რუბრიკა "ფსიქოს" სტუმარია ტელეკომპანია ჯი-დი-ეს-ის დილის გადაცემის წამყვანი სალომე ნინუა, რომელმაც ინტერვიუ თავისი მოკლე ბიოგრაფიის გაცნობით დაიწყო.
- უკვე 27 წლის ვარ. ტელეწამყვანობასთან ერთად ვმსახიობობ კიდეც - რამდენიმე კინოროლი მაქვს შესრულებული. მყავს მეუღლე, დათო მაისურაძე და ორი შვილი. ისე, გათხოვება უკვე ორჯერ მოვასწარი (იცინის).
- რომ არა მსახიობი და ტელეწამყვანი, რა პროფესიის იქნებოდა სალომე ნინუა?
- გამომძიებელი. ბავშვობაში ძალიან მიყვარდა დეტექტივების კითხვა და გამომძიებლობაზეც ვოცნებობდი. როგორც ჩანს, ბავშვობიდან ვერ გამოვედი (იცინის). ახლაც, საინტერესო ამბავს რომ შევიტყობ, ვცდილობ, ღრმად ჩავწვდე.
მაგალითად, ერთხელ მითხრეს ვიღაც ბავშვზე, აყვანილიაო და ერთი სული მქონდა, სამშობიაროში მივსულიყავი, მისი ნამდვილი მშობლების ვინაობა და ადგილსამყოფელი დამედგინა... ამ სიტყვების შემდეგ შეიძლება მაია ასათიანის გადაცემა "პროფილში" გამგზავნოთ, მაგრამ ასეთი ვარ და რა ვქნა?!
- დღეს რომელ საქმეს გამოიძიებდი?
- უკვე ხუმრობის გარეშე გიპასუხებთ. სიამოვნებით გამოვიძიებდი გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის, ზურაბ ჟვანიას, აფრასიძეებისა და სხვა დახოცილი ახალგაზრდების საქმეებს. სხვათა შორის, თუკი რამე იწერება ამ საქმეებზე, ყველაფერს გულდასმით ვეცნობი.
ისე, საქართველოში იმდენი რამეა გამოსაძიებელი, რა ჩამოთვლის... ახლა კი, რადგან გამომძიებელი არ ვარ, მაყურებლის პოზიციიდან ველოდები, როდის აღდგება სამართალი და როდის მიუჩენენ ყველას თავის ადგილს.
- დღევანდელი საქართველო რომელ ლიტერატურულ ნაწარმოებს გაგონებს?
- თვენახევრის წინანდელ საქართველოს ყველა "ყვარყვარე თუთაბერს" და "დათა თუთაშხიას" ადარებს. ამ ნაწარმოებებთან მეც ბევრ საერთოს ვხედავ, მაგრამ მოდი, ცოტა იუმორით შევხედავ ყველაფერს და დღევანდელ საქართველოს ხალხურ ზღაპარ "კომბლეს" შევადარებ. ზღაპრის ბოლოს კომბლე ხომ იბრუნებს თავის ცხვრებს?!
- რომელ ლიტერატურულ პერსონაჟთან იმეგობრებდი?
- ლევ ტოლსტოის ანა კარენინასთან. სხვათა შორის, ეს ჩემი საოცნებო როლია. თუმცა, ჩემს ცხოვრებას ისეთი პირი უჩანს, ეს ოცნება არ ამისრულდება (იცინის).
- წარმოიდგინე, ხარ მოდელი და პოდიუმზე გასვლის წინ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია ფეხსაცმელში წებოს გისხამს. როგორი რეაქცია გექნება?
- ოჰოო, ეს რომ მართლა გამიკეთოს, იცი, რა მოუვა ვერა ქობალიას? ისეთ სუპერცემენტს ჩავუსხამ, ქუდს რომ დაიხურავს, ვეღარასოდეს მოიხდის.
- თაყვანისმცემლებისგან ან მეუღლისგან რომელი სიურპრიზი დაგამახსოვრდა?
- მაგის ბედი ვინ მომცა (იცინის)?! ძალიან არარომანტიკოსი მეუღლე მყავს. თუმცა შარშან ავტომობილი მაჩუქა მაგრამ მეც არარომანტიკულად მოვიქეცი, რადგან გავყიდე.
- წარმოიდგინე, პოლიტიკოსი აკო მინაშვილი გიგზავნის ორიგინალურ საჩუქარს ბარათთან ერთად, რომელშიც სიყვარულს გეფიცება. როგორი რეაქცია გექნება?
- აკაკიმ საჩუქარი რომ გამომიგზავნოს, მეორე დღესვე მთელ თბილისს ეცოდინება. თუმცა, ამ ყველაფერს რა მოჰყვება, არ ვიცი.
- შენს ქმარს როგორი რეაქცია ექნება?
- სავარაუდოდ, აკოს სახელი შეეცვლება...
- წარმოიდგინე, გიბარებს მიხეილ სააკაშვილი და გთავაზობს თბილისის მერობას...
- ვუპასუხებ, ბატონო მიხეილ, ეს შემოთავაზება თქვენთვის შეინახეთ. უმჯობესია, გიგი უგულავა გაუშვათ იქ, სადაც საჭიროა და თბილისის ახალ მერს ქართველი ხალხი აირჩევს-მეთქი.
- წარმოიდგინე, ხათუნა კალმახელიძე შეგხვდა ქუჩაში და სახალხოდ დაგეჯღანა. როგორი რეაქცია გექნება?
- ვაიმე, ძალიან გთხოვთ, ხათუნა კალმახელიძეს ნუ მიხსენებთ, თორემ სხეულზე ეკალი მაყრის. ამ ქალის დანახვაზეც კი ალერგია მემართება.
- რატომ?
- მგონი, ყველა ნორმალური ადამიანის რეაქცია ასეთი იქნება. ეს ქალი ციხეებში რასაც აკეთებდა, მთელმა საქართველომ ნახა.
- წარმოიდგინე, იღვიძებ დილით, სარკეში ხედავ, რომ ბოტოქსის გელით ყველაფერი დაბერილი გაქვს. როგორი რეაქცია გექნება?
- ალბათ, თვითმკვლელობით დავასრულებ სიცოცხლეს... საშინელი რეაქცია მაქვს დაბოტოქსებულ, დაბერილ ქალებზე და არასდროს არაფერს გავიბერავ.
- რას აჩუქებდი მიხეილ სააკაშვილს?
- ვაჩუქებდი ქაღალდის თვითმფრინავს. მას ხომ ძალიან უყვარს თვითმფრინავები, ფრენა. ამიტომაც ითამაშებდა და კარგად გაერთობოდა სათამაშო თვითმფრინავით - ფრი... ფრი... ფრიიიიიიიიი.
ფსიქოლოგის დასკვნა:
მარიამ ღონღაძე, ფსიქოლოგი: გულწრფელი, მხიარული და სამართლიანი ადამიანია, თუმცა ფიცხია და ხშირად ვერ თოკავს ემოციებს. არის კარგი მეუღლე და მეგობარი.
ესაუბრა ნინო მაისურაძე
გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)