.
სიმი უნაკლოდ გამოიყურებოდა. ერთ სიამოვნებად ღირდა მისი ყურება. ნეილმა მხოლოდ ახლა აღიარა ეს.
სანაპიროზე გავიდნენ. საიმონმა სანდალი გაიძრო და წყლისკენ გაემართა. ნეილს გარკვეული დრო სჭირდებოდა, რათა თავის თავთან მარტო დარჩენილიყო. ღმერთო, რაც სიმმა ამ დრომდე გააკეთა, იყო მხოლოდ ერთი კოცნა ლოყაზე და დილით ხელის ჩავლება სანაპიროზე. და გოგომ უკვე თავი დაკარგა. ის განწირული იყო, ერთადერთ გულს სიმის ტყვეობიდან ვეღარ დაიხსნიდა.
მამაკაცი თითქოს მიუხვდა, მარტო დარჩენა რომ სურდა, ამიტომ მაღალი, წაწვეტებული კლდის ჩრდილში დაჯდა და ამით საჭირო თავისუფლება მიანიჭა.
ნეილი ხვდებოდა, რომ საიმონი ქალებს კარგად იცნობდა. ახლა რა ქნას? სულელური ღიმილით ხომ არ მიუჯდება გვერდით? ღმერთო, გადაარჩინე! მგონი, მან უკვე იცის, რომ ნეილზე გარკვეული ძალაუფლება უკვე მოიპოვა. არა, არა, ამას დროზე უნდა მოეღოს ბოლო!
წყალში შევიდა და ცოტა ხნით ფეხები გაიგრილა, მაგრამ გულს რა ეშველებოდა? გულს რაღა გაუგრილებდა? კვლავ ნაპირზე გამოვიდა, თავისი ესპადრილი ცალ ხელში დაიჭირა და ქვიშაზე გაიარა. როგორც კი რამდენიმე მეტრით გაშორდა სიმონს, მოოულოდნელად დაიყვირა:
_ ჩიხლაძე, მოდი, დამეწიე! _ და შურდულივით ვილისკენ გავარდა.
უკან არ მოუხედავს და არ იცოდა, გამოეკიდა თუ არა მამაკაცი.
აღმართი უფრო რთული აღმოჩნდა გასავლელად, ვიდრე დაღმართი. ბილიკი თითქოს ერთ სწორ ვერტიკალურ ხაზზე ადიოდა. მართალია, კარგი მორბენალი იყო, მაგრამ უკვე საკმაოდ დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც სკოლაში ბოლო ფინიშის ხაზი გადაკვეთა. თუმცა სიმისთვის ეს `საკმაოდ დიდი დრო~ ხომ მისაზე ბევრად `სტაჟიანი~ იქნებოდა? ამიტომ ნეილს, წესით, ვერ დაეწეოდა.
ტყუილად ეგონა, ვერ დამეწევაო. დაეწია. სწორედ მაშინ, ზეთისხილის ტოტი რომ გადასწია ადვილად გასაძრომად. მამაკაცმა ვერ დაიჭირა, მაგრამ ხელიდან ესპადრილები გამოსტაცა. როცა ნეილმა ვილამდე მიირბინა, საიმონი უკვე იქ დახვდა, კედელს მიჰყრდნობოდა ისე მშვიდად, თითქოს მთელი დღე იქ ყურყუტებდა. როგორც ჩანს, მოკლე გზით მოუარა.
_ რამ შეგაყოვნა ამდენ ხანს? _ სიტყვების გაწელვით წარმოთქვა მან.
ნეილი ცდილობდა ამოესუნთქა. ცალი ხელით ისიც კედელს მიეყრდნო და მამაკაცს გახედა.
_ შენ იაფერისტე! _ დაადანაშაულა გოგონამ სრულიად უდანაშაულოდ და თვითონვე გაეცინა თავის არაკეთილსინდისიერებაზე.
_ მოგებისთვის ჯილდოს ვითხოვ! _ გაიხუმრა სიმმა და მის გაბრწყინებულ სახეს შეხედა.
