დუმილის შეთქმულება - თავი 9 - Marao

დუმილის შეთქმულება - თავი 9

2022-12-15 10:33:34+04:00


წინა თავი

ახლა უკვე გასაგებია, რატომ დამიმალა ნიკამ იმ კაცის სახელი, ვისაც ჩემი მოკვლა ჰქონდა განზრახული. იმიტომ, რომ თავად იყო ის კაცი. ბანალური ეჭვიანობის გამო სურს ჩემი თავიდან მოშორება. რა სასაცილოა! ალბათ დამინახა თათასთან ერთად და იეჭვიანა.

დაწყევლილი ახალუბანი! ახლა უკვე ორი მტერი მყავს ამ სოფელში - მამუკა და ნიკა! ერთი დღეა, რაც ჩამოვედი და უკვე ორი მტერი გავიჩინე. ერთ კვირაში ალბათ მთელ სოფელს გადავიკიდებ.

ისევ შევიჭყიტე დარბაზში. თათა კვლავ მაგიდასთან იდგა და ხელში ოქროსფერ მედალს ათამაშებდა, სწორედ ისეთს, თაზოს მანქანაში რომ ვიპოვე. ჩაფიქრებული მასწავლებელი ძალზე დაძაბული ჩანდა. საწყალი გოგოლაძე… როგორ ჰყავს გამოჭერილი თავის დამრიგებელს! რატომ? რაში სჭირდება? ჩემ თავიდან მოსაშორებლად? შეძლებს კი მეთორმეტეკლასელი ბიჭუნა ჩემ  მოკვლას? რა პრობლემაა. სადმე კატასავით ჩასაფრებული უცებ მოგიქნევს დანას და პირდაპირ ზურგში ჩაგარტყამს. იქნებ თამაზის მანქანაც მან გამოიყვანა მწყობრიდან? თქვენ ჩემი გონება გჭირდებათო, თათას უთხრა. ჩემ გამოჩენაზე რომ ასეთი აგრესია გამოხატა, წარმომიდგენია, რა დღეში ჩავარდებოდა, თამაზი თათასთან რომ დარჩებოდა ღამის გასათევად. ასე რომ, არ არის გამორიცხული, თამაზის სიკვდილში გოგოლაძეს მიუძღოდეს ბრალი. თუ ასეთი გონიერია, არც ის გაუჭირდებოდა, ნოზაძის ბრტყელტუჩა შეგნებულად ჩაეგდო მანქანაში, რომ ეჭვი მასზე მიეტანათ. მაგრამ რატომ მაინცდამაინც ნოზაძე? იქნებ იმიტომ, რომ ერთ დროს ისიც ეკურკურებოდა «ქიმიას»?

ამის გაფიქრებაზე ავღელდი. რა მარტივი კონსტრუქცია გამოვიდა. მსგავსი რამ თავში აზრადაც არ მომივიდოდა. მაშ ასე, თამაზი ჩამოდის სოფელში და იგებს, რომ ფიზკულტურის მასწავლებელი მოსწავლე გოგონებით არასდროს დაინტერესებულა. ამიტომ მომენტალურად გადაერთო თათა ჭელიძეზე. მისი სილამაზის წინაშე უძლური აღმოჩნდა. ორი დღე არ გამოდის მისი სახლიდან, რაც ცნობილი ხდება არა მარტო დირექტორისთვის, არამედ ნიკასთვისაც. ეჭვიანობამ საუკეთესო მოსწავლეს ტვინი აუმღვრია და გადაწყვიტა, შური ეძია უცნობ ჟურნალისტზე. ლოგიკურად გამართლებულია! მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თამაზის მანქანა გზაში გაფუჭებოდა… მაგრამ როგორ მოტვინა ამდენი? ვინ ასწავლა?

თან ვფიქრობდი, თან თვალს არ ვაშორებდი მაგიდასთან მდგომ თათას. ის უცებ დაჯდა, მაგიდის სანათური ახლოს მოიწია და უჯრების გამოღებას შეუდგა. რას ეძებს? ეს მაგიდა ხომ ნოზაძეს ეკუთვნის? ვნახოთ, ვნახოთ… თან ლოგიკას მივყვეთ. მამუკა რატომ იმალება? რა საერთო აქვს მას თამაზის მკვლელობასთან? ნიკასთან? თათასთან? რისი ეშინია? გადაცმული რატომ დაბრუნდა სოფელში? აჰა, გასაგებია! პოლიციას ემალება. რატომ? ალბათ გაიგო თამაზის დაღუპვის ამბავი და იფიქრა, მე დამაბრალებენო. ჟურნალისტი ხომ მის გამო ჩამოვიდა ახალუბანში! რა თქმა უნდა, ნებისმიერს მასზე აღეძვრებოდა ეჭვი. სოფელში დაბრუნება საშიში იყო, ცოლთან არ მიესვლებოდა. ჰოდა, ორიგინალური იდეა მოუვიდა თავში. ქალის ტანსაცმელი გადაიცვა და მალულად დაბრუნდა შინ. მაგრამ თათა? ის რა როლს თამაშობს მის ცხოვრებაში? მან ხომ იცის, რომ ნოზაძე აქ არის? რატომ არ ეშინია, რომ ჩაუშვას? დავიჯერო, ერთმანეთი უყვართ? იმიტომაც ავრცელებს ჭელიძე ხმებს, მამუკა სოფელში არ დაბრუნებულაო? ასეა, წყალი არ გაუვა!

მორჩა, ყველა დეტალი ერთმანეთს ემთხვევა. კონსტრუქცია აეწყო. გილოცავ, კოკა! მშვენიერი ვერსიაა. აი, მესმის ლოგიკური მსჯელობა!

საწყალი თამაზი! რა სულელურად შეეწირა ამ ვერაგი ქალის სიყვარულს! არა, რატომ ვდგავარ აქ მალულად? რა აზრი აქვს? უკვე აღარ მაინტერესებდა, რას ეძებდა თათა ნოზაძის მაგიდის უჯრებში. თამამად შევაბიჯე დარბაზში და ქალს მივუახლოვდი. ჩემ დანახვაზე ამ უკანსკნელმა მსუბუქად შეჰკივლა და ხელის სწრაფი მოძრაობით მიხურა ორივე უჯრა.

- აქ რას აკეთებთ? - შეცბუნებულმა მკითხა, - რა გინდათ? როგორ ბედავთ?

შევამჩნიე, როგორ გაფითრდა.

- დაწყნარდით, დაწყნარდით. ნუ ცდილობთ ჩემ შეშინებას. ერთადერთი, ვისიც მეშინია, გოგოლაძეა. თუმცა, ის უკვე წავიდა, როგორც ვიცი, - ვთქვი და ირონიულად გავიღიმე.

თათა მოუსვენრობამ შეიპყრო, დაბნეული უმწეოდ აცეცებდა თვალებს აქეთ-იქით. იქვე, მაგიდაზე მდგარ წყლიან ჭიქას ხელი დაავლო და მოიყუდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ერთი ყლუპიც არ მოუსვამს, უბრალოდ, დროის გაყვანა სჭირდებოდა, რომ სათქმელი მოეფიქრებინა.

- გვითვალთვალებდით, არა? - მკითხა ბოლოს და ჭიქა დადგა.

- სხვა რაღა დამრჩენოდა? რამდენი ხანია, გარეთ გელოდებით, თქვენ გამოსვლას კი არ დააგა საშველი. იქნებ ამიხსნათ, რას ნიშნავს იმ ბიჭის საქციელი? სასიყვარულო ინტრიგები მოსწავლესა და მასწავლებელს შორის?

მეგონა, ასეთი შეკითხვის შემდეგ «ქიმია» ჭიქას გამომიქანებდა, მაგრამ, ჩემდა გასაკვირად, სასიამოვნოდ გაიცინა.

- კოკა, - მთელი ნაცნობობის განმავლობაში, პირველად მომმართა სახელით, - ჩანს, ყურადღებით არ იყავით. ვერ ნახეთ, რა ხდებოდა? რა სიყვარული, რა ინტრიგები? ბიჭი ჯერ მომწიფების ასაკშია. უბრალოდ, ჰორმონების მოზღვავებას განიცდის.

- და რამდენად ხშირად ხდება მსგავსი «ჰორმონული აფეთქებები» თქვენში? - ირონია ვერ დავმალე.

თათამ ხელები გადაიჯვარედინა და თავი ოდნავ გვერდზე გადასწია. ამ მომენტში ისეთი ლამაზი იყო, თვალი ვერ მოვწყვიტე.

- როცა მოსწავლე იყავით, თქვენ არ შეგყვარებიათ მასწავლებელი? - ღიმილით მომაჩერდა.

- შემყვარებია… და არამარტო მოსწავლეობისას, მერეც. ახლაც კი მაღელვებს ახალგაზრდა მასწავლებლები. გულახდილად მითხარით, თათა, სულ არ მოგწონვართ? თუ გოგოლაძის დასამშვიდებლად თქვით, ის ჟურნალისტი არ მაინტერესებსო?

- აქ იმისთვის მოხვედით, რომ ეს გაიგოთ?

- არამხოლოდ ამისთვის. უბრალოდ, ვერ ვიგებ, რაში გჭირდებათ გოგოლაძის მართვა?

- მართვა? - გაკვირვებით წამოიძახა ქალმა და დაჟინებით მომაჩერდა, - თქვენი აზრით, ამას მართვა ჰქვია? ეს სტიმულია, ჩემო კარგო, ელემენტარული პედაგოგიური ხრიკი. ძალიან მინდა, ბიჭმა წარჩინებით დაამთავროს სკოლა და ინსტიტუტში ჩააბაროს. მას ბრწყინვალე კარიერის მოწყობა შეუძლია, ნათელი გონების პატრონია. სამწუხაროდ, ხანდახან მისთვის საზიანო იდეები მოსდის თავში.

- ამაში კი სრულიად გეთანხმებით. იმდენად საზიანო იდეებით არის შეპყრობილი, რომ ინსტიტუტს კი არა, სკოლის დამთავრებასაც ვერ მოესწრება.

- რას გულისხმობთ? - შიში ჩაუდგა თათას თვალებში.

- მალე გაიგებთ. ახლა კი გთხოვთ, მამუკა ნოზაძესთან გამომყვეთ.

- უკვე თავი მომაბეზრეთ! - ცივი ხმით წარმოთქვა «ქიმიამ», - უკანასკნელად გეუბნებით: ის აქ არ არის!

- იგი მადლობასაც კი გადაგიხდით, თუკი შემახვედრებთ, - მის დარწმუნებას ვცდილობდი. - ჩემთან შეხვედრა დაამშვიდებს კიდეც. დამალვის სურვილიც გაუქრება და ცხოვრების ნორმალურ რიტმსაც დაუბრუნდება.

- თავი გამანებეთ!

- ესე იგი, არ გინდათ, დამეხმაროთ, არა? თქვენი ნებაა! - ორაზროვნად ვთქვი, გამოვტრილდი და სატრენაჟორო დარბაზი დემონსტრაციულად დავტოვე.

8 8 8

ფეხით დავუყევი ნოზაძის სახლისკენ მიმავალ გზას. შინაურივით შევაბიჯე მის ეზოში და ზარის ღილაკს თითი მივაჭირე. არავინ გამომეხმაურა. ცოტა შევიცადე და კვლავ დარეკე.

კარი მაინც არავინ გამიღო, ჩქამიც არ ისმოდა შიგნიდან. სამაგიეროდ, შევამჩნიე, როგორ შეირხა ფარდები მეორე სართულის ფანჯარაზე. ვიღაც აშკარად მითვალთვალებდა. კვლავ ეზოში ჩამოვედი და სახლი შევათვალიერე, იქნებ მეპოვა რაღაც წერტილი, საიდანაც შიგნით შესვლა გამიადვილდებოდა.

გამიმართლა. მეორე სართულზე, სხვენისკენ ამავალი ვიწრო კიბის თავზე, სარკმელი იყო შეღებული. იქიდან გადაძრომა განვიზრახე.

- მამუკა! - კიდევ ერთხელ დავიძახე, - მე კერძო დეტექტივი ვარ თბილისიდან! ვიცი, რომ შენ არ ხარ მკვლელი, მისი ვინაობა ჩემთვის უკვე ცნობილია, ამიტომ გამიღე კარი, ნორმალურად დავილაპარაკოთ!

შენც არ მომიკვდე! დავიჯერო, ასეთი მშიშარაა? მოულოდნელად სახლის სიღრმიდან კარის ჭრიალის ხმა მოისმა. მეტის მოთმენა აღარ შემეძლო. ღია სარკმელთან მივედი. ძალიან ვიწრო იყო, ოთხმოცკილოგრამიანი კაცი იქ ვერ გავეტეოდი. როგორმე უნდა მომეხერხებინა გადაძრომა. ჯერ ფეხები გავყავი ვიწრო ფანჯარაში, მერე ტანი… ნელ-ნელა, სვენებ-სვენებით მივიწევდი წინ. მხრები რომ გატეულიყო, რაც შეიძლებოდა, მოვიკუნტე…

როგორც იქნა, შევაღწიე სახლში და იატაკზე დავხტი. შვებით ამოვისუნთქე. წელში რომ გავსწორდი, მიმოვიხედე. მისაღებ ოთახში აღმოვჩნდი. აქედან სხვა ოთახებში ორი კარი გადიოდა.

სახლი გარედან უფრო კოხტად გამოიყურებოდა, ვიდრე შიგნიდან. ირგვლივ საშინელი არეულობა სუფევდა. ჩანდა, რომ ყოფილი პატრონის წასვლის შემდეგ აქ რემონტი არავის გაუახლებია. იატაკზე პარკეტი იყო აცვენილი, კედლებზე - ბათქაში. ოთახში შპალერიც კი არ იყო გაკრული. რა ზარმაცი ყოფილა ეს ნოზაძე. აი, რას ნიშნავს მარტოხელა კაცი. ცოლი რომ ჰყოლოდა, ხომ მოაბამდა ამ ყველაფერს თავს?

პირველივე კარს მივუახლოვდი და გამოვაღე. მისაღებიდან გამოსული, ხის პატარა კიბეს ჩავუყევი და თავი სამზარეულოში ამოვყავი. აი, ის გაზქურა, რომელზეც თათა ფაფას ხარშავდა. მისი ზედაპირი ერთიანად გაშავებულიყო, ქალს არც კი უცდია მისი გაწმენდა. როგორც ჩანს, ჩქარობდა და ვერ მოასწრო. ნიჟარაში ჭუჭყიანი თეფშები ერთმანეთზე იყო ახოხოლავებული. ერთადერთი, რაც გულს გაუხარებდა ადამიანს, ფანჯრის რაფაზე შემოდგმული ყვავილის ქოთანი იყო - ფრანგული იები ვარდისფრად ყვაოდა.

მთელ სახლში ისეთი უსიამოვნო, დახუთული და მძიმე სუნი იდგა, გულის რევის შეგრძნება დამეუფლა. სამზარეულოდან გამოსულმა სხვა ოთახებიც დავიარე, ყველგან სიცარიელე დამხვდა, სიცარიელე და ამაზრზენი სიჩუმე.

კვლავ მეორე სართულზე ავედი. უკვე გამიქრა სურვილი, ფიზკულტურის მასწავლებელს დავლაპარაკებოდი. ერთი სული მქონდა, როდის გავიდოდი გარეთ და სუფთა ჰაერს ჩავისუნთქავდი. აქ სამი კარი იყო. ერთი ის, რომლითაც შემოვედი, მეორე - მთლად ცარიელი - ავეჯიც კი არ იდგა შიგ. მესამე კარს მივადექი და სახელური ჩამოვწიე. მაშინვე გაიღო. კიდევ კარგი, ერთი ნორმალური ოთახი მაინც დამხვდა ამხელა სახლში. დივანი, ორი სავარძელი, ტანსაცმლის კარადა, მრგვალი მაგიდა, ექვსი სკამი და სამგზავრო ჩემოდნების მთელი გორა იდგა. კედლებზე სპორტსმენების ფოტოები იყო გაკრული, მათ შორის - თავად ნოზაძე კარატისტის ფორმაში. რამდენიმე ლენტიანი მედალიც შევნიშნე, ერთ ლურსმანზე რომ იყო ჩამოკიდებული. მამუკა არ ჩანდა.

გამახსენდა, რომ მისაღებ ოთახში იყო კიდევ ერთი კარი, რომლის გაღებაც არ მიცდია. ახლა იმას მივადექი. გული რაღაც ცუდს მიგრძნობდა, ასე მეგონა, ზღურბლზე აუცილებლად ნოზაძის გვამს გადავაწყდებოდი. ფრთხილად ჩამოვწიე სახელური… აქ მთელ სახლში მოდებული სუნი ისე მძაფრად იგრძნობოდა, უნებლიეთ ცხვირზე მოვიჭირე ხელი. იატაკზე სპორტული ლეიბები იყო გაფენილი.

- მამუკა, აქ ხარ? - რატომღაც, დაძაბულმა ვიკითხე.

ოთახში მხოლოდ ერთი დიდი კარადა იდგა. იქვე, სკამზე დაგდებული ნახმარი პამპერსი შევნიშნე, სწორედ მას ასდიოდა ასეთი საშინელი სუნი. უცებ კარადიდან რაღაც ხმა მოისმა, თითქოს ვიღაც შეირხა. სუნთქვაშეკრული მივუახლოვდი მას და საშინელების მოლოდინში კარი ნელ-ნელა გამოვაღე.

მოულოდნელად გულისგამგმირავი ღრიალის ხმა გავიგონე. სიბნელიდან ორი შიშით მომზირალი თვალი შევნიშნე… ბნელ კარადაში გაურკვეველი ფორმის მეჩხერკბილებიანი რაღაც არსება იჯდა. შეცბუნებული უკან გადავხტი. წამით თვალთ დამიბნელდა.

- ბოლოს და ბოლოს, მიაღწიეთ თქვენსას? კმაყოფილი ხართ? - მომესმა ზურგს უკან.

დამბლადაცემულივით მოვტრიალდი და თათას შევეჩეხე.

«ქიმია» მტკიცე ნაბიჯებით მიუახლოვდა კარადაში მჯდომს და დაუყვირა.

- აბა! ახლავე გაჩუმდი! გაჩუმდი-მეთქი, ვის ვეუბნები! გამოდი მანდედან!

ღრიალი მაშინვე შეწყდა. თანდათან გონს მოვდიოდი და თავზარდაცემული მივჩერებოდი არსებას, რომელიც კარადიდან გადმოდიოდა. ეს იყო ღამის პერანგში გამოწყობილი მოზარდი გოგონა, გადაპარსული თმით და უპროპორციო სხეულით. ოთხზე დამდგარი, ფეხშიშველი, შეშლილი თვალებით მომჩერებოდა.

- ეს რა არის? რა ხდება აქ? - გაოგნებულმა ჩურჩულით ამოვთქვი.

- ეს მამუკას ქალიშვილია, - მშვიდად მიპასუხა თათამ, - რომელიც ნარკომანი ცოლისგან ეყოლა. ცერებრალური დამბლითა და ოლიგოფრენიით არის დაავადებული. ნუ ღმუი, ახლავე გაჭმევ! - თითი დაუქნია თათამ გოგონას.

ირგვლივ ისე დაიხუთა ჰაერი, მეტის მოთმენა აღარ შემეძლო. ფანჯარას მივვარდი, ფარდები გადავწიე და გამოვაღე.

- თქვენ აჭმევთ მას? - ჭელიძეს მივუბრუნდი.

- ჰო, როცა მამუკა ქუთაისში მიდის, მე ვიტოვებ და ვუვლი, ნემსებსაც მე ვუკეთებ. წამოდით, სამზარეულოში ჩავიდეთ, ამას ფაფა უნდა მოვუმზადო.

დაბლა ჩამოვედით და მაგიდას მივუსხედით. კარგა ხანს არც ერთი ხმას არ ვიღებდით.

- სევდიანი სანახაობაა, - სიჩუმე მე დავარღვიე, - სოფელში არაფერი იციან გოგონას არსებობის შესახებ?

- არა, არავინ არაფერი იცის და არც უნდა გაიგონ. გთხოვთ, ამის შესახებ თქვენს სტატიაში ნურაფერს დაწერთ. ეს ჩემი საიდუმლო არ არის, მამუკასია, მისი ტკივილია, მისი დარდი და უბედურება. მგონი, გამოიჩენთ გულმოწყალებას…

- ტყუილად მაფრთხილებთ, თათა. არაფრის დაწერას არ ვაპირებ. უბრალოდ, ადამიანურად მაინტერესებს, რატომ მალავს ეს კაცი ბავშვის არსებობას? ცოტა უცნაურად არ გეჩვენებათ?

ჭელიძემ მხრები აიჩეჩა, წამოდგა და ფაფის მოხარშვას შეუდგა.

- სიმართლე გითხრათ, ამაზე არ მიფიქრია. თქვენ რატომ მოგეჩვენათ უცნაურად?

- მე მამუკას არ ვიცნობ. არ ვიცი, როგორი ადამიანია… მაგრამ ეს ამბავი რომ არ დაემალა, შვებას იგრძნობდა, ასე არ არის? ექიმებს აჩვენებდა, წამლებს გამოუწერდნენ… მილიონი საშუალება არსებობს, იქნებ…

- ეს მისი პირადი საქმეა, მე არ მეხება. არც მინდა ამაზე ლაპარაკი.

- და დიდხანს აპირებთ ასე მის მოვლას?

ქალი მაგიდასთან მობრუნდა, დაჯდა და თავი ხელებში ჩარგო.

- არ ვიცი, - ხმაში ცრემლი გაურია, - ნუ მტანჯავთ ამგვარი შეკითხვებით. მე ახლა ერთადერთი რამ მინდა, რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს მამუკა სახლში. სად უნდა წასულიყო? რა უნდა ვქნა, რომ არ გამოჩნდეს? შეიძლება ავადმყოფი ბავშვის ასე მიტოვება? ხომ ხედავთ, რა დღეშია!

ჭელიძეს მხრები აუცახცახდა. მაჯაში ხელი წავავლე და მოვუჭირე.

- თათა, დამეხმარე და მეც დაგეხმარები, - აღგზნებით ვუჩურჩულე, მესიამოვნა მისი შეხება, - როგორმე უნდა ვიპოვოთ იგი.

- სად ვეძებო? ასე ადრე არასდროს მოქცეულა. იქნებ ავარიაში მოყვა? იქნებ მოკლეს კიდეც და მისი სხეული სადღაც, ღობის ძირში აგდია?

- ძალიან გთხოვთ, დაწყნარდით, ის ცოცხალია. არავითარი ცნობა არ არსებობს მისი გარდაცვალების შესახებ.

მან უნდობლად შემომხედა.

- თქვენ საიდან იცით?

- ნაცნობ პოლიციელს დავურეკე და გავარკვიე, - ვაღიარე.

- მართლა? - უცებ ხელი გამომტაცა და თავად მწვდა მაჯაში, - ცოცხალია? მადლობა ღმერთს… მაგრამ სად არის? შინ რატომ არ ბრუნდება? უკვე ძალა აღარ მყოფნის, ამ ბავშვის ყურება აღარ შემიძლია!

ამ დროს ფაფამ აფუება და ქვაბიდან გადმოსვლა დაიწყო. ოთახში დამწვრის სუნი დატრიალდა. სკამიდან წამოვხტი და გაზქურა გამოვრთე.

- ნუ გეშინია, როგორმე ვიპოვით მას, - მტკიცედ წარმოვთქვი, - სხვა გზა არ გვაქვს… მაგრამ ამაში თქვენ უნდა დამეხმაროთ… ყველაფერი უნდა მიამბოთ ნოზაძის შესახებ.

თათამ თანხმობის ნიშნად მორჩილად დამიქნია თავი. თვალები ცრემლით ავსებოდა. შემეცოდა. მივხვდი, რომ სიმართლეს მეუბნებოდა, მან მართლა არ იცოდა, სად იმყოფებოდა ფიზკულტურის მასწავლებელი.

- რა გინდათ, გაიგოთ? - ცხვირი მოიხოცა «ქიმიამ» და ნელ-ნელა დამშვიდდა.

- მე ვიცი მიზეზი, რის გამოც იგი აქედან გაიქცა.

- მიზეზი იცით? და რა არის ეს მიზეზი? - გამომცდელად შემომაცქერდა.

- ჯერ ვერ გეტყვით.

- სხვა ქალი გაიჩინა?

- არა. უმჯობესია, არ მკითხოთ. უბრალოდ, ერთი რამ მითხარით მხოლოდ. შეეძლო მას რამე როლი გაეთამაშებინა?

- როლი? როგორ გითხრათ… რა როლი? ახალ წელს თოვლის ბაბუის ფორმა აცვია ხოლმე და მშვენივრად გამოსდის ბავშვების გართობა, სხვა რა ვიცი…

- ქალის როლის თამაში შეეძლო?

- ქალის?.. წარმოდგენა არ მაქვს. რატომ მეკითხებით?

- კიდევ ერთი კითხვა: სად მდებარეობს წყალგამშვები კოშკი?

ამის თქმა და, ისეთი გაუხდა სახე, თითქოს თავზარი დაეცაო.

- რა-რა-რაში გაინტერესებთ? რა კოშკი? - ძალიან დაიბნა.

- სოფელში წყალგამშვები კოშკი არ იცით, სად არის? - კითხვა უხეშად გავუმეორე.

- იქ, - უმისამართოდ გაიქნია ხელი.

- კიდევ რა არის «იქ», კოშკის გარდა? საერთო საცხოვრებელი? მეტყევის სახლი? თუ სათბურები?

- მეტი არაფერი არ არის, - დარწმუნებით თქვა.

- რა, გაშლილი მინდორია? - ჩავეძიე.

- არა, მინდორი არ არის. იქ ერთ დროს კვლევითი ინსტიტუტი იყო, რომელიც წლებია, აღარ ფუნქციონირებს. ცარიელი კორპუსები დარჩა და დანგრეული ლაბორატორიები. მხოლოდ ბოთლები, კასრები და კოლბებია დარჩენილი, სარდაფში ჩაკეტილი. ადრე ითქვა, ინსტიტუტის ტერიტორია მომწამლავი შხამ-ქიმიკატებითაა გაჟღენთილი, რაც ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნისო, ამიტომ იქითკენ აღარავინ დადის, ყველა ერიდება ამ გზაზე გავლას.

- ინსტიტუტის ტერიტორია დაცულია?

- არა, სრულიად მიტოვებულია, მხოლოდ აგურის ღობე აქვს შემოვლებული და მორჩა.

- თათა, მე ვიცი, სადაც უნდა ვეძებოთ ნოზაძე. აჭამეთ ბავშვს ფაფა და წავიდეთ. რაც უფრო ჩქარა ვიპოვით, მით უკეთესი იქნება მისთვისაც და ჩვენთვისაც.

წამოვდექი და შევხედე. მისი სკეპტიკური გამოხედვა დავიჭირე, მას აღარ სჯეროდა ჩემი.

8 8 8

- აბა, სად გინდათ, წაგიყვანოთ? - მკითხა თათამ, როცა სკოლიდან გამოვედით.

- წყალგამშვებ კოშკთან.

- ჩემი აზრით, ამ ყველაფერს ავანტიურის სუნი უდის. უკვე ბნელდება, იქამდე კი საკმაოდ შორი მანძილია გასავლელი.

- ნუ გეშინიათ, მანქანით წავალთ, - დავამშვიდე.

მას თავისი განუყრელი წითელი ლაბადა ეცვა, რომელიც ძალიან უხდებოდა. თუმცა პროვინციული გარემოსთვის აშკარად შეუფერებელი იყო. შეიძლება შეგნებულადაც იცვამდა მას, რომ ადვილად გაეღიზიანებინა მამაკაცები…

- მოდით, შემოვლითი გზით წავიდეთ, უფრო მოკლეა, - თქვა მან, როცა მანქანაში ჩაჯდა.

როგორც ჩანს, ორივენი ერთსა და იმავეზე ვფიქრობდით. მეეჭვებოდა, ეს გზა უფრო მოკლე ყოფილიყო, სამაგიეროდ, ისიც და მეც დარწმუნებული ვიყავით, რომ ამ გზაზე გოგოლაძეს არ გადავეყრებოდით.

ნისლი კვლავ სქლად ჩამოწოლილიყო. ანთებული ფარებითაც კი ჭირდა მოძრაობა. ნელა მივიწევდი წინ, ვერ ვბედავდი სიჩქარის მომატებას იმის შიშით, რამეს არ შევჯახებოდი.

- მითხარით, ის თქვენი ნაცნობი პოლიციელი არ შეიძლებოდა, შემცდარიყო? - მკითხა ჭელიძემ, ცოტა რომ გავიარეთ.

ფიქრებით თათა კვლავ ნოზაძესთან იყო.

- ყოველი შემთხვევისთვის, ამწუთას იგი პოლიციის არც ერთ განყოფილებაში არ იმყოფება. - მომწონს თქვენი თავდაჯერებულობა, თუმცა არაფერს გამოვრიცხავ.

- მესმის თქვენი. თუ იმ წერილის ბედი გაწუხებთ და გგონიათ, რომ იგი რაღაც მაქინაციებით პოლიციას ჩაუვარდა ხელში, მინდა დაგამშვიდოთ. წერილი აღარ არსებობს, მე თავად დავწვი. აქედან გამომდინარე, მას ამის გამო ვერ დაიჭერდნენ.

- წერილის გარდა, ათასი მიზეზი არსებობს ადამიანის დასაპატიმრებლად. შეიძლება ბევრი დალია, შეიძლება იჩხუბა… განა ცოტა რამ ხდება? აქ მარცხნივ შეუხვიეთ!

ასფალტი დამთავრდა და გრუნტის გზას შევუდექით.

- გეთანხმებით, მაგრამ საქმე ისაა, რომ მე ყველა შესაძლო მიზეზი გადავამოწმე. გასული დღე-ღამის განმავლობაში ის არც გამოსაფხიზლებელში მოხვედრილა, არც საავადმყოფოში და არც პოლიციაში.

ჩემთვის უცხო გზა ხევისკენ მიდიოდა, უფრო და უფრო დაბლა მივიწევდით. აქ ნისლი ისეთი სქელი აღარ იყო, შედარებით უკეთ შეიძლებოდა საგნების გარჩევა.

- ერთი წუთით გააჩერეთ! - წამოიძახა უცებ და წინ გადაიხარა.

მკვეთრად დავამუხრუჭე და ირგვლივ მიმოვიხედე. გზაჯვარედინზე ვიდექით. თათა გაფაციცებით იყურებოდა ფანჯარაში.

- კოშკამდე რომ მივიდეთ, მარჯვნივ უნდა გადავუხვიოთ. შემოვლითი გზა კი პირდაპირ მიგვიყვანს… ამიტომ ერთი რამ მინდა გთხოვოთ…

- მთხოვეთ.

- შემთხვევით, ხომ არ გაგიგიათ, რაც მოხდა ამ მიდამოებში რამდენიმე დღის წინ?

- დამწვარი «ჯიპი» გაქვთ მხედველობაში?

უხმოდ დამიქნია თავი.

- უცნაურია, ამას მე რომ მეკითხებით. ახალუბანში თქვენ ცხოვრობთ, მე კი არა, - ირიბად გავხედე.

- მაგრამ თქვენ ხომ ჟურნალისტი ხართ… ჩვენზე მეტი იცით. ვიფიქრე…

- სამწუხაროდ, წვრილმანები არ გამომიკითხავს. მხოლოდ ის გავიგე, რომ დამწვარ მანქანაში ორი დანახშირებული ადამიანის გვამი იპოვეს.

- ორი გვამი? - შეშფოთებით წამოიძახა ქალმა, - მე კი მხოლოდ დღეს მითხრეს მოსწავლეებმა, ტყეში მანქანა დაუწვიათო… გვამების შესახებ არაფერი ვიცოდი, - თქვა, მაგრამ ისე ხელოვნურად გამოუვიდა, ნებისმიერი მიხვდებოდა, რომ იტყუებოდა.

თათა აშკარად ნერვიულობდა. ცდილობდა, არ შეტყობოდა, მაგრამ ვერ ახერხებდა. რატომ განიცდიდა ასე? ნუთუ ამ შემთხვევას რამე კავშირი ჰქონდა ნოზაძის გაუჩინარებასთან?

- თქვენ არ გაინტერესებთ? - იდუმალი ხმით მკითხა.

- რა?

- «ჯიპის» ნახვა. პროფესიონალური ცნობისმოყვარეობის გამო მაინც…

- და რას მთავაზობთ? - გამომცდელი მზერა მივაპყარი.

ნერვულად გაიცინა და ოდნავ შემეხო ხელზე.

- არა, რას ამბობთ, არაფერსაც არ გთავაზობთ. უბრალოდ, სულელური აზრი მომივიდა. მარტო ას წელი ვერ გადავწყვეტდი იმ მანქანის სანახავად წამოსვლას, მაგრამ რაკი თქვენთან ერთად ვარ, არ მეშინია. თქვენთან სრულიად უსაფრთხოდ ვგრძნობ თავს. ძლიერი მამაკაცი ხართ, ნდობის მომენტი მიჩნდება…

ა-ჰააა! წამოვიდა კომპლიმენტების წვიმა! საინტერესოა მართლა ასე ფიქრობს, თუ ვჭირდები და იმიტომ მეპირფერება?

ღიმილი ვერ შევიკავე. გადავწყვიტე, ავყოლოდი წამოწყებულ თამაშში.

- რა პრობლემაა! ახლავე მოვძებნოთ და დავათვალიეროთ ის თქვენი «ჯიპი». იცით კი ზუსტად, რა ადგილასაა?

- სადღაც აქვეა, მოსახვევში.

- «სადღაც»! - გამოვაჯავრე, - კარგი, კარგი, წავიდეთ, რაღას ვუცდით!

კვლავ დავქოქე მანქანა და გზა გავაგრძელეთ. მალე სწორედ ის ადგილი გამოჩნდა, სადაც დილით ნიკა გოგოლაძე გამოვიჭირე. მეტი მტკიცებულება რომ მქონოდა, ამაღამვე გამოვიძახებდი სერგის და ამ ბიჭუნას სიამოვნებით დავადებდი ხელბორკილებს, მაგრამ არ მინდოდა ნაჩქარევად მემოქმედა. ვაითუ შეცდომა დავუშვა? ფიქრებიდან თათას ხმამ გამომარკვია.

- აი, ისიც! ეგერ! - წამოიყვირა ქალმა და საჩვენებელი თითი სიბნელისკენ გაიშვირა.

მზერა დავძაბე, მაგრამ ვერაფერი დავინახე. ოდნავ წინ წავიწიე და ხეებს შორის გავაჩერე მანქანა.

- სად არის, რომ ვერ ვხედავ? - გავღიზიანდი.

- იქ არის, ბუჩქებში!

როგორც იქნა, მეც შევამჩნიე. ოდნავ უკან დავხიე ჩემი «ჟიგული», მარცხნივ შევატრიალე და ფარები კაპოტახდილ მანქანას მივანათე. ახლა უკვე კარგად მოჩანდა მინებჩამსხვრეული «ჯიპის» დამწვარი კორპუსი.

თათას გადავხედე. ერთიანად გაფითრებულს მზერა გაქვავებოდა. ნელი მოძრაობით გადავიდა სალონიდან და ფეხის წვერებზე აწეული მიუახლოვდა მანქანას. მეც უკან მივყევი.

როგორც ჩანს, ნანახმა მასზე ძალიან იმოქმედა. რაც უფრო უახლოვდებოდა «ჯიპს», ხელები და ნიკაპი მით უფრო უკანკალებდა. უცნაური გამომეტყველებით მომხედა უკან მომავალს და, რომ არ წაქცეულიყო, მხარში ჩამაფრინდა, თითქოს მისი ერთადერთი საყრდენი მე ვყოფილიყავი. თუმცა, ამწუთას სწორედ ასე იყო. რომ არა მე, მიწაზე მოადენდა ზღართანს. გამაოგნა მისმა უცნაურმა რეაქციამ. როცა გონს მოეგო, მსწრაფლ შემიშვა ხელი, მანქანას ერთი მხრიდან შემოუარა, ახდილ კაპოტს მიუახლოვდა, დაიხარა და წინა მხარეს რაღაცას დაძაბული გამომეტყველებით დააშტერდა. ვერ გეტყვით, რა დაინახა, შეიძლება მანქანის ნომერი ან რაიმე ნიშანი, მაგრამ მთავარი ისაა, რომ გველნაკბენივით გასწორდა წელში. «ღმერთო, ეს რა არის», - უცებ ისე ამოიხავლა, თითქოს საშინელი რამ აღმოეჩინოს, მერე ერთიანად მოკუნტული სწრაფად გატრიალდა და ისე ჩამიარა გვერდით, თითქოს არც ვარსებობდი. იდიოტი ნამდვილად არ ვიყავი და მაშინვე მივხვდი, რომ თათასთვის ეს მანქანა ძალიან ნაცნობი იყო. მისი რეაქცია სხვა არაფერზე მეტყველებდა.

გაგრძელება იქნება

ასევე იხილეთ:

დუმილის შეთქმულება - თავი 8

დუმილის შეთქმულება - თავი 7

დუმილის შეთქმულება - თავი 6