დილისკენ ცოტა დამიამდა ტკივილი. სიარული შემეძლო, მაგრამ კოჭლობით. ნიანგივით მიწევდა გადაადგილება. სიმწრით მეცინებოდა. სრულიად უმოქმედო გავხდი. ერთ ადგილას დიდხანს დგომა არ შემეძლო, საჭეს ვერ ვმართავდი, ცურვაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო. სხვა რა უნდა მეკეთებინა, ვიჯექი და ვხატავდი. ზოგი ჭირი მარგებელიაო, სწორედ ამაზეა ნათქვამი. ალთაი ახლოს არ მეკარებოდა, მხოლოდ შორიდან თუ მომიკითხავდა, ფეხი როგორ გაქვსო, თუმცა მეორე დილითვე მომიხადა ბოდიში, წუხელ არ ვიცი, რა მეტაკა, ასე არ უნდა მოვქცეულიყავიო. ცოტა არ იყოს, გამაკვირვა მისმა ბოდიშმა.
მოვიწყინე. საუკეთესო დღეებს ვკარგავდი გაუნძრევლობის გამო. მართალია, ხატვა მამშვიდებდა, მაგრამ ნაპირზე გასვლა, ცურვა და სეირნობა მენატრებოდა. ჩემების ამბავიც მაინტერესებდა. ბოლოს, ვეღარ მოვითმინე და რადგან ტელეფონი მუშაობდა, დედასთან დავრეკე. მისგან, რა თქმა უნდა, ცუდი ამბები გავიგე. რამდენჯერმე დაუნახავს რეზი და სალომე ერთად. სასწრაფოდ დაბრუნდი სახლში, თუ მაგ ბიჭის დაკარგვა არ გინდაო.
უხმოდ დავუკიდე ყურმილი. რეზი და სალომე გონებიდან არ მშორდებოდა. მინდოდა, არ მეფიქრა ამაზე, მაგრამ არ გამომდიოდა. ხატვასაც ვეღარ დავუდე იმ დღეს გული. როგორ მოვქცეულიყავი? და საერთოდ, რას განვიცდიდი რეზის მიმართ? იყო ეს სიყვარული თუ მხოლოდ თავს ვიტყუებდი?
ამ ფიქრებში გართულმა სანაპიროზე ალთაი შევამჩნიე. ხელები ზურგს უკან შემოეწყო და ზღვას გაჰყურებდა. რა ცვალებადი ხასიათი აქვს ამ კაცს! ვერც ერთი ქალი ვერ გაუგებს ბოლომდე, ასი წელი რომ გაატაროს მის გვერდით!
ისე მომეწონა პოზა, რომელშიც იდგა, გადავწყვიტე, დამეხატა. მშვენიერი სიუჟეტი გამოვიდოდა.
ხატვას მაშინვე შევუდექი. სწრაფად ვაკეთებდი მონახაზს, რათა მომესწრო… მოვასწარი! ახლა მშვიდად შემიძლია გავაგრძელო, მის გარეშეც. მთავარია, პორტრეტის დახატვა არ მიწევს, მხოლოდ სილუეტია საჭირო.
სამი დღის განმავლობაში ალთაისა და ზღვის პეიჟაზის ხატვამ ლამის შთანმთქა, ისე გამიტაცა. ჭამაც კი არ მახსენდებოდა, წუთს არ ვკარგავდი. მხოლოდ დაღამებისას ვხვდებოდი, რომ ფუნჯის ხელში ჭერამ თითები მატკინა.
როგორც იქნა, დავამთავრე. კრიტიკულად შევათვალიერე ნახატი. მარტოხელა მგელკაცას იდეალური სურათი შევქმენი! მაგარია! კმაყოფილი დავრჩი საკუთარი ნამუშევრით…
8 8 8
სამზარეულოს ნაწილი კვლავ არეული მხვდებოდა. ის ნაწილი, რომლითაც ალთაი სარგებლობდა და მაცივრის ის თაროც, სადაც ის ინახავდა პროდუქტებს.
ერთ დილით, მაცივრის კარი გამოვაღე და მის თაროზე ქორფა ნივრის კონა დამხვდა. არ მიყვარს ნივრის სუნი. ამიტომაც, ჩემი შეგრძნებით, ყარდა იქაურობა. სასწრაფოდ მოვიმარჯვე ფურცელი და კალამი, ექსპრომტად ლექსი დავწერე და მის თაროზე შემოვდე.
«მიყვარს გემრიელი ჭამა, მაგრამ ნივრის სუნი არა! იქნებ ჩადო ცელოფანში, შეგახსენო წარამარა?»
მეორე დღეს კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ალთაიმ «ხურდა დამიბრუნა». ჩემს თაროზე წყლით სავსე ჭიქა დაედო, რომელშიც ერთადერთი წითელი ვარდი იდო, ჭიქის ქვეშ კი ჩემივე ფურცელი, მეორე მხარეს წაწერილი პასუხით:
«ვინც ნიორს ვერ ახარისხებს, ვარდის სუნი ახალისებს!
გავანებივროთ ცხვირი ლამაზი, ვარდის სურნელით, ესოდენ ნაზით!»
გულიანად გამეცინა. სიმპათიაც კი ვიგრძენი ლექსის ავტორის მიმართ.
ამასობაში ტერფი და კოჭი ნელ-ნელა მორჩენისკენ «გაუდგა გზას». უკვე შემეძლო პლაჟზე გასვლა, ჩავჯდებოდი ნაპირთან და ფეხებს წყალში ჩავყრიდი. მახსოვს, ბავშვობაში ფეხი რომ გადამიბრუნდებოდა, დედა ეგრევე მარილიან წყალს გამიმზადებდა, შესიებას დაგიცხრობსო. მაშინ არ მესმოდა, რამდენად მართალი იყო დედა, ამას ახლა მივხვდი. ცოტა ხნის შემდეგ გაცურვაც შევძელი. ბესი გვერდიდან არ მშორდებოდა. შეეძლო, მთელი საათი მჯდარიყო ჩემს მტკივან ფეხთან და ელოკა. საოცარ სიყვარულს ამჟღავნებდა ეს პატარა არსება ჩემ მიმართ.
იმ დღესაც გავცურე, მერე კი ნაპირზე გავწექი, სახე მზეს მივუშვირე და თვალები დავხუჭე. ბესიც გვერდით მომიწვა. ტალღების ტყლაშუნი მელოდიასავით ჩამესმოდა. მზე სასიამოვნოდ მწვავდა. როგორც ჩანს, ჩამეძინა.
არ ვიცი, რამდენ ხანს მეძინა. თამბაქოს მძაფრმა სუნმა გამომაღვიძა.
თავი წამოვწიე და მიმოვიხედე. ალთაი ჩემგან რამდენიმე მეტრის დაშორებით იდგა და სიგარეტს კმაყოფილი სახით აბოლებდა.
- ნუ გეშინია, არ გიყურებ, თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ ბრწყინვალედ გამოიყურები საცურაო კოსტიუმში. სად ისწავლე ასე კარგად ცურვა?
- ექვსი წლიდან დავდიოდი ცურვაზე, - უხასიათოდ მივუგე.
- ჰო, რა თქმა უნდა, გაუჭირდებოდა მამაშენს თუ რა?
- რა გაქვთ ჩემისთანების საწინააღმდეგო, იქნებ ამიხსნათ? - გავბრაზდი, - რამე დაგიშავეთ?
მან თავი მოაბრუნა. ჩემდა გასაკვირად, მის ნაცრისფერ თვალებში სიცივის მაგივრად, სითბოს დაესადგურებინა.
- მაპატიე. მართალი ხარ. უსამართლოდ გექცევი. მაგრამ როგორ გითხრა… კალთაში დამპალი ვაშლი რომ ჩაგივარდება, მერე ყველა ვაშლს ეჭვის თვალით შეხედავ, რადგან სხვებიც დამპალი გგონია. ასე არ არის?
მისი უნდობლობა მღლიდა.
- ვინ ხართ ასეთი, ბატონო ალთაი? - ამოოხვრით ვკითხე.
- უბრალოდ, ადამიანი, - მხრების აჩეჩვით მიპასუხა.
მისმა სიტყვებმა მეც მომილბო გული.
- წიგნის საქმე როგორ არის? - გადავწყვიტე, გამოვლაპარაკებოდი.
- კარგად. ნაწილი უკვე გადავაგზავნე თბილისში, გამომცემლობაში. ალბათ მალე მეტყვიან პასუხს და თუ ყველაფერი ისე იქნა, როგორც მე მინდა, სადმე დაგპატიჟებ.
- ნუ შეწუხდებით, დიდი მადლობა.
- რატომ? ასე არასასიამოვნოა შენთვის ჩემი წარმატება? სამწუხაროა, სხვა დროს, სხვა სიტუაციაში რომ არ შევხვდით ერთმანეთს, ლიკა. ვფიქრობ, სრულიად სხვანაირი ურთიერთობა ჩამოყალიბდებოდა, სასიამოვნოც კი.
უცნაურია… ჩემი სახელის წარმოთქმამ მისი სიტყვები კიდევ უფრო დაარბილა, თითქოს მეგობარს ესაუბრებოდა და არა «მოსისხლე მტერს».
- მაგრამ სულ სხვანაირად მოხდა, - წამომჯდარმა ტერფი დავიზილე.
- სამწუხაროდ, თუ საუბედუროდ. ოდესმე ასეთ რამეზე გიფიქრია? - გააგრძელა, - რამდენი რამეა დამოკიდებული სწორად შერჩეულ დროზე, იმაზე, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდე, ეს გავლენას ახდენს ჩვენს ბედისწერაზე, ჩვენს ცხოვრებაზე.
არ ვუპასუხე, რადგან არ ვიცოდი, რა მეპასუხა. ამწუთას იგი გულწრფელი ჩანდა და საყვარელი. საოცრად იმოქმედა ჩემზე მისმა გულახდილობამ.
- როგორ ფიქრობ, ჩვენ ორნი აქ რომ აღმოვჩნდით, ბედისწერის ნახელავია?
- რაღაც არა მგონია. - წავიდუდღუნე.
გულიანად გაიცინა.
- არ ვიცი, არ ვიცი. შეიძლება, თინას მართლაც შეეშალა, ჯერ მე რომ მომიწვია აქ, მერე შენ. თუმცა, ფაქტია, რომ ეს ასე უნდა მომხდარიყო.
შევცდი, მისკენ რომ გავიხედე. ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა. მისი თვალების გამომეტყველება ერთდროულად ცივიც იყო და ცხელიც. შემაჟრჟოლა.
- დროა, შინ დავბრუნდეთ. ღრუბლები მოცურავს. როგორც ჩანს, იწვიმებს, - ჩაილაპარაკა მან და გზას გაუდგა…
8 8 8
საღამოს მართლაც დაუშვა წვიმამ. როგორი ამინდი იცის აქეთ. ერთხელ თუ გაწვიმდა, მერე მთელი კვირა არ გადაიღებს. ოღონდ ეგ არა! წვიმა მიყვარს, მაგრამ დიდი ხნით არა.
მთელი საღამო გადაუღებლად წვიმდა. უაზროდ ვცემდი ოთახში ბოლთას. ახლა უფრო დიდი მეჩვენა ეს სახლი და მოსაწყენიც. შევეცადე, რამე წამეკითხა. გული ვერ დავუდე. არც ხატვის სურვილი მქონდა, არც ტელევიზორის ყურების.
როცა ალთაიმ სავახშმოდ სამზარეულოში შემოირბინა, გამიხარდა კიდეც, ხმის გამცემი მეყოლება-მეთქი. მეც დაბლა ჩავირბინე. ალთაის მაისური ისე დასველებოდა, გასაწური გამხდარიყო. ადგა და გაიხადა. მეც მაშინვე გამოვურბენინე სააბაზანოდან პირსახოცი და გადავუგდე. ამწუთას არ მენაღვლებოდა, რომ ჩემი პირსახოცით უნდა გაემშრალებინა სველი სხეული. ვინ იცის, იქნებ მსიამოვნებდა კიდევაც ამის წარმოდგენა.
- თავსხმა წვიმაა! - აღნიშნა.
- იმედია, მალე გადაიღებს.
- აქ ასე მალე არ გადაიღებს. არავინ იცის, რამდენ დღეს გაგრძელდება.
- ღმერთმა ნუ ქნას, გავგიჟდები კიდევაც.
- მომბეზრდა ეს მშრალი და უაზრო საჭმელი. არ გინდა, სადმე წავიდეთ და აზრიანად დავნაყრდეთ? - მომმართა უეცრად.
- ასეთ წვიმაში?
მან მხრები აიჩეჩა.
- ჰოო… ხანდახან სულელური აზრები მეც მებადება. ისა, კარგი ამინდი რომ ყოფილიყო, წამომყვებოდი?
- მაგრამ ახლა წვიმს, - თავი ავარიდე პირდაპირ პასუხს. როგორც ჩანს, გავყვებოდი.
- მართალი ხარ, დაივიწყე.
ორი ბუტერბროდი «მიახვია». ისე გემრიელად ილუკმებოდა, ნერწყვი მომადგა.
იმისთვის, რომ რაღაც გამეკეთებინა, ნიჟარასთან მივედი, წყალი მოვუშვი და ჭურჭლის რეცხვას შვუდექი. ალთაიმ თავისი დასვრილი თეფშიც დამიმატა.
- იცი, რა? შენ დარეცხე, მე კი გავამშრალებ. ვერ ვიტან თეფშების რეცხვას. არ არის მთლად კაცური საქმე.
- გამშრალება ხომ ზედგამოჭრილი კაცური საქმეა, - სიცილი ამიტყდა. მასაც გაეცინა.
ჩვენი შეხვედრის დღიდან, ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ორივე ერთად ვიცინოდით. გარეთ წვიმდა. ჩვენ კი ვრეცხავდით ჭურჭელს, ვამშრალებდით და ვბაასობდით. როცა იქაურობა მოვაწესრიგეთ, ალთაიმ მკითხა:
- იაპონური ჯოკერის თამაში იცი?
თავი დავუქნიე.
- მაშინ ვითამაშოთ.
გამიხარდა, ახლა მარტო დარჩენა ჩემთვის სიკვდილს უდრიდა.
შუაღამემდე ვთამაშობდით.
- წიგნის წერის გარდა, რას საქმიანობ? - ვკითხე და იმ წუთასვე ენაზე ვიკბინე, ვერც კი გავაცნობიერე, რომ შენობით მივმართე. მან კი არ შეიმჩნია.
- უნივერსიტეტში ბიოლოგიას ვასწავლი, ჩემი გატაცება კი წყალმცენარეებია.
- ლექტორი ხართ? - გამიკვირდა.
- მოსაწყენად ჟღერს, არა? მე კი მიყვარს ჩემი პროფესია. გარდა ამისა, ლამაზი ქალების მოხიბვლაც მეხერხება, - ჩაიცინა, - განიხიბლე?
- არა, უბრალოდ, გამიკვირდა. მაგრამ ის ქალი რა შუაშია? - მაინც ვერ დავაჭირე ენას კბილი.
- ქალი? ვინ ქალი?
- იცი, ვისაც ვგულისხმობ.
სიმპათიური სახე მსწრაფლ გაუმკაცრდა.
- მან კინაღამ დამღუპა მეც და ჩემი კარიერაც. მის გამო ჯერაც ვერ გამოვსულვარ მდგომარეობიდან.
მაშინვე სხვა თემაზე გადავიტანე საუბარი.
თამაშისას შევამჩნიე, რა ხშირად ეცვლებოდა გამომეტყველება. ხან თავაზიანი იყო, ხან გაბრაზებული, ხანაც ხუმრობის ხასიათზე დგებოდა. საბოლოო ჯამში კი მარტოსული, დაბნეული და განაწყენებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა.
- ალთაი!
- ჰო? - კარტს თვალი მოაცილა და გამომხედა.
- ხვალ დილით, თუ წვიმამ გადაიღო, მინდა, დაგხატო. - თვითონაც არ ვიცი, როგორ გავუბედე ამის თქმა.
გაოცებული მზერა მომაპყრო.
- მაგას სერიოზულად მეუბნები?
- სრული სერიოზულობით.
უეცრად ჩაიცინა.
- კარგი, ვცადოთ. მე მგონი, საინტერესოც კი იქნება.
გამიხარდა, ასე უპრობლემოდ რომ დამთანხმდა, ამავდროულად, შემეშინდა კიდეც. რატომ ავღელდი ასე? რა მემართება?
8 8 8
დილიდან მის პორტრეტზე ვფიქრობდი. როგორ დავხატო? წიგნით ხელში? ჩიბუხით? იქნებ ბესი მივუსვა ფეხებთან? არანაირი აზრი თავში არ მომდიოდა.
მონახაზის გაკეთებას შევუდექი, იქნებ იდეა დამებადოს-მეთქი.
- დილა მშვიდობისა, მხატვარო!
ავხედე. წვერი გაეპარსა. თმა საგულდაგულოდ გადაევარცხნა. პერანგის საყელოც გადაეღეღა. როგორც ჩანდა, გულმოდგინედ მომზადებულა, თუმცა ისეთი მშვიდი ჩანდა გარეგნულად, ვითომ არც ახსოვდა, რომ უნდა დამეხატა.
- მშვიდობის დილა! - მეც მივესალმე.
- ეს რა არის, უჩემოდ დაიწყე? - «შეიცხადა».
- არა, უბრალოდ, მინიშნებას ვეძებ, როგორ დაგხატო, - ჩავიღიმე.
ჩაფიქრებული მზერა მიაპყრო პალიტრას.
- მშვენიერია… მართლა!
- შენი ხმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გაოცებული ჩანხარ, - ამჯერად გამეცინა.
- ასეც არის.
უდიდესი საიმოვნება ვიგრძენი, ეს რომ მითხრა. კარგია, მისნაირ კაცს თუ მოსწონს. ის ხომ არასდროს არაფრითაა კმაყოფილი.
- გინდა, გაჩვენო, აქ ჩამოსვლის შემდეგ რამდენი რამე დავხატე? - გადავწყვიტე, უფრო მომეწონებინა მისთვის თავი.
- მინდა.
ყველა ტილო გადმოვულაგე. ერთიმეორის მიყოლებით ვუჩვენებდი, თან ისე ვდებდი, რომ ნახატს სინათლე უკეთ დასცემოდა. როგორც კი თავს დამიქნევდა, ერთ ნახატს მეორით ვცვლიდი. სულ ცხრა გამოვიდა. მათგან შვიდზე მთავარ თემას ზღვა წარმოადგენდა. მისი პორტრეტი ბოლოსთვის შემოვინახე.
როცა ნახატს დახედა, გაოგნებულმა გრძლად დაუსტვინა.
- არ ვიცოდი, ჩუმად თუ მხატავდი.
- ანუ, იცანი შენი თავი, არა? ესე იგი, გამომივიდა. ეს კარგია. იმ დღეს დიდხანს იდექი სანაპიროზე და ჰორიზონტს გაჰყურებდი. ვერ მოვითმინე, ისეთი სანახაობა იყო. შენ ჩემთვის ისე პოზირებდი, ამის შესახებ წარმოდგენაც არ გქონდა.
მან ტილო ხელში აიღო. სრიალა ქვიშა, ზღვა, ტალღები, თეთრი თოლია წყლის ზედაპირზე და თავად ის. ალთაის სახეზ დიდხანს დასთამაშებდა ეშმაკური ღიმილი. შემდეგ უცნაური მზერა მესროლა. მარტოხელა მამაკაცისას ჰგავდა ეს მზერა.
- ვატყობ, მშვენივრად დაგიჭერია ჩემი ხასიათი.
- შევეცადე. - დავიმორცხვესავით, შექება მესიამოვნა, - და მას შემდეგ ვფიქრობ, რა სახელი დავარქვა ამ ნახატს…
- მერე? რა მოიფიქრე?
- რამდენიმე ვარიანტი შევარჩიე, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერ შევარჩიე. მაგალითად, «მარტოობა», «წარსულის ანარეკლი», «მარტოხელა მგელი» ან რაღაც ამდაგვარი…
მის თვალებში კვლავ გაკრთა ის საშიში ნაპერწკალი, რომელიც ერთხელ უკვე შევამჩნიე. რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ გადაიფიქრა. მხოლოდ ეს მკითხა:
- ახლა როგორ აპირებ ჩემ დახატვას?
- ახლა მსხვილი პლანით შევეცდები. აქ მხოლოდ ფიგურა ხარ პლაჟზე, ამჯერად კი შენი პორტრეტი მინდა შევქმნა.
ალთაი მოიღუშა.
- რატომ მსხვილი პლანით? ეს, ცოტა არ იყოს, მაღიზიანებს. რატომ?
- იმიტომ, რომ საინტერესო მოხაზულობის ნაკვთები გაქვს. ძალიან მიმზიდველი და მრავლის გამომხატველი გარეგნობა.
გაოცებულმა წარბები აზიდა.
- მართლა? პირველად მესმის… «მიმზიდველი და მრავლის გამომხატველი»… რა გაეწყობა, თუ ასეა, შევუდგეთ საქმეს, დროს ნუ დავკარგავთ. რამდენ ხანს მოვუნდებით მუშაობას? - ბოლო სიტყვა განსაკუთრებული ხაზგასმით გამოუვიდა.
- გააჩნია, როგორი ტემპით წავიწევთ წინ. შეიძლება რამდენიმე დღე დაგვჭირდეს.
- და სულ გაუნძრევლად უნდა ვიჯდე? არ დავიღლები?
- არა, სულ არა, - გულიანად გამეცინა, - ხანდახან.
მაშინვე შევუდექი საქმეს. ალთაი სელის სავარძელში ჩავსვი, მაგიდასთან და წინ გადაშლილი ბლოკნოტი დავუდე.
- დაწერეთ რამე, ოღონდ მსხვილი ასოებით, რომ გამოჩნდეს. - რატომღაც, კვლავ თქვენობით მივმართე.
- რა დავწერო?
- რაც გინდათ, თქვენი პროფესიიდან გამომდინარე.
ის წერას შეუდგა. ცნობისმოყვარედ დავაცქერდი მისი კალმის მოძრაობას «ხერხემლიანები, უხერხემლოები, კიბოსებრთა ოჯახი, ბაქტერიები, ზღვის წყალმცენარეები, მარჯნის რიფები,» - ნაცნობი სიტყვები ამოვიკითხე.
- მე ზღვის ბინადრებზე ვწერ წიგნს. გარკვეული დროის განმავლობაში ოკეანის ფსკერიდანაც ვიღებდი ნიმუშებს, ოღონდ მართლა, არ გეხუმრები. სამსახური ძალიან დამეხმარა ამაში. ახლა კი შეგროვილი მასალა ქაღალდზე გადამაქვს.
- აი, თურმე რატომ ატარებთ ამდენ დროს ზღვაში და ნაპირზე. რამდენჯერ მინახავს, ნავიდან ჩანთა რომ გადმოგქონდათ, - გავუღიმე.
- ისევ ეს ოფიციალური მიმართვა. - უიმედო კაცივით გადააქნია თავი, - ძლივს შემეჩვიე და აჰა!
უხერხულობა რომ დამეფარა, საღებავების ერთმანეთში არევა დავიწყე. როგორ მაინტერესებდა, რა ედო იმ ჩანთაში.
- მიკროსკოპი, - ისე მიპასუხა, თითქოს ჩემს ფიქრებს ჩაწვდაო.
- რა? - შევკრთი.
- ჩანთაში მიკროსკოპი მიდევს. ბაქტერიების გამოსაკვლევად მჭირდება.
გავწითლდი. პასუხი არ გამიცია, ისე მოვიმარჯვე ფუნჯი და ხატვას შევუდექი.
ალთაი იჯდა და წერდა, მე ვხატავდი. ხმას არ ვიღებდით. ყოველი ჩვენგანი თავის საქმეზე იყო ორიენტირებული. ბესის იქვე დაეძინა, ჩემს ფეხებთან, თავისსავე წინა თათებზე ჩამოდებული ფუმფულა თავით.
დაახლოებით ორი საათი გავიდა. ალთაიმ წერა დაამთავრა და ბლოკნოტი დაკეცა.
- კიდევ ბევრი დარჩა? - სივრცეს მიაშტერა მზერა.
- დღეს გვეყოფა, - ფუნჯი გავწმინდე და მოლბერტი კმაყოფილმა დავკეცე, - რას იტყვი, ხვალ ამ დროს რომ გავაგრძელოთ?
- რატომაც არა? - მოკლედ მიპასუხა, წამოდგა და კოტეჯისკენ გაემართა.
8 8 8
მალე მოვიწყინე. გადავეჩვიე მარტოობას. წარამარა ფანჯარაში ვიხედებოდი, იქნებ ალთაი გამოჩნდეს-მეთქი, მაგრამ ის თავისი «ბუნაგიდან» გამოსვლას არ აპირებდა.
ამასობაში მოსაღამოვდა. დროის გასაყვანად სახლში დავრეკე. ნეტავ, არ დამერეკა.
- შვილო! სასწრაფოდ უნდა დაბრუნდე, - მოკითხვის მაგივრად მომაყარა დედამ, - სიტყვები არ მყოფნის იმის გამოსაცემად, რაც აქ ხდება! ის გოგო მთლად გაგიჟდა! რას აღარ აკეთებს რეზიკოს ხელში ჩასაგდებად! ვიცი, ეს ამბავი კარგად არ დამთავრდება. გესმის? ახლავე ჩაალაგე შენი ბარგი და წამოდი!
მისი ყვირილის მოსმენა მეტად აღარ შემეძლო. პასუხი არც გამიცია, ისე დავუკიდე ყურმილი. ღირდა კი დაბრუნება? რატომ აკეთებს რეზი ასეთ სისულელეებს? კაცი, რომელიც ცოლობას მთხოვს, ატეხილ მოზვერს დაემსგავსა. რა უზნეობაა! ნეტავ ვიცოდე, რას მებუტება? არ უნდა და ნუ უნდა! ძალით შენარჩუნებული არც ქმარი მინდა და არც შეყვარებული.
ისეთ ცუდ ხასიათზე დავდექი, მარტო ყოფნა გამიჭირდა. სახლიდან გამოვედი და კოტეჯს მივაშურე. კარი შეღებული დამხვდა. დავაკაკუნე, მაგრამ არავინ გამომეხმაურა. დაუპატიჟებლად შევაბიჯე ჩემი «მდგმურის» აპარტამენტებში. იგი ლეპტოპთან იჯდა და რაღაცას შუბლშეჭმუხნილი კითხულობდა. ეს წერილი იყო, ინტერნეტფოსტით გამოგზავნილი. მხოლოდ ბოლოში მიწერილი სახელის წაკითხვა შევძელი - მარინა.
ალთაის ნიკაპი ცერა და საჩვენებელ თითს შუა ჩამოედო და ეკრანს დაძაბული მზერით მიჯაჭვოდა.
- შეიძლება?
ჩემი ხმის გაგონებამ შეაცბუნა. სასწრაფოდ ჩაკეცა ინტერნეტის ფანჯარა და წამოხტა.
- მოხეტიალე მგელს საკუთარი ფეხით ეწვიე? - წამის წინანადელი შეცბუნება უეცრად გაუქრა სახიდან.
- ვიფიქრე, საღამოა და ცოტა ხომ არ გაგვესეირნა-მეთქი.
- მშვენიერი იდეაა, რატომაც არა.
«როგორ უყვარს ეს ორი წინადადება», - შევნიშნე ჩემთვის.
- წერილია? - მონიტორს ჯიუტად მივაჩერდი.
- ეგ არ არის იმდენად საინტერესო, რამდენადაც გასეირნების იდეა, - მრავალმნიშვნელოვნად გაიღიმა, - ერთად დავლაშქროთ ფოთის უკიდეგანო პლაჟი.
იმხელა გზა გავიარეთ და ერთი სიტყვაც არ უთქვამს. გარემოს მყუდროებას მხოლოდ ბესის ყეფა არღვევდა. «რა უცნაური კაცია», - გავიფიქრე დანაღვლიანებულმა, - «როგორც იქნა, საერთო ენა გამოვნახეთ და ახლა მოუნდა დამუნჯება». ამას ნამდვილად არ ველოდი.
- ალთაი… რამე ისე ვერ არის? - დავარღვიე დუმილი.
- რატომ დაასკვენი? - მხრები აიწურა და შეჩერდა.
- რა ვიცი, უცებ სიტყვაძუნწი გახდი. არადა, ვიფიქრე, დავმეგობრდით-მეთქი.
- დავმეგობრდით, აბა რა, მაიტა ხელი! - და გაშლილი ხელისგული გამომიწოდა.
მსუბუქად დავურტყი ხელი. მან კი ჩემი თითები თავის ვეება მუჭში მოიმწყვდია და არ მიშვებდა, სანამ მე თვითონ არ გამოვითავისუფლე.
დიდი ხნის მეგობრებივით განვაგრძეთ გზა. რაღაც მე ვთქვი. რაღაც მან. ბესი კი ყეფდა და დარბოდა. ჯოხი ავიღე და ზღვაში გადავაგდე. ბესი მის გამოსატანად წყალში გადაეშვა.
სახლიდან ძალიან შორს გავედით. ამ ადგილას, რატომღაც, ქვიშიანი ნაპირი ერთიანად დასველებულიყო.
- როგორც ჩანს, აქ უწვიმია. წარმოგიდგენია? ერთი კილომეტრიც არ გამოგვივლია და სულ სხვა კლიმატია. უცნაურია ეს საქართველო, - ჩაიცინა ალთაიმ, - გინდა, ნაფეხურები დავტოვოთ სილაში? - მოულოდნელად პატარა ბავშვს დაემსგავსა, რომელსაც ცელქობა მოენატრა.
თითქოს გადავეშვით ქვიშაში. ანცი პატარებივით დავრბოდით, ნაფეხურებს ვტოვებდით და ვყვიროდით. მერე დაჭერობანაც ვითამაშეთ. ბესი მთლად გაგიჟდა. ენაგადმოგდებული დარბოდა და ხან მე მომახტებოდა, ხანაც ალთაის.
ასე ვირბინეთ, სანამ არ დაღამდა. შინ დაბრუნების დრო დადგა.
უკანა გზაზე ალთაიმ მხარზე ხელი მომხვია. ისე ბუნებრივად გააკეთა ეს, ისე მეგობრულად, არ გამიპროტესტებია. შემდეგ ავღიღინდი, მაგრამ სიმღერაში ვერ ავიყოლიე. სიგარეტს ეწეოდა და ჩუმად ისმენდა ჩემს «ნახევრადნიჭიერ» ღიღინს.
სანამ ის ჭიშკარს ჩაკეტავდა, სახლის კარი გავაღე და პარმაღზე დაველოდე.
- ყავა ხომ არ დაგველია? მე ცოტა მომშივდა კიდეც, რამეს მოვამზადებდი, უცებ, სახელდახელოდ, - ვაჭიანურებდი მასთან გამომშვიდობებას.
- რატომაც არა, მშვენიერი იდეაა, - თავისი საყვარელი ორი წინადადება გამოიყენა, - შენ ჩემზე ცოტათი უკეთესი მზარეული ხარ.
- შევეცდები, გემრიელი გამომივიდეს, - საოცრად კარგ ხასიათზე ვიყავი.
- გინდა, ქალაქში გავიდეთ? სადმე კაფეში დავსხდეთ, ადამიანურად დავნაყრდეთ, დღეს არ წვიმს. რას იტყვი?
ცოტა არ იყოს, შევყოყმანდი, რაც მას არ გამოპარვია.
- და იქ ყველანი შეგვამჩნევენ.
- აიიი, თურმე მაინც გაღელვებს საკუთარი რეპუტაცია! - თითი ხუმრობით ავუქნიე.
- აქ ბევრი მიცნობს. სიმართლე გითხრა, არ მინდა, ვინმემ ილაპარაკოს, რომ განაპირა სახლში დროს ვატარებ ქალთან, რომელიც ჩემი ცოლი არ არის, - თვალები მოჭუტა და ირიბად გამომხედა.
- ეს მართალი არ არის, - ლოყები შემეფაკლა.
- ნაწილობრივ, მართალია, ნაწილობრივ არა. გააჩნია, ვინ რა თვალით შეხედავს. მე და შენ კი ვიცით, სინამდვილეში როგორცაა, მაგრამ სხვებმა რა იციან?
- ამიტომ, აჯობებს, შინ ვივახშმოთ, - ბოლო სიტყვა ჩემზე იყო.
- ერთად თუ ცალ-ცალკე?
- რადგან ცალ-ცალკე დავიწყეთ, ერთად გავაგრძელოთ.
- აი, ეს მესმის, - სასიამოვნოდ გაიცინა და ტაში შემოჰკრა.
- ალთაი! - როგორც ყოველთვის, ენამ წინ გამისწრო, - მარინა ვინ არის?
სიცილი მოსხლეტით გაუქრა სახიდან და იგი უსიამოვნო ჩრდილმა შეცვალა. ერთხანს დაჟინებით მიყურა, მერე კი ყრუ ხმით ამოთქვა:
- მარინა არავინაა.
- არ მჯერა, - გავჯიუტდი, - ეს ის ქალია, ასე სასტიკი ვინც გაგხადა?
- ძალიან ბევრ შეკითხვას მისვამ, ლიკა…
- შენ კი ყველას უპასუხოდ ტოვებ!
ღრმად ამოიხვნეშა, მხრები რამდენჯერმე აიჩეჩა და წინ დამიდგა. შემდეგ თვალებში ჩამხედა და დახშული ხმით დაიწყო:
- ის მდიდარია, ლამაზი, მომხიბვლელი, მხიარული. მე საერთოდ არ მგავს. ადვილი არ იყო მის ცხოვრებაში შეღწევა, მაგრამ შევეცადე და გამომივიდა. ქალებთან ურთიერთობა არასდროს მაშინებდა. რატომღაც, სუსტ სქესზე შთაბეჭდილების მოხდენა მეხერხებოდა. მე შევძელი მისი გაკვირვება, მგონი, ცოტათი შევაშინე კიდეც. მაგრამ საბოლოო ჯამში მოვხიბლე. მასზე გავლენას ვახდენდი და მას ეს მოსწონდა. ყურებამდე ვიყავი შეყვარებული. მასაც შევუყვარდი. ან შეიძლება, ასე მეგონა. ვხვდებოდით დიდხანს, მერე კი ადგა და გადაიფიქრა. აღმოჩნდა, რომ მისთვის რაღაც მომენტში საჭირო სათამაშო ვიყავი. ის მხოლოდ ერთობოდა ჩემით - ადგა და მიმატოვა. მეც ჩავეშვი და ჩავეშვი… სმა დავიწყე, ყველაფერმა აზრი დაკარგა. ლამის გამომაგდეს სამსახურიდან. სხვა გზა არ მქონდა, ერთწლიანი აკადემიური ავიღე და აქეთ გამოვეშურე, წამოვიღე ჩემი ნაშრომ-ნაწვალები ჩანაწერები და წიგნს ჩავუჯექი. თინიკო ძალიან დამეხმარა ფეხზე დადგომაში. რომ არა ის, უკვე პათოლოგიური ლოთი ვიქნებოდი, - სევდიანი გაუხდა ტონი.
- ვწუხვარ, - სხვა ვერაფერი მოვახერხე, მეთქვა.
- რატომ? ეს ხომ ერთგვარი თამაშია, რომლითაც საჭიროებისდა მიხედვით ერთობიან მდიდარი გოგონები. ასე არ არის?
მეწყინა მისი სიტყვები. პირდაპირ თუ ირიბად, ისინი მეც მეხებოდა.
- ასე მსჯელობა უსამართლობაა! - გავაპროტესტე.
- შეიძლება უსამართლობაა, მაგრამ სწორედ ამან გამხადა ასეთი ფრთხილი.
- იმედგაცრუება განიცადე სიყვარულში? ერთი წარუმატებელი რომანის გამო ღირდა ასე ჩაკეტვა საკუთარ ნაჭუჭში?
- ჩაკეტილი სულაც არ ვარ. ახლაც მომწონს კარგი ქალები, მაგრამ მხოლოდ გასართობად. სერიოზულ ურთიერთობას არავისთან ვაპირებ. აღარ მინდა ტკივილი კიდევ ერთხელ განვიცადო.
- რადგან წერილი მოგწერა, იქნებ ნანობს თავის საქციელს? შეიძლება შერიგდეთ კიდევაც.
- ეს სასაცილოა! ერთხელ უკვე გამაბითურეს, საკმარისია! დავიფიცე, რომ მსგავსი არასდროს განმეორდება. მის გამო ბევრი რამ დავკარგე. პირველ რიგში, დრო, რომელიც შემეძლო ძალიან კარგ საქმეში გამომეყენებინა. ძლივს დავაღწიე თავი მტკივნეულ მოგონებებს. რამდენჯერაც მისი დავიწყება ვცადე, იმდენჯერ რაღაც სისულელემ შემახსენა მისი თავი. დალხენილი ცხოვრება ისედაც არ მქონია. ყველაფერს ჩემი შრომით მივაღწიე, ლუკმას ვიკლებდი, რომ კარგი განათლება მიმეღო და კარიერა გამეკეთებინა. ბოლომდე მაინც არ გამომივიდა ისე, როგორც ჩავიფიქრე. მარინამ საუკეთესო წლები დამიჩლუნგა! - ჩემმა სიტყვებმა ძალიან დაძაბა, სხეული დაეჭიმა.
- აი, თურმე რა გაღელვებს ასე ძალიან, - ჩემდა უნებურად, გამეღიმა.
მრისხანე მზერა მესროლა.
- რაღაცით მეც მამსგავსებ მას, არა? - სიტყვები ავაჩქარე, რომ სათქმელი მომესწრო, - ამიტომაც მექცეოდი ეს დღეები ასე უხეშად.
- ალბათ… - ჩემდა გასაკვირად, დამეთანხმა, სულაც არ გაღიზიანებულა, - თავიდან დანახვაც არ მინდოდა შენი, მოთმინებიდან გამოგყავდი. ხანდახან მეშინოდა, ისეთი რამ არ ჩამედინა, რომ მერე სანანებელი გამხდომოდა.
- და როცა მაკოცე? - პასუხის მოლოდინში სუნთქვა შემეკრა.
ალთაიმ მოულოდნელად ხელი აწია და შუბლიდან თმა გადამიწია. თვალები უნებურად დამეხუჭა. შემდეგ მისი თითები ღაწვზე ვიგრძენი. ეს შეხება თბილი და ზედმეტად ნაზი მეჩვენა.
- შენ ძალიან ლამაზი ხარ, ლიკა, - და როცა გაკოცე…
გულისცემის ძალუმი რიტმი ყელთან ვიგრძენი. ის უფრო და უფრო ხშირდებოდა. ვინანე, ასე ახლოს რომ ვიდექი მასთან. ვინანე, რომ ზღვის ტალღების ხმაური საოცრად რომანტიკულ ფონს გვიქმნიდა და გავაცნობიერე, რომ ამწუთას ნაბიჯსაც ვერ გადავდგამდი გასაქცევად. თუ ისევ კოცნას მიპირებს, ბარემ დროზე მაკოცოს. უცნაურია, მაგრამ ახლა სულაც არ მქონდა ამის სურვილი.
არ მაკოცა. ცოტა ხანიც და მისი ხელი მოწყვეტიც დაეშვა დაბლა.
- ღამე მშვიდობისა, ლიკა, - აღელვებული ხმით ჩაიბურტყუნა და სწრაფად გამშორდა.
ის მხრებჩამოშვებული მიემართებოდა კოტეჯისკენ. მე კი გახევებული ვიდექი ჩემს აბაგუნებულ გულთან და სიმარტოვის უსაშინლეს შეგრძნებასთან ერთად…
მშფოთვარე ღამე დამიდგა. ვერა და ვერ დავიძინე. ვფიქრობდი ალთაიზე, რეზიზე, დედაჩემის ნათქვამზე. იქნებ მართლა ჯობია შინ დაბრუნება? იქნებ აქ დარჩენა კარგს არაფერს მიქადის? რა უფრო მინდა?
დილით დანგრეული ვიყავი. ღამენათევი და გატანჯული, თვალებჩაშავებული. შემეშინდა, როცა სარკეში ჩავიხედე. ძლივს გავედი ეზოში, ფეხები დამმძიმებოდა.
ალთაიც გამოჩნდა. მოსვლისთანავე სავარძელში მოკალათდა და ჩვეული პოზა მიიღო. არც მომსალმებია. ჩუმად იჯდა, გაუცხოებული. აშკარა იყო, მარინაზე ფიქრობდა. ნეტავ, რა ეწერა იმ წერილში? რას ითხოვდა მისი ყოფილი შეყვარებული ისეთს, ასე რომ შეცვალა?
- ალთაი!
- ჰმ…
- რამე მოხდა? წერილმა იმოქმედა შენზე?
თავი ჩემკენ მოაბრუნა, ნაცრისფერი თვალები დანისლოდა.
- არ მინდა ამაზე ლაპარაკი.
- არც ის გინდა, შენს თავს დაეხმარო?
კოპები შეიკრა.
- და მერე შენ რა?
ამის გაგონებაზე ისე შევკრთი, გავფითრდი. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს სილა გამაწნეს!
ძლივს გადავაგორე უზარმაზარი ნერწყვი, რომელიც ლამის ყელში გამეჩხირა.
- მეგონა, მეგობრები ვიყავით… - სიმშვიდის შენარჩუნება ვარჩიე.
- შენს მზრუნველობას არ ვიმსახურებ.
- დარწმუნებული ხარ? - მხრები ავიჩეჩე, - მიუხედავად საზიზღარი ხასიათისა, მიუხედავად სიუხეშისა, სულის სიღრმეში არც ისე ცუდი ბიჭი ჩანხარ, მეგობარო. - ხუმრობაში გავუტარე.
- უღრმესი მადლობა, - ცივად მომიგო.
სიცილი ვერ შევიკავე. როგორც იქნა, მის სახეზეც გაიელვა ღიმილმა, მოეშვა. უეცრად ისეთი გარდასახვა მოხდა მასში, დაჯერება გამიჭირდა. გახალისდა, ბლოკნოტი და კალამი მოიმარჯვა და პოზირებას შეუდგა.
ორი საათი თავაუღებლად ვიმუშავე. ალთაი გამალებით წერდა ბლოკნოტში რაღაცას. მაშინაც კი, როცა ფუნჯი დავდე და ყავის მოსადუღებლად სამზარეულოს მივაშურე. დილით არც ერთს არ გვისაუზმია. არც გამხსენებია ჭამა. მეც ისეთივე უგუნებო დღე გამითენდა, როგორიც მას. წერა მხოლოდ მაშინ შეწყვიტა, როცა სინით ყავა შემოვდგი მაგიდაზე.
- სასიამოვნო სურნელი მოიტანე, - სითბო ჩაეღვარა მზერაში.
- ვსწავლობ… - კეკლუცად შევღიმე.
- რა უნდა უყო ამ ნახატებს? - მკითხა და ყავის ოხშივარი შეისრუტა. - მაგარია!
- გამოფენის მოწყობა მინდა ან ვინმეს მოვძებნი და გამიყიდის. ერთი მაინც თუ გაიყიდა, მერე ვერავინ შეეცდება ჩემს გადარწმუნებას, ხატვას თავი დაანებეო, - გადავიკისკისე.
- ახლა ვინმე ცდილობს? - ცალი წარბი ასწია.
- კი, ცდილობს.
- კაცი? ქალი?
- კაცი.
- სერიოზულად?
- ჰო. ის ცოლობას მთხოვს, თუ მთხოვდა. უკვე აღარ ვიცი, როგორაა, რაც აქ წამოვედი, - უაზრო სიცილი ამიტყდა, ნერვული.
- მაშინ რატომ წამოხვედი?
- მინდოდა, გავრკვეულიყავი, მინდოდა თუ არა მისი ცოლობა.
ლამის გამხვრიტა მისი ნაცრისფერი თვალების გამოხედვამ.
- გასაგებია, - ყრუდ ამოთქვა და შეცვლილი ხმით დააყოლა, - მყავს ერთი მეგობარი თბილისში, ნახატებს ყიდის სანაპიროზე, არამარტო თავისას. სხვათა შორის, კარგი მხატვარია. ვეტყვი და შენსასაც ჩაიბარებს.
- მართლა ეტყვი? - თვალები გამინათდა, - ნაცნობს თუ ჩავაბარებ, უკეთესი იქნება, რა თქმა უნდა. შენ როგორ ფიქრობ, შანსი მაქვს? ცოტა მრცხვენია, მთლად დარწმუნებული არ ვარ ჩემს თავში.
- გინდა, ახლავე წავიდეთ?
- სად, თბილისში? - გაოგნებული მივაჩერდი.
- რატომაც არა? მშვენიერი აზრია. წავალთ და წამოვალთ.
შემეშინდა. განა ასე ადვილია თბილისში ჩასვლა და უკან დაბრუნება? ერთ დღეში? მგონი, გაგიჟდა…
- ამხელა გზაზე მანქანით არასდროს მივლია მარტო. თანაც, ჩემებმა არაფერი იციან. მათ დაუკითხავად ნაბიჯი დღემდე არ გადამიდგამს.
- მარტო რატომ? მე და შენ ერთად. საჭესთან მე დავჯდები, ამ საქმეს გაგიადვილებ. თუ ვერ მოვასწრებთ, ღამე იქ დავრჩეთ და დილით წამოვიდეთ.
- არა, - არ ღირს… - თან მომეწონა მისი იდეა, თან გული მეთანაღრებოდა.
- მაშინ ბათუმში ჩავიდეთ. იქაც მყავს ნაცნობი. მთლად მეგობარი არაა, მაგრამ დიდი ხანია, ვიცნობ. ვენდობი. კარგად ერკვევა მხატვრობაში, ჭკვიანი კაცია.
- ბათუმში კიდევ შეიძლება, მაგრამ…
- მაგრამ რა, გეშინია, ერთად არ დაგვინახონ ნაცნობებმა?
პასუხად თვალები მორიდებით დავხარე. ის მართალი იყო, სწორედ ამის მეშინოდა.
- მერე რა? თუ ვინმემ დაგვაფიქსირა, ვეტყვით, რომ ბათუმში შევხვდით ერთმანეთს, რომ თინიკოს ახლობლები ვართ. რა, არ შეიძლება?
ამჯერად სწრაფად მივიღე გადაწყვეტილება, აღარ მიყოყმანია.
- კარგი, თანახმა ვარ. ავალ და ჩავიცვამ. თხუთმეტ წუთში მზად ვიქნები და მანქანასაც მე ვატარებ. - ყავის ფინჯანი კვლავ სინზე შემოვდგი.
- ჯერ ბოლომდე არ დაგილევია, - მზერით მიმითითა ფინჯანზე.
- აღარ მინდა. - პატარა გოგონასავით ვხტუნავდი ადგილზე.
- კარგი, მაშინ, სანამ შენ მოემზადები, მე ჩემს ყავას ჩავამთავრებ და დაგელოდები.
სირბილით გავეშურე სახლისკენ.
8 8 8
ათი წუთიც არ დამჭირვებია მოსამზადებლად. სწრაფად გამოვიცვალე ტანსაცმელი და ეზოში გავჩნდი.
- უკვე? - გაუკვირდა ალთაის.
- ჰო, მზად ვარ, მაგრამ მთავარი პრობლემა არ მოგვიგვარებია. რომელი ნახატები წავიღოთ?
- მე მგონი, რთული ასარჩევი იქნება, - კეფა ღიმილით მოიქექა და ჩემს ერთმანეთზე დახვავებული ტილოებისკენ ირიბად გააპარა მზერა.
თითქმის ნახევარი საათი ვკამათობდით. როგორც იქნა, ექვსი ნახატი შევარჩიეთ, რომლებიც გვერდზე გადავდე.
- ესეც უნდა წავიღო, შენ რომ ხარ სანაპიროზე.
ალთაიმ ჩაიფხუკუნა.
- გგონია, თუ ამას გაყიდი, ცნობილი გავხდები?
- შენ არა, მე, - ნიშნის მოგებით ვუპასუხე და კეკლუცად გავიცინე.
- დიდი ოხერი ვინმე ხარ, ყველაფრისთვის მზად გაქვს პასუხი.
- ოხერი არა, ენამოსწრებული, - არც ახლა დავუთმე და პატარა ბავშვივით ამჩატებულმა ასკინკილით შემოვურბინე ჩემს ნახატებს.
კიდევ ერთ რამეში ვერ შევთანხმდით - ვინ უნდა დამჯდარიყო ჩემი მანქანის საჭესთან.
- როცა ამხელა გზაზე მივდივარ ლამაზ ქალთან ერთად, თავს უფლებას ვერ მივცემ, ქალმა მატაროს, გასაგებია? - ღიმილით შეყარა წარბები და თავი სასაცილოდ გადახარა გვერდზე.
- მაგრამ მანქანა ხომ ჩემია?
- მერედა, ვინ გართმევს? მანქანა შენი, ტარება ჩემი!
- ესე იგი, არ განაღვლებს, ერთად რომ დაგვინახავენ, თანაც ასეთ ამპლუაში?
- ჰმ… პირიქით, უნდა გიხაროდეს, მძღოლი რომ გემსახურება, - ჩაიცინა, - ეს იმას ნიშნავს, რომ დიდი ქალი გახდი.
დავნებდი. ისე დამაჯერებლად ასაბუთებდა თავის ნათქვამს, პროტესტის სურვილი გამიქრა.
- და ბესის რა ვუყოთ? - დოინჯი შემოიყარა და იქვე გაწოლილ პუდელს გახედა.
- პატრონთან დავტოვებ, სანამ დავბრუნდებით, არ არის პრობლემა, ოღონდ ბაზართან უნდა გავიაროთ.
- მშვენიერია. - წამოდგა და ხელი გამომიწოდა მანქანის გასაღებისთვის.
- ლიკა, ბათუმში ერთი ადგილი ვიცი და იქ ვისადილოთ. ძალიან მოგეწონება, - მანქანაში ჩავჯექი თუ არა, ეს სიტყვები მითხრა და ადგილიდან მოწყდა.
ბაზრამდე ისე ატარა, სიჩქარე არ შეუნებელებია. ღიმილს ვერ ვიკავებდი. ბიბის ჯიხურამდე მანძილი ფეხით გავიარე, არ მინდოდა, ალთაისთან ერთად ვენახე. ბესი დავუტოვე და ავუხსენი, სასწრაფოდ მომიხდა ბათუმში, ჩემებთან წასვლა, საღამოს კი აუცილებლად დავბრუნდები-მეთქი. ბესი ლამის ატირდა, რომ დავტოვე. დიდხანს მესმოდა მისი წკავკავი. გული მომიკვდა.
გაგრძელება იქნება
ასევე იხილეთ: