ვინ იყო ქართველი ლამაზმანი, რომელიც კოკო შანელის ერთ-ერთი პირველი მოდელი გახდა - Marao

ვინ იყო ქართველი ლამაზმანი, რომელიც კოკო შანელის ერთ-ერთი პირველი მოდელი გახდა

2022-12-14 13:05:30+04:00


მას შემდეგ, რაც კოკო შანელი საქვეყნოდ აღიარებული დიზაინერი გახდა, უამრავმა მოდელმა დაიწყო ოცნება მასთან მუშაობაზე. შანელის პირველ მოდელად იმ დროისთვის ევროპაში სილამაზით ცნობილი რამდენიმე ქალი ითვლებოდა, რომელთაგან ერთ-ერთი ქართველი იყო.

მერი შერვაშიძე 1888 წლეს, ბათუმში, ქართველი გენერალ-მაიორის ოჯახში დაიბადა. ადრეულ ასაკში ის რუსეთის უკანასკნელი იმპერატრიცას, ალექსანდრა ფეოდოროვნას ფრეილინა იყო. გოგონას სილამაზით აღფრთოვანებულ ნიკოლოზ მეორეს ერთხელ ახლო წრეში აღუნიშნავს „ასეთი სილამაზე დიდი ცოდვააო.“

მერი შერვაშიძემ 1921 წელს სტამბოლში, მსოფლიოს სილამაზის კონკურსში მიიღო მონაწილეობა. მისი განსაკუთრებული ქარიზმა, დახვეწილი მანერები, მომნუსხველი თვალები შეუმჩნეველი არ დარჩენილა და იგი სილამაზის კონკურსის გამარჯვებული გახდა.

სამწუხაროდ, 1921 წელს, ბოლშევიკების მოსვლასთან ერთად, მერის პარიზში მოუწია ემიგრაცია. ბედის ნებით, მეგობრის, დიდი ჰერცოგის დიმიტრი პავლოვიჩის დახმარებით, მუშაობა კოკო შანელთან დაიწყო. მაღალი და გამხდარი მერის შესანიშნავი გარეგნობა ცნობილი დიზაინერის თვალს არ გამოჰპარვია და მერიც მალე შანელის ერთ-ერთი პირველი მოდელი გახდა. გადმოცემის თანახმად, შანელის ყველაზე ცნობილი მარგალიტის მძივი, პოდიუმზე პირველად სწორედ მერი შერვაშიძემ გამოიტანა.

პარიზელები განსაკუთრებით აფასებდნენ მერი შერვაშიძის ჩაცმის დახვეწილ სტილსა და სილამაზის გადმოცემის მისეულ მანერას.

მერის მეუღლე, გიორგი ერისთავი ახალგაზრდა გარდაიცვალა, ისე რომ შვილი არ ჰყოლიათ, მერი მეორედ აღარ გათხოვილა, სრულიად მარტო ცხოვრობდა პარიზში, ლატურის ქუჩაზე.

სიცოცხლის ბოლო წლები მოხუცებულთა თავშესაფარში გაატარა და 1986 წელს, 97 წლის ასაკში გარდაიცვალა.