მე - ღმერთის საჩუქარი - თავი 3 - Marao

მე - ღმერთის საჩუქარი - თავი 3

2022-12-28 11:07:55+04:00


წინა თავი

ვეტ-კლინიკა მაშველი რგოლი აღმოჩნდა ჩემთვის. თავდაუზოგავად ვმუშაობდი და თანდათან ერთი კაბინეტიდან მრავალპროფილურ საავადმყოფოდ ვიქეცით. ეს ის ადგილია, სადაც მისვლა და მუშაობა ყველაფერს მირჩევნია; რის შექმნაშიც და გაზრდაშიც დიდი წვლილი მიმიძღვის.

მომდევნო სალიცენზიო გამოცდისთვის თავდაუზოგავად ვმეცადინობდი, მაგრამ დაღლილი, გამოფიტული და განერვიულებული ვიყავი. ყველაფერი ერთმანეთში მერეოდა. უკვე ვფიქრობდი, რომ ცხოველებისთვის დამეთმო მთელი ჩემი დრო და ენერგია, ექიმობაზე აღარ მეფიქრა. დედაჩემს ხომ ტელეპატიური ნიჭი აქვს. ალბათ ჩემი ეს ფიქრები იგრძნო. აბა, მე ის საუკუნეა არ მენახა.

გამოცდამდე ორი კვირით ადრე სახლში გამომეცხადა. როგორც ყოველთვის, ახლაც ისე შემოვიდა, თითქოს ვიღაც უცხოსთან მიდიოდა. ტახტის კიდეზე ჩამოჯდა, თითქოს დასვრას ერიდებოდა. შანელი #5 სუნი დააყენა ჩემს ერთოთახიან მოკრძალებულ ბინაში. გამიკვირდა მისი დანახვა. ველოდებოდი, როდის ამეტყველდებოდა.

- გავიგე ძაღლებს და კატებს უვლი, - მითხრა და ჩემი არეული ოთახი მოათვალიერა.

- არ ვუვლი, ვმკურნალობ, - ვუპასუხე მშვიდად. მასთან კამათში ყოველთვის ვმარცხდებოდი და ახლა რამის თქმის სურვილი არ მქონდა.

- გინდა ისევ ნამდვილი ექიმობა?

- რა თქმა უნდა, მაგრამ ახლა ისეთ მდგომარეობაში ვარ, არა მგონია, რამე გამომივიდეს. - ვაღიარე გულწრფელად.

- გამოცდაზე გახვალ, რასაც დაწერ, დაწერ. დანარჩენი შენი საქმე არაა. მომავალი თვის პირველი რიცხვიდან კახიძის სახელობის საავადმყოფოში იმუშავებ. ძაღლებსა და კატებთან გართობას მორჩები. დანარჩენი არ იკითხო.

ადგა და წავიდა.

რატომ დავუჯერე, არ ვიცი. ალბათ იმიტომ, რომ ნამდვილი, დიდი საავაადმყოფოს ექიმობა მინდოდა. დიდი ამბიცია მქონდა, მაგრამ წინ დიდი დაბრკოლებაც, რომელსაც ისე გადავლახავდი, ვერც გავიგებდი.

დედაჩემმა გაყალბებული ექიმის ლიცენზია სახლში მომიტანა. და მეც შემდეგი თვის პირველი რიცხვიდან ექიმად დავიწყე მუშაობა. დღეს ძალიან კარგი ექიმი ვარ, საუკეთესო ჩემს სფეროში, მაგრამ ყალბი ლიცენზიით. დედაჩემის პირობა ბოლომდე არ შევასრულე. ვეტ-კლინიკაში ისევ ვმუშაობ კვირაში სამჯერ.

საავადმყოფოს სასადილოდან გამოსვლის და გიორგის დატოვების შემდეგ თავს უხერხულად ვგრძნობ. კაბინეტის კარებთან ისევ პაციენტების რიგი მხვდება. ერთი წამით ვერ ვიცლი. დღეს არანაკლებ რთული ღამე მოსდევს. ქალაქში გავრცელებული ვირუსული ინფექციის გამო საავადმყოფო გადავსებულია. პალატიდან პალატაში დავქრივარ და ყურადღებას ერთ წამს არ ვადუნებ. ერთი-ორჯერ გიორგიც მხვდება, ალბათ ისიც მორიგეა, მაგრამ მისთვის არ მცალია. არც თვითონ იჩენს საუბრის ინიციატივას. დილას დაღლილი ვბრუნდები სახლში და საღამომდე მძინავს. თავს ძლივს ვწევ ზევით, მაგრამ გართობა მელოდება წინ და ამაზე უარს არაფრისთვის ვიტყვი.

"ვიქტორია სეკრეტის" ახალ საცვლებს ვიღებ. თმას წითლად ვიღებავ ერთჯერადი საღებავით. ბანაობის დროს ადვილად ირეცხება. ნაცადი ხერხია. ტუჩებს და თვალებს ისე ვიშავებ, მეც კი ვერ ვცნობ საკუთარ თავს. მაღალ ჩექმას და მოკლე კაბას ვიცმევ. ტყავის გრძელ მოსასხამში ვეხვევი. ახლა დედაჩემიც კი გვერდით ჩამივლის, სადმე რომ შემხვდეს. ტაქსის ვიძახებ და მის მოლოდინში ვირინდები. ეს დასვენება მეკუთვნის...

კვირა დღეს საწოლში ვატარებ. ფუფუნებაში არ ვცხოვრობ, სახლის ნივთებსა და ტანსაცმელში მინიმალურ თანხას ვხარჯავ, ფულს შავი დღისთვის და მოგზაურობისთვის ვაგროვებ. მაგრამ დიდი ტელევიზორი მაინც ვიყიდე. კედელზე ჩამოვკიდე და კვირა დღეს საწოლში, მის ყურებაში ვატარებ. წინა ღამის თავგადასავლის შემდეგ გამოძინებაც მჭირდება და აზრზე მოსვლაც. რომ არა ჩემი დაუწერელი წესი, „ერთი პარტნიორი, ერთი ღამე“, ამ ბიჭთან მეორედაც და მესამედაც კარგი იქნებოდა. მგონი, არც თვითონ დარჩენილა უკმაყოფილო. მხოლოდ გამთენიისას ჩაეძინა და მეც მაშინვე გამოვიპარე. ალბათ, როგორ გაუფართოვდებოდა თვალები, ნომერში რომ ვერ მიპოვიდა. სულ მწყდება ხოლმე გული, ასეთ საინტერესო მომენტს რომ ვტოვებ.

საბანში ყელამდე ვეფლობი. ბალიშებს გვერდზე ვალაგებ და ტელევიზორში რამე საინტერესოს ვეძებ. მბეზრდება და ისევ წიგნის წაკითხვას ვირჩევ. ახალგაზრდა მწერლის დეტექტივია. თვალს ვადევნებ მის შემოქმედებას. ჯერ ყველაფერი წინ აქვს. ვგულშემატკივრობ. დრო როგორ გადის, ვერ ვგებულობ. თვალი აკვარიუმისკენ გამირბის. ჩემს სახლში ერთადერთი ცოცხალი არსება ოქროსფერი თევზია. თავიდან სამი მყავდა, მათთან ერთად ოთხი ზღვის კუ იწონებდა თავს, მაგრამ ეს ერთიღა შემომრჩა. თუ წყალს არ გამოვუცვლი და საჭმელს არ დავუყრი, მალე ესეც აღარ შემაწუხებს. მეტს აღარც მოვიყვან. დროდადრო ვთვლემ. ძილბურანში ვარ. სადღაც ჩემი ტელეფონი გაუთავებლად ღმუის. ფორთხვით ვდგები საწოლიდან და შემოსასვლელში ტუმბოზე დაგდებულ აპარატს დავჩერებივარ.

ჰოი საოცრებავ! დედაჩემის ზარია. პირველი, რაც თავში აზრად მომდის, მამაჩემის ინფარქტია. ერთხელ უკვე გადაიტანა, თან საკმაოდ მძიმედ. მუდმივად წნევა აწუხებს. სულ წამლებით დადის. კიდევ კარგადაა, დედაჩემს რომ უძლებს ორმოც წელზე მეტია.

- გისმენ, დედა, - ჩავყვირი მთელი ხმით.

- თამუნა, რატომ არ მპასუხობ დროზე? ხომ იცი, რომ ვერ ვიტან გაუთავებელ ლოდინს.

დედა მოწოდების სიმაღლეზეა, ესე იგი, მამა კარგადაა.

- მეძინა. მორიგე ვიყავი, საშინელი ღამე მქონდა. რა მოხდა? კარგად ხართ?

- ჩვენ კი. ნოდარია ცუდად. საავადმყოფიში წაიყვანა სასწრაფომ. ადექი და იქ წადი. მეც მოვდივარ. - ტელეფონს მითიშავს. გაოცებისგან ხმას ვერ ვიღებ.

ძია ნოდართან დაკავშირებული ყველა მოგონება ერთბაშად ღვივდება ტვინში. თავი მისკდება, იქვე კედელს ვეყრდნობი და ძირს ვცურდები.

ძია ნოდარი დედაჩემის ბიძაშვილია. თავის დროზე ძალიან კარგი ექიმი ყოფილა, სანამ „კაიფში“ მყოფს პაციენტი არ შემოაკვდა. მართალია, ეს ამბავი ნახევარი ქონება დაუჯდა მის ოჯახს, მაგრამ მშრალად გამოძვრა. იმის შემდეგ საავადმყოფოს არ გაკარებია, თუმცა სამინისტროში რბილი სავარძელი იპოვა დიდი კაბინეტით, წითელპომადიანი და მოკლეკაბიანი მდივნით და ბოლო თხუთმეტი წელია იმ სავარძელს ათბობს. მას არც მთავრობის ცვლილება ეხება და არც რეორგანიზაცია. მხოლოდ მანქანას და მდივანს იცვლის წელიწადში ერთხელ. მცირდება ავტომობილის ასაკიც და მდივნისაც. ძია ნოდარი დაეხმარა დედაჩემს ჩემი ლიცენზიის ამბების მოგვარებაში. მეგონა, ამ საკითხს არც თვითონ გაიხსენებდა და არც მე ვიქნებოდი მასთან ვალში, თუმცა შევცდი. ერთ დღეს, როცა უკვე მშვიდად ვმუშაობდი და ყველა საფრთხე გადავლილი მეგონა, ძია ნოდარის ზარმა შემაფხიზლა.

- თამარა, საყვარელოოო, - რატომღაც ყველას „საყვარელოს“ ეძახდა და ისე წელავდა, ვეღარ ასრულებდა ხოლმე.

- დიახ, ძია ნოდარ, როგორ ბრძანდებით? - დავიღვარე ზრდილობად.

- შენთან ერთი პატარა საქმე მაქვს, ამ დღეებში სამსახურში გამომიარე. გელოდები, ჩემო გოგო, - მითხრა და ტელეფონი გათიშა. არც პასუხს დალოდებია და არც დამშვიდობებას. გამიკვირდა და არ მესიამოვნა. გული ცუდს მიგრძნობდა. ამიტომ მეორე დღესვე სამსახურიდან თავი გავითავისუფლე, ჯანდაცვის სამინისტროში მივდივარ- მეთქი. უარი არ უთქვამთ და ძია ნოდარს ვესტუმრე.

შესასვლელში წითელპომადიანი და მოკლეკაბიანი მდივანი ყავას წრუპავდა და გამოღებულ ფანჯარაში ჩუმად სიგარეტს ეწეოდა. რომ შევედი, უკმაყოფილოდ შემომხედა.

- ბატონი ნოდარი დაკავებულია, - მითხრა გაზეპირებული ფრაზა.

- დაბარებული ვარ - ვუპასუხე უემოციოდ და კაბინეტის კარი შევაღე. მოკლეკაბიანი და მაღალქუსლიანი გოგო დამედევნა, თუმცა ჩემს „კონვერსებს“ ვერ დაეწია და ზურგს უკან ამეკრა.

- ბატონო ნოდარ, - აწიკვინდა გამყინავი ხმით, - დაუკითხავად შემოვიდა.

ნოდარმა ისეთი მკვლელი სახით შეხედა, სავარაუდოდ, ჩემი წასვლის შემდეგ კარგი არაფერი ელოდა. იჯდა სავარძელში ვისკის გაბერილი ჭიქით ხელში და ამერიკულ რეალითი-შოუს უყურებდა. ალბათ სახლში მისმა გაპრანჭულმა ცოლმა არ აყურებინა და ხომ არ გამოტოვებდა ეპიზოდს. ჩემ დანახვაზე სახე გაებადრა.

- თამარა, საყვარელო, შემოდი, ასე მალე არ გელოდი, - ფეხზე წამოდგა და ისე ჩამეხუტა, თითქოს ჩემზე ფიქრის და მონატრების მეტს არაფერს აკეთებდა.

- რომ დამირეკეთ, შევშფოთდი, ალბათ მნიშვნელოვანი საქმე გქონდათ.

ოფიციალური ტონი არ შეიმჩნია. სავარძელზე მიმითითა და თვითონაც ჩემ წინ სარწეველა სკამში ჩაეფლო.

- როგორ მიდის შენი საქმეები, საყვარელო? გავიგე, საავადმყოფოში ძალიან გაფასებენ. გავიკითხე და საუკეთესო ექიმიაო. მისთვის ყველა კარი ღიააო. - გამიღიმა მელიის ყალბი ღიმილით.

არ მესიამოვნა მისი დაინტერესება ჩემი სამსახურით, აქ ამაზე სალაპარაკოდ არ დამიბარებდა.

- დიახ, ყველაფერი კარგადაა, - ვუპასუხე მოკლედ და დაველოდე, რას მეტყოდა. ტანში უსიამოვნოდ მცრიდა. მციოდა და ლამისაა კანკალისგან კბილები მეკაწკაწებინა.

- შენთან საქმე მაქვს, - დაუწია ხმას და ჩემსკენ გადმოიხარა. ლამის შუბლი ფეხებზე მომადო. არაფერი მიპასუხია, გავიტრუნე. - შენს საავადმყოფოში მალე ერთ კაცს დააწვენენ. შენი პაციენტი იქნება. ეს ამბავი მოგვარებულია. ოპერაციის შემდეგ ყველას დაარწმუნებ, რომ ხელოვნური კომაა საჭირო და მართვით სუნთქვაზე გადაიყვან. დანარჩენს შევხედავთ. მთავარია, ცოცხალი იყოს. ეს მნიშვნელოვანია. ცოცხალი, მაგრამ უგონო. გასაგებია, ჩემო გოგო?

ნოდარი წამოიწია, თითქოს ადგომა დააპირა, მაგრამ გადაიფიქრა და სავარძელზე მიესვენა. გაკვირვებისგან ხმა ვერ ამოვიღე.

- ვინაა ეს კაცი? - იმის მაგივრად, რომ გამეპროტესტებინა, ყველაზე უსარგებლო შეკითხვა დავსვი ამ სიტუაციაში.

- ერთი ძლიერი და გამოჩენილი კაცია, რომლის გაქრობა ქვეყანას შეძრავს. მაგრამ უნდა გაჩუმდეს.

გამახსენდა, ვიღაც მაღალჩინოსანი დაიჭირეს რამდენიმე თვის წინ და ალაპარაკებას აპირებდა. ალბათ

ისაა-მეთქი, ვიფიქრე.

- ძია ნოდარ, ხომ იცით, რომ ეს ექიმის ეთიკის დარღვევაა. ჩვენ ხომ ფიცი გვაქვს დადებული, - ამოვილუღლუღე ისეთი სუსტი არგუმენტი, რომელიც ზუსტად ვიცოდი, საერთოდ არ ადარდებდა ჩემს შორეულ ბიძას.

გაეღიმა.

გაგრძელება იქნება

სალომე ტაბატაძე