მერე კაცმა მხრებში მოჰკიდა ხელი. ღმერთო, კოცნას უპირებს! რატომ არ უწევს წინააღმდეგობას? იმიტომ, რომ შიშველ მხრებზე სითბოს შეხება თავბრუს ახვევს.
_ თუ ჯილდო გინდა, უნდა იჩქარო, _ ამოიქაქანა ნეილმა, _ სადილამდე წყლის გადავლება მინდა მოვასწრო.
_ ოჰ, ჩემო გოგო, _ თქვა სიმმა ღიმილით, _ ასეთი რაღაცების კეთებისას სიჩქარე არ მჩვევია.
როგორ ახერხებს, რომ ასე მშვიდადაა? თითქოს არ ურბენია. თვითონ ლამისაა გული ამოუვარდეს, ორთქმავალივით ქშენს, ამ კაცს კი საერთოდ არაფერი ეტყობა. არადა, უკან მოსდევდა, ფეხსაცმელიც კი აართვა ხელიდან.
საიმონმა სახე მის სახეს მიუახლოვა. ნეილმა ნერწყვი გადაყლაპა და თვალები დახუჭა.
იგრძნო მისი სიახლოვე, მისი სხეულის შეხება თავის ტალღასავით აზვირთულ მკერდზე. დარწმუნებული იყო, მამაკაცი ახლა ტუჩებზე წაეტანებოდა… და უცებ მისი თბილი ტუჩების ინტიმური შეხება ყელზე იგრძნო. ფეხები მოეკეცა, მაგრამ უეცრად ყველაფერი გაჩერდა. საიმონმა უკან დაიხია.
_ ამ ქუდქვეშ აშკარად არ არის საკმარისი ადგილი ორისთვის, _ აუღელვებლად შენიშნა მან.
ნეილი შეეცადა იმავე ტონით ელაპარაკა.
_ აქ რომელ საათზე სადილობენ? _ შეეკითხა, თუმცა ამწუთას სადილი ყველაზე ნაკლებად ადარდებდა, თან შეუმჩნევლად ამოწმებდა, შეძლებდა თუ არა ფეხზე მყარად დადგომას, თუ კედელს მოშორდებოდა.
_ დაახლოებით ნახევარ საათში, _ მიუგო სიმონმა და კარი ფართოდ გააღო, _ ზუსტად გეყოფა დრო შხაპის მისაღებად.
ზევით ერთად ავიდნენ. როცა ნეილის ოთახის კართან შეჩერდნენ, მამაკაცმა ესპადრილები გაუწოდა.
_ შეხვედრამდე, _ დაემშვიდობა ოთახში შესული გოგონა და კარი ცხვირწინ მიუხურა.
ღმერთო, რა კაცია! თავაზიანი, დახვეწილი, მომნუსხველი.
ნაზად მიიდო ხელი ყელზე იმ ადგილას, სადაც მისი ტუჩები შეეხო.
საბოლოოდ მაშინ გამოერკვა, როცა სააბაზანოდან გამოვიდა და ატმისფერი სარაფანი ჩაიცვა.
სამივე ადგილზე დახვდა, როცა ფართო, ელეგანტურად მოწყობილ სასტუმრო ოთახში შევიდა.
_ ნეილ, რას დალევთ? _ თბილი შეეკითხა რამინი, როცა გოგონა მათ შეუერთდა.
_ თუ შეიძლება რამე ისეთი, რისი წრუპვაც შეიძლება და წყურვილსაც მომიკლავს, _ უპასუხა და რაღაც მექანიზმებით იმ ადგილის შორიახლოს აღმოჩნდა, სადაც საიმონი იდგა. შეეცადა განზე გამდგარიყო, მაგრამ სწორედ ამ დროს სიმმა რბილად შეახო ხელი და გააჩერა.
_ აქ დაჯექი, _ დივანზე მიუთითა.
ნეილმა ჯერ იქით გაიხედა, სადაც რამინი და მედეა ისხდნენ, მერე კი საიმონის მითითებული ტახტისკენ დაიძრა.
_ აქ ისეთი სიმყუდროვეა, ისეთი სიმშვიდე, _ თქვა გოგონამ და მასპინძელს მადლობა გადაუხადა ცივი სასმლისთვის, რომელიც იმწუთას მოუტანა.
_ ჩვენც მოგვწონს აქ, _ უპასუხა რამინმა. მერე კიდევ უმნიშვნელო რაღაცებზე ისაუბრეს მანამ, სანამ ტიმონა შემოვიდოდა. მოსამსახურემ სტუმარ-მასპინძელი სადილზე მიიწვია.
საუბარი სუფრასთანაც გაგრძელდა. მედეამ გამოაცხადა, აქ იმისთვის ვარ ჩამოსული, ვიუსაქმუროო და ისე მოეწონა თავისი ნათქვამი, სიცილით მოკვდა.
ნეილი შესცქეროდა ქალს და ვერ გაერკვია, მოსწონდა თუ არა იგი. მთავარი ის იყო, რომ სულაც არ სურდა მომდევნო დღე აუზის სიახლოვეს გაეტარებინა მის გვერდით, სანამ მამაკაცები ათენიდან დაბრუნდებოდნენ. რა თემაზე უნდა ელაპარაკა მასთან? რა ჰქონდათ ერთმანეთთან საერთო? თითქმის არაფერი.
_ სრულიად უსაფრთხო ადგილია, აქ არაფრის შიში არა აქვს ადამიანს.
_ ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ხვალ კუნძულს დავათვალიერებ, _ გამოაცხადა მოულოდნელად ნეილმა და სიმს გადახედა, თითქოს მისგან ნებართვას ელისო.
_ შლაპა არ დაგავიწყდეს! _ შეახსენა მამაკაცმა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ის თანახმა იყო.
ნეილმა იგრძნო, უმიზეზოდ ყურებამდე როგორ გაწითლდა. ამის გამო ახსნას შეუდგა:
_ სიამონმა ქუდი მიყიდა. _ და ეს ისე თქვა, თითქოს თავს იმართლებდა. ნეტავ მიწა გასკდომოდა და თან ჩაეტანა თავისი მოუხერხებლობის გამო, მაგრამ სიმს შეუმჩნეველი არ დარჩენია მისი მდგომარეობა, თავისი ნაცრისფერი თვალებით თბილად შეხედა და…
_ თანაც როგორ გიხდება! _აღნიშნა.
ნეილმა მამაკაცს გახედა და როცა მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა, უეცრად აღმოაჩინა, რომ სულაც არ სურდა მისთვის თვალის არიდება. ღმერთო! მისი გამოხედვა და სიტყვები ამწუთას გაცილებით უფრო ინტიმური იყო, ვიდრე ოდესმე.
_ ამას იმიტომ მეუბნები, რომ სირბილში გამასწარი და მაჯობე?
ეს რა დააბრეხვა! რა უტაქტოდ იქცევა, რა ემართება? მორჩა, არც ერთი სიტყვა მეტი!
სიმონს მზერა მაინც აარიდა და უეცრად შეამჩნია, როგორ თბილად მისჩერებოდა რამინი. როგორც ჩანს, მასპინძელს სიამოვნებდა, რომ მას და სიმს ასე კარგი, მშვიდი, დაუძაბავი ურთიერთობა ჰქონდათ.
ჰო, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ გარედან ჩანდა ასე. აბა, ერთი ნეილისთვის გეკითხათ?!
მხნეობა მოიკრიბა და მთელი ყურადღება ხილის სალათაზე გაამახვილა, უგემრიელესიაო, შეაქო. არადა, აშკარად დაიძაბა. არ იცოდა, ამ ყველაფერზე რას ფიქრობდა მედეა. რატომ ანერვიულებდა ეს ასე? მისთვის რა მნიშვნელობა ჰქონდა? ნუთუ არ დაიღალა ამდენი ხანი ამ უპასუხო კითხვებით _ როგორ და რატომ? სიმმა აქ მოიყვანა როგორც თავისი მეგობარი ქალი, ამიტომაც ყველას გააგებინა, რომ მეგობარმა კაცმა მეგობარ ქალს შლაპა უყიდა და ისიც დაამატა, რომ მასთან ერთად `გასწრებობანას~ თამაშობდა `ხანდახან~. ამით ხაზი გაუსვა იმას, რომ მართლა ურთიერთობდნენ. სიმსაც ეს არ უნდოდა? რატომ იძაბება? რა ბორკავს ასე?
სადილი გაჭიანურდა, თუმცა ბოლოს ნეილი მიხვდა, რომ სიმონსა და რამინს განმარტოება სჭირდებოდათ, რათა მოგვარებული თუ მოსაგვარებელი ბიზნესის დეტალები განეხილათ.
ეს მისთვის სადილის შემდგომ გაქრობის შესანიშნავი შესაძლებლობა იყო. რაღაც უცნაურად გრძნობდა თავს. არა, ჯანმრთელობას კი არ უჩიოდა. შეუძლოდ ნამდვილად არ იყო. უბრალოდ, აჟიტირებული გახლდათ. თანაც საკმაოდ. თითქოს რაღაც ხდებოდა მის ცხოვრებაში, რაც მის კონტროლს არ ექვემდებარებოდა. რაღაც სასიამოვნოში შერწყმული საშიში რამ. ეს კი არ მოსწონდა.
_ თუ არავინ იქნება წინააღმდეგი, წავალ, დავიძინებ, _ გამოაცხადა, როცა სუფრიდან ყველა წამოიშალა. შეამჩნია, რომ სწორედ ამ დროს მედეამ სწრაფი მზერა შეავლო.
გოგონამ სამივეს ღამე მშვიდობისა უსურვა და უკვე ნახევარი კიბე ავლილი ჰქონდა, როცა მიხვდა, რომ დასაძინებლად მისი ასე ადრე წასვლა შეიძლება ცოლ-ქმარს უჩვეულოდ მოსჩვენებოდა. ის ხომ სიმის შეყვარებულის როლში მოიაზრებოდა. მათ, წესით, რომანი უნდა ჰქონოდათ.
ოხ, ჯანდაბა! რა რომანი, რის რომანი! მაგრამ სხვების თვალის ასახვევად ხომ ასე უნდა ყოფილიყო? და ცალ-ცალკე საძინებელი რომ აქვთ? მერე რა? იმ სამყაროში, სადაც სიმი, რამინი და მედეა ცხოვრობენ, ცალკე საძინებლის ქონა არაფერს ნიშნავს. გარდა ამისა, ასეთ ცხელ კლიმატში ადამიანებს ცალ-ცალკე ძილი ურჩევნიათ. ამაში არაფერია გასაკვირი და მიუღებელი.
არადა, სულაც არ ეძინებოდა. იმდენი მოუსვენარი ფიქრი დაეხვია, ძილს რომელი ერთი დააცდიდა! ტუმბადან წიგნი აიღო, სავარძელში მოკალათდა და კითხვა დაიწყო.
ამაოდ! საყვარელმა მწერალმაც ვერ უშველა. მანაც კი ვერ მოახერხა ნეილის ყურადღების მიპყრობა. სამი გვერდი ძლივს ჩაამთავრა და იძულებული გახდა, მესამე თავიდან გადაეკითხა, რადგან აზრი ვერ გამოიტანა. ფიქრები სადღაც სხვაგან, შორს მიაფრენდნენ.
არა, მას არ სურდა სიმთან ინტიმური ურთიერთობა. ჯანდაბა! მას არც შემოუთავაზებია ეს! ჯერ კიდევ აქ ჩამოსვლამდე, როცა უხეშად მიახალა, შენთან დაწოლას არ ვაპირებო, მამაკაცმა მოკლედ მოუჭრა, განა მე გთხოვეო? დამპალი!
