ოცნება ავსტრალია - თავი 4: მეორე მე - Marao

ოცნება ავსტრალია - თავი 4: მეორე მე

2023-02-14 11:19:34+04:00


- ღმერთო ჩემო! - გაუცნობიერებლად მშობლიურ ენაზე შევკივლე და ლულის სიცივემ სხეულში ელექტროდენივით დამიარა. იმის შიშმა, რომ მდევარი დაგვეწია, მე ისევ გამიტაცებდნენ და უფალმა იცოდა, რას მიპირებდნენ, ხოლო მარკოს ცოცხალს არ დატოვებდნენ, თავზარი დამცა. ფეხებში ძალა მთლიანად გამომეცალა და მიწაზე მუხლებით დავეცი.

ჩემს შეკივლებაზე მარკო ადგილზე გაქვავდა და ჩვენკენ უკვე იარაღმომარჯვებული შემობრუნდა. მომხვდურის დანახვისას მის დაძაბულ სახეს სრულიად მოულოდნელად ღიმილი ნიღაბივით გადაეფარა, პისტოლეტი უკან დააბრუნა და ჩვენკენ დაიძრა. მისი საქციელის პარალელურად, დამიზნებული თოფი ჩემს კეფასაც უმალ მოშორდა. ზემოთ ავიხედე და მაღალი, ხმელი აღნაგობის, ჭაღარა მამაკაცი დავინახე. ისიც გულწრფელად იცინოდა და მისი კეთილშობილური ნაკვთების დანახვისას, რატომღაც ვირწმუნე, რომ არასოდეს მესროდა.

- ბიძია ტომას! - მარკო გულღიად გადაეხვია და ბრგე ბეჭებზე მარჯვენა ძლიერად დაუტყაპუნა.

- აქ საიდან გაჩნდი, შვილო?! - მოხუცმა ხელი გაუშვა და უკან დასწია უკეთ შესათვალიერებლად.

- გრძელი ამბავია. ძალიან მიხარია, რომ აქ ხარ. სიმართლე გითხრა, არ გელოდი!

- უცბად გადავწყვიტე წამოსვლა. ეს მშვენიერი გოგო ვინაა? – ინტერესით იკითხა ბიძია ტომასმა და ეშმაკურად მოწკურული თვალები მომაპყრო.

მარკოს, მგონი, ახლაღა გავახსენდი. ხელი მომკიდა და ფეხზე ამაყენა. სხეული ჯერ ისევ გვარიანად მითრთოდა.

- ეს ანაა, ბიძია!

- კეთილი იყოს შენი ჩემს სამფლობელოში მობრძანება, მშვენიერო ქალბატონო! - ისე თბილად და ჯენტლმენურად გამომიწოდა მარჯვენა, რომ შიშმა კუდამოძუებულმა დაიხია უკან. შვების ღიმილმა დაუკითხავად დაიპყრო ჩემი სახეც.

- წამოდით, შვილებო, მოშიებული იქნებით! თევზს ისე შეგიწვავთ, ცხოვრებაში ვერ დაივიწყებთ მის გემოს... - ადგილობრივებისთვის დამახასიათებელი ავსტრალიური ინგლისურით საუბრობდა, ოდნავი აქცენტითა და მცირედ განსხვავებული ლექსიკონით. მარკოს გადავხედე. ღიმილით მანიშნა, მოხუცს გავყოლოდი. თვითონ მიბრუნდა, მწიფე ბანანის მთლიანი ასხმულა მოტეხა და უკან მოგვყვა.

სანაპიროსკენ დავიძარით და მალე ისეთ მყუდრო ადგილას აღმოვჩნდით, ჩემდაუნებურად თავი საკუთარ კარმიდამოში ვიგრძენი. კოხტა ქოხი პალმის ხეებს შორის ჩაკარგულიყო, კარი ოკეანისკენ ჰქონდა და შიგნით ისეთი სისუფთავე სუფევდა, გაოცებულმა მიმოვიხედე.

ბიძია ტომასი ნამდვილი დიასახლისივით დატრიალდა. ქოხიდან დაბალი გასაშლელი მაგიდა გამოიტანა. სწორად მოტკეპნილ მიწაზე ცეცხლი დაანთო, თევზი რეკორდულად მოკლე დროში გაასუფთავა და მალე ისეთი გემრიელი სურნელი დატრიალდა ირგვლივ, რომ მხოლოდ მაშინ მივხვდი, რა ძალიან მომშიებოდა. დახმარება შევთავაზე, მაგრამ იუარა, დაღლილი იქნები, დაისვენე, რომ ამ უგემრიელესი თევზის ჭამით ნამდვილი სიამოვნება მიიღოო.

მარკო შორიახლოს ხის მორზე იჯდა, იარაღს თავდახრილი წმენდდა და ჩვენს საუბარში არ ერეოდა.

მოხუცმა კალათით სხვადასხვა ხილიც გამოიტანა, ბანანი ზემოდან დაალაგა და საიდანღაც ცნობილი ავსტრალიური ლუდით სავსე ბოთლიც გააჩინა. მაგიდას შემოვუსხედით. მოშიებულები რამდენიმე წუთს ხმას არ ვიღებდით და მართლაც, მსოფლიოში საუკეთესო თევზს გემრიელად მივირთმევდით.

ტომასი მარკოს იმდენად გულითადად ეპყრობოდა, რომ ეჭვმა გამკრა. მან ან არ იცოდა მისი საქმიანობის შესახებ, ან არადა, თვითონაც არ ცხოვრობდა მთლად სპეტაკი ცხოვრებით. ჩემ შესახებ რატომღაც აღარაფერი უკითხავს. ამის გაფიქრებამ ჩემს მიჩქმალულ შიშს ფრთები კვლავ გააშლევინა. ურთიერთგამომრიცხავი გრძნობები მტანჯავდა. გაჩენილი ფიქრები, მაგრამ სრულიად საპირისპირო, შინაურული სიტუაცია მოსვენებას არ მაძლევდა. ჩემს შინაგან ბრძოლას ბიძია ტომასი თითქოს გამოეხმაურაო და საკუთარ თავში ჩაღრმავებული, გამომაფხიზლა.

- ანა, შვილო! მარკო ალბათ არ მოგიყვებოდა ჩვენი გაცნობის ისტორიას, არც მიკვირს მისგან. - მარკო უსიამოვნოდ შეიშმუშნა და გაპროტესტება დააპირა, მაგრამ მოხუცმა არ აცალა. - ის ჩვენს მიყრუებულსა და გაჭირვებულ დაბას ძალიან ეხმარება, ჩემს ოჯახს სტუმრობს ხოლმე, როდესაც ჩამოდის. ვაჟი არ მყავს და რომც მყოლოდა, ალბათ მასზე ნაკლებად არ მეყვარებოდა. - ისეთი მოსიყვარულე მზერით გადახედა, მივხვდი, რასაც ამბობდა, სრული სიმართლე იყო.

- საინტერესოა!... - მრავალმნიშვნელოვნად, ხმადაბლა ჩავილაპარაკე.

- უკან დაბრუნებას როდის აპირებ?! - სხვა თემაზე სცადა საუბრის გადატანა მარკომ.

- ამაღამ აქ გავათენოთ და დილას ყველა ერთად წავიდეთ. მე პერთში დამტოვეთ, ნაცნობის ფერმაში ცხენი მყავს დატოვებული და თქვენ ჩემი მანქანა წაიყვანეთ.

ამასობაში შეუმჩნევლად შებინდებულიყო. ლუდმა, სტრესმა და გადაღლამ თავისი საქმე გააკეთა, მსუბუქ და სასიამოვნო თავბრუსხვევას ვგრძნობდი. ამ წუთას, არჩევანის წინაშე ვინმეს რომ დავეყენებინე, უმალ სამუდამოდ აქ დარჩენას ავირჩევდი. პალმების ჩუმი შრიალი, პატარა კოხტა ქოხი, კოცონის სასიამოვნო სითბო და უკიდეგანოდ გადაჭიმული ოკეანე, ჯადოსნურად მოქმედებდა ჩემზე. რაღაც პერიოდი საფრთხეც კი დამავიწყდა.

მარკოს მკლავზე სახვევი შეეხსნა და ახლის დადებას უხერხულად ცდილობდა. უსიტყვოდ მივუახლოვდი და ჭრილობას დავაკვირდი. ოდნავ შესიებოდა და ირგვლივ სიწითლე მოსდებოდა. მხოლოდ წყლით ჩამობანა, ინფექციის საწინააღმდეგოდ, საკმარისი არ იყო, მაგრამ სხვა საშუალება არ გვქონდა. იარა შეძლებისდაგვარად გავასუფთავე და კვლავ სახვევით შევუხვიე. ტომასი ქოხის კარში იდგა და თვალს უხმოდ გვადევნებდა. როდესაც შეხვევა დავასრულე, შიგნით ჩემი ადგილი მაჩვენა. დიდი ხვეწნა არ დამჭირვებია, თავის დადება და ძილის საუფლოში შებიჯება ერთი იყო.

ჩიტების ჟრიამულმა გამაღვიძა. მოზღვავებულ ენერგიას და უადგილო ბედნიერებას ვგრძნობდი. ხალისით ავდექი და გარეთ გავიხედე. მამაკაცები დანაცრებულ კოცონთან ისხდნენ და ხმადაბლა საუბრობდნენ. გასამგზავრებლად უკვე გამზადებულიყვნენ, ტომასის შეკრული ბარგი იქვე იდო. ჩემ დანახვაზე წამოიშალნენ. მოხუცმა ქოხის კარი მჭიდროდ გამოკეტა და რამდენიმე ათეულ მეტრში მდგარი გადახდილი, სამხედრო ჯიპისკენ გაგვიძღვა. გასაღები მარკოს მიაწოდა და მანქანაში სხარტად მოთავსდა.

უსწორმასწორო მონაკვეთის შემდეგ ცენტრალურ გზაზე გავივაკეთ. უსიამოვნო ჯაყჯაყი შეწყდა. გზის გასწვრივ მქროლავი ხეები სიჩქარეში გვეჯიბრებოდნენ და ჩვენს განვლილ მანძილს საპირისპიროდ გაურბოდნენ. სასიამოვნო ნიავი იძვროდა და თმას მიწეწავდა.

- მე ძირძველი ავსტრალიელი არ ვარ, შვილო. ისე რომ ვთქვათ, ძირძველი ავსტრალიელები არც არსებობენ, ჩემი წინაპრები ბრიტანეთიდან გადმოსახლდნენ. აქაურობა ჩემი სახლია, მაგრამ ხანდახან ასე მგონია, ფესვები მეძახის და მიხმობს. არ მინდა, ისე წავიდე ამ ქვეყნიდან ზეცაში, რომ კიდევ ერთხელ არ მოვინახულო ჩემი საგვარეულოს მამულები და საფლავები. მოხუცებს ხანდახან უფრო ძლიერად გვერევა მსგავსი სენტიმენტები.

- ბიძია, ანამ ავსტრალიის შესახებ იმდენი რამ იცის, არ გამიკვირდება, შენი გვარის გენეალოგია ზეპირად მოგითხროს ან ისეთი საინტერესო დეტალი იცოდეს, რაც შენც კი არ გეცოდინება. - ღიმილით თქვა მარკომ და სარკიდან გამომხედა.

- ოცი წლის ასაკში ერთი გოგო მიყვარდა მეზობელი სოფლიდან. ანგელოზივით იყო, სიფრიფანა და ღვთიური. კეიტი ერქვა. მისი ოჯახი ფესვებს დაუბრუნდა და სამუდამოდ დავკარგე. მხოლოდ ერთხელ შევავლე შორიდან თვალი, როდესაც ინგლისში ჩავედი და ქუჩაში პატარა ბავშვთან ერთად მიმავალი დავინახე. ახლა მეუღლე აღარ მყავს, ათი წელია გარდაიცვალა. შემთხვევით, მისი ოჯახური მდგომარეობაც ხომ არ იცი, ანა?! - მთელი სხეულითა და სიცილით მომიბრუნდა ტომასი.

მეც გამეცინა, მისმა კეთილად გასხივოსნებულმა თვალებმა ჩემი გარდაცვლილი ბაბუა გამახსენა.

- შენ საიდან ხარ, შვილო? - თითქმის მაშინვე მკითხა.

სანამ იმის ახსნას დავიწყებდი, სად იყო ჩემი სამშობლო და რომ ის დამოუკიდებელი ქვეყანაა და არა რუსეთის გუბერნია, რისი განმარტებაც ყველაზე ხშირად მიხდებოდა უცხოეთში, მარკომ სარკიდან თვალი დაჟინებით გამისწორა და დასმულ კითხვას თავად უპასუხა.

- ქართველია, ბიძია ტომას!..

ეს იმდენად მოულოდნელი იყო, მგონი, მაშინაც არ დამმართნია ისეთი ელდა, გემზე ხელფეხშეკრულს რომ გამეღვიძა. გაოგნებისგან თვალები გამიფართოვდა და ხმა ვეღარ ამოვიღე. კიდევ ერთხელ გამომხედა დაკვირვებული მზერით და თვალი გზას გაუშტერა. ფიქრები დამეხვა, ვერაფრით ვხვდებოდი, საიდან უნდა მიმხვდარიყო ჩემს ეროვნებას. მაღალსა და გამხდარს თეთრი კანი, შავი თვალწარბი და ასევე შავი, ხუჭუჭა თმა მქონდა. ასეთი გარეგნობით ვერასდროს ვერავინ ხვდებოდა, რომელი ქვეყნის წარმომადგენელი ვიყავი. არც სხვა ენაზე მისაუბრია მასთან, ინგლისურის გარდა.

როდესაც მიხვდა, რომ სრულ შოკში ჩამაგდო და ხმის ამოღებას ვერ ვახერხებდი, ისევ თვითონ ჰკითხა ტომასს:

- ხომ იცი, სადაცაა ეს ქვეყანა?

- თურქეთსა და რუსეთთან ახლოს, ასეა, ხომ?!

ამჯერად მისმა პასუხმა გამაკვირვა. მსოფლიოს მეორე ბოლოში მცხოვრებმა ადამიანმა ერთი ციდა საქართველოს შესახებ იცოდა. აღმოჩნდა, რომ საინფორმაციო საშუალებებისთვის მუდმივად თვალის დევნება მისი ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობა იყო.

- ვიცი, შვილო, ვიცი. თავისუფლებისმოყვარე, მეამბოხე და დაუმორჩილებელი ერია.

საქართველოს გახსენებაზე სევდა ლოდივით დამაწვა გულზე. შეგრძნება ისეთი ძლიერი იყო, ძლივს ამოვისუნთქე. ჩემი ოჯახი ალბათ უკვე გლოვობდა ჩემ გაუჩინარებას, პირველი შესაძლებლობისთანავე უნდა შემეტყობინებინა, რომ ცოცხალი ვიყავი. ამისთვის უახლოეს ცივილიზებულ ქალაქში მოხვედრა იყო საჭირო, ამჯერად კი ნახევრად უდაბნო ტერიტორიას გავდიოდით.

სევდამ ლაპარაკის უნარი დამაკარგვინა და სავარძელზე უჩუმრად მოვიკუნტე. გარემოს გაუაზრებლად ვადევნებდი თვალს და ქართველთა სათვისტომოზე ვფიქრობდი, რომელიც ავსტრალიის ქალაქ მელბურნში მეგულებოდა. ნახევარი ქვეყნის უხიფათოდ გავლა მათთან დასაკავშირებლად, ცოტა რთულად მეჩვენებოდა, მაგრამ უნდა მეცადა. ჯერჯერობით მარკოს გეგმა უნდა გამეგო, უთუოდ ექნებოდა რაიმე.

დღის პირველმა საათმა მოატანა. ჩემი მგზავრებიც საკუთარ საფიქრალს მისცემოდნენ. მხოლოდ რამდენჯერმე შევნიშნე მარკოს დაკვირვებული მზერა. დარწმუნებული ვიყავი, გრძნობდა, რამაც გამაჩუმა და დამასევდიანა.

წასახემსებლად ნახევარი საათით გზის პირას შევჩერდით. ტომასი ძალიან ეცადა, ორიოდე ლუკმა მეჭამა, მაგრამ კრიჭა მქონდა შეკრული და პირის გაღება ხმის ამოსაღებადაც კი მეძნელებოდა. მხოლოდ ხილი გავსინჯე.

კიდევ ორიოდე საათი ვიარეთ და პალმების მწკრივი მოულოდნელად დასრულდა. გზის მარცხენა მხარეს უკვე დამუშავებული, უკიდეგანო პლანტაციები გადაშლილიყო. თანდათან უფრო დაცხა და ჰაერი უცნაურად გამოშრა. მივხვდი, უდაბნოს ტერიტორიას გავდიოდით. აქედან ალბათ რამდენიმე კილომეტრში, ავსტრალიის უსიცოცხლო ნაწილი იყო გადაჭიმული. პლანტაციის დამუშავებულ მიწაზე ალაგ-ალაგ შემორჩენილი მუქი ყავისფერი მცენარე მოჩანდა. ჩემდაუნებურად დავფიქრდი, რა შეიძლებოდა ყოფილიყო, რომ გონება ალიონზე ამომავალი სხივივით უეცრად გამინათდა. თამბაქო... ეს ნამდვილად თამბაქო იყო. სიცხისგან ფოთლები აშკარად გამხმარი ჩანდა.

მარკოს შესიებული მკლავი გამახსენდა და მანქანის გაჩერება ვთხოვე. უსიტყვოდ შეასრულა და თვითონაც გადმოვიდა. მცენარესთან მივირბინე და დავიხარე. ნამდვილად თამბაქოს გამხმარი ნარჩენები აღმოჩნდა. ერთი მოზრდილი ფოთოლი ფრთხილად მოვტეხე, ხელებში რომ არ დამფშვნოდა და უკან კმაყოფილი სახით მოვბრუნდი. მარკოს სახვევის შეხსნა ვანიშნე და თითებში ფერფლად ქცეული თუთუნი ჭრილობაზე დავაყარე. მკლავი კვლავ შევუხვიე და დარჩენილი ნაწილი სათუთად შევინახე. ტომასი ყურადღებით გვიმზერდა და სახეზე ღიმილი არ შორდებოდა, მანქანასთან მისულს მომეხვია და თავზე ფრთხილად მაკოცა. მისმა მოულოდნელმა საქციელმა გული კვლავ ამიჩუყა. მოძალებული ცრემლები რომ დამემალა, მანქანაში სწრაფად მოვთავსდი და სახე გვერდით მივაბრუნე.

დაახლოებით ორ საათში ჩვენ თვალწინ ქალაქის ნიშნები გამოჩნდა. ამან მყუდროდ მოკალათებული სევდა ოდნავ გააქარვა. ოჯახთან დაკონტაქტების იმედი გამიჩნდა.

- მარკო, ჩემს მშობლებს უნდა გავაგებინო, რომ ცოცხალი ვარ! - ჩემს ხმას მუდარის ტონი დაჰკრავდა.

- რა თქმა უნდა, შვილო! - მის ნაცვლად სხარტად მიპასუხა ტომასმა. - ახლა ჩემს მეგობართან მივალთ ფერმაში და იქიდან შეგეძლება დარეკო.

- გმადლობთ! - ხმადაბლა ჩავილაპარაკე.

ფერმასთან მალე მივედით. პატარა და მყუდრო, ორსართულიანი ხის სახლის უკან ასწლოვან ხეებს დაეჩრდილათ მიდამო. მათ ძირას სოკოებივით ამოზრდილიყო ცხოველების პატარ-პატარა სადგომები. მარჯვენა მხარეს უზარმაზარი ტერიტორია საჯინიბოს და მის ეზოს ეკავა. სამი აშოლტილი და მზეზე მოლაპლაპე ჯიშიანი ცხენი საწვრთნელად გამოეყვანათ. მათმა უნაკლო აღნაგობამ თვალი მომტაცა და აღფრთოვანებული მივაშტერდი.

მარკოს ხმამ გამომაფხიზლა გარინდებიდან, სახლისკენ მიხმობდა. შენობაში შესულს მასპინძელი და მისი მეუღლე გამომეგებნენ. კეთილგანწყობილი ღიმილით გამეცნენ და ფაშფაშა, წითელლოყება ლუსი ტელეფონთან მიმიძღვა. უნებურმა ცახცახმა ამიტანა იმის გაფიქრებაზე, რომ ჩემს სახლში უნდა დამერეკა და ოჯახის წევრების ხმა გამეგო. ყურმილს ხელი გაუბედავად მოვკიდე და ნომერი ავკრიფე. ორიოდე ზუმერის შემდეგ ესოდენ მონატრებული ხმა მისწვდა ჩემს შეგუბებულ სმენას.

- დედა, მე ვარ, ანა ვარ, დედა... - ტუჩები მიკანკალებდა და ფეხზე ძლივს ვიკავებდი თავს.

- ანა, შვილო, ჩემო გოგონა, ცოცხალი ხარ?! სად ხარ? როგორ გვანერვიულე! როგორ ხარ? რა მოხდა? - კითხვების კორიანტელმა თავბრუ უარესად დამახვია. სიმართლეს ვერ ვეტყოდი, გულს უარესად ვერ გავუხეთქავდი, ამიტომ უწყინარი ტყუილის თქმა გადავწყვიტე, მით უმეტეს, რომ სიმართლისგან ძალიან შორსაც არ იდგა.

- კარგად ვარ, დედა, ჩვენი გემი შტორმში მოხვდა. ერთმა ადამიანმა გადამარჩინა და ახლა ჩემ დახმარებას ცდილობს, რომ გამომგზავრება შევძლო. არ ინერვიულოთ, არაფერი მიჭირს, მალე დავბრუნდები.

- შვილო, მითხარი, ზუსტად რომელ ქალაქში ხარ, მამაშენი ჩამოვა და წამოგიყვანს.

რა უნდა მეპასუხა?! ჯერ ისევ შუა კონტინენტზე გაურკვეველ მდგომარეობაში ვიმყოფები-მეთქი?! საფრთხე ფეხდაფეხ მომდევს და სრულიად უცნობ ადამიანს ვარ მინდობილი-მეთქი?! უსუსურობის შეგრძნებამ და მშობლის ცრემლით სავსე, თბილმა ხმამ გული შემიკუმშა.

არ ვიცი, მისი დამშვიდება ნამდვილად მოვახერხე თუ არა, მაგრამ იმაზე მაინც დავითანხმე, რომ აქ ჩამოსვლა საჭირო არ იყო და რამდენიმე დღეში თავად დავბრუნდებოდი შინ.

მასპინძლების თხოვნის მიუხედავად, მარკომ გზის გაგრძელება გადაწყვიტა. მეც უსიტყვოდ დავეთანხმე. ბიძია ტომასმა მთელი ძალით ჩამიკრა გულში და შინ მშვიდობით დაბრუნება მისურვა.

თანდათან შებინდდა. ჩუმად ვისხედით და ჩვენ თვალწინ გადაჭიმულ გზას თვალს არ ვაშორებდით. ტომასის ჯიპი სწრაფად მიჰქროდა და ნელ-ნელა ქალაქს შორდებოდა. მალე ისევ დაუსახლებელ ტერიტორიაზე აღმოვჩნდით. მსუბუქმა რწევამ რული მომგვარა. როდის ჩამეძინა, ვერ გავიგე. ორ-სამჯერ სიფხიზლე ისევ დამიბრუნდა და თვალწინ გზისკენ კუშტად მომზირალი მარკო აღმოჩნდა.

გათენდა. თვალი მაშინ გავახილე, როდესაც ცისკიდური ცეცხლისფრად ღვიოდა. ისეთი ბინდბუნდი იდგა, რომ გეგონებოდა, დიდი მანძილის იქით რაღაცას ცეცხლი ეკიდა.

- ასე როგორ ჩამეძინა, შენ არ დაიღალე? ცოტა ხნით შევისვენოთ, არ გინდა?

- კარგი, შევჩერდეთ ათიოდე წუთით!

- კი მაგრამ, არ გეძინება? შემიძლია საჭესთან შეგცვალო.

- არაა საჭირო, ცოტა შევისვენოთ და გზა გავაგრძელოთ. - ზურგჩანთა მხარზე მოიგდო და მანქანიდან გადავიდა. უკან მივყევი. ალბათ, ხეების ძირას ფიქრობდა შეჩერებას. ის იყო, უნდა ჩამოვმსხდარიყავით, რომ კორომის სიღრმეში ხმამაღალი ყმუილი გაისმა. მარკომ ხელი ელვის სისწრაფით მტაცა და ზურგს უკან ამომიფარა. ირგვლივ დაძაბული იყურებოდა და მტრულად განწყობილი ობიექტის პოვნას ცდილობდა. ყმუილი თანდათან მოახლოვდა და მალე ხეებს შორის ღია ჩალისფერი, თეთრგულა და შავდინგიანი ძაღლი გამოჩნდა. კბილები დაეკრიჭა და ნელ-ნელა გვიახლოვდებოდა. თვალის ერთი შევლებისთანავე ვიცანი ავსტრალიური გარეული, გადაშენების პირას მყოფი ძაღლი დინგო... უსაყვარლესი და ფუმფულა, მაგრამ ამავე დროს, ძალიან საშიში მტაცებელი ცხოველი. მის მიერ ადამიანის დაგლეჯის არაერთი შემთხვევა იყო დაფიქსირებული. ამ ჯიშის ძაღლები ღრენის ნაცვლად მგლებივით ყმუიან და საფრთხის მოახლოებისას ძალიან საშიშნი ხდებიან.

მარკო ნაბიჯ-ნაბიჯ უკან იხევდა, მივხვდი, ჩემი აქედან გარიდების გზას ეძებდა. მე მის მხარზე გადაკიდებულ ზურგჩანთას ვიყავი ჩაფრენილი. დინგო კბილებს ავად აჩენდა და აშკარად თავდასხმისთვის ემზადებოდა. უცებ ზურგჩანთაში ხელი რაღაც მყარს მოხვდა. დიდხანს არ მიფიქრია, ჩანთა სწრაფად გავხსენი და ლაპლაპა პისტოლეტი ამოვიტაცე.

იარაღი ხელში კი მეკავა, მაგრამ სროლას ვერ ვბედავდი, რადგან ძაღლი ისეთი საყვარელი იყო, მის მოკვლას ყველაფერი მერჩივნა. თანაც ეს ჯიში გადაშენების პირას იყო და მისი განადგურებით, სახელმწიფო დანაშაულს ჩავიდენდი.

კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გადავდგით უკან და პისტოლეტი ხელში მოუხერხებლად მოვიმარჯვე. ძაღლი უკანა ფეხებზე დაიხარა და ნახტომისთვის მოემზადა. ის იყო, ჰაერში აიწია, რომ სროლის ხმა ჩემთვისაც კი მოულოდნელად გაისმა. ძაღლური წკმუტუნი და მიწაზე სხეულის დაცემის ხმა მეხივით დამატყდა თავზე. მარკო გაოცებული სახით მომიბრუნდა და ხელში შერჩენილი იარაღი ფრთხილად გამომართვა. არეულმა მხედველობამ სულთმობრძავი და სისხლიანი სხეულის დანახვისას, დიდხანს შეკავებული ემოცია ვეღარ შეაჩერა და სიმწრის ცრემლები სახეზე დაეშვნენ. მარკომ მაცადა, რომ ტირილით გული მეჯერა და შემდეგ ხელი შემაშველა მანქანაში ჩასაჯდომად. შესვენება არცერთს აღარ გაგვხსენებია. თვალები დავხუჭე და გავირინდე. კიდევ რამდენ ხანს ვიარეთ, ნამდვილად ჩემი გონებისგან დამოუკიდებლად მოხდა. მანქანის მკვეთრად შეჩერებამ გამომაფხიზლა.

დასახლებულ ადგილას ვიმყოფებოდით და ჩვენ ირგვლივ კვლავ სიცოცხლე ჩქეფდა. მარკომ ჩანთას ხელი დაავლო და თეთრად შეღებილი, ერთსართულიანი პატარა სახლისკენ წავედით. მყუდრო, მომცრო კოტეჯი იდეალურად ეხამებოდა ჩვენ გარშემო განლაგებულ, მისნაირ სხვა შენობებსაც. მწვანედ აბიბინებული ეზო და წითელ-ვარდისფრად გადაპენტილი გაზონი თითქოს თავისკენ გექაჩებოდა. დაბალზე გაკრეჭილი მოლის ზედაპირზე რამდენიმე ფუტკარი საქმიანად დაბზუოდა. მოშრიალე, ტოტებგაბარდული ხის ძირას ხისავე მაგიდა და ორი სკამი იდგა. თვალწინ ცხადად წარმომიდგა ამ ადგილას დილის ყავის რიტუალი და თავი მაშინვე მშვიდად ვიგრძენი.

კარის გაღებისას შეგუბებული ჰაერი პირდაპირ სახეში დაგვეჯახა. ცხადი იყო, აქ იშვიათად ცხოვრობდნენ.

- ამ სახლის შესახებ არავინ იცის, შეგიძლია მშვიდად დაისვენო. შენ ჩემს საძინებელში მოთავსდი, მე კი მისაღებში დავიძინებ. აბაზანისთვის საჭირო ნივთებს კარადაში იპოვი. - კარისკენ მანიშნა მარკომ და ჩანთა დივანზე მიაგდო.

ენერგიაგამოცლილი ოთახისკენ წავლასლასდი, კარი შევაღე და მიმოვიხედე. მყუდროდ მოწყობილი საძინებელი სიმშვიდეს აფრქვევდა. ის იყო, კარადისკენ პირსახოცის ასაღებად შევბრუნდი, რომ მოულოდნელად ადგილზე გავიყინე. საწოლის გვერდით მდგარ ტუმბოზე მოთავსებული ფოტოსურათის ჩარჩოდან საკუთარი თავი გაღიმებული მიყურებდა.

გაგრძელება იქნება

თინა დალაქიშვილი


ოცნება ავსტრალია - თავი 1 - მოგზაურობა აცოცხლებს!

ოცნება ავსტრალია - თავი 2 - გაქცევა

ოცნება ავსტრალია - თავი 3: არარეალური რეალობა

<div> 
<div></div>
</div>