თუ კაცობრიობის ევოლუციის ისტორიამ რაიმე გვასწავლა, ეს არის ის, რომ ყველა ცოცხალ არსებას ადაპტაციის უნარი გააჩნია. მიუხედავად იმისა, რომ ამ პლანეტაზე გადარჩენა დროთა განმავლობაში, რა თქმა უნდა, გამარტივდა, მიტოვებული ბავშვების ეს ისტორია გვახსენებს იმას, რომ ველურ გარემოში არსებობა ჯერ კიდევ საშიშია.

ველური ბავშვების ფენომენი განსაკუთრებით იშვიათია, რადგან კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე მხოლოდ 100-მდე ცნობილი შემთხვევა ყოფილა. თითოეული მათგანი გვიჩვენებს, თუ რამდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანური კონტაქტების ქონა.
ჯუნგლებში იზოლირებულად გაზრდილმა დინა სანიჩარიმ სიცოცხლის პირველი რამდენიმე წელი იმ ფიქრში გაატარა, რომ მგელი იყო. ითვლება, რომ არასდროს ჰქონია ადამიანთან კომუნიკაცია, სანამ 1867 წელს მონადირეებმა არ იპოვეს.
სწორედ ეს ბიჭი გახდა რედიარდ კიპლინგის „ჯუნგლების წიგნის“ მთავარი პერსონაჟის, მაუგლის ინსპირაცია. მაგრამ სანიჩარის ამბავი, მაუგლისგან განსხვავებით, არც ზღაპრული იყო და არც თავგადასავლებით სავსე. მონადირეებმა ბიჭი პირველად მგლების ბუნაგში აღმოაჩინეს. ადამიანების დანახვაზე 6 წლის ბიჭი შოკში ჩავარდა. მონადირეებმა გადაწყვიტეს, როს ჯუნგლებში ცხოვრება ბავშვისთვის სახიფათო იქნებოდა, ამიტომ დედა მგელი მოკლეს, სინაჩარი წაიყვანეს და ბავშვთა სახლში ჩააბარეს.
თუმცა, მალევე მიხვდნენ, რომ სანიჩართან ურთიერთობა გაუჭირდებოდათ, რადგან ის მგლის მსგავსად იქცეოდა - ოთხზე დადიოდა და ყმუილის მსგავს ხმებს გამოსცემდა.

ქალაქ აგრაში, სიკანდრას მისიის ბავშვთა სახლში გადაყვანილ სანიჩარს იქ მისიონერები დახვდნენ. მათ ბიჭს სახელი დაარქვეს და მის ცხოველურ ქცევაზე დაკვირვება დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ ცხოველებთან აღარ იყო, ისევ ოთხ ფეხზე სიარულს აგრძელებდა და მგელივით ყმუოდა.
სანიჩარი მხოლოდ უმ ხორცს იღებდა საკვებად და კბილების გასაკვეთად ზოგჯერ ძვლებსაც კი ღეჭავდა. მისიონერები მონდომებით ცდილობდნენ ბიჭისთვის ჟესტების ენა ესწავლებინათ, მაგრამ ეს უბრალოდ დროის ფუჭი კარგვა იყო.
მაგრამ სინაჩარმა გარკვეული პროგრესის მიღწევა მაინც შეძლო. ტანსაცმლის ჩაცმა და თეფშიდან ჭამა ისწავლა (თუმცა საჭმელს ჭამამდე ყოველთვის ყნოსავდა), ბოლოს კი სიგარეტის მოწევაც დაიწყო. მიღწეული ნაბიჯების მიუხედავად, სანიჩარს არასდროს უსწავლია ადამიანური ენა და ბავშვთა სახლში სხვა ადამიანებთან ერთად ცხოვრებასაც ვერ ეგუებოდა. ის 1895 წელს, 35 წლის ასაკში ტუბერკულოზით გარდაიცვალა.