ჟურნალისტი ინგა გრიგოლია 4 იანვარს ბებია გახდა. მის შვილს, მარიამ გრიგოლიას, გოგონა შეეძინა, რომელსაც ნინია დაარქვეს. "ნინია გავიცანი, საოცარი გოგოა, ბებია გავხდი და ცოტა შოკშიც ვარ. ჩემი ახალი წელი და ახალი ცხოვრება დაიწყო ახლა", - წერდა ინგა გრიგოლია.

მარიამ გრიგოლიამ 2017 წელს რჩეულზე, ნიკოლოზ გამეზარდაშვილზე იქორწინა. პატარა ნინია წყვილისთვის პირველი შვილია.

ტელეწამყვანმა ბებიობასა და ახალ გამოცდილებაზე "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა:
"ჯერ ვერ ვიტყვი, რომ თავიდან ბოლომდე ჩართული ვარ, რადგან ნინია რომ დაიბადა, ვირუსი დამემართა და ურთიერთობის წყვეტა გვქონდა, ონლაინბებია გავხდი. ახლა ნელ-ნელა ამ როლში შევდივარ და, დარწმუნებული ვარ, რომ ეს განსხვავებული გრძნობა და ემოცია იქნება, რასაც ამ ბავშვთან ურთიერთობით მივიღებ.
საინტერესო ისაა, რომ ჩემი შვილი მე არ გამიზრდია, მარიამი დედაჩემმა გაზარდა. ჯერ შეგუების პროცესში ვარ, თუმცა არანორმალურად მიყვარს, ფანტასტიკური ბავშვია და ნელ-ნელა ვუგებ, ვიგებ, რა არის ბებიობის გემო...
მარიამმა მომწერა, ცოტა ტკივილები დამეწყო და გადავირბენ „ჩაჩავაშიო“, არც კი ავდექით, ვფიქრობდით, რომ ჯერ ადრეა, მაინც ვერ გავჩერდი, წამოვედით მე და დიანა ტრაპაიძე და აღმოჩნდა, რომ უცებ, ყოველგვარი წვალებისა და 18-საათიანი მშობიარობისა და ტანჯვის გარეშე, უცებ დაიბადა. მის დაბადებას ონლაინ ვუყურებდით და დიდი ემოციები იყო. ბედნიერების შეგრძნება იყო პიკზე..." – თქვა ინგა გრიგოლიამ.