უეცრად ხმები შემოესმა. სმენა დაძაბა. კიბეზე ნაბიჯების ხმა ისმოდა. მხოლოდ ნაბიჯების და არა ლაპარაკის. აი, ისინი ახლოვდებოდა. უფრო და უფრო, კიდევ. კიდევ… წიგნი გვერდზე გადადო. მთელი სხეული დაეჭიმა. ნაბიჯების ხმა მის საძინებელს არ გასცილებია, ზედ კართან მიწყდა. იცოდა, ვინც იყო. იცოდა…
საიმონმა დააკაკუნა. ეს პროგრესია! ადრინდელივით გაუფრთხილებლად არ შემოეჭრა, თავაზიანად დააკაკუნა.
ნეილი წამოდგა და კარის გასაღებად გაემართა.
ის იყო. გული უმოწყალოდ აუბაგუნდა.
_ ძილის წინ ზღაპრები არ მჭირდება! _ მკვეთრად წარმოთქვა იმ შემთხვევისთვის, თუ ცდებოდა და შეიძლება მომხდარიყო ის, რის შესახებაც დედა მოზარდობიდან აფრთხილებდა.
თუ ამის მცდელობას ექნებოდა ადგილი, კარს დაკეტავდა. მაგრამ სიმი ისე შემოვიდა ოთახში, არც უკითხავს, შეიძლება თუ არაო. კარიც თვითონ მიხურა. ის იყო, ნეილმა თავდასხმის მოლოდინში თავდაცვაზე გადასვლა დააპირა, რომ მისი გამეხებული სახის დანახვაზე საიმონს სიცილი აუტყდა. გოგონას გულმა ბაგუნს უმატა. მომზადებული რეპლიკები, რომლის თქმასაც თავდასხმის შემთხვევაში აპირებდა, სადღაც გაუფრინდა.
_ კიდევ არ გძინავს? _ შეეკითხა მამაკაცი და ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ გოგონა ჩაცმული იყო.
_ უკაცრავად, არ მიფიქრია, თუ შემოივლიდი, _ ცივად წარმოთქვა სიტყვები, რომლებიც გონების შორეული სიღრმიდან მოდიოდა.
ჩიხლაძემ გამომცდელად შეათვალიერა. მისი მზერიდან გამომკრთალი მხიარული ნაპერწკლებით ნეილი მიხვდა, წეღან ასე გულიანად რამაც გააცინა.
_ ოხ, ნეილ! შენ არაჩვეულებრივი ქალი ხარ. უდავოდ არაჩვეულებრივი. გეყო გაბუსუნება. _ მის თვალებში ჩამდგარმა სიცილმა თბილ ღიმილს დაუთმო ადგილი, _ უბრალოდ, შემოგიარე, რათა მეთქვა, რომ მე და რამინი დილით ძალიან ადრე გავდივართ, სანამ ქალები ადგებით. მინდა დღის სასიამოვნოდ გატარება გისურვო. სულ ესაა.
_ უშენოდ? შევეცდები. _ თითქოს უდარდელად გაიხუმრა, მაგრამ ვაი ამ უდარდელობას, ვაი ამ ხუმრობას.
მამაკაცს ტუჩის კუთხეები ოდნავ შეუტოკდა.
_ არაჩვეულებრივი ქალი ხარ, _ გაიმეორა კიდევ ერთხელ.
_ საწოლში მაინც არ ჩაგიხტები!
საიმონმა თვალები მოწკურა. მერე საჩვენებელი თითი საკუთარი ცხვირის წვერს შეახო. მერე ის თითი ნეილის ცხვირის წვერთან მიიტანა და მსუბუქად გაუსვ-გამოუსვა. ამ შეხებამ ნეილი სულის შეძვრამდე ააღელვა. უნდოდა რაიმე უხეში ეთქვა, ცოტა თავხედური, მაგრამ ვერაფერი მოიფიქრა. გარდა ამისა, აღელვებისგან პირი გაუშრა და რომც ეცადა, კრინტს ვერ დაძრავდა.
_ არ ვიცი, რა დროს დავბრუნდებით, _ თქვა მან და ნეილი მოულოდნელად მიხვდა, მამაკაცი იმაზე მგრძნობიარე იყო, ვიდრე ეგონა.
_ კარგად ვიქნები, არაფერი მომივა, _ პასუხის გაცემისას ხმა ჩაეხრინწა.
აი, თურმე რატომ გადაწყვიტა ძილის წინ მისი მონახულება _ ენუგეშებინა, თუკი მას ეს სჭირდებოდა.
_ მეც ასე მგონია.
_ თუ დაღამებამდე არ მოხვედი, უნდა ვინერვიულო? _ შეეკითხა.
_ შეგიძლია, _ რბილად უპასუხა საიმონმა, მხრებში ჩაავლო ხელები და მოიზიდა. ნეილი არ შეწინააღმდეგებია, მან კი ნაზად აკოცა ტუჩებში.
მერე მოშორდა. ნეილი თვალს არ აშორებდა, შესაფერის სიტყვებს ეძებდა, მაგრამ ვერა, ვერ მოუყარა თავი. იცოდა, რომ ჩიხლაძის კოცნა არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეეფასებინა, როგორც ცდუნების მცდელობა, თუმცა მოულოდნელად მაინც იგრძნო იგი. მის სხეულს ასე სურდა და იმიტომ. მის გონებასაც ასე სურდა და იმიტომ. მის გულსაც, სხვათა შორის.
_ ღამე მშვიდობისა, _ წარმოთქვა მამაკაცმა.
_ ღამე მშვიდობისა, _ უპასუხა გოგონამაც და გაუხარდა, როცა სიმი წავიდა.
მხოლოდ ერთი ნაზი კოცნა და ნეილი უკვე თავის თავს არ ჰგავდა, მოუსვენრობამ შეიპყრო. ახლა რომ ამ დღეშია, რა დაემართება, ერთ ჩვეულებრივ დღეს სიმმა არაჩვეულებრივად რომ აკოცოს? ისე, როგორც შეყვარებული მამაკაცები კოცნიან შეყვარებულ ქალებს?
მეორე დილით, როდესაც ნეილი სასეირნოდ გავიდა, საიმონის ნაზ კოცნაზე ფიქრი გონებიდან არ შორდებოდა. რა თქმა უნდა, ეს კოცნა ჩიხლაძისთვის არაფერს ნიშნავდა. გოგონას აზრით, სიმის წრის ადამიანები სულ ასე კოცნიდნენ ერთმანეთს, ოღონდ საიდან მოიტანა ეს აზრი, თვითონაც არ იცოდა. სინამდვილეში, არაფერშიც არ იყო დარწმუნებული. უნდა ეღიარებინა, რომ საკუთარი ნების წინააღმდეგ, მას სულ უფრო და უფრო იზიდავდა საიმონი. როცა მბრძანებლური ტონით არ ელაპარაკებოდა, საყვარელიც კი იყო.
როგორც ჩიხლაძემ გააფრთხილა, ზუსტად ისე მოხდა. ის და რამინი დილაუთენია გავიდნენ ვილიდან. მედეას და ნეილს ჯერ კიდევ ეძინათ. საუზმობამ მარტოკას მოუწია, მისი აღმატებულება მედეა გაღვიძებას, როგორც ჩანს, გვიანობამდე არ აპირებდა. ნეილმაც ხელით ანიშნა ტიმონას, რომ სასეირნოდა გადიოდა და გზას დაადგა.
გასეირნება იმდენად სასიამოვნო აღმოჩნდა, რომ შუადღემდე გაუჭიანურდა. ვილაში დაახლოებით ორი საათისთვის დაბრუნდა და მხოლოდ მაშინ დააფიქსირა, რა ძლიერ უცემდა გული. გრძელი გზის ფეხით გავლას დააბრალა, თუმცა როგორც კი გაიგო, რომ სიმი და რამინი ჯერაც არ დაბრუნებულიყვნენ, გულისცემა თანაბარი გაუხდა.
გაგრძელება იქნება
ასევე იხილეთ: