ახლა, როდესაც სელინ დიონს ყველაზე მეტად სჭირდება ფანების მხარდაჭერა, მომღერალმა ახალი დარტყმა მიიღო. სულ ცოტა ხნის წინ ჟურნალმა Rolling Stone-მა 200 საუკეთესო არტისტის სია გამოაქვეყნა და თუ ადრე მომღერალი ტოპ-ასეულში ამაყად იკავებდა ადგილს, ახლა სიიდან საერთოდ გამორიცხულია.
ამ ყველაფერს ფანები მომღერლის ბოლოდროინდელ განცხადებას უკავშირებენ, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობას და სამომავლო კარიერულ გეგმებს უკავშირდებოდა.
სელინმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომ ხისტი პიროვნების სინდრომი დაუდგინეს - იშვიათი და განუკურნებელი ნევროლოგიური დაავადება, რომელსაც კუნთების სპაზმის გამოწვევა შეუძლია.
ემოციურ ვიდეოში კანადელმა მომღერალმა აღნიშნა, რომ სწორედ ეს დაავადება აიძულებს მომავალი კონცერტების გაუქმებას.
„დიდი ხანია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მაქვს და ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი, - წერს 54 წლის მომღერალი. - მიჭირს იმის თქმა, რომ თებერვალში დაგეგმილი ევროპის ტურნეების გადადება მომიწევს.“
ეს დაავადება უარყოფით გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე, განსაკუთრებით, ტვინსა და ზურგის ტვინზე. გართულების შემთხვევაში პაციენტი შეიძლება ეტლსაც მიეჯაჭვოს.
„სამწუხაროდ, ეს სპაზმები ცუდად მოქმედებს ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ყველა ასპექტზე. ზოგჯერ სიარულიც კი მიჭირს, მაგრამ რაც ყველაზე მეტად მაწუხებს, არის ის, რომ დასუსტებული მაქვს ხმის იოგები. ამიტომ ვეღარ ვმღერი ისე, როგორც ამას ადრე ვაკეთებდი“ - ამბობს სელინ დიონი.
როგორც ჩანს, Rolling Stone-ი მიიჩნევს, რომ ეს დაავადება მომღერლის კარიერის დასასრულია. სელინს კი უახლეს ამბებთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.