მე - ღმერთის საჩუქარი - თავი 6 - Marao

მე - ღმერთის საჩუქარი - თავი 6

2022-12-31 11:07:17+04:00


წინა თავი

კარები გაიღო და ოთახში ცისფერმა თვალებმა შემოანათა. ასე გვიან აღარავის ველოდი.

- ქალბატონო თამარ, შეიძლება? - მეკითხება ახალგაზდა მამაკაცი და ძალიან ნაცნობ თვალებს მანათებს.

- მობრძანდით, - ვეპატიჟები და ფეხზე ვდგები. თან ტვინში ნერვული იმპულსები ელვაზე უფრო სწრაფად გადარბის, იქნებ როგორმე გავიხსენო, ვინ არის.

მამაკაცს უკან შავი, ულამაზესი პიტბული მოსდევს. ჭკვიანი თვალებით მათვალიერებს. ასეთი ლამაზი ძაღლი იშვიათად მინახავს. შავ მაღალ ფეხებზე დგას. ყურები აუცქვეტია. სულ შავია, მხოლოდ გულზე თეთრი ვარსკვლავი აქვს. ხელს მისკენ ვწევ და დაყნოსვის საშუალებას ვაძლევ. ყელი შეხვეული აქვს, სისხლიც ეტყობა. იჩხუბა? უჯრიდან ძაღლების სასუსნავს ვიღებ და ვაწვდი. ჭკვიანი ცხოველი სუნავს, მაგრამ პირს არ აკარებს და პატრონისგან ნებართვას ელოდება.

- ტაისონ, აიღე, - ეუბნება მამაკაცი. ისიც გაბედულად აგემოვნებს.

- რა სჭირს, იჩხუბა? - ვეკითხები პატრონს და სახვევს ვხსნი.

- არა, რამდენიმე დღის წინ გაებერა, დღეს საღამოს კი გაუსკდა და სითხე გადმოუვიდა.

სახვევს უსიამოვნო სუნი აქვს. ინფექციაა. სავარაუდოდ, საყლაპავიდან ან სანერწყვე სადინარიდან.

ტაისონს ყელს ვუსინჯავ. იღრინება, მაგრამ არ ინძრევა. იცის, რომ მის დასახმარებლად ვარ აქ და არა რაიმეს სატკენად.

- რომ დავაძინო ცოტა ხნით, რას იტყვით? ექოსკოპიასაც ადვილად გადავუღებ და ჭრილობასაც გავწმენდ.

თუ საჭიროა გავკერავ კიდეც. არ ეტკინება.

მამაკაცი თავს მიქნევს. ნემსს ვამზადებ და ხელის ერთი მოძრაობით კუნთში ვუკეთებ. ტაისონი მიბღვერს, მაგრამ პატრონის ნიშანზე ჩუმდება. სანამ ის დაიძინებს, ექთანს ვეძახი და საბუთებს ვნახულობ.

- ტაისონ მამუკას ძე ღლონტი, - მეუბნება მამაკაცი. მეღიმება. სამედიცინო ბარათში აცრების მეტი

არაფერია. ესე იგი, ჯანმრთელია. ტაისონს უკვე სძინავს. მის აწევას და მაგიდაზე გადაყვანას ვცდილობ, მაგრამ ეს არც ისე ადვილი საქმეა, ტყვიასავით მძიმეა. ბატონი მამუკა მეხმარება. ექოსკოპიის აპარატს ყელზე ვატარებ.

ჭრილობიდან მოწითალო, მძაფრსუნიანი სითხე ამოდის. საყლაპავი გაჭრილი აქვს და კუნთში ინფექციაა შეჭრილი. კანმა ვეღარ გაუძლო და გასკდა.

- ბატონო მამუკა, რა ჭამა? საყლაპავი მილი აქვს დაზიანებული, - ვეკითხები კაცს და ეკრანზე ჭრილობას ვაჩვენებ.

- ქვებს ყლაპავს. მეტი საეჭვო არაფერი მახსენდება, - მეუბნება დაფიქრებული პატრონი.

- ჰო, ეგ შემთხვევა მქონდა ერთხელ. შეიძლება ძვალმაც დაუზიანა. საშიში არაფერია. გავწმენდ, გავკერავ და ყველაფერი კარგად იქნება. თუ გნებავთ, გარეთ დაგველოდეთ.

ხელთათმანს ვიხდი, ექთნის დახმარებით მაგიდას ვამზადებ, ხელებს ვიბან და მანიპულაციისთვის

ვემზადები. მამაკაცი ყოყმანობს.

- დავრჩები, - მეუბნება ის. ტაისონს ხელს უსვამს და დრუნჩთან კოცნის.

- თქვენზე მითხრეს, საუკეთესოაო. ამიტომაც მოვიყვანე აქ, - არ წყვეტს ძაღლის ფერებას პატრონი. - თქვენი სახელი საიდანღაც მეცნობა და ვერ ვიხსენებ.

- მეც, - ვეუბნები ნაჩქარევად. - ახლა ტაისონს მივხედოთ.

კაცი ჩუმდება. არ მიყვარს, როცა საქმის დროს სხვა რამეზე მესაუბრებიან. მშვიდად ვწმენდ ჭრილობას. ოთახში საშინელი სუნი დგება. მე არ მაწუხებს. მამუკას სუნთქვა უჭირს, გარეთ გარბის. მეღიმება. საყლაპავს ვუკერავ, გარე ჭრილობაში ტამპონს ვდებ და საფენს ვადებ.

ძაღლს ვეფერები და მის გამოფხიზლებას ვცდილობ. პატრონი მიერთდება და ჩურჩულით ყურში სახელს ჩასძახის. ტაისონი რეაგირებს. თვალებს ახელს და კვნესის. შვებით ვსუნთქავ. ფურცელს ვიღებ და წამლების დასახელებას და მიღების წესებს ვწერ. ძაღლი ფეხზე წამოდგომას ცდილობს.

- ბატონო მამუკა, - მივმართავ კაცს, მასაც ჩემზე გადმოაქვს ყურადღება, - აქ წამლების ჩამონათვალია. ეს

გამაყუჩებელია. გადააყლაპეთ, თუ შეხედავთ, რომ კვნესის და წუხს. ეს ანტიბიოტიკია, რომელიც სამი დღე კუნთში უნდა გაუკეთოთ დღეში ერთხელ. თუ ვერ გაუკეთებთ, აქ მოიყვანეთ და ჩვენ მივხედავთ. ხვალ ტამპონი უნდა ამოვუღოთ აუცილებლად. მე არ ვიქნები, მაგრამ უჩემოდაც მოუვლიან. ეზოში არ დატოვოთ, სახლში გყავდეთ და სიცხე აკონტროლეთ. იცით, როგორ უნდა მიხვდეთ, თუ ტემპერატურა აუწევს?

კაცი თვალებში გაფაციცებით მიყურებს და ყველა სიტყვის დამახსოვრებას ცდილობს.

- დიახ, ვიცი, ცხვირი და თათები უნდა ჰქონდეს სველი.

- სახლში მყავს, ჩემთან სძინავს. არ გამიჭირდება ყურადღების მიქცევა. ცუდია, ხვალ რომ არ იქნებით.

- ტელეფონის ნომერი აქ წერია, დამირეკეთ ნებისმიერ დროს, - ვეუბნები მამუკას და ბარათს ვაძლევ. - ახლა შეგიძლიათ სახლში წაბრძანდეთ. ტკივილგამაყუჩებელი აქვს გაკეთებული და მოდუნებული იქნება.

კაცს ტაისონი პატარა ბავშვივით აჰყავს ხელში, გულზე იხუტებს და მადლობას მიხდის.

- ქალბატონო თამარ, თუ არ შეწუხდებით, მანქანის კარები გამიღეთ, შემოსასვლელთან დგას.

ჯიბეში ხელს მორიდებულად ვუყოფ და გასაღებს ვიღებ. მანქანის უკანა სავარძელზე ტაისონს ვაწვენთ. ძაღლი თვალებს ახელს და ხელს მილოკავს. ასეთი წუთებისთვის ღირს მათთან მუშაობა. ჯერ თავზე ვკოცნი, მერე დრუნჩზე და კარს ვკეტავ. უცებ თვალში საქარე მინაზე გაკრულ შსს ემბლემას ვხედავ.

სახლში გაბრუებული ვბრუნდები. „მამუკა ღლონტი, შსს, რაღაც ნაცნობია და ვერ ვიხსენებ“ - ვფიქრობ

ჩემთვის და გონებას ვძაბავ. დაrლილობის მიუხედავად ცუდად მძინავს. შუაღამეს ოფლში გაწურულს მეღვიძება და მახსენდება, სად მყავს ნანახი ეს ცისფერი თვალები.

დედაჩემი ცნობილი და შეძლებული ექიმია. სამეგობროც ასეთივე ჰყავს. ჩემს ბავშვობაში სიცივე, შიმშილი და გაჭირვება რომ დაძრწოდა მთელი ქვეყნის ქუჩებში, დედაჩემის სამეგობროს შვილები ჩოგბურთზე, ცურვაზე, კალათბურთზე და ვინ იცის კიდევ რაზე არ დადიოდნენ. ზოგიერთს დაუფასდა. შვილები მშობლებივით წარმატებული ხალხის სისხლის მწოველი ექიმები, ეკონომისტები და იურისტები გამოვიდნენ. თუმცა უმრავლესობა მშობლების გაზულუქებულ შვილად დარჩა და დღემდე მათ კმაყოფაზე არიან.

ლადო გიგანი დედას ერთ-ერთი მეგობრის შვილი იყო. მთელი ბავშვობა ვხედავდი და ვისმენდი მის

წარმატებებს. „როგორი ლამაზი ბავშვია, რა მოქნილი“. მოგვიანებით „როგორ ცეკვავს, როგორ უკრავს,

ჩოგბურთს როგორ თამაშობს, სასწაულია ეს ბიჭი“. კიდევ უფრო მოგვიანებით „ლადო უიმბლდონზე გავიდა, რეიტინგში წინ მიიწევს. მალე მსოფლიოს პირველი ჩოგანი გახდება“. იზრდებოდა ლადოს პოპულარობა და ჩემი მისდამი ინტერესიც. თუმცა თვითონ რამდენჯერაც შემხვდებოდა, ლოყაზე ხელს მომითათუნებდა, „რა ბუთქუნა გოგოაო“ იტყოდა და გამეცლებოდა. სკოლის დამთავრების და ჩემი უშნო ჭუკიდან ლამაზ გედად ქცევის შემდეგ სულ დამავიწყდა ლადოც და მისი წარმატებაც. ტელევიზიით და ინტერნეტით თუ გავიგებდი მის სახელს.

წარმატების კვარცხლბეკზე ზევით და ზევით მიიწევდა.

ერთ დღეს სოციალურ ქსელში ჩემს პირად გვერდზე ლადო გიგანის შეტყობინება დამხვდა.

- გამარჯობა, თამარა, იმედია, გახსოვარ, - მწერდა ის.

- დიახ, მახსოვხარ, - ვუპასუხე გაკვირვებულმა.

- შენს ფოტოებს გადავაწყდი და ვიფიქრე, შევეხმიანები-მეთქი, - არ დააყოვნა პასუხმა.

- (ღიმილის ნიშანი)

- ძალიან ლამაზი ხარ, იცი? როგორ მიდის შენი საქმეები?

ეს მოკითხვით დაწყებული მიმოწერა თითქმის წელიწადი გაგრძელდა.

მიმოწერის დაწყებიდან ერთი წლის თავზე ჩემი პირველი შვებულებით ვისარგებლე, მთელ დანაზოგს

თავი მოვუყარე და საბერძნეთში წავედი. ლადო იქ მელოდა. ორი კვირა კუნძულ კრეტასა და ათენს შორის ვმოგზაურობდით. სადაც დაგვიღამდებოდა, იქ ვჩერდებოდით. ჰოსტელშიც გვიძინია და ხუთვარსკვლავიან სასტუმროშიც. ერთმანეთს ძლივს დავშორდით. მიმოწერა გაგრძელდა.

ექვსი თვის თავზე, დეკემბრის დასაწყისში, მისგან პარიზის ბილეთის სურათები მივიღე. თარიღი

შეუვსებელი იყო. სიხარულისგან ისე დავფრინავდი, საავადმყოფოს ექიმები და ექთნები გაკვირვებული თვალებს აფახურებდნენ. დერეფნის კუთხეში შევიმალე და „გულები“ გავუგზავნე. ზამთარი, პარიზი, ეიფელი, ლუვრი...

ჩემმა მშობლებმა ძალიან გააპროტესტეს ჩემი საფრანგეთში ვიზიტი. მამაჩემმაც კი აუწია ხმას. მაგრამ

ლადოსთან ერთად სიყვარულის ქალაქში შობა-ახალი წლის გატარება ყველაფერს მერჩივნა. ოცდახუთ დეკემბერს ბარგი ჩავალაგე და გავფრინდი.

ის უკვე აეროპორტში იყო და წინ საოცრებები გველოდა.

ჩვენი ურთიერთობის მანძილზე ყველა შვებულებას და შობა-ახალს წელს ერთად, სხვადასხვა ქვეყანაში ვატარებდით და ეს შესანიშნავი იყო. ამაზე არასდროს არავისთან დამცდენია სიტყვა. ლადო ახალ მწვერვალებს იპყრობდა, მუდმივად პრესის ყურადღების ცენტრში იყო. მეც, ჩემი ჩავარდნების მიუხედავად, წინ მივიწევდი.

ყოველთვის მქონდა იმედი, რომ ერთ დღეს ღიად გამოვაცხადებდით ჩვენს ურთიერთობას. ისიც წარმოდგენილი მქონდა, როგორ ავაწყობდით ორ ქვეყანაში ცხოვრებას.

შემოდგომა იწურებოდა. გარეთ უკვე ძალიან ციოდა და ჟინჟღლავდა. საავადმყოფოდან დაღლილი და

გაყინული მივედი სახლში. ტელევიზორი ჩავრთე და სამზარეულოს მივაშურე. როგორც ყოველთვის, მაცივარი ცარიელი დამხვდა. მე არ შემივსია და სხვა ვინ იზამდა ამას. რაც ვიპოვე, მოვაგროვე და ის იყო, კომფორტულად მოვეწყვე, რომ იუმორისტული გადაცემის წამყვანის ხმა მომწვდა ყურში: „დღეს ჩვენი სტუმარია ცნობილი ჩოგბურთელი ლადო გიგანი“. ხელი გამიშეშდა და ლუკმა გადამცდა. ისიც არ ვიცოდი, ჩამოსვლას თუ გეგმავდა.

გაგრძელება იქნება

სალომე ტაბატაძე