- მაქვს შეკითხვა, - ვთქვი და ვიგრძენი, ხმა როგორ გამებზარა, - დარწმუნებული ხართ, რომ ჩემმა კოლეგამ თქვენი სიტყვები დაიჯერა?
- თქვენგან განსხვავებით, მან ჭკვიანი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა, - ნიშნის მოგებით მიპასუხა, - მე მას ისეთი მტკიცებულებები წარვუდგინე, სულელი უნდა ყოფილიყო, არ დაეჯერებინა.
- და ეს ფაქტები თავად წარუდგინეთ თუ სხვაც გეხმარებოდათ?
- ეს პრინციპული საკითხია? - კითხვა შემომიბრუნა.
- წინააღმდეგ შემთხვევაში, არ შეგეკითხებოდით.
- თქვენი კოლეგა მე და ჩემს მოსწავლეებს გაგვესაუბრა.
- ღამეს
მომეჩვენა, რომ ჩემს ბოლო შეკითხვაზე შეკრთა. ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა და ისეთი სახით შემომხედა, თითქოს გვერდით ჭუჭყის სუნით აქოთებული მაწანწალა ეჯდა.
- მომისმინეთ, თუ შეიძლება! - იყვირა უცებ, - ვერ გავიგე, თქვენ რა უფრო გაინტერესებთ - იწვა თუ არა ფიზკულტურის მასწავლებელი მოსწავლესთან, თუ სად ათევდა ღამეს თქვენი კოლეგა?
ის მართალს ამბობდა. ჩემი შეკითხვა სრულიად უადგილო იყო. უფრო მეტიც - უაზროც.
- ძალიან გთხოვთ, სწორად გამიგოთ, - შემრიგებლური ტონით ვთქვი, - ამწუთას ყველაზე მეტად ის მაწუხებს, სად გავათიო ღამე.
- ანუ საბოლოოდ გადაწყვიტეთ ჩვენთან დარჩენა?
- რა თქმა უნდა. მინდა, რომ მეც ისევე დამარწმუნოთ ფიზკულტურის მასწავლებლის უდანაშაულობაში, როგორც ჩემი მეგობარი.
- თქვენს რედაქციას კიდევ ბევრი თანამშრომელი ჰყავს? - უკმაყოფილება გაერია ხმაში.
- არა, მხოლოდ ერთი გოგონა.
- მერე? რატომ ისიც არ წამოიყვანეთ? ბარემ, მასაც თქვენთან ერთად დავარწმუნებდი. იმედია, თქვენს მერე ის არ მოისურვებს ჩამობრძანებას?
აჰა… რახან ხუმრობის ხასიათზე დადგა, ესე იგი, სიბრაზემაც გაუარა.
- ეს იმაზეა დამოკიდებული, როგორი კმაყოფილი დავბრუნდები უკან, - ორაზროვნად ვუპასუხე.
მოულოდნელად ძრავის გუგუნის ხმამ ჩვენი საუბარი გაწყვიტა. გვერდით ტაქსიმ ჩაგვიარა რახრახით, რამაც კიდევ უფრო გამაოცა… ასეთ დროს ამ მიყრუებულ ადგილას ტაქსის რა უნდოდა?..
ტაქსის გამოჩენამ ჩემი თანამგზავრიც გააოცა.
- საინტერესოა, კიდევ ვინ გადმოაგდო ქარმა ამ შუაღამისას? - თავისთვის ჩაილაპარაკა ქალმა.
- რატომ, თქვენთან ტაქსები არ დადიან? - გავიკვირვე.
- იცით, რა? - ღვარძლიანად აღნიშნა თოჯინამ, - თქვენნაირი ქალაქელებისგან განსხვავებით, ჩვენ იმდენი შემოსავალი არ გვაქვს, ფული ტაქსიში დავხარჯოთ. ეს აქაურებისთვის ხელმიუწვდომელი ფუფუნებაა.
- თუ ასეა, დიდი სიამოვნებით და ყოველგვარი დაყვედრების გარეშე მიგაცილებთ სახლამდე, თუ პატივს დამდებთ, - ვიფიქრე, დაძაბულ საუბარს ცოტათი შევამსუბუქებ-მეთქი, - რა თქმა უნდა, ფინჯან ყავაზე პრეტენზია არ მაქვს.
- არც იოცნებოთ! - მომიჭრა, - გინდათ, რომ ხვალ დილით მთელმა ახალუბანმა ჩემზე იჭორაოს?
- მართლა ასეა საქმე? საინტერესოა, რას იტყვიან, - სიცილი ვერ შევიკავე.
- როგორ თუ რას! დირექტორის მოადგილემ შუაღამეს კაცი მოიყვანა სახლშიო. ცოტაა?
როგორც ჩანს, თანასოფლელების მითქმა-მოთქმა უფრო აწუხებს, ვიდრე საკუთარი მეუღლის აზრი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არ არის გათხოვილი.
- მე კაცი არ ვარ, - ვთქვი, - ჟურნალისტი გახლავართ, რომელიც თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებს. რა არის აქ საჭორაო?
- ეს პატარა გოგონებს მოუყევით თბილისში, რომელიმე კაფე-ბარში!
- არაჩვეულებრივი წინადადებაა, - გავეხუმრე, - კარგი, კარგი, მითხარით, საით წავიდე, სად მიგიყვანოთ?
- ჯერ პირდაპირ, მერე გეტყვით, სადაც უნდა შეუხვიოთ.
კარგა ხანს ხმის ამოუღებლად ვმგზავრობდით. საშინელი გზა იყო, ოღროჩოღრო, რის გამოც იძულებული ვიყავი, ორმოცი სიჩქარით მევლო. მინდოდა, რაც შეიძლება გვიან მივსულიყავით მასწავლებლის სახლამდე. რადგან ერთხელ ალაპარაკდა, ვიმედოვნებდი, რომ კიდევ ბევრს იტყოდა. იქნებ სასარგებლო ინფორმაციაც დაცდენოდა იდუმალ ქალბატონს.
- ჩემს კოლეგა ჟურნალისტს ვინმე უწევდა აქ მეგზურობას? - დავარღვიე დუმილი.
- არ ვიცი, არა მგონია. რაში სჭირდებოდა მეგზური, ის ხომ საკუთარი მანქანით იყო. მე მას წუხელ საღამოს გამოვემშვიდობე, დილით კი ძალიან ადრე გავიდა სკოლიდან, გაკვეთილების დაწყებამდე.
- ესე იგი, სკოლაში ათევდა ღამეს?
- სკოლაში, სკოლაში, - გაღიზიანებულმა ჩაილაპარაკა, - გასაშლელი სკამსაწოლი მოვუმზადეთ სასტენდო კაბინეტში და…
ამ დროს საკმაოდ დიდ მოედანზე გავედით, რომლის ცენტრში მაღალ ბოძზე დამაგრებული ერთი ლამპიონიღა ბჟუტავდა.
- ეს ჩვენი ცენტრია. აი, იქ, მარცხნივ, ერთ დროს კინოთეატრი გვქონდა, ახლა უკვე გაპარატახებულია იქაურობა, ნანგრევებიღა დარჩა. რამდენი ხანია, ბავშვებს ფილმისთვის არ უყურებიათ, - მიხსნიდა მასწავლებელი, - მარცხნივ შეუხვიეთ, - თითი მოსახვევისკენ გაიშვირა.
- ეს კი ჩვენი სკოლაა, - ორსართულიანი შენობისკენ მიმითითა, - აქ შეაჩერეთ, თუ შეიძლება, მოვედით!
მანქანა გავაჩერე და გადმოვედი.
- ეს თქვენი სახლია? - სიბნელეში ძლივს გავარჩიე ბელეტაჟზე მდგარი სახლი, რომელიც კოტეჯს უფრო ჰგავდა.
ქალმა პასუხი არ გამცა, ჯიბის ფანარი აანთო, ჭიშკარს მიუახლოვდა და სახელური გადასწია. ვიმედოვნებდი, რომ ყავაზე მაინც დამპატიჟებდა. ძალიან მომეწონა მისი ეზო-კარი, თუჯის ორნამენტებიანი ღობით და ლამაზად გაშენებული ბაღით, რომლის დაკლაკნილი ბილიკები თეთრი კენჭებით იყო მოკირწყლული. ჭიშკარს აქეთ-იქიდან ორი უზარმაზარი კვიპაროსი ამშვენებდა.
- ეს სახლი ყოფილი ქმრისგან დამრჩა, - თქვა მან და ჩემკენ შემოტრიალდა.
- ალბათ, დამეხმარებით და ხვალ თეო ბახტაძეს შემახვედრებთ… წერილის ავტორს… - ვთქვი და ხელები ზურგს უკან დავიწყვე.
- ეს შეუძლებელია! - სასტიკი უარი მტკიცა მასწავლებელმა, - გოგონა საავადმყოფოში წევს და ექიმები მასთან არავის უშვებენ.
- იქნებ ჩემთვის გამონაკლისი დაუშვან?
- არც ეცადოთ, - ოფიციალური გაუხდა ტონი, - სხვათა შორის, საბუთები გაქვთ?
მარჯვენა ხელი პიჯაკის გულის ჯიბისკენ გავაქანე და სამივლინებო ცნობა დავაძრე. გამომართვა და ისე დაიჭირა, ფანრის შუქი მოხერხებულად დასცემოდა, შემდეგ ცნობისმოყვარედ ჩაიკითხა ჩემი სახელი, გვარი და ახალუბანში ჩამოსვლის მიზეზი.
- «მასწავლებელთა პედაგოგიური მომზადების პრობლემები სკოლაში»… თქვენ მოიფიქრეთ ასეთი თემა? - ეჭვნარევი მზერით შემომხედა.
- ღმერთმანი, არა, რედაქტორმა გადაწყვიტა ასე, - დავიფიცე.
- დირექტორს ვაცნობებ თქვენი ჩამოსვლის შესახებ. ეს ფურცელი ჩემთან დარჩება, წასვლის წინ ბეჭედს ჩაგირტყამთ და დაგიბრუნებთ.
თავი დავუქნიე და ვიგრძენი, როგორ მეყინებოდა ფეხები. შინ შეპატიჟების წინადადება იგვიანებდა.
ქალმა ოთხად გაკეცილი საბუთი ლაბადის ჯიბეში ჩაიდო და უცებ პლასტმასის მართკუთხედზე ჩამოცმული გასაღები გამომიწოდა.
- ეს სკოლის გასაღებია. როცა შეხვალთ, დერეფანს ბოლომდე გაუყვებით და მარცხენა მხარეს რომ კარია, იმას გააღებთ, სასტენდო კაბინეტი ჰქვია. გასაშლელ სკამლოგინს იქვე, კუთხეში იპოვით. ტუალეტი და ონკანიც დერეფნის ბოლოშია. ვწუხვარ, მეტი ვერაფრით დაგეხმარებით.
გასაღები გამოვართვი და განხიბლულმა ქალი დაკვირვებით შევათვალიერე.
- და კიდევ… მთავარი შესასვლელის შიგნიდან ჩაკეტვა არ დაგავიწყდეთ! - ისეთი ტონით მითხრა, თითქოს თავის მოსწავლეს უბრძანებსო.
- რატომ, შესაძლებელია, უცხო პირი შემოიპაროს? - ვკითხე, მაგრამ უშედეგოდ. ჩემს შეკითხვას პასუხი არ მოჰყოლია. ქალმა ფანარი ჩააქრო და არც დამემშვიდობა, ისე მოიხურა ჭიშკარი.
უკუნ სიბნელეში დარჩენილი, სკოლის გასაღებს კარგა ხანს უაზროდ ვატრიალებდი ხელში, მერე ერთი გემრიელად შევიგინე და საჭეს მივუჯექი. ის იყო, სკოლისკენ ავიღე გეზი, რომ სიბნელეს მიჩვეული თვალები მკვეთრმა შუქმა მომჭრა. ის ტაქსი აღმოჩნდა, წეღან რომ ჩაგვიარა. ძველისძველი «ოპელი» ტანკივით მორახრახებდა. სასწრაფოდ დავამუხრუჭე, გადმოვედი და მომავალ მანქანას ხელი დავუქნიე.
- რამე ხომ არ გაგიფუჭდა, ძმაო? - ჩახრინწული ხმით მკითხა მძღოლმა.
- არა, არა, გმადლობთ ყურადღებისთვის.
- ტაქსი თუ გნებავს, ჩემი თავი შემოგევლოს, სადაც მეტყვი, იქ წაგიყვან - მუსიკით, უმუსიკოდ… ანეკდოტი, რამე… რუმე…
ამ დროს ბრწყინვალე იდეამ გამიელვა თავში. ამ კაცს სასარგებლო ინფორმაციის მოცემა შეეძლო ჩემთვის.
- მეგობარო, ვინ ჩამოიყვანე ასე გვიან ჩვენს სოფელში? - ისე უდარდელად ვკითხე, თითქოს ადგილობრივი მცხოვრები ვყოფილიყავი.
უცნობმა უნდობლად შემომხედა. შუბლზე ჩამოფხატული კეპი საჩვენებელი თითით ოდნავ უკან გადაიწია და ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ დაჟინებით შემომაცქერდა.
- შენ ვინ ხარ, ანგარიში რომ ჩაგაბარო? - უკმეხად მომმართა, როცა მიხვდა, რომ იმედი გაუცრუვდა და მისი კლიენტი არ აღმოვჩნდი.
- პოლიციიდან ვარ, - მეც არ დავაყოვნე და პირდაპირ მივახალე.
- კი, როგორ არა! ეგრევე მივხვდი, პოლიციელი რომ იქნებოდი. რავარც ახლა მე საფრანგეთის პრეზიდენტი ვარ, - არ დამიჯერა.
სხვა გზა არ მქონდა, დეტექტივის მოწმობა ამოვიღე და თვალწინ ავუფრიალე.
- გასაგებია, ძმაო, პრობლემა არ არის, მითხარი რა გაინტერესებს, - დამნებდა ბოლოს, - ვინ ჩამოვიყვანე? ერთი ქალი, ამ სკოლის დირექტორი.
- სად ჩაგიჯდა? - ვკითხე და გვერდით მივუჯექი.
- რაიონულ ცენტრში, რუსთაველის ქუჩაზე. თავიდან არ მინდოდა მისი წამოყვანა, ვიცი, აქეთ რა ცუდი გზებიცაა, თან ამ წვიმაში… მაგრამ კარგად გადამიხადა, ცოტათი შემეცოდა კიდეც ასეთ ამინდში… თათბირზე გამომიძახესო.
- შემთხვევით, ხომ არ უთქვამს, რა თათბირი იყო?
- არა. რა ჩემი საქმეა, ასეთ რამეებს არ ვეკითხები კლიენტებს. ზოგი ისეთია, მერე გამიბამს საუბარს და იმდენს ილაპარაკებს, ვეღარ ვაჩერებ.
გამეცინა, თვითონაც კარგი მოლაყბე ჩანდა.
- როგორ ხასიათზე იყო? აღელვებული, გახარებული, დაღვრემილი, დაღლილი…
ტაქსის მძღოლი ჩაფიქრდა, კიდევ უფრო უკან გადაიწია ქუდი, ლამის გადაუვარდა თავიდან.
- არა, აღელვებული არ იყო, არც გახარებული… უფრო, ალბათ, შეწუხებული. ჩემი აზრით, რაღაც დაკარგა.
- დაკარგა? როგორ მიხვდი?
- სანამ სოფლის გზაზე გადმოვუხვევდით, მკითხა, დღევანდელ ავარიაზე რამე ხომ არ გსმენიაო. არა-მეთქი, მოკლედ მოვუჭერი. მართლა არაფერი გამიგია. მერე მთხოვა, ცოტა ნელა იარეო და გაფაციცებით დაიწყო აქეთ-იქით ყურება, გზას ათვალიერებდა.
- მერე რა? რატომ გეგონა, რომ რაღაც დაკარგა?
- მაცალე, კაცო, ჯერ ხომ არ დამიმთავრებია… ჰოდა, იმას გიყვებოდი, აქეთ-იქით იყურებოდა. უცებ დაიყვირა, გააჩერეო. გავაჩერე. იმ წვიმაში მანქანიდან გადავიდა და ტრასის მეორე მხარეს გადაირბინა. ძალიან ბნელოდა, არაფერი ჩანდა. მთხოვა, მოატრიალე შენი ტაქსი და ფარები მომინათეო.
ამის გაგონებაზე ისე ავღელდი, ხელები ამიკანკალდა, მაგრამ შევეცადე, მომეთოკა ჩემი ემოციები და რაც შეიძლებოდა, მშვიდი ხმით ვკითხე:
- და რა ქნა ფარების შუქზე?
- დაიხარა და იქაურობის დათვალიერებას შეუდგა. მერე ნაბიჯებით დაიწყო ერთი ადგილის მოზომვა, არ ვიცი, რაში დასჭირდა.
- იპოვა რამე?
- იპოვა, მაგრამ არ ვიცი, რა. ჩემგან შორს იყო, ვერ დავინახე. რაღაც აიღო და ჯიბეში ჩაიდო.
დაკვირვებით დავაშტერდი მძღოლს. არა, არ ტყუოდა. ან კი რატომ უნდა დაემალა, სადაც ამდენი მითხრა, ბარემ ბოლომდე მეტყოდა სათქმელს.
- შემდეგ რა მოხდა?
- მერე აქეთ გადმოვუხვიეთ. მთელი გზა ჩუმად იყო, ხმა არ ამოუღია. თავისთვის ფიქრობდა და სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა. ხველებაც კი დამაწყებინა, ისე აახრჩოლა სალონი.
- სად ჩამოსვი?
- წყალგამშვებ კოშკურასთან, სოფლის ბოლოში.
ესეც ასე… ჯერ ხეირიანად არც ჩამოვსულვარ და უკვე რამდენი ინფორმაცია მოვაგროვე. რა ბარაქიანი ღამე გამომივიდა! ახლა როგორმე მარტო უნდა დავრჩე, რომ ამ ყველაფერს თავი მოვუყარო და სათანადო დასკვნები გამოვიტანო.
- დიდი მადლობა, მეგობარო, ძალიან დამეხმარე, - მხარზე ხელი დავკარი კეპიანს, დავეშვიდობე და ჩემი «ჟიგულისკენ» გავემართე…
სანამ მანქანას დავქოქავდი, ჩავფიქრდი, თან წინ მიმავალი ტაქსის ფარების წითელ შუქს გავყურებდი. სკოლის დირექტორმა იცის ავარიის შესახებ. უფრო მეტიც, ის შემთხვევის ადგილით დაინტერესდა და ამ წვიმაში რაღაცას ძებნა დაუწყო. რას ეძებდა? რა იპოვა? გამოდის, რომ, პირველ რიგში, მისი პიროვნებით უნდა დავინტერესებულიყავი. ჯერ ადრეა სერიოზული დასკვნების გამოტანა. რა გასაკვირია, რომ მას საკუთარი სკოლის რეპუტაციის შელახვა აწუხებდეს. ესე იგი, აქვს რაღაც დასამალი. რა? მთავარია, არ ვიჩქარო და მოვლენებს წინ არ გავუსწრო. ვნახოთ, ხვალ რა იქნება…
8 8 8
სუნთქვაშეკრულმა გასაღები ჭუჭრუტანაში უხმაუროდ მოვარგე. ქურდივით მიმოვიხედე ირგვლივ და ჩემს საქციელს რომ დავუკვირდი, გამეცინა. არც მძარცველი ვარ, არც მკვლელი და რატომ ვცდილობ შენობაში შეუმჩნევლად შეპარვას?
კარი ოდნავ შევაღე და შიგნით ფრთხილად შევსრიალდი. რამდენიმე წუთს გაუნძრევლად ვიდექი, რათა თვალი სიბნელეს შეჩვეოდა და როცა საგნების გარჩევა შევძელი, ნელა დავიწყე კიბეზე ასვლა, რომ მეორე სართულზე მოვხვედრილიყავი.
რამდენი წელია, სკოლაში არ ვყოფილვარ? თოთხმეტი წლის წინ დაირეკა ჩემთვის ბოლო ზარი. მას შემდეგ კლასელებს და მასწავლებლებს ათასში ერთხელ თუ შევხვედრივარ. ჩემი სკოლის შენობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია! ქუდი რომ შემიგდონ, მის გამოსატანად არ შევალ. არავინ თქვას, ბედისწერა არ არსებობსო. ვინ იფიქრებდა, რომ უცხო სოფლის უცხო სკოლაში მოვხვდებოდი, თანაც ასეთ დროს და ასეთ ვითარებაში.
საფეხურები ავამთავრე და ფოიეში აღმოვჩნდი. გარეთ, მოედანზე მოციმციმე ერთადერთი ლამპიონის სუსტი შუქი ძლივს აღწევდა შიგნით. ყოველი ნაბიჯის გადადგმისას იატაკზე დაგებულ მეტლახს ხრაშახრუში გაჰქონდა, რადგან უმრავლეს ადგილას აცვენილი იყო. გამოღებულ კარებში მერხები და დაფები ჩანდა, ხოლო დერეფნის კედლები ქართველი მწერლების ფოტოებით და დირექციის განცხადებებით იყო აჭრელებული.
ირგვლივ შემაძრწუნებელი სიჩუმე იდგა. არც მახსოვს, ცხოვრებაში ოდესმე თუ მიბოდიალია მარტოს სრულ სიბნელეში, თანაც ამხელა შენობაში. უშუქობით დაძაბული თვალები მაინცდამაინც იმას ხედავდნენ, რაც სინამდვილეში არ არსებობდა - დერეფნის ბოლოში მოძრავი ჩრდილები, კედლებზე მოციმციმე თეთრი ლანდები, გაშეშებული ადამიანების და ცხოველების სილუეტები… ცოტაც და, ჰალუცინაციები დამეწყებოდა.
ბოლო კარს მივადექი. წესიერად არც წამიკითხავს წარწერა, სახელური ჩამოვწიე და შევედი. დერეფანი ოდნავ მაინც იყო განათებული, აქ კი ისე ბნელოდა, თვალთან თითს ვერ მიიტანდი. მივხვდი, რატომაც… ამ ოთახს, მგონი, ფანჯრები არ ჰქონდა. ხელების ფათურით კედელს გავყევი, რომ ჩამრთველი მეპოვა. როგორც იქნა, მივაგენი…
ჭერზე დამაგრებულმა მტვრიანმა ნათურამ ისე გააბრდღვიალა იქაურობა, თვალები მეტკინა. ნელ-ნელა შევეჩვიე სინათლეს და ირგვლივ მიმოვიხედე. ფანჯარა კი იყო, მაგრამ ზედ ფოტოებით აჭრელებული სტენდი მიედგათ და ის ფარავდა. ოთახის შუაში წითელმუშამბაგადაფარებული მაგიდა იდგა, რომელზეც ერთმანეთზე დაწყობილი სქელტანიანი წიგნები მიყოლებით დაელაგებინათ.
სტენდის დათვალიერებას შევუდექი. ფოტოგამოფენა სკოლას ეძღვნებოდა. აგერ, მოსწავლეები და მასწავლებლები. ეს ქალი, ჩამოწეული ღაბაბით, მთვლემარე ბუს რომ ჰგავს, ალბათ დირექტორია. ჰო, ფოტოზეც არის მინაწერი: «სკოლის დირექტორი ლიანა მერკვილაძე მოსწავლეებთან ერთად». ვაღიარებ, დირექტორი სხვანაირი წარმომედგინა. ჩემს წარმოდგენაში იგი უფრო ახალგაზრდა და ამბიციური უნდა ყოფილიყო, ვიდრე ასეთი მოღუშული, ასაკოვანი და კაცური იერის. რატომღაც, მიმაჩნია, რომ ლამაზ ქალებს უფრო მეტად აქვთ კრიმინალური წარსული, ვიდრე შეუხედავებს. კაცობრიობის ისტორიას თუ გადავხედავთ, მრავლად მოიპოვება ამის დამადასტურებელი ფაქტები.
გაგრძელება იქნება
ასევე იხილეთ:
დუმილის შეთქმულება - თავი 4
დუმილის შეთქმულება - თავი 3
დუმილის შეთქმულება - თავი 2