- კიდევ ხომ არ ინებებ, გენაცვალე?
უარის ნიშნად თავი გავაქნიე და ცარიელი თეფში განზე გავაჩოჩე. მთელი საუზმის განმავლობაში კრინტიც არ დაუძრავს. ნუთუ ყოველთვის ასეთი მომთმენია, თუ მხოლოდ ჩემთან იქცევა ასე? - გავიფიქრე. ნაკვთი არ შერხევია, ისეთი მშვიდი გამომეტყველება ჰქონდა. საინტერესოა, როგორი რეაქცია ექნება, როცა ვკითხავ, რას ეძებდა შემთხვევის ადგილზე მისული?
- ქალბატონო ლიანა, ვფიქრობ, უკვე იცით, რა თემაზე გვექნება მე და თქვენ საუბარი, - დინჯად დავიწყე, რითაც შანსი მივეცი დირექტორს, გულახდილად ელაპარაკა ფიზკულტურის მასწავლებლის «მავნე ჩვევაზე».
ქალი სკამის საზურგეს მიესვენა და მსუბუქმა ღიმილმა გადაურბინა ტუჩებზე.
- შენ წარმოიდგინე, მიახლოებითაც არ ვიცი, რისთვის მესტუმრე, - მითხრა და ისე შემომხედა, მზერით გამბურღა.
ესეც ასე-ე-ე… ნებაყოფლობითი აღიარება არ გამოვიდა. ვატყობ, მისი იძულებით ალაპარაკება მომიწევს.
- თქვენი აზრი მაინტერესებს მამუკა ნოზაძეზე.
- ნოზაძეზე? - გულწრფელი გაკვირვება გაისმა მის ხმაში.
- რატომ გაგაოცათ ჩემმა შეკითხვამ?
- რატომ? იმიტომ, რომ შენს კოლეგას, მაგალითად, მხოლოდ თათული ჭელიძის პიროვნება აინტერესებდა და მე მისი მშვენივრად მესმოდა. თუკი რომელიმე მასწავლებელზე შეიძლება ნარკვევი დაიწეროს, თათა ამისთვის საუკეთესო კანდიდატურაა. გარდა ამისა, უმშვენიერესია, გასათხოვარი. შეუძლებელია, ასეთი მანდილოსნით მამაკაცი არ დაინტერესდეს. ვფიქრობ, თვით ღმერთმა ინება მათი შეხვედრა…
მეგონა, დირექტორი აჭარბებს-მეთქი…
- დავიჯერო, ჩემმა კოლეგამ არც ერთი შეკითხვა არ დაგისვათ ნოზაძეზე?
- არც ერთი! ან კი რაში სჭირდებოდა მოსაწყენი ფიზკულტურის მასწავლებელი? რა უნდა მოეყოლა მისთვის? აი, თათული კი დაფასებული პედაგოგია, საქმის მცოდნე, მკაცრი, ყველა მოსწავლე თვალებში შეჰყურებს! შენ შენი მეგობარი უნდა გენახა, როცა თათაზე ვუყვებოდი, როგორ უბრწყინავდა თვალები! ჩემს პუდელს არ უხარია ასე კონსერვის დანახვა. თანაც, ძალზე შთამბეჭდავად მოიქცა - ზედიზედ ორი ღამე გაატარა მის სახლში, ჯიუტად და მიზანმიმართულად წერდა ჩემს მოადგილესთან ინტერვიუს, - ბოლო სიტყვებზე ეშმაკურად მოჭუტა თვალები დირექტორმა.
გაოგნებული დავრჩი. ნუთუ ისეთი ჭკვიანია ეს ქალი, რომ ჩემ გაცურებას ცდილობს? ასე ბუნებრივად? შეუძლებელია!
- თქვენ გინდათ მითხრათ, რომ თაზო ჭელიძესთან ათევდა ღამეს? - ვიკითხე და ისე დავიძაბე, პასუხის მოლოდინში უზარმაზარი ნერწყვი გადავაგორე.
- არამარტო ათევდა… ცხოვრობდა კიდეც მასთან. შენ რატომ გაგაოცა ჩემმა ნათქვამმა ასე?
ლიანამ ალბათ იფიქრა, რომ შემშურდა თამაზის ან ვიეჭვიანე. მისი ეშმაკური ღიმილი საშინლად მაღიზიანებდა. ნუთუ მართალს ამბობს? ნუთუ ასეთი შტერი იყო თამაზი? თუ იმდენი მოახერხა, რომ ჟურნალისტად გაასაღა თავი, იმ ქათამივით ქალის შებმა რამ მოაფიქრებინა? დავიჯერო, ეგეთი ქერქეტი იყო?
- დარწმუნებული ხართ, რომ არ ცდებით? - დაჟინებით ჩავეკითხე დირექტორს.
- რას ამბობ, გენაცვალე! ეს თბილისი კი არ არის, რამე ადვილად დამალო. ერთი პატარა სოფელია, სადაც ადამიანის ყველა ნაბიჯი ხელისგულზე მოჩანს. ძალიანაც რომ გინდოდეს, ვერავის ვერაფერს გამოაპარებ. სხვათა შორის, თვითონ თათასაც არ უცდია ამ ურთიერთობის დამალვა. ან კი რა იყო ამაში ამორალური? უცოლო კაცი, უქმრო ქალი… გაუგეს ერთმანეთს და მორჩა, ვისი რა საქმეა?
მისმა მონაყოლმა მთელი გეგმები ჩამიფუშა. ლოგიკური ძაფი, რომელზეც ჩემი შეკითხვები იყო აცმული, ეგრევე გაწყდა. გამიჭირდა თამაზის უცნაური საქციელის ახსნა. ცოტათი თავქარიანი კი იყო, მაგრამ მთლად ასე ამჩატება გამიგია? რა უნდა მომხდარიყო ისეთი, თაზოს თავისი მოვალეობა დაევიწყებინა და იმ თოჯინას კაბის კალთაზე ჩამოჰკიდებოდა? დავიჯერო, პატარა ბიჭივით «ერთი ნახვით შეყვარება» დაემართა?
- აბა? რა გადაწყვიტეთ? - თითები მაგიდაზე აათამაშა ქალმა, - გაგაცნოთ თათული ჭელიძე თუ?..
- მას უკვე ვიცნობ, ქალბატონო ლიანა, - ვაღიარე, - მან მართლაც მოახერხა ჩემზე შთაბეჭდილების მოხდენა. თუმცა, მე მაინც ნოზაძე მირჩევნია.
- როგორც გნებავს, საყვარელო, - მხრები აიჩეჩა ლიანამ, - კონკრეტულად რა გაინტერესებს, შეგიძლია მითხრა?
ვერ ვხვდებოდი, რატომ თვალთმაქცობდა ეს ქალი, ისე მიყურებდა, თითქოს აზრზეც არ იყო, რატომ დავინტერესდი ფიზკულტურის მასწავლებლით. რა ძლიერი ბუნების ყოფილა?! ამის გამოტეხვა გამიჭირდება!
- მე თქვენი აზრი მაინტერესებს იმ წერილზე.
- რომელ წერილზე? - კოპები შეიკრა გაოცებულმა.
ახლა ჰოოო! ეგ უკვე ზედმეტია, პატივცემულო დირექტორო!
სახეზე უნდობლობა გამომეხატა, ხელები მკერდზე გადავიჯვარედინე და ისეთი თვალებით შევხედე მერკვილაძეს, როგორც გამყიდველს, რომელიც წონაში გატყუებს.
- რატომ მაჩვენებთ თავს, თითქოს არაფერი იცოდეთ წერილის შესახებ? ვერ ხვდებით, რაზე გელაპარაკებით? ნუთუ ჩემმა კოლეგამ საქმის კურსში არ ჩაგაყენათ? არ გითხრათ, რისთვის ჩამოვიდა ახალუბანში?
- გეფიცები, წარმოდგენაც არა მაქვს, რომელ წერილზე მელაპარაკებით. შენმა კოლეგამ მითხრა, მასწავლებელზე ნარკვევი უნდა დავწერო და თათა ჭელიძე გამაცანიო, სულ ეს იყო. ამ ხნის ქალი ტყუილს როგორ ვიკადრებ, ღმერთმა დამიფაროს! - თავი შეურაცხყოფილად იგრძნო დირექტორმა.
ცოტა არ იყოს, დავიბენი, თანაც, ვერაფრით დავუმტკიცებდი, რომ იტყუებოდა, ამიტომ იძულებული ვიყავი, დამეჯერებინა მისი ნათქვამი. გამოდის, თამაზმა მასთან ბოლომდე არ გახსნა კარტები და მოსწავლის ანონიმურობა დაიცვა. სამაგიეროდ, ქიმიის მასწავლებლით დაინტერესდა. ცოტა უცნაური იყო. რატომ მოიქცა ასე, ალბათ ვერასდროს გავიგებდი. იძულებული გავხდი, დირექტორის წესებით მეთამაშა.
- მაპატიეთ, - შეცბუნებულმა დავიწყე, - როგორც ჩანს, რაღაცები ამერია ერთმანეთში. თავი დავანებოთ ჩემს კოლეგას, მას სხვა დავალება ჰქონდა, მე - სხვა. მითხარით, ნოზაძეს ცოლ-შვილი ჰყავს?
- ჰო-ოო, - წამით ჩაფიქრდა დირექტორი, მერე წამოდგა და ფანჯარას მიუახლოვდა, - არ გაუმართლა მაგ კაცს… რამდენიმე წლის წინ, როცა გორში მუშაობდა მწვრთნელად, ცოლი გაექცა. უფრო სწორად, თვითონ გააგდო. თბილისელი გოგო იყო, დედისერთა, მდიდარი ოჯახის შვილი. თუ არ ვცდები, მაკა ერქვა. ამბობენ, ნარკომანი იყოო. რამდენჯერ დააწვინა თურმე სამკურნალოდ, მაგრამ არაფერი ეშველა. საცოდავი ბიჭი იძულებული გახდა, გაყროდა და ყველაფერი გაეყიდა, რადგან სირცხვილით აღარ დაედგომებოდა გორში. მერე აქეთ გადმოსახლდა, ჩვენთან და სკოლაში დაიწყო მუშაობა.
- რატომ მაინცდამაინც აქ?
- იცით, რა? ეს პატარა სოფელია, ჩაკეტილი, უცხო თვალისგან მოშორებული. ნაცნობებს ასე შედარებით ადვილად აარიდებდა თავს, - ქალი მოტრიალდა და კვლავ თავის ადგილზე დაჯდა.
- შვილები ჰყავთ?
- ბავშვებზე არაფერი ვიცი. არა მგონია… მეეჭვება., ასეთი ქალისგან შვილი ჰყოლოდა.
- და რაც აქ დასახლდა, მას მერე მარტო ცხოვრობს?
- გაინტერესებს, სხვა ქალი ჰყავდა თუ არა? რატომაც არა. როგორ ფიქრობთ, ახალგაზრდა, ენერგიული, სიმპათიური მამაკაცი ქალის გარეშე გაძლებდა? მაგრამ ახალუბანში ცოტა ძნელია საცოლე იპოვო, გასათხოვარი ქალების ნაკლებობას დიდი ხანია, განვიცდით. ახალგაზრდები თბილისში გარბიან, ბებრები კი ვის უნდა? რა ვიცი, შეიძლება თბილისში ჰყავს კიდევაც ვინმე, ან ქუთაისში… ვერ გეტყვით… თუმცა… ერთი პერიოდი კი ეკურკურებოდა ჩვენს თათას, მაგრამ მალევე გაანება თავი. მეორედ რატომ უნდა გაეყო ყულფში თავი? ჭელიძე არ იყო მისთვის მისაღები ვარიანტი. მადლობა ღმერთს, არაფერი გამოუვიდათ. ნოზაძეს კარგი გოგონა სჭირდება, ტრადიციული ოჯახიდან, წესიერი, მოკრძალებული.
- ანუ, მიგაჩნიათ, რომ ჭელიძე ზედმეტად თავქარიანია?
დირექტორმა ისეთი სახით შემომხედა, თითქოს საგინებელი სიტყვა მეთქვას.
- მე ეგ არ მითქვამს! ის, უბრალოდ, არ არის მამუკას შესაფერისი. თავქარიანობა არ მიხსენებია?!
- მაშინ ის მითხარით, შეეძლო თუ არა ნოზაძეს, რამე უღირსი საქციელი ჩაედინა? მაგალითად, მოსწავლე გოგონა შეეცდინა ან რამე ამდაგვარი.
- ნოზაძეს მოსწავლე გოგონა შეეცდინა? - ქალს თვალები შუბლზე აუვიდა, - რას ამბობ, საყვარელო! მამუკა არაჩვეულებრივი ადამიანია, უწესიერესი, ბრწყინვალე პედაგოგი! რა გათქმევინებს ამისთანას! ისეთი რეპუტაციით სარგებლობს მშობლებში… სპორტსმენია, სისულელეს არასდროს იტყვის, არ სვამს, არ ეწევა… ვერ ვიტან მწეველ ადამიანებს! - ზიზღით დააყოლა ბოლოს.
მწეველებს ვერ ვიტანო? ოჰო! ეს რაღაც ახალია ჩემთვის! აბა, ტაქსის მძღოლმა რომ მითხრა, სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდაო? ნუთუ შეეშალა? დაკვირვებით შევხედე, ტყუის, თუ თვალის ასახვევად ლაპარაკობს ასეთ რამეს-მეთქი. ქალი იმდენად გულწრფელი ჩანდა, ძნელი იყო, ეჭვი შემეტანა მის ნათქვამში. ნამდვილად ეს ჩამოსვა წუხელ ტაქსის მძღოლმა სოფლის განაპირას? მიზანმიმართულად ხომ არ იცავს ნოზაძეს? სულ დავიბენი.
- ძალზე დადებითად ახასიათებთ თქვენს პედაგოგს, - გავუღიმე, - თუკი ასეთი კარგი მუშაკია, რატომ არ წაახალისებთ? მაგალითად, გუშინ რაიონში ბრძანდებოდით პედსაბჭოზე, იქ ასეთ საკითხებზე არ მსჯელობთ? - ლოგიკური სვლით მივედი მთავარ შეკითხვამდე.
- ჯერ ერთი, გუშინ არსად წავსულვარ, - მშრალად შემისწორა დირექტორმა.
- ნუთუ? - გაკვირვებული კაცის როლი გავითამაშე და ისეთი სახე მივიღე, თითქოს რაღაცას ვიხსენებდი, - როგორც ჩანს, არასწორი ინფორმაცია მომაწოდეს… მოიცათ… ვინ მითხრა, რაიონში გამოიძახესო?..
- ტყუილად იმტვრევ თავს ფიქრით, ჩემო კარგო, - მშვიდად, ყოველგვარი გაღიზიანების გარეშე გამაწყვეტინა, - გუშინ არავის არსად გამოვუძახებივარ. არც რაიონში ვყოფილვარ და ეს ისეთივე სიმართლეა, როგორც ის, რომ ორმოცდაცხრამეტი წლის ვარ. გუშინ შაბათი იყო, უქმე. შაბათ-კვირას განათლების განყოფილება არ მუშაობს. გარდა ამისა, მე მოსწავლეებს ვამზადებ მათემატიკაში, გუშინ, ხუთიდან ათ საათამდე, სამი წყება აბიტურიენტი გავისტუმრე. რაც შეეხება ნოზაძეს, მე ყველანაირად ვუწყობ ხელს. კარიერას, სამწუხაროდ, ვერ გაიკეთებს, ჩვენს სოფელში არ არის ამის საშუალება. სამაგიეროდ, ყოველ შაბათ-კვირას ქუთაისში დადის, სპორტულ სკოლაში მწვრთნელად მუშაობს. მეტი რა შემიძლია?
- ახლაც ქუთაისშია?
- დღეს არა. ორ საათზე შეჯიბრება გვაქვს, ორკილომეტრიანი კროსი. ნოზაძე აუცილებლად მოვა, არასდროს დავუღალატებივარ.
- მე კი მითხრეს, გუშინ დილით პირველივე ავტობუსით გაემგზავრაო…
- კი, ასეა, მაგრამ უკვე აქ უნდა იყოს, ჩამოვიდოდა ალბათ.
- ესე იგი, მისი ნახვა და დალაპარაკება შემეძლება?
- რა თქმა უნდა, რატომაც არა? ახლავე მოგცემ მისამართს, აქვე ახლოს ცხოვრობს, ადვილად მიაგნებ.
ჩემი ვიზიტის დრო ამოიწურა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ვილაპარაკეთ, დირექტორთან საუბარმა კიდევ უფრო გაართულა საქმე. მეგონა, ყველაზე ცოტა, ერთ საკითხს მაინც გავარკვევდი და რა გამოვიდა საბოლოოდ? უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა დამიგროვდა. ახლა უკვე ეჭვიც არ მეპარებოდა იმაში, რომ იგი გუშინ რაიონში არათუ არ ყოფილა, ფეხიც კი არ გაუდგამს სოფლიდან. აქედან დასკვნა: შაბათს, გვიან ღამით, ახალუბანში ჩემთვის უცნობი ქალბატონი ჩამოვიდა, რომელმაც თავი დირექტორად გაასაღა და რომელმაც იცოდა, რა მოხდა უღელტეხილზე. ვინ იყო ის ქალი? ან კი რატომ უთხრა ტაქსის მძღოლს, დირექტორი ვარო, როცა შეეძლო, საერთოდ არაფერი ეთქვა?
და კიდევ: რატომ დაუმალა თამაზმა ლიანას ანონიმური წერილის ამბავი? ეს მისი გადაწყვეტილება იყო თუ ვინმემ სთხოვა ამის შესახებ? ან რატომ არ შეატყობინა თათამ დირექტორს, თამაზი სოფელში მოსწავლე გოგონას წერილის გამო რომ იყო ჩამოსული? ვინ გაარკვია, სინამდვილეში რა ხდებოდა ფიზკულტურის მასწავლებელსა და მეთერთმეტეკლასელ გოგონას შორის? მხოლოდ თათული ჭელიძემ თუ სხვამაც? როგორ მოხდა, რომ დირექტორი საქმის კურსში არ აღმოჩნდა? რატომ დაუმალეს მას ეს ისტორია?
ფიქრისგან თავი გამისკდა. უაზროდ ვუღიმოდი დირექტორს, რომელიც რაღაცას მელაპარაკებოდა, თან ყველა შესაძლო ვერსიას ვამუშავებდი გონებაში, მოტივაციას კი ვერა და ვერ ვაგნებდი. ერთადერთი ახსნა, რაც შეიძლებოდა მისადაგებოდა ამ ყველაფერს, ქიმიის პედაგოგის გულისხმიერება იყო. მან იცოდა, რომ წერილი მხოლოდ მოსწავლის «ფანტაზიის ნაყოფი» იყო და სხვა არაფერი, ამიტომაც ხანშიშესული დირექტორის განერვიულებას მოერიდა, შეეცოდა ქალი. ამავე მიზეზით შეეძლო მას, ეთხოვა თამაზისთვის, არაფერი დასცდენოდა ლიანა მერკვილაძესთან.
ეს არ იყო ცუდი ვერსია, ამიტომაც დავმშვიდდი, უფრო მეტიც, საკუთარი დასკვნით კმაყოფილიც კი დავრჩი. თუმცა ამ საქმეში ერთი «მაგრამ» მაინც იყო - რატომ არაფერი ჰკითხა თაზომ დირექტორს მამუკა ნოზაძეზე და მხოლოდ მომხიბვლელი თათა ჭელიძით რატომ დაინტერესდა? ეს კვანძი კვლავ გაუხსნელი მრჩებოდა. ნუთუ მართლა სიყვარულთან გვაქვს საქმე? დავიჯერო, ქიმიის მასწავლებლის მიმზიდველობამ ისე დაუბინდა გონება თაზოს, რომ ყველაფერი გადაავიწყა?
გადავწყვიტე, მაშინვე მენახა ნოზაძე. დირექტორის სადარბაზოდან გამოვედი თუ არა, ჯიბიდან ფურცელი დავაძრე, რომელზეც მამუკას სახლის მარშრუტი იყო მოხაზული და გეზი იქითკენ ავიღე. ნესტიანი და სქელი ნისლი არ მაძლევდა საშუალებას, მეპოვა ისეთი საორიენტაციო ნაგებობები, როგორიც «საბავშვო ბაღი» და «პოლიკლინიკა» იყო. თუმცა, ინტუიციით ვგრძნობდი, რომ სწორედ იმ მიმართულებით უნდა წავსულიყავი, საითკენაც სულ რაღაც ნახევარი საათის წინ თათა გაუჩინარდა. გზას გავუდექი თუ არა, ინსტინქტურად უკან მოვიხედე, დირექტორის ფანჯრებისკენ. ის, რა თქმა უნდა, თვალს მადევნებდა, ფარდებს უკან დამალული და, როგორც კი მივიხედე, მაშინვე მოშორდა ფანჯარას. ალბათ შემამოწმა, რომელი მიმართულებით წავიდოდი - ნოზაძისკენ თუ ჭელიძისკენ.
სიმართლე რომ ვთქვა, სულაც არ მომეწონა დირექტორის ჩასაფრებული მზერა, ისევე, როგორც მისი დაჟინებული მოთხოვნა, შევხვედროდი თათა ჭელიძეს და ნარკვევი მასზე დამეწერა. რატომ ცდილობდა ასე ძალიან ჩემ დაყოლიებას? შესაძლოა, ამგვარი ჟესტით ნოზაძეს კარგ სამსახურს უწევდა. თუკი თამაზივით მეც გავაჩაღებდი ქიმიის მასწავლებელთან რომანს, დირექტორის მოადგილეს სახელი გაუტყდებოდა, მთელი სოფელი მის ახალ-ახალ კაცებზე ალაპარაკდებოდა და მამუკა მასთან ურთიერთობას გადაიფიქრებდა.
მე, რა თქმა უნდა, სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას თათა ჭელიძის რეპუტაციის შელახვაში, რადგან ძალიანაც მომწონდა, მაგრამ ერთადერთი, რის გამოც თავს შევიკავებდი, თამაზი იყო. ორიოდე დღის წინ თათასთან ჩემი მეგობარი იწვა. შუბლის ძარღვი უნდა გამწყვეტოდა, ეს ნაბიჯი რომ გადამედგა. ჩემი მხრიდან სწორედ რომ არაეთიკური და უსინდისო საქციელი გამოვიდოდა.
დინჯად მივაბიჯებდი ნისლიან გზაზე და აქეთ-იქით ვიყურებოდი, რომ პოლიკლინიკა არ გამომრჩენოდა. იქ მარჯვნით უნდა შემეხვია. ახალუბნის განსაკუთრებულობას ის წარმოადგენდა, რომ ქუჩაში კაციშვილი არ ჭაჭანებდა. გეგონებოდათ, სოფლის მთელი მოსახლეობა გაწყდაო. თუმცა, ისეთი ნისლი ჩამოწვა, ადამიანებს კი არა, სახლებსაც ვეღარ ვარჩევდი წესიერად.
როგორც იქნა, პოლიკლინიკაც გამოჩნდა. ორსართულიანი მოგრძო კორპუსი აღმოჩნდა. როგორც სქემა მიჩვენებდა, მარჯვნით გადავუხვიე და ასფალტიც აქ დამთავრდა. კვლავ ოღროჩოღრო გზა დაიწყო. რაც მეტ ნაბიჯს ვდგამდი, მით მეტი ტალახი მეკვროდა ფეხსაცმელზე. ბოლოს ისე დამიმძიმდა ფეხები, ძლივს მივაბოტებდი. სახლებს ერთმანეთისგან მავთულის ღობეები ჰყოფდა. მე უნდა მომეძებნა სახლი ნომერი 40. აი, ისიც… მართალია, სახლს ჯერ ვერ ვხედავდი, სამაგიეროდ, ჭიშკარზე გაკრულ აბრაზე თეთრი საღებავით მიწერილი ციფრი 40 გარკვევით მოჩანდა.
ეზოში ისე უჩუმრად შევაბიჯე, არავინ გამომხმაურებია, ძაღლსაც კი არ დაუყეფია. ამიტომაც თამამად გავაგრძელე გზა პარმაღისკენ. კიბეს რომ მივუახლოვდი, გაოცებისგან დავუსტვინე კიდეც - ეზოში ორსართულიანი წითელი აგურის საოცრად ლამაზი სახლი იდგა, რომლის ფანჯრებზეც თეთრად შეღებილი გისოსები აეკრათ. ეს სახლი ალბათ თავის დროზე რომელიღაც პროფესორმა ან მეცნიერ-თანამშრომელმა ააშენა, სანამ ქიმიური ლაბორატორია ფუნქციონირებდა, მერე კი ნოზაძეს არგუნა ბედმა.
არ შევმცდარვარ. როგორც კი მუხის ყავისფრად დალაქულ კარს მივუხლოვდი, მასზე ლატუნით ამოტვიფრული ასოები შევნიშნე: «პროფესორი ი.ა. ბერიძე». მაგარი ბედოვლათი ყოფილა ეს მამუკაა თუ ვიღაცა, წარწერა მაინც წაეშალა მაგ ოჯახაშენებულს!
ამ ფიქრებში ვიყავი, რომ საიდანღაც უეცრად დამწვარი ფაფის სურნელი მოვარდა, რომელსაც თან ალუმინის ქვაბის თუ თავსახურის დავარდნის უსიამოვნო ხმა მოჰყვა. კიბიდან სწრაფად ჩამოვირბინე და პირველი სართულის პირველსავე ფანჯარას მივადექი.
- ნუ ბღავი! - ნერვული ყვირილის ხმა მომესმა მოულოდნელად, - მომაქვს, უკვე მომაქვს! ღმერთო, როდის დამთავრდება ეს ყველაფერი!..
უჩუმრად შევიჭვრიტე სარკმელში და გაოგნებული ლამის შევხტი. ოთახში თათა ჭელიძე დავლანდე. ის გაზქურასთან იდგა და სუფრის კოვზით ქვაბის ძირს ურევდა.
ხედავთ? მაშინ, როცა დირექტორი დარწმუნებულია, რომ «ქიმიას» და «ფიზკულტურას» არაფერი გამოუვიდათ, ჭელიძე ნოზაძეს საუზმეს უმზადებს. თანაც, რას? ფაფას, როგორც პატარა ბავშვს. ყველა სიკეთესთან ერთად, ისე უყვირის მას, თითქოს სტაჟიანი ცოლი და ქმარი იყვნენ.
ქიმიის მასწავლებლის აქ შეხვედრა ჩემს გეგმებში არ შედიოდა. მეგონა, ნოძაზეს ერთი-ერთზე დაველაპარაკებოდი, მოწმეების გარეშე. ხომ არ გადამედო მასთან შეხვედრა, სანამ მარტო არ დარჩებოდა? მაგრამ, ვხედავდი, რომ მარტო კარგა ხანს არ იქნებოდა.
ორ საათზე შეჯიბრება აქვს დანიშნული, რაც, ყველაზე ცოტა, ერთ საათს მაინც გაგრძელდება. იქამდე რა ვქნა? რით მოვკლა დრო? აჯობებს, ახლავე შევიდე და ნოზაძეს გამოვუცხადო, მასთან ცალკე დალაპარაკება რომ მსურს. თათა მეორე ოთახში მიაბრძანოს, ან საერთოდ დაითხოვოს სახლიდან, არაფერი უჭირს.
ზარის ღილაკს იმაზე მეტხანს მივაჭირე თითი, ვიდრე საჭირო იყო. რამდენიმე წამიც და ქუსლების პაკაპუკის ხმა გაისმა. ცუდია, მამუკამ ქალს რომ მისცა კარის გაღების უფლება, რაც, პირველ რიგში, იმას ამტკიცებს, რომ ურთიერთობას არ მალავენ. მეორეც ის, რომ მომიწევს ახლა მოადგილისთვის ახსნა-განმარტების მიცემა.
ვიფიქრე, მასთან საუბარს არ გავაბამ, ისე შევაჭრი ოთახში-მეთქი. მხნეობა მოვიკრიბე და ანჯამას ზურგით მივეყრდენი, თან ერთი ფეხი წინ წავწიე, რომ უდარდელი ადამიანის შთაბეჭდილება დამეტოვებინა.
კარი ფართოდ გაიღო. თათა ჩემ დანახვაზე ადგილზე გაქვავდა და უნებურად წამოიკივლა. შევამჩნიე, როგორ მკვეთრად შეეცვალა გამომეტყველება.
- ეს… ეს თქვენ ხართ? თვალებს არ ვუჯერებ! - გაფითრებულმა წარმოთქვა და შეეცადა, ჩემთვის ცხვირწინ მიეხურა კარი, მაგრამ არ ვაცალე, ფეხი ზღურბლზე დავდგი და მთელი ტანით წინ ავესვეტე მასწავლებელს.
- ქალბატონო თათა! - მკაცრი ხმით დავიწყე, - არ გირჩევთ ამის გაკეთებას! მე ნოზაძეს უნდა დაველაპარაკო!
- გაწიეთ ფეხი! - სასოწარკვეთილმა იკივლა და შეშინებული თვალებით მომაჩერდა.
- ახლავე დაუძახეთ, თორემ ანჯამებიანად ჩამოვიღებ ამ კარს! - არ შევეპუე.
- ის სახლში არ არის!
- მატყუებთ! საკუთარი ყურებით მესმოდა, როგორ ელაპარაკებოდით!
- შემეშვით! თქვენ უფლება არ გაქვთ! პოლიციას გამოვუძახებ! - ქათამივით კაკანებდა ჭელიძე. საწყალს ისე დაეჭიმა ყელზე ძარღვები, სახე ჭარხალივით გაუხდა, სიბრაზისგან სუნთქვა ეკვროდა.
რა ძალა ჰქონია! ქალი მაინც არ იყოს! რას ვიფიქრებდი, ერთი შეხედვით ასეთი ნაზი და ფაქიზი არსება მამაკაცივით ძლიერი თუ აღმოჩნდებოდა! კარგა ხანს ვძიძგილაობდით. ვიმედოვნებდი, რომ ამ გაწევ-გამოწევაში მამუკა გამოჩნდებოდა. შეუძლებელი იყო, არ გაეგონა პარმაღზე ატეხილი აურზაური.
უეცრად ოთახის შიგნიდან ყრუ დარტყმების მთელი სერია გაისმა, თითქოს ვიღაცა მძიმე საგნით კარზე აბრახუნებდა. თათა მოულოდნელად გაფითრდა და ისეთი რამ გააკეთა, ცხოვრებაში რომ ვერ წარმოვიდგენდი. ჯერ იყო და, თავისი წვეტიანი ქუსლი დაუზოგავად ჩამცხო ფეხსაცმელში, მერე კი მომუშტული ხელი გამომიქანა და ცხვირში ისეთი ძალით მთხლიშა, წონასწორობა დავკარგე და წამით თვალთ დამიბნელდა. დაბნეულმა უკან დავიხიე, რითაც ისარგებლა კიდეც თათამ და კარი ცხვირწინ მომიჯახუნა.
რას გავაწყობდი… იმ კაცმა თავი არ შეიწუხა, რომ ერთი წუთით მაინც გამოეხედა. ქალთან ჭიდილს ხომ არ დავიწყებდი? ჭიშკარი გამოვიხურე და გინებ-გინებით დავუყევი ატალახებულ გზას.
თამაზმა მაცნობა, აქ ნამდვილი დუმილის შეთქმულება დამხვდაო. მე მეტსაც ვიტყოდი, შეთქმულება კი არა, ნამდვილი ბეტონის სარკოფაგი იყო, რომელშიც ვიღაც საიმედოდ იმალებოდა და რომლის გატეხვაც ჩემს ძალებს აღემატებოდა.
არა უშავს, ნოზაძე მაინც ვერსად გამექცევა. ორ საათზე ხომ მოვა შეჯიბრებაზე, ჰოდა, იქ გამოვიჭერ. ვნახოთ ერთი, ასე საგულდაგულოდ რას მალავს.
8 8 8
იმდენად შეურაცხმყოფელი იყო ჩემთვის თათას მუშტი, ვერ ვინელებდი. ქალმა როგორ მაჯობა ეშმაკობითაც და ძალითაც? თან მეცინებოდა ჩემს თავზე, თან ბოღმა მახრჩობდა. კარგა ხანს ვიხეტიალე გაგულისებულმა სოფლის ქვაღორღიან ქუჩებში, სანამ კვლავ ცენტრში არ გავედი და იქვე, სასურსათო მაღაზიის გვერდით პატარა ლუდხანას არ მოვკარი თვალი. ისე გამიხარდა, თითქოს ძალიან ახლობელი ადამიანი მეპოვოს.
ხის კარი ჭრიალით შევაღე და სანამ შევიდოდი, ყურადღებით მოვათვალიერე იქაურობა. გამყიდველი ქალის გარდა, კიდევ ერთი კაცი დავლანდე, ალბათ «მარადიული» კლიენტი იყო. ორივეს თავაზიანად მივესალმე და კათხა ლუდი მოვითხოვე. შემთვრალი უცხო მამაკაცი გაცხარებით ჰყვებოდა რაღაცას. ჯერ პოლიტიკოსები ლანძღა, მერე ოლიგარქები და ბოლოს ბანდიტებს მისდგა. მაგათი გამოისობით, ხალხს მშვიდად ვერ დაუძინია, ამას წინათ ჩვენს ტყეში «ჯიპით» მიმავალი ბიჭები დახოცეს და მერე ცეცხლი წაუკიდესო.
სწორედ ამ დროს გამახსენდა, რომ რაღაც მსგავსი უკვე მოვისმინე ლადოსგან, როცა იგი სამივლინებო საბუთს მიმზადებდა. მაშინ ამ ინფორმაციით მაინცდამაინც არ დავინტერესდი, ერთ ყურში შევუშვი და მეორიდან გავუშვი. ახლა კი, მომენტით ვისარგებლე და თანამოსაუბრეს ვთხოვე, დაწვრილებით მოეყოლა, რა იცოდა მომხდარის შესახებ. იმანაც დაიწყო და აღარ გაჩერდა, ათასი სისულელის მოყოლა დაიწყო.
- ძალიან გთხოვთ, ნუ უსმენთ მაგას, - მომაძახა გამყიდველმა, - ვხედავ, რომ აქაური არ ხართ, ამიტომ შეცდომაში არ შეგიყვანოთ. ორი ბანდიტური დაჯგუფების შეხლა-შემოხლა იყო. ხომ გესმით… გავლენის სფეროების მოსაპოვებლად. არალეგალური ბიზნესის კონტროლი და მეტი არაფერი! «ჯიპს» ავარია მოუწყვეს, ხეს შეეჯახა და ორი ადამიანი თავის მანქანიანად ისე დაწვეს, ექსპერტიზის ჩატარება შეუძლებელი აღმოჩნდა.
გონებაში გავაანალიზე მოსმენილი და ვცადე, თამაზის სიკვდილთან დამეკავშირებინა ტყეში მომხდარი ისტორია, მაგრამ საერთო ვერ ვიპოვე. თუმცა, ყოველი შემთხვევისთვის, ურიგო არ იქნებოდა, დამეთვალიერებინა დანაშაულის ადგილი. რა იცი, რა ხდება, ეშმაკს არ სძინავს. იქნებ იმავე სტილით და იმავე «ხელწერით» მოახდინეს იმ «ჯიპის» პარალიზებაც, როგორც თაზოსი?
ლუდის კათხა ნელ-ნელა გამოვცალე, მადლობა გადავუხადე გამყიდველს, დავემშვიდობე და გარეთ გამოვედი. სუფთა ჰაერი ჩავყლაპე და შვებით ამოვისუნთქე, დროზე რომ დავაღწიე თავი ორ მოლაყბეს. ის იყო, გზას უნდა გავდგომოდი, რომ ჩემ უკან ფაჩუნის ხმა გაისმა. მსწრაფლ მოვატრიალე თავი და ნისლში ადამიანის სილუეტი დავლანდე, რომელიც თავქუდმოგლეჯილი გარბოდა ტყისკენ მიმავალ ბილიკზე.
მეძებარი ძაღლივით, მოძრავ საგანზე რეფლექსები რომ გამოუმუშავდება, უკან გავეკიდე გაქცეულს და მაშინვე მწარედ ვინანე. რამდენიმე მეტრი რომ გავირბინე, ისეთ ეკლიან ბუჩქებში გავიხლართე, რომ არ გავჩერებულიყავი, არც შარვალი შემრჩებოდა მთელი და არც ქურთუკი.
- ეი, მოიცადე! - მთელი ხმით დავიყვირე, მაგრამ გვიან იყო, უცნობი თვალსა და ხელს შუა გაქრა.
საინტერესოა, ვინ იყო? ვის მოუვიდა თავში აზრად, ჩემთვის ეთვალთვალა? ნუთუ ლუდხანაში ჩვენი საუბარი მოისმინა? რა უნდოდა? ვინ მოაგზავნა? კითხვებმა დამღალა. პასუხი კი არც ერთზე არ მქონდა. დავიხარე და ნაკვალევის მოძებნა დავიწყე. ჩამუხლულმა გავიარე რამდენიმე ნაბიჯი. აი, ისიც - ბოტასის ნაფეხურები. ოცდაჩვიდმეტი… ჰა-ჰა, ოცდათვრამეტი ზომის ფეხი უნდა ჰქონოდა ჩემს «მზვერავს». ფაქტია, ან მოზარდი უნდა ყოფილიყო, ან ქალი. რა უცნაური სოფელია! მოსახლეობაც როგორი უცნაურია! უფრო და უფრო მესმოდა თამაზის! წარმომიდგენია, რა დღეში ჩააგდებდნენ აქაურები! «მოკლედ, ვითესები ამ დამპალი ახალუბნიდან» - გამახსენდა ტელეფონზე დატოვებული შეტყობინება. ვინ ჯანდაბა მითვალთვალებდა?
უკან მოვტრიალდი და მთავარ ქუჩას დავუყევი. შეგრძნება, თითქოს ვიღაც ჩუმად მომყვებოდა, არ მშორდებოდა. ამიტომაც ძალაუნებურად წარამარა უკან ვიხედებოდი. ცოტათი მაღიზიანებდა კიდეც ასეთი მდგომარეობა. ცოტაც რომ გავიარე, გზიდან გადავუხვიე და იქვე დაგდებულ ჟანგიან კასრს ამოვეფარე. ორი-სამი წუთი გაუნძრევლად ვიდექი და გზას ვაკვირდებოდი, იქნებ ვინმე გამოჩნდეს-მეთქი, მაგრამ ამაოდ, არავის გამოუვლია.
სამალავიდან გამოვედი და სიარული განვაგრძე. ასფალტი მალე დამთავრდა და მოუხრეშავ გზაზე ფეხსაცმელი ტალახში კვლავ ამეზილა, ნაბიჯს ძლივს ვადგამდი. რომ მცოდნოდა, აქეთ ასეთი გზები იყო, თადარიგს დავიჭერდი და რეზინის ჩექმას წამოვიყოლებდი. არც მიფიქრია.
არ ვიცოდი, რა მექნა. ღირდა გზის გაგრძელება, თუ უკან მოვბრუნებულიყავი. ასე მეგონა, უკაცრიელ ადგილზე მოვხვდი, სადაც სულიერი არ ჭაჭანებდა. ის იყო, გამობრუნება დავაპირე, რომ, ჩემგან ოდნავ მოშორებით, მწყობრში ჩამდგარი გოგო-ბიჭები შევნიშნე. სპორტულ ფორმაში გამოწყობილი მოსწავლეები გაფართოებული თვალებით მომჩერებოდნენ. უკვე იმდენად მივეჩვიე ამ სოფელში სიცარიელეს და ადამიანთა ნაკლებობას, ერთბაშად ამდენი ბავშვის დანახვამ თავზარი დამცა. შევჩერდი და დაძაბული მივაშტერდი მოზარდებს.
- არა, არა, ის არ არის! - თქვა რომელიღაცამ.
გაგრძელება იქნება
ასევე წაიკითხეთ: