მე - ღმერთის საჩუქარი - თავი 5 - Marao

მე - ღმერთის საჩუქარი - თავი 5

2022-12-30 10:37:21+04:00


წინა თავი

- ესაა. ახლა კარგად მომისმინე. მისი აქ მოყვანა უკვე დაგეგმილია. თუ გინდა კიდევ ექიმობა, ეს კაცი ოპერაციის დროს უნდა დაიღუპოს. ან შენი ლიცენზიის ამბავი გასკდება და ამ ქვეყანაში აღარ დაგედგომება.

ვშრები.

- თქვენ გარდა კიდევ ვინ იცის ჩემი ლიცენზიის ამბავი?

- ჯერჯერობით არავინ, მაგრამ მალე გაიგებენ.

- რომ ვთქვა, თქვენ გამიკეთეთ? - ვცდილობ თავი დამნაშავედ ვაგრძნობინო და შევაშინო. ისევ მელასავით იცინის.

- შენ გგონია ვინმე დაიჯერებს? ეგ ამბავი უკვე მოვაგვარე. მე მომეფერე და ყველაფერი კარგად იქნება.

ნოდარი მძიმედ სუნთქავს. წამალმა მოქმედება დაიწყო. თვალები ეხუჭება. ჯერ ერთი ხელოვნურ კომაში მყოფი კაცი მადგას ყელზე და მახრჩობს, ახლა მეორის მოკვლას მავალებს.

- ძია ნოდარ, ძია ნოდარ, - ჩავძახი ყურში.

- ხოოო, - მეხმიანება ჩურჩულით.

- ამ კაცის სიკვდილის ამბავი კიდევ ვინ იცის?

- სულ რამდენიმე ადამიანმა.

- მე რომ უნდა მოვკლა, ის ვინ იცის? - ვაკონკრეტებ.

- ეგ ჯერ მე და შენ. მერე მიხვდება ის, ვინც საჭიროა და დაგიფასებს. ახლა დამაძინე.

ვხვდები, რით ინარჩუნებს ეს კაცი სკამს თბილად, ისე, რომ არავინ ეხება. ნეტავ კიდევ რამდენი ჩემნაირი ჰყავს გამოჭერილი. პალატიდან გაბრუებული გამოვდივარ. ეს უკვე მეორე ადამიანი იქნება, ვის სიცოცხლესაც საფრთხეს შევუქმნი, ისე, რომ ჩემთვის არაფერი დაუშავებია. თავი მისკდება. ხელს თმაში ვიცურებ და ძირებში ვუჭერ. მტკივა. გული მერევა. ტუალეტში შესვლას ძლივს ვასწრებ.

თმის სწორებით გამოვდივარ და დერეფანში უაზროდ მივაბიჯებ. დღეს მორიგე არ ვარ, აქ საერთოდაც არ უნდა ვიყო. კაბინეტში ვიკეტები და ფანჯარაში გავცქერი. გარეთ ცივა. ქარიცაა და ფოთლებს და ნაგავს ატრიალებს. მობუზული ხალხი სახლებში მიიჩქარის. მე არსად მეჩქარება, იმიტომ, რომ არავინ მელოდება. ახლა მათზე, ყველაზე უფრო დიდი პრობლემა მაქვს, რომელიც სასწრაფოდ უნდა მოვაგვარო. ნელ-ნელა ბინდდება.

ფეხით მოსიარულეთა რიცხვი იკლებს. მანქანების რაოდენობა იმატებს. ქარი ჩადგა, მაგრამ წვიმა დაიწყო. მე კი გაუნძრევლად ვზივარ და ფიქრები ერთმანეთში ირევა. ნოდარის გაპუწკული ცოლი პალატასთან ტრიალებს.

ექთანმა მითხრა, შიგნით დიდხანს ვერ გაჩერდა, არ შეუძლია ასეთ მდგომარეობაში ქმრის ყურება და კაფეტერიაში ჩავიდაო. შენ გკითხულობდაო. ახლა მასთან საუბრის თავი არ მაქვს. ისედაც მილიონჯერ დამირეკა დედაჩემმა, თითქოს ნოდარზე მეტი საფიქრალი არაფერი ქონდეს. გონებაში აზრი მწიფდება. მზად ვარ მის განსახორციელებლად. უჯრას ვაღებ და წამლებს ვათვალიერებ. თვალში კალიუმის პატარა ამპულა მხვდება.

საუკუნეა აქ დევს და მისი არსებობა აღარც კი მახსოვდა. თითებში ვიქცევ და ერთჯერად ინსულინის ნემსს ვავსებ. გულის ჯიბეში ვიცურებ. დერეფანში მტკიცე ნაბიჯით გავდივარ. მიმღებში ვკითხულობ, ვინმეს ჩემი დახმარება ხომ არ სჭირდება. ძია ნოდარის სამედიცინო ანკეტას ვიღებ და ვათვალიერებ. ცოტა გული აწუხებს და წნევებსაც უჩივის. არც ღვიძლი აქვს მწყობრში. თუ გავითვალისწინებთ ალკოჰოლის და ნარკოტიკების დიდ რაოდენობას, არცაა გასაკვირი. აუჩქარებელი ნაბიჯით მის პალატაში შევდივარ. ნოდარს სძინავს. მარტოა. მაჯაზე კათეტერი უჩანს.

გამაყუჩებლის მოქმედების ქვეშაა. იმხელა დოზა აქვს გაკეთებული, დილამდე არ გაიღვიძებს. საერთოდ თუ გაიღვიძებს, ეგეც საკითხავია. ჩემს ფიქრებზე მეცინება. კალიუმიან ნემსს გულის ჯიბიდან ვიღებ და კათეტერში ვუშვებ. მშვიდად განისვენე, ძია ნოდარ... თვალს ვავლებ კაცს და ოთახიდან მტკიცე ნაბიჯით გამოვდივარ. მიმღებში ცუდი ამბავი მხვდება. ნაავარიები პატარა შემოჰყავთ. სულ სისხლითაა მოსვრილი. ხელთათმანებს ვირგებ და საქმეში ვერთვები. რამდენიმე ნაკერს იქვე ვადებ, ვწმენდ და ვეფერები.

ტომოგრაფიაზე მე თვითონ მიმყავს და მხოლოდ მაშინ ვმშვიდდები, როცა საფრთხე აღარ ემუქრება. ჩემი კაბინეტისკენ დაღლილი მივიჩქარი, როცა საავადმყოფოში ხმაური და სირბილი იწყება.

- რა ხდება? - ვეკითხები პირველივე შემხვედრ ექთანს.

- თქვენ გეძებენ, ქალბატონო თამარ, ტელეფონზე არ პასუხობთ. თქვენი პაციენტი ცუდადაა.

- პატარა ბავშვი? - ვეკითხები შიშით, მახსენდება, რომ ტელეფონი კაბინეტში დამრჩა.

- არა, ნოდარ მამასახლისი.

სახეზე ფერები მივლის. ექთანს ვტოვებ და ძია ნოდარის პალატისკენ გავრბივარ. ოთახში

რეანიმატოლოგი, თერაპევტი, ქირურგი და რამდენიმე ექთანი მხვდება.

- რა ხდება? - ვკითხულობ აკანკალებული ხმით.

- გულის ამუშავებას ვცდილობთ. თრომბია, - მპასუხობს ექთანი. პაციენტს ტუჩები გალურჯებული აქვს, აღარ სუნთქავს და აღარც გულისცემა ისმის. წნევა აღარ ესინჯება.

- გულში ადრენალინი გავუკეთე, მაინც არაფერია. დათრომბა, - ორ სიტყვას მეუბნება რეანიმატოლოგი და ისევ ხელით ცდილობს გულის ამუშავებას. რამდენიმე წუთი სიკვდილ-სიცოცხლის ბრძოლაში გადის.

- სიკვდილის დრო 5:44 - მესმის დაღლილი ექთნის ხმა და ყველაფერი შეშდება. პალატიდან გამოვდივარ და კაბინეტისკენ მივდივარ. ალბათ შეშლილი სახე მაქვს, რადგან თანამშრომლები თვალს მაყოლებენ და ხმას არავინ მცემს. ოთახში შევდივარ, სავარძელში ვეშვები და ვითიშები.

ფანჯრიდან მზე ანათებს. გუშინდელი თავსხმა წვიმის შემდეგ მიკვირს. ეს ნიშანია იმის, რომ სწორად მოვიქეცი და ჩემი ცხოვრება ისევ მშვიდად წავა. მოსაცმელს ვიღებ და საავადმყოფოს მანამდე ვტოვებ, სანამ სიწყნარეა. ნოდარს ჩემ გარეშეც მიხედავენ. მე ჩემი როლი შევასრულე, ისიც დავასვენე და მისგან დაშანტაჟებული ხალხიც. სახლში მიუსვლელად ეკლესიაში მივდივარ. აქ ხშირად დავდივარ. მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ვესაუბრები. სანთელს ვანთებ და ღმერთს მადლობას ვეუბნები ყველაფრისთვის, რაც მაქვს.

გამოსვლისას მოძღვრის ხმა მაჩერებს.

- თამარა, შვილო, როგორ ხარ? აღსარებას არც დღეს მაბარებ? ახლა დრო მაქვს, - მოგორავს ჩემსკენ

საშუალო ასაკის მსუქანი მღვდელი.

- ახლა არა, მამაო, ოდესმე ჩაგაბარებ, - უკვე მერამდენედ ვეუბნები გაზეპირებულ ფრაზას და ვუღიმი.

- ოდესმე ღმერთთან დაახლოება მოგინდება და მოდი ჩემთან. ღმერთმა დაგლოცოს, - მეუბნება მოძღვარი.

- მადლობა, მამაო - ვპასუხობ და ვშორდები. ჯერ ისე არ გავგიჟებულვარ, ვინმეს მოვუყვე ჩემს ცხოვრებაზე.

ისიც ადამიანია და ერთ დღეს ცდუნებას რომ ვერ გაუძლოს და ალაპარაკდეს, მერე რა ვქნა. გმადლობთ, მამაო, მაგრამ მე და ღმერთი შუამავლების გარეშე ვახერხებთ ურთიერთობას.

ვეტკლინიკაში სიწყნარეა. ერთი საყვარელი პეკინესი მყავს პალატაში. ახალი ნაოპერაციებია და

გამაყუჩებლების მოქმედების ქვეშაა. მიუხედავად ნახევრად მძინარე მდგომარეობისა, მაინც ვგრძნობ მის მადლიერ გამოხედვას. სავარძელზე მიწოლილი სიმშვიდით ვტკბები. მძიმე კვირა იყო. ძია ნოდარის სამძიმრები. დასაფლავება. დავდიოდი პანაშვიდებზე და ვისმენდი, ვინ რას ლაპარაკობდა. ძირითადად ერთი ვერსია ტრიალებდა, რომ თრომბი დაიძრა და გულმა ვერ გაატარა. ზოგიერთი იმასაც ამბობდა, ნარკოტიკებისგან დაზიანებულმა ღვიძლმა ვერ გაუძლოო. ჩემთვის ჩუმად ვიჯექი ხოლმე, სამძიმარს ვიღებდი და თავის დაქნევით ვეუბნებოდი ხალხს მადლობას. როგორც იქნა, გადავაგორე ეს კვირა. ახლა დაღლილ-დაქანცულს ერთი სული მქონდა, როდის დავამთავრებდი მუშაობას, სახლში რომ წავსულიყავი.

გაგრძელება იქნება

სალომე ტაბატაძე