დუმილის შეთქმულება - თავი 8 - Marao

დუმილის შეთქმულება - თავი 8

2022-12-14 10:05:05+04:00


წინა თავი

ამ დროს მწყობრს ნაცრისფერლაბადიანი ქალი გამოეყო, მომიახლოვდა და უხეშად მკითხა:

- აბა! სად არის?

ძლივს ვიცანი სკოლის დირექტორი. შავ ნაქსოვ ქუდს, პარიკივით რომ ედო თავზე, საგრძნობლად შეეცვალა მისი იერი.

- ვინ? - კითხვა შევუბრუნე.

- ვინ და ნოზაძე. რატომ აგვიანებს? უკვე სამი დაიწყო! გაიყინნენ ბავშვები!

არ ვიცოდი, როგორ ამეხსნა ქალბატონი ლიანასთვის ფიზკულტურის მასწავლებლის დაგვიანების მიზეზი და, რატომღაც, დამნაშავედ ვიგრძენი თავი.

- კი მაგრამ, არ ნახე? ვერ მიაგენი მის სახლს? - გაღიზიანებული ხმით შემომიტია დირექტორმა.

უარის ნიშნად მხოლოდ თავი გავაქნიე.

- ცხვირზე რა დაგემართა? აბა, სად დადიოდი აქამდე? - კოპებშეკრულმა ამათვალიერა და ბოლოს მზერა ჩემს ტალახიან ფეხსაცმელზე შეაჩერა.

მერჩივნა, მიწა გამსკდომოდა, ისე შემრცხვა. დატუქსულ მოსწავლესავით მოკუნტული ვიდექი და პასუხს ვერ ვცემდი.

- კარგი, გვეყოფა ლოდინი! ნომრები აიღეთ და დავიწყოთ! - გასცა ბრძანება ლიანამ და ზურგი შემაქცია.

უცებ თათაც დავინახე. ჯინსის შარვალში გამოკვართული «ქიმია» რხევა-რხევით მოგვიახლოვდა, ძველი ნაცნობივით თამამად მომესალმა და დირექტორს მიუბრუნდა.

- მამუკას გარეშე დავიწყოთ?

- ჰო, აბა, რა ვქნათ, სანამ ველოდოთ? ასე არასდროს მოქცეულა, რა დაემართა? სად დადის ეს კაცი, სად! - წყობილებიდან გამოსულმა წამოიყვირა და ისე გადმომხედა, თითქოს მე ვყოფილიყავი დამნაშავე ნოზაძის დაგვიანებაში.

- აზრზე არ ვარ, რა ვიცი, - მხრები აიჩეჩა თათამ.

- ხომ ხედავთ? არავინ აზრზე არ არის, მე კი შეიძლება შეჯიბრება ჩამეშალოს. საქმეა ახლა ეს?! - გაგულისებულმა ჩაილაპარაკა ლიანამ, - წავა მერე ჟურნალისტი და თავის გაზეთში დაწერს, როგორ არაორგანიზებულად ტარდება ჩვენს სკოლაში ღონისძიებები. მე შენ გეტყვი და, მტყუანი იქნება! ასე არ არის, ჩემო კოკა? - ისევ გამომხედა.

- რატომ უნდა დაწეროს ცუდი ჩვენს სკოლაზე? - ჩემ მაგივრად «ქიმიამ» უპასუხა და ისეთი მიბნედილი მზერა მესროლა, თითქოს იდუმალი საყვარლები ვყოფილიყავით.

- აბა, აბა, სწრაფად, სწრაფად, დრო არ იცდის! ორ რიგად მოეწყვეთ! - დაჰკივლა დირექტორმა მოსწავლეებს და მათკენ გაემართა.

ის იყო, უნდა მეკითხა თათასთვის, თითები ხომ არ გატკინა ჩემმა ცხვირმა-მეთქი, რომ მოულოდნელად ხელზე ნაზად შემეხო და ვნებიანი ღიმილი მესროლა.

- ხომ შეგპირდით, შევხვდებით და ვისაუბრებთ-მეთქი. იმედია, შეჯიბრების დასრულებამდე დაიცდით, არა? - ისე რბილად წარმოთქვა, თითქოს ჩვენ შორის არაფერი მომხდარიყოს.

ამწუთას ყველაზე კარგი მომენტი იყო, მისგან სიმართლე დამეტყუა და პირდაპირ მივახალე:

- რატომ იმალება ნოზაძე სახლში? რა, მთვრალია?.. თუ ავად არის?

თათამ ქურდულად მიმოიხედა, მერე ტუჩებით ოდნავ შემეხო ყურის ბიბილოზე და ჩამჩურჩულა:

- გეფიცებით, ის სახლში არ არის. მე თვითონ ვნერვიულობ. ამ დილით უნდა ჩამოსულიყო… მერე დაგელაპარაკებით…

თათა გატრიალდა და დირექტორს უკან მიჰყვა. ორი ჩემთვის უცნობი მასწავლებელი მოსწავლეებს განკარგულებებს აძლევდა, ორ მწკრივად მოწყობილიყვნენ და სტარტისთვის სამზადისი დაეჭირათ.

გადავწყვიტე, შეჯიბრების დამთავრებას მანქანაში დავლოდებოდი. უკან გამოვბრუნდი და სკოლისკენ გავეშურე, რომლის შესასვლელთან ობლად იდგა ჩემი «ჟიგული». როცა მას მივუახლოვდი, გულში უსიამოვნოდ გამკრა. წინა მხარეს ორივე კარი ოდნავ გამოღებული დამხვდა. არადა, კარგად მახსოვს, როგორ საგულდაგულოდ ჩავკეტე წუხელ. ალბათ მოსწავლეებმა ჩემი არყოფნით დრო იხელთეს და მანქანის შიდა სალონის გაჩხრეკა გადაწყვიტეს.

ყურადღებით მოვათვალიერე სალონი. მაგნიტოფონი ადგილზე დამხვდა, იაპონური ავტორადარიც, საათიც… ესე იგი, გაქურდვის მიზნით არ შემომძვრალან მანქანაში… ა! ეს რა არის? მხოლოდ ახლა შევნიშნე სიჩქარის კოლოფის გვერდზე დაგდებული რვეულის ოთხად გაკეცილი ფურცელი. ინტუიციით მივხვდი, რომ უცნობმა სწორედ ამის დასატოვებლად გააღო მანქანა. ფურცელი ავიღე, გავშალე და კითხვას შევუდექი: «სასწრაფოდ დატოვეთ აქაურობა, თორემ მოგკლავენ!»

ნაჩქარევად ჩავიდე ქაღალდი ჯიბეში, რადგან უეცრად ჩემკენ მომავალი დირექტორი შევნიშნე.

- ერთი წუთით შეიძლება? - საქარე მინაზე მომიკაკუნა, - პატარა თხოვნა მაქვს. ხომ ხედავ, როგორ დამაღალატა ნოზაძემ. მაგას მოვუვლი ცოტა ხანში. უნდა დამეხმარო.

მანქანიდან გადმოვედი თუ არა, ქალმა ეგრევე რვეული და კალამი მომაჩეჩა ხელში. არც კი დაინტერესებულა, მქონდა თუ არა სამაგისო დრო, მაშინვე საქმეზე გადავიდა.

- სტარტთან ჭელიძე იქნება, ფინიშთან - მე, მაგრამ მთავარი მაინც მოსახვევია. მოსწავლეებს იქ სჭირდებათ გაკონტროლება, რომ მოკლეზე არ გადავიდნენ. აი, ამ გზას გაუყვები და ტყის განაპირას პატარა დროშას შენიშნავ. იქ დადგები და აღნიშნავ ყველა იმ მოსწავლის ნომერს, რომელიც ჩაგირბენს. სხვანაირად ჩათვლას ვერც ერთი ვერ მიიღებს, ვერც მედალოსანი, ვერც კარგოსანი და ვერც სამოსანი.

პასუხი არ გამიცია, არც ჰქონდა აზრი. მანქანა ჩავკეტე, უსიტყვოდ გამოვართვი რვეულიც, კალამიც და ლიანას მივაჩერდი.

- ასე იარე, პირდაპირ და არსად გადაუხვიო! - მომაძახა ლიანამ.

კარგა ხანს მივდიოდი. გზა ნელ-ნელა ისე დავიწროვდა, ორი შემხვედრი მანქანა ერთმანეთს გვერდს გაჭირვებით თუ აუვლიდა. მერე უკვე მოკლე დაღმართი იწყებოდა, რომელიც მკვეთრად უხვევდა მარჯვნივ. გზის ორივე მხარეს ტყის მასივები მოჩანდა - ხშირი, ეკალ-ბარდებით დაბურდული და გაუვალი. ამასობაში ნისლიც გაიფანტა და უკვე ადვილად შემეძლო საგნების გარჩევა.

8 8 8

როგორც იქნა, დანიშნულების ადგილიც გამოჩნდა. რაც შეეხება დროშას, იგი მესერზე დამაგრებული მოწითალო ფერის სქელი ნაჭერი აღმოჩნდა, ალბათ სვიტერი თუ დაჭრა ვინმემ. იქვე, ბოძზე, შავი ისარი იყო მიხატული წარწერით: «დისტანციის გაგრძელება».

ჩემი პოზიცია დავიკავე და ბოძს მივეყრდენი. აქედან კარგად ჩანდა გზის მონაკვეთი, რომელზეც მოსწავლეებს უნდა გაერბინათ. ჯერ არავინ ჩანდა, ამიტომ დრო ვიხელთე და ჩემს საქმეს მივუბრუნდი. ამოვიღე ოთხად გაკეცილი წერილი, გავშალე, მუხლებზე დავიდე და კიდევ ერთხელ ყურადღებით გადავათვალიერე. ფურცელი ირიბად იყო ამოხეული, ასოები გაკრული ხელით ეწერა, ნაჩქარევად. კალიგრაფია კაცისას უფრო ჰგავდა, ვიდრე ქალისას.

რა თქმა უნდა, უსიამოვნოა, როცა ასეთ გაფრთხილებას იღებ, მით უმეტეს, როცა არ იცი, ვის უნდა უფრთხოდე. რას ნიშნავს «სასწრაფოდ დატოვეთ აქაურობა»? ანუ, ახლავე, ამწუთას? გამოდის, რომ ჩემი მოკვლა აქვე შეუძლიათ, ამ ტყეში, ამ ბოძთან? ყოველი შემთხვევისთვის, ფრთხილად მიმოვიხედე ირგვლივ და ერთი წუთით წარმოვიდგინე, როგორ გამოძვრებოდა ბუჩქებიდან კბილებში დანაგარჭობილი დირექტორი. გამეღიმა. კიდევ კარგი, ნისლი გაიფანტა და მთელი არემარე ხელისგულივით მოჩანს, შეუმჩნევლად ვერავინ მომიახლოვდება. საინტერესოა, ვინ არის ის კეთილისმსურველი, ჩემს უსაფრთხოებაზე ასეთი წერილებით რომ ზრუნავს? არის კი კეთილისმსურველი? თუკი მართლა უნდა ჩემი სიცოცხლის გადარჩენა, რატომ არ დამიკონკრეტა, ვინ გადამემტერა ასე მწარედ? ვის შევუშალე ხელი და რაში? ვიცოდე მაინც, ვისგან დავიცვა თავი, რაღაც ზომებს მივიღებდი. ახლა კი როგორ მოვიქცე? მხდალივით კუდი ამოვიძუო და გავიძურწო?

აქედან დასკვნა: კეთილისმსურველი ან თავად არის მშიშარა და ბევრი არაფერი იცის, ან არ არის კეთილისმსურველი.

ამ ფიქრებში ვიყავი, გზაზე პირველი მორბენალი რომ გამოჩნდა. წერილი სწრაფად შევინახე და რვეული გადავშალე, რომ მოსწავლის ნომერი აღმენიშნა… და ადგილზე გავშეშდი. ვიღაცას ირიბად ამოეხია რვეულში ერთი ფურცელი. დარჩენილი ნაწილი კი ზუსტად მიესადაგებოდა ჩემი მისამართით გამოგზავნილი წერილის მონახევის ფორმას. სულ გადამავიწყდა მორბენალი და მისი ნომერი, ხელახლა ამოვიღე ჯიბიდან ანონიმური წერილი და რვეულის მონახევს მივადე… ჯანდაბას! დაემთხვა! ესე იგი, ეს ფურცელი ამ რვეულიდან არის ამოხეული! რა გამოდის? დირექტორი მაფრთხილებს? ასე რატომ მოიქცა, როცა შეეძლო, პირდაპირ ეთქვა ჩემთვის მოსალოდნელი საშიშროების შესახებ? ალბათ არ შეეძლო ამის გაკეთება, ვიღაც უშლიდა ხელს. მაგრამ ვინ? ვინ იდგა მაშინ ჩვენთან ერთად? რა თქმა უნდა, თათა ჭელიძე. ამ დროს გვერდით ქოშინით ჩამირბინა მაღალმა, ქერა ბიჭმა, რომელსაც ძალიან დიდი კედი ეცვა ფეხზე, დაახლოებით 44-45 ზომის. ძლივს მოვასწარი მისი ნომრის დანახვა, რომ ტყეში მიიმალა. სწრაფად ჩავინიშნე პირველი მორბენლის ნომერი და კვლავ ანონიმურ ნაწერს მივუბრუნდი. მხოლოდ ერთი რამ ვიცოდი დანამდვილებით - რვეული ლიანას ეჭირა ხელში, მან კი ბოლოს მე გადმომცა…

დავუშვათ, დირექტორმა მომწერა და არჩია ინკოგნიტოდ დარჩენა… მაშინ რატომ გადმომცა რვეული, რომლიდანაც იმ წერილის ფურცელი იყო ამოხეული? ამით ხომ თავი გასცა? იქნებ შეგნებულად მოიქცა ასე, რათა მივმხვდარიყავი? ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ მზადაა, მელაპარაკოს? არა, უაზრობაა ასეთი დასკვნის გაკეთება. მას რომ დაეწერა, ხელსაც მოაწერდა, ან პირდაპირ მეტყოდა. ვაითუ, მის სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრება და ამიტომაც არჩია ჩრდილში ყოფნა?

ამ დროს გზაზე ვიწრო ჯინსებში გამოწკეპილი ორი გამხდარი გოგონა გამოჩნდა. ისინი ხელიხელჩაკიდებული ძალიან ნელა მორბოდნენ. ბოძიდან ათიოდე ნაბიჯის მოშორებით სიარულზე გადავიდნენ და ვარცხნილობის შესწორება დაიწყეს.

- უკაცრავად, - კეკლუცად მომმართა ერთმა, - ხომ არ იცით, ფინიშამდე რომელი გზით უნდა წავიდეთ?

თავით ვანიშნე ბილიკისკენ და ორაზროვნად შევხედე. მათ ხმამაღლა გაიცინეს და კვლავ სირბილზე გადავიდნენ, თან მომაძახეს:

- ჩვენი ნომრების ჩაწერა არ დაგავიწყდეთ, თორემ ლიანა ჩათვლას არ მოგვცეეეეემს!

გოგონებს კვალდაკვალ დაბალი, ჩაფსკვნილი ბიჭი მოჰყვა, შეშინებული თვალებით რომ იყურებოდა აქეთ-იქით. ალბათ საუკეთესო დროის ჩვენება უნდოდა, რადგან მთელი ძალით გარბოდა. ის იყო, ბიჭი ხეებს მიეფარა, რომ გზაზე მორიგი მორბენალი გამოჩნდა - ახალგაზრდა, მაღალი, ლურჯ სპორტულ მაისურში გამოწყობილი ბიჭი. ტალღოვან გრძელ თმას ქარი უწეწავდა. ტუჩებმოკუმული ხმამაღლა, ცხვირით სუნთქავდა. ეს მის ძლიერ ხასიათზე მიუთითებდა. ის იყო, ბოძს მოუახლოვდა და ბილიკისკენ უნდა გადაეხვია, რომ მოულოდნელად შეჩერდა. როგორც კი დამინახა და შემომხედა, სახეზე საშინელი შიში აღებეჭდა. რაღაც ჩაიბურდღუნა, ნელ-ნელა უკან დაიხია და თავქუდმოგლეჯილი ტყეს შეერია. არც დავფიქრებულვარ, ისე გავეკიდე. ბიჭი გარბოდა, მე მივდევდი. რაღაც მსგავსი დილით უკვე გამოვცადე ლუდხანასთან. ახლაც იგივე მეორდებოდა. როგორც ჩანს, სირბილისგან ისედაც დაღლილი იყო, რადგან ნელ-ნელა უკლო ტემპს. მე კი პირიქით, მოვუმატე და მალევე დავეწიე. უცებ რაღაცას წამოედო და წაიქცა. გონს მოსვლა არ ვაცალე, ზემოდან დავახტი და ხელები გავუკავე. ერთიანად გაოფლილს სუნთქვა უფრო გახშირებოდა. მაშინვე მის ბოტასს ვტაცე ხელი, ფეხი ამოვუტრიალე და ლანჩზე შევხედე. არა, ეს იმ ფეხსაცმლის კვალი არ იყო, დილით რომ ვნახე. ზომაც უფრო დიდი იყო და ფორმაც - სხვანაირი.

- აქეთ არ უნდა გადაგეხვია, მეგობარო, ტრასა სხვა მხარესაა, - ქოშინით ამოვთქვი და დაჟინებით ჩავაშტერდი თვალებში, - რამე ხომ არ იტკინე?

- შენი საქმე არ არის! - საოცარი აგრესიით მიპასუხა და წამოდგა.

- რატომ ასე უხეშად?

- აბა, როგორ გელაპარაკო?

გაკვირვებით ავხედე. სიბრაზისგან ცხვირის ნესტოები დაბერვოდა. თითქოს მეცნო კიდეც მისი სახე, სადღაც ნანახი მყავდა.

- ნუ ყვირი, ყრუ არ ვარ, - მისი დაშოშმინება ვცადე.

- თუ არ ხარ, მაშინ ერთ კეთილ რჩევას მოგცემ.

- ოჰო! ეს რაღაც ახალია. რა რჩევას! აბა, მიდი, გისმენ!

- არაფერსაც არ გეტყვი! - წამოიძახა უცებ, - ჩემი საქმე გაფრთხილებაა, დასკვნები თავად გამოიტანე!

აი, თურმე, რაშია საქმე! ეს ყოფილა წერილის ავტორი! ვერც კი ვიოცნებებდი, ასე მალე თუ შევხვდებოდი ჩემს კეთილისმსურველს. ჯიბიდან ფურცელი ამოვიღე და ცხვირწინ ავუფრიალე.

- ესე იგი, ეს შენ დაწერე, არა?

ბიჭი მიხვდა, რომ გაქცევის მცდელობით შეცდომა დაუშვა. ალბათ იფიქრა, რომ ყველაფერს მივხვდი და ბოძთან მას ჩავუსაფრდი. ამიტომაც გადაწყვიტა თავის მართლება.

- გამახსენდა! - წამოვიყვირე უცებ, - გამახსენდა, სად მყავხარ ნანახი! ფოტოზე! ქიმიის მასწავლებლის გვერდით დგახარ!

- მერე რა? შენთვის რა მნიშვნელობა აქვს, ვის გვერდით ვდგავარ? - გამომწვევად მკითხა და თვალები ზიზღით მოხუჭა.

- ე! ე! რატომ ხარ ასეთი ნერვული? როგორც ვიცი, ჩემი სიცოცხლეა რისკის ქვეშ და არა შენი… თუ ვცდები? - ეშმაკურად გავხედე.

- არა, არ ცდები, - კბილეშუა გამოსცრა, - სისხლში გაისვრები, თუ დროზე არ დაახვევ აქედან. მადლობა მითხარი, რომ გაგაფრთხილე, მეტს არაფერსაც არ გეტყვი. დღესვე წადი, სხვა არჩევანი არ გაქვს.

- არ გირჩევ ჩემთან უხეშ ლაპარაკს, - გავაფრთხილე და ხელები კვლავ გადავუგრიხე, - თორემ ვიფიქრებ, რომ ჩემი მოკვლა შენ გაქვს განზრახული. გაიგე, შვილო?! - და ისე მოვუჭირე მკლავები, ტკივილისგან დაიგრიხა.

უცებ ისევ შიში ჩაუდგა თვალებში, მისი აგრესიულობა სადღაც გაქრა.

- მე რა შუაში ვარ? მე… მე მხოლოდ დახმარება მინდოდა…

- ჰოდა, დამეხმარე!

- უკვე დაგეხმარე… რა, ცოტაა? ხომ გაგაფრთხილე?

- არ გინდა მითხრა, ვინ მემუქრება?

- მე არ ვიცნობ მაგ კაცს. უბრალოდ, მივხვდი.

- მიხვდი? საინტერესოა, რის საფუძველზე?

- რა დაკითხვას მიწყობ? სხვათა შორის, მეც უნდა ვიზრუნო ჩემს უსაფრთხოებაზე. შენ წახვალ აქედან, მე კი ვრჩები!

- მოდი, შენს უსაფრთხოებაზე მე ვიზრუნება, კარგი?

- დიდი მადლობა, როგორმე თავად მივხედავ ჩემს თავს.

- ის მაინც მითხარი, საიდან მელის საშიშროება!

- არ ვიცი.

- ნოზაძისგან?

- მორჩა! ინტერვიუ დამთავრებულია! - მთელი ხმით იყვირა და მივხვდი, სულ რომ კისერი მომეგრიხა მისთვის, მეტს არაფერს იტყოდა.

თავი დავანებე და უკან გამოვტრიალდი. ბიჭი ფეხდაფეხ მომყვა. ბოძთან რომ დავბრუნდით, აბუზღუნდა.

- ჯანდაბას! რა მეშველება ახლა? დრო დავკარგე, ნორმატივებს ვერ ჩავაბარებ, არც ჩათვლას მომცემენ.

- ეს ასე მნიშვნელოვანია შენთვის? - მივუბრუნდი.

- აბა რა! ხუთოსნობის კანდიდატი ვარ.

თავი დამნაშავედ ვიგრძენი. მხარზე ხელი დავკარი და რბილად ვუთხარი:

- არ იდარდო, რაღაცას მოვიფიქრებ.

ბიჭმა უკმაყოფილოდ ჩაიქნია ხელი, რაღაც ჩაილაპარაკა და სირბილით გააგრძელა გზა.

რვეულში მისი ნომერი - 56 ჩავწერე და სხვა მორბენლების მოლოდინში ბოძს მივეყუდე.

8 8 8

მოდი, ლოგიკურად ვიმსჯელოთ. რატომ უნდათ ჩემი მოკვლა? იმიტომ, რომ ვიღაცას ხელს ვუშლი. ის ვიღაცა კი, პირდაპირ თუ ირიბად, თამაზის სიკვდილთან არის კავშირში. მკვლელი მიხვდა, რომ ადრე თუ გვიან, მის კვალზე გავიდოდი და ამიტომ ჩემი თავიდან მოშორება გადაწყვიტა. დავუშვათ, მკვლელის განზრახვა რაღაც გზით მეთორმეტეკლასელი ბიჭისთვის ცნობილი გახდა. მან ჩემი გაფრთხილება გადაწყვიტა, მაგრამ ბოლომდე ვერ გარისკა, მკვლელის ვინაობა დაესახელებინა, თავის სიცოცხლეს გაუფრთხილდა. თითქოს ლოგიკურად ყველაფერი გამართლებულია, მაგრამ…

სანამ ტყეში ვიყავით, გასაგებია, ერთად ვერავინ დაგვინახავდა და საშიშიც არაფერი იყო, მაგრამ, როცა ტრასაზე გამოვედით, მას არც უცდია, მომრიდებოდა. არც კი აღელვებულა, ჩემ გვერდით ისე იდგა. თუ მოკვლას მიპირებდნენ, ხომ უნდა ეცადა, ვინმეს ერთად არ დავენახეთ? ამდენი მოსწავლის თვალწინ… ადვილად შეეძლო რომელიმეს მისი ჩაშვება. არადა, ის მხოლოდ თავის ნორმატივებზე წუხდა და სხვა არაფერზე. ცოტა უცნაურია…

დინჯად მივაბიჯებდი სკოლისკენ და თან წარამარა უკან ვიხედებოდი, ვინმე ხომ არ მომდევდა კვალდაკვალ. სულაც არ მსურდა, მკვლელს ზურგიდან ტყვია დაეხალა ჩემთვის.

ჩემს მანქანასთან მოსწავლეები და მასწავლებლები შეჯგუფულიყვნენ.

- აი, ისიც! - წამოიძახა დირექტორმა ჩემ დანახვაზე, - აბა, რა ქენით? - მკითხა და ხელი გამომიწოდა.

რვეული უსიტყვოდ გადავეცი. მან დახედა გვარებს და უკმაყოფილოდ ჩაიცინა.

- სულ ხუთი მოსწავლე! დანარჩენები მოკლეზე გადავიდნენ?

კარგი ჩამშვებივით თავდაჯერებულად დავუქნიე თავი.

- და რა ვქნა ახლა მე? ოცდასამ მოსწავლეს ორიანი დავუწერო? - ამოოხვრით მიუბრუნდა ქიმიის მასწავლებელს, - ამ ნოზაძეს რაღა დაემართა? ასეა არასდროს მოქცეულა, რა უნდა მოსვლოდა?

შედეგებით უკმაყოფილო ქალმა რვეული ჩანთაში ჩაიდო და გზას მძიმე ნაბიჯებით გაუდგა. მოსწავლეებიც დაიშალნენ ნელ-ნელა. მე და თათა მარტონი დავრჩით.

- ის ბიჭი რა გვარია? - ვითომ სხვათა შორის ვიკითხე.

- რომელი ბიჭი? - თათას ღაწვები შეეფაკლა.

- 56-ე ნომერი.

- ააა! გოგოლაძე? რატომ მეკითხებით?

- ისე, უბრალოდ, ველაპარაკე და…

- ელაპარაკეთ? რაზე? - შიში ჩაუდგა თვალებში.

რა ლამაზი იყო ამწუთას. ისეთი თვალები ჰქონდა, ნებისმიერ კაცს გადაიყვანდა ჭკუიდან. კარგად მესმოდა თაზოსი, ძნელი იყო ასეთი ცდუნებისგან თავის შეკავება.

- ეგ ჩვენი საქმეა, მამაკაცური.

- არაფერიც! სანამ მე მისი მასწავლებელი და კლასის დამრიგებელი ვარ, ყველაფერი უნდა ვიცოდე.

- მ… მ… თავდაცვის რამდენიმე ილეთის შესწავლა მთხოვა.

- მატყუებთ!

- კარგი, გეტყვით სიმართლეს! მან გზის შემოკლება განიზრახა, მე კი შევაჩერე. მერე გამომიტყდა, წარჩინებული მოსწავლე ვარ და ნორმატივების ჩაბარებას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვსო.

მან დამიჯერა. ახლა ჩემი ჯერი იყო.

- თათა, იქნებ ახლა მაინც გამოტყდეთ, რომ ნოზაძე შინ არის?

ჭელიძემ ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა.

- მითხარით, იმიტომ არ მოვიდა შეჯიბრების ჩასატარებლად, რომ აქ მე ველოდებოდი?

აქ კი ვეღარ მოითმინა ქალმა, ხელები ლაბადის ჯიბეებში ჩაიწყო, ჯიქურ შემომხედა და ხაზგასმით წარმოთქვა:

- რა ჯიუტი ვინმე ხართ! მომისმინეთ, ბოლოს და ბოლოს. მამუკა არ არის სოფელში, რატომ არ გჯერათ? იქნებ სულაც თქვენი ბრალია, რომ არ დაბრუნდა? იქნებ იმ თქვენმა კოლეგამ ჩაუშვა პოლიციაში და უკვე დააპატიმრეს მოზარდის გაუპატიურების მცდელობისთვის? ამაზე გიფიქრიათ? თუ გამორიცხავთ მსგავს რამეს?

- ეს გამორიცხულია, - მტკიცედ ვთქვი.

- რატომ, რატომ არის გამორიცხული? თქვენ ხომ ჟურნალისტი ხართ. თქვენი პროფესიის ადამიანისთვის გამორიცხული არაფერია, ასე არ არის?

ერთხანს დავფიქრდი. გასაკვირი არც ეს იქნებოდა, მაგრამ ვის უნდა დაესმინა იგი? თამაზი მკვდარი იყო, წერილი დავწვი. ვის შეეძლო მისი ჩაშვება? ყოველი შემთხვევისთვის, ეს ვერსიაც უნდა გადამემოწმებინა, მაგრამ თათასთვის არაფერი მითქვამს.

- სკოლაში შევალ, სიას დავტოვებ და ახლავე გამოვალ, - მითხრა ჭელიძემ და პასუხს არ დალოდებია, ისე გატრიალდა.

როგორც კი შენობაში შევიდა, მაშინვე სერგის ტელეფონის ნომერი ავკრიფე.

- შენ კიდევ მანდ ხარ? - იყვირა მან, ჩემი ხმა რომ გაიგონა, - მაინც არ ჩერდები, არა? რა ქენი, გაარკვიე მაინც რამე?

- შენი დახმარება მჭირდება, სერგი, - მშვიდი ხმით ვუპასუხე, - ჩაიწერე, თუ შეიძლება. ნოზაძე მამუკა. ახალუბნის საგანმანათლებლო სკოლის ფიზკულტურის მასწავლებელი. შაბათ-კვირას ქუთაისში დადის, პარალელურად სპორტულ სკოლაში მწვრთნელად მუშაობს. მეუღლეს მაკა ჰქვია, ნარკოლოგიურშია აღრიცხვაზე. იწერ?

- ჰო, მერე?

- ეს ნოზაძე გუშინ საღამოს თუ დღეს დილით უნდა დაბრუნებულიყო სოფელში და არ ჩანს. არ არის გამორიცხული, დაპატიმრებული იყოს. გამირკვიე, თუ არ დამზარდები.

- ზედმეტ თავსატეხს მიჩენ, კოკა, რა-ა! კარგი, კარგი, ვეცდები, გავიგო.

ლაპარაკი დავამთავრე თუ არა, მანქანაში ჩავჯექი და თვალები დავხუჭე. ამდენი გაუგებრობისგან თავი ამეხადა. არადა, თამაზის მკვლელობის საქმის გასაღები ძალიან ახლოს იყო. გოგოლაძის ალაპარაკება ბევრ რამეს მოჰფენდა ნათელს. ამ ბიჭმა ყველაფერი იცის. უნდა ვაიძულო, ალაპარაკდეს. რადგან ერთი თქვა, მეორეც უნდა მოაყოლოს, სხვანაირად არ შეიძლება.

ამ დროს მობილური აწრიპინდა. ეკრანს დავხედე, სერგი იყო. ასე მალე? რა ოპერატიულია ეს კაცი!

- მოკლედ, მომისმინე! - დაიწყო მან, - არც გუშინ და არც დღეს, ის შენი ნოზაძე სპორტულ სკოლაში არ გამოცხადებულა. ხომ ქუთაისი მითხარი? ჰოდა, არ ყოფილა. არც ცოლთან მისულა და არც რომელიმე პოლიციის განყოფილებაში დაფიქსირებულა მისი დაკავება. ვერც საავადმყოფოებში მოვიძიე, ვერც მორგში და ვერც გამოსაფხიზლებლებში. ეტყობა, ქალებში გაისეირნა ბიჭმა!

- არა, ეს შეუძლებელია. დღეს აუცილებლად უნდა გამოცხადებულიყო სკოლაში.

- მერე რა, ახალგაზრდა კაცია, დაიღალა ალბათ ვალდებულებებისგან. ჰო, სხვათა შორის, ის შენი ნოზაძე ორი თვის წინ კაფე «ლოტოსში» დაუკავებიათ ნარკოტიკების გამსაღებლებთან ერთად, მაგრამ მისი თანამონაწილეობა ვერ დაამტკიცეს და გაუშვეს.

- როგორ, შემთხვევით აღმოჩნდა მათთან ერთად?

- შემთხვევით თუ არაშემთხვევით, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, მოწმეებმა თქვეს, გვერდით მაგიდასთან იჯდა და ჩვენთან შეხება არ ჰქონიაო. აბა, ჰე, დანარჩენი შენ იცი.

ახლა კი სერიოზული საფიქრალი გამიჩნდა. ნოზაძე არც ქუთაისშია და არც რომელიმე სხვა ქალაქის პოლიციაში. არც მკვდარია და არც ცოცხალი. ესე იგი, არსადაც არ დაკარგულა. ზის თავის სახლში და იმალება. თათა კი ხმებს ავრცელებს, მამუკა გაქრაო. რატომ აკეთებს ამას? რომ მერე მყარი ალიბი ჰქონდეს?

უცებ რაღაც აზრმა გამიელვა თავში. ტაქსის მძღოლი გამახსენდა, რომელმაც წუხელ ვიღაც ქალი ჩამოიყვანა სოფელში. უცნობმა თავი დირექტორად გაასაღა. იქნებ ნოზაძე იყო, ქალის ტანსაცმელში გადაცმული? მან შეგნებულად არ მიაყვანინა თავი მძღოლს თავის სახლთან, ამიტომაც ჩამოვიდა სოფლის ბოლოში. გაითვალისწინა ალბათ, რომ ტაქსისტსაც დაჰკითხავდნენ და ინკოგნიტოდ ჩამოვიდა ახალუბნში. ახლა მას ყველაფრის გაკეთება შეუძლია, ჩემი მოკვლაც. მერე კი გამოძიებას ეტყოდა, იმ დროს საერთოდ არ ვიყავი სოფელშიო. ვინ ნახა იგი? არც არავინ. ერთადერთი, მე ვნახე. უფრო სწორად, დავაფიქსირე, რომ შინ იყო. ახლა ყველაფერი გასაგებია. მას ჩემი მოკვლა აქვს განზრახული, ალიბიც ამისთვის სჭირდება. ნებისმიერ მომენტში შეუძლია მესროლოს, თუნდაც ამწუთას. მე შენ გეტყვი და, მოწმეებითაა აქაურობა სავსე! ამის გაფიქრებაზე ისე დამცეცხლა, დაფეთებულმა წამოვწიე თავი და ირგვლივ მიმოვიხედე. არა, მანქანაში დარჩენა სახიფათოა. აჯობებს, გადავიდე და უფრო უსაფრთხო ადგილი შევარჩიო, სანამ თათა გამოვა.

რაც შეიძლებოდა ფრთხილად გავაღე მანქანის კარი და სკოლის შენობის კუთხისკენ დავიძარი. კიბესა და კედელს შუა ჩავიკუზე და გავყუჩდი. ჩქამი არსაიდან ისმოდა. აქედან არემარე კარგად მოჩანდა. ნოზაძეც ვერ მომეპარებოდა და თათასაც მშვენივრად დავინახავდი. არა, მამუკას აუცილებლად მივაკითხავ სახლში და თუ არ შემიშვებს, ძალით შევალ. მოვუყვები ბრტყელტუჩაზეც, მედალზეც, ქალის ტანსაცმელში გადაცმულ უცნობზეც და კეთილ რჩევას მივცემ - თავისი ნებით ჩაბარდეს პოლიციას და აღიაროს თამაზის მკვლელობის ამბავი. თუ შინ არ დამხვდება, იქვე ჩავუსაფრდები. აი, ასე!

მაგრამ ეს ჭელიძე სადღა წავიდა? ასე რატომ დააგვიანა? მისი შეყოვნება საეჭვოდ მომეჩვენა და გადავწყვიტე, შენობაში შევსულიყავი მის მოსაძებნად. ფეხის წვერებზე მივიწევდი წინ, რომ არ მეხმაურა. ერთი წამით არ უნდა დამავიწყდეს, რომ ნოზაძე ჩემზე ნადირობს. არ უნდა მოვდუნდე. როგორც ჩანს, ის ჭკვიანია, იმაზე ჭკვიანი, ვიდრე წარმომედგინა. ამასთან, კარატეს მწვრთნელი. გამოდის, რომ ფიზიკურადაც ძლიერია. ახლა ისღა მრჩება გასარკვევი, ამ ყველაფერში თათა რა როლს თამაშობს? იქნებ დღესაც საყვარლები არიან და სხვების თვალის ასახვევად თამაშობენ მხოლოდ, რომ მათი ურთიერთობა ვერ აეწყო?

მეორე სართულზე ავედი. რამდენიმე საკლასო ოთახს ჩავუარე, ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის კაბინეტებს… სპორტდარბაზს მივუახლოვდი. უეცრად თითქოს ყრუ ხმა შემომესმა, თითქოს ვიღაც სლუკუნებდა. დარბაზის კარი გამოღებული იყო. ზურგით კედელს მივეყრდენი და გავისუსე, სუნთქვაც კი შევიკარი. ცალი თვალით შევიჭვრიტე ჩაბნელებულ ოთახში და გავშეშდი. დარბაზის შუაგულში, ბრით განათებულ ოთხკუთხა მაგიდასთან, თათა იდგა, მის წინ კი გოგოლაძე დაჩოქილიყო მუხლებზე.

- თათა მასწავლებელო… თათა მასწავლებელო… - ხმადაბლა იმორებდა იგი, - მეტი აღარ შემიძლია ასე, მეტი აღარ შემიძლია…

- ნიკა, ჩემო კარგო, ასე არ შეიძლება, - თავშეკავებით მოძღვრავდა დამრიგებელი მოასწავლეს, - თავი ხელში უნდა აიყვანო… გთხოვ, ხომ იცი, მე შენი მასწავლებელი ვარ… უფროსი ვარ შენზე… აბა, რას აკეთებ!

- მიყვარხართ, თათა მასწ, მიყვარხართ! დღე და ღამე თქვენზე ვფიქრობ.

- აბა, აბა, გესმის მაინც, რას ლაპარაკობ? შენ ახლა მხოლოდ სწავლაზე უნდა იფიქრო, სხვ არაფერზე. ნამდვილი მამაკაცი ასე არ იქცევა.

- აბა, როგორ მოვიქცე? ვუყურო, როგორ დაგდევს ის უკან? მაგ ჟურნალისტს მოვკლავ, ჩემი ხელით დავახრჩობ! - იყვირა უცებ ბიჭმა და წამოდგა.

ღმერთო ჩემო, ეს ლაწირაკიც აპირებს ჩემ მოკვლას? მოდი და ნუ გაგეცინება!

- შენ ახლა ძალიან ხარ აღგზნებული, ჯობია, ცრემლები მოიწმინდო და შინ წახვიდე. სუფთა ჰაერზე რომ გახვალ, ცოტა მოგეშვება. წყენაც გაგივლის. შეწყვიტე ჩემი თვალთვალი და ეჭვიანობის სცენებს ნუ მიმართავ! რას ჰგავს ეს? რა შუაშია ჟურნალისტი? აბა, თვალებში შემომხედე?! არ გახსოვს, როგორ მოვექეცი იმ პირველ ჟურნალისტს? შენ ხომ მაშინ ყველაფერს მიხვდი! ეს მეორე, მით უმეტეს, არ მაინტერესებს. ისინი შემთხვევითი ადამიანები არიან. მათგან უბედურების გარდა, არაფერს უნდა ელოდე.

არც ერთი მისი სიტყვა გულთან ისე ახლოს არ მიმიტანია, გარდა იმისა, რომელიც მე მეხებოდა. ნუთუ მართლა არ ვაინტერესებ? არცთუ ისე ცუდი გარეგნობის ვარ?! ცოტა არ იყოს, გული დამწყდა.

- ჩემო ბიჭო, შენ ხომ იცი, როგორ გიფრთხილდები! - მზრუნველი კილოთი წარმოთქვა ქალმა და თავზე ხელი გადაუსვა ნიკას.

- სულაც არ მიფრთხილდებით, თათა მასწ! თქვენ მხოლოდ ჩემი გონება გჭირდება. მე კომპიუტერი კი არ ვარ! - იყვირა მოულოდნელად ბიჭმა, - მეც მაქვს გული, რომელიც თქვენი სიყვარულითაა სავსე. გთხოვთ, შემიბრალეთ, თათა მასწ, აღარ შემიძლია მეტი…

- მორჩა! გეყოფა! - მკაცრად თქვა «ქიმიამ» და გოგოლაძეს ხელი ჰკრა, - ეს უკვე აღარ მომწონს. ახლავე ადექი! მე და შენ ძალიან დაძაბული კვირა გვექნება, ბევრი სამუშაო გველის წინ. სხვანაირად ვერაფრით დაგეხმარები და ვერც წარჩინების ატესტატს გაიტან სკოლიდან, გასაგებია?

- გასაგებია, გასაგებია… თქვენი გულისთვის ყველაფერს გავაკეთებ. სულ არ გამოვალ იმ ლაბორატიიიდან, დღე და ღამე ვიმუშავებ…

- მორჩა, მე დავამთავრე! წადი! - მბრძანებლურად გაიშვირა კარისკენ თითი ჭელიძემ და გამჭოლი მზერა ესროლა მოსწავლეს.

მაშინვე გამოვწიე თავი და კედელს ავეკარი. გოგოლაძე შურდულივით გამოვარდა სპორტდარბაზიდან და გვერდით ისე ჩამიშხუილა, ვერ შემამჩნია.

ვერაფერიც ვერ გავიგე. ფიზკულტურის მასწავლებელი ახვევს თავბრუს მოსწავლეებს თუ ქიმიის? რას ჰგავს ეს? ვინ არის ეს ქალი, ამდენის უფლება რომ აძლევს თავის თავს? რაში სჭირდება გოგოლაძის გამოჭერა? რატომ აყვარებს თავს?

გაგრძელება იქნება

ასევე იხილეთ:

დუმილის შეთქმულება - თავი 7

დუმილის შეთქმულება - თავი 6

დუმილის შეთქმულება - თავი 5