სახლში არავინ იყო, როცა საღამოს ბინაში დაბრუნდა და მაშინვე დედას დაურეკა.
- უსაფრთხოდ და უვნებლად ჩამოვედი, - უპატაკა ციცის.
- ხომ კარგად ხარ, დედი? მე და მამას მოგვეჩვენა, რომ ზედმეტად ჩუმად იყავი. რამე ხომ არ გაწუხებს და გვიმალავ?
ღმერთო, ნეილს ყველაზე ნაკლებად რაც სურდა, ის იყო, რომ დედ-მამას მის გამო არ ენერვიულა!
- რა შემატყვეთ ასეთი, კი მაგრამ! გადასარევად ვარ! - გააპროტესტა. - არ ინერვიულოთ! სიცოცხლე მშვენიერია, - უდიდესი ენთუზიაზმით წარმოთქვა.
როცა დედასთან საუბარს მორჩა, თავის ოთახს სრულიად სასოწარკვეთილმა მიაშურა. დიახ, სიცოცხლე მშვენიერია, თუ ვინმე გიყვარს და იცი, რომ ვეღარასდროს ნახავ. იმის გათვალისწინებით, რომ მან საიმონის მანქანა მოიპარა (ნამდვილად გააკეთა ეს?), აღარაფრის იმედი აღარ ჰქონდა.
მეორე დღეს, სამშაბათს, როდესაც ნეილი სამსახურიდან შინ საშინელი განწყობით დაბრუნდა, ჰოლის პატარა მაგიდაზე დახვდა იმის მტკიცებულება, რომ საიმონი სამუდამოდ არ დარჩენილა საგურამოში, სადაც მან მიატოვა.
დასტური იმისა, რომ მამაკაცმა "მოახერხა" თბილისში ჩამოსვლა, იყო წერილი, რომელიც ბინაში დახვდა. უფრო სწორად, არა წერილი, არამედ კონვერტი, რომელიც მის სახელზე იყო გამოგზავნილი.
- როგორ ხარ? - მოიკითხა ნია და ლოყაზე აკოცა. სახლში მის გარდა არავინ იყო. სურდა მისთვის ეკითხა, ვინ მოიტანა წერილი, მაგრამ ნია საშინლად დათრგუნული ჩანდა და თავი შეიკავა.
- დღეს ერთი იმ დღეთაგანი იყო, რომელმაც უკან, ტკივილისკენ გადამისროლა, - სევდიანად ამცნო გოგონამ და მზერა კონვერტზე გადაიტანა, რომელიც ნეილს ჯერ კიდევ ხელში ეჭირა, - ნახე? კურიერმა მოიტანა. კაი ტიპი იყო ძაან, - სასხვათაშორისოდ დაამატა.
ნეილმა თანაგრძნობით შეხედა. მისი მეგობრის სულიერი მდგომარეობა წარამარა იცვლებოდა: ორი ნაბიჯი წინ, ერთი ნაბიჯი უკან.
- მაინც ბევრად უკეთ გამოიყურები, ვიდრე ადრე, - გაამხნევა ნეილმა, - კიდევ ხომ არაფერი უთქვამს კურიერს?
ნიამ უარყოფის ნიშნად თავი გადააქნია.
- გამოვიცვლი და დავბრუნდები შენთან სასაუბროდ. - გაუღიმა გოგონას და სამზარეულოდან გავიდა.
მაგრამ უკან მიბრუნების ყოველგვარი აზრი გაუქრა, როცა საძინებელში შესულმა კონვერტი გახსნა და ფურცელი ამოიღო. ეს იყო არა წერილი, არამედ… ანგარიში, ჩეკი. სარემონტო ხარჯები "ბმვ"-ს შეკეთებაზე. საწოლზე დაეშვა. ეს ალბათ შეცდომაა. რა თქმა უნდა! მას არ უნდა მიეღო ეს. ნეილმა ბოლომდე ჩაიკითხა. ხარჯების ნუსხა საიმონისთვის იყო განკუთვნილი, მისთვის გამოეგზავნათ. მან კი ნეილთან გადმოამისამართა! კონვერტს უაზროდ დასჩერებოდა. თანდათან სიგიჟე იპყრობდა, კივილი მოუნდა.
ნაძირალა! ამაზრზენი ბოროტმოქმედი! სწორედ მან - სიმონ ჩიხლაძემ გამოუგზავნა ეს ჩეკი! თან ისე, რომ ერთი სიტყვაც არ მოსწერა! არადა, ეგონა, რომ უკვე ყველაფერი მოგვარებული იყო!
როგორ ბედავს ასეთ რამეს? მან ხომ იცოდა, რომ ნეილს არ შეეძლო ამხელა თანხის გადახდა?! და ხომ გაუქვითა უკვე ყველა ვალი? თვითონ არ უთხრა, რომ წვეულების შემდეგ მისი ვალი გადახდილი იქნებოდა? რა ნეილის ბრალია, თუ წვეულება ჩაიშალა? სწორედ მან, საიმონმა გააფუჭა ის ორი დღე და არა თვითონ. აი, შედეგიც - ისიამოვნეთ!
წავიდეს, ერთი მაგისი! ნეილი ისე იყო განრისხებული, რომ ჩეკი ნაკუწებად აქცია და უნიტაზში ჩარეცხა. როგორ შეეძლო?
ნუთუ მან ეს სერიოზულად გააკეთა?
საპირფარეშოდან გამოსულმა ნიას დაჟინებული მზერა იგრძნო. ღმერთო ჩემო! სულ გადაავიწყდა ეს გოგო.
- რამე მოხდა, ნეილ? - ჰკითხა ნიამ. ნეილი მიხვდა, რომ მის სახეზე იმაზე მეტი ემოცია იკითხებოდა, ვიდრე თავად წარმოედგინა.
- არა… არა, არაფერი, - ნაძალადევი მხიარულებით მიუგო, შემდეგ კი ღიმილით დაამატა, - უბრალოდ, ახლა გამახსენდა, რომ… დარეკვა დამავიწყდა.
- ყავას მოვადუღებ ორივესთვის, - შესთავაზა ნიამ და როგორც კი სამზარეულოში გავიდა, ნეილი ისევ თავის ოთახში შებრუნდა.
რა დარეკვა, რის დარეკვა. მისი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, სიმთან არასდროს დარეკავდა. დაე, უჩივლოს ამ ვალის გამო!
სასამართლო? მშვენიერია! „თქვენო ღირსებავ, ვიფიქრე, რომ კვირა-ორშაბათს მასთან ერთად ქალაქგარეთ წავიდოდი, ჩემი ვალი გაბათილდებოდა“. - ასე ეტყვის მოსამართლეს. წავიდეს და უყაროს საიმონმა მერე კაკალი! პრესა როგორ აიტაცებს ამ ფრაზას! გადაჭრელდება ჟურნალ-გაზეთები და მოეჭრება ჩიხლაძეს თავი! მაგრამ თუ მისი მშობლებიც წაიკითხავენ სასამართლო პროცესის დასკვნას გაზეთებში, მაშინ? მაშინ ვის მოეჭრება თავი? ვაი, სირცხვილო! - ამის წარმოდგენაზე დაიკვნესა. გარდა ამისა, იმასაც კარგად ხვდებოდა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ეს "ანგარიშიანი ნაძირალა" ისევ ისე უყვარდა.
მობილური აიღო და დარეკა. როცა მისი "გისმენთ" გაიგონა, ფეხები აუკანკალდა. კიდევ კარგი, საწოლზე იჯდა.
- ეს რა მოიფიქრე, ჩიხლაძე, ჩეკთან დაკავშირებით? - შეუტია.
- რა სასიამოვნოა, რომ დარეკე, ნეილ, - ალერსიანად უპასუხა მან.
მაგრამ მის ტონს ნეილი არ წამოეგო.
- მე ამ თანხის გადახდას არ ვაპირებ! - გაცეცხლებულმა გამოუცხადა.
მობილურში სიჩუმე გაბატონდა.
- იქნებ ჯობია შემოგიარო ამ საკითხის განსახილველად? - დათაფლული ხმით იკითხა საიმონმა.
გაიძვერა! უბრალოდ, გაიძვერა!
- ხომ იცი, რომ ამის უფლება არ გაქვს! - გაუპროტესტა.
- მაშინ ჩემთან მოგიწევს მოსვლა, - გაწელილად წარმოთქვა აშკარად კმაყოფილმა სიმმა და ბრძანების ტონით დაამატა, - მთელი საღამო შინ ვიქნები.
ნეილმა გამბედაობა მოიკრიბა, რათა თავაზიანად ეთქვა, რომ ის ამას ვერ ეღირსებოდა, მაგრამ ტელეფონში უკვე წყვეტილი ზუმერი ისმოდა.
სულ კარგად ბრძანდებოდე, საზიზღარო ჩიხლაძე! არა, ის არ აპირებს მასთან წასვლას. წყეულიმც იყოს, თუ წავიდეს!
წასვლამდე ტანსაცმელი ორჯერ გამოიცვალა. ამჯერად ბაცი ვარდისფერი კაბა შეარჩია, რომელიც განსაკუთრებულად უხდებოდა. რვა საათი ხდებოდა, როცა საიმონის სახლთან დაამუხრუჭა.
დღესაც ბენო მორიგეობდა. ბიჭმა მანქანის გასაღები სთხოვა, რათა იგი გარაჟში შეეყვანა, მაგრამ ნეილმა უარი უთხრა, სულ რამდენიმე წუთით დავრჩები, ამიტომ ამის საჭიროებას ვერ ვხედავო. მართლა არ აპირებდა დიდხანს დარჩენას. ეს მტკიცედ გადაწყვიტა.
- ბატონი საიმონი გელოდებათ, ქალბატონო ნეილ, - თავაზიანად დაუკრა დაცვამ თავი და კარამდე მიაცილა.
თავდაჯერებული და მბრძანებლური! ჰმ! გაგრია! - სიბრაზისგან ნეილი ერთიანად დუღდა, თან დინჯი ნაბიჯებით მიუყვებოდა მეორე სართულზე ამავალ კიბეს. გელოდებაო. კი, როგორ არა! ელოდება! რისთვის? იმისთვის, რომ დასცინოს? თუ ისევ გარიგება სურს შესთავაზოს? ვერ მიართვეს! ახლა უკვე აღარაფერს დათმობს ნეილი! ნეტავ რატომ იყო ასე მტკიცედ დარწმუნებული, რომ მოვიდოდა? რა, ჯადოქარია თუ ნათელმხილველი? არა, არ უნდა მოსულიყო! კიდევ ერთხელ აყირავდა ყინულზე! ბოლოს და ბოლოს, არ უნდა ისწავლოს გამართულად სრიალი? უკვე მერამდენედ დაეცა და, როგორც ჩანს, მალე ისევ მოუწევს. თან, სავარაუდოდ, ისე მოუწევს, რომ ფეხზე ვეღარც დადგება!
თუმცა ავიდა თუ არა მეორე სართულზე, იგრძნო, რომ სიბრაზე უცაბედად დაუცხრა. ნეტავ რატომ?
ჯანდაბა! სულაც არ უნდოდა მისი ნახვა. სულაც არ უნდოდა აქ მოსვლა, მაგრამ მოვიდა. მოვიდა, რადგან აღმოჩნდა, რომ მისი პრობლემები ბოლომდე არ ყოფილა მოგვარებული. ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოუღოს ბოლო ამ მდგომარეობას.
კართან შედგა. რამდენიმე წამით შეყოვნდა, რათა თავი ხელში აეყვანა, მერე კი გაბედულად დააკაკუნა.
კარი ისე სწრაფად გაიღო, გაოცებული დარჩა. ნუთუ კარს უკან იდგა და ელოდებოდა?
- რა გვიან გააღე, საათია ვაკაკუნებ, - დამცინავი ღიმილით წარმოთქვა და ამაყად თავაწეულმა მამაკაცს გვერდი აუარა.
ეგონა, საიმონი ეტყოდა, თავხედი ხარო, უყვირებდა, გამოლანძღავდა ასეთი უტიფრობისთვის, მაგრამ მას კრინტიც არ დაუძრავს, ისე გაატარა წინ.
ამან დააფრთხო. სიმი მისი მისამართით ცინიზმს არასდროს იშურებდა, ამ მხრივ უჯოკრავდა კიდევაც ნეილს, თითქოს სხვისი დაცინვა მისი მეორე "პროფესია" ყოფილიყო, მაგრამ ამჯერად თავი შეიკავა. რა ხდება? მამაკაცი უხმოდ იდგა, ერთი სიტყვაც არ წარმოუთქვამს, მხოლოდ დაჟინებით შესცქეროდა გოგონას თავისი არაჩვეულებრივი თვალებით. ღმერთო, როგორ უყვარდა ეს კაცი! ნეტავ სცოდნოდა, როგორ უყვარდა!
- დაჯექი! - როგორც იქნა, ერთი სიტყვა თქვა.
- არა, დასაჯდომად არ მოვსულვარ. დიდხანს დაყოვნებას არ ვაპირებ.
- მე რა, შემოგთავაზე ეს? - ბოლოს და ბოლოს, გამოიყენა თავისი ირონია მამაკაცმა.
ნეილმა კვლავ იგრძნო, როგორ აიტანა სიბრაზემ. ამ მომენტამდე დაჯდომას არ აპირებდა, მაგრამ მუხლები ისე აუკანკალდა, დივანზე გვერდულად ჩამოჯდა, ემანდ არ წავიქცეო.
- დალევ რამეს? - სიმი თვალებში ჩააშტერდა.
- რამეს არა, - გაბუტული ხმით უპასუხა.
- კონიაკს? - გაეცინა მამაკაცს.
- არა, გმადლობ, - თავი გააქნია.
ნეტავ თვითონ რატომ არ ჯდება? რას მიშტერებია? მისი აზრების წაკითხვა განუზრახავს? აჰა! გვერდით მიუსკუპდა. მერედა რატომ? აგერ არ არის სავარძელი? რაღა მის გვერდით დაჯდა?
მაშინვე გვერდზე გაიწია, რომ მასთან სიახლოვეს მორიდებოდა.
- როგორც მივხვდი, ჩვენი საუბარი ჩემს გადაუხდელ ვალს შეეხება, არა? - მაშინვე შეტევაზე გადავიდა გოგონა.
- სხვანაირად არ გამოდიოდა, - გულგრილად დაეთანხმა სიმონი.
მისმა პასუხმა უარესად გააცეცხლა. როგორ შეეძლო ასეთი გულცივი ყოფილიყო, როცა იცოდა მისი მდგომარეობა? რატომ ექცევა ასე?
- მაგრამ შენ ხომ შემპირდი, როცა საგურამოში წასვლაზე დაგთანხმდი, ჩემი ვალი არ გექნებაო? - დაძაბული შეეკითხა.
- ა, ეეგ? - მამაკაცმა მხრები აიჩეჩა, - ახლა ამას არ განვიხილავთ.
გოგონა გაოგნებული მიაჩერდა.
- ერთი წუთით… შენ არ გამომიგზავნე მანქანის რემონტის ჩეკი დღეს? თუ არ გამოგიგზავნია?
- სხვანაირად აქ ვერ მოგიტყუებდი.
ნეილს ლაპარაკის უნარი წაერთვა. თავს საკმარისად გამჭრიახ ადამიანად მიიჩნევდა, მაგრამ ახლა, სიმართლე ითქვას, დაიბნა. გონება სწრაფად აამუშავა. კაცმა ანგარიში გამოუგზავნა, მანქანის რემონტი ამდენი და ამდენი დაჯდაო. ამ დროს თვითონ ეგონა, რომ მისი ვალი გაბათილებული იყო. როცა ეს უხსენა, საიმონი დაეთანხმა, სხვანაირად არ გამოდიოდაო. ახლა კი მშვიდად გამოუცხადა, ამაზე არ ვილაპარაკებთ, ჩეკი იმიტომ გამოგიგზავნე, რათა ჩემთან მოსულიყავიო.
- გასაგებია.
როგორც ჩანს, მისმა ნათქვამმა მამაკაცზე ვერანაირი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა.
- რა არის გასაგები?
- რა და, ჯერაც ვერ მოგინელებია, მანქანა რომ აგახიე. კი მეუბნები, შენს ვალს არ განვიხილავთო, მაგრამ მაინც ფიქრობ, რომ უნდა გადაგიხადო ჩემი არარსებული შემოსავლიდან იმ… - დაიწყო და ვეღარ დაამთავრა, რადგან მამაკაცის დაჟინებულ მზერას ვერ გაუძლო.
- დიდი ბოდიში, ნეილ, მაგრამ შენ ვერაფერიც ვერ გაიგე. - სინანულნარევი ხმით თქვა მამაკაცმა.
- ოფ, - ლამის ბურანში მყოფმა ჩაიჩურჩულა, - აბა, როგორ უნდა გამეგო? კიდევ არის რამე?
- არანაირი ვარაუდი არ გაქვს, რა უნდა იყოს?
- იცი, რა? აქ იმისთვის არ მოვსულვარ, შარადა-გამოცანები გეთამაშო! მე მეგონა, შენი ვალი უკვე აღარ მმართებდა, მაგრამ…
- რას აიჩემე ეს ვალი და ვალი? ამაზე უკვე ვილაპარაკეთ და არა ერთხელ და ორჯერ.
გოგონა გონს ვერ მოდიოდა, გამოლენჩებული შეჰყურებდა ჩიხლაძეს და ვერ ხვდებოდა, საით უმიზნებდა მამაკაცი, რას ითხოვდა მისგან.
- ანუ? შენი წინადადება ძალაში რჩება და შენი ვალი აღარ მაქვს? სწორად გავიგე? - მშვიდად შეეკითხა.
სიმონმა თავი დაუქნია, თან თვალს არ აშორებდა.
ამან უფრო გააოგნა.
- მაშინ რა ხდება?
- შენსა და ჩემ შორის არსებობს შეთანხმება, ჯიუტო გოგო, რომელიც შეუსრულებელი რჩება, - გამოუცხადა საიმონმა და ნეილი მიხვდა, რომ წასვლის დრო იყო.
- ღამე მშვიდობისა და ნახვამდის! - წამოისროლა, ადგა და კარისკენ დაიძრა.
მამაკაცის რეაგირება უსწრაფესი იყო. სანამ ნეილი ექვს ნაბიჯს გადადგამდა, სიმი მივარდა და ხელი წაავლო. გაბრაზებული შეეცადა ხელის გათავისუფლებას, მაგრამ მამაკაცს ძლიერად ეჭირა და არ უშვებდა.
- ბრძოლის ველიდან გარბიხარ, ნეილ? - რბილად შეეკითხა, - ეს რაღაც შენ არ გგავს!
ახლავე ანახვებს, თუ არ ჰგავს!
- მომისმინე, ჩიხლაძე! - იფეთქა უცებ, - აშკარაა, რომ ჩვენ აღარაფერი გვაქვს სალაპარაკო. შენს სატანურ თამაშებს მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის თამაშობდი, როცა მაგ ჩეკს მიგზავნიდი, მაგრამ…
- გვაქვს, როგორ არ გვაქვს, - შეაწყვეტინა სიმმა გოგონას თავისი "პანიკური გამოსვლა".
ნეილმა ფრთხილი მზერა მიაპყრო. მამაკაცმა მშვიდად გაუძლო მის შემოხედვას, შემდეგ კი რაც შეეძლო ცივად თქვა:
- ჩვენზე უნდა ვისაუბროთ, თანაც ახლავე.
- არა, არ მინდა! - აღელვებული გოგონა კარს მიაწყდა.
- ჩჩუუუ, - სიმმა მისი დამშვიდება სცადა, მაგრამ უარესად გაანერვიულა, როცა მეორე ხელიც დაუჭირა. სანამ ნეილი გონს მოსვლას მოასწრებდა, მან თავისკენ მიიზიდა და ნაზად აკოცა.
მოულოდნელი და თბილი კოცნით შეძრწუნებულს სურდა მამაკაცისთვის სილა გაეწნა, მაგრამ ორივე ხელი გაკავებული ჰქონდა. თუმცა ამაზე უფრო ის უნდოდა, კოცნა გამეორებულიყო. იმის შიშით, რომ სისუსტე სძლევდა და მამაკაცის ნებას დაჰყვებოდა, ნეილმა მთელი ძალით უბიძგა.
- ჩვენ უკვე საკმარისად ვიკოცნავეთ, - გაწიწმატებულმა წამოიძახა, - დროა, დავამთავროთ ეს კომედია!
- შენ მე გიყვარვარ, არა? ასე არ არის? - ჰკითხა მოულოდნელად საიმონმა.
კინაღამ გული წაუვიდა ამის გაგონებაზე.
- ფსიქიატრს ხომ არ გამოვუძახო? დიადი დასკვნები გამოგაქვს, - ნეილმა თავის თავში იმდენი ძალა იპოვა, დამცინავად წარმოეთქვა ეს სიტყვები და თან ღიმილით მოეყოლებინა, მაგრამ როცა სიმმა ჩაიცინა, მზად იყო მოეკლა იგი.
სამაგიეროდ, მისმა მომდევნო, სრული სერიოზულობით ნათქვამმა წინადადებამ ისე შეაკრთო, რომ ადგილზე გაშეშდა:
- ნუთუ ვერ ხვდები, რომ მეც მიყვარხარ?
პირველ წამებში ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობებს განიცდიდა, შემდეგ კი მხოლოდ ის იფიქრა, ალბათ მომესმაო. მას არ შეეძლო ამის თქმა! და თუ მართლა თქვა, ესე იგი, ეს მისი სატანური თამაშების რაღაც ნაწილია, რომელიც მხოლოდ ნეილის დასამცირებლად არის წამოწყებული. მას კი იოტისოდენა სურვილიც არ ჰქონდა ამ თამაშში მონაწილეობის.
- როგორც ჩანს, თავში მთლად ყველაფერი არ გაქვს რიგზე, - ირონიულად შენიშნა.
- ვიცი… და სხვათა შორის, არც გულში.
ღმერთო, როგორ გულწრფელად ლაპარაკობდა ეს კაცი!
- ჰოდა, ეს საკითხი განვიხილოთ! - შესთავაზა გოგონამ.
ძალიან ცდება, თუ ფიქრობს, რომ ნეილის მოტყუება ასე ადვილია!
- სიამოვნებით! - დაეთანხმა მამაკაცი და კვლავ დაჟინებით ჩააშტერდა სახეში.
იმის სურვილი, რომ დაეჯერებინა საიმონის ნათქვამი, უფრო და უფრო ძლიერდებოდა. ნეილი მამაკაცს მოშორდა. მანაც შეუშვა ხელი, მერე გოგონამ ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და მოულოდნელად შეეკითხა:
- წინააღმდეგი ხომ არ იქნები, დავჯდე?
- მშვენიერი იდეაა, - ხელები კმაყოფილებით გაშალა სიმმა და გაბრუებული ნეილი დივნამდე მიაცილა.
როცა ოდნავ გონს მოვიდა, გოგონამ აღმოაჩინა, რომ სიმი დივანზე კვლავ მის გვერდით იჯდა, ამჯერად უფრო ახლოს.
ეს კი არ მოეწონა. ისე უჭირდა სუნთქვა, ლამის იხრჩობოდა. ფიქრები აქეთ-იქით გაურბოდა. ნუთუ მართლა უთხრა, მიყვარხარო? ღმერთო, სად იყო მაგ დროს მისი გონება? შეიძლება ნამდვილად თქვა, მაგრამ როგორი დასაჯერებელია? არა, ეს სისულელეა! საბედნიეროდ, მისი გონება კვლავ ამუშავდა. ასე რომ, ახლა ყველაფერს გაარკვევს.
საზიზღარი მატყუარა! აი, რა ხერხებით ცდილობს მის ხელში ჩაგდებას!
- როგორ ბრძანდება მედეა? - უდანაშაულო ბავშვივით იკითხა, თუმცა საიმონი მის შეკითხვას სულაც არ ჩაუგდია უხერხულ მდგომარეობაში, წამითაც არ შეცბუნებულა. მისკენ ნახევრად შეტრიალებული იჯდა და მზერით თითქოს ხვრეტდა.
- მოდი, ჯერ ეს საკითხი განვიხილოთ და სხვა რამეზე მერე ვისაუბროთ. თანახმა ხარ?
ის მართალი იყო, მაგრამ ნეილს ამწუთას წასვლა ერჩივნა, ვიდრე დარჩენა და მისი მოსმენა. მისთვის გამოცანად რჩებოდა, რატომ ითრევდა ფეხს, რისთვის წამოსკუპდა ამ დივანზე მაშინ, როცა ინსტინქტი კარნახობდა, უკანმოუხედავად მოესვა აქედან. უკანასკნელი ძალები მოიკრიბა და კვლავ ირონიული შეტევა განახორციელა:
- იმედია, იმის თქმას არ აპირებ, რომ შენი და მედეას რომანი დასასრულს მიუახლოვდა.
- სიყვარულმა ტკივილის მოყენება იცის, ხომ მართალია? - შეეკითხა მამაკაცი.
ნეილმა გადაწყვიტა, ახლა მაინც გაერტყა მისთვის, მაგრამ საიმონმა მოულოდნელად მის შეკითხვას უპასუხა:
- არა, ამის თქმას არ ვაპირებდი.
უკვე საკმარისია! როგორც ჩანს, მათი რომანი გრძელდება!
- ორსახა იანუსი! - განრისხებით ამოთქვა და ფეხზე წამოხტა, მაგრამ მამაკაცმა წამში თავის ადგილზე დააბრუნა.
- ამის თქმას არ ვაპირებდი, - უხეშად გაიმეორა, - იმიტომ, რომ მედეასთან რომანი არასდროს მქონია. არანაირი სახის.
- ეგღა მაკლია, ჩიხლაძე, - მიახალა ნეილმა აღშფოთებით, - ისეთი სულელი გეგონო, რომ…
- სულელი კი არა, არაჩვეულებრივი ხარ, ყველა ქალზე უკეთესი და შესანიშნავი, - გააწყვეტინა სიმონმა, - და თუ შეიძლება ცოტა ხანს გაჩუმდი, რამდენიმე წუთითი მაინც. მომეცი საშუალება, ყველაფერი აგიხსნა.
- არ გაბედო მითხრა, გაჩუმდიო! - ისევ აპილპილდა განაწყენებული ნეილი, - და არც შენი ახსნა მჭირდება არაფერში! ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როგორ ესიყვარულებოდით ერთმანეთს! ასე რომ…
- სისულელეს ნუ ლაპარაკობ!
- ოფფფ, რამხელა სინაზეა შენი მხრიდან!
მან ჩაიცინა და განმარტა:
- შენ, უბრალოდ, საოცარი ვიღაცა ხარ.
ნეილმა შეხედა და მიუხედავად შინაგანი წინააღმდეგობისა, კინაღამ გაეღიმა. განა ყოველდღე ხდება, როცა საყვარელი მამაკაცი გეუბნება, ყველა ქალზე უკეთესი და შესანიშნავი ხარო? მერე კი დაამატოს, საოცრებაც ხარო?
- კარგი, ამიხსენი მაშინ, - დანებდა ბოლოს და ამით თავისი სისუსტეც გამოაჩინა. სიმი ხომ ყოველთვის ადვილად ახერხებდა, ნეილს გაუაზრებელი ნაბიჯები გადაედგა, - თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს განსაკუთრებულად მაინტერესებს, - დაამატა ბოლოს.
მისდა გასაკვირად, მამაკაცს სულაც არ სწყენია მისი სიტყვები. როგორც ჩანს, მართლაც სურდა გამოეყენებინა შესაძლებლობა, მისთვის ყველაფერი აეხსნა, რადგან დროის დაკარგვის გარეშე დაიწყო:
- პირველ რიგში, გეტყვი, რომ შემრცხვა და მეწყინა კიდევაც, როცა რამინის ცოლმა, ჯერ კიდევ ახალგათხოვილმა, ჩემ მიმართ ინტერესი გამოამჟღავნა. არ ვიცი, რა მოელანდა ან რატომ ეგონა, რომ მე ეს სიამოვნებას მომანიჭებდა.
ნეილი უდიდესი ყურადღებით უსმენდა. ისე მიაშტერდა საიმონს, თითქოს პირველად ხედავდა. მასაც ისეთივე სერიოზული სახე ჰქონდა, როგორიც ნეილს.
- იმას მიმანიშნებ, რომ შენ ის არასდროს გაინტერესებდა როგორც ქალი?
- კი არ მიგანიშნებ, გიმტკიცებ!
გოგონამ მამაკაცის ნაცრისფერ თვალებს ყურადღებით შეხედა. მასში სრული გულწრფელობა იკითხებოდა.
- მაგრამ… - დაიწყო სიმონმა იმის გახსენება, როგორ შესციცინებდა ქალი თვალებში, ისიც მოაყოლა, შინ რომ ესტუმრა და ნეილმაც ნახა.
გოგონამ არ შეაწყვეტინა. დააცადა, სანამ მამაკაცი ბოლომდე არ იტყოდა თავის სათქმელს. მის გალანძღვას ყოველთვის მოასწრებდა, თუ ტყუილში გამოიჭერდა.
- განაგრძე, - რბილად სთხოვა.
- ვკვდები, ისე მინდა გაკოცო, - წარმოთქვა სიმმა მოულოდნელად.
ნეილმა კინაღამ გაუმეორა, განაგრძეო, მაგრამ დროზე დააჭირა ენას კბილი.
- თავი შეიკავე, თუ შეიძლება! - თვალებმოჭუტულმა ესროლა.
- რა სასტიკი ხარ ხანდახან, ულმობელო გოგო! - ამოიხვნეშა სიმმა.
- ასე ადვილად ხელმისაწვდომი არ ვარ, ჩიხლაძე, - გააპროტესტა ნეილმა და იგრძნო, როგორ შეუხურდა ღაწვები, - არ მიგულისხმია, რომ…
- ვიცი, რაც იგულისხმე, ჩემო სიყვარულო, - ალერსიანად მიუგო მამაკაცმა და ნეილი ლამის დადნა. როგორც ჩანს, მან გადასარევად იცოდა, რაც გოგონამ იგულისხმა, ხელი მოჰკიდა და მისი თითები ტუჩებთან მიიტანა, მერე ნაზად აკოცა და უჩურჩულა:
გაგრძელება იქნება
ასევე იხილეთ: