სოფო ნიჟარაძე შვილის, უსაყვარლესი ელის-მარიას ფოტოებსა და ვიდეოებს სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს და საზოგადოების მხრიდან ყოველთვის უამრავ თბილ კომენტარს იმსახურებს. როგორც სოფომ ამჯერად ლელა წურწუმიას გადაცემაში სტუმრობისას აღნიშნა, ელის-მარიას, დედის მსგავსად, მუსიკალური მონაცემები აქვს და ხშირად მღერის:
"თავიდან ვფიქრობდი, რომ არ ჰქონდა სმენა. სულ მეჩხუბებოდნენ, რა იცი, 2 წლის ბავშვზე რა შეამჩნიეო. დედაჩემი მეუბნებოდა, რომ ამ ასაკში მე უკვე ვმღეროდი... მერე დედამ მითხრა, არა, გატყუებდიო.
ხომ იცი, რომ ამბობენ, სიმღერა უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე ლაპარაკიო, ამის მოლოდინი მქონდა ჩემი შვილისგან.
ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა. აღმოჩნდა, რომ აქვს სმენა, რადგან ყველაფერს ძალიან სწორად ჰყვება, იმ მელოდიებს, რასაც თვითონ უსმენს. რაც შეეხება ჩემს სიმღერას, მეუბნება – შენ არა, სოფო, მე. თვითონ უნდა, რომ იმღეროს და მე არ მამღერებს“ - თქვა სოფო ნიჟარაძემ.
სოფომ სამწლიანი პაუზისა და სცენაზე დაბრუნების შესახებაც ისაუბრა:
"სამი წელი გავიდა, რაც სცენაზე აღარ ვმდგარვარ. მართლა არ ვიცი, როგორ ავხსნა სცენაზე დაბრუნების შეგრძნება, იმდენად ვინერვიულე. სულ ვკანკალებდი. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო, რომ არაფერი დამვიწყებოდა. მოლოდინიც იყო, როგორი დაბრუნება იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ადრეც ვნერვიულობდი ხოლმე სცენაზე გასვლის წინ, ამ შემთხვევაში ეს ემოციები სხვანაირი იყო" - აღნიშნა მან.