ოცნება ავსტრალია - თავი 7: თავდასხმა - Marao

ოცნება ავსტრალია - თავი 7: თავდასხმა

2023-02-17 10:35:27+04:00


თავდასხმა

მარიამ დამნაშავესავით გამიღიმა და ჩემ გვერდით გადმოინაცვლა. ღრმად ამოისუნთქა და საკუთარი თითების წვალებას მოჰყვა. მივხვდი, საუბარი უნდოდა, მაგრამ დაწყება ეძნელებოდა. ხელი მის მუჭად შეკრულ მტევნებს შევახე და თვალებით თანაგრძნობა გამოვხატე.

- აბელი ჩემი შვილიშვილია, მაგრამ არა ღვიძლი. ის ჩემმა ქალიშვილმა და სიძემ, რამდენიმეწლიანი უშედეგო მკურნალობის შემდეგ, მიუსაფარ ბავშვთა სახლიდან აიყვანეს. ექვსი თვის იყო და ისეთი განუსაზღვრელო სიხარული შემოიტანა ჩვენს მანამდე გაყინულ ერთფეროვნებაში, რომ სამივეს გვეგონა, თავიდან დავიბადეთ. ის გახდა ჩვენი ოჯახის მამოძრავებელი ღერძი და ყველამ დედამიწასავით მის გარშემო დავიწყეთ ტრიალი. ალბათ კითხვაც არ სჭირდება იმას, რომ ასეთი მოპყრობისა და აღზრდის შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.

გარდატეხის ასაკში ის გარეგნობა აირჩია, რაც უკვე საკუთარი თვალით ნახე, მაგრამ ეს უმნიშვნელო რამ იქნებოდა, რომ არა მისი საქციელი და ცხოვრების წესი. რამდენჯერმე მეგობრებთან ერთად წამლის მოხმარებისთვის დააკავეს. ერთხელ ქუჩაში მისივე ასაკის ბიჭის დაჭრისთვის. ჩემი სიძე და ქალიშვილი ერთადერთ შვილს ციხისთვის ვერ იმეტებდნენ და ყველანაირ ღონეს ხმარობდნენ მის დასახსნელად. პრობლემა არაერთხელ რომ განმეორდა და არც აბელს უჩანდა გამოსწორების პირი, შეწინააღმდეგება ვცადე. მინდოდა, ერთხელ მაინც ეწვნია საკუთარი დანაშაულის სიმძიმე, თუმცა შვილის სიყვარულით დაბრმავებულ მშობლებს ვერაფერი შევაგონე. ბიჭი ჩვიდმეტი წლის იყო, როდესაც, ერთ საშინელ დღეს ჩემი ერთადერთი შვილი და სიძე ავტოკატასტროფამ იმსხვერპლა. მანამდეც დაუმორჩილებელი აბელი საერთოდ გამოვიდა მწყობრიდან. სახლში საერთოდ აღარ მოდიოდა, პრობლემა პრობლემაზე ექმნებოდა და ამის შეცვლას არ აპირებდა. მხოლოდ უკანასკნელი ერთი წელია, რაც შედარებით დამშვიდდა და ყოველი თვის ბოლოს მისი საკანში მონახულება არ მიწევს. ვიცი, საშინლად გავზარდეთ და ამას ახლა არაფერი ეშველება, მაგრამ მე მის მეტი აღარავინ დამრჩა. - თვალზე ცრემლმომდგარმა შემომხედა და ეცადა, ღიმილი გამოეხატა, მაგრამ არ გამოუვიდა. უზომოდ შემეცოდა კეთილი მოხუცი და როგორც საკუთარ ბებიას, ისე ჩავეკარი.

როდესაც დამშვიდდა, ჩემი ოთახი მაჩვენა და დამტოვა. საძინებლის ფანჯრები ზუსტად იმ მხარეს გადიოდა, რომელ მხარესაც მისაღები ოთახის. დასვენება ვერ შევძელი, მოუსვენრად ვცემდი ბოლთას. ინსტინქტის რომელიღაც ამოუცნობი ნიშანი მკვეთრ სიგნალს მაძლევდა და დაჯდომასაც კი ვერ ვახერხებდი. რამდენჯერმე ფანჯარასთან მივედი და ქუჩა მოვათვალიერე. ტროტუარები შედარებით შეთხელებულიყო. მოსახლეობა სასადილოდ სახლებსა და კაფეებში გაკრეფილიყო. შეგრძნება არ მტოვებდა, რომ ვიღაც მითვალთვალებდა. ამის გააზრებაზე გამაცია და ფანჯარას სასწრაფოდ მოვშორდი. ვის შეიძლებოდა სცოდნოდა ჩემი აქ ყოფნის შესახებ?! სავარაუდოდ, არავის. ყველაფერი აბელთან უსიამოვნო შეხვედრას დავაბრალე და ვეცადე, ყურადღება სხვა რაიმეზე გადამეტანა.

საწოლის მარჯვენა მხარეს, კედელზე, წიგნებით სავსე თაროს მოვკარი თვალი და მივუახლოვდი. რატომღაც ქართული წიგნის ნახვას ველოდებოდი, თუმცა იმედი გამიცრუვდა. თითქმის ყველა ინგლისურენოვანი იყო. ჩვეულების თანახმად, იმ წიგნს დავავლე ხელი, რომლის ყდამაც ყველაზე მეტად მიიპყრო ჩემი ყურადღება. საწოლზე ჩამოვჯექი, გადავშალე, მაგრამ მესამე გვერდზე მივხვდი, რომ ერთი სიტყვაც კი არ მქონდა გააზრებულად წაკითხული. დავხურე და მივწექი, მაგრამ ორიოდე წუთში ისევ ფანჯარასთან აღმოვჩნდი. ფარდის უკანა მხრიდან, კარგად გაწვრთნილი აგენტივით, ვზვერავდი ქუჩას. საეჭვო და საგანგაშო არაფერი იყო, ქალაქი თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა და სრულიად არ აინტერესებდა ვიღაც უცხოელი, დაკარგული გოგო.

ჩამავალი მზის სხივებმა ოთახი თბილ-ცეცხლისფრად გაანათა. ხის ტოტებსა და ფოთლებს შორის ცელქად მოჭიატე სხივები კედლებზე ანცად დახტოდნენ. საწოლზე გულაღმა მივწექი და ჭერს უაზროდ მივაჩერდი. დედასთან უნდა დამერეკა. ამჯერად რამდენად შევძლებდი მის მოტყუებას, ნამდვილად არ ვიცოდი. მშობლიური, დედის ინსტინქტი და ინტუიცია მაშინებდა. მეგონა, რომ, ჩემი უდარდელი სიტყვების მიღმა აუცილებლად შენიშნავდა სიმართლეს. თავი ხელში მაქსიმალურად უნდა ამეყვანა და ჩემი როლი საუკეთესოდ შემესრულებინა.

მარიამ ვახშმისთვის სამზარეულოში მიხმო და მისგან დარეკვის ნებართვა ავიღე. თრთოლვით მივუახლოვდი ტელეფონს. ზარი ნორმალურად გასულიც კი არ იყო, რომ ყურმილს მიღმა დედაჩემის ტირილნარევი ხმა გავიგე. ღრმად ჩავისუნთქე და წინასწარ მოფიქრებული ტყუილების ფრქვევა დავიწყე. ვუთხარი, რომ თვითმფრინავზე დამაგვიანდა და ხვალ ღამის რეისზე სხვა ბილეთი მქონდა ნაყიდი. დიდი ძალისხმევა და თეატრალური ნიჭი დამჭირდა მის დასარწმუნებლად. უეცრად თავში ერთი აზრი მომივიდა და მარიას ტელეფონთან მოწიწებით ვუხმე. ყურმილზე ხელდაფარებულმა სიტუაცია მოკლედ ავუხსენი და ჩემი მორიგი ტყუილის შესახებაც ვუთხარი. ვიფიქრე, ქალის, თანაც ქართველის ხმის გაგონება დედას შედარებით დაამშვიდებდა და მარიას ტელეფონი მივაწოდე. არ ვიცი, რამდენად გაჭრა ჩემმა ხერხმა, მაგრამ მომეჩვენა, რომ ქართველი ემიგრანტის ინგლისურაქცენტიანმა ქართულმა დედაჩემი შედარებით დააწყნარა. მეც უფრო კმაყოფილმა დავასრულე მასთან საუბარი.

გემრიელად ვივახშმეთ. მარია კარგი კულინარი აღმოჩნდა, კარგი მოსაუბრეც. მისი შვილიშვილი არ გამოჩენილა. არ ვიცოდი, სახლში არ იმყოფებოდა თუ თავის ოთახში იყო და არ გამოდიოდა. მარიასაც არაფერი უთქვამს. მასთან საუბარმა რაღაც პერიოდით მაინც დამავიწყა არსებული რეალობა და თავი საკუთარ ბებიასთან მაგრძნობინა.

ათი საათისთვის ჩვენს ოთახებს მივაშურეთ. საძინებელში შესვლისთანავე ფანჯარას ვეცი. ისევ ის ამოუხსნელი შეგრძნება... ვერაფრით მოვიშორე. მკრთალად განათებულ ქუჩაზე შემაშფოთებელი ვერაფერი შევნიშნე. ნაგვიანევად შემორჩენილი ადამიანები ნაჩქარევად ცდილობდნენ სახლებში დაბრუნებას. საწოლისკენ შემოვბრუნდი, მარიას მზრუნველად მოცემული პიჟამა ჩავიცვი და ლოგინში შევწექი. უცნაურმა გარინდებამ მომიცვა, თუმცა ეს არ იყო ჯანსაღი და ღრმა ძილის მდგომარეობა. თითქოს ძილ-ღვიძილში ვიმყოფებოდი. ფანჯრიდან შემომავალ სიოს ისე ვგრძნობდი, როგორც ჩაძინებამდე. ფარდის რხევაც კი ცხადი შეგრძნებების დონეზე ხდებოდა. მდგომარეობა ინსომნიას ჰგავდა. ჯანსაღი ძილის მოშლას, ჩაძინების სირთულეს, ძილ-ღვიძილის მდგომარეობას, რისი გამომწვევი მიზეზიც, სავარაუდოდ, ჩემი უკანასკნელ პერიოდში გადატანილი სტრესი იყო. თითქმის ლოგიკურადაც კი მიმაჩნდა მას შემდეგ, რაც ავსტრალია ჩემთვის ერთი სათავგადასავლო წიგნის სიუჟეტს დაემსგავსა.

ფხიზლად მყოფ სმენას კარის სუსტი ჭრიალი ჩაესმა. შეშინებულმა თვალის გახელა ვცადე, მაგრამ უცნაური ძილის ფაზაში მყოფმა ვერ შევძელი. ტვინი თითქოს ამ სიტუაციას სიზმრად აღიქვამდა. გავშეშდი და დავაყურადე. ამჯერად მხოლოდ ქუჩის სუსტი ხმაური მესმოდა. მოვეშვი... სწორედ მაშინ, როცა დავმშვიდდი და უცნაური ხმა ჩემს ემოციურ მდგომარეობას დავაბრალე, ცხვირ-პირზე ვიღაცის ცივი ხელი ამეფარა და სუნთქვა სრულიად გადამიკეტა. მთელი ძალით გავიბრძოლე, მაგრამ მეორე ხელით მუცელზე ღონივრად მაჭერდნენ და ვერაფერს გავხდი.

ვიგუდებოდი...

თვითგადარჩენის ინსტინქტმა ტვინს სასწრაფოდ გამოღვიძება უბრძანა და თვალები გავახილე. თავთან აბელის შეშლილი სახე და უცნაურად მომზირალი თვალები დავინახე. მისმა მზერამ შემზარა. შიშისგან გამაცია. ეს არ იყო ნორმალური ადამიანის გამომეტყველება. ნაკვთები ერთდროულად კმაყოფილებით და სისასტიკით ჰქონდა სავსე, გუგები არაბუნებრივად გაფართოებოდა და ჩასწითლებოდა. თვალმოუშორებლად მიყურებდა და თითქოს ჩემზე ჰიპნოზის მოხდენას ცდილობდა. ჟანგბადის არქონის გამო ვგრძნობდი, რომ ვითიშებოდი. ამის გააზრებამ უარესად დამაფრთხო. თუ გრძნობას დავკარგავდი, წინააღმდეგობას საერთოდ ვეღარ გავუწევდი და გააფთრებულ მანიაკს საშუალებას მივცემდი, თავისი ბილწი სურვილი აესრულებინა. უადგილო ირონიამ გონების კუნჭულები ელვის სისწრაფით მოირბინა: მთელმა ავსტრალიამ ჩემთვის მოიცალა და უფსკრულისკენ მიმაქანებდა, ჩემ განადგურებასა და გასრესას ცდილობდა. დიდი ხნის ოცნება დაუძინებელი მტერივით უკან, ბუმერანგივით მომიბრუნდა და დაუღალავად მდევნიდა.

რამდენიმე წარუმატებელი გაბრძოლების შემდეგ ქვემოთ დამითრია. თავისკენ მექაჩებოდა და ცდილობდა, პიჟამა გაეხადა. ორივე ხელით საწოლის თავს არაადამიანური ძალით ჩავებღაუჭე. პირზე აფარებული მტევანი წამიერად მოუდუნდა და მეც მთელი სიხარბით შევისუნთქე მაცოცხლებელი ჟანგბადი, მაგრამ დაყვირება ვეღარ მოვასწარი. უკვე თითქმის სასოწარკვეთილმა შევამჩნიე, რომ ერთდროულად ჩემი გაჩუმება და შარვლის გახდა უჭირდა. ამის ჩემ სასიკეთოდ გამოყენებას შევეცადე, ორივე ფეხი მკერდისკენ მოვიზიდე, ერთიანად შევიკუმშე და სრული ძალით გაქნეული კიდურები პირდაპირ მუცელში დავაჯახე. ის წამიერი თავისუფლება, რაც მისმა წაბორძიკებამ მომცა, სრულიად საკმარისი აღმოჩნდა, რომ მარიასთვის საშველად მომეხმო. მეორედ დაყვირება ვეღარ მოვასწარი, წონასწორობააღდგენილი მარჯვენა ფეხში დამწვდა, თავისკენ გადამითრია და იატაკს სრული წონით, მტკივნეულად დავასკდი. თავის ხის ზედაპირზე დარტყმამ რამდენიმე წამით გამაბრუა და ამან საშუალება მისცა, მთლიანად შევებოჭე. ზემოდან მთელი სხეულითა და სიმძიმით გადამემხო. ცხელი ამონასუნთქი ზუსტად ტუჩებთან ვიგრძენი და მისი მარცხენა ხელი კვლავ პირზე ამეფარა. წელი მთელი შემორჩენილი ძალით ავიქნიე, მაგრამ ჩემზე ბევრად ღონიერს ძვრა ვერ ვუყავი. ვიგრძენი, ენერგია და ჟანგბადი ერთდროულად მელეოდა. მივხვდი, ვმარცხდებოდი და ტვინმა უკანასკნელად ატეხა განგაში. აბელმა მარჯვენა შარვლის წელს ძლიერად ჩაავლო და ნაჭრის გახევის ხმა ბრძოლის დასრულების ზარივით დაირხა გონებაში. მისი გახშირებული სუნთქვა ყურთან მომესმა, წამომაზიდა და კიდურები მომიდუნდა. თავისუფალი ხელი უკვე ჩემი მაისურის შიგნით, მკერდისკენ მიცოცავდა, როდესაც ძლიერი დარტყმის ხმა გავიგე. წამიერად თავისუფლება ვიგრძენი და ჰაერი ხმაურით შევისუნთქე. აბელი მთელი ინერციით ზედ დამეცა და ოთახის მკრთალ სინათლეზე თავზე წამომდგარი, ხელში ჯოხმომარჯვებული, სახეშეშლილი მარია დავინახე. თავდამსხმელი ღმუილით წამოხტა ფეხზე, ბებიას მკვლელის თვალებით შეხედა და ოთახიდან უკანმოუხედავად გაიქცა.

ძლივს წამოვდექი. ძვალი და რბილი მტკიოდა და სუნთქვის აღდგენას ვცდილობდი. თავი მიბრუოდა და საწოლამდე გაჭირვებით მივედი. გაყინული ხელები სახეზე ჩამოვისვი და მარიას ავხედე. მოხუცი იმავე მდგომარეობაში იდგა გახევებული და მგონი, უფრო ცუდად გამოიყურებოდა, ვიდრე მე. თვალები ჩემზე ჰქონდა გაშტერებული და მომეჩვენა, რომ არც კი სუნთქავდა. წამოვდექი და ფრთხილად მივუახლოვდი. ხელიდან ჯოხი ისე გამოვართვი, არ უგრძვნია. საწოლისკენ წავიყვანე და დავსვი, წყალი მივუტანე. შოკი ჰქონდა და საკუთარი მდგომარეობა ვიღას ახსოვდა, მთელი მონდომებით ვცდილობდი მის დამშვიდებას. როდესაც შედარებით დაწყნარდა და საუბარი შეძლო, მითხრა, რომ მისთვის ყველაზე საშინელი ამ სიტუაციიდან ის იყო, რომ შვილიშვილმა სახლში მყოფი ბებიაც კი არ გაითვალისწინა, იმდენად არაფერს წარმოადგენდა აბელისთვის, თორემ მისგან აღარაფერი აკვირვებდა. ამ მტკიცე ადამიანს თვალებზე ცრემლი რომ დავუნახე, ერთიანად ჩამოვიშალე. ორივე ხელი ჩავავლე და მოვეხვიე. ცრემლებმა და თითოეული საკუთარმა ტკივილმა ისე დაგვაახლოვა, როგორც არასდროს. ამ წამს ზუსტად ვიცოდი, რომ ამ კეთილი მოხუცის მიტოვებას ვერასდროს შევძლებდი და ჩემი აქედან გაქცევის დიდი სურვილის მიუხედავად, ის იქნებოდა ერთადერთი მიზეზი, ვის გამოც საკუთარ შიშს გადავაბიჯებდი და უკან დავბრუნდებოდი.

დილამდე საძინებელი არ დაუტოვებია, თითქოს ამით ცდილობდა ჩემ დაცვას. არც მეორე დღეს მომცილებია არცერთი წამით. ჩვენ-ჩვენმა საფიქრალმა ერთმანეთისგან სულიერად გაგვყარა და ისე მოსაღამოვდა, ხმა აღარ ამოგვიღია. ასე, უსიტყვოდ ზრუნავდა ჩემზე. აბელი გაქსუებული ნადირივით შორიახლოს გვივლიდა. მთელი დღის განმავლობაში სახლიდან რამდენჯერმე გავიდა და დაბრუნდა. შინ ყოფნის პერიოდში თავის ოთახში იკეტებოდა და მუსიკა ხმამაღლა ჰქონდა ჩართული. რამდენჯერაც შორიახლოს ჩამიარა, ბოღმაჩაბუდებული მზერით მბურღავდა და მე მივხვდი, არაფერი იყო დასრულებული. მარიას ჩემთან სიახლოვე აბრკოლებდა, თორემ ჩადენილს იოტისოდენადაც კი არ განიცდიდა.

მოსაღამოვდა და სახლი დაისის ფონზე წითლად გაკაშკაშდა. რამდენჯერმე ფანჯარასთან მისულს, ბუნებამ იმდენად იდეალური პეიზაჟი შემომთავაზა, რომ გავბრაზდი კიდეც. ჩემს უკუღმა დატრიალებულ ბედისწერას არც კი იმჩნევდა და თითქოს ჯინაზე, ულამაზესი ხედი ჩახატული სურათივით გამოეკიდა სივრცეში.

რეისი შუაღამის ორის ოც წუთზე მქონდა. მარიას თქმით, აეროპორტი დაახლოებით ერთი საათის სავალზე მდებარეობდა და სახლიდან თერთმეტისთვის გასვლა ნორმალური იქნებოდა. ერთი საათი რეგისტრაციისთვის საკმარისი დრო იყო. სულაც არ მინდოდა აეროპორტში დიდი დრო გამეტარებინა, ამას ისევ მარიასთან ყოფნა მერჩივნა.

მზრუნველ მოხუცს ჩემი ნივთები ერთად მოეგროვებინა მანამ, სანამ მე ჩამავალი მზის ყურებით ვტკბებოდი და გონებით საქართველოში ვიმყოფებოდი. დანიშნული დროისთვის ტაქსიც წინასწარ გამოიძახა. მითხრა, რომ გამაცილებდა და სანამ თვითმფრინავისკენ მიმავალს არ დამინახავდა, ვერ დამშვიდდებოდა. სურვილი სურვილად დარჩა... ათისთვის წნევამ იმდენად აუწია, რომ სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო. მისი მაჯა ძლიერად მეკავა და ვგრძნობდი, მის ასეთ მდგომარეობაში დატოვებას ვერანაირი ძალა და შიში ვერ მაიძულებდა. გამოძახებულმა ეკიპაჟმა წნევა სწრაფად დაურეგულირა და დამამშვიდებელიც მისცა. როდესაც მიხვდა, რომ წამალი მოქმედებას იწყებდა და ძილი თავს ართმევდა, მე კი ადგილიდან დაძვრას არ ვაპირებდი, დამაფიცა, რომ წავიდოდი და მასზე არ ვიდარდებდი.

ორ წყალს შუა აღმოვჩნდი, გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიმეღო - ან ყველაფრის მიუხედავად, აეროპორტის გზას დავდგომოდი ან საკუთარი თავი ისევ საფრთხეში ჩამეგდო და გაფითრებული მარია არ მიმეტოვებინა ავაზაკი შვილიშვილის იმედად. პირველი ვარიანტის შემთხვევაში არც არავინ გამკიცხავდა, მაგრამ მაინც ძალიან გამიჭირდა.

კალამი და ფურცელი მიმატანინა, საკუთარი ნომერი ზედ გაჭირვებით დაწერა და ხელში ჩამიკუჭა. მავედრებელი მზერით კიდევ ერთხელ მთხოვა წასვლა, ცრემლნარევი თვალებით ამიხსნა, რომ აქ დარჩენის შემთხვევაში, დარწმუნებული არ იყო, რომ ჩემ დაცვას შეძლებდა. ექიმმაც დაადასტურა, რომ მარეგულირებლები ნორმაში იყო და მისი დატოვება პრობლემას არ წარმოადგენდა. ტელეფონზე შემოსულმა ზარმა ტაქსის მოსვლა გვამცნო. მარიამ სადარბაზოს უკან მოცდა სთხოვა. ჩანთას ხელი მძიმედ მოვკიდე და მოხუცს კიდევ ერთხელ ჩავეხუტე. ყველაფრისთვის მადლობა მთელი გულით გადავუხადე და კარი მანამ გამოვიხურე, სანამ ცრემლების კიდევ ერთ ტალღასთან გამკლავება მომიწევდა.

სადარბაზოში მბჟუტავი სინათლე ენთო. მეორე სართულზე ჩასვლა ძლივს მოვასწარი, რომ ისიც გაითიშა. სრულ სიბნელეში აღმოვჩნდი და გზის გაკვლევა ხელის ცეცებით ვცადე. მარჯვენით მოაჯირს ჩავეჭიდე და სვლა ბორძიკით განვაგრძე. პირველ სართულს ქუჩიდან შემომავალი, მკრთალი სინათლე ანათებდა. სადარბაზოდან მოშორებით ტაქსიც შევნიშნე. უცებ მოწყვეტით შევდექი, სხეულმა მიგრძნო, რომ მარტო არ ვიმყოფებოდი. ღრმად ჩავისუნთქე და ბნელი შენობიდან სირბილით გაცლა დავაპირე, რომ წინ ნაცნობი სილუეტი გადამიდგა და ხელისკვრით უკან დამაბრუნა. ზურგიდან ვიღაცამ ძლიერად დამიჭირა, პირზე ბინძური ნაჭერი ამეფარა და დაყვირება ვერ შევძელი.

ორნი იყვნენ... ვეცადე, ღონივრად შევწინააღმდეგებოდი, ოთხივე კიდურით ვიბრძოდი. აბელს სახე იმდენად ცივსისხლიანად ჩამოვაკაწრე, რომ საკუთარმა საქციელმა თავად დამაფრთხო. სიმწრისგან დაიღმუვლა და ფეხებით დამითრია. მეორემ უკნიდან უფრო მყარად გამაკავა, ჩემ იქიდან გაყვანას ცდილობდნენ. ჰაერში აღმოვჩნდი და საყრდენგამოცლილმა ბრძოლის უნარი დავკარგე. მხოლოდ ფეხებს ვიქნევდი და თავის დაღწევას ვერაფრით ვახერხებდი. მიხვდნენ, გაჩერებას არ ვაპირებდი და უკან მდგომმა თავდამხსხმელმა წამით პირიდან ხელი ამიშვა და კეფაში ძლიერად ჩამარტყა. სანამ გონება ბოლომდე გაითიშებოდა, დაბინდულმა თვალებმა სადარბაზოში ქარიშხალივით დატრიალებული მესამე ადამიანი შენიშნა...

ჯერ აბელი მომცილდა ფეხებიდან და ძირს მოწყვეტით დაეხეთქა, შემდეგ მეორე თავდამსხმელს მოუდუნდა მკლავები და როცა მივხვდი, ძირს ვეცემოდი, ვიღაცის მზრუნველმა და ძლიერმა მკლავმა ზუსტად ქვაფენილთან შემაკავა.

გაგრძელება იქნება

თინა დალაქიშვილი

ოცნება ავსტრალია - თავი 6: მარია

ოცნება ავსტრალია - თავი 5: ეჭვი

ოცნება ავსტრალია - თავი 4: მეორე